CHetyre stihii

ავტორი: მამუკა გურული

ბუნებაში არსებობს ოთხი ელემენტი (სტიქია): მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი. ის, რასაც მეხუთე ელემენტს უწოდებენ, წარმოადგენს სიცოცხლეს, როგორც ფორმას, ანუ ამ ოთხი ელემენტის კვინტესენციას („კვინტ“ - ხუთი). სქემატურად ოთხი სტიქია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ კოორდინატთა ორი ღერძის სახით, რომელთაგანაც ერთის ვექტორი მარჯვნივაა მიმართული, მეორესი კი ზემოთ (იხ. სქემა). 

1

როგორც ვხედავთ, მიწა და წყალი უფრო არსებული მდგომარეობების ელემენტებია, ხოლო ჰაერი და ცეცხლი ახალ მდგომარეობაში გადამყვანი (მამოძრავებელი) ელემენტები. სიმბიოზური კავშირები ასე ლაგდება: ჰაერი და ცეცხლი (ქარ-ცეცხლი), მიწა და წყალი (მიწა-წყალი), ხოლო ანტაგონისტური კავშირები ასე: წყალი (ბალანსი) და ცეცხლი (ტრანსფორმაცია), მიწა (სიმყარე) და ჰაერი (სინატიფე).

სტიქიების პროცენტული განაწილება ადამიანში დაახლოებით ასეთია: მიწა - 70%, წყალი - 20%, ცეცხლი - 7-8% და ჰაერი - 2-3%. 

2

თითოეულ ელემენტს დედამიწაზე გააჩნია თავისი უმდაბლესი (საბაზისო) და უმაღლესი გამოვლინებები:

 მიწის საბაზისო გამოვლინებაა ქვიშა, უმაღლესი - კრისტალი (ალმასი და სხვა ყველაზე მყარი ქვები);

 წყლის საბაზისო გამოვლინებაა მკვდარი წყალი ან ჭაობის წყალი (ქვიშა და ჭაობის წყალი ერთად იძლევიან ნიადაგს სიცოცხლის დაბადებისთვის), უმაღლესი - ცოცხალი წყალი.

 ჰაერის საბაზისო გამოვლინებაა ნახშირორჟანგი, უმაღლესი - ეთერი (იგივე პრანა, სასიცოცხლო ენერგია).

 ცეცხლის საბაზისოგამოვლინებაა ლავა, დედამიწის მაგმური ნაწილი, უმაღლესი - სინათლე.

3
მიწის სტიქიის თვისებები: მიწა წარმოადგენს მატერიის ბაზას (ჩონჩხს), მისი ძირითადი თვისებებია - სიმყარე, სიმტკიცე, ძალა, სიმკვრივე, სტაბილურობა. 

წყლის სტიქიის თვისებები: წყალი წარმოადგენს ბალანსის ენერგიას, მისი მთავარი თვისებებია - ბალანსი, სიმძლავრე, ჩარჩოებში (ჭურჭელში) მოძრაობა, დიფუზია, ინფორმაციის შენახვა (არქივატორობა).

ცეცხლის სტიქიის თვისებები: ცეცხლი წარმოადგენს მოქმედების და ტრანსფორმაციის ენერგიას. მისი ძირითადი თვისებებია - მოქმედება, ტრანსფორმაცია, ენერგია, სიმხურვალე, გაფართოება, დაპყრობა, ნება, ვნება (მთავარი მამოძრავებელი ჩვენი რასისთვის სწორედ ცეცხლის ენერგიაა).

ჰაერის სტიქიის თვისებები: ჰაერი წარმოადგენს პრანას, სასიცოცხლო ენერგიას. მისი ძირითადი თვისებებია - სიკვდილ-სიცოცხლისა და სუნთქვის რიტმები, ეთერი, სინატიფე, ქაოსი.

თუ სტიქიებს მოძრაობის მიხედვით განვიხილავთ, მიწა - უძრავია, წყალი ჩარჩოებში მოძრაობს, ცეცხლი ჰორიზონტალზე მოძრაობს ნელა და თანმიმდევრულად (წარმოიდგინეთ ხანძარი ტყეში), ჰაერი კი ზემოთკენ, სინატიფისკენ მოძრაობს - ხშირ შემთხვევაში სწრაფად და ქაოსურად.

ადამიანის სხეულში სტიქიათა ენერგეტიკული ცენტრები და რესურსი დაახლოებით ასე ნაწილდება:

მიწა - ფეხები, ხერხემალი, ძვლოვანი სისტემა და მუცლის ქვედა ნაწილი (მულადჰარას დონე);

წყალი - შარდ-სასქესო და გულ-სისხლძარღვთა სისტემები, თავის ტვინი და ზურგის ტვინი;

ცეცხლი: ხელები, თვალები, პირის აპარატი, ღვიძლი, კუჭი;

ჰაერი: ფილტვები, დიაფრაგმა, ყელი, ცხვირი, მუცლის ზედა ნაწილი, თხემი;

ენერგიების აღება სტიქიებიდან

პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტიქიების ენერგიებზე მუშაობისას დასაწყისისთვის რეალურად ენერგიის აღება არ ხდება. ხდება მხოლოდ მცირე ნამცეცის ათვისება, რაც ჩვენივე სხეულში იწვევს მსგავსი ენერგიის აქტივაციას, და ეს გვაძლევს ენერგიის აღების განცდას. მას შემდეგ, რაც მოსწავლე სწავლობს სტიქიების ენერგიის განკვარგვას (მეტ-ნაკლებად) საკუთარ სხეულში (აქ იგულისხმება ენერგეტიკული სადინარების „გახსნა“ და ბლოკების მოშორებაც), იწყება ენერგიის აღებაზე რეალური მუშაობა.

არსებობს საკუთარ სხეულში ენერგიების შეგრძნების (გააქტიურების) სამი ძირითადი მეთოდი:

1. ყურადღების კონცენტრაცია (მედიტაცია);

2. ხელოვნური დისბალანსის შექმნა კონკრეტული სტიქიის ენერგიაზე - დეფიციტის გზით (შიმშილობა, წყლისგან თავის შეკავება, სუნთქვის გაჩერება და ა.შ.)

3. ხელოვნური დისბალანსის შექმნა კონკრეტული სტიქიის ენერგიაზე - სიჭარბის გზით (მეტისმეტად ბევრის ჭამა, ჰიპერვენტილაცია და ა.შ.)

დასაწყისისთვის მუშაობა ხდება მხოლოდ წყლის ენერგიაზე. ცეცხლის ენერგია ზედმეტად აგრესიული და არაპროგნოზირებადია, მიწის - ზედმეტად მძიმე და რთულად დამუშავებადი. ჰაერის - მეტისმეტად რთულად შესაგრძნობი. წყალი - ეს ბალანსია. თანაც წყლის ენერგიის გადაჭარბებული რაოდენობის აღება რთულია, ხოლო მცირე სიჭარბისას ყველაზე ცუდი რაც შეიძლება დაგვემართოს ისაა, რომ ზედმეტად დავმშვიდდეთ და რაღაც პერიოდი ქმედების სურვილი დავკარგოთ. გარდა ამისა წყლის ენერგიის ათვისებაც ყველაზე ადვილია და მართვაც, ამიტომ პრაქტიკას ვიწყებთ წყლის ენერგიის აღებით.

წყლის სტიქიიდან ენერგიის აღება 

water

წყლის სტიქიიდან ენერგია დასაწყისისთვის შეგვიძლია ავიღოთ მხოლოდ სუფთა წყაროებიდან, ე.წ. „ცოცხალი წყლიდან“. ესენია მთის წყაროები, ნაკადულები, სათავესთან ახლოს მყოფი (დაუბინძურებელი) მდინარეები და ჩანჩქერები.

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ სტიქიასთან მუშაობისას ფეხის ტერფებიც და ხელებიც შიშველი უნდა იყოს. ასევე უნდა გვეცვას შალითად, ანუ ტანსაცმელი, საცვლები და ა.შ. არ უნდა გვიჭერდეს. სასურველია მოვიხსნათ ყოველგვარი სამკაული - ძვირფასი ქვა და ლითონი. თმები უნდა იყოს გაშლილი (გარდა ცეცხლის სტიქიასთან მუშაობისა, როცა თმები პირიქით - შეკრული უნდა იყოს). ფეხები და ხელები არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული (ჩაკეტილი). ლოტოსის ან ნახევრადლოტოსის პოზა ამ შემთხვევებში არ გამოგვადგება.

ვჯდებით ისე, რომ ფეხის ტერფები ჩაყოფილი გვქონდეს წყალში, გაშლილ ხელისგულებს კი ისე ვადებთ წყალზე, რომ წყალი ოდნავ ფარავდეს ხელის მტევნის ზედა მხარეს. შემდეგ ვხუჭავთ თვალებს და 20-40 წუთის განმავლობაში ვკონცენტრირდებით შეგრძნებებზე ხელის მტევანზე.მიზანია - შევიგრძნოთ განსხვავება ჩვეულებრივ შეგრძნებებსა (სიცივე, სითბო, ჟრუანტელი, დაბუჟება, სხვადასხვა წარმოსახვითი შეგრძნებები) და წყლის სტიქიის რეალურ შეგრძებას შორის. წყლის სტიქიის რეალური შეგრძნება სასიამოვნო სიმძიმეს ჰგავს, რომელიც ხელში იღვრება და სიმშვიდე, ბალანსი შემოაქვს. უნდა ვეცადოთ, რომ წყლის ენერგია თანდათან ხელში უფრო და უფრო მეტად ავიტანოთ, სანამ გულის ცენტრამდე არ მივა. ეს ძალიან ნელა და ეტაპობრივად ხდება. თუ იგრძენით,რომ წყლის სტიქია თავიდანვე გულ-მკერდის ცენტრში შემოვიდა, ე.ი. ეს უბრალოდ წარმოსახვაა. სადინარების გახსნა ნელ-ნელა ხდება და ჯერ მაჯის დონემდე იწევს, შემდეგ კი თანდათან იმატებს. პრაქტიკა გრძელდება დაახლოებით 3-6 თვე (კვირაში მინიმუმ ორჯერ). წყლის ენერგიის მიღების პრაქტიკა დამუშავებულად ითვლება მაშინ, როცა ამ ენერგიას გულ-მკერდის ცენტრამდე ამოვიტანთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ მიწის სტიქიაზე.

მიწის სტიქიიდან ენერგიის აღება

 arkaim

 

მიწის სტიქიაზე მუშაობა ხდება ისეთ ძალის ადგილებში, სადაც ეს სტიქია მოჭარბებულადაა. ესენია მთის ან კლდის მწვერვალიდან ცოტა ქვემოთ (მთის 4/5-ის სიმაღლეზე), ბუნების ისეთ ადგილებში, სადაც საერთო სიმწვანის ფონზე პატარა მოტიტვლებული ან გაყვითლებული (გამხმარი) ადგილია, ან პირიქით - სადაც დანარჩენ ფონთან შედარებით გაცილებით მეტი სიმწვანეა.

მიწის სტიქიის შემთხვევაში ენერგიის აღება ხდება ფეხებიდან და ზურგიდან (დასაწყისისთვის სასურველია ფეხებით დავიწყოთ): ვდგებით შიშველი ფეხებით და 20-40 წუთის განმავლობაში ვცდილობთ ვკონცენტრირდეთ ფეხის ტერფის შეგრძნებებზე. მიწის სტიქიის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია სიმძიმე. ჩნდება შეგრძნება, რომ დედამიწა ძლიერი მაგნიტივით ეკვრის ფეხებს და ფეხის აწევა და მიწისგან მოცილება რთული ხდება. როდესაც ამას ვიგრძნობთ (შეიძლება ამას დღეები ან კვირები დაჭირდეს), ვიწყებთ მიწის ენერგიის ფეხებში ატანას. თავიდან მისი ატანა მხოლოდ კოჭებამდე ხდება, შემდეგ ნელ-ნელა იმატებს და ბოლოს მუცლის დონემდე უნდა მიაღწიოს. მიწის ენერგიის ატანისას ისეთი შეგრძნება გვექნება, თითქოს ფეხებზე მძიმე გირები გვკიდია. ამიტომ მიწის სტიქიასთან მუშაობის დაწყებამდე და პროცესშიც საჭიროა „დავმიწდეთ - მივიღოთ მძიმე, ხორციანი ან ცილოვანი (მაგალითად ლობიო, სოიო) საკვები. ასევე სასურველია ვივარჯიშოთ ფიზიკურად, ისე რომ სხეულის კუნთები კარგად დაიტვირთოს და განვითარდეს.

თავდაპირველად, როცა მიწის სტიქიას მივიღებთ, შესაძლოა გაგვიჩნდეს სიმძიმის და გულისრევის შეგრძნება (დაახლოებით ისეთი, როგორიც ძალიან ბევრი საჭმლის მიღების შემდეგ ჩნდება). შემდეგ თანდათანობით ხდება ამ შეგრძნებასთან ადაპტირება. როდესაც ვსწავლობთ მიწის ენერგიის ატანას მუცლის დონემდე, შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ - ცეცხლის სტიქიაზე.

მიწის სტიქიიდან ენერგიის აღების უფრო მარტივი და ბუნებრივი, (ოღონდ არაცნობიერი) მეთოდია: უნდა ვიაროთ (გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა სიარული, და არა სირბილი) ბუნებაში იმდენი, სანამ ისე არ დავიქანცებით, რომ ვეცემოდეთ, მაგრამ ძალები უნდა მოვიკრიბოთ და კვლავ განვაგრძოთ სიარული. ამ დროს იწყება სხეულში არსებული მიწის სტიქიის რეზერვის დაწვა და თითქოს „მეორე სუნთქვა“ იხსნება. შემდეგი საბოლოო დაღლის შემდეგ კი ცოტა ხნით (ისე, რომ არ გავცივდეთ) უნდა წამოვგორდეთ მიწაზე (სასურველია შიშველი ზურგით). ამ დროს სხეული ბუნებრივად აღიდგენს "დამწვარ" მიწის სტიქიას, და შესაბამისად ხდება სხეულში სტრესების შედეგად ჩაკირული მიწის ენერგიის ჩანაცვლება ბუნებრივით და ჯანსაღით.

ცეცხლის სტიქიიდან ენერგიის აღება

fire

ცეცხლის ენერგიის წყაროდ თავდაპირველად შეიძლება გამოგვადგეს კოცონი (ხის შეშაზე დანთებული - პლასმასის, რეზინის და ა.შ. მინარევების გარეშე) ან თაფლის სანთლები (შუაში შედარებით დიდი სანთელი და მის გარშემო 2 ან 4 პატარა სანთელი). ცეცხლთან, ისევე როგორც წყალთან მუშაობა ხდება ხელისგულებით. ოდნავ მომრგვალებული ხელისგულები მიგვაქვს ცეცხლთან იმდენად ახლოს და ისე, რომ ხელისგულების შუაში ვიგრძნოთ ძლიერი სიმხურვალე - ტკივილის გაძლებამდე, როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ზედმეტი მოგვდის, მოვაცილოთ ხელისგულები ცეცხლს, ოდნავ მომრგვალებულიდან ბრტყელი ფორმა მივცეთ და გავაციოთ. გავიმეოროთ ეს მოქმედება 5-6-ჯერ. შედეგად, პრაქტიკის შემდეგ, თანდათანობით მივალთ იმ კონდიციამდე, როცა ძლიერ სიმხურვალეს ცეცხლთან ძალიან ახლოს ხელების მიტანის გარეშეც ვიგრძნობთ (ხელისგულების ცენტრებში). შემდეგ ეს შეგრძნება (ცეცხლის ენერგია) უნდა შევიტანოთ ხელებში (ისევე როგორც წყლის სტიქიის შემთხვევაში) და 3-6 თვიანი პრაქტიკის შედეგად ავიტანოთ გულ-მკერდის ცენტრამდე. ცეცხლის ენერგიასთან მუშაობისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც ჩნდება მიდრეკილება უმართავი აგრესიისკენ და თუ ზედმეტი მოგვივიდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს მაღალი სიცხეები და სხვადასხვა დესტრუქციული მოვლენები სხეულში. ამის გამო კატეგორიულად აკრძალულია საწყის ეტაპზე მზიდან ენერგიის პირდაპირი სახით მიღება (დიდია რისკი, რომ დოზას გადავაჭარბებთ და „გადავიწვებით“). გარკვეულწილად ზედმეტი ცეცხლის დაბალანსება შეიძლება წყლის ან მიწის სტიქიებით. ამიტომაცაა საჭირო, რომ ცეცხლთან პრაქტიკის დაწყებამდე ჯერ ეს ორი სტიქია დავამუშავოთ.

 ჰაერის სტიქიიდან ენერგიის აღება

haeri

ჰაერის სტიქიის შესაგრძნობად უნდა ავიდეთ მთის მწვერვალზე, მსუბუქ ნიავში უნდა ავწიოთ ხელები მაღლა, დაახლოებით თავის სიმაღლეზე და შევიგრძნოთ ჰაერი ყელით, ცხვირით და თავის ზედა ნაწილით (თხემის მიდამოთი). ჰაერის სტიქიის შეგრძნება და მისი განსხვავება ჩვეულებრივი ქარისგან ან ნიავისგან ძალიან რთულია. მისი მთავარი კრიტერიუმია - სიმსუბუქის და სინატიფის შეგრძნება. როდესაც ვიღებთ ჰაერის სტიქიას, ჩნდება მსუბუქი თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, და თითქოს გვიჩნდება გაფრენის სურვილი.

ჰაერის სტიქიაზე მუშაობისას სასურველია საკვები რაციონიდან ამოვიღოთ მძიმე და რთულად მოსანელებელი საკვები, ასევე მინიმუმამდე დავიყვანოთ შაქრის, მარილის, კოფეინის (ყავა, ჩაი), ალკოჰოლის, წიწაკის, მწნილეულის მოხმარება. ასევე სასურველია თუ მიირთმევთ ,,ცოცხალ“ საკვებს (საკვები არ უნდა იყოს 6 საათზე ძველი).

ჰაერის სტიქიაზე მუშაობისას შეზღუდეთ ძალისმიერი ვარჯიშები, ასევე ის საქმიანობა, რომლის შესრულების დროსაც ფიზიკურად ძალიან იღლებით.

ball