hemoglobine

მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი

წყარო

ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ხშირი პრობლემა ვეგეტარიანელ ქალებში ორსულობის დროს დაქვეითებული ჰემოგლობინია. უნდა ითქვას, რომ ანემიის დიაგნოზის დასმა, რაც ჰემოგლობინის უკმარისობას ნიშნავს, ექიმებს იმ შემთხვევაშიც უყვართ, როდესაც მაჩვენებელი ქვედა ზღვართან ან ნორმის ფარგლებშია. მაგალითად, ჩემი პირველი ორსულობის დროს, ჰემოგლობინის 110 მაჩვენებელზე, რაც სავსებით ნორმალურია, ექიმები ლაპარაკობდნენ პირველი ტრიმესტრის ანემიაზე. ამასთან, არავინ ეკითხება დედას რა მაჩვენებელი ქონდა ორსულობამდე, როცა ის თავს კარგად გრძნობდა. ყველა ორგანიზმი ხომ ინდივიდუალურია და ჩემი აზრით უფრო სწორია ვიმსჯელოთ არა ანალიზის შედეგების, არამედ ორსული ქალის რეალური მდგომარეობის მიხედვთ.

პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველი და მეორე ორსულობის დროს ჰემოგლობინის დონის ერთი და იგივე მაჩვენებლების პირობებში თავს განსხვავებულად ვგრძნობდი. პირველი ორსულობისას ნამდვილად მქონდა ძლიერი სისუსტე, კიდურებში ჩხვლეტა, ფერმკრათალი ტუჩები და პერიოდულად ნევროზული მდგომარეობა, ხოლო მეორე ორსულობის დროს მშვენივრად გამოვიყურებოდი, ვიყავი აქტიური და შესანიშნავად ვგრძნობდი თავს. თუმცა, ჯობია ვეცადოთ, რომ მშობიარობის მომენტში ჰემოგლობინის დონემ არ დაიწიოს 95-ზე დაბლა.

რატომ ექცევა განსაკუთრებული ყურადღება ჰემოგლობინის დონეს ორსულობის დროს?

ჰემოგლობინი შედის ერითროციტების შემადგენლობაში, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ ორგანიზმში. ჰემოგლობინის მოლეკულა, რომელიც წარმოადგენს ცილას, შეიცავს რკინას, ამიტომ როდესაც ლაპარაკია ჰემოგლობინზე, ძირითადად მხედველობაში აქვთ რკინა. ის, რომ ორსულობის დროს ეს მაჩვენებელი დაბლა ეცემა აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან დედის ორგანიზმი მუშაობს უკვე ორისთვის და ყველაფერს უნაწილებს ბავშვის ორგანიზმს, რომელიც განიცდის ფორმირებას. ჰემოგლობინის უკმარისობა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს პირველ რიგში დედაზე, რადგან ბავშვი იღებს მაქსიმუმს, რაც მისთვის საჭიროა და მხოლოდ ძალიან ძლიერი უკმარისობის დროს შესაძლოა დააკლდეს ნაყოფსაც. უკიდურეს შემთხვევაში, ჰემოგლობინის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის ანემია და ჰიპოქსია, რაც უარყოფით ზეგავლენას იქონიებს მისი თავის ტვინის ფუნქციებზე. ნამდვილად არ არის სახარბიელო ორსული ქალის გამოფიტული მდგომარეობა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში რამენაირად აისახება ბავშვზე. ამიტომ, აუცილებელია სწორი კვება, ფიზიკური დატვირთვა და ბევრი სითხის მიღება, რომ არ გვქონდეს ჰემოგლობინთან და სხვა ნივთიერებებთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორ ავწიოთ ჰემოგლობინის დონე ორსულობის პერიოდში?

ორსულობის დროს ჰემოგლობინის დონის მომატება შეიძლება ორი გზით: დიეტის დარეგულირებით ან რკინის შემცველი ვიტამინების მიღებით. ჩვენ დაწვრილებით განვიხილავთ პირველ ვარიანტს, ვინაიდან რკინის მომატება ხელოვნური საშუალებებით ყოველთვის შედეგიანი არ არის და შეიძლება არასასურველი კვალიც დატოვოს. ჩვენი აზრით უმჯობესია პრობლემა გადავჭრათ ბუნებრივი გზით, მით უფრო ორსულობის პერიოდში, რადგან ამ დროს ორგანიზმი ერთობ მოწყვლადია და ძნელია იმის წინასწარ გათვლა თუ რა რეაქცია ექნება ნაყოფს ამ პროცესებში უხეშად ჩარევის შემთხვევაში. მაგალითისთვის, ვიტამინების მოქმედებაზე შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ორსულობის ბოლოს ექიმმა ჰომეოპათმა მირჩია მაქსიმალურად უსაფრთხო რკინის პრეპარატი და ერთ თვეში ჰემოგლობინის დონემ აიწია ორი პუნქტით... ვფიქრობ, ასეთი შედეგის მიღწევა კვების კორექციითაც შეიძლება (ალბათ ასეც მოხდა). არ გამოვრიცხავ, რომ არსებობს უფრო ეფექტური პრეპარატებიც, თუმცა ვერ ვიტყვი რომ მათი ქიმიური შემადგენლობა დადებითად იმოქმედებს ორგანიზმზე მთლიანობაში.

პროდუქტები, რომლებიც ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს ორსულობის დროს

ვინაიდან ბუნებრივი კვება ვახსენეთ, საუბარი გვექნება მცენარეულ პროდუქტებზე. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არსებობს მიკროელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს რკინის ათვისებას და ასევე ისეთებიც, რომლებიც ბლოკავს ამ პროცესს. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ C ვიტამინი აძლიერებს რკინის შეწოვას, ხოლო კალციუმი აფერხებს. ამიტომ, რკინის შემცველ პროდუქტებს უმჯობესია დავაყოლოთ ციტრუსის ან ბროწეულის წვენი და არა რძე, ხოლო ფაფები მოვხარშოთ წყალში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეული წარმოშობის პროდუქტების, განსაკუთრებით ბოსტნეულის და ფოთლოვანების თერმული დამუშავებისას ეს მიკროელემენტი შესაძლოა დაიშალოს, ამიტომ რისი გამოყენებაც უმად შეიძლება, ჯობია უმადვე მივირთვათ.

მცენარეულ პროდუქტებში რკინის უმაღლესი შემცველობა აქვს პარკოსნებს და მწვანეფოთლოვან ბოსტნეულს, განსაკუთრებით ლობიოს, ოსპს, სოიოს, ისპანახს და ჭარხლის ფოთოლს. ასევე საკმაოდ ბევრ რკინას შეიცავს გამომშრალი სოკო. ხილი და კენკრაც რკინის კარგი საბადოა და თან მათში ხშირადაა C ვიტამინიც. მარცვლეულსა და თხილეულში შეიძლება გამოვყოთ ქუნჯუთი (სეზამი), კეშიუ და გოგრის თესლი. გაღივებული მწვანე წიწიბურა ძალიან დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე და რკინასაც შეიცავს, ამიტომ სასარგებლოა ამ პროდუქტის ჩართვა ორსული ქალის კვების რაციონში.

არსებობს მოსაზრება, რომ ბროწეული დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, თუმცა ეს მთლად ასე არ არის. თვითონ რკინა მასში საკმაოდ ცოტაა, მაგრამ ვიტამინი C და ლიმნის მჟავა, რომლებსაც უხვად შეიცავს ეს ხილი, ხელს უწყობს სხვა პროდუქტებიდან რკინის შეწოვას. ასე რომ, არ ულულვებელყოთ ბროწეული და ხშირად მიიღეთ.

ბევრს გაუკვირდება, მაგრამ არც ვაშლია რკინის შემცველობის მხრივ პირველ ადგილზე. ვაშლი ნამდვილად შეიცავს რკინას, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც გვგონია. ვაშლის მიღება საჭიროა, მაგრამ ანემიასთან ბრძოლაში მისი მნიშვნელობის გადაჭარბება არ ღირს.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორსული ქალის კარგი მდგომარეობის საწინდარია სწორი, სრულფასოვანი, ბუნებრივი და გაცნობიერებული კვება, თანაზომიერი ფიზიკური დატვირთვა, საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება და კარგი განწყობა. ორსულობის დროს ჰემოგლობინის კარგი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რკინის და C ვიტამინის შემცველ პროდუქტებს. გახსოვდეთ, რომ ჰემოგლობინის დონის აწევა ბუნებრივი საშუალებებით მეტად რთულია, ამიტომ, უნდა ვეცადოთ მის შენარჩუნებას ბავშვის მუცლადყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ თავს და ყველაფერი კარგად აეწყობა.