GettyImages 727141025 5b23daad3418c6003742fe52

მონაკვეთი სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია"

მთარგმნელი: მამუკა გურული

იოგას მეექვსე ტოტს დჰიანას უწოდებენ, რაც არსობრივად ნიშნავს ფიზიკური და მენტალური სტრუქტურების საზღვრების გადალახვას. დჰიანა ბუდისტმა ბერებმა ინდოეთიდან ჩინეთში წაიღეს, სადაც მას ჩანი ეწოდა. შემდეგ ეს იოგა იაპონიაში შეიტანეს; იქ მას ეწოდა ძენი და თავისი გამოხატულება ჰპოვა მთლიანი სისტემის სახით, რომელიც გულისხმობდა პირდაპირ შეღწევას არსში დოქტრინაზე აქცენტის გარეშე. ძენი - ესაა სულიერი გზა, რომელშიც არაა წმინდა წერილები, წიგნები, წესები ან მკაცრი პრაქტიკები; ესაა ბილიკი, რომელიც რუკაზე არაა დახატული.

იმას, რასაც დღეს ძენს ვუწოდებთ, პირველად თითქმის 8 000 წლის წინ ჩაიწერა, გაუტამა ბუდამდე დიდი ხნით ადრე. ჯანაკა შესანიშნავი ადამიანი და ჭეშმარიტების გულმოდგინე მაძიებელი იყო. იგი ცოდნის წყურვილით იწვოდა. სამეფოში ყველა სულიერი მასწავლებელი მოიარა. ვერავინ ეხმარებოდა. რადგან ყველა უბრალოდ ერუდიტი იყო, მეფეს კი სჭირდებოდა ადამიანი შინაგანი გამოცდილებით.

ერთხელ მეფე ჯანაკა სანადიროდ წავიდა. ჯუნგლების სიღრმეში იოგი დაინახა და შეჩერდა. მის წინ თავად აშტავაკრა იდგა, ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული იოგი და სულიერი ოსტატი. ჯანაკას სურდა, რომ მისალმებოდა იოგს. მან ფეხი ცხენის უნაგირს გადააბიჯა და უნდა ჩამომხტარიყო, მაგრამ უეცრად აშტავაკრამ დაუყვირა: „შეჩერდი!“

ჯანაკა ასე გაშეშდა - ერთი ფეხი ჯერ კიდევ უზანგში ჰქონდა გაყრილი, მეორე კი ჰაერში გაეჩერებინა. ამ პოზის შენარჩუნება მტკივნეული იყო, მაგრამ ჯანაკა ძალიან ცდილობდა და თვალს არ წყვეტდა აშტავაკრას. ისტორია დუმს იმაზე, თუ რამდენ ხანს ცდიდა მას გურუ, მაგრამ უეცრად, ამ უხერხულ პოზაში ჯანაკა გასხივოსნდა. მეთოდი, რომელიც აშტავაკრამ გამოიყენა, იმას ჰგავდა, რასაც დღეს მსოფლიოში ძენს უწოდებენ.

იყო ასეთი შემთხვევა. ერთი გლახაკი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა, ძენს აპრაქტიკებდა, მაგრამ იგი არანაირ სწავლებას არ იძლეოდა. მხრებით ყოველთვის ატარებდა უზარმაზარ ტომარას, რომელშიც ბევრი რამ იდო, მათ შორის ტკბილეული. ყოველ დასახლებაში, სადაც მივიდოდა ხოლმე, მის გარშემო ბავშვები იკრიბებონენ. გლახაკი ტკბილეულს ურიგებდა მათ, შემდეგ კი გზას აგრძელებდა. ხალხი თხოვდა, რომ რამე ესწავლებინა, ის კი იცინოდა და გზას აგრძელებდა.

ერთხელ მასთან ცნობილი ძენის ოსტატი მივიდა. სურდა რა მისი შემეცნების რეალურობა შეემოწმებინა, ჰკითხა მას: „რა არის ძენი?“ გლახაკმა მაშინვე მიწაზე დააგდო ტომარა და გაიმართა. ოსტატმა კიდევ ჰკითხა: „რა არის ძენის მიზანი?“ გლახაკმა კვლავ ზურგზე მოიკიდა ტომარა და გზა განაგრძო.

აი, რას ეძღვნება იოგა. ამას ეძღვნება ნებისმიერი სულიერი პრაქტიკა. როცა გსურთ, რომ იოგას ან ძენს ჩაწვდეთ, ტვირთი უნდა გადააგდოთ, ყველაფერი უნდა მოიშოროთ, თავისუფალი უნდა დარჩეთ, უნდა გაიმართოთ. ეს მნიშვნელოვანია. თქვენი ტვირთით ვერასოდეს შეძლებთ ამას. და რა არის იოგას მიზანი? კვლავ აიღეთ გაცნობიერებულად მთელი ტვირთი. მაგრამ ის უკვე აღარ შეიგრძნობა, როგორც ტვირთი.