chitebi

ავტორი: კესო გაგოშიძე

ყველა ჩვენგანის აზროვნებას/კოგნიციას აქვს თვისობრივი შტრიხები. ტიპოლოგიის მიზანია დაიჭიროს ფსიქიკის განმსაზღვრელი ეს თვისობრივი მიდრეკილებები და დაადგინოს, რომელი კონკრეტული კოგნიტური ფუნქცია წარმართავს უფრო მეტად ფსიქიკის მუშაობას. მაშასადამე, ტიპოლოგიის მთავარი მიზანია მეტი ინფორმაცია მოგაწოდოს შენზე, როგორც პიროვნებაზე.

ტიპოლოგიაში უამრავი მიმართულება არსებობს. მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება. ზოგი ვერ უძლებს გამოწვევებს და ქრება. ზოგი კი უფრო აღიარებული ხდება პროფესიონალი ტიპოლოგისტების მიერ. ტიპოლოგიის ყველაზე ცნობილი მიმართულებებია: MBTI – მაიერს ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი, ENNEAGRAM – ენიაგრემი, სოციონიკა, Gallup StrengthsFinder, Big 5, ვულტოლოგია, ვექტორული ფსიქოლოგია და DISC. ადამიანური რესურსების მენეჯერები, პერსონალური მწვრთნელები, ადვოკატები და სხვები იყენებენ ამ სისტემებს, როგორც იარაღებს საკუთარ საქმიანობაში.

ძალიან მრავალმხრივია თითოეული ფსიქოლოგიური სისტემა, თუმცა ძირითადად, ისინი გეხმარებიან:

– უკეთესად გაუგო საკუთარ თავს

– უკეთესად გაუგო გარშემომყოფებს

– უკეთესად გაიგო კონფლიქტების არსი ადამიანებს შორის

– გაიგო, როგორ ავსებენ ერთმანეთს გარკვეული ფსიქოტიპები

– უკეთესად გაიგო ადამიანის სისუსტეები და დაეხმარო მათ კომპენსირებაში/აღმოფხვრაში

– გაიგო, როგორ შეგიძლია დაუჭირო მხარი საკუთარ პიროვნულ ზრდას და გახადო ის უფრო მდგრადი

– უფრო ეფექტური კომუნიკატორი და ფალსიფიკატორი გახდე.

რა არ არის ტიპოლოგია?

ჩვენი დნმ, გარემოცვა, კულტურა, რომლის წიაღშიც გავიზარდეთ, ჩვენი ცოვრებისეული გამოცდილებები და არჩევანი – აი ესენი გვქმნიან ჩვენ, როგორც ინდივიდებს. ჩვენი ფსიქოტიპი ერთ-ერთი ალტერნატიული გზაა გავუგოთ საკუთარ თავს. ჩვენ უნდა შევხედოთ ტიპოლოგიას და ფსიქოტიპს, როგორც ინსტრუმენტებსს, რომელიც უკეთესად გვაწვდის ინფორმაციას და ფაქტებს საკუთარ თავზე. შენი ფსიქოტიპი არ აღგწერს ზუსტად და სრულყოფილად შენ, შენს ჭეშმარიტ თავს, ვინ ხარ და ვინ შეიძლება გახდე. ფსიქოტიპი არ ეხება ადამიანის “მეს” ანუ ინდივიდუალიზმს, გემოვნებას, ის მხოლოდ აღწერს ადამიანის გარემოსთან ადაპტირებულობის თავისებურებებს და სპეციფიკას.

მაგალითად, მე მქვია კესო და მე არ მიყვარს ფენტეზი, ჩემს მეგობარს ჰქვია ნინო და მას უყვარს ფენტეზი, გარდა ამისა, მე ვიხრები მემარცხენეობისკენ, ჩემი მეგობარი ნინო მემარჯვენეა. მიუხედავად ამისა, ორივე ENFP ვართ და პირადი გემოვნების, მისწრაფებების გამოხატვა, ჩვენი თავის დამკვიდრების გზები უფრო ჰგავს ერთამანეთს და სხვა ფსიქოტიპების გზებისგან განსხვავდება. ვგულისხმობ, ორივეს გვირჩევნია წერა თავისა და აზრების გამოსახატავად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერბალიზაცია არ შეგვიძლია. უბრალოდ, წერით უფრო -ეფექტურად ვრეალიზდებით. გაამახვილეთ ყურადღება სიტყვა “ეფექტურობაზე” როცა ფსიქოტიპის დადგენა მოგინდებათ. რაღაც ჩემთვის უფრო კომფორტულია, ვიდრე მეორე, ამ დროს უფრო მომგებიანი, ნაყოფიერი და ეფექტური ვარ, ვიდრე სხვანაირად გამოხატვისას.

და სწორედ ესაა ტიპოლოგიის მიზანი – უკეთესად ვრეალიზდეთ, გავხდეთ უფრო ეფექტურები ცხოვრებაში და ვიცოდეთ ჩვენი სამუშაო უნარები.
სამუშაო თავისებურებები და არა “მე”.

შესაბამისად ტიპოლოგია არც არაფერში გზღუდავთ, არც “ჩარჩოში” გაქცევთ, რადგან ობიექტურია, საკუთარ სუბიექტურობას თავად თავისუფლად განსაზღვრავთ.
ანუ “მეს”.

“მეს” გასაგებად თავად შეიწუხეთ თავი, ფილოსოფია და ცხოვრება წინ გიდევთ, პასუხებს ტიპოლოგიაში და ასტროლოგიაში ნუ ეძებთ, ტყუილად დახარჯავთ დროს.

ტიპოლოგია არ გეტყვის ვინ ხარ შენ, მაგრამ გეტყვის როგორ გამოხატავ თავს, როგორ მკვიდრდები, როგორ ხდები უფრო პროდუქტიული და იღებ ინფორმაციას. ფსიქიტიპი არის “როგორ”, “მე” არის “რა”. მსგავსება ისაა, რომ ორივე “რატომსაც” სცემს პასუხს, და ამიტომ ერევათ ერთმანეთში ეს ორი რამ.

ჩვენ უნდა შევძლოთ წარმატებით დავაბალანსოთ ერთმანეთთან ჩვენი პირადი “მე” და საზოგადოებასთან ადაპტირებული “მე”.