ავტორი: ფჯოსიდ ვრდოორი

ბევრისთვის ხელოვნება თავისუფლებასთან ასოცირდება. ეს, თითქოს, ბუნებრივი მოვლენაა, შემდეგი ფაქტორების გამო: შექმნისას, ხელოვანი ყველაზე გულწრფელი, გახსნილი და შეუზღუდავია. სხვაში თავისუფლების დანახვის საუკეთესო გზა მისი ნამუშევრების ნახვაა, სიტყვები ბევრად უფრო რთულად გამოხატავს ნებისმიერ შინაგან მდგომარეობას. ასევე, ეს არის სივრცე, სადაც, თითქოს, არ არსებობს ჭეშმარიტება და სიცრუე, არ არსებობს ჩარჩოები და შეზღუდვები. ეს ყველაფერი ზედაპირული მსჯელობის შედეგია და ხელოვნება მეტწილად ძალიან შორსაა თავისუფლებისგან.

გულწრფელობა

ხშირად ხელოვანი ვერ თავისუფლდება, მარტო ვერ რჩება საკუთარ თავთან და ხელოვნებასთან; ვერ ახერხებს, საკუთარი თავი გამოხატოს, იყოს ბოლომდე გულწრფელი. ამის მიზეზები ვარდნის შიშია, არაღიარებული ნამუშევრის შექმნის შიში, ასევე ხალხის მიერ შექმნილი ჩარჩოები, თავსმოხვეული სტანდარტები, ავტორიტეტები და მათი სიდიადე, დამთრგუნველი სიდიადე. თუ ვინმე ამასაც საკუთარი თავის გამოხატვას უწოდებს, იმის გამო, რომ ეს შიშები, ავტორიტეტები და ა.შ. მისი ნაწილია, მაშინ შეგვიძლია საკუთარი თავის გამოხატვა ეწოდოს ნამუშევარსაც, რომელიც კომერციული მოგებისათვისაა შექმნილი და ხელოვანს გამოხატავს როგორც ფულის მოყვარულ პერსონას. ამას საკუთარი თავის გამოხატვასა და გულწრფელობას ნამდვილად ვერ ვუწოდებდი.

ავტორიტეტები

ბევრი ეძებს კინოში ჭეშმარიტებას და ცდილობს, რაღაცები მეტად გასაგები გახადოს. ამიტომ არსებობენ კარგებად და ცუდებად წოდებული რეჟისორები, მაღალი მხატვრული ღირებულების ნამუშევრები და უბრალო ნაგვები, საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები და შეფასების კრიტერიუმები. მოკლედ, ყველაფერი, რაც ხელოვნებას ჩარჩოებში აქცევს და პრაგმატიზმს მატებს. ამ ყველაფერმა მოიტანა ავტორიტეტები, რომელიც ყველაზე დიდი ჩარჩოა ხელოვანისთვის, სერიოზულობის და პრაგმატულობის შემომტანი ხელოვნათა ‘’საქმიანობაში’’. მაგალითად, ჩვენ ვიღაც x რეჟისორის მიერ გამოხატულ საკუთარი თავის ნაცვლად, ვიღებთ x რეჟისორის მიერ ინტერპრეტირებული რომერის გამოხატვას, მასში არსებული რომერის კინოს გაცოცხლებას და არა მისივე კინოს შექმნას.
მაყურებელი

თითქოს, კინოს განმათავისუფლებელი ეფექტი აქვს არამარტო რეჟისორებისთვის, არამედ ხალხისთვისაც. მაგალითისთვის, მაყურებელი, რომელიც ფილმს უყურებს, სრულიად თავისუფალია მის ინტერპრეტაციაში, ნებისმიერი რამის შეგრძნებაში და ფილმზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ფილმთან მარტო დარჩენილი, თითქოს, სრულიად თავისუფალი ხარ. მაგრამ აქაც აღწევს კინოს ხელოვნურად გაპრაგმატიზირებული ნაწილი და გიქმნის განწყობას ფილმის დაწყებამდე. გაძლევს საშუალებას, შენთვის მომგებიანი პოზიცია აირჩიო, მაგალითად, მოიწონო მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე, კარგ ფილმად წოდებული ნამუშევარი, ან სკეპტიკურად განეწყო დაბალი დონის რეჟისორის მიერ შექმნილი კიდევ ერთი ცუდი ფილმის მიმართ. ეს ყველაფერი ზედმეტად სუბიექტურს გხდის, იმ ფანატიკოსს გამსგავსებს, ბიბლიის ყოველ ფრაზას მისთვის მომგებიან ინტერპრეტაციას რომ აძლევს. მაყურებელი, იმის ნაცვლად, რომ შეგრძნებებს მიენდოს, პრაგმატულია კინოსთან მარტო დარჩენილი.

 

wong

თავისუფალი ხელოვანი

ზემოთთქმულ მიზეზთა გამო, ძალიან რთულია, რეჟისორმა შეძლოს ხელოვნების არაპრაგმატიზირება. რთულია, არ შეეშინდეს მხატვრული ღირებულებების არმქონე ნამუშევრის შექმნის, არ შეეშინდეს სიახლის, დოგმებისა და ჩარჩოების გამო; რთულია, არ იყოს ორიენტირებული შედეგზე, საკუთარი თავის გამოხატვის ნაცვლად. ასევე არაჯანსაღი დამოკიდებულებაა ხელოვნების აღქმა, როგორც საქმედ, რუტინის ნაწილად. ესეც პრაგამტულსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის რეჟისორს.

მოკლედ, ამ პირობებში, რთულია, იყო თავისუფალი და შექმნა ის, რაც ნამდვილად შენია. კინოში ჩემთვის ასეთი რეჟისორი არის ვონგ კარ-ვაი, რომლის ფილმების ნახვისას, არასდროს გიჩნდება შეგრძნება სიყალბისა და ხელოვნურობის. თითქოს, გრძნობ კარ-ვაის, ხვდები, რომ ყოველი წამი მასთან ნამდვილია და სრულიად გულწრფელია მაყურებელთან. ხშირად, მისი ფილმები, ამიტომაც გამოდის ამდენად ქაოსური, არასტანდარტული და ჩარჩოებს გამცდარი, და ჩემთვის სწორედ ასეთია თავისუფალი ხელოვანი.

მაგალითად, მისი ფილმი ‘’falling angels’’, ჩემთვის ყველაზე თავისუფალი ფილმია, თითქოს კარ-ვაის ‘’მე’’ კინოში გადმოსახლდა, უნაკლოდ, დამახინჯების გარეშე. 

სიყალბე კინოში (ხელოვნებაში)

ავტორიტეტთა გავლენები, პრაგმატიზირებული ხელოვნება და შედეგზე ორიენტირება, შეიძლება, „მომგებიანიც“ კი იყოს ხელოვნებისთვის და ‘’უკეთესი’’ რამეებიც შეიქმნას ამის წყალობით, მაგრამ ხელოვნების შეფასების ჩემეული კრიტერიუმებით, მსგავსი ხელოვნება ნაკლებად ღირებულია. როგორც არ უნდა მომწონდეს ყოველი სხვა დეტალი, შესაძლოა, ნაკლებად დავაფასო, ვიდრე ნებისმიერი წმინდად ავტორისეული, გულწრფელი ნამუშევარი. როგორც ზედმეტად სუბიექტურისთვის, ხელოვნებაში ჭეშმარიტების ძიებაზე ხელჩაქნეულისთვის, ჩემთვის, ხელოვნება გამოხატვაა საკუთარი თავის; საკუთარი იდეების, შეგრძნებებისა თუ აზრების გადატანა ფურცელზე, ეკრანზე, ტილოზე და სხვა. ამასთან კი, სხვა ყოველივე, უმნიშვნელოა.

„ბავშვობაში მე რაფაელივით ვხატავდი, მაგრამ შემდეგ მთელი ცხოვრება დამჭირდა იმისთვის, რომ ბავშვივით დამეხატა“ - პიკასო

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...