psychology1

მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი

წყარო

ადამიანის ცხოვრება ძალიან რთული და მრავალმხრივია. განსაკუთრებით წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თითოეულ ადამიანს გააჩნია მისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებები, შინაგანი სამყარო, სულიერი სტრუქტურა და ფსიქიკის სპეციფიური თვისებები. ადამიანები ყოველდღიურად ურთიერთობენ სხვა ადამიანებთან და საზოგადოებასთან, ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას, ასრულებენ გარკვეულ ფუნქციებს და აღწევენ სხვადასხვა შედეგებს. ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების პროცესისთვის თვალის დევნებისას ხშირად დავინახავთ გარკვეულ კანონზომიერებას ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრებაში - ფსიქო-სოციალური ფენომენები, რომლებიც ახასიათებს ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის თავისებურებებს. სწორედ ამ კანონზომიერებებს ეხება ეს მასალა.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა არის ფსიქოლოგიური ეფექტები და როგორ აისახება ის ადამიანის და საზოგადოების ცხოვრებაზე. ჩვენ განვიხილავთ ფსიქოლოგიური ეფექტების ურთიერთქმედების სხვადასხვა თავისებურებებს პიროვნებათა შორის უირთიერთობის და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებით.
ასევე გავეცნობით აღქმის ბევრს სხვადასხვა ეფექტს რომელიც ვლინდება ურთიერთობის, მუშაობის პროცესის, თამაშთან დაკავშირებული საქმიანობის დროს და ადამიანთა საქმიანობის სხვა სფეროებში.

რა არის ფსიქოლოგიური ეფექტი?

ფსიქოლოგიური ეფექტები (სოციო-ფსიქოლოგიური ეფექტები) არის სტაბილური და ადვილად შესამჩნევი კანონზომიერება, რომელიც წარმოადგენს სოციუმში ადამიანთა ურთიერთობების პიროვნებათაშორის მახასიათებლებს. ისინი ხნიან ამ პროცესების თავისებურებებს, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთობის პარამეტრებს და მათ ურთიერთქმედებას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ფსიქოლოგიური ეფექტი - ესაა ხშირად განმეორებადი ფენომენი, რომელიც წარმოიქმნება ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის და ადამიანის საზოგადოებასთან ურთიერთქმედების დროს.

ფსიქოლოგიურ ეფექტებზე დაყრდნობით ბევრი სპეციალისტი აყალიბებს თეორიებს და დასკვნებს. ჩვეულებრივ ადამიანებსაც კი, სპეციალური ცოდნის გარეშეც კი, შეუძლიათ დასკვნების გაკეთება და კონკრეტული პიროვნების ცხოვრების, ადამიანთა ჯგუფის და ზოგადად საზოგადოების საინტერესო თავისებურების გამოვლენა. ამ ფენომენების დაფიქსირება საკმაოდ ხშირად არის შესაძლებელი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ეფექტების ცოდნა გვეხმარება ადამიანის ბუნების და მისი ფსიქიკის თავისებურებების უფრო სიღრმისეულად გაგებაში. ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება კი გვეხმარება თვითგანვითარებაში, პიროვნულ ზრდაში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში და ცხოვრების ხარისხის გაზრდაში.

ქვემოთ ვისაუბრებთ ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიურ ეფექტებზე:

1. პლაცებოს ეფექტი
2. ვებლენის ეფექტი
3. ზეიგარნიკის ეფექტი
4. ცივი კითხვა
5. პიგმალიონის ეფექტი
6. ბარნუმის ეფექტი/ფორერის ეფექტი
7. აუდიტორიის ეფექტი
8. თანმიმდევრობის ეფექტი
9. ჰოტჰორნის ეფექტი
10. დოქტორ ფოქსის ეფექტი
11. პირველი შთაბეჭდილების ეფექტი
12. თვითმხილველის ეფექტი
13. ჰალოს (შარავანდედის) ეფექტი

1. პლაცებოს ეფექტი

ზოგადად „პლაცებოს“ ეძახიან ნივთიერებას, რომელსაც არ გააჩნია სამკურნალო თვისებები, თუმცა გამოიყენება სამკურნალოდ. განკურნების ეფექტი, რომლესაც იწვევს ეს ნივთიერება დაკავშირებულია პაციენტის რწმენასთან, რომ ის იღებს არა რაიმე “უსარგებლო” არამედ ნამდვილ წამალს. ფსიქოლოგიაში პლაცებოს ეფექტი წარმოადგენს იმის ბრწყინვალე მაგალითს, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანების აღქმაზე ის, თუ რას ვეუბნებით მათ. პლაცებოს ეფექტი ეფუძნება შთაგონებას. ადამიანს უბრალოდ ეუბნებიან, რომ რომელიმე პრეპარატს აქვს რაიმე სახის ზემოქმედება და ეს ადამიანი ელის ამ ზემოქმედებას. საბოლოოდ შთაგონების შედეგად მოსალოდნლი ეფექტს აქვს კიდეც ადგილი.

იმის შემოწმება თუ რამდენად შეესაბამება მოყვანილი ინფორმაცია სინამდვილეს შეგიძლიათ საკუთარი გამოცდილებით შეამოწმოთ. ყველაზე მარტივი მაგალითი: დიდი ალბათობით ვინმეს თქვენი მეგობრებიდან ან ახლობლებიდან აწუხებს თავის ტკივილები, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ღრუს არეში ან რაიმე მსგავსი ჩივილები. როდესაც მას ექნება ეს ჩივილების უთხარით მას, რომ 1 წუთში მოუტანთ წამალს - წყალში გახსნილ ტაბლეტს. ცოტა ხანი აცდევინეთ, გადით და აავსეთ ჭიქა წყალი და თან გაწელეთ დრო, ისე მოიქეცით თითქოს წყალში დაამატეთ წამალი. შემდეგ მიუტანეთ ამ ადამიანს ეს წყალი დასალევად და თან კიდევ ერთხელ შეახსენეთ რომ ეს ძალიან კარგი წამალია და ძალიან მალე მისი მდგომარეობა გაუბჯობესდება. ალბათობა იმისა, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდება დროის გარკვეულ მონაკვეთში 80%-ია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ წყალი დალია.

2. ვებლენის ეფექტი

ვებლენის ეფექტი - ეს არის, ეკონომიკური თვალსაზრისით, დაუსაბუთებელი მოთხოვნა მაღალი ღირებულების საქონელზე. და რაც უფრო იზრედება ფასი, მით უფრო იზრდება მოთხოვნა ამ საქონელზე. ამ ეფექტის მახასიათებლები ვრცელდება ისეთ საქონელზე, რომელიც ადამიანთა უმრავლესობისთვის მიუწვდომელია მისი მაღალი ღირებულების გამო. ეს კი, თავის მხრივ ხაზს უსვავს ამ ნივთების მფლობელთა სოციალურ მდგომარეობას. ვებლენის ეფექტი ახასიათებს ადამიანებს, რომლებიც აფასებენ საქონლის სტატუსს, რომელიც ეკუთნის კონკრეტულ მარკას ან ბრენდს. ხანდახან ეს ეფექტი ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც გადადიან სოციალური კიბის ერთი საფეხურით მაღლა (კარიერული წინსვლა, უფრო პრესტიჟული სამუშაო ადგილი და ა.შ.). ვებლენის ეფექტი ასევე იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანების ფსიქიკაში, რომლებსაც ეს ფსიქოლოგიური ეფექტი ახასიათებთ, ჭარბობს ფუფუნების და პრესტიჟის მიმართ ლტოლვა (მიდრეკილება).

ვებლენის ეფექტის ადამიანის ფსიქიკაზე უფრო ნათლად დასანახად შეგიძლიათ უბრალოდ დააკვირდეთ ადამიანებს თქვენს გარშემო. ყველაზე მეტად ამ მხრივ მოწყვლადია ახალგაზრდობა. დღესდღეობით არსებობს უამრავი სხვადასხვა ფირმა, სავაჭრო ბრენდი. თითოეულ მათგანს ჰყავს თაყვანისმცემლების არმია. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ყიდულობენ ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები: ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, რომელიც საკმაოდ უბრალოა ერთი შეხედვით, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებულია. ან თუნდაც ტელეფონები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი მათი უფრო ბიუჯეტური ვერსია. ასე რომ, რაც უფრო ძვირიანი იქნება სიახლეები მით უფრო მეტ ადამიანს ექნება მისი ყიდვის სურვილი. ეს ყველაფერი მოდის ზეგავლენაა. ჩვენს დროში, სამწუხაროდ, ფართოდ არის გავრცელებული მცდარი შეხედულება: რაც უფრო მეტი ძვირიანი ნივთი აქვს ადამიანს, მით უფრო მნიშვნელოვანი პერსონაა იგი. კარგი რჩევა მშობლებისთვის: ჩამოუყალიბეთ შვილებს ჯანსაღი დამოკიდებულება მატერიალური ღირებულებებისადმი.

3. ზეიგარნიკის ეფექტი

ზეიგარნიკის ეფექტი - ეს არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება დაიმახსოვრონ უეცრად შეწყვეტილი საქმიანობა და დავალება უკეთ, ვიდრე ის, რომლის დასრულებაც მოასწრეს. ამ ეფექტის შესახებ მონაცემები მიღებულია გამოცდილების შედეგად: ჩატარდა რამდენიმე ექსპერიმენტი, რომლის მონაწილეებიც იყვნენ სკოლის მოწაფეები და სტუდენტები. ამ ექსპერიმენტების დროს მის მონაწილლებს აძლევდნენ ზოგიერთი დავალების დასრულების საშუალებას, ზოგიერთის შესურლებას კი აწყვეტინებდნენ. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით დამახსოვრებული დაუსრულებელი დავალებების პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო ვიდრე დასრულებული დავალებების.

ზეიგარნიკის ეფექტი შეგიძლიათ საკუთარ თავზეც გამოცადოთ. დაიწყეთ რაიმე არც ისე მარტივი, თქვენს მიერ შერჩეული დავალების შესრულება და ბოლომდე შეასრულეთ. გააკეთეთ მცირე პაუზა. შემდეგ აიღეთ ფურცელი და კალამი და ჩამოწერეთ ამ დავალების შესრულების პროცესის ყველა დეტალი. ამის შემდეგ შეარჩიეთ სხვა დავალება. შეასრულეთ ეს დავალება სანახევროდ და შემდეგ შეწყვიტეთ. ანალოგიური პაუზის შემდეგ ჩამოწერეთ ამ პროცესის ყველა დეტალი. თქვენ დაინახავთ, რომ ის რისი დასრულებაც ვერ მოასწარით უფრო ადვილად და ნათლად ამოგიტივტივდებათ თავში. ამ, ასე ვთქვათ ხრიკს გამოყენება ძალიან პრაქტიკულია რაიმე დავალების შესრულების გაკონტროლებისთვის და ეფექტურობის გაზრდისთვის. თუ თქვენ გადაიღალეთ რაიმეს კეთების დროს, გააკეთეთ პაუზა, დაისვენეთ. შემდეგ თქვენ შეძლებთ ახალი ძალებით გაგრძელებას, თან ისე, რომ დეტალებში გემახსოვრებათ რასაც აკეთებდით.

4. ცივი კითხვა

ცივ კითხვას ეძახიან მეთოდების ერთობლიობას, რომლებსაც იყენებენ ექსტრასენსები, მედიუმები, მკითხავები, ილუზიონისტები და ა.შ. ცივი კითხვის მეთოდი გამოიყენება, რათა შეიქმნას წარმოდგენა, რომ ის, ვინც მას იყენებს ფლობს ინფორმაციას მეორე ადამიანზე, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანია იცნობს. მას, ვინც ამ მეთოდს იყენებს, მართლაც შეუძლია ბევრი რამის გაგება. ამისთვის აუცილებელია ადამიანის ფიზიკური მონაცემების ანალიზი: სქესი, ასაკი, ჩაცმის სტილი, რასა, რელიგია და სექსუალური მიკუთვნებულობა, დაბადების ადგილი, განათლების დონე და სხვა მონაცემები. ზოგადად, ვინც ამ მეთოდს იყენებს, ის ცდილობს, გამოიცნოს: თუ რესპოდენტი ვერბალურად ან არავერბალურად ადასტურებს ნათქვამს, მაშინ გრძელდება ადამიანის გამოკვლევა ამ მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებას არ აქვს ადგილი, მაშინ ხდება ძველი ვარაუდების უგულებელყოფა და ახალი მიმართულბით წასვლა. ცივი კითხვის მეთოდის ოსტატურად გამოყენებას ადამიანებზე ძლიერი შთაბეჭდილების და გავლენის მოხდენა შეუძლია.

ცივი კითხვის ნათელი მაგალითია ქუჩაში მკითხაობა. ბევრი ადამიანი ყოფილა ამ სიტუაციაში, როდესაც ქუჩაში გიახლოვდება ვინმე და გეუბნება, რომ შეუძლია გიმკითხაოს, გიწინასწარმეტყველოს მომავალი, გათვალვისგან, ჯადოსგან გაგანთავისუფლოს და ა.შ. სულ ერთი წუთითაც რომ გაჩერდეს, ადამიანი, რომელიც გააჩერეს ისმენს სრულიად უცხო ადამინისგან საკუთარი ბიოგრაფიის და საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა დეტალების მოსმენას და ა.შ. ადამიანს უკვირს, დგება საუბრის განწყობაზე და უჩნდება რიდის თუ შიშის გრძნობა „მაგის“ მიმართ. არც თუ ისე იშვიათად „მკითხავები“ იყენებენ ცივი კითხვის უნარებს მოტყუების და გამოძალვის მიზნით. ამიტომ თუ უცხო ადამიანი იწყებს თქვენს გაკვირვებას მაგიური შესაძლებლობებით, ნუ აყვებით პროვოკაციას და გახსოვდეთ, რომ დიდი ალბათობით ეს ადამიანი კარგი ფსიქოლოგია და შეუძლია თქვენი, როგორც გადაშლილი წიგნის კარგად „წაკითხვა“, ხოლო მისი „მაგია“ კარგად დახვეწილი უნარია. ყირადღებით იყავით.

5. პიგმალიონის ეფექტი

პიგმალიონის ან როზენტალის ეფექტი - ეს არის უნიკალური ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია ამა თუ იმ ინფომაციის სისწორეში, ქვეცნობიერად ისე იქცევა, რომ ეს ინფორმაცია დადასტურდეს. ეგრეთ წოდებული „წინასწარმეტყველება“ განსაზღვრავს იმ ადამიანის ქცევის ხასიათს ვისაც მისი სჯერა. პიგმალიონის ეფექტი ხშირად დასტურდება პარანორმალური მოვლენების გადამოწმების დროს: ისინი ვისაც სჯერა რწმუნდებიან რომ ასეთი მოვლენებია არსებობს, ხოლო მისი მოწინაღმდეგეები - პირიქით, რომ არ არსებობს.

პიგმალიონის ეფექტი ძალიან ეფექტურია. თქვენი შეგიძლიათ იგი გამოსცადოთ, მაგალითად, თქვენს შვილზე, რომელიც უახლოს მომავალში უნდა მოხვდეს ახალ გარემოში (ახალ კლასში, სკოლაში, სპორტულ ჯგუფში და ა.შ.). როგორც წესი ბავშვების უმრავლესობა დისკომფორტს განიცდიან იმის გამო, რომ მათ მოუწევთ მათთვის უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, ფიქრობენ იმაზე თუ როგორ მიიღებენ მას, ეშინიათ რომ შეიძლება ის არ მოეწონოთ და ა.შ. უთხარით თქვენ შვილს, რომ თქვენ უკვე გქონდათ ამ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთანაც მას მოუწევს შეხვედრა და რომ ისინი ძალიან კარგად, პოზიტიურად, მეგობრულად არიან მის მიმართ განწყობილი და მისგანაც იგივეს მოელიან. ახალ გარემოში მოხვედრისას ისე რომ წინასწარ უკვე პოზიტიურად არის განწყობილი, თქვენი შვილი თავისდაუნებურად იმ განწყობით მოიქცევა როგორც თქვენ მას უთხარით. ეს კი თავის მხრივ თქვენი წინასწარმეტყველების რეალიზაციას მოახდენს. საბოლოოდ ჯამში დიდი იმის ალბათობა, რომ ურთიერთობა ახალ კოლექტივში იყოს კარგი და სიამოვნების მომტანი თქვენი შვილისთვის და იმ ადამიანებისთვის ვისაც თქვენ შვილთან ექნება ურთიერთობა.

6. ბარნუმის ეფექტი/ფორერის ეფექტი

ბარნუმის ეფექტი (ასევე ცნობილი ფორერის ან სუბიექტური მტკიცებულების ეფექტი) - არის კიდევ ერთი უნიკალური ფენომენი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებს სჯერათ მათი პიროვნების დახასიათების, რომელიც მათი აზრით შექმნილია კონკრეტულად მათთვის, მაგრამ სინამდვილეში არის განზოგადებული ხასიათის და შესაძლებელია მისი მისადაგება ბევრ ადამიანთან მიმართებაში. ბარნუმის ეფექტს ცივი კითხვის ეფექტთან ერთად, რომელიც ზევით განვიხილეთ, ხშირად იყენებენ თაღლითები, რომლებიც თავს წარმოგვიდგენენ ასტროლოგებად, ქირომანტებად, მედიუმებად. ამას აკეთებენ მოტყუების მიზნით.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ბარნუმის ეფექტის მრავალი დადასტურება შეგვიძლია ვნახოთ. მაგალითად, თქვენ შეამჩნევდით ალბათ, რომ ბევრ ადამიანს სჯერა ჰოროსკოპის, ასტროლოგიური პროგნოზების, მათი პიროვნების სხვადასხვა კონტექსტში აღწერის და ა.შ. შეეცადეთ დაუწეროთ განზოგადებული ხასიათის აღწერა თქვენს რამდენიმე თანამშრომელს (ყველას ერთი და იგივე), ხასიათის ზოგადი თვისებების აღწერით. მიეცით მათ წასაკითხად და უთხარით, რომ რომ თითოეულის დახასიათება ინდივიდუალურად მათთვის არის დაწერილი. ადამიანების უმრავლესობა დაეთანხმება საკუთარი თავის ამ აღწერილობას. ასე, რომ თუ ვინმე გიყვებათ თქვენზე ბევრ საინტერესო რამეს, გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია იყოს ზოგადი ფრაზების ერთობლიობა და რომ თქვენზე ცდილობენ ზემოქმედების მოხდენას. თქვენ კი თავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ხრიკი ადამიანების თქვენს მიმართ დადებითად განსაწყობად, ახლო (სანდო) ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, კონკრეტული ემოციების ან რეაქციების გამოსაწვევად. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამის ბოროტად გამოყენება არ ღირს. ამ ეფექტის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ამ ლინკზე)

7. აუდიტორიის ეფექტი

აუდიტორიის ეფექტს უწოდებენ ზემოქმედებას, რომელსაც სხვა ადამიანების ადგილზე ყოფნა ახდენს ადამიანის საქმიანობაზე. ეს ზეგავლენა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. მრავალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თუ ადამიანი ასრულებს მარტივ და მისთვის კარგად ნაცნობ საქმეს სხვა ადამიანების ადგილზე ყოფნა აუმჯობესებს მის შედეგებს, რადგან სწორი რეაქციების წარმოქმნის სტიმულირებას უწყობს ხელს. მაგრამ როდესაც საქმე არის რთული და არც თუ კარგად ნაცნობი, სხვა ადამიანების ადგილზე ყოფნა უარყოფითად მოქმედებს შედეგებზე, არასწორი რეაქციების სტიმულირების შედეგად.

თქვენ შეგიძლიათ ამ ეფექტის მოქმედებას დააკვირდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, უბრალოდ მიაქციეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს. სპორტსმენები ხშირად უკეთეს შედეგებს უჩვენებენ, როდესაც იციან რომ მათ ჰყავთ მაყურებელი. თანამშრომლები, რომლებიც ახალ საქმიანობას იწყებენ უფრო მეტ შეცდომას უშვებენ თუ მათ სხვა ადამიანები უყურებენ (უფროსობა, კოლეგები). მსგავსი ანალოგების მოყვანა შესაძლებელია ნებისმიერი სფეროდან. ამ ეფექტის დახმარებით შესაძლებელია ვისწავლოთ ადამიანებზე და მათ საქმიანობის შედეგებზე ზემოქმედების მოხდენა უბრალოდ მათთვის ამა თუ იმ საქმის შესრულების დროს თვალყურის დევნებით ან პირიქით. იგივე სახით შეგიძლიათ ზემოქმედების მოხდენა თქვენ საკუთარ ეფექტურობაზე.

8. თანმიმდევრობის ეფექტი

თანმიმდევრობის კანონის ზემოქმედება იმაში ვლინდება, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ერთი და იგივე პირობებზე, თუკი შევცლით დავალების შესრულების თანმიმდევრობას. მაგალითად, რომელიმე ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს მკვლევარი ცვლის ექსპერიმენტის შემადგენელ ნაწილების თანმიმდევრობას, მაშინ ექსპერიმენტის მონაწილის ადაპტაციაც უკეთესი იქნება ან უარესი. ამის გამო ფსიქოლოგიაში მიღებულია ბევრი კვლევის ჩატარება ერთი რომელიმე ეფექტური სქემის მიხედვით.

თანმიმდევრობის ეფექტი ხშირად ახდენს ზეგავლენას ადამინების საქმიანობაზე. ორგანიზაციის თანამშრომლების საქმიანობის პროდუქტიულობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმის მიხედვით, თუ როგორია მათი დღის წესრიგის თანმიმდევრობა. სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებსაც ხელმძღვანელობა ატარებს სამსახურში, შეუძლია ნაადრევად გადაღალოს ან პირიქით, გაზარდოს თანამშრომლების ქმედითუნარიანობა. სპორტსმენი, რომელიც ვარჯიშობს კონკრეტული პროგრამის მიხედვით, შეძლებს საკუთარი პროდუქტიულობის გაზრდას, თუ მოახდენს ვარჯიშის პროგრამის ვარირებას. მშობლებს შეუძლიათ საკუთარი შვილების ემოციურ და ფიზიკური მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა დღის განმავლობაში, ინდივიდუალური დღის წესრიგის შედგენით ან აღზრდის საკუთარი უნიკალური მიდგომის შემუშავებით. პედაგოგებს შეუძლიათ გააუმჯობესონ მოსწავლეების ათვისების ტემპი სასწავლო პროცესში ცვლილებების შეტანით და სასაწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილების გადანაცვლებით.

9. ჰოტჰორნის ეფექტი

ჰოტჰორნის ეფექტი - ეს არის ფენომენი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: როდესაც ადამიანმა იცის, რომ რაიმე ექსპერიმენტში იღებს მონაწილეობას, ეს იწვევს დამახინჯებულ ან უმეტესად გაუმჯობესებულ შედეგს. ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებს ექსპერიმენტში და იცის ამის შესახებ იწყებს უფრო ეფექტუარდ მოქმედებას, არის უფრო კონცენტრირებული და უფრო გულმოდგინედ ასრულებს დავალებას, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ადამიანის მოთხოვნილება, იგრძნოს მიკუთნებულობა რაიმე განსაკუთრებულ „ექსპერიმენტალურ“ ჯგუფთან იწვევს მისი ქცევის ცვლილებას, შესაბამისად ზემოქმედებას ახდენს მის მოქმედებებზე.

ჰოტჰორნის ეფექტს ასევე უწოდებენ მოვლენას, რომლის დროსაც ყოველი ინოვაცია იწვევს შედეგების გაუმჯობესებას, რადგან ის იწვევს ენთუზიაზმს ადამიანებში.
ჰოტჰორნის ეფექტის დახმარებით შესაძლებელია ზეგავლენის მოხდენა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე ან თანამშრომელთა შრომისუნარიანობაზე ორგანიზაციაში. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი. პირველ რიგში შესაძლებელია თანამშრომლებს შევატყობინოთ, რომ ტარდება მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც გაუმჯობესებას ექნება ადგილი ამ სფეროში. მეორე, შესაძლებელია საქმიანობაში დავნერგოთ სიახლე, რომლის შედეგადაც ადამიანები შეასრულებენ თავიანთ ფუნქციას ჩვეულებრივზე უფრო მეტი ინტერესით. თუმცა არსებობს ამ საკითხის მეორე მხარეც: ხშირ შემთხვევაში ექსპერიმენტები ტარდება მონაცემების მიპოვების მიზნით. ასეთ დროს ადამიანების ინფორმირება ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ ცუდ გავლენას მოახდენს შედეგებზე. ამის თავიდან ასაცილებლად ექსპერიმენტის მონაწილეებმა არ უნდა იცოდენე ამის შესახებ, ან ის მაინც არ უნდა იცოდნენ, რისი დადგენაა განზრახული ამ ექსპერიმენტით.

10. დოქტორ ფოქსის ეფექტი

დოქტორ ფოქსის ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ იმ ადამიანის გამომხატველობის უნარი, რომელიც ინფრომაციას გვაწვდის, ამ ინფორმაციის მიმღებისთვის შესაძლებელია გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თავად ინფორმაცია, რომელსაც ის აწვდის. მთხრობელის ნიჭმა შეიძლება გადაფაროს ინფორმაციის ცუდი ხარისხი, ფიქტიურობა, უსარგებლობა და მნიშვნელობის ნაკლებობა. ამავე დროს ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია მიიღო დარწმუნებული იქნება იმაში, რომ ნამდვილად გაიგო ბევრი ახალი რამ და ბევრი რამ ისწავლა მიღებული ინფორმაციისგან.

ადამიანებს, რომლებსაც გამოკვეთილი არტისტული ან ორატორული ნიჭი და უნარები აქვთ, შეუძლიათ ძლიერი ზეგავლენის მოხდენა ადამიანებზე საკუთარი ნიჭის დახმარებით. მაგალითად, თქვენ ესწრებით ლექციას ან სემინარს და თქვენს წინაშეა ადამიანი, რომლიც არის ქარიზმატული, ემოციური და აქვს უნარი შესანიშნავად გადმოსცეს ინფორმაცია. ამავე დროს ლექტორი საერთოდ ვერ ერკვევა ამ კონკრეტულ თემაში. მისი მონათხრობის ინფორმაციული შემადგენლობა ძალიან დაბალია. ღონისძიების დასრულების შემდეგ თქვენ მაინც დადებითი შთაბეჭდილების ქვეშ იქნებით და დარწმუნებული იქნებით, რომ დიდი მოცულობით სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ. ეს კიდევ ერთხელ გვეუბნება რომ ადამიანის იმიჯი ნაწილობრივ, მისი ხასიათის მახასიათებლები და ფსიქიკის გარკვეული მახასიათებლები ჩვენზე გაცილებით დიდი ზეგავლენას ახდენს, ვიდრე ის, თუ რაზეც ეს ადამიანი მოგვითხრობს. მთხრობელის პიროვნული უნარების განვითარება დაგეხმარებათ ნებისმიერი საუბრის წარმართვაში და ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენაში, ისე რომ მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვოთ.

11. პირველი შთაბეჭდილების ეფექტი

პირველი შთაბეჭდილების ეფექტის არსი მდგომარებს იმაში, რომ სხვა ადამიანებთან შეხვედრის დროს და მათი შეფასების დროს ადამიანები ხშირად ანიჭებენ მნიშვნელობას შთაბეჭდილებას, რომელიც მათ ექმნებათ ურთიერთობის პირველ წუთებში. ისეც ხდება, რომ ურთიერთობის დროს ყველა შემდგომი შთაბეჭდილება და ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდება. პირველი შთაბეჭდილება შეიძლება შეიქმნას განზრახ და ან უნიბლიეთ. პირველ შთაბეჭდილებაზე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ისეთი თვისებები, როგორიც არის მისი გარეგნობა, თავის დაჭერის და საუბრის მანერა, თავდაჯერება ან თავდაუჯერებლობა, ხმა, გამოხედვა და ა.შ. უცხო ადამიანებთან შეხვედრის დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, თავად თქვენ როგორ იწყებთ მათ შეფასებას: მიაქციეთ ყურადღება იმ ადამიანის თვისებებს, ვისთანაც ურთიერთობთ, ემოციები რომელსაც ეს ადამიანი იწვევს თქვენში. თქვენთვის ალბათ ცნობილია სიტუაცია, როდესაც იმ ადამიანებთან შეხვედრის დროს, რომლებიც ახლახან გაიცანით, თქვენ თავში გიტრიალებთ ის „მონაცემები“, რომლებიც მიიღეთ ჯერ კიდევ პირველი შეხვედრის დროს. თუ ადამიანი თავიდანვე მოგეწონათ, შემდგომშიც მის მიმართ სიმპატიით იქნებით განწყობილი. თუკი ის თქვენ არ მოგეწონათ, თქვენი მის მიმართ დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება. თავდაპირველი დადებითი ან ნეგატიური შეგრძნება შეგინარჩუნდებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემდგომში ამ ადამიანის ქცევა განსხვავებული აღმოჩნდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანს შეუძლია ისწავლოს პირველი შთაბეჭდილების სპეციალურად შექმნა: ამისთვის საჭიროა მოვემზადოთ უცხო ადამიანებთან შესახვედრად და ურთიერთობის პროცესში ვაკონტროლოთ თავი: საუბრისთვის წინასწარ მომზადებით, ქცევით, გარეგნობით და ა.შ.

12. თვითმხილველის ეფექტი

თვითმხილველის ეფექტი (ასევე მოწმის ეფექტი ან ჯენოვეზეს სინდრომი) ვლინდება იმაში, რომ ადამიანები რომლებიც აღმოჩნდნენ რაიმე საგანგებო სიტუაციის მოწმეები, არ ცდილობენ დაზარალებული ადამიანების დახმარებას და განზე დარჩენას ამჯობინებენ. საინტერესო ის არის, რომ რაც უფრო მეტია თვითმხილველი, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ვინმე დაეხმარება დაზარალებულს, რადგან თითოეული მათგანი თვლის, რომ ვინმე სხვამ უნდა აღმოუჩინოს დახმარება. თუ თვითმხილველი მარტოა, ალბათობა იმისა, რომ ის აღმოუჩენს დახმარებას არსებითად იზრდება.

თვითმხილველის ეფექტის ნათელი ილუსტრაციაა საინფორმაციოს საშუალებით გადმოცემული ახალი ამბები სხვადასხვა შემთხვევების შესახებ. სადაც ნათქვამია ხოლმე, რომ ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ შემთხვევის თვითმხილველები, არანაირი დახმარება არ აღმოუჩინეს დაზარალებულებს. შესაძლოა თქვენ თავადაც გქონიათ შემთხვევა, როცა მაგალითად ადამიანი ცუდად გახდა ხალხმრავალ ადგილას და წაიქცა, იქვე მყოფი ხალხი კი არაფერს აკეთებს და აგრძელებს ყურებას. თითოეულს შეეძლო დახმარება, მაგრამ ფიქრობდა რომ ვინმე სხვა დაეხმარებოდა. სინამდვილეში ეს არის გულგრილობის და არაჰუმანურობის გამოვლინება. თუ თქვენ შემთხვევის გახდების მოწმე რაიმე შემთხვევისა ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე სხვა დაეხმარება, ნუ გადგებით განზე, პირიქით შეეჩადეთ დაეხმაროთ დაზარალებულს. შესაძლოა ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ რეაგირებენ ადამიანები სიტუაციაზე, მთავარია როგორ რეაგირებთ თქვენ.

13. ჰალოს ეფექტი

ჰალოს ეფექტის არსი მდგომარეობს შემდეგში: თუ ადამიანმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება, შემდგომში ადამიანები მას „მიაწერენ“ სხვა კარგ თვისებებს, რომლებიც რეალურად შეიძლება არც ჰქონდეს. თუკია ადამიანმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, შემდგომში ადამიანები გაუცნობიერებლად მასში ცუდ თვისებებს დაინახავენ, ამ ადამიანის პიროვნების ზოგადი მახასიათებლების მიუხედავად. ჰალოს ეფექტი ხშირად ვლინდება გარეგნული შეფასების დროს: თუ ადამიანი გარეგნულად ლამაზია მას აღიქვამენ ჭკვიანად, განათლებულად, სასიამოვნოდ ურთიერთობაში და ა.შ. თუკი ადამიანი არც ისე მიმზიდველი გარეგნობისაა მისი შეფასებაც საპირისპირო იქნება.

ჰალოს ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს სამსახურში ან სწავლის დროს: თუ თქვენ თავიდანვე წარმოაჩენთ თავს კეთილსინდისიერ და პასუხისმგებლობიან მოსწავლედ, სტუდენტად ან თანამშრომლად, ბეჯითად შეასრულებთ ყველა დავალებას, აქტიურად მიიღებთ მონაწილეობას სასწავლო ან სამუშაო პროცესში, ამით შეიქმნით დადებით რეპუტაციას, რომელიც მომავალში თქვენ სასარგებლოდ იმუშავებს. ამის შემდეგ თქვენ გაპატიებენ პატარ-პატარა შეცდომებს სამსახურში, დავალების შეუსრულებლობას რაიმე მიზეზით, გაკვეთილების გაცდენას და ა.შ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამით ბოროტად სარგებლობა არ ღირს, რადგან შეიძლება დაკარგოთ თქვენი რეპუტაცია. ეცადეთ ყველგან და ყოველთვის წარმოაჩინოთ თავი საუკეთესო კუთხით და გამოავლინეთ დადებითი თვისებები. სწორედ ეს გაგიწევთ კარგ სამსახურს. ნუ წარმოაჩენთ თავს იმაზე უკეთესად ვიდრე სინამდვილეში ხართ. უბრალოდ ყურადღება დაუთმეთ თქვენს სისუსტეებს და ეცადეთ ისინი აღმოფხვრათ და უფრო ძლიერ პიროვნებად გარდაქმნათ თავი.

რა თქმა უნდა ჩვენს მიერ განხილული ფსიქოლოგიური ეფექტების გარდა კიდევ არსებობს სხვები. არსებობს უამრავი მსგავსი ეფექტი და ყველა მათგანი უნიკალური და საინტერესოა. ფსიქოლოგია ძალიან ღრმა მეცნიერებაა და შედგება მრავალი მახასიათებლის და ნიუანსისგან. ზემოთ მოყვანილი ეფექტები საკამრისი უნდა იყოს იმის გასააზრებლად, რომ ადამიანის ცხოვრება სავსეა გასაოცარი ფენომენებით, ხოლო თავად პიროვნება - ღრმა და დეტალური შესაწავლის საგანია.
სურვილი - გავერკვეთ ადამიანის ნატურის თავისებურებებში, ეს არის მიზეზი - ვეძიოთ და ავითვისოთ ახალი ცოდნა და ასევე შესაქები მისწრაფება გავხდეთ უკეთესები და უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. განვითარდით, გადაშალეთ თქვენ წინაშე ადამიანის არსებობის, თქვენი პიროვნების ასპექტების და ადამინის განუმეორებელი ბუნების ახალი საზღვრები.

ფსიქოლოგიური ეფექტების უფრო სრული სია იხ. ამ ლინკზე.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...