ვეცდები ჩემი ფილმის ჩემეული აღქმა არსობრივი მიმართულებით წარმოგიდგინოთ, და არა უბრალოდ სიუჟეტური განხილვის სახით...

ფილმში მოცემულია სამი დონე, სამი სიბრტყე. მათ ვერ დავარქმევთ წარსულს, აწმყოს და მომავალს, იმიტომ რომ სამივე ეს რეალობა თანაბარ-ზომიერად რეალურია. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ესაა ერთი რეალობის 3 აღქმის წერტილი. დავახასიათებ თვითოეულ მათგანს:

1. ასტრალური პლანი (ეს სახელი ბოლომდე არ შეესაბამება, მაგრამ უკეთესი ჯერ არ მომდის თავში)) - აქ ხდება "მისტიური ქორწინება", ანუ შერწყმა მიწასთან. სიცოცხლის ხე აქ გვევლინება, როგორც თავად დედამიწა. ესაა სრული შერწყმა სამყაროს მდედრობით საწყისთან. ასევე შეგვიძლია დავარქვათ დედამიწის ლოგოსთან შერწყმა. თუ დააკვირდებით, ძირითადი საკრალური მოქმედება ხდება ხის ძირთან (ფესვებთან).

არსობრივად აქ ხდება არა თვითშეწირვა, არამედ დედამიწის (სიცოცხლის ხის) დაუფლების მცდელობა. მთავარი გმირი აქ წარმოგვიდგება მამაკაცურ ძალად, რომელიც ლახვარს ჩასცემს ხეს და დაეწაფება მის რძეს. თითქოს მამაკაცური საწყისი იპყრობს ქალურს, და შთაინთქმება მის მიერ, მაგრამ ეს არაა მამაკაცის სურვილი, შესაბამისად ეს თითქოს არაა თვითშეწირვა, მაგრამ თუ გაიხსენებთ, ამ ყველაფერს მეომარი დედოფლის ბრძანებით აკეთებს, ანუ დედოფალს სწირავს თავს, შესაბამისად როგორც არ უნდა მოვუაროთ, ესეც თვითშეწირვა გამოდის (დაუფლების არაცნობიერი მოტივით).

2. მენტალური პლანი - წინანდელის საპირისპირო, სადაც მისტიური ქორწინება (სიმბოლურად ბეჭდის გაკეთება) ხდება ცასთან, ცეცხლის სტიქისთან. ფაქტიურად აქ ხდება აალება. შეგვიძლია დავარქვათ - მზის ლოგოსთან შერწყმა. შესაბამისად აქ მოქმედება იწყება ხის მწვერვალიდან. ანუ მთავარი გმირი ხეზე ადის და შემდეგ ხდება ხის მწვერვალიდან მისი ამაღლება და მთელი სფეროსგან გამოყოფა.

აქ უკვე ნამდვილი თვითშეწირვაა. მთავარი გმირი წარმოგვიდგება ძალად, რომელიც ბოლომდე მინდობილია ზეცას - როგორც უმაღლეს იანურ (მამაკაცურ) საწყისს, ხოლო თვითონ ინურ საწყისად გვევლინება.

(კიდევ ერთი განმასხვავებელი შტრიხი - მენტალურ რეალობაში სიცოცხლის ხე, ანუ მიწის, დედამიწის სიმბოლო გამხმარია. ძირითადი აქცენტი ცეცხლის სტიქიაზეა. გარშემო ყველაფერი ყვითელია და ცნობიერების წერტილი (მთავარი გმირი) მზის ლოგოსისკენ ისწრაფვის), განსხვავებით ასტრალური რეალობისგან, სადაც სიმწვანეა, წყალია, და სიცოცხლის ხე ხარობს).

3. რეალობა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ჩვენსას, და ორივე წინა რეალობის გაერთიანებაა. ეს რეალობა ყველაზე ნაკლებად სიმბოლურია, ყველაზე ნაკლებად-კონტრასტულია, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაზე მთლიანი და ცოცხალია. იმიტომ რომ თუ დროის კუთხით შევხედავთ (თუმცა არაა აუცილებელი ამ კუთხით შევხედოთ) სწორედ ეს რეალობა აერთიანებს ორივე დანარჩენს.

ყველაზე მთავარი სიმბოლო - სფერო, რომელშიც სიცოცხლის ხეა. ესაა ადამიანის, როგორც ინდივიდუალური არსის სიმბოლო. რეალურად ჩვენ ყველანი ამ სფეროში ვართ, თანაც მარტო. ყველას ჩვენი ინდივიდუალური სამყარო გვაქვს. მთავარი გმირი - ცნობიერების წერტილია (ფიქსაციის წერტილი), რომელიც ამ სფეროში, სიცოცხლის ხის სხვადასხვა დონეზე იმყოფება, რეალურად კი მისი ფუნქცია და მიზანია ორივე რეალობაში (ასტრალურშიც და მენტალურშიც) შეერწყას საპირისპირო არსს.

ჩემი აზრით ქალი ამ ფილმში წარმოადგენს ამოუცნობის, შეუცნობელის სიმბოლოს, რომლის კვინტესენცია ასტრალურ პლანზე თავად სიცოცხლის ხეა, ხოლო მენტალურ პლანზე ზეცა (ცეცხლი, მზის ლოგოსი).

და კიდევ ერთი სიმბოლო - ტატუ ბეჭდის ნაცვლად. სწორედ ეს ტატუ ეხმარება მთავარ გმირს, რომ არ დაავიწყდეს მთავარი მიზანი, თავისი ცხოვრების მთავარი დანიშნულება ("მისტიური ქორწინება"). თითქოს ეს ბეჭედი ყალბია, არარსებულია, მაგრამ მიზნის ფიქსირებას სწორედ იგი ახდენს და ბოლოს ამ ტატუზე აღმოჩნდება კიდეც ნამდვილი ბეჭედი.

მოკლედ, ძალიან სიმბოლური და კარგი ფილმია და ამ ყველაფრის გაშლა უამრავი მიმართულებით და უამრავ დონეზე შეიძლება, მაგრამ ამჯერად ამ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები.

მამუკა გურული