მთარგმნელი ქეთევან მიმინოშვილი

წყარო

BoyWithPotions2017 large 1

მშობლები შვილებს საკუთარი ხედვისა და ცხოვრებისეული გამოცდილების შესაბამისად ზრდიან და იშვიათად უფიქრდებიან, ცალკეულ შემთხვევაში რატომ იქცევიან ასე და არა სხვაგვარად. ყველა დედა დგება მომენტის წინაშე, როცა ბავშვის საქციელს იგი ჩიხში შეჰყავს. იქნებ, უფროსები თავად ირცხვენენ თავს აღზრდის რადიკალური მეთოდების გამოყენების შედეგად?

თქვენ არ ხართ ერთადერთი ვინც ცდება. შეცდომებს დროდადრო ყველა მშობელი უშვებს. თუმცა, უმჯობესია სხვის შეცდომებზე ისწავლოთ, ასე არ არის?

შეცდომა № 1 - დაქადნება ,,აღარ მეყვარები”

,,აღარ მეყვარები, თუ არ იქნები ისეთი, როგორიც მე მინდა”.

მშობლების აზრი:

რატომ კამათობენ ასე ხშირად ბავშვები და რატომ იქცევიან განხზრახ ჩვენი თხოვნის საპირისპიროდ? როგორ მოვიქცეთ? საღი აზრისკენ მოვუწოდოთ? მათ ხომ საერთოდ არ ესმით უფროსების? არც მუქარა ჭრის. ასეთ შემთხვევებში ბევრი დედა იყენებს კოზირს - ,,დედიკოს აღარ ეყვარები”. მშობლები ამ ფრაზას საკმაოდ ხშირად ამბობენ.

ფსიქოლოგების აზრი:

აღზრდის ერთ-ერთი უმკაცრესი მეთოდი - ,,აღარ მეყვარები”, რომელიც ამავე დროს დაპირებული მუქარაცაა, როგორც წესი არ სრულდება. ბავშვები კი ძალიან მგრძნობიარეები არიან დაპირებების მიმართ და შესანიშნავად გრძნობენ სიყალბეს. ტყუილი დაპირებით თქვენ ბავშვის ნდობას კარგავთ. ბავშვი აღგიქვამთ, როგორც მატყუარას, დაპირების არშემსრულებელს. უმჯობესია, უთხრათ: ,,ყოველთვის მეყვარები, მაგრამ შენს საქციელს არ ვიწონებ”.

შეცდომა №2 - გულგრილობა

,,რაც გინდა, გააკეთე, ჩემთვის სულერთია”.

მშობლების აზრი:

რა საჭიროა კამათი, დაძაბვა და ღელვა? რატომ უნდა ვეძებოთ არგუმენტები ბავშვისთვის რაიმეს დასამტკიცებლად? ბავშვმა თავად უნდა ისწავლოს საკუთარი პრობლემების გადაჭრა. საერთოდ, ბავშვი ადრეული ასაკიდან უნდა მოვამზადოთ ზრდასრული ცხოვრებისთვის. რაც მალე მიეჩვევა დამოუკიდებლობას და ჩვენ არ შეგვაწუხებს, მით უკეთესი.

ფსიქოლოგების აზრი:

ბავშვს არასოდეს არ უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენთვის სულერთია, რასაც ის აკეთებს. იგრძნობს თუ არა თქვენს გულგრილობას, პაწია მაშინვე შეუდგება გარკვევას, რამდენად გულწრფელი ხართ და ეს აუცილებლად ცუდი საქციელის ჩადენაში გამოიხატება. ბავშვი გცდით და ელოდება მოყვება თუ არა კრიტიკა მის საქციელს. ერთი სიტყვით, ჩაკეტილი წრე იქმნება. აქედან გამომდინარე, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ბავშვის საქციელი თქვენთვის, უმჯობესია ეცადოთ მასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ. მაგალითად, ასე უთხრათ: ,,იცი, ამ საკითხში არ გეთანხმები, მაგრამ მე მინდა დაგეხმარო, იმიტომ, რომ მიყვარხარ. როცა დაგჭირდება, ყოველთვის შეგიძლია რჩევისთვის მომმართო.”

შეცდომა №3 - ზედმეტი სიმკაცრე

,,ვალდებული ხარ ისე მოიქცე, როგორც გეტყვი, იმიტომ, რომ სახლში მე ვარ მთავარი”.

მშობლების აზრი:

ბავშვები უყოყმანოდ უნდა ემორჩილებოდნენ მშობლებს - ეს აღზრდის უმთავრესი პრინციპია. დისკუსია არ დაიშვება. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი 6 წლისაა თუ 16 -ს. მათთან დათმობა არ შეიძლება, თორემ თავზე დაგვაჯდებიან.

ფსიქოლოგების აზრი:

ბავშვებს აუცილებლად უნდა ესმოდეთ, თუ რატომ და რისთვის აკეთებენ რაიმეს. მათთვის გაუგებარ პრინციპებზე დაფუძნებული ზედმეტი სიმკაცრე, წვრთნას უფრო ჰგავს. ბავშვი უსიტყვოდ შეასრულებს თქვენს მითითებებს, როცა თქვენს გვერდითაა, მაგრამ სრულად ,,დაიკიდებენ” ყველა აკრძალვას, როგორც კი გვერდით არ ეყოლებით. ამიტომ, დარწმუნება უმჯობესია, ვიდრე სიმკაცრე. უკიდერუსი აუცილებლობის შემთხვევაში კი, შეიძლება ვუთხრათ: ,,ახლა გააკეთებ იმას, რაც გითხარი. საღამოს კი მშვიდად განვიხილავთ- რატომ და რისთვის.”

შეცდომა №4 - ბავშვები უნდა გავანებივროთ

,, ამას მე თვითონ გავაკეთებ, ჩემი პატარა ჯერ ვერ შეძლებს”

მშობლების აზრი:

ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი პატარასთვის. ისინი ხომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ. ბავშვობა ხანმოკლეა და იგი უმშვენიერესი უნდა იყოს. მორალის კითხვა, წარუმატებლობა, დაუკმაყოფილებლობა - ჩვენ შეგვიძლია ავარიდოთ ბავშვებს ეს სირთულეები და უსიამოვნებები. დიდი სიამოვნებაა აამო ბავშვს და მისი ყველა სურვილი შეასრულო.

ფსიქოლოგების აზრი:

განებივრებულ ბავშვებს უჭირთ ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება. დაუშვებელია ერთადერთი პირმშოს მშობლების სიყვარულის მფარველობაში მოქცევა. ამან შემდგომში შესაძლოა ბევრი პრობლემა წარმოქმნას. ირწმუნეთ, ბავშვს ვერ გააბედნიერებს მშობლის ზედმეტი მზრუნველობა, როცა მშობელი ყველა კენჭს აცლის გზიდან. პირიქით, ასე ბავშვი თავს უსუსურად და მარტოსულად იგრძნობს. ,,მოდი, თავად სცადე. თუ ვერ შეძლებ, სიამოვნებით დაგეხმარები”- ეს არის ერთ-ერთი ბრძნული მიდგომა.

chto delat esli rebenok ne slushaetsya 01შეცდომა №5 - თავსმოხვეული როლი

,,ჩემი შვილი - ჩემი საუკეთესო მეგობარი”.

მშობლების აზრი:

ჩემი შვილი უმთავრესია ცხოვრებაში. ის ისეთი საზრიანია, მასთან ყველაფერზე შეიძლება საუბარი. მას ჩვენი ესმის, როგორც ზრდასრულს.

ფსიქოლოგების აზრი:

ბავშვები მზად არიან ყველაფერი გააკეთოონ, რომ მშობლებს თავი მოაწონონ. დედა და მამა ხომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. პატარები მზად არიან, თანატოლებთან საკუთარი ინტერესების განხილვის ნაცვლად, უფროსების რთულ სამყაროს ჩაუღრმავდნენ. ამით, კი მათი პრობლემები გადაუჭრელი რჩება.

შეცდომა №6 - ფულადი

,,მეტი ფული - უკეთესი აღზრდა.”

მშობლების აზრი:

ძალიან შეზღუდულები ვართ ფულად სახსრებში, ამიტომ ბავშვის განებივრების უფლებასაც კი ვერ ვაძლევთ თავს. მისთვის მუდამ უარის თქმა გვიწევს, ნახმარი ნივთებით სარგებლობა უხდებათ და ა. შ. ერთი სიტყვით, მეტი ფული რომ გვქონდეს, უკეთესი მშობლები ვიქნებოდით.

ფსიქოლოგების აზრი:

სიყვარული ფულით არ იყიდება - ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა.
ხშირად დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებში უფროსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვის საჭიროებები დააკმაყოფილონ, მაგრამ თქვენ არ უნდა იგრძნოთ სინდისის ქენჯნა, თუ მის ყველა სურვილს ვერ ასრულებთ. სინამდვილეში სიყვარული, ალერსი, ერთობლივი თამაშები და ერთად გატარებული დრო თქვენი საფულის მოცულობაზე ბევრად მნიშვნელოვანია. რომ დაუკვირდეთ, ბავშვს ბედნიერს ფული კი არა, იმის გაცნობიერება ხდის, რომ ის არის თქვენთვის ყველაზე, ყველაზე... <3

შეცდომა №7 - ნაპოლეონისეული გეგმები

,,ჩემ შვილს აუცილებლად დავაკავებ მუსიკით (ტენისით, ფერწერით). არ დავუშვებ, რომ მან შანსი გაუშვას.

მშობლების აზრი:

ბევრი ზრდასრული ოცნებობდა ბავშვობაში ბალეტზე, ფორტეპიანოს დაკვრაზე, ჩოგბურთის თამაშზე, მაგრამ ამის საშუალება არ ჰქონდათ. მშობლების ვალია ბავშვებს საუკეთესო აღზრდა და განათლება მისცენ. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვები ამას სიხარულით მიიღებენ თუ არა. დრო გავა და დააფასებენ მშობლების ძალისხმევას.

ფსიქოლოგების აზრი:

სამწუხაროდ შვილები ყოველთვის ვერ აფასებენ მშობლების ძალისხმევას და ხშირად მშობლების წარმოსახული ბრწყინვალე მომავალი იმსხვრევა ბავშვის მოუნდომებლობით, რომ დაკავდეს, თუნდაც მუსიკით. სანამ ბავშვი პატარაა, უჯერებს მშობლებს, თუმცა მერე...მშობლების სიყვარულის გალიიდან თავის დასაღწევად პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს. ეს შეიძლება იყოს ნარკოტიკი ან უბრალოდ, გვიან ღამის საათებში მძიმე როკით გატაცება. ამიტომ, როცა ბავშვს საჭირო და სასარგებლო საქმიანობით ტვირთავთ, აუცილებელია მას დაუტოვოთ თავისუფალი დრო საყვარელი პირადი საქმეებისთვის.

შეცდომა №8 - ნაკლები ალერსი

,, კოცნა და მსგავსი სინაზე ბავშვისთვის არც ისე მნიშვნელოვანია”

მშობლების აზრი:

მივუალერსო უმცროს დაიკოს? რა სისულელეა! დედას ვაკოცო? მამას ჩავეხუტო? სად არის ამის დრო. უფროსები თვლიან, რომ ბავშვურ ასაკში ალერსმა შეიძლება მოგვიანებით სექსუალური ორიენტაციის პრობლემა წარმოშვას. მოკლედ, არანაირი ჩახუტება და კოცნა. არსებობს სხვა უფრო აუცილებელი და სერიოზული რამ.

ფსიქოლოგების აზრი:

ნებისმიერი ასაკის ბავშვი ილტვის ალერსისკენ. ეს ეხმარება მათ თავი საყვარელ ადამიანად იგრძნონ და თავდაჯერებულობას მატებთ. მაგრამ გახსოვდეთ, ალერსი და მოფერება უმეტესად მაინც ბავშვის ინიციატივით უნდა ხდებოდეს. ნუ მოახვევთ თქვენს სიყვარულს ზედმეტად. ამით შეიძლება ბავშვი გაგერიყოთ.

შეცდომა №9 - თქვენი განწყობა

,,შეიძლება , თუ არა?” ეს თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული.

მშობლების აზრი:

სამსახურში უსიამოვენებებითა და ოჯახში დაძაბული ურთიერთობით გამოწვეულ ჯავრს, მშობლები ხშირად ბავშვებზე იყრიან. ბევრი თვლის, რომ ეს საშიში არაა. საკმარისია მერე ბავშვს დიდი ხნის დანაპირები სათამაშო ვუყიდოთ და ყველაფერი რიგზეა.

ფსიქოლოგების აზრი:

მშობლებმა უნდა დაანახონ ბავშვს, რომ მათ ახარებთ შვილების კარგი საქციელი და გულს ტკენთ ცუდი. ამით ბავშვის ცნობიერება ღირებულებების ურყევობაში რწმუნდება. როცა ზრდასრულები საკუთარი ეგოიზმის საამებლად და განწყობის შესაბამისად ერთი და იგივეზე ხან რთავენ უფლებას და ხან უკრძალავენ, ბავშვი ასკვნის: სულერთია კარგად მოვიქცევი თუ ცუდად, მთავარია დედა როგორ განწყობაზეა.

თუ თქვენ შეცვლას ვერ ახერხებთ, უმჯობესია წინასწარ შეუთანხმდეთ ბავშვს : ,,მაშ ასე, თუ კარგ განწყობაზე ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლებას მოგცემ რაც მოგესურვება. და თუ ცუდ განწყობაზე ვარ, შეეცადე გულისხმიერი იყო ჩემ მიმართ.”

შეცდომა №10 - ნაკლები დრო ბავშვის აღზრდისთვის

,,სამწუხაროდ შენთვის არ მცალია”

მშობლების აზრი:

ბევრი მშობელი ძალიან დატვირთულია სამსახურში, მაგრამ თავისუფალი დროის ყოველ წუთს შვილებთან ურთიერთობას უთმობენ: დაჰყავთ საბავშვო ბაღში, სკოლაში, სადილებს უმზადებენ, ურეცხავენ, ყიდულობენ რაც მათ სჭირდებათ. ბავშვები თავად უნდა მიხვდნენ, რომ მშობლებს, უბრალოდ, დრო არ აქვთ მათთან ერთად თამაშისთვის და წიგნების კითხვისთვის.

ფსიქოლოგების აზრი:

მშობლებს ერთი მარტივი ჭეშმარიტება ავიწყდებათ - თუ ბავშვი გააჩინეს, დროც უნდა გამონახონ მისთვის. ბავშვი, რომელსაც გამუდმებით ესმის, რომ მისთვის არ ცალიათ, მონათესავე სულის ძებნას უცხო ადამიანებში დაიწყებს. მაშინაც კი, როცა თქვენი დღის გეგმები წუთობრივად არის განსაზღვრული, გამოყავით საღამოს თუნდაც ნახევარი საათი (ამ შემთხვევაში ხარისხი დროზე მეტია) პატარას საწოლთან ჩამოსაჯდომად, სასაუბროდ და ზღაპრების წასაკითხად. ეს ბავშვისთვის აუცილებელია.