The_Good_The_Bad_And_The_Ugly_Magma.jpgერთ კანონზომიერებას დავაკვირდი: ხშირად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანმა ბავშვობაში საკმარისი სიყვარული ვერ მიიღო, განსაკუთრებით მშობლებისგან, შემდეგ კი უფრო ზრდასრულ ასაკში - მეგობრებისგან და პარტნიორებისგან, მას ყოველთვის აქვს სურვილი და მიდრეკილება - რაღაც გააფუჭოს, რაღაც მავნებლობა გააკეთოს, და ამას აკეთებს პირველ რიგში ყურადღების მიქცევის მიზნით. ასევე ამით მოითხოვს, რომ შეიყვარონ - მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ "ცუდია", მიუხედავად იმისა, რომ ზარმაცია, ან თავხედია, ან მატყუარაა, მიუხედავად იმისა, რომ რეალური სარგებელი არ მოაქვს ახლო წრისთვის და სოციუმისთვის...

შემდეგ, ამ ადამიანს უჩნდება მიდრეკილება - მიეჯაჭვოს მას, ვინც "აპატია" მისი "ცოდვილობა", შეიყვარა მიუხედავად ყველაფრისა. ეს ზოგჯერ არის შეყვარებული, ზოგჯერ - მოძღვარი, რომლის გავლენითაც რომელიმე რელიგიური კონფესიის ერთგული მიმდევარი ხდება. უფრო ხშირად კი, როგორც წესი, ისინი (მათი აზრით) მიტოვებულნი და "განკიცხულნი" რჩებიან. ეს მათ "განუმტკიცებს" პარადიგმას, რომ სამყარო "ბოროტია". მათ არ ჰყოფნით მხოლოდ თეორიული გაცნობიერება (რაც ისედაც იშვიათი შემთხვევაა), რომ სამყაროს ცენტრი არ არიან და მეტწილად მათზეა დამოკიდებული მათი ბედნიერება. ისინი მოითხოვენ იმას, რაც ბავშვობაში დააკლდათ - შენიღბული, სახეცვლილი და ხშირად დამახინჯებული ფორმით მაგრამ მაინც მოითხოვენ...

ამიტომ, მიეცით მაქსიმალური და რეალური სიყვარული თქვენს შვილებს, მიუხედავად ყველაფრისა. მიეცით მათ შეცდომების დაშვების შესაძლებლობა, მავნებლობის შესაძლებლობა, მიეცით მეტი თავისუფლება. ეს არ გამორიცხავს დასჯასაც, ყველაფრის ახსნით, მათში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებით, მაგრამ სიყვარულით - მიუხედავად ყველაფრისა...

თანდათან კი, გააფართოვეთ დამოკიდებულების ეს წრე თქვენი შვილებიდან, თქვენთვის ახლობელი ადამიანებიდან, უფრო ფართო მასშტაბზე...

ავტორი: მამუკა გურული