sadhguru212

სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია"

მთარგმნელი: მამუკა გურული

ყმაწვილობაში მოტოციკლით ვმოგზაურობდი მთელ ქვეყანაში. ერთხელ ავარიაში მოვყევი და კანჭის კუნთი ძვლამდე გადამეჭრა. მაშინვე ადგილობრივ პოლიკლინიკაში გამაქანეს, და ექიმს ვთხოვე, რომ ჭრილობა გაეკერა. მან დამათვალიერა და მითხრა, რომ ვერ გააკეთებდა ამას, რადგან გამაყუჩებლები არ ჰქონდა. შემომთავაზა, რომ დაუყოვნებლივ წავსულიყავი საავადმყოფოში, ჩემი ტრავმის შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად. მე ვუპასუხე, რომ დრო არ მქონდა, და მოგზაურობა უნდა გამეგრძელებინა, რადგან მოძრაობის განსაზღვრულ გრაფიკში უნდა ჩავტეულიყავი.

კიდევ ერთხელ ვთხოვე დახმარება. ის უარზე იყო. ჭრილობიდან ძლიერი სისხლდენა მქონდა. ბევრი კამათის შემდეგ ის დამნებდა, რადგან უკვე სისხლის გუბეში იდგა. ამგვარად, მან ანესთეზიის გარეშე დაიწყო ჩემი კუნთების დაკერვა, და საბოლოო ჯამში 52 ნაკერი დამადო სამ სხვადასხვა დონეზე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვესაუბრებოდი, ის კი გამუდმებით ხვნეშოდა გაოფლილი. როცა ყველაფერი დასრულდა, უნდობლდ მკითხა: „ნუთუ საერთოდ არ გტკივათ?“

საშინლად მტკიოდა. აუტანლად. მაგრამ ტკივილი - ეს ბუნებრივი მოვლენაა; ის კარგია. მის გარეშე საერთოდ ვერ გაიგებდით, რომ ფეხი გაქვთ მოგლეჯილი. მაგრამ ტანჯვა - ეს სულ სხვა რამეა. სრულიად საკმარისია მხოლოდ ტკივილი. რატომ უნდა დავამძიმოთ სიტუაცია? ტანჯვას ჩვენ თვითონ ვქმნით. და ყოველ ადამიანს გააჩნია არჩევანი: იტანჯოს თუ არ იტანჯოს. ამ უკანასკნელის ასარჩევად დიდი ჭკუა არაა საჭირო.