veg

ნაწყვეტი წიგნიდან „ანგელოზის გული“

ავტორი: იმმა

ხშირად ისმის კითხვა - ადამიანი მტაცებელია თუ „ბალახისმჭამელი“ (ანუ მცენარეების მჭამელი)?

ბიოლოგიურად ადამინი ნაირმჭამელია, ანუ როგორც ცხოველური ასევე მცენარეული საკვების მიღება შეუძლია და საჭმლის მონელების სისტემა, თავისი ნაწლავების სიგრძით, მიკრობიომითა და კბილების აგებულებით, ორივე ტიპის საკვებზეა გათვლილი. ვინც თვლის, რომ ადამიანი ბიოლოგიურად მტაცებელია, შეეცადოს აჭამოს მგელს კომბოსტო, თუ გამოუვა რამე. ადამიანი ნაირმჭამელია და შესაბამისად აქვს არჩევანი აირჩიოს ხორცეული ან ვეგეტარიანული რაციონი. არსებობს ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც უსადაგებს ჩვენს ორგანიზმს იმ საკვებს, რომელსაც ვიღებთ - ეს არის გენები და მიკრობიოტა.

ადამიანის ორგანიზმის ქსოვილები, ძირითადად ნაწლავები, მაგრამ ასევე კანი, ნერწყვი, ლორწოვანი გარსი, ფილტვები და სხვ. დასახლებულია მიკროორგანიზმებით, რომლებსაც კრებითი სახელით ბიოლოგები მიკრობიოტას (ხალხში მიკროფლორას) ეძახიან. მიკრობიოტა წარმოადგენს ორგანიზმში მაცხოვრებელი ბაქტერიების, არქიბაქტერიების, ერთუჯრედიანი სოკოების და ვირუსების ერთობლიობას, რომელთაგან ზოგი მასპინძელ ორგანიზმთან სიმბიოზში (ანუ ურთიერთმომგებიან), ზოგი კი პათოგენურ დამოკიდებულებაშია. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენში იმდენი მიკროორგანიზმი ცხოვრობს, რომ ბოლო კვლევების თანახმად, ადამიანის მიკროფლორა უჯრედების რაოდენობის მიხედვით აღემატება უშუალოდ ადამიანის ორგანიზმის უჯრედების რაოდენობას ლამის სამჯერ! ბოლო კვლევების თანახმად ამ მიკროორგანიზმების ბალანსზე და მათი ცხოველქმედების შედეგად გამოყოფილ და მოხმარებულ ნივთიერებეზე დიდწილად არის დამოკიდებული ადამიანის იმუნიტეტი, მეტაბოლიზმი და ნერვული თუ ფსიქიკური მდგომარეობა. ასევე უკანასკნელი კვლევები მოწმობს, რომ აუტიზმი, გაფანტული ყურადღების სინდრომი, მუდმივი დაღლილობის სინდრომი, აუტოიმუნური და უამრავი სხვა დაავადება დაკავშირებულია სწორედ პათოგენური მიკრობიოტის დომინირებასთან, რომლებიც ცხოველქმედების შედეგად ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ. მეცნიერები ურჩევენ მშობიარე ქალებს, თუ არის შესაძლებლობა, არ გაიკეთონ საკეისრო კვეთა, რადგან საჭირო მიკრობიოტას აკრეფა ბავშვის მიერ ხდება სწორედ ფიზიოლოგიური მშობიარებისას სამშობიარო გზების გავლის შედეგად.

ხოდა დავფიქრდეთ, ვის ვკვებავთ საკუთარ სხეულში, ვის ვამრავლებთ და ვის ვაცხოვრებთ, იმიტომ რომ ჩვენი კვების რაციონზეა დიდწილად დამოკიდებული, რომელი სახეობის მიკროორგანიზმი გამრავლდება და რომელი დაითრგუნება.

მეორე ფაქტორი, რომელიც კვებასთანაა დაკავშირებული არის გენების ფაქტორი. ჩვენ მთელი რიგი გენები გვაქვს, რომლებიც შეიძლება „დადუმებული“ იყოს მრავალი თაობის განმავლობაში, იმის გამო, რომ გარეგანი ფაქტორები არ იწვევენ ამ გენების გააქტიურებას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვითხოვთ ამ გენების გააქტიურებას და ამიტომ ისინი „დუმან“. გენების გაატიურება/დადუმების მექანიზმებს ანუ გენთა ექსპრესიას იკვლევს მოლეკულური გენეტიკის სფერო, ეპიგენეტიკა, რომელიც შედარებით ახალია თანამედროვე მეცნიერებათა სფეროებს შორის და ბევრი აღმოჩენა ალბათ კიდევ წინ გვაქვს. მე მინდა მარტივად ავღწერო ეს პროცესი.

ჩვენ კულტურაში გაზრდილი ადამიანები მრავალი თაობის განმავლობაში მიჩვეულები არიან ხორცის შემცველ საკვებს. იმის გამო, რომ ჩვენი წინაპრების თაობები იკვებებოდნენ კონკრეტული რაციონით, რომელთა შორის იყო ხორცი, ჩვენც მემკვიდრეობით მივიღეთ გააქტიურებული გენები, რომლებიც ასინთეზირებენ იმ ცილებს და ფერმენტებს, რომლებიც ამ რაციონის, ანუ დომინანტურად ხორცის, ხორბლის, კვერცხის და რძის პროდუქტის მოსანელებლადაა საჭირო, ვინაიდან სწორედ ამ პროდუქტებიდან უნდა ამოიღოს ჩვენმა სხეულმა ენერგია. შედეგად გვაქვს კონკრეტული „მოთხოვნა“ კონკრეტულ გენებზე. როდესაც კვების რაციონს იცვლი, და სიტყვაზე, ხდები ვეგეტარიანელი, ორგანიზმში იწყება მთელი რიგი გარდაქმნები, რომლებიც არც ისეთი სასიამოვნოა და რაღაც პერიოდი მძიმე და მტკივნეული ორგანიზმისთვის. ხდება მიკროფლორის ცვლილება და იმ მიკროორგანიზმების დომინირება, რომლებიც მცენარეულ საკვებს მოინელებენ, ხოლო გენების დონეზე, იმ გენების დადუმება, რომლების ხორცის მეტაბოლოზმთანაა დაკავშირებული და იმ გენების გააქტივება, რომლებიც მცენარეული საკვების მონელების ბიოქიმიასთანაა კავშირში. ამ გარდაქმნებზე შეიძლება წავიდეს თვეები და წლებიც. ადამიანის ორგანიზმს შეუძლია გადავიდეს უმი მცენარეული საკვების ისეთ მონელებაზე, რომ სრულად მიიღოს ყველა საჭორო ნივთიერება (ცილების ჩათვლით) და სრულად ამოიღოს ამ ნივთიერებებიდან ენერგია. რაც ზემოთ ავღწერე, არის ჩვენი თანამედროვე მეცნიერული, ანუ მატერიალური ხედვის ადამიანების ცოდნა. ხოლო, რაც შეეხება იგივე ცოდნას, დანახულს „სულიერი კატეგორიებით“, არის შემდეგი:

„2018 წელი. 15 სექტემბერი. თბილისი.

მიქაელი:

- მინდა საკვებთან დაკავშირებით გესაუბრო. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შორიდან მოვუვლი. შენ იცი რომ მცენარეული საკვები წარმოადგენს მე-2 განზომილების არსებებს, რომლებსაც გარდა ფიზიკური სხეულისა აქვთ ეთერული (ენერგეტიკული), ხოლო ცხოველებს, როგორც მე-3 განზომილების არსებებს ფიზიკური, ეთერული და ასტრალური. მცენარეული საკვების მიღებისას ადამიანის ფიზიკური სხეული, გარდა მცენარის ფიზიკური სხეულის კომპონენტების ინტეგრირებისა, ახდენს მისი ენერგეტიკული სხეულის კომპონენტების ინტეგრირებას, რაც აძლიერებს მის ფიზიკურ და ენერგეტიკულ გარსს. ხოლო ცხოველური საკვების მიღებისას, ადამიანი გარდა ფიზიკური და ეთერული კომპონენტებისა, ასევე ახდენს ცხოველის ასტრალური ანუ ემოციური სხეულის ინტეგრირებას თავის ასტრალურ ანუ ემოციურ სხეულში, რაც ამდაბლებს მისი ასტრალური სხეულის ვიბრაციას ცხოველურ დონეზე. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანში ცოტათი შედის იმ ცხოველის ცნობიერება, რომელსაც ის ჭამს.

ეს შეიძლება არ ვლინდებოდეს თვალნათლივ ჩვეულებრივი დამკვირვებლისთვის, მაგრამ სწორედ ცხოველთა ხორცით კვებაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანთა დაუოკებელი აგრესიის, უკონტლორო ემოციებისა და ცხოველური ვნებების. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომ ვერ იმაღლებს საშუალო სტატისტიკური ადამიანი თავისი ცნობიერების ვიბრაციებს საიმისოდ, რომ ზედა სულიერ ტრიადასთან დაამყაროს კავშირი, არის ვიბრაციის დაწევა ცხოველთა ხორცის მიღების გამო. რაც შეეხება ადამიანის მიერ ადამიანისვე ხორცის მიღებას ანუ კანიბალიზმს, აქ, როგორც ხვდები მე-4 კომპონენტი ემატება, ანუ ადამიანის მე-4 ნატიფ სხეულში (მენტალურ სხეულში) ხდება მეორე ადამიანის მენტალური სხეულის კომპონენტების შერწყმა, რაც ამ პიროვნებისთვის სრული კატასტროფაა. ის ერთგვარად იღებს მეორე ადამიანს საკუთარ მენტალში, რაც ისეთ მწვავე ფსიქიურ აშლილობას იწვევს, როგორიცაა სიგიჟე, პიროვნების გაორება და სიკვდილი.

-პრიონული დაავადება - გამახსენდა ავადმყოფობა, რომელიც კანიბალიზმს ახლავს თან.

-რაც უფრო განვითარებულია ცოცხალი არსების ნატიფი სხეულები (ცხოველებზე მაქვს საუბარი) მით უფრო დაუშვებელია მათი ხორცის მიღება, რადგან მით უფრო ძლიერი იქნება მათი გავლენა ადამიანის შესაბამის ნატიფ სხეულებზე. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, რაც უფრო განვითარებულია ცოცხალი არსების ნერვული სისტემა (რადგან თქვენ სამყაროში ცნობიერება ნერვული სიტემის მეშვეობით ავლენს თავს), მით უფრო მიუღებელია მისი საკვებად გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მაღალგანვითარებული ცხოველების სიკვდილს მაღალი ინტენსივობის ტანჯვის განცდა ახლავს თან, რაც ადამიანის მიმართ კარმულ უკუგებას აღძრავს. ეს ცალკე თემაა.

-გამახსენდა ერთი იოგის ნათქვამი, რომ იოგები მხოლოდ იმ ცოცხალ არსებებს ჭამენ, რომლებსაც თვალები არა აქვთ. მაგალითად მოლუსკი შეიძლება, მაგრამ თევზი არა. - ვთქვი მე.

-იმიტომ, რომ არსებები თვალების გარეშე მე-2 განზომილების კატეგორიას მიეკუთვნებიან. ჩვენ მათ ”მცენარეების” კატეგორია ვუწოდეთ, მაგრამ სინამდვილეში ამ კატეგორიაში მცენარეების გარდა სხვა ბიოლოგიური ფორმებიც შედის. გახსოვს, როდესაც მე გითხარი რომ მაღალი ენერგიის საკვებით უნდა იკვებო, მე არ ვიგულისხმე ფიზიკური ენერგეტიკული შემცველობა, რომელიც ხორცსაც მაღალი აქვს. მე ვიგულისხმე მცენარეული საკვების ის ნაირსახეობა და ფორმა, რომელსაც ყველაზე მაღალი ვიბრაცია აქვს. როგორც ადამიანი შეიძლება მაღალი ან დაბალი ვიბრაციის ცნობიერების მატარებელი იყოს, ასევე მცენარეც შეიძლება მეტად ან ნაკლებად ნატიფ სიხშირეებს ატარებდეს. მაგალითად უმი ხილი, ბოსტნეული (თუმცა მათშიცაა განსხვავება და ეს სფერო ძალიან ვრცელია) და მარცვლეულის ღვივები ყველაზე მაღალი ვიბრაციის მატარებლები არიან. შენ იცი, რომ ის მცენარეული საკვები, რომელიც თავის თავში ახალი სიცოცხლის გაღვივების, წარმოქმნის პოტენციალს შეიცავს, განსაკუთრებით მდიდარია ნატიფი ენერგეტიკით და შესაბამისად სასიცოცხლო ძალით. უმ საკვებს უპირატესობა აქვს თერმულად დამუშავებულთან შედარებით, რადგან თერმულად დამუშავებულ საკვებს ჭარბად მოყვება ცეცხლის სტიქიის ენერგია, რომელიც მცენარეში არსებულ სხვა სტიქიებს დიდ წილად ანადგურებს. აქედანაა ადამიანის ორგანიზმში სტიქიების დისბალანსი და ამდენი დაავადება. იმისთვის რომ ადამიანი სულიერად ამაღლდეს და თავის სულიერ ტრიადასთან დაამყაროს კავშირი, მან შესაბამისი საკვებით უნდა მაქსიამლურად აიმაღლოს ქვედა ოთხი სხეულის ვიბრაცია. სწორედ ეს არის ნამდვილი მარხვის კვებითი კომპონენტი.“