her3

ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი

სპაიკ ჯონსმა 2013 წელს გადაიღო ფილმი "Her" (ის). ფილმმა მოიგო ოსკარი საუკეთესო სცენარისათვის, სცენარისათვის, რომელშიც არცერთი შავკანიანი პერსონაჟი არ გვხდება, არც ტრანსგენდერი და არც დაჩაგრული ქალი. მოკლედ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მართლა მოეწონათ ფილმი და არანაირ მესიჯს, მისთვის ჯილდოს მიცემა, არ ატარებდა.

გადავიდეთ ფილმზე - ფილმი არის კაცზე, რომელიც 1 წლის წინ დაშორდა ცოლს და ამჯერად ხელოვნური ინტელექტი შეუყვარდა. ფილმი ამ ორ ურთიერთობაზეა, მათ განზოგადებულ სახეებზე - ურთიერთობაზე ადამიანებს შორის და ურთიერთობაზე ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანს შორის. ფილმი, თუნდაც ეს არ უნდოდეს, ბევრ თემაზე ფიქრის საშუალებას გვაძლევს - იქნება ეს კედელი ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანს შორის, გაუცხოების საფრთხე, სიყვარულის მნიშვნელობა და მოლოდინები ადამიანის ცხოვრებაში, თუ ურთიერთობებში პროგრესი.

გაუცხოება

ხშირად, წიგნებსა თუ ფილმებში, ისე ჩანს, თითქოს არანაირი კედელი არ არსებობს ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის. მოგეხსენებათ, მსგავსი ურთიერთობები ხელოვნურად რომანტიზირებულია და იქ, თითქოს, ყველაფერი იდეალურადაა. ხშირად უბრალოდ ზედმეტად მარტივ ურთიერთობასთანაც გვაქვს საქმე და არც შეიძლება აქ კედელი დავინახოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, იშვიათადაა, თუ საერთოდ არის, საუბარი პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება მსგავს ურთიერთობაში წარმოიქმნას. ნებისმიერ ურთიერთობაში საჭიროა ორმხირივი ემპათია, რის გარეშეც შეუძლებელია სრულყოფილი ურთიერთობის შექმნა, რადგან ეს აუცილებლად გაუცხოებამდე მიგვიყვანს საბოლოოდ. ადამიანთა კომპლექსური ურთიერთობის შემთხვევაში, რთულია, ორმხრივი ემპათიური კავშირის დამყარება. როგორც თვითონ ფილმის პერსონაჟი, თეოდორი (ხოაკინ ფენიქსი), ამბობს, რთულია, ურთიერთობის პროგრესი გაუცხოებისა,მისი დაკარგვის გარეშე. ეს მაშინ, როდესაც ადამიანია ორივე მხარეს, პოტენციალით, რომ ესმოდეთ ერთმანეთის. ხოლო ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის შემთხვევაში, საქმე გვაქვს ორი სრულიად განსხვავებული სტრუქტურის მქონე მექანიზმთან - მატერიალურ სამყაროში მყოფ თეოდორთან და უსაზღვრო პოტენციალისა და რესურსების მქონე სამანტასთან, რომლისთვისაც უცხოა ყოველივე ადამიანური.

პერფექციონიზმი სიყვარულში

ყველაზე მეტი წიგნი სიყვარულზე იწერება, იღებენ ყველაზე მეტ ფილმს ამ თემაზე, მღერიან მასზე და სხვა. ყველა, ყველგან, ყოველთვის, საუბრობს ამაზე. ისინი სიყვარულის მნიშვნელობას კვებავენ ამით, სიყვარულის მნიშვნელობა კი კვებავს მათ. მოკლედ, ეს უსასრულო ჯაჭვია და ამის წყალობით, სიყვარული მაგიური რამაა, ყველას უნდა იგი შეიგრძნოს და ეს აუცილებლად აისახება ნებისმიერ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ ყველაფერმა ადამიანის სტანდარტები საგრძნობლად აწია, იშვიათად თუ ნახავთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ კარგი ურთიერთობით დაკმაყოფილდებოდა და იმ რაღაც მაგიური შეგრძნებების გარეშე ბედნიერი იქნებოდა თავის პარტნიორთან. სწორად ამ მიზეზით ვერ აგრძელებს თეოდორი ურთიერთობას სამანტასთან - არასაკმარისია ის მისთვის, მას უნდა ემპათია, უნდა პარტნიორი მატრიალურ სამყაროში, უნდა, იგი სხეულით შეიგრძნოს, იყოს მისთვის ერთადერთი და ა.შ. იშვითად უნდებათ ადამიანებს სასიყვარულო ურთიერთობა ერთი, პატარა, სტაბილური პოზიტიური მოვლენა იყოს მათთვის.

სპაიკ ჯონსის მარტოობა

კინოში ყოველი შეგრძნების, იდეის და ემოციის გადმოტანა, სხვადასხვაგვარად ხდება, კინოში ყველას თავისი მარტოობა აქვს. ზოგის მარტოობა კუნძულზე მარტო დატოვებულ პერსონაჟში გამოიხატება, ზოგის კი, სტრიპტიზ კლუბში მჯდომი მოხუცით. სპაიკ ჯონსი მარტოობას დიდი ქალაქით, მაღალი შენობებით, სევდიანი მუსიკით, ხშირად ზედმეტად ბევრი ხალხით, ზოგჯერ კი, პირიქით - კადრში რაც შეიძლება მეტი ცარიელი სივრცის დატოვებით გვიჩვენებს. მარტოობის ეს სურათი, თითქმის იდენტურია სოფია კოპოლას (რომელიც სპაიკ ჯონსის ცოლია) ''Lost in translation''-ის მარტოობის სურათისა, მართალია, აქ განსხვავებული ქალაქი, მუსიკა და ოპერატორია, მაგრამ მაინც ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან მარტოობის ეს ორი სურათი.

her1

her2

მომავალი

თეოდორი ფილმში ერთადერთი არაა, ვისაც ურთიერთობა ხელოვნურ ინტელექტთან აქვს. სპაიკ ჯონსი გვეუბნება, რომ სამანტა ათასობით ადამიანთან აქვს ურთიერთობა. თეოდორისთვის მისი ერთადერთობის შეგრძნების გასაქრობად კი, რამდენიმეც სრულიად საკმარისი იქნებოდა. რეჟისორი ამით ფილმში აღწერილ სამყაროზე გვიყვება, და არა მხოლოდ - სამანტაზე და თეოდორზე. სამყაროზე, რომელიც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ახლოსაა. ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის ახლო ურთიერთობა უკვე აღარაა ისეთი რამ, როგორიც ფერიები ან მაქციებია, ეს სრულიად რეალურია და ასევე რეალურია სამყარო, რომელსაც ჯონსი გვიჩვენებს. რეალურია, რადგან ზუსტად ტექნოლოგიების განვითარებით შეიძლება დავინახოთ, რამდენად მიისწრაფვის ადამიანი კომფორტისკენ, მოჩვენებითი სიმშვიდისა და სტაბილურობისკენ და არა ბედნიერების, მძაფრი შეგრძნებებისა დაქაოსისაკენ. ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა (ძირითადად), სტაბილურობაა და არა ქაოსი; სიმშვიდე და არა მძაფრი შეგრძნებები; კომფორტი და არა - ბედნიერება. მოკლედ, ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება საკუთარ კომფორტის ზონაში შეყუჟვისა და რეალური ცხოვრებისგან გაქცევისათვის.

ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...