breakfast2ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ბოსტნეულის ფერმენტაციას საქართველოში დამჟავებას, დამწნილებას უწოდებენ. ფერმენტირება რძემჟავა დუღილის ბაქტერიების დამსახურებაა. ფერმენტაციის პროცესში ბოსტნეულზე და სითხეში, რომელშიც ჩადებულია ბოსტნეული მრავლდება ფერმენტაციის ბაქტერიები და იწყება ფერმენტაციის პროცესი. ეს პროცესი რომ არ დაიწყოს, მაშინ ბოსტნეული უბრალოდ დალპება. საოცარი თვისებები აქვს ფერმენტაციის გამომწვევ ბაქტერიებს. ბაქტერიები ფერმენტაციის პროცესში გამოყოფენ უამრავი რაოდენობის C და B ჯგუფის ვიტამინებს. ქვემოთ დაწვრილებით ჩამოვთვლით ყველას.

რაც უფრო კარგადაა ფერმენტირებული ბოსტნეული, მით უფრო ბევრი ბაქტერიაა გამრავლებული და შესაბამისად, მით მეტია წვენსა და ბოსტნეულში ვიტამინების რაოდენობა. ფერმენტირებული ბოსტნეული საკმაოდ დიდხანს ინახება და გვიან იწყებს გაფუჭებას.

ის, ვინც სისტემატიურად ღებულობს რძემჟავა დუღილის ბაქტერიებსა და მათი ცხოველქმედების პროცესის შედეგად გამოყოფილ ფერმენტებსა და ვიტამინებს, მაგარი ჯანმრთელობითა და მაღალი იმუნიტეტით გამოირჩევა, მათ არ აწუხებთ სახსრები და სხვადასხვა „ცივილური“ დაავადებები.

მთელი ამ „სასარგებლო წიაღისეულის“ მიღება შესაძლებელია ფერმენტირებული, ე.წ. მჟავე ბოსტნეულისაგან, განსაკუთრებით კომბოსტოსაგან, ან ბოსტნეულის ფერმენტირებული აორტისაგან, რომლის ბაზაც კომბოსტოა. ფერმენტირებული კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ U-ს, რომელსაც წყლულის საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედება აქვს და მშვენივრად იცავს და აღადგენს მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს.

ფერმენტირებულ ბოსტნეულზე, როგორც უკვე ვთქვით, დიდი რაოდენობით სასარგებლო ბაქტერიებია გამრავლებული. რომელიც, თავის მხრივ სავსეა ყველანაირი და მათ შორის ე.წ. შეუცვლელი ამინომჟავებით, ანუ არის საუკეთესო ცილა. ამ ბაქტერიების მიღება ხორცის ჭამის ტოლფასია, ოღონდ ხორცისა, მავნე თვისებების გარეშე. მეტიც, ძალიან სასარგებლოა. ამ გაგებით, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ფერმენტირებული კომბოსტო ხორცივით საკვებია, ის საუკეთესო ხორცია, ხორცთა ხორცია. ისევ და ისევ ბაქტერიები, ჩვენი გადამრჩენი და საყვარელი, ჩვენი მეგობარი ბაქტერიები. ეს ღვთიური ჩანაფიქრის საოცრებაა...

ეს ბაქტერიები B12 ვიტამინსაც ასინთეზირებს, რომელსაც ასე მიელტვიან ე.წ სრული ვეგეტარიანელები და ამ ვიტამინის ხელოვნურ ვერსიასაც კი სვამენ. მაგრამ ის ვეგეტარიანელი, რომელიც სისტემატიურად ჭამს ფერმენტირებულ კომბოსტოსა და სხვა ფერმენტირებულ ბოსტნეულს არ განიცდის ამ ვიტამინის ნაკლებობასა და მისი ჰემოგლობინის მაჩვენებელი ყოველთვის ნორმაშია. ასეთი ვეგეტარიანელები არც კუნთოვანი ძალის ნაკლებობას უჩივიან და არც ენერგიის სიმცირეს.

როგორც ზემოთ ითქვა, ფერმენტაციის პროცესში გამრავლებას იწყებს რძემჟავა ბაქტერიები, რომლებიც ყველა სიკეთესთან ერთად ბუნებრივი და არა თუ უსაფრთხო, არამედ ძალიან სასარგებლო კონსერვანტიცაა და თვეობით ინახავენ პროდუქტს. ეს ბაქტერიები აუმჯობესებენ კუჭისა და ნაწლავების მუშაობას, აძლიერებენ იმუნიტეტს და ადამიანს გვრიან ჯანსაღ მადას. ფერმენტირებული საკვების ერთ-ერთი მთავარი თვისება სხეულის pH-ის ნორმალიზაციაა.

როგორც ვიცით, თუ სხეულის მჟავიანობის მაჩვენებელი ნორმაზე მეტია (ანუ დაბალია pH), მაშინ სუსტდება იმუნიტეტი და სწრაფად „იცვითება“ სხეულის უჯრედები. ფერმენტირებული კომბოსტო (ბოსტნეული) ტუტე პროდუქტია და იგი ნორმაში აყენებს სხეულის pH მაჩვენებელს.
ფერმენტირებული კომბოსტო ხელს უწყობს ფოსფორისა და კალციუმის შეთვისებას და შესაბამისად უხდება სახსრებსა და ძვლებს.
სასარგებლოა გაცივებისას.

აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, ანუ თრგუნავს და ანადგურებს სხეულისათვის უცხო და მავნე ბაქტერიებს.
ფერმენტირებული პროდუქტები აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ალამაზებს მას.

სუნთქვა ხდება სუფთა. იმატებს ძალა კუნთებში, იმატებს ენერგია.
პროდუქტის შენახვისას არ იკლებს მასში ვიტამინების რაოდენობა, პირიქით, იმატებს, რადგან პროდუქტში განუწყვეტლივ მრავდება რძემჟავა დუღილის სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც განუწყვეტლივ გამოყოფენ ვიტამინებს.

ფერმენტირენული კომბოსტო მდიდარია ფიტონციდებით, უჯრედისით, ენზიმებით. სწორედ იმ ენზიმებით, რომლის საშუალებითაც ცოცხალი საჭმელი თვითონ ინელებს თავის თავს და აღარ იტვირთება კუჭ-ნაწლავი. ამიტომაცაა, რომ ცოცხალი ან/და ფერმენტირებული საკვების მიღებისას არ ითენთება სხეული და არ გვინდება ძილი.
ფერმენტირებული კომბოსტო B ჯგუფის ვიტამინების, C და U ვიტამინების გარდა შეიცავს A ვიტამინის პრო-ვიტამინს, რომელიც სხეულში A ვიტამინად გადაიქცევა და სასარგებლოა მხედველობისთვის. ასევე, K ვიტამინს. მასში ბევრია ქალებისაგან ასე რიგად შეყვარებული ფოლიუმის მჟავა, რომელიც კომბოსტოს გარეთა, უფრო მწვანე ფერის ფოთლებში უფრო მეტია. კომბოსტო არეგულირებს ცხიმების ცვლას, აქვს ანტისიმსივნური (ანტიოქსიდანტური) თვისებები.

ამრიგად, ზამთარში, ადრე გაზაფხულზე და ზოგადად „უვიტამინობის“ პერიოდში, ფერმენტირებული ბოსტნეული, განსაკუთრებით კომბოსტო, ძალიან კარგი საშუალებაა ვიტამინების მარაგის შესავსებად, არის ვიტამინ B12-ის წყარო, ამინომჟავებისა და საუკეთესო ცილების წყარო. ჩვენი სხეული ყველა ცილაზე კარგად, სწორედ ჩვენი მეგობარი ბაქტერიების „სხეულს“ ითვისებს. ამიტომაცაა, რომ ფერმენტირებული საკვები ზრდის კუნთის ძალას.

რატომ მაინცა და მაინც კომბოსტო, ან ასორტი კომბოსტოს ბაზაზე? იმიტომ, რომ ფერმენტირებული კომბოსტო შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს, იოდს და 100 გრამი პროდუქტი, სულ 30 კილო კალორიაა.

ფერმენტირებულ კომბოსტოს აქვს ანტიჰისტამინური მოქმედება, ამიტომ სასარგებლოა ბრონქიალური ასთმის დროს.

სასარგებლოა ყაბზობისას, რადგან დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს.
ფერმენტირებული კომბოსტო სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისათვის.
აუმჯობესებს მეხსიერებას, აღადგენს ღვიძლს და ამცირებს მის ზომებს. ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას, იცავს ღვიძლს ალკოჰოლის მავნე მოქმედებისაგან. აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება, რადგან კომბოსტოში შემავალი ზოგი ორგანული მჟავა ანელებს საკვებთან ერთად მიღებული ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნის პროცესს და ცხიმებსა და ქოლესტერინს არ ეძლევა შესაბამის ადგილებში „ჩალაგების“ საშუალება.
რძემჟავადუღილის ბაქტერიები აუმჯობესებს მიკროფლორის „დასახლებასა“ და ხარისხს, წმენდს ნაწლავებს ლპობის გამომწვევი ფაქტორებისაგან და აახლებს ნაწლავების გარემოს.

ფერმენტირებული კომბოსტო დამღუპველად მოქმედებს ოქროსფერ სტაფილოკოკზე, ტუბერკულიოზის ჩხირებზე და სხვა მავნე მიკრობებზე.
სასარგებლოა ზედმეტი წონისას, C და სხვა ვიტამინების ნაკლებობისას, წყლულოვანი დაავადებებისას (ამ დროს ისმევა კომბოსტოს ახლადგამოწურული წვენი და ფერმენტირებული კომბოსტოს უმარილო წყალი), შაქრიანი დიაბეტისას, ყაბზობისას, გასტრიტისას, ონკოლოგიური დაავადებებისას.
ექიმების რჩევაა, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ მათ, ვისაც აწუხებს პანკრეატიტი.

დაწვრილებით ჩამოვთვალოთ კომბოსტოს შემადგენლობა, რომელიც კიდევ უფრო მდიდრდება ფერმენტაციის შედეგად:
ვიტამინები: PP, ბეტა კაროტინი, A, B1, B2, B5, B6, B9, C, E, H, K, ქოლინი,
მაკროელემენტები: კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, გოგირდი, ქლორი.
მიკროელემენტები: რკინა, თუთია, იოდი, სპილენძი, მარგანეცი, სელენი, ქრომი, ფტორი, მოლიბდენი, ბორი, კობალტი, ალუმინი, ნიკელი.
ამიტომ, კომბოსტო უნიკალური პროდუქტია.

ფერმენტაციისას ის კიდევ უფრო უნიკალურდება. მასში იმატებს ვიტამინების, ფერმენტებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა. ფერმენტირებული კომბოსტოს წვენი, თავისი ბუნებით ფაქტიურად ბურახია. ეს ბურახი კომბოსტოსთან ერთად ფერმენტირებულ (სტაფილო, ვაშლი, ბულგარული, მწვანილი, წიწაკა, ჭარხალი და სხვა) სხვა პროდუქტებს უნაჩუნებს სასარგებლო თვისებებსა და მათში არსებულ სასარგებლო ნივთიერებებს.

კომბოსტოს კიდევ ერთი უნიკალურობაა მისი ეს თვისება. თუ სხვა ბოსტნეული წვრილად დაჭრისას ჰაერზე იჟანგება, კარგავს ვიტამინებს და ხდება ნაკლებად სასარგებლო, კომბოსტო პირიქით იქცევა. წვრილად დაჭრილ ცოცხალ კომბოსტოში ჰაერთან 15-20 წუთიანი კონტაქტის შემდეგ მკვეთრად იმატებს ზოგიერთი ვიტამინის, ანტიოქსიდანტებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერების რაოდენობა (სხვათა შორის, იგივე თვისება აქვს ნიორსაც. ნივრის ამ თვისების გამო ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდა 2 თუ 3 სტატია სათაურით „ძალიან მაგარი რეცეპტი“)

ახლა ყურადღებით!!!
გვინდა, რომ ფერმენტირებული კომბოსტო (და სხვა ბოსტნეული) ნამდვილად სასარგებლო და ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების მატარებელი იყოს?
გვინდა, რომ მასში ნამდვილად იყოს რძემჟავა, თავისი ყველა ბაქტერიითა და თანმდევი სიკეთეებით?
მაშინ, არავითარი მარილი!!!

რადგან მარილით „ფერმენტირებული“ კომბოსტო ორგანიზმიდან დევნის იოდს და ოდნავ დიდი დოზით მიღების შემთხვევაში უკვე „აღარ სიამოვნებს“ ფარისებრ ჯირკვალს, სხეულში აგუბებს სითხეს და იწვევს ცხადსა თუ ფარულ შეშუპებებს, არ უხდება მაღალწნევიანებს, ტვირთავს თირკმელებს (ჩვენს თირკმელებს, ძლიერი ჯანმრთელობის შემთხვევაში შეუძლია დღეღამეში სხეულიდან გამოდევნოს სულ რაღაც 5 გრამი სუფრის მარილი). არ დაგვავიწყდეს, რომ მარილს შეიცავს უამრავი პროდუქტიც. დიდი რაოდენობის მარილი ვნებს სისხლძარღვებს, რევს ნივთიერებათა ცვლას და სხვა.

ყველაზე მთავარი აქ ისაა, რომ მარილიან წყალში ძალიან ძნელად მრავლდება რძემჟავა-დუღილის ბაქტერიები და ამიტომ მარილით დამჟავებული კომბოსტო ახლოსაც ვერ მივა უმარილოდ ფერმენტირებულთან.

შეგვიძლია ჩავატაროთ ასეთი მარტივი ექსპერიმენტი: 200-ოდე გრამი კომბოსტო დავამწნილოთ უმარილოდ და ცალკე ჭურჭელში ამდენივე კომბოსტო დავდგათ დასამჟავებლად მარილიანი წყლით. ორივე ჭურჭელი დავდგათ ერთ ოთახში, რათა არ განსხვავდებოდეს მათი ტემპერატურები. ორი დღის შემდეგ ავიღოთ წვენი პატარა ჭიქით მარილიანი და მეორე ჭიქით უმარილო პროდუქტიდან. ორივე ჭიქაში ჩავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი გოგირდმჟავა. ქიმიის ყველა მცოდნე გვეტყვის, რომ რამოდენიმე წუთის შემდეგ სითხე იმ ჭიქაში, რომელშიც რძემჟავაა, ჯერ გახდება ოდნავ იისფერი, ხოლო შემდეგ გალურჯდება, ხოლო სითხე იმ ჭიქაში, რომელშიც არაა რძემჟავა, ფერს არ შეიცვლის. როგორ გგონიათ, რომელ ჭიქაში გალურჯდება სითხე? დიახ, უმარილო სითხეში!

გარდა ამისა, უმარილოდ დაყენებული კომბოსტო ორ დღეში უკვე მაჭარივით ჩუხჩუხებს, მარილში ჩადებულს კი ჯერ არაფერი ეტყობა! თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარილიანი ფერმენტირებული კომბოსტო სრულიად უსარგებლოა. ეს ასე არაა, პირიქით სასარგებლოცაა, მაგრამ მცირე ულუფებით, ხოლო მისი სარგებელი უმარილოდ დამწნილებულ ბოსტნეულთან ვერც კი მივა.

FermentedFoodHeaderროგორ დავამჟაოთ კომბოსტო უმარილოდ?
კომბოსტოსა და სხვა ცოცხალი პროდუქტების უმარილოდ ფერმენტაციის სამი ძირითადი რეცეპტი არსებობს. ჩამოვთვალოთ სამივე:
1. კობოსტო იჭრება დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრის სისქის ზოლებად, იყრება მინის, მინანქრის ან საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილ უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში (მინა ყველას ჯობს) ფენებად. ფენებს შორის (სურვილის შემთხვევაში) ემატება მსხვილად გახეხილი სტაფილო (3 კილოგრამ კომბოსტოზე ერთი კილოგრამი სტაფილო, ან სხვა თქვენთვის მისაღები პროპორციით), დაფნა, წიწაკა, ჯანჯაფილი, პირშუშხა, მიხაკი და სხვა არომატები (ეს ყველაფერი სურვილისა და გემოვნების მიხედვით). ესხმება ოთახის ტემპერატურის წყალი, რომელიც 20-30 წუთი დუღდა. წყალი ესხმება იმდენი, რომ შეავსოს ბოსტნეულის მოცულობის 3/4 ან 2/3. წყლის დასხმამდე ბოსტნეული ხელის დაწოლით კარგად იტკეპნება, ზემოდან ედება ქვის ან ხის დისკო და დისკოზე იდება სიმძიმე. 2-3 დღეში ბოსტნეული მთლიანად დაიფარება წვენით და იწყება დუღილი. წვენი შეიძლება გადმოვიდეს კიდევაც, ამიტომ ბოსტნეულიანი მოცულობა უნდა ჩაიდგას რაიმე ღრმა ჭურჭელში. დუღილის დაწყებიდან 2-3 დღე ვაჩერებთ სითბოში და შემდეგ გაგვაქვს სიგრილეში ან ვდგამთ მაცივარში. რაც უფრო მეტი დრო გადის, ბოსტნეული მით უფრო იძენს მჟავე კომბოსტოსათვის დამახასიათებელ გემოს, არომატსა და ძალიან გემრიელ სურნელს. რაც მეტი დრო გადის ბოსტნეული მეტად რბილდება, მაგრამ მაინც ხრატუნა და გემრიელად შესაჭმელია, უჯდება არომატები. მე პირადად ჩამიმატებია მსხვილად გახეხილი ჭარხალიც და საოცრად გემრიელი გამოვიდა. უჭარხლოც ძალინ მიყვარს.

2. მეორე რეცეპტის მიხედვით ჭურჭელში იდება კარგად ჩაპრესილი მხოლოდ კომბოსტო. ესხმება ისეთივე (კარგად გადადუღებული და გაგრილებული) წყალი იმდენი, რომ კომბოსტო დაიფაროს და ზემოდან ედება სიმძიმე. მაგალითად დიდ თეფშზე დადებული ქვა, რომ კომბოსტო მთლიანად წყალში აღმოჩნდეს. ასეთნაირად ინახება სითბოში ორი დღე-ღამე. შემდეგ სითხე გადაიწურება ცალკე ჭურჭელში და კომბოსტო.... იყრება! ამის შემდეგ წინა რეცეპტის მიხედვით ჭურჭელში ფენა-ფენა იტკეპნება კომბოსტო და ჩვენთვის სასურველი სხვა პროდუქტი და სუნელი და ესხმება ის წვენი, რომელშიც ორი დღე ინახებოდა აწ უკვე გადაყრილი კომბოსტო. ჩერდება სითბოში 2-3 დღე და შემდეგ გადის სიგრილეში. ამ შემთხვევაში, წვენში უკვე ბლომადაა ფერმენტაციის ბაქტერიები და მჟავე უფრო გემრიელი გამოდის. ვარიაციებში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც თავისუფლები ვართ.

3. მესამე რეცეპტის მიხედვით, ისევე, როგორც პირველ რეცეპტში, ჭურჭელში ფენა-ფენა კარგად იტკეპნება კომბოსტო და ჩვენთვის სასურველი სხვა პროდუქტები ოღონდ... არაფერიც არ ესხმება. ზემოდან ედება ხის ან ქვის სუფთა დისკო და დისკოზე 20-25 კგ ტვირთი. ორი-სამი დღის შემდეგ კომბოსტო თვითონ უშვებს წვენს იმდენს, რომ მთლიანად იფარება ჭურჭლის შიგთავსი და იწყება ფერმენტაციის პროცესი. 2-3 დღე კარგად იჩუხჩუხოს სითბოში და შემდეგ შეიძლება სიგრილეში გადგმა.
მე ყველაზე მეტად მეორე და მესამე რეცეპტი მომწონს, ხოლო ამ ორიდან, მესამე. გოგირდმჟავით ტესტი აჩვენებს, რომ ყველაზე ბევრი რძემჟავა და შესაბამისად ბაქტერიაც მესამე რეცეპტით ფერმანტირებულ პროდუქტში ყველაზე მეტია.

როდესაც წნილი გათავდება, სურვილის შემთხვევაში, იგივე წვენის გამოყენება კიდევ სამჯერ შეიძლება. ამ წვენში ხომ უკვე ცხოვრობენ ჩვენი საყვარელი ბაქტერიები.
ალბათ გამოგვიცდია, რომ მარილით დამწნილებული ბოსტნეულის სითხე, არც თუ იშვიათად, ლორწოსავით კონსისტენციას იღებს. უმარილოდ, სამივე რეცეპტით მიცდია დამწნილება და სითხე ანკარა წყალივით ხალასია. ფერმენტირებული ბოსტნეულის სითხე თავისი ბუნებით იგივე ნატურალური ბურახია, ბაქტერიების, ვიტამინების, ფერმენტებისა და სხვა აქტიური ნივთიერების კოქტეილია. ძალიან სასარგებლოა მისი დალევა ცარიელ კუჭზე. დალევას ვიწყებთ ჯერ არყის ჭიქით და დროთა განმავლობაში შეგვიძლია ავიდეთ 100-150 გრამზე. სასმელი ძალიან გემრიელი, არომატული, ფხაჭუნა და გამამხნევებელია. ცარიელ კუჭნაწლავს ასახლებს მეგობარი ბაქტერიებით და ამზადებს დღის განმავლობაში საკვების გადასამუშავებლად. თვითონ ფერმენტირებული კომბოსტო იჭმევა 100-200 გრამი (ან ვისაც რამდენი უნდა) როგორც პირველი ან სურვილის მიხედვით.

ფერმენტირებული კომბოსტოს წვენი შესანიშნავი საშუალებაა ნაბახუსევზე გამოსაკეთებლადაც.
ვინც სისტემატურად ჭამს უმარილოდ ფერმენტირებულ კომბოსტოსა და მის ბაზაზე დამზადებულ ფერმენტირებული ბოსტნეულის ასორტს, მშვენიერ ფორმაში უნარჩუნდება სახსრები, მეხსიერება, ფიზიკური ძალა და ამტანობა, გრძნობენ ენერგიას, მამაკაცებს უგრძელდებათ შვილიერების პერიოდი, იკლებს სიმსივნეების რისკი ორივე სქესში, ახალგაზრდულად ინახება კანი და შინაგანი ორგანოები და ა.შ.ანამ მაცივარს გამოიგონებდნენ, როგორ ინახებოდა ბოსტნეული? ერთ-ერთი საშუალება სწორედ მათი ფერმენტაცია იყო

ძალიან სასარგებლოა ე.წ. ჭარხლის ბურახის სმაც. კარგად გარეცხილი ჭარხალი იჭრება წვრილად, იყრება ჭურჭლის 3/4 -ზე და ესხმება წინა რეცეპტებში აღწერილი წყალი იმდენი, რომ ჭარხალი დაფაროს. 3-5 ლიტრ მოცულობის ჭურჭელში ემატება ერთი ჩაის კოვზი 100 გრამ მოთბო წყალში გახსნილი თაფლი (შესაბამისად, 6-10 ლიტრში 2 ჩაის კოვზი...). როდესაც დუღილი 2-3 დღე გაგრძელდება, სითხე ჭურჭელში მოიმატებს და უკვე შეიძლება მცირე (50-100 გრ) ულუფებად ბურახის სმა. თან შეიძლება გახარჯული სითხის სანაცვლოდ ჭურჭელში ახალი წყლის ჩამატება. ასე გრძელდება მანამ, სანამ გემოს მიხედვით არ მივხვდებით, რომ ჭურჭელში მოთავსებულმა ჭარხალმა თავისი თავი ამოწურა. ეს სასმელიც ძალიან, ძალიან სასარგებლო და გემრიელია.

სასმელი ფრთხილად უნდა მიიღონ დაბალწნევიანებმა, რადგან ჭარხლის ბურახი ისედაც წნევის დამწევი სითხეა.
დაბოლოს: სასარგებლოა არა მხოლოდ ფერმენტირებული კომბოსტო და ჭარხალი, არამედ სწორად დამზადებული ნებისმიერი ბურახი და სხვა პროდუქტი. ძველად, ფერმენტირებული მარცვლეულისაგან პურის გამოცხობის პრაქტიკაც კი იყო. დღეს იაპონელები ამზადებენ ფერმენტირებული სოიოს (რამოდენიმე თვე ფერმენტირდება) სოუსებს, ფერმენტირებული ბრინჯის წვნიანს და სხვა. ზოგი მზარეული იმასაც კი ახერხებს, თევზი დააფერმრნტიროს (ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ჭამო, თუმცა სადაც საღეჭი რეზინები აქვთ თევზის გემოთი....) :)

არ გამოტოვოთ საშუალება, მიირთვათ სწორად ფერმენტირებული ბოსტნეული. კვირაში თუნდაც ორჯერ ჭამა ამ პროდუქტისა დიდი შვებაა სხეულისათვის.