iung lion king

ავტორი: ჯორდან პიტერსონი

ტრანსკრიბცია ლექციიდან (მოკლე ვერსია)

ორიგინალი ვიდეო

რუსული გახმოვანება

მთარგმნელი: მამუკა გურული

ნაწილი პირველი

დღეს თქვენთან ერთად განვიხილავ „მეფე ლომს“. ესაა საოცრად პოპულარული ანიმაციური ფილმი. მეფე ლომში ცნობიერადაა გამოყენებული არქეტიპები, და სწორედ არქეტიპების გენიალურად გამოყენებამ გახადა ეს ანიმაცია ასეთი პოპულარული. იგივე შეიძლება ითქვას წიგნებზე და ფილმებზე, მაგალითად „ჰარი პოტერზე“, ან მარველის სერიებზე.

პირველი კითხვა ჩნდება იმაზე, თუ რატომაა ლომი მეფე? რა თქმა უნდა ლომი ზე-მტაცემელია, რაც ნიშნავს, რომ იგი კვებითი ჯაჭვის თავშია. ის მზესავით ოქროსფერია, ესეც თავის როლს თამაშობს. მას აქვს ფაფარი, რაც მეტ დიდებულებას სძენს მას, და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია. ესაა ის, რასაც გაურბიხართ, რისიც გეშინიათ, რისი მოკრძალებაც გაქვთ...

sunrise

ფილმი იწყება განთიადით. განთიადი ცნობიერების სფეროსთან იგივდება, ასე რომ ბევრ არქაულ ისტორიაში მზე გმირია, როგორც ჰორუსი, თუ სწორად მახსოვს, რომელიც მზის ღმერთი იყო, ბერძნულ მითოლოგიაში კი აპოლონი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მზე იყო გმირი, რომელიც ანათებდა ცას და დღეს. გმირი, სინათლე და გასხივოსნება მეტაფორულადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. და ღამით მზე ბნელეთის დრაკონს, ანუ ბოროტებას ებრძოდა, შემდეგ კი დილით გამარჯვებული კვლავ ამოდიოდა. ესაა სიკვდილისა და აღდგომის მითი - ძალიან ძალიან გავრცელებული თემა. მიზეზი იმისა, თუ რატომ ასოცირდება მზე ცნობიერებასთან, ისაა, რომ ჩვენ არ ვართ ღამის არსებები. ჩვენ დღისით ვფხიზლობთ და ძალიან ვიზუალურები ვართ. ჩვენი ტვინის ნახევარი ვიზუალური იმპულსების დამუშავებისთვისაა განკუთვნილი. და გასხივოსნება ნიშნავს ცნობიერების უფრო მაღალ მდგომარეობაში გადასვლას. როგორც მაგალითად ნათურა თავზე. თქვენ არ ამბობთ - „დამიბნელდა“, როცა რაღაცას აღმოაჩენთ, თქვენ ამბობთ - „გამინათდა“...

ამრიგად, ეს ახალი დღეა, ახალი დღის დასაწყისია. დღე - ესაა დროის კანონიკური ერთეული. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ შეათავსოთ თქვენი არსებობა დღესთან. და აქ შედის მოგზაურობა არაცნობიერიდან ცნობიერში, და პირიქით, ასე რომ თქვენ აპოლონივით იძირებით არაცნობიერში, შემდეგ კი კვლავ ბრუნდებით. და ეს სულაც არაა მეტაფორა, თქვენ მართლაც ჩადიხართ სიბნელისა და სიზმრებისა სამყაროში, და იქ უცნაური ამბები ხდება. შემდეგ თქვენ დილით იღვიძებთ, და ეს ახალი დღეა. შეიძლება ითქვას, რომ სიზმრების სამყარო თქვენი აზრების სორტირებაში გეხმარებათ. თუ დიდი ხნის განმავლობაში არ დაიძინებთ, ჭკუიდან შეიშლებით. სიზმრები დავიწყებაში გეხმარებიან, რადგან დავიწყება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ არ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ყველაფერი, რაც ხდება. ისეთი ქაოსი გექნებათ, რომ ყველაფერი ჩამოგენგრევათ. ასე რომ ყველაფერი დაკვნებამდე დაგყავთ, კომპაქტურად ალაგებთ ინფორმაციას და ყველაფერი უმნიშვნელოსგან თავისუფლდებით.

zazu

ფილმი იწყება. ცხოველები სინათლეზე გამოდიან. ესაა სინათლეზე გამოსვლის მეტაფორა, სადაც ხედვა შეგიძლიათ. იგი ასევე იწყება ძალიან ექსპანსიური, საზეიმო მუსიკით, რათა ფონი დაუდოს ყველაფერს, და აჩვენოს, რომ რაღაც მნიშვნელოვანს დაინახავთ. საწყისი სცენა ნამდვილად გენიალურია ჩემი აზრით.

თქვენ ხედავთ ამ ადგილს, და ხედავთ კლდეს. ეს ცენტრია, ადგილი, რომელიც გოდოლითაა აღნიშნული. ესაა ცენტრი, ესაა კერა, სახლი, ხე, რომელშიც ცხოვრობთ - ყველაფერი ეს ერთდროულად. და კლდე ტრადიციის სიმბოლოცაა, რადგან ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ თავიანთი ტრადიციები კლდეებზე ან ქვებზე ამოკვეთონ, ან პირამიდების სახით. ასევე ესაა დომინირების იერარქია - ზე-მტაცებლით სათავეში. სახელმწიფოც ასეთივე იერარქიაა, რაღაცით თავში, რომელიც მოიცავს სივრცეს, განათებულს ცნობიერების სინათლით. და ყველა ცხოველი მოდის იმის სანახავად, თუ რა ხდება პირამიდაში და მის მწვერვალზე. ისინი მოვიდნენ რაღაც მნიშვნელოვანის სანახავად, და ეს იქნება გმირის დაბადება.

ეს პატარა ფრინველი - „ზაზუ“ - თითქოს ჰორუსია, ეგვიპტური ღმერთი, რომელიც ერთდროულადაა შავარდენიც და თვალიც. ამ ფილმში იგი მეფის თვალია. იგი ყველაფერს ხედავს, და შეუძლია ამცნოს მეფეს. ნაწილობრივ ეს ნიშნავს, რომ პირამიდის თავზე თვალი უნდა იყოს. ამიტომაც ხედავთ თვალს ამერიკული დოლარის პირამიდის თავზე...

თქვენ მრავალ პირამიდაში იქნებით თქვენი ცხოვრების მანძილზე. დომინირების იერარქიებში, ოჯახებში, სახელმწიფოებში და ა.შ. ისინი იერარქიულად ეწყობიან, და ზემოთ იქნება რაღაც მწვერვალი, რომელიც წარმატებული იქნება სხვადასხვა იერარქიებში. ასე რომ იგი არაა დამაგრებული რაღაც ერთ პირამიდაზე. ნაწილობრივ იგი უკავშირდება ხედვას, და შორ მანძილზე ხედვის უნარს. ასევე იმის ხედვის უნართან, რისი დანახვაც არ გინდა, და ამ ინფორმაციის მეფისთვის მიტანასთან. ასე რომ მეფე, თუ ფსიქოლოგიური პერსპექტივით განვიხილავთ, ესაა თქვენი სუპერ-ეგო (ფროიდის თვალთახედვით), ანუ მორალური სისტემა, რომელთანაც შესაბამისობაში მოდიხართ. თქვენი თვალები კი ისაა, რაც ანახლებს მას, თქვენ ეს სამყაროში და სოციუმში ორიენტაციისთვის გჭირდებათ. თქვენი თვალი და ყურადღების ფოკუსირების უნარი იმაზე, რაზეც არ გინდათ ყურადღების გამახვილება, - ესაა ის, რაც გამუდმებით განახლებას უკეთებს ამ მოდელს.

და ეს ყველაფერი ხატ-სახეებითაა შეფუთული ფილმის პირველივე წუთებში. ამბობენ, რომ სურათი ათას სიტყვას უდრის, და ფილმში ათასი სურათია, მაგრამ სურათი შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ყველა ის სიტყვა, რასაც მის აღსაწერად გამოიყენებთ, თუ რა თქმა უნდა სურათი საკმაოდ ღრმაა.

ამრიგად, ცხოველები ერთად იკრიბებიან. და ცხოველები ასევე იდი-ს განასახიერებენ ფროიდის თვალთახედვით. იდი - ესაა თქვენი ფსიქიკის ის ნაწილი, რომელიც ცხოველისმაგვარია და ფარული ზრახვებითაა სავსე, მათ შორის სექსუალურის და აგრესიულის, როგორც ფროიდი თვლიდა, რადგან ზრახვების ეს ამ წყვილის ინტეგრირება, მაგალითად წყურვილთან და შიმშილთან შედარებით, ადამიანურ არსებასთან უფრო რთულია, და ეს წყვილი როგორც წესი ითრგუნება და არაცნობიერი რჩება. ასე რომ ფროიდის ფსიქოლოგიის, და მე ვიტყოდი ზოგადად ფსიქოლოგიის დიდი ნაწილი, კონცენტრირებულია სექსუალური და აგრესიული იმპულსების ფსიქიკასთან ინტეგრირებაზე. მე ამას დავამატებდი ასევე შფოთვას, რადგან შფოთვა დიდი პრობლემაა. შფოთვა და ემოციები, რომლებიც ტკივილს გვაყენებენ. ცხოველები ამ იდის-მაგვარ იმპულსებს განასახიერებენ, რომლებიც იერარქიულად უნდა დალაგდნენ, სანამ შეძლებთ, რომ ინტეგრირებული პიროვნება გახდეთ.

lion king 2

ამრიგად, ზაზუ - მეფის თვალები - მოფრინდა, რომ მეფე შეემოწმებინა. მუფასა ძალიან მეფურად გამოიყურება. იგი პირდაპირ დგას, და მთელ სიმაღლეზე. ეს ნიშნავს, რომ მას სეროტონინის მაღალი დონე აქვს, რადგან გამართულ დგომს სეროტონინი მართავს. თუ დომინანტური ხართ და იერარქიის სათავეში დგახართ, ამ დროს მიდრეკილი ხართ, რომ გაიმართოთ და უფრო დიდად გამოჩნდეთ, ვიდრე მაშინ, როცა მოხრილი იქნებოდით. თუ ნაკლებად დომინანტური პიროვნება ხართ, მაშინ მიდრეკილი ხართ, რომ ისე იაროთ, თითქოს უფრო პატარა და სუსტი ხართ, და საფრთხეს არავისთვის წარმოადგენთ. მაგრამ თუ დომინანტური ხართ, მიდრეკილი ხართ, რომ გამართული იდგეთ, რათა სივრცეს ფლობდეთ. თუ მუფასას სახეს შეხედავთ, იგი საკმაოდ მკაცრია. მას შეუძლია სიკეთის გამოჩენა, მაგრამ ასევე შეუძლია სიმკაცრის ჩვენება და დასჯა. და ასეთია „სუპერ ეგო“. ეს ნიშნავს, რომ მან თავისი აგრესიის ინტეგრირება მოახდინა. და მე ვხედავდი ამას ჩემს კლინიკურ პაციენტებში, რომლებიც მეტისმეტად დამთმობნი იყვნენ. ისინი ისე გამოიყურებოდნენ, როგორც სიმბა გამოიყურება მოგვიანებით, როცა მოზარდია - მას ირემივით მზერა აქვს, და ყველაფერი თიტქოს მასში შედის, და მისგან არაფერი გამოდის. მაგრამ როცა ადამიანი თავისი ჩრდილის ინტეგრირებას ახდენს, და აგრესიულ ნაწილს თავის პიროვნებაში რთავს, სახე უფრო მყარი ხდება. და როცა უყურებთ ადამიანს, თვალნათლივ ხედავთ ამას, რადგან მეტისმეტად დამთმობი ადამიანები ბავშვურად და მიამიტურად გამოიყურებიან, მეტისმეტად აგრესიული ადამიანები კი - ავად და სასტიკად. და მე ვხედავდი, როგორ ეცვლებოდათ ადამიანებს სახე თერაპიის კურსის განმავლობაში. ქალებსაც და კაცებსაც, სახე უფრო ზრდასრული უხდებათ, თითქოს ისინი განსჯიან სამყაროს, გარდა იმისა, რომ ურთიერთქმედებენ მასთან, ნაკლებადდამთმობი ნაწილის ინტეგრაციის შემდეგ. ეს ძალიან საჭიროა, ეს იგივეა, რაც იუნგის ჩრდილთან ან ფროიდის არაცნობიერთან ინტეგრაცია. და მუფასას ეს უკვე გავლილი აქვს. ცხადია, რომ მას შეუძლია ღიმილი, მას შეუძლია ემოციების მთელი სპექტრის გამოხატვა, მაგრამ როგორც პერსონაჟი ძირითადად მკაცრად გამოიყურება.

king 3

ნაწილი მეორე

ახლა გადავიდეთ ამ ბაბუინზე, რომელიც მასხარა უნდა ყოფილიყო ისტორიის დაწერის მომენტში, მაგრამ თანდათან შამანად იქცა. იუნგის თვალსაზრისით იგი წარმოადგენს „თვითობას“. თვითობა - ესაა ის ყველაფერი, რაც დროის განმავლობაში შეიძლება გახდეთ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ თქვენ, და არის პოტენციალი თქვენს შიგნით. და პოტენციალი - ეს საინტერესო იდეაა, რადგან იგი წარმოადგენს რაღაცას, რაც არაა რეალობა, მაგრამ ჩვენ ისე ვმოქმედებთ, თითქოს ის უკვე რეალურია. ადამიანები გეტყვიან, რომ უნდა გახსნათ თქვენი პოტენციალი, და ეს პოტენციალი ისაა, რაც იქნებოდით, სამყაროსთან მეტი ინფორმაციული ურთიერთქმედება რომ გქონდეთ, რადგან თქვენ ინფორმაციისგან აწყობთ საკუთარ თავს (თუ პიაჟეს ენით ვიტყვით). თუ სხვა გარემოში მოათავსებთ საკუთარ თავს, ახალი გენები ჩაირთვება თქვენს ნერვულ სისტემაში. ისინი ახალ ცილებზეა კოდირებული, ასე რომ თქვენ სავსე ხართ ბიოლოგიური პოტენციალით, რომელიც რეალიზებული არ იქნება, თუ სამყაროს სხვადასხვა ადგილებში და სიტუაციებში არ აღმოჩნდებით. და ეს ააქტიურებს ჯაჭვებს, და თქვენ არა მხოლოდ იღებთ საკუთარ თავში გარე-სამყაროს ინფორმაციას (კონსტრუქტივიზმის თვალსაზრისით), არამედ როცა იხსნებით სხვადასხვა გარემოებისთვის, თქვენ ამით სხვადასხვა ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს უყენებთ საკუთარ თავს, გენეტიკური დონის ჩათვლით. და ეს ვლინდება თქვენს ახალ ელემენტებში. და ერთ-ერთი რაღაც, რაც ადამიანებს ემართებათ, ესაა ის, რომ ერთხელაც აუცილებლად მოგიწევთ მწირობა რაღაც ცენტრალურისკენ, როგორიცაა, მაგალითად სიამაყის კლდე „მეფე ლომში“. თქვენ მიდიხართ პატარა სოფლიდან, მიდიხართ ის „პატარა თქვენ“ რომელსაც ყველა გიცნობთ, და რომელიც არც ისე განვითარებულია, და შემდეგ მიემგზავრებით სიბნელისა და საფრთხეების გავლით ცენტრალური ადგილისკენ და მრავალ თავგადასავალს განიცდით, რომლებიც გაწრთობენ და ბევრ რამეს გწურავენ. თქვენ ხდებით უფრო ინფორმირებული და ფორმირებული ყველა დონეზე.

ევროპის კათედრალურ ტაძრებში, განსაკუთრებით შარტრში, იატაკზე დიდი წრიული ლაბირინთია, რომელიც წარმოადგენს მწირობის სიმბოლოს ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ანხორციელებენ მას. და ეს უზარმაზარი წრე ოთხადაა გაყოფილი, რაც იუნგის იგივე მანდალას წარმოადგენს. თქვენ შედიხართ ლაბირინთში ერთი წერტილიდან და გიწევთ, რომ ოთხივე მხარე გაიაროთ, სანამ უფრო ცენტრში გადახვალთ. და ცენტრი სიმბოლიზებულია ქვაში ამოკვეთილი ყვავილით. ესაა სიმბოლური მწირობა, რომელსაც ცენტრამდე მიყავხართ. და ეს ჯვრის ცენტრია, რადგან იგი ტაძარში იმყოფება და საკუთარი კეთილი ნებით ტანჯვის მიღების ადგილს წარმოადგენს. იუნგი ამას წრეზე სიარულს უწოდებდა. ქვეყნის ოთხივე მხარეს მიდიხართ, რომ საკუთარი თავი იპოვნოთ. სწორედ ესაა თვითობა, რომელსაც ამ ფილმში ბაბუინი განასახიერებს. იგი ცხოვრობს ხეზე, სიცოცხლის ხეზე. ესაა მარადიული ბრძენი, ასეც შეგვიძლია ვიფიქროთ, და თუმცა მეფეც ასეთია, მაგრამ იგი მაინც უფრო მაღლა მდგომია, ესაა მეფე საზღვრებს მიღმა, რაღაც თვალსაზრისით. იგი უძველესი სიბრძნის მცველია, მეფე კი საშუალებაა, რომლითაც ეს სიბრძნე მოცემულ მომენტში ხორციელდება. და ისინი მეგობრები არიან, რაც ნიშნავს, რომ მეფე კარგი მეფეა, რადგან ის რომ ცუდი მეფე ყოფილიყო, იგი განუდგებოდა საკუთარ თავს, რაც ზედაპირულს და სწორხაზოვანს გახდიდა მას. მას არ ექნებოდა ერთიანობა წარსულის ტრადიციებთან. იმისთვის, რომ კარგი მმართველი გახდეთ, თქვენ გჭირდებათ, რომ საკუთარი მამა მიწისქვეშა სამეფოდან იხსნათ და ამის ინტეგრირება მოახდინოთ. და რა თქმა უნდა, ეს მთავარი თემაა ამ ფილმში.

simba 1

ამრიგად, გმირი დაიბადა, და ამომავალი მზე ამის სიმბოლოა. რა საყვარელია არა? (ფოტოზე). და მაინც, მიზეზი იმაშია, რომ თწვენში ბიოლოგიურადაა ჩაქსოვილი, რომ მზრუნველობით უპასუხოთ ყველაფერ სათუთს და საყვარელს. სათუთი - ესაა ღილაკივით ცხვირი, დიდი თვალები, პატარა პირი, მრგვალი თავი, სიმეტრია და უმწეო მოძრაობები. და თქვენ პასუხობთ ამაზე ძუძუმწოვრების მთელ კლასზე, შესაძლოა ქვეწარმავლებზეც: „რა საყვარელია არა?“ „არა, ეს ხვლიკია“. (იცინის). ასე რომ ესეც არქეტიპია. ესაა მოწყვლადი ახალშობილი გმირის არქეტიპი. და ამან უნდა გამოიწვიოს უპირატესად შთაგონების (განსულიერების) სურვილი მამაკაცებში, და ზრუნვის სურვილი ქალებში. მაგრამ ქალები და მამაკაცები საკმაოდ გადაჯვარედინებულნი არიან ადამიანურ არსებებს შორის, ასე რომ პირიქითაც შეიძლება, მაგრამ არქეტიპი მაინც პირველი შემთხვევაა ამ ორიდან. ანიმატორებმა შესანიშნავად დაიჭირეს „საყვარელი არსების“ ძირითადი შტრიხები.

simba 2

შემდეგ შამანი მისი ნათლობის რიტუალს ატარებს. იგი იყენებს რაღაცას, რაც მზეს განასახიერებს. ესაა მწიფე ხილის ნაყოფი. ხილი ზოგადად მზეს განასახიერებს, რადგან მას მზის შუქი სჭირდება დამწიფებისთვის. და ისინი მზესავით სფეროესბურნი არიან. როგორც არ უნდა იყოს, ანიმატორები კავშირს ქმნიან ხილსა და მზეს შორის, ასე რომ მას მზითაც ნათლავენ. ესაა ერთგვარი სინათლით ნათლობა, რაც მას გმირად აქცევს.

simba 3

შემდეგ ყველა ბედნიერია, და ესაა არსობრივად წმინდა მამა, წმინდა დედა, წმინდა ძე და თვითობა, რომელიც მასზე ზრუნავს. ახალშობილსა და ბებერ ბრძენს შორის კავშირია. ახალშობილი - ესაა მთელი პოტენციალი, რომელიც თვითობაშია რეალიზებული. და არსებობს ძველი იდეა, რომ სრული ზრდასრულობისკენ მიმავალი გზა - ესაა იმის პოვნა, რაც ბავშვად ყოფნისას დაკარგეთ, და ამის დაბრუნება. ეს შესანიშნავი იდეა გამოძახილს ჰპოვებს მრავალ მითსა და ზღაპარში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაიბრუნოთ თქვენი უნარი... როგორც კი დისციპლინირებული გახდით და რაღაცის გაკეთება ისწავლეთ, გჭირდებათ, რომ თამაშისა და საოცრებებით აღფრთოვანების უნარი დაიბრუნოთ. სულის ამ ბავშვისმაგვარი ნაწილის ინტეგრაციით განვითარებულ, ზრდასრულ ნაწილთან, ბავშვი სამყაროში მოწესრიგებული სახით ავლენს თავს.

simba 4

ამის მერე შამანი ბრბოს აჩვენებს ახალშობილს. ყველა ცხოველი სპონტანურად იხრის ქედს მის წინაშე. ამავდროულად მზეც ანათებს სიმბას. შეთანხმებულობას მიწიერ და ზეციურ მოვლენებს შორის იუნგი სინქრონულობას უწოდებდა. და ეს სინქრონულობა აიძულებს ცხოველებს რომ მუხლი მოიყარონ.

ნაწილი მესამე

scar1

შემდეგ „სკარზე“ (ნაიარევზე) გადავდივართ. სკარი - ესაა მუფასას ბოროტი ძმა. მეფეს ყოველთვის ჰყავს ბოროტი ძმა, გმირს კი - მოწინააღმდეგე. მეფეს ყოველთვის ჰყავს ბოროტი ძმა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ყოველთვის გააჩნია ტირანული ელემენტი. ტირანული ელემენტი ორი მიზეზით არსებობს. პირველ რიგში, სახელმწიფო თავისთავად ფუჭდება, ეს ენტროპიაა, და ნიშნავს, რომ სახელმწიფო - ესაა წარსულის კონსტრუქცია, მაგრამ აწმყო ისეთივე არაა, როგორიც წარსული. როდესაც წარსული აღარ შეესაბამება თანამედროვეობის მოთხოვნებს, იგი ტირანული ხდება. ასე რომ ეს სახელმწიფოს მუდმივი პრობლემაა. იგი მუდმივად ჩამორჩება ორი ნაბიჯით არსებულ სიტუაციას. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების გაცნობიერებულობამ უნდა განაახლოს სახელმწიფო.

მირჩა ელიადემ, რომელიც რელიგიის შესანიშნავი ისტორიკოსი იყო, შეისწავლა ყველა წარღვნა და წყალდიდობა მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, რომ ახალი ორლეანი წყალდიდობამ გაანადგურა. და თქვენ იტყვით: ეს ღმერთის ნახელავია, შემდეგ კი დაფიქრდებით და ნახავთ, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს წყეული დამბები ვერ გაუძლებდნენ, მათ არ ააშენეს საკმარისად მძლავრი დამბები. ამისთვის გამოყოფილი ფული არასწორად დახარჯეს, და ეს განზრახ ჩადენილი სიბრმავეა, ამიტომ მეტაფორულად შეგიძლიათ თქვათ, რომ ღმერთმა მოახდინა წარღვნა, მაგრამ ასევე შეგიძლიათ თქვათ, რომ აქამდე სახელმწიფოს დეგრადაციამ და პოლიტიკოსების სიბრმავემ მიგვიყვანა... თქვენც გექნებათ წყალდიდობა თქვენს ცხოვრებაში, და ეს იქნება ქაოსის წყალდიდობა ამა თუ იმ ფორმით. და როცა მიზეზებზე დაფიქრდებით (თუმცა ზოგჯერ ეს შეიძება სრულიად შემთხვევითი იყოს, მაგალითად ავადმყოფობა), და იტყვით: მე ვიცოდი, რომ ეს ახლოვდებოდა, ვიცოდი, რომ სათანადო ყურადღებას არ ვუთმობდი და დროულად არ მოვაგვარე ეს ყველაფერი.

ამრიგად, სკარს ნაიარევი აქვს, და ეს გულისხმობს, რომ მას საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს, იგი საკმაოდ გამხდარია, მოკლედ, აქვს მიზეზები რომ წუხდეს. იგი ასევე ინტელექტუალურად ჰიპერ-რაციონალურია, და ეს ერთ-ერთი რამაა, რასაც სახელმწიფოს ბოროტ მოწინააღმდეგეებში შეხვდებით. ამაზე საუკეთესო კომენტარი ჯონ მილტონს აქვს, პოემაში - „დაკარგული სამოთხე“, სადაც მან ლუციფერი რაციონალურობის სულად წარმოაჩინა. მილტონმა შეკრიბა ყველა ძველი ისტორია ბოროტებაზე და სცადა დაეკავშირებინა ისინი. რაციონალურობის პრობლემა იმაშია, რომ მას აქვს მიდრეკილება - შეუყვარდეს თავისი ნაწარმოებები, რის შემდეგაც ქმნის ტოტალიტარულობის თეორიას და ეჭიდება მას. რაციონალურ გონებას ტოტალიტარული ელემენტი გააჩნია. და ჩვენ ეს გარკვეულწილად ვიცით, რადგან რაციონალურობა რაღაც მხრივ მარცხენა ნახევრასფეროზეა ფოკუსირებული. მარცხენა ნახევარსფერო კი მიდრეკილია, რომ სტრუქტურულ წესრიგში ჩასვას სამყარო, და განახლებულ იქნეს მარჯვენა ნახევარსფეროს მიერ. მარჯვენა ნახევარსფერო კი, როგორც წესი მას ნეგატიური ინფორმაციით და ფანტაზიებით ანახლებს ხოლმე. მარცხენა ნახევრასფერო სტრუქტურულ წესრიგში კრავს სამყაროს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია, მაგრამ არსებობს დაძაბულობა შეკრულობასა და დასრულებულობას შორის, და ნაწილობრივ სწორედ ამიტომაც გჭირდებათ ორი ნახევარსფერო. ერთი გჭირდებათ სამყაროს წარმოდგენისთვის, ხოლო მეორე იმისთვის, რომ გამონაკლისები დააფიქსიროთ და ნელ-ნელა გამოკვებოთ მათით წარმოდგენების სისტემა, რათა იგი განახლებული იყოს, ქაოსში სრული ჩაძირვის გარეშე.

სკარს ჩამოკიდებული ყბა და წუწუნა ხმა აქვს. იგი გრძნობს, რომ დაჩაგრეს, და ამის გამო წუწუნებს. გავიხსენოთ ეგვიპტე. ოსირისი სახელმწიფოს ღმერთი იყო, ხოლო სეთი, რომელიც შემდეგ სატანა გახდა (როდესაც იგი კოპტური ქრისტიანობის მიერ იქნა ტრანსფორმირებული). ოსირისი საკმარის ყურადღებას არ უთმობდა სეთს, ისევე როგორც სკარი, სეთიც გამუდმებით ინტრიგებს ხლართავდა, რათა სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინა. და ეგვიპტელები პირდაპირ ამბობენ, რომ მიზეზი იმისა, თუ რატომ დაამხო ოსირისი სეთმა (სეთი ნაწილებად იქნა დაშლილი და ყველა მხარეს გაფანტული, და ტექნიკურად თუ შევხედავთ, ეს ნაწილები ეგვიპტეს პროვინციები იყო), იყო ის, რომ ოსირისი იყო მოხუცი და განზრახ ბრმა. ამ ფილმში იგივე არ ხდება, რადგან მუფასამ იცის სეთის, ანუ სკარის შესახებ, მაგრამ სკარი უფრო ვერაგია, ვიდრე მუფასა ფიქრობს. იგი მუფასამდე მისი შვილის გავლით აღწევს, თამაშობს რა სიმბას იმპულსურობით და ყმაწვილური თვისებებით.

scar2

ცხადია, რომ ამ ორ არსებას შორის ანტაგონიზმია. ეს შეგიძლიათ მათი სახის გამომეტყველებითაც დაინახოთ. სკარს გამომხმარი, წუწუნა, არაკეთილგანწყობილი სახე და ბოროტი ხმა აქვს, რომელსაც ჯერემი აირონსი ასე შესანიშნავად ასრულებს. ის გამუდმებით შემპარავად მოძრაობს, ის ღამის არსებაა. იგი არცერთი თვალსაზრისით არაა დღის არსება. აშკარაა, რომ მუფასა მზესავით ოქროსფერია, სკარი კი - ღამესავით ბნელი. ასეთია შემდგომი მინიშნება.

scar3

აქ უკვე ხეა, სიცოცხლის ხე, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, და ჩემი აზრით იგი განასახიერებს იმ დონეების მრავალრიცხოვნებას, რომლებზეც თქვენ ერთდროულად არსებობთ, სუბატომურიდან დაწყებული კოსმიურით დამთავრებული. ეს სხვადასხვა განზომილებებია, და ის ადგილია, სადაც თვითობა ბინადრობს, და ზემოთ-ქვემოთ გადაადგილდება ამ განზომილებებში. შამანი ამ ხის შიგნით ცხოვრობს. იგი უძველესი ხის სულია, ასეც შეიძლება ითქვას.

scar4

მუფასას სიმბა პირამიდის მწვერვალზე მიჰყავს. ესაა იმ თვალის ადგილი, საიდანაც შეგიძლიათ ძალიან შორს დაინახოთ. ალბათ მზეც შეამჩნიეთ, ეს პირამიდის განათებული ნაწილია.

შემდეგ ისინი საუბრობენ, და მუფასა უხსნის სიმბას, რომ მათი სამფლობელოა ყველაფერი, რასაც სინათლე ეცემა. და ეს ძალიან გონივრულია. თუ სხვა სახლში გადახვალთ, დააკვირდებით, რომ კატასავით ხართ, კატებს არ უყვართ სახლების შეცვლა. მათ ჭირდებათ, რომ ყველაფერი გამოიკვლიონ სახლში, ყოველი კუთხე-კუნჭული, რათა ზუსტად იცოდნენ რა ხდება იქ. სანამ არ გამოიკვლევენ, მანამდე ვერ დამშვიდდებიან. უნდა იცოდნენ, სად შეუძლიათ დამალვა, და სადაა პოტენციური საფრთხე. და შეამჩნევთ, რომ ვერც თქვენ დამშვიდდებით, თუ არ გაწმენდთ ან არ გაარემონტებთ ახალ სახლში ყოველ კვადრატულ სანტიმეტრს. რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მით უფრო მეტად თქვენი გახდება ეს სახლი. იმისთვის, რომ სადმე თავი კომფორტულად იგრძოთ, და ფლობდეთ ამ ადგილს, ყურადღება უნდა დაუთმოთ მას, და ნათელი მოჰფინოთ ყოველ კუთხე-კუნჭულს. და ასევე უნდა მოექცეთ საკუთარ თავს და საკუთარ ურთიერთობებსაც.

scar5

ამრიგად, მუფასა ეუბნება სიმბას, რომ მისი სამეფოა ყველაფერი, რასაც სინათლე ეცემა. და ეს მართლაც ასეა, და აქ სხვა მეტაფორაც დევს. ყველაფერი, რაც გაიგეთ, და რასაც ნათელი მოჰფინეთ, გარშემორტყმულია სხვა სამყაროთი, სხვა საგნებით, რომლებიც არ გესმით. ზოგიერთი ამ საგნებიდან ბუნებრივი იქნება, ზოგიერთი ტირანული, ზოგიერთი ისეთი რამ იქნება, რისი გაგებაც არ გინდათ საკუთარ თავზე, მაგრამ ისინი იმ ტერიტორიის მიღმა არიან, რასაც სინათლე მოჰფინეთ. სწორედ ამას ეუბნება მუფასა სიმბას: ჩვენ ვცხოვრობთ პირამიდაში, ჩვენ მის მწვერვალზე ვართ, ჩვენს გარშემო სინათის სფეროა, და ეს გამოკვლეული ტერიტორიაა. ამის მიღმა გამოუკვლეველი ტერიტორიაა. ნაწილობრივ ეს არაცნობიერია, რადგან ფანტაზიებით ავსებთ მას, ნაწილობრივ კი ის, რაც უბრალოდ არ იცით. და შემდეგ მუფასა ეუბნება სიმბას (და ეს გარკვეულწილად იმას ჰგავს, როცა ღმერთი ადამს და ევას ეუბნება სამოთხის ბაღში აკრძალული ხილის შესახებ), რომ არსებობს ბნელი ადგილი შენი სამეფოს საზღვრებს მიღმა, და შენთვის არ შეიძლება იქ წასვლა. და ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან სიმბამ ჯერ არც კი იცის ამ ადგილის შესახებ, ასე რომ მუფასა საკმაოდ წინააღმდეგობრივ რაღაცას აკეთებს: მის ცნობისმოყვარეობას აღვივებს, და ამავდროულად ეუბნება, რომ იქ წასვლა არ შეიძლება, და თითქმის გარანტირებულს ხდის ამას. თქვენ ამას ხედავთ ასევე ფილმში - „პინოქიო“, სადაც პინოქიო ოკეანის სიღრმეში აპირებს გადახტომას, რათა ჟეპედა მიწისქვეშა სამყაროდან ამოიყვანოს. მისი ცნობიერება იქვე იმყოფება - ჭრიჭინა ჯიმინი, და ჭრიჭინა აფრთხილებს ყველა იმ საფრთხის შესახებ, რაც ქვემოთ ელოდება, და რომ ის პირადად თევზის საჭმელი გახდებოდა. და ამ დროს პინოქიო თავის ვირის კუდს ქვას აბამს, რომ ჩაიძიროს, და პატარა ჭრიჭინა ეხმარება ამაში. ანუ თან აფრთხილებს საფრთხეების შესახებ, და თან უბიძგებს ამის გაკეთებისკენ.

არსებობს კიდევ ერთი პარადოქსული რამ. თუკი ცნობილის მიღმა გახვალთ, ეს თქვენი ცოდნის სტრუქტურას დაარღვევს და ქაოსში ჩაიძირებით. და ამან შესაძლოა დაგანგრიოთ, ამიტომ არ უნდა გააკეთოთ ეს, მაგრამ მეორე მხრივ, თუკი გააკეთებთ ამას, და თუ წარმატებით გააკეთებთ, მაშინ ახალი თქვენ, რომლებიც გაჩნდება, უფრო ახალი, უფრო ძლიერი და მთლიანი იქნება, ვიდრე წინა. ასე რომ თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, და თან არ უნდა გააკეთოთ. ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე იტყვის: არ გინდა, მაგრამ ჯანსაღად აზროვნება არაა საკმარისი, აი, რატომაა საჭირო, რომ იყო უგუნური, რათა იცხოვრო. ჰარი პოტერი კარგი მაგალითია. იგი ყოველთვის არღვევს წესებს, მაგრამ არსებობს საღი აზრი წესების ასეთ დარღვევაში. გმირი არღვევს წესებს უფრო მაღალი სიკეთის მისაღწევად.

გაგრძელება იქნება...

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...