კრედიტის ლიმიტი-ის სურათის შედეგი

 

ავტორები: ანეტ შტრაუსი და ფჯოსიდ ვრდოორი

 

ანეტ შტრაუსი


ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, რადგან ჩემში მაინცდამაინც აღფრთოვანება არ გამოუწვევია, თუმცა ტრადიციის არდასარღვევად, ვიტყვი, რომ: როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ფილმს განზოგადების პრეტენზია არ აქვს, ის საქართველოზე, კონკრეტულ ისტორიაზე გვიყვება. თუ ასეა, სამართლიანი იქნება, ვთქვათ, რომ ის, თუ სად მიმდინარეობს მოქმედებები, ფილმში შესანიშნავად არის გადმოცემული. თბილისის არაპოპულარული ქუჩები, დაჟანგულ აბრებზე დაწერილი „ლომბარდი“ და სუფრასთან ნამღერი „ისევ შენ“.

 

კრედიტის ლიმიტი-ის სურათის შედეგი

ფილმის დიდი პლუსი ისაა, რომ პერსონაჟები რეალურები, ხელშესახებნი არიან, ხელოვნურ დიალოგებს ვერ აღმოაჩენთ და მათ სახესაც რამდენიმე მხრიდან დაინახავთ. განსაკუთრებით კარგი სცენაა ფრანგი ტურისტის სტუმრობა ნინოს კაფეში.

სასოწარკვეთილი, შეშინებული და იმედგაცრუებულია ნინო და ასევეა მისი მეგობარიც, რომელიც მღვდლის მოყვანას და სახლის კურთხევას ურჩევს. ჩანს, ქალი დიდად რელიგიური არ არის, მაგრამ ამ შემოთავაზებაზე საბოლოოდ მაშინ თანხმდება, როცა სხვა ყველაფერში ეკარგება იმედი. ასეთ ადამიანებს ყოველდღე ვხედავთ ჩვენ გარშემო - როცა რელიგია და რწმენა მხოლოდ მაშინ ამოიწევა წინა პლანზე, როცა სხვა ყველაფერი არცთუისე კარგადაა.

მნიშვნელოვანია ოჯახის თემაც, ის, თუ როგორი გულმოდგინებით ცდილობენ, საკუთარი მანკიერებები დაფარონ, ღირსეულად წარმოჩინდნენ სხვების წინაშე; თითქოს, დედის  მეგობრებთან, რომლებსაც მაშინ იცნობდა, როცა ჯერ კიდევ "ყველაფერი კარგად იყო", იმის გამოჩენა, რომ ძალიან გიჭირს, სამარცხვინოა.

მოსაწყენი ის არის, რომ ამბავი თითქოს ობიექტური რეალობაა, არსად ჩანს ინტერპრეტაციები, რეჟისორის სიტყვა, ის, რაც ყველაფერს ერთად შეკრავს და ჩვენც გვაგრძნობინებს, რომ რაღაც ძალიან რეალური ვნახეთ.ალბათ, ფილმმა მაინც კარგად გაართვა თავი იმაზე საუბარს, რაზეც რეჟისორს სურდა... ქართული ფილმები ძალიან საინტერესოა.

 

კრედიტის ლიმიტი-ის სურათის შედეგი

 

ფჯოსიდ ვრდოორი

 

სოციალური კინოს სჭირდება ფორმა და არა შინაარსი.

სოციალური კინოს სჭირდება ფორმა და არა შინაარსი.ეს დავწერე და პარაზიტი გამახსენდა ,მასზე დაწერილი უზარმაზარი რეცენზიაც, სადაც მხოლოდ შინაარსზე იყო საუბარი. პარაზიტებზე, ნაცვლად მათზე გადაღებული ფილმისა. ყველაზე ნაკლებად კინო აკლია ამ ფილმს, ფორმაზე უფრო მეტად უზარმაზარი რეცენზიის დაწერაც შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა სოციალური კინოსგან განსხვავებით, შინაარსიც ბევრად უფრო კომპლექსური და არამოსაბეზრებელია. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი საყვარელი კინოა, ამიტომ ექსპერტობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ არაა რთული მისახვედრი, რომ ხელოვანების, რეჟისორების საქმე სოციალურ თემებზე კომპლექსური ანალიზის დადება კი არა, პერსონაჟისადმი ემპათიურობაა, გადამდები ემპათიურობაა. კამერა რეჟისორის თვალებია, ეკრანი კი საშუალება, მისი თვალებით დავინახოთ სამყარო. გულუბრყვილოდ მჯერა, ველოსიპედის გამტაცებელი მამისა და მისი შვილის სადილის სცენას ჯეფ ბეზოსს თუ ვაჩვენებთ, ამ სცენის ნახვისას ''გამომუშავებული'' ფულით ველოსიპედებს დაარიგებს. დე სიკას კამერა ისე უყურებს ამ ბავშვს, მინიმუმ დანამუსდება ის კაციც კი მოურიდებლად (ძალიან მოურიდებლად) კაპიტალისტ ღორს რომ ვუწოდებთ ხოლმე. არც კენ ლოუჩის ფილმების ანოტაცია მოგიყვანთ აღფრთოვანებაში, მაგრამ მასთან კამერა, მსახიობი, მუსიკა, გარემო, ფერები, საერთოდ ყველაფერი გაჰყვირის იმ ბანალურ, მარტივ ლოზუნგებს, თბილისის ქუჩებში რომ მრავლად ნახავთ. მეტს კი არაფერს ამბობს ბატონი ლოუჩი - კაპიტალიზმის დედას შევეციო.


კინოს ბევრი კომპონენტი ქმნის, მაგრამ ჩემთვის უპირველესი კამერაა, ოპერატორი, მით უმეტეს სოციალურ კინოში.

როცა ვნახე, რომ ფილმს უცხოელი ოპერატორი ჰყავდა, იმედი მომეცა უსაქმოდ დარჩენილ ოპერატორს არ ვიხილავდი. თანამედროვე ქართულ კინოს კარგად არ ვიცნობ, რისი მთავარი მიზეზიც, ბევრ დანარჩენთან ერთად, საშინელი ოპერატურაა. უხილავი რეჟისორის თვალები და არარსებული კამერა, კინო, რომელიც არ არის სუბიექტური, კინო, რომელსაც არ ჰყავს თავისი ღმერთი - რეჟისორი. როგორც უკვე ვთქვი, ნანახი, ალბათ, სულ რამდენიმე ფილმიდან, ერთადერთ გამონაკლისად შემიძლია ''ღორი'' დავასახელო, სადაც ძალიან, ძალიან გამიხარდა ოპერატორის არსებობა.კამერის რაკურსი შემოქმედის მზერაა, უძრავი, უმოქმედო კამერა(რა თქმა უნდა გამონაკლისების გამოკლებით) კი, -  რეჟისორი, რომელიც ისე გვაიძულებს ფილმი ვნახოთ, როგორც ნებისმიერ მოვლენას საკუთარი თვალებით ვნახავდით, კინოში კი ყველა სხვისი კინოს სანახავად დავდივართ.

კრედიტის ლიმიტი-ის სურათის შედეგი


უფრო მეტად ამ კამერის, ვიდრე მსახიობების გამო, რაღაც სცენები სადაც ემპათია უნდა გაგვჩენოდა პერსონაჟების მიმართ, კომიკურიც კი გახდა, ეს პერსონაჟები კი სასაცილო კაცუნებად გვეჩვენებოდნენ, იმდენად ყალბი იყო ყველაფერი რასაც ეკრანზე ვხედავდით.


მიუხედავად ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფილმის უღიმღამოდ ნახვისა, რამდენიმე ეპიზოდი მაინც მომეწონა, ძირითადად ბუნებრივი დიალოგებისა და სიმღერის სცენების ხარჯზე, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ეს ფილმი საქართველოს გამოხატავს,ისეთს როგორიც იყო რამდენიმე წლის წინ და როგორიცაა დღეს.