1431259008091431ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

მარწყვი ძალიან გემრიელი და სასარგებლო კენკრაა. შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს: A, B ჯგუფის ვიტამინებს, C, H, K, E, PP და მიკროელემენტების ბუკეტს, მათ შორის იოდსა და ფოსპორს. მარწყვიც, რა თქმა უნდა ტუტე პროდუქტია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებსაც შეიცავს.
ხალხური მედიცინის მიერ დიდი ხანია შემჩნეულია, რომ პროდუქტი რასაც ჰგავს, იმ ორგანოს უხდება. მარწყვს გულის ფორმა აქვს და ძალიან უხდება გულს, გულის კუნთს. სეზონზე არ გაუშვათ შანსი, დღეში ერთი ჭიქა მარწყვი შეჭამოთ.

მარწყვი ააქტიურებს ნაწლავების მოტორიკას. ძალიან სასარგებლოა კანისათვის. მარწყვის ზედაპირზე გროვდება ხოლმე დიდი რაოდენობით ყვავილის მტვერი და ვისაც მასზე აქვს ალერგია, მარწყვს უნდა გააცალოს მტვერი. ამ მიზნით, ბადურაში ჩაყრილ მარწყვს გადაავლებენ ხოლმე მდუღარე წყალს.
მარწყვი დაბალკალორიულია, 100 გრამის კალორიაა 40. შეგიძლიათ მოიწყოთ განტვირთვის დღეები მარწყვზე. ასეთ დღეს მარწყვის საშუალებით რომ ზედმეტი კალორიები მიიღოთ, იმ დღეს შეჭმულმა მარწყვმა 4 კგ-ს უნდა გადააჭარბოს.

შეიძლება მარწყვის შეზელვა სახეზე და "დეკოლტეზე", მშვენიერი მკვებავია და თან კანის ფერსაც აუმჯობესებს. ამცირებს განსხვავებას კანის მუქ და ღია ფერის ნაწილებს შორის.
მარწყვში შემავალი ნივთიერებები ტვინს გამოუმუშავებს დოპამინს და იწვევს კომფორტისა და ბედნიერების შეგრძნებას. ამ თვისების გამო მარწყვი ერთდროულად ჭამეთ ცოლ-ქმარმა და შეყვარებულებმა. მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, პედაგოგებისა და მოსწავლეთა რაციონში მარწყვს ჩავრთავდი, როგორც სავალდებულო პროდუქტს :)
მარწყვში შედის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები და ამიტომ ახანგრძლივებს ახალგაზრდობას, ანელებს დაბერების პროცესს. მარწყვი სასარგებლოა მაღალი წნევისას, სისხლნაკლებობისას, წმენდს სისხლძარღვებს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ საშვილოსნოდან სისხლის დენისას.

განსაკუთრებით უნდა შეიყვარონ ეს კენკრა მწეველებმა, რადგან ამცირებს თამბაქოს მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე.
მარწყვის უკუჩვენებებია წყლული და გასტრიტი. შეზღუდული რაოდენობით უნდა მიირთვას მან, ვისაც აწუხებს სახსრები.
ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ხილი, მარწყვიც მშვენიერი და გემრიელი საუზმეა. არ გააფუჭოთ მარწყვი შაქრის მოყრით!!! აი, 2-3 ჩაის კოვზი თაფლი კი პირიქით, უფრო სასარგებლოსა და გემრიელსაც გახდის ასეთ საუზმეს.