ავტორი: ანეტ შტრაუსი

„ნამდვილად შემოქმედებითი გონება არაფერია გარდა ადამიანისა, რომელიც დაიბადა არანორმალურად, არაადამიანურად მგრძნობიარე“.

ხელოვანების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრების გაცნობისას, უპირველესი მოთხოვნილება, რაც მიჩნდება, ისაა, რომ მათი ბიოგრაფიის შესახებ გავიგო. ჩემი ყველაზე დიდი ინტერესის წყაროს ადამიანი წარმოადგენს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მისი კავშირი იმასთან, რასაც თავად ქმნის.

ადამიანი გენეტიკისა და გარემოს ნარევია, და ხშირად, მის წარმოდგენებს სამყაროზე, წარსული გამოცდილება აყალიბებს, რაც თავისთავად აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზეც.

ჩვენ მხოლოდ იმის ჩვენება შეგვიძლია სხვებისთვის, რაც ჩვენსავე თავებშია აქტუალური.

ადამიანისთვის ცხოვრება მარტივი არ არის. მას ყოველთვის გააჩნია წარმოდგენები სამყაროსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე: სიყვარულზე, სილამაზეზე, სექსზე და სხვ., აქვს სურვილი და მოთხოვნილება, რომ იყოს აღიარებული და სხვებისთვის მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ, ეს ჩამონათვალი ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. მისი სურვილები და შესაძლებლობები მუდმივ კონფლიქტში არიან ერთმანეთთან. მისი ფსიქიკა გახლეჩილია და ერთ ადამიანში მრავალი სხვა ცხოვრობს. სამყაროში ბევრი შესაძლებლობაა - ადამიანს კი, მხოლოდ ერთი ცხოვრება აქვს, როგორც კუნდერა წერს „ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში“, -ადამიანს არ აქვს პირველი ცხოვრება იმისთვის, რომ იგი ახლანდელს შეადაროს.

დაკვირვების შედეგად, აღმოვაჩინე, რომ ხელოვანები ხშირად საშუალოზე მეტი ტრავმული გამოცდილების მქონე ადამიანები არიან, მძიმე ბავშვობითა და ღრმა გრძნობებით. ტკივილს ხშირად შეუძლია ღრმა შეგრძნებების გამოწვევა, რადგან ის თითქოს გზას უხსნის ადამიანს სხვა რამეებზე ფიქრისკენ.

საინტერესოა, რატომ ხდება ასე, რატომ ხდებიან ტრავმატული გამოცდილების მქონე ადამიანები ხელოვანები? ამაზე საუბრისას, ხშირად ვიყენებ ერთ მაგალითს: ფსიქოლოგიაში არსებობს „არტ-თერაპიის“ ცნება, რომელიც გულისხმობს ხელოვნებას, როგორც თერაპიას. პაციენტები ძერწავენ, ხატავენ, ქმნიან ნამუშევრებს ხელოვნების სხვადასხვა დარგებში, ამის საშუალებით კი, მათი გამოჯანსაღება ხდება. მაშასადამე, ხელოვნების გამოყენება თვითთერაპიადაც შეიძლება.

რატომ არის ამგვარად?

ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნილება, იქიდან გამომდინარე, რომ ის სოციალური ცხოველია, არის თვითგამოხატვა, საზოგადოებისთვის ჩვენება იმის, თუ ვინ არის, რა აქვს თავში, რას გრძნობს და რა ხდება მის ცხოვრებაში. თვითგამოხატვის საფუძველზე ჩვენ გარკვეულწილად ვიყალიბებთ წარმოდგენას საკუთარი იდენტობის შესახებ და, ასე ვთქვათ, სოციალურ კაპიტალსაც ვაგროვებთ. მეგობრების შეძენა წარმოუდგენელია თვითგამოხატვის გარეშე, და, ასევე, მათი შენარჩუნებაც. რომ დავუკვირდეთ, ადამიანური ურთიერთობები არაფერია, გარდა ისევ ადამინების მიერ სხვებისთვის თავიანთი თავების ჩვენებისა.

მეგობრებისთვის რაიმეს გაზიარებაც თვითგამოხატვას უკავშირდება, და მაშინ, როცა ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის არასტაბილურობა მნიშვნელოვან ზღვარს არ არის გადაცდენილი, ისიც შეიძლება თერაპიად გამოგვესახოს.

აქედან გამომდინარე, ხელოვნება თვითთერაპიის ერთ-ერთი საშუალებაა.

აქედან გამომდინარე, ადამიანების მიერ შექმნილი ნამუშევრები პირდაპირ კორელაციაში მოდიან თავად ავტორების პიროვნებებთან. მარტივად რომ ვთქვათ, ხელოვანს, უბრალოდ, არ შეუძლია, მოიტყუოს თავის ნამუშევარში, რადგან მის თითოეულ დეტალში შემქმნელის ფსიქოტიპი იკითხება.

ხშირად ისეც ხდება, რომ ხელოვანი ისე ქმნის ნამუშევარს, თავადაც არ იცის, რისი გადმოტანა უნდოდა მისით. რეალურად, ეს სრულიად ბუნებრივი რამეა - ამ დროს ადამიანი თავის არაცნობიერ მოტივებს გადმოსცემს, თავის გაუანალიზებელ ფიქრებს. ინტერპრეტაციის შედეგად, ხელოვანმა, შეიძლება, დაკვირვების შემდეგ, ბევრი დასკვნა გამოიტანოს.

ხშირად, ხელოვანების მთავარი სურვილი ის არის, რომ მათი ნამუშევრები სწორედ გაუანალიზებლად იყოს შექმნილი, ყოველგვარი დასწავლული ელემენტებისა თუ ხაზების სწორად გავლების გარეშე. თანამედროვე ხელოვნება სწორედ ამ გზისკენ მიდის და ახლა, კლასიკური მხატვრობის „დავიწყებას“ ცდილობენ ისინი, ვინც „სწორად“ ხატვა შეისწავლეს. დღის წესრიგში მხოლოდ ის დგება, რომ კითხვები დაისვას და ინტერპრეტაციები გაკეთდეს.

„ბავშვობაში, მე რაფაელივით ვხატავდი, მაგრამ შემდეგ მთელი ცხოვრება დამჭირდა იმისთვის, რომ ბავშვივით დამეხატა“ - ეს ცნობილი ესპანელი მხატვრის, პიკასოს გამონათქვამია და ზუსტად ეხმიანება იმ ფაქტს, თუ როგორ შეიძლება დაანაგვიანოს ხელოვანის გონება წესებმა და თუ როგორ გაუჭირდეს, გახდეს ისევ ბავშვი.

„ხელოვნება ყველაზე ჰუმანური გზაა იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო ასატანი გავხადოთ“ - ვკითხულობთ კურტ ვონეგუტის წერილში, რომელიც მან ქსავიერის საშუალო სკოლის მოსწავლეებს მისწერა 2006 წელს.

ხელოვნებას წესები არ გააჩნია. იქ შეგიძლია ფრენა, ათასი ცხოვრების გამოცდა და შენი ყველაზე მტკივნეული მოგონებებისთვის საიმედო ადგილის მიჩენა.

კომპლექსური ნაწილი იქ იწყება, როცა, ხელოვანი, თავად ცდილობს შეიქმნას მძაფრი გრძნობები, იმისთვის, რომ რაიმე შექმნას. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება მაზოხისტურ აქტად მოგვეჩვენოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოდნავ ღრმად შევხედავთ, მივხვდებით, რომ ამის მიზეზი ისევ თვითგამოხატვაშია. ადამიანის ჭარბ სურვილში, იყოს რაღაც, იყოს ვიღაც: „მე ვხატავ ყვავილებს, რათა ისინი არასოდეს მოკვდნენ“ - ფრიდა კალო.

მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ნახატებში, მისი ცხოვრების ყველაზე მძაფრი ტრაგედიების ამოცნობა მარტივად შეიძლება. „ერთადერთი რამ, რაც ვიცი, ის არის, რომ იმიტომ ვხატავ, რადგან მჭირდება“ - ამბობს ის. მისი 143 ნახატიდან 50-ზე მეტი ავტოპორტრეტია და მისი პიროვნების სახეცვლილებებს, იმ გამოწვევებს ასახავს, რომელთა გამოვლაც მხატვარს მოუწია.

without hope

Without Hope © Frida Kahlo

roots

Roots © Frida Kahlo

„ხელოვნება გვაქვს იმისთვის, რომ სიმართლისგან არ მოვკვდეთ“ - ფრიდრიხ ნიცშე.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...