jesus1

ავტორი: მანგალა

(გამოყენებულია ელის ბეილის ნაშრომი - "ბეთლემიდან გოლგოთამდე")

ოკულტიზმი არ უკავშირებს ახალ აღთქმაში მოყვანილ ფაქტებს რამელიმე კონკრეტულ პიროვნებას, არამედ განიხილავს მის ფარულ თეოგონიურ და ასტროლოგიურ მხარეებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აქ მოყვანილი ფაქტები რომელ ტერიტორიაზე, რომელ ეროვნების ადამიანებს უკავშირდება და არის თუ არა ეს უდაოდ უტყუარი ისტორიული მოვლენები, რადგან საუბარია უწყვეტ პროცესზე, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში დასაბამიდან მიმდინარეობს და სწორედ ეს მხარეა მნიშვნელოვანი.

როდესაც რაიმე პროცესი გაცნობიერებული და საგრძნობია, ის სულის გამოცდილებად იქცევა; როდესაც აზრი და გრძნობა განუყოფელი ხდება, გამოვლინდება სული. სული ახდენს ერთიანობის, ერთობის დემონსტრირებას და შინაგან ნებას გარე რეალობასთან აკავშირებს. როდესაც ადამიანი სამყაროსთან შერევისკენ მიისწრაფვის, იმ მიმართულებით სადაც მისი შინაგანი ნება და გაცნობიერებული გარესამყარო ერთმანეთთან კავშირშია, მაშინ ორივე ელემენტი იხსნება, სული მიემართება ამაღლებისკენ.” (ელის ბეილი).

როდესაც კაცობრიობისთვის მომზადებული პირველი განდობა, იესოს ბეთლემში დაბადების სახით აღსრულდა და ქრისტეს ცნობიერება დედამიწაზე განკაცდა, დრო დადგა მეორე განდობისა, რომელიც ნათლისღების სახით უნდა აღსრულებულიყო. ნათლისღების რიტუალით, იესო კაცობრიობას წყლით განწმენდის მაგალითს აძლევს და სწორედ ამ მოვლენით იწყება მესიის მომავალი მისიის შემდეგი ეტაპი. გადმოცემა გვაუწყებს, რომ ნათლისღება 30 წლის ასაკში აღსრულდა, რაც არ არის შემთხვევითი. რამდენად რეალური და ისტორიულად დასაბუთებულია ახალი აღთქმის ხელნაწერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ქრისტეს ცნობიერება მუდამ არსებობდა და არსებობს, ხოლო სიმბოლური დატვირთვა, რომელიც ამ ფაქტს ენიჭება, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მეცნიერული დასაბუთება.

“რიცხვი ოცდაათი, სამი პიროვნული ასპექტის სრულყოფილებას სიმბოლიზირებს – ფიზიკური სხეულის, ემოციური ბუნების და გონის. ეს სამი ელემენტი შეადგენს ადამიანის ფორმალურ მხარეს და სულის საფარველს, ვუალს წარმოადგენს. ისინი წარმოადგენენ გარესამყაროსთან ადამიანის კონტაქტის მექანიზმს, რომლის მეშვეობითად იხსნება და იღვიძებს ცნობიერება. ყველაფერი ერთად აღებული შეადგენს “რეაქციის აპარატს”, როგორც მას ფსიქოლოგები უწოდებენ. როდესაც ადამიანში გაერთიანებული ფიზიკური, ემოციური და მოაზროვნე არსების განმსაზღვრელი ასპექტები ერთმანეთთან ჰარმონიულ ერთიან სისტემად მოქმედებს, შედეგად გვაქვს ერთიანი, იგივე არაინტეგრირებული პიროვნება ანუ დაბალი “მე”, რასაც რიცხვი 30 ასახავს. რიცხვი ათი სრულყოფილების სიმბოლოა, ხოლო 30 გამოხატავს სამი ნაწილის სრულყოფილ ერთიანობას, სულის აღჭურვილობას.”

ხსენებული სამი ასპექტის შეთანხმებით, რომელიც ადამიანის ღვთაებრივი ბუნების ანარეკლია, ადამიანი სამყაროსთან (იგივე ბუნებაში ემანირებულ ღმერთთან) ურთიერთთანხმობაში მოდის. ფიზიკური სხეული აღიქვამს ხილულ სამყაროს, ემოციუნალური და მგრძნობელობითი ბუნება კი საშუალებას გვაძლევს გულით შევიგრძნოთ უმაღლესი არსი. სწორედ ეს არის სამყაროში გამოვლენილ ღმერთთან დაკავშირების ერთადერთი გზა – “მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით ვლინდება სიყვარული”. მხოლოდ ამ გზით მოდის ადამიანის ბუნება უნივერსალურ გონთან თანხმობაში და გასაგები ხდება შემდეგი რამ – “და თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ…” (დაბ. 1. 26).

ქრისტეს ცნობიერების იესოს სახით დედამიწაზე განსხეულება მეტად რთულ გარდამტეხ პერიოდში მოხდა, რამაც კაცობრიობა სრულიად განსხვავებული და ბევრად ღრმა ცნებით, შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა. იესომ მოიტანა უმთავრესი კოსმიური პრინციპი – სიყვარულის პრინციპი, რომელიც მანამდე არასოდეს მომხდარა. ზარატუსტრას სწავლებით, ადამიანებისთვის აუცილებელი იყო ყურადღება ორი მთავარი პრინციპისთვის – კეთილი და ბოროტი მხარისთვის – მიექციათ. მოსემ შექმნა კანონი, რომლითაც ადამიანებს ღმერთი სრულიად სხვა, მკაცრი სახით დაანახა. ბუდამ, ღვთაებრივი სიბრძნით აღსავსე სრულიად განსხვავებული, მისტიური ხედვა მოიტანა, მაგრამ არც ერთ ქრისტეს მსგავსად მოვლენილ პიროვნებას არ შეუთავსებია უმთავრესი კოსმიური კანონი – სიყვარულის და ერთიანობის პრინციპი. სწორედ ამ პრინციპით, მიზიდულობის ძალის მსგავსად, მოქმედებს ერთ დიდ ორგანიზმად გამოვლენილი სამყარო. სწორედ ეს არის გზა, რომელიც იესომ კაცობრიობას დაუტოვა – გზა “ღვთის სასუფევლისკენ”. სასუფევლისკენ, რომელიც ადამიანის შინაგან ბუნებაშია და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე კონკრეტულ ადგილს ზეცაში. იესო ქრისტემ, პირველმა დააკავშირა აღმოსავლური და დასავლური სამყარო ერთმანეთთან და ორივე მხარის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. მისი ხანმოკლე ცხოვრება იყო სრულყოფილი დემონსტრაცია იმისა, რომ ღვთაებრივი არსი შესაძლებელია ადამიანში განსხეულდეს და გააცნობიეროს ის, რომ “ღმერთი სიყვარულია”. გრძელი და სირთულეებით აღსავსე გზის მიუხედავად, ქრისტეს ცნობიერების მიღების შემთხვევაში, ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს მიძინებულ ღვთაებრივ ნაპერწკალს – “…ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ.” (იოანე. 14.12.)

გაცნობიერებული ნათლისღების შედეგად, რომელიც დაბადების შემდეგ განდობის მეორე საფეხურია, ადამიანი შეიცნობს ახალ, სინათლის სამყაროს, რომელიც ღვთის სასუფევლის სახით ააგო იესომ კაცობრიობის ცნობიერებაში. ეს არის სამყაროს ბევრად ამაღლებული კანონებისგან შემდგარი ყოფიერება, სადაც შინაგანი სამყარო რადიკალურად იცვლება და სრულიად ახალი მიზნებით, სურვილებით და იდეალებით გამოვლინდება.

იესომ, დედამიწაზე შექმნა აბსოლუტ ცნობიერებასთან კონტაქტში მყოფი ერთიანი ორგანიზმი, რომლის გაცნობიერების შემდეგ ადამიანი მისთვის სრულიად ახალ სამყაროს აღმოაჩენს, მაგრამ აქ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია გასათვალისწინებელი – ყველაფერი ის, რაზეც იესო ახალ აღთქმაში საუბრობს არ ჩნდება და არ წარმოიქმნება დროთა განმავლობაში, არამედ ეს ყველაფერი დაბადებისთანავე ადამიანშია და მხოლოდ ახლანდელ მომენტში გაცნობიერებაა ერთადერთი გასაღები, რომელიც ცნობიერებაში არსებულ ღვთის სასუფევლის კარის გაღებას შეძლებს.

მეორე საფეხურის განდობით, იესო მდინარე იორდანეს წმინდა წყალში წარსდგა იოანე ნათლისმცემლის წინაშე და მიიღო წყლით განწმენდა – ნათლისღება, რასაც მესამე საფეხურის განდობა, ფერისცვალება მოჰყვა – იესო მოსწავლეების წინაშე იდგა როგორც “ძე კაცისა და ძე ღვთისა”. მეოთხე საფეხურით, მკვდრეთით აღდგომით, იესომ მოახდინა მისი ბუნების როგორც “ღმერთ-კაცის” დემონსტრირება და მოიცვა მთელი პლანეტის ცნობიერება. ის აყვანილი იყო ზეცაში და ორიათასი წლის შემდეგაც კი მისი სიტყვები ცნობიერების უმაღლესი საფეხურის გამოვლინებას წარმოადგენს.

“მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით.” (მათ. 3. 11).

ამ ეპიზოდში, ნათლისღების სახით წყლით განწმენდა უკვე დამდგარ მერწყულის ეპოქას სიმბოლიზირებს. ნათლობისას იესო მდინარე იორდანეს დინებაში შევიდა – ამ რიტუალს ინდოეთში “დინებაში შესვლა” ეწოდებოდა. იორდანეში ნათლობა ადამიანის დაბალი ასპექტის განწმენდის სიმბოლოა, რის შემდეგაც ღვთაებრივი ბუნება იწყებს გამოვლინებას.

ყურადღებამისაქცევია ნათლობის ორი სახე, რომელზეც იოანე ნათლისმცემელი საუბრობს:

1. ნათლობა (განწმენდა) წყლით, რომელსაც ის თავად აღასრულებს.
2. იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობის ნათლობა ცეცხლით (სულიწმინდით), სადაც ღვთაებრივი კოსმიური ცეცხლია ნაგულისხმები.

განდობისას ხდებოდა ორი მთავარი რამ: განწმენდილი ადამიანი გაიცნობდა მის განდობილ თანამოძმეებს და შეიტყობდა იმ მომავალი მისიის შესახებ, რომელიც უნდა აღესრულებინა. სწორედ ამ მომენტს ასახავს ახალ აღთქმაში მოყვანილი ეპიზოდი “ნათლისღება მდინარე იორდანეში”.

სულიწმინდა, მტრედი როგორც მშვიდობის სიმბოლო, რომელიც ნათისღების შემდეგ ციდან ჩამოეშვა, იმ კოსმიურ ცეცხლს სიმბოლიზირებს, რომელიც განწმენდის შემდეგ გაღვივდა და არსება შეუერთდა ზეციურ მამას. ადამიანის დუალური სახე ნათლად არის ბიბლიაში წარმოჩენილი – ძველი აღთქმა ასრულებს ადამიანის დაბალი ბუნების (დაბალი ასპექტის) არსებობას და ახალი აღთქმით ცნობიერება სრულიად ახალ ეტაპზე გადადის, სულიერი ადამიანი იბადება ფიზიკურ სხეულში. იესომ, მტრედის სიმბოლოს მეშვეობით, ადამიანში შემოიყვანა ღვთაებრივი სიმშვიდე, რაც ყველა სხვა დანარჩენზე მაღლა დგას.

მდინარე იორდანეს წყლებში, იესო იდგა როგორც მისი თანამოძმეების სწორი ადამიანი, თაბორის მთაზე, ფერისცვალებისას – როგორც ღმერთი. მეორე და მესამე განდობა, სიმბოლიზირებს იმ განსაცდელით აღსავსე ურთულეს გზას, რომელიც ამ მცირე ხანში იესო ქრისტემ გოლგოთას მთამდე განვლო და საბოლოოდ დაასრულა უდიდესი მისია დედამიწაზე, შეუერთდა უნივერსალურ გონს და კაცობრიობა შეამზადა ახალი ეტაპისთვის. ეტაპისთვის, რომელსაც ადამიანების ცნობიერებაში არსებული “ღვთის სასუფეველი” ეწოდება.