მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი
 
 
 
ჟან-მიშელ ბასკიას ინტერვიუები არ უყვარდა, ხოლო იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა როგორღაც ითანხმებდნენ, მისი პასუხები მოკლე, ხანდახან - ბუნდოვანიც კი იყო.
უნიკალურ სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც ART/new york-თან შედგა 1981 წელს, როცა ბასკია 21 წლის იყო, კურატორმა მარკ ჰ. მილერმა მხატვარს ჰკითხა, თუ საიდან მოდიოდა მის ტილოებზე დატანილი პოეტური სიტყვები. მისი შედევრის, „ნოტარიუსის“ წინ იდგა, როცა უპასუხა: „რეალური ცხოვრებიდან, წიგნებიდან, ტელევიზიიდან“ და დაამატა, რითიც თავის საქმეში სპონტანურობის როლს გაუსვა ხაზი: „როცა ვმუშაობ, ისინი მესმის და უბრალოდ ვწერ, ხომ ხვდებით“.
მაგრამ ბასკიას ნამუშევრები ასევე ძალიან ღრმააზროვანი იყო - მის გარშემო მყოფი სამყაროს მიმართ დაკვირვების პროდუქტი. „როცა ვმუშაობ, ხატვაზე არ ვფიქრობ“, - უთხრა მან მწერალ იზაბელ გრაუს 1986 წელს, - „ვცდილობ, ცხოვრებაზე დავფიქრდე“.
იმის მიუხედავად, რომ ბასკიამ მხოლოდ 27 წლამდე მიაღწია და 1988 წელს ნარკოტიკების დოზის გადამეტებით გარდაიცვალა, მან ბევრი ნამუშევარი და რამდენიმე ინტერვიუც დატოვა, რომლებიც კარგად აღწერს მის შემოქმედებით განვითარებასა და დრაივს. 
გამოიყენე მუზეუმები საკლასო ოთახებად
 
 
 
მიუხედავად იმისა, რომ ბასკიას ფორმალურად არასოდეს მიუღია განათლება ხელოვნებათმცოდნეობაში, მაინც მცირე ასაკიდან სწავლობდა ხელოვნების ისტორიას. ის ბრუკლინში გაიზარდა, დედამისს კი ბრუკლინის მუზეუმში ხშირად დაჰყავდა. მას „პატარა წევრს“ ეძახდნენ, რადგან ექვსი წლის ასაკში მუზეუმის ბარათიც ჰქონდა. ასაკის მომატებასთან ერთად, ბასკიას ტრადიციული განათლება არ მიუღია, სკოლიდან სკოლაში გადადიოდა, სანამ დაახლოებით 14 წლის ასაკში საბოლოოდ შეწყვიტა სწავლა. ამის ნაცვლად, მან თვითგანათლება არჩია. „ხელოვნებათმცოდნეობის სკოლაში არასოდეს მივლია. იმ კურსებს, რომლებსაც სკოლაში მასწავლიდნენ, ცუდად ვსწავლობდი“, - გაიხსენა მოგვიანებით მხატვარმა, - „უბრალოდ ბევრ რამეს ვუყურებდი. და აი, სწორედ ასე ვისწავლე ხელოვნების შესახებ - უბრალოდ, მისთვის ყურებით“.
მოგვიანებით, გრაფიტის მწერალთან და მუსიკოსთან, ფრედ ბრეიუაითთან ერთად, რომელსაც უკეთ Fab 5 Freddy-ს სახელით იცნობენ, ბასკიამ „მუზეუმის კლუბი“ დააარსა. მეგობრები ყოველ კვირას დადიოდნენ მუზეუმებში ქალაქის მასშტაბით. „მეტროპოლიტენის მუზეუმში მივდიოდით და ისე ვიქცეოდით, თითქოს ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტები ვიყავით“ - გაიხსენა ბრაიუაითმა ინტერვიუში, - „სახატავად ბლოკნოტები მიგვქონდა და ყველაფრის სკეტჩებს ვაკეთებდით, რაც კი მოგვეწონებოდა“.
MAT-ის მუზეუმში ბასკიამ დიდი ცოდნა დააგროვა ძველი ოსტატების შესახებ, როგორებიც არიან კარავაჯო და აბსტრაქტული ექსპრესიონისტები - ჯექსონ პოლოკი, ვილემ დე კუნიგი და მარკ როტკო. სახლში, მუშაობისას, მათ კომპოზიციებსა და ტექნიკებს თავის ნახატებში რთავდა.
 
download 1
 
 
 
თუ წესებს არ ეთანხმები, გაკრიტიკების არ შეგეშინდეს
 
 
დაწყებით კლასებშიც კი, ბასკიას შემოქმედებითი მიდგომა საზოგადოებაში მიღებულ ნიჭთან დაკავშირებულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. „ბავშვობაში ძალიან ქაოსური მხატვარი ვიყავი. მეტისმეტად აბსტრაქტული ექსპრესიონისტი, ან უბრალოდ ცხვრის თავს ვხატავდი... ქაოსი იყო“, - გაიხსენა მან, - „არასოდეს ვიგებდი სამხატვრო კონკურსებს. მახსოვს, როგორ წავაგე ბიჭთან, რომელმაც იდეალური „სპაიდერმენი“ დახატა“. სკოლიდან წამოსვლის შემდეგ, ის უფროდაუფრო განუდგა შემოქმედებით ნორმებსა და სახელოვნებო კანონებს.
მის ყოფილ კლასელთან, ალ დიაზთან ერთად, ბასკიამ ეს გრძნობა ქუჩებში გადმოიტანა - ეს პირველი ნამუშევარი იყო, რომელიც მხატვარმა საზოგადოებას აჩვენა. ორმა მხატვარმა გრაფიტისთვის ფსევდონიმად "SAMO" აირჩია, რომელიც "same old, same old", ან "Same old shit" (იგივე ძველი ნაგავი)-ს ნიშნავდა. ნიუ-იორკის კედლებსა და მეტროებში ისინი პოეტურ მესიჯებს წერდნენ, რომლებიც მკაფიოდ აკრიტიკებდა კაპიტალიზმსა და, მათი შეხედულების მიხედვით, იმ სიხარბესა და ნეპოტიზმს, რომელსაც მთლიანად ჰქონდა დაპყრობილი ხელოვნების სამყარო.
ინტერვიუში, რომელიც ბასკიას 80-იანებში მწერლებთან, თამრა დევისთან და ბეკი ჯონსტონთან ჰქონდა, მხატვარმა ახსნა ის მოტივაციები, რომლებიც SAMO-ს ნამუშევრებს ამოძრავებდნენ. „მაშინ გალერეების წრებრუნვაზე თავდასხმა უფრო მაინტერესებდა. ნამუშევრების შექმნაზე არ ვფიქრობდი - მხოლოდ იმ ნახატებისთვის დაცინვაზე, რომლებიც იქ იყო“, - თქვა მან, - „როცა მე დავიწყე, ხელოვნება უმეტესწილად მინიმალისტური იყო. ეს ოდნავ მაშინებდა. ვფიქრობდი, რომ ხალხს ორ ნაწილად ჰყოფდა, რომ ხალხს ხელოვნებისგან აშორებდა“. 
მიუხედავად იმისა, რომ 1981 წელს ბასკიამ ნახატების შექმნაზე დაიწყო ფოკუსირება, - როცა მან ქუჩიდან სტუდიაში გადაინაცვლა, - ის მაინც აგრძელებდა თავის ნახატებში ენისა და ვიზუალის გაერთიანებას იმ გაუმაძღარი, მიოპიური ტენდენციების წინააღმდეგ, რომლებიც კომერციულ ხელოვნებას ასაზრდოებდა.
 
 
მოძებნე მენტორები
 
 
 
მიუხედავად იმისა, რომ წესებს მუდმივად აკრიტიკებდა, აღმერთებდა ისეთი დაფასებული მხატვრების ნამუშევრებს, როგორებიც იყვნენ რობერტ რაუშენბერგი და ენდი ვორჰოლი. განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვორჰოლით იყო, რომელმაც ასევე გარდაქმნა ხელოვნების სივრცე და პოპ-არტი დაამკვიდრა. ბასკიას სახელოვნებო განათლების ახალი ეტაპი მაშინ დაიწყო, როცა 70-იანების დასასრულს ვორჰოლი გაიცნო. ამ გადაწყვეტილებამ ბასკია მის ყველაზე მნიშვნელოვან მენტორთან მიიყვანა.
იმ დროს მხატვარი წვრილმან ვაჭრობას ეწეოდა მის მიერ მოხატული ღია ბარათებითა და მაისურებით, რომ საკმარისი ფული ეშოვნა იმ ყველაფრის საყიდლად, რაც სჭირდებოდა. ეს ყველაფერი კი ყველგან მიჰქონდა, სადაც წასვლას დააპირებდა. ერთ იღბლიან დღეს, ფანჯრიდან ვორჰოლი და ჰენრი გელზაჰლერი, `მეტის` გავლენიანი კურატორი დაინახა. „ჟანი ღია ბარათებით მოდის, - ეს თითქოს გარდამტეხი ნაბიჯი იყო გრაფიტიდან გალერეების სამყარომდე...“ - გაიხსენა გელზაჰლერმა ფიბი ჰობანთან, 1998 წელს. „ის ამჩნევს ენდის, მიდის მასთან და აჩვენებს თავის ნამუშევრებს“. გეზლაჰერმა ბასკია უარით გაისტუმრა, „ზედმეტად ახალგაზრდა“ უწოდა, ვორჰოლმა კი, ღია ბარათი 1 დოლარად იყიდა, რომელმაც საფუძველი დაუდო ორი მხატვრის ურთიერთობას.
არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ვორჰოლი ბასკიას ძველი ნამუშევრების დამცველი გახდა, ბასკიას ნახატები გავლენიან მხატვრებს, მწერლებს, კურატორებსა და გალერისტებს წარუდგინა. ისინი არამხოლოდ პროფესიული, პროდუქტიული ურთიერთობით შემოიფარგლნენ, არამედ შესანიშნავი მეგობრებიც გახდნენ. „არასოდეს მინახავს, ენდი ასე ახლოს ვინმესთან ყოფილიყოს, და იგივეს თქმა შემიძლია ჟანზეც - ამ ბიჭებს ნამდვილად უყვარდათ ერთმანეთი“ - თქვა დილერმა და კურატორმა ჯეფრი დიჩმა.
ვორჰოლის დღიურები სავსეა ბასკიას შესახებ საუბრებით - მის სტუდიაში სტუმრობა, სადილობა, Boy George-ს კონცერტზე ერთად დასწრება. 1985 წელს, მხატვრებს კოლაბორაცია ჰქონდათ გამოფენაში, სახელად „ვორჰოლი/ბასკიას ნახატები“, რომელშიც, როგორც ბასკიამ დევისსა და ჯონსტონთან ინტერვიუში აღნიშნა, - „ვორჰოლი იწყებდა რაღაც ძალიან კონკრეტული, ნაცნობი რამის ჩადებას, როგორიცაა გაზეთის მთავარი სათაური ან პროდუქტის ლოგო, მე კი, ასე ვთქვათ, მათ დამახინჯებას ვცდილობდი“. მიუხედავად იმისა, რომ გამოფენის შემდეგ მხატვრებს ჩხუბი მოუვიდათ, რადგან ბასკია გაბრაზდა, როცა პრესამ იგი გააშუქა, როგორც "ვორჰოლის კუდი“, - ბასკია საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო 1987 წელს ენდის სიკვდილმა.
 
download
 
 
 
შეურიე ერთმანეთს სხვადასხვა მასალები
 
 
ბასკიას ვიზუალური ლექსიკონის განვითარებასთან და მისი ტილოების ზომაში გაზრდასთან ერთად, ასევე მომრავლდა სხვადასხვანაირი მასალების რიცხვიც. როგორც ლუკ სანტე, მწერალი და ბასკიას მეგობარი ხსნის, მხატვარი „სურათებს, სიტყვებსა და მუსიკას ყველგან აგროვებდა, სადაც მიდიოდა, ისრუტავდა და იყენებდა მათ, ხანდახან კი - მაშინვე იწყებდა. შეყვარებულების დავალებების რვეულებიდან დიაგრამებს, ქუჩებიდან კი ნიშნებს იპარავდა.“
მის ინტერვიუში დევისთან და ჯონსტონთან, ბასკიას კითხვა დაუსვეს, ჰქონდა თუ არა მუშაობის სპეციფიური მეთოდი. „როგორც წესი, ტელევიზორის წინ ვმუშაობ“, - უპასუხა მხატვარმა, - „რამე სახის მასალა უნდა მქონდეს, რის გარშემოც ავაგებ ნახატს“. 
სიტყვები, რომლებიც მის ტილოებზეა დატანილი, ყველაზე ცხადად გამოხატავს მხატვრის შთაგონების წყაროების მრავალფეროვნებას. 1981 წელს, ბასკიამ გამოიყენა ფრაზა „ბრტყელი საბურავი“, რომელიც ავტომანქანის მაღაზიაში იპოვა, ბრუკლინში, შავკანიანი ადამიანების დასახლებაში. „ეს ერთ-ერთი იმ ფრაზებთაგანია, რომელიც მას კარგად დაამახსოვრდა და მისგან უამრავი სხვა მნიშვნელობა შექმნა“ - თქვა ბასკიას მამამ, ჟერარდმა. „ის ყოველთვის მარტივ სიმბოლიზმს იყენებდა კომპლექსური სიტუაციების ასახსნელად“. ამ შემთხვევაში, საქმე სწორედ ბრუკლინური კულტურა და მისი, როგორც შავკანიანი კაცის იდენტობა იყო.