ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: მამუკა გურული

გაახმოვანა: გიორგი გორგაძემ

ვიდეო ქართულ ენაზე:

ერთ-ერთი ამოცანა, რომლის გადაჭრასაც ვცდილობთ, ესაა ბავშვების აღზრდა, მათზე ზრუნვა. ჩვენ გვაღელვებს ის, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. რაზე უნდა დავფიქრდეთ, სანამ მივიღებთ ან არ მივიღებთ გადაწყვეტილებას ბავშვებზე? რატომ იღებთ ყველა გადაწყვეტილებას მათ მაგივრად? სწორედ ამაშია პრობლემა.

პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რომ ბავშვები ამ სამყაროში თქვენი მეშვეობით მოდიან, მაგრამ ისინი არ არიან თქვენი. ისინი არ არიან თქვენი საკუთრება, და არ შეგიძლიათ მოეპყრათ მათ ისე, როგორც გსურთ. არა. ეს ასე არაა. თუ ისე ეპყრობით მათ, როგორც საკუთრებას, ან დაბანდებას მომავალში, ამით მკრეხელობას სჩადით ქმნილებისა და შემოქმედის მიმართ. ამისთვის ფასის გადახდა მოგიწევთ, ეს შეიძლება შეეხოს თქვენს ცხოვრებას, ან თქვენს შვილებს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ასე მოხდება. სისასტიკეა ამის თქმა მშობლებისთვის, მაგრამ მე ვამბობ ამას, რადგან ბავშვის მშობლობა სისასტიკეა. ბავშვს ეს არ სჭირდება. მაგრამ თქვენ ყველა შესაძლო საშუალებით აკეთებთ ისე, რომ იგი თქვენზე დამოკიდებული დარჩეს. თქვენ არ ფიქრობთ მის განთავისუფლებაზე. გსურთ, რომ ბავშვი მოჯაჭვული იყოს თქვენზე.

გადაშლით ბჰაგავად-გიტას და იქ კითხულობთ: „არ უნდა იყოთ მიჯაჭვული“, და ეუბნებით ცოლს, ხედავ? არ მომეჯაჭვო. მაგრამ რაც შეეხება შვილებს, გინდათ, რომ მოჯაჭვული იყვნენ თქვენზე. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ ბავშვს გააჩენთ, მაგრამ თუ ეს უკვე მოხდა, კარგად უნდა დაფიქრდეთ ამაზე.

პირველ რიგში, გინდათ თუ არა, რომ ამ ქვეყნად თქვენზე ცოტა უკეთესი ვიღაც დაბადოთ? ნუთუ ეს მნიშვნელოვანი არაა? თუ ბავშვს ზრდით, იგი თქვენზე ცოტათი მაინც უკეთესი უნდა იყოს, ასე არაა? იმისთვის, რომ ის თქვენზე უკეთესი გახდეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ასი პროცენტით გულწრფელნი იყოთ. მაშინაც კი, თუ უხერხულად იგრძნობთ თავს ამის გამო. ასი პროცენტით გულახდილობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი მშობლისთვის ეს ძალიან ძნელია, რადგან მათთვის ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ მართონ (ბრძანებები გასცენ). მათ ყურადღებიან მსმენელი ჰყავთ მათი ბავშვების სახით. სხვაგან არსად უსმენენ, ბავშვები კი, როგორც კი ცამეტის გახდებიან, ეს უკვე სახიფათო ასაკია. თორმეტ წლამდე ისინი კარგი მსმენელები არიან. შემდეგ ამასაც კარგავთ. ზოგი გაცილებით უფრო ადრეც.

უნდა შეწყვიტოთ ბავშვის აღზრდა. ბავშვს კარგი კომპანია სჭირდება, და არა ხელმძღვანელი (უფროსი). როდესაც ბავშვი იყავით, მოგწონდათ, რომ ზემოდან გიყურებდნენ? არა. მათ მეგობარი სჭირდებათ, და არა დედა ან მამა. თქვენ უკვე შეასრულეთ თქვენი სამუშაო. იყო დედა და მამა - ნიშნავს ბიოლოგიურად დაბადო ბავშვი. თქვენ ეს უკვე გააკეთეთ. ახლა ისინი ცდილობენ, რომ დამოუკიდებლები გახდნენ, და მათ მეგობარი სჭირდებათ.

თქვენი ერთადერთი უპირატესობა მათთან - ეს ისაა, რომ მათზე რამდენიმე წლით ადრე მოხვედით ამქვეყნად. სულ ესაა. გეკითხებით, დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვზე გონიერები ხართ? დარწმუნებული ხართ? პირველ რიგში უნდა გაიგოთ, რომ უბრალოდ მასზე რამდენიმე წლით ადრე მოხვედით ამქვეყნად. თქვენ არ გაქვთ სხვა უპირატესობა, რაც უფლებას მოგცემდათ გეთქვათ მათთვის - რა აკეთონ და რა არ აკეთონ. მეორე მხრივ, თუ არ ეტყვით რა აკეთოთ, ბავშვი ქუჩაში წავა, არც თუ ისე უკეთეს მრჩეველებთან. თქვენ უნდა დაიცვათ იგი ამისგან. მაგრამ ამ შემთხვევაში სიმამაცე უნდა გეყოთ იმისთვის, რომ იგი თქვენგანაც არ იღებდეს რჩევებს.

ეუბნებით: შენ უნდა დამიჯერო რასაც გეუბნები, არ დაუჯერო შენი მეგობრები რასაც გეუბნებიან. ისინი გეუბნებიან - „მიიღე ნარკოტიკები“- არ დაუჯერო მათ. მაგრამ რასაც მეგობრები ეუბნებიან, უფრო სასიამოვნო ჩანს, ვიდრე მთელი ის სისულელე, რასაც თქვენ ეუბნებით. ეს ფაქტია, ასე არაა? ამიტომ ეს არ იმუშავებს. თუ ბავშვს ისე გაზრდით, რომ საშუალებას მისცემთ - იგრძნოს საკუთარი გონიერება, და თავისი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, თქვენ დაინახავთ, რომ იგი თავად დაიწყებს დახმარების ძებნას, რადგან გააცნობიერებს, რომ მისი გონება, მისი გაგება ყოველთვის საკმარისი არაა. თუკი ისე გაზრდით, რომ თქვენს რჩევებს უსმენდეს, მასში მოჯანყეობა გაიღვიძებს. იგი ყველაფერს უკუღმა გააკეთებს, რასაც ეტყვით. ბევრი მშობელი გადის ამ პროცესს, ასე არაა? იგი ყველაფერს უკუღმა აკეთებს, უბრალოდ იმისთვის, რომ თავისი დამოუკიდებლობა იგრძნოს, რადგან არ იცის, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა.

ბავშვს ისე უნდა მოეპყროთ, როგორც ადამიანს, და არა როგორც ბავშვს, თქვენს ბავშვს. იგი თქვენი არაა, გარწმუნებთ. თქვენ უბრალოდ გენეტიკური მასალა შესთავაზეთ სხეულის შექმნისთვის. თქვენ არ შეგიძლიათ სიცოცხლის შექმნა. ნუ მოიტყუებთ თავს. თქვენ მხოლოდ გენეტიკური მასალა შესთავაზეთ. მაგრამ ამაზეც კი არ გიფიქრიათ. ისინი თქვენი კომპუსლიური სურვილების შედეგად გაჩნდნენ. ასე არაა? აუცილებელია გაიგოთ, რომ ბავშვი - არაა თქვენი ქმნილება. ის, რომ თქვენი მეშვეობით მოვიდა ამქვეყნად, ეს პრივილეგიაა, დატკბით ამით, პატივი ეცით მას, ნუ გამოიყენებთ ბოროტად ამ პრივილეგიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რატომ ცდილობენ ადამიანების აღზრდას? თქვენ უნდა გაიზარდოთ როგორც ადამიანი, ასე არაა? საქმე იმაშია, რომ ადამიანთა უმეტესობა არასოდეს არ ქმნის ზრდისთვის სასიკეთო ატმოსფეროს. მათ ისეთად ზრდიან, როგორებიც უნდათ, რომ დაინახონ, და არა ისეთებად, როგორებიც უნდა იყვნენ ცოცხალი არსებები. თუ თავში ყველანაირ სისულელეს არ ჩატენით, ისინი ძალიან დაკვირვებულნი არიან, რაც ბუნებრივია, მილიონ კითხვას წარმოშობს. იმდენ კითხვას უპასუხეთ, რამდენსაც შეძლებთ, თქვენი ცოდნის შესაბამისად. თუ რამე არ იცით, უბრალოდ უთხარით - არ ვიცი. მე ამქვეყნად შენზე რამდენიმე წლით ადრე მოვედი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ვიცი. აღიარეთ ეს თქვენს ბავშვებთან, რაშია პრობლემა? თქვენ ფიქრობთ, რომ თუ მათ კითხვა არ იციან, თქვენთვის სავალდებულო არაა - გულწრფელნი იყოთ თქვენს სიტყვებში? ფიქრობთ, ვერ ამჩნევენ ამას? თუ ფიქრობთ, რომ ვერ ამჩნევენ, მინდა რომ იცოდეთ: როცა მათ 10-12-13 წელი შეუსრულდებათ, და როდესაც რაღაც პრობლემები შეექმნებათ, თქვენთან კი არ მოვლენ, თავის მეგობრებთან წავლენ, რადგან გრძნობენ, რომ ისინი თქვენზე გულწრფელები არიან. მხოლოდ ამიტომ.

ისე იქცევით, თითქოს ზეციდან ჩამოხვედით. არავინ მოინდომებს თქვენს მოსმენას, თუკი ბოლომდე არ გამოურეცხეთ ტვინი 10-12 წლისთვის. ისინი არ მოგისმენენ. არცერთი გონიერი არსება არ მოუსმენს ამ ბოდვას, თუ მაინცდამაინც ასე არ აღზარდეს. ასე რომ მოეპყარით ამ პრივილეგიას გონივრულად, პატივისცემით. ნუ ისარგებლებთ ამით ბოროტად. უბრალოდ დაიცავით ბავშვები ცუდი ზეგავლენისგან. დანარჩენი თავად მას დაუტოვეთ. თუ ფიქრობთ, რომ აუცილებლად გადაუხვევენ გზიდან, ე.ი. საკუთარი თავით მსჯელობთ. თქვენ ასეთი დარწმუნებული ხართ საკუთარ თავთან დაკავშირებით: ჩემი ბავშვი აუცილებლად შეცდება. უბრალოდ დაიცავით ისინი, დაიცავით ცუდი ზეგავლენისგან, მარამ ამავდროულად ისინი თავისუფალნი უნდა იყვნენ თქვენი ზეგავლენისგანაც. თქვენი ზეგავლენაც ცუდია. თუ აჩვენებთ ბავშვებს, რომ რასაც აკეთებთ მართლა მნიშვნელოვანია, და ცხოვრებას მიუძღვნით ამას, მაშინ ბავშვს რატომ არ მოუნდება იგივეს გაკეთება? თუ არ აჩვენებთ თქვენს ერთგულებას საქმისადმი, თუ არ აჩვენებთ თქვენს ჩართულობას, და ამასთან ელოდებით, რომ ისინი საოცარი ადამიანები დადგებიან... არა, ასე არ მოხდება. ისინი არ მოისმენენ თქვენს სიტყვებს. ისინი თქვენ გაკვირდებიან, და იმას, რასაც აკეთებთ, ასე არაა? ამიტომ თუ გინდათ, რომ ბავშვი კარგად აღზარდოთ, ჯერ საკუთარი თავი აღზარდეთ, ნუ იღელვებთ ბავშვებზე. გახდით საოცარი ადამიანი, და ეს მათზეც აისახება. აქ შეუძლებელია შეცდომის დაშვება. მაგრამ გარანტიაც არაა (იცინიან), ისევე როგორ ყველაფერში - ამ ცხოვრებაშიც - გარანტიები არაა, რადგან შესაძლებელია სხვა, უფრო ძლიერი ზეგავლენები ქუჩიდან.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

სხვა სტატიები ბავშვის აღზრდის თემაზე იხილეთ ამ ლინკზე.