მთარგმნელი: ლიკა მარღანია

წყარო

matrix0

ახალი ადამიანი - ეს ის ადამიანია, რომელიც ფლობს ‘სისტემის’ შეცვლის, მისი ვერსიის განახლების, კანონების თავიდან (გა)დაწერის პოტენციალს. ფაქტობრივად, ის ახალი სახეობის წარმომადგენელია, მუტაცია, ნახტომი, ადექვატური პასუხი არაადექვატურ მდგომარეობაზე.

ინფორმაცია ‘ახალ ადამიანზე’ ყველას თვალწინ დევს. მაგრამ, შენ ჯერ ამის შესახებ არაფერი იცი - არ შეგიძლია ამის დანახვა. ძმებმა ვაჩოვსკებმა, ფილმის რეჟისორებმა კი, აშკარად იცოდნენ. და ამ ფილმში იმაზე მეტი ინფორმაცია ჩადეს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. 

რა ჰქვია ფილმის მთავარ გმირს? აგენტები მას მუდმივად ასე მიმართავენ - „მისტერ ანდერსონ“. ეს მისი მატრიცული გვარია. მისი წარმომავლობა ძველბერძნულიდანაა და ითარგმნება, როგორც „ადამიანი“. აგენტები, რომლებიც მას ასე მიმართავენ, თითქოს განუწყვეტლივ ხაზს უსვამენ ფაქტს - შენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი ხარ. თვითონ გმირი თავის თავს ნეოს უწოდებს. და ამ სახელით მიმართავენ მას თავისი მეგობრები. „ნეო“ ითარგმნება, როგორც „ახალი“. და თუკი ამ ორ სახელს შევაერთებთ, მივიღებთ „ახალ ადამიანს“.

რაზეა ეს ფილმი? კითხვა საკმაოდ ტრივიალურად ჟღერს. მაგრამ ეს ასე არ არის. და, სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო.

ცოტა ხნის წინ თავიდან ვუყურე ამ ფილმს და გავოცდი, რატომ ადრე ვერ დავინახე. თუმცა, რატომ მიკვირს? ჩვენ ხომ მხოლოდ იმას ვხედავთ და გვესმის, რაც გვსურს. და ნეო საუკეთესოდ ახდენს ამის დემონსტრირებას. ფილმის საკვანძო მომენტი - ეს მორფეუსის და ნეოს საუბარია მატრიცის ბუნებაზე, რომლის დროსაც ნეოს სთავაზობენ არჩევანს.

matrix1

ეს ფრაგმენტი (შინაარსობრივად) ძალიან დატვირთულია და მას ყურადღებით უნდა უყუროთ. კარგად მოუსმინეთ მორფეუსის სიტყვებს და დააკვირდით სცენის სიმბოლიზმს. ის ამბობს:

— ვფიქრობ, შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რა არის მატრიცა. ეს შენ თვითონ უნდა დაინახო.

ის ხელებში აბებს იდებს და დასძენს:

— არ არის გვიან უარის თქმა. მერე უკან დასახევი გზა აღარ გექნება.

მორფეუსი უწვდის მარცხენა ხელს, რომელზეც ლურჯი აბი დევს. და ამბობს (მიაქციეთ ყურადღება):

matrix2

— მიიღებ ლურჯ აბს - და, ზღაპარიც დასრულდება. შენ გაიღვიძებ შენს საწოლში და დაიჯერებ, რომ ეს სიზმარი იყო.

დაუკვირდით - მორფეუსი სულაც არ სთავაზობს იმას, რაც ერთი შეხედვით მოგეჩვენათ. იგი ნეოს გამოღვიძებას, ზღაპრის დასრულებას სთავაზობს. ამასთან, რეჟისორი მინიშნებას იძლევა. იგი მორფეუსის სათვალის ანარეკლში გვიჩვენებს მარცხენა ხელს, სადაც ის ჩანს, როგორც მარჯვენა.

matrix3

— მიიღებ წითელ აბს - შეხვალ საოცრებათა სამყაროში. მე განახებ რა სიღრმისაა კურდღლის სორო.

matrix4

და კვლავ ანარეკლი სათვალეში. ხელები ისევ იცვლიან ადგილს.

matrix5

და რას სთავაზობს მას წითელი აბით? არა გამოღვიძებას. არა თავისუფლებას. არა მატრიციდან გამოსვლას. არა მის შეცვლას. არა. ის სთავაზობს საოცრებებს და ცოდნას.

როდესაც ნეო მარჯვენა ხელისკენ გაიწევს, ჩვენ კვლავ სათვალის ანარეკლში ვხედავთ ამას, ანუ, თითქოს მარცხენა ხელია. და მორფეუსი მას აჩერებს შემდეგი სიტყვებით:

— გახსოვდეს. მე მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის გაგებას გთავაზობ. მეტს არაფერს.

და ნეო ირჩევს წითელ აბს, შემდეგ სვამს მას.

ნათდება ელვა. მორფეუსის ღიმილი.

აი, შენც გაები მახეში, ნეო. წამოეგე იმის ანკესზე, ვისი სახელიც კი მეტყველებს იმაზე, თუ ვინ არის. ბერძნულ მითოლოგიაში ‘მორფეუსი’ - სიზმართხილვის ღმერთია, და ლათინურად გამოითქმის ასე. ის ითარგმნება შემდეგნაირად - ‘ის, ვინც სიზმრებს თხზავს’. და რას უნდა ელოდე სიზმრების მბრძანებლისგან?

მხოლოდ სიზმრებს.

მორფეუსი ფილმში - იმ სიზმრის ნაწილია, რომელსაც ნეო ხედავს, ხოლო თვით მორფეუსის ტერმინებით - მატრიცის კიდევ ერთი პროგრამა. მორფეუსის ამოცანა კი ამ სიზმრის გახანგრძლივებაა. ის ამას ნეოს პერსონაჟში თავდაჯერებული რწმენით აკეთებს.

როდესაც მე პირველად გავაცნობიერე თავი სიზმარში, დავიწყე ფრენა, როგორც სუპერმენმა. როგორც ნეო აკეთებს ამას პირველი ნაწილის ბოლოს. სიზმარში ძალიან მინდოდა, რომ ეს აღმოჩენა ვინმესთვის გამეზიარებინა. და მე გამეღვიძა ჩემს საწოლში და დავუწყე მოყოლა ჩემს ნათესავებს, თუ რა გადამხდა თავს სიზმრების სამყაროში. მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რამდენად ღრმა იყო ეს სორო. მე ჯერ კიდევ სიზმარს ვხედავდი და ამ სიზმარში მეჩვენებოდა, თითქოს გავიღვიძე.

სინამდვილეში მე მოგვიანებით გამეღვიძა, მას შემდეგ, რაც დავიკმაყოფილე სურვილი, გამეზიარებინა ჩემი სიხარული. ხოლო უფრო გვიან, მე გავიგე, რომ ამ მოვლენას „ყალბ გამოღვიძებას“ უწოდებენ.

და ჩემთვის ახლა ნათელია, რომ ნეოს გამოღვიძებაც ასეთივე ყალბი იყო. პირველი ყალბი გამოღვიძება ჯერ კიდევ ფილმის დასაწყისში იყო, როდესაც ნეოს ეღვიძება თავის კაბინეტში და მონიტორზე ხედავს წარწერას: „გაიღვიძე, ნეო“. ამასთან, მას ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება იმის რეალურობაში, რაც მის თავს ხდება. თუმცა, მორფეუსის გამოჩენისას და მეორე ყალბი გამოღვიძებისთანავე (მატრიციდან გამოსვლა) მას უქრება ეს ეჭვები. მან დაიჯერა და მიიღო ეს ყველაფერი საბოლოო რეალობად. მაგრამ ყველაფერი, რაც ჩვენ ამ ფილმში ვნახეთ - ერთმანეთში გარდამავალი სიზმრებია.

ნეო მხოლოდ ერთ ანკესზე კი არ წამოეგო, არამედ ანკესების მთელ გროვაზე. აი, „ცოდნის წყურვილის“ ანკესი, აქვე, „სიყვარულის წადილის“ ანკესი, კიდევ, „სამართლიანობისკენ ლტოლვის“, აი, „სამყარო, რომელიც მთლად წესრიგში არ არის“, კიდევ, „ამ ყველფრისთვის მატრიცასთან ბრძოლის“. ეს ყველაფერი აკავებს ნეოს სიზმარში და მთელი ფილმის მანძილზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს მისი ქვეცნობიერი გაარკვიოს იგი, თუ რა აზრი დევს იმ ყველაფერში, რაც მის გარშემო ხდება.

ყოველი მისი კეთილშობილური მისწრაფება - კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ მისი სიზმარი გაგრძელდეს. ეს მისი „კეთილშობილური ცდუნებაა“. აბის წითელი ფერი ამის სიმბოლური მინიშნებაა, რაც მოგვიანებით წითელტანისამოსიან გოგონასთან სცენაში აშკარავდება, რომლის როლი მხოლოდ ყურადღების გადატანაშია. 

matrix6

ვიდრე შენ ებრძვი სისტემას - შენ მასთან ურთიერთქმედებაში ხარ. შენ მას კვებავ და მას ეკუთვნი. ვიდრე შენ გაქვს მიზნები - შენ ჯერ კიდევ სისტემაში ხარ, რადგან მიზნები და მოტივები ამოქმედებენ ობიექტებს სისტემის შიგნით. ეს მისი ტერიტორიაა.

ფიქრობთ, რომ ნეომ შეცდომა დაუშვა აბების არჩევანში?

ჰმ....

მორფეუსს არაფერში არ მოუტყუებია ნეო. მან მხოლოდ სიმართლე შესთავაზა. და მეტი არაფერი. ხოლო, უკან დასაბრუნებელი გზა ნამდვილად არ არსებობს. ისევე, როგორც წინ.

მარჯვენა - არის მარცხენა, მარცხენა - არის მარჯვენა. აი, რა დავინახეთ ჩვენ მატრიცის ანარეკლში. და ორივე აბი თანაბარმნიშვნელოვანია. ორივეს ყალბ გამოღვიძებამდე მივყავართ. ერთს - საოცრებებით, მეორეს - საოცრებების გარეშე.

matrix7

შენ ვერავინ ვერ გამოგაღვიძებს, ნეო. გამოღვიძება არ შეიძლება სხვაზე იყოს დამოკიდებული. ეს არც ისე მარტივი რამ არის, როგორც გეგონა.

არ აირჩიო, და იგნორირება გაუკეთო სისტემას - ეს ერთადერთი გზაა მისგან თავდასაღწევად.