წყარო

andy warhol


 მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი;  Ikigai / იკიგაი

ენდი უორჰოლი (ენდრიუ უორჰოლა; 1928 წლის 6 აგვისტო - 1987 წლის 22 თებერვალი) პოპ არტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვარი იყო. ჟანრის, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გახდა პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველა მეტად ცნობილია "კემპბელის" სუპის ქილების გაფორმებით, ამას გარდა მან შექმნა კიდევ ბევრი სხვა რამ - დაწყებული კომერციული რეკლამებიდან, ფილმებით დამთავრებული. უორჰოლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები, მათ შორის სუპის ქილები, ასახავს მის შეხედულებებს ამერიკული კომერციული კულტურის ბანალურობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავი ფრაზა: „მე უბრალოდ მომწონს ჩვეულებრივი რამეები. როცა მათ ვხატავ, არ ვცდილობ, ექსტრაორდინალური გავხადო. უბრალოდ, ვცდილობ ისინი ჩვეულებრივად ჩვეულებრივი დავხატო“.

ადრეული წლები და განათლება

ენდი უორჰოლი 1928 წლის 6 აგვისტოს დაიბადა პიტსბურგში, პენსილვანიაში. იქ მის უფროს ძმებთან, პოლთან და ჯონთან, და მის მშობლებთან, ანდრეისა და ჯულიასთან გაიზარდა. მშობლებიდან ორივე ჩეხოსლოვაკიიდან იყო ემიგრირებული (ახლანდელი სახელი - სლოვაკეთი). ღვთისმოსავი კათოლიკეები, ანუ უორჰოლის ოჯახი, რეგულარულად ესწრებოდნენ წირვებს და თავიანთ აღმოსავლეთ ევროპულ ტრადიციას აღასრულებდნენ.

მაშინაც კი, როცა პატარა ბიჭი იყო, ენდის მოსწონდა ხატვა, გაფერადება, სურათების ჭრა და დაწებება. დედამისს, რომელიც ასევე შემოქმედებითი ქალი იყო, ენდის წახალისება მოსწონდა: ყოველთვის, როცა უორჰოლი გასაფერადებელ წიგნში ერთ გვერდს დაასრულებდა, ჯულია მას შოკოლადის ფილას აძლევდა.

დაწყებითი კლასები უორჰოლისთვის ტრავმატული გამოდგა. განსაკუთრებით ერთხელ, როცა „წმ. ვიტუსის ცეკვა“ დაემართა, დაავადება, რომელიც ნერვულ სისტემას ებრძვის და ამის გამო ადამიანი უკონტროლოდ იწყებს კანკალს. უორჰოლი ხშირად აცდენდა თვეობით სკოლას, მაშინ, როცა წოლითი რეჟიმის გამო სახლში უწევდა დარჩენა. ასევე, დაავადებისგან მის კანზე დიდი, ვარდისფერი ლაქები გაჩნდა, რამაც ენდის თვითშეფასებასა და სხვა მოსწავლეების მხრიდან მისდამი დამოკიდებულებაზე იმოქმედა. ბავშვები მას „ლაქას“ და „ენდი წითელცხვირა უორჰოლას“ ეძახდნენ. სწორედ ამ მოვლენებმა განაპირობეს ენდის ინტერესი ტანსაცმლის, პარიკების, კოსმეტიკის, და მოგვიანებით პლასტიკური ქირურგიის მიმართ.
საშუალო სკოლისას, უორჰოლი სკოლაში და კარნეგის ინსტიტუტში ხელოვნების კურსებზე დადიოდა. სხვა ბავშვებისგან გარიყული იყო, რადგან ჩუმი გახლდათ, ხელში ყოველთვის „სკეჩბუქი“ ეჭირა, გამაოგნებლად ფერმკრთალი კანი და მოთეთრო-ქერა თმა ჰქონდა. უორჰოლს ასევე კინოში სიარული უყვარდა. სელებრითების მემორაბილიების შეგროვება დაიწყო, განსაკუთრებით კი, იმ ფოტოების, რომლებზეც ავტოგრაფი ჰქონდათ გაკეთებული. ამ სურათებიდან ბევრი შემდეგ უორჰოლის ნამუშევრებში გამოჩნდა.
მან დაამთავრა სკოლა და შემდეგ 1945 წელს კარნეგის ტექნოლოგიის ინსტიტუტში წავიდა. ინსტიტუტი 1949 წელს დაასრულა, გრაფიკული დიზაინის განხრით.

Blotted-line ტექნიკა

კოლეჯში ყოფნისას, უორჰოლმა მოიგონა Blotted-line ტექნიკა, რაც მოიცავდა ორი ცარიელი ფურცლის ერთმანეთზე წვეროებით დაწებებას, შემდეგ კი ზემოთ მყოფ ფურცელზე მელნით ხატვას. სანამ მელანი გაშრებოდა, ის ამ ორ ფურცელს ერთმანეთს აჭერდა. საბოლოო შედეგი იყო ნახატი ასიმეტრიული ხაზებით, რომელიც აკვარელით უნდა შეევსო.

უორჰოლი კოლეჯის შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა. იქ ათი წლის განმავლობაში მუშაობდა კომერციულ ილუსტრატორად. 1950-იანებში სწრაფად მოიპოვა რეპუტაცია, რადგან ის კომერციულ რეკლამებშიც კი იყენებდა blotted-line-ს ტექნიკას. მისი ყველაზე ცნობილი საკომერციო ნამუშევრები I.Miller-ის ფეხსაცმელებისთვის იყო, მაგრამ ასევე Tiffany & Co.-სთვის დახატა საშობაო ბარათები, შექმნა წიგნისა და ალბომების გარეკანები, და მოამზადა ილუსტრაცია ემი ვანდერბილტის წიგნისთვის, „ეტიკეტის სრული წიგნი“.

პოპ არტი

60-იანებში, უორჰოლმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი პოპ არტში მოესინჯა, ხელოვნების ახალ მიმდინარეობაში, რომელიც 50-იანების ინგლისში დაიწყო. პოპ არტი მოიცავდა პოპულარული, ყოველდღიური ნივთების რეალისტურ ინტერპრეტაციებს. უორჰოლმა ზურგი აქცია blotted-line ტექნიკას და გადაწყვიტა, საღებავი და ტილო გამოეყენებინა, მაგრამ პრობლემა შეექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაეხატა.
მან „კოკა-კოლის“ ბოთლებითა და კომიქსებით დაიწყო, მაგრამ მისი ნამუშევრები არ ღებულობდნენ იმდენ ყურადღებას, რამდენიც უორჰოლს უნდოდა. 1961 წლის დეკემბერში, მეგობარმა იდეა მიაწოდა: უნდა დაეხატა ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა სამყაროში. მაგალითად, ფული ან სუპის ქილა. უორჰოლმა ორივე დახატა.
მისი პირველი გამოფენა გაიმართა 1962 წელს, ლოს ანჟელესში, Ferus Gallery-ში გაიმართა. წარადგინა თავისი ტილოები, სადაც „Campbell“-ის სუპის ქილები იყო გამოსახული, სულ 32 ტილო იყო, სუპის ყველა ის სახეობა, რასაც კომპანია აწარმოებდა. ყველა ნამუშევარი ერთად 1000 დოლარად გაყიდა. მოგვიანებით, უორჰოლის ნამუშევრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო ცნობილი, ის კი, ხელოვნების ახალი, პოპ არტ მოძრაობის, ავანგარდი გახლდათ.

ეკრანზე სახვითი ტრაფარეტული ბეჭდვა

უორჰოლისთვის საუბედუროდ, მან აღმოაჩინა, რომ ტილოზე საკმარისად სწრაფად ვერ ხატავდა. 1962 წლის ივლისში, ენდიმ ეკრანზე სახვითი ტრაფარეტული ბეჭდვის მეთოდი აღმოაჩინა, რომელშიც გამოიყენება სპეციალურად მომზადებული აბრეშუმი, როგორც სტენსილი, რაც საშუალებას აძლევს ტრაფარეტული ბეჭდვით დახატულ ნახატს, რომ იგივენაირი პატერნები კიდევ უამრავჯერ შექმნას.
მან მაშინვე დაიწყო პოლიტიკური ფიგურებისა და ჰოლივუდის სელებრითების ნახატების შექმნა. მათგან ყველაზე აღსანიშნავია მერილინ მონროს ნახატების უზარმაზარი კოლექცია. უორჰოლი ამ სტილს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იყენებდა. მასობრივი წარმოება არამხოლოდ ეხმარებოდა მას თავისი ნამუშევრების გავრცელებაში, არამედ ეს მისი სახელოვნებო სტილი გახდა.

ფილმები

1960-იანებში ის განაგრძობდა ხატვას და ფილმებსაც იღებდა. მისი ფილმები ცნობილია კრეატიული ეროტიზმით, წინასწარი ესკიზის ნაკლებობით, და სიდიდით - 25 საათამდე. 1963 წლიდან 1968 წლამდე, მან დაახლოებით 60 ფილმი შექმნა. მისი ერთ-ერთი ფილმი, „ძილი“, არის ხუთსაათნახევრიანი ფილმი, სადაც შიშველ კაცს სძინავს. „იმდენს ვიღებდით, რომ ხანდახან სახელის დასარქმევად თავსაც არ ვიწუხებდით“, - თქვა მოგვიანებით უორჰოლმა.
1968 წლის 3 ივლისს, გაცხარებულმა მსახიობმა, ვალერი სოლანასმა, უორჰოლს მკერდში ესროლა. 30 წუთზე ნაკლებ დროში, მხატვარი კლინიკურად მკვდრად გამოაცხადეს. შემდეგ ექიმმა მას გულზე გაუკეთა მასაჟი, რომ გულს ისევ დაეწყო მუშაობა. გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩა, უორჰოლს დიდი ხანი დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად.
1970-სა და 1980-ში უორჰოლმა ხატვა გააგრძელა. გამოუშვა რამდენიმე წიგნი საკუთარი თავისა და პოპ არტის შესახებ, ასევე ჟურნალი, სახელწოდებით „ინტერვიუ“. ტელევიზიაშიც კი მოსინჯა თავი. ის იყო ორი ტელე-შოუს პროდუსერი - „ენდი უორჰოლის ტელევიზორი“ და „ენდი უორჰოლის თხუთმეტი წუთი“, - MTV-სთვის. ასევე გამოჩნდა ტელე-სერიალ „სიყვარულის ნავში“ და ტელე-შოუში, სახელად „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“.

სიკვდილი

1987 წლის 21 თებერვალს, უორჰოლმა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მხატვარი შემდეგ დილას მოულოდნელად გარდაიცვალა. ის 58 წლის იყო.

მემკვიდრეობა

უორჰოლის ნამუშევრების უზარმაზარი კოლექცია წარდგენილია პიტსბურგში, ენდი უორჰოლის მუზეუმში, რომელსაც მათი ვებსაიტი ახასიათებს, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე სრული მუზეუმს მხატვრის შესახებ, ჩრდილო-ამერიკაში კი, ყველაზე დიდს“. ის შეიცავს ნახატებს, კომერციულ ილუსტრაციებს, ჩანახატებს, სკულპტურებს, პრინტებს, ფოტოებს, გარეკანებს, „სკეჩბუქებს“, და წიგნებს უორჰოლის კარიერის შესახებ, - მისი ადრინდელი ნამუშევრებით დაწყებული, პოპ არტის ნახატებითა და კოლაბორაციებით დასრულებული.
ანდერძის თანახმად, მისი თითოეული საკუთრება უნდა გამოეყენებინათ ვიზუალური ხელოვნებისთვის ხელის შესაწყობად. „ენდი უორჰოლის ფონდი ვიზუალური ხელოვნებისთვის“ 1987 წელს გაიხსნა.