scale 2400

რობერტ ანტონ უილსონის წიგნიდან - "ცნობიერების ევოლუცია"

მთარგმნელი: მამუკა გურული

თავი მეორე: აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა: ტვინი და მისი პროგრამები

ჩვენ, როგორც სახეობა, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არსებობს მონაცემთა მილიარდობით წერტილი. წერტილების ამ მატრიცაზე ჩვენ ვათავსებთ სტრუქტურას, და სამყარო ჩვენთვის აზრს იძენს. ამ სტრუქტურის ხასიათი განისაზღვრება ჩვენი ბიოლოგიური და სოციოლოგიური თვისებებით. (პერსინჯერი და ლაფრენერი, „სივრცით-დროითი ცვლადები და უჩვეულო მოვლენები“) 

ამ წიგნში ჩვენ განვიხილავთ ადამიანის ტვინს, როგორც ბიოკომპიუტერს - ელექტრო-კოლოიდურ კომპიუტერს, განსხვავებით ელექტრონული ანუ მყარ-სხეულიანი კომპიუტერებისგან. გთხოვთ, დიდი ხნით დაიმახსოვროთ, რომ ჩვენ არ ვაიგივებთ ადამიანის ტვინს კომპიუტერთან... ჩვენ ვამბობთ, რომ ტვინი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კომპიუტერი, მაგრამ არ ვამბობთ, რომ ის კომპიუტერია.

თავის ტვინის ნივთიერება წარმოადგენს ელექტრო-კოლოიდურ სუსპენზიას (პროტოპლაზმას). ზედაპირული დაჭიმულობა, რომელიც ნებისმიერ კოლოიდურ სუბსტანციაში მოქმედებს, მოლეკულებს ერთმანეთისკენ მიიზიდავს და წარმოქმნის ე.წ. გელს. მეორე მხრივ, კოლოიდები განიზიდავენ ერთმანეთს ზოლის მდგომარეობაში, მათში ერთი ნიშნის ელექტრული მუხტის არსებობის გამო. წონასწორობა გელი-ზოლი კოლოიდური სუსპენზიის არსებობას ინარჩუნებს, და ამის წყალობით სიცოცხლე გრძელდება. ნებისმიერი ზედმეტი გადახრა ერთი ან მეორე მიმართულებით - და სიცოცხლე წყდება.

ნებისმიერი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ტვინში აღწევს, არღვევს ამ წონასწორობას, და შესაბამისად „ცნობიერებაზეც“ მოქმედებს. კარტოფილიც „ფსიქოდელიკია“, ისევე, როგორც ლსდ, ოღონდ გაცილებით უფრო სუსტი. ვეგეტარიანული დიეტიდან ჩვეულებრივზე გადასვლა, ან პირიქით, ასევე იწვევს ფსიქოდელიურ ეფექტს.

რამდენადაც, „რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, დამამტკიცებელი ამას დაამტკიცებს“, ყველა ჩვენი აზრი ფსიქოდელიურია. დიეტასთან ან ნარკოტიკებთან ექსპერიმენტების გარეშეც კი თქვენ იმ ყველაფერს ხედავთ, რასაც უნდა ხედავდეთ - თუკი ეს საერთოდ ფიზიკურადაა შესაძლებელი ჩვენს სამყაროში.

გრძნობითი გამოცდილება გაუგებრობას წარმოშობს მანამ, სანამ მის ამხსნელ მოდელს არ შევქმნით. ამ მოდელს შეუძლია ახსნას იგი, მაგრამ არასოდეს შეესაბამება მას სიზუსტით. „რუკა არ წარმოადგენს ტერიტორიას“; მენიუს გემოები არ ემთხვევა მასში მითითებული კერძების გემოებს.

ყოველ კომპიუტერს გააჩნია ორი შემადგენელი, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა (ინფორმაცია პროგრამულ უზრუნველყოფაში შედის).

მყარსხეულიანი კომპიუტერის აპარატული უზრუნველყოფა ნივთიერია, სივრცეშია ლოკალიზებული და შედგება პროცესორისგან, მონიტორისგან, კლავიატურისგან და ა.შ. - ანუ ყველაფერი იმისგან, რაც შეგვიძლია სახელოსნოში წავიღოთ, თუკი კომპიუტერი გაფუჭდა.

robert anton wilson 0

პროგრამული უზრუნველყოფა შედგება პროგრამებისგან, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა ფორმებში იარსებონ, სრულიად აბსტრაქტული ფორმების ჩათვლით. პროგრამა შეიძლება იმყოფებოდეს კომპიუტერში, ანუ ჩაწერილი იყოს პროცესორში ან მაგნიტურ დისკზე, რომელიც კომპიუტერში დევს. იგი ასევე შეიძლება არსებობდეს ქაღალდის ფურცელზე, თუკი თავად დავწერ მას, ან მომხმარებლის სახელმძღვანელოში, თუკი ეს პროგრამა სტანდარტულია; ამ შემთხვევაში იგი არ იმყოფება კომპიუტერში, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება შეყვანილ იქნეს მასში. პროგრამა შეიძლება კიდევ უფრო არანივთიერიც იყოს: მას შეუძლია მხოლოდ ჩემს გონებაში იარსებოს, თუკი ჯერ არ ჩამიწერია იგი, ან უკვე გამოვიყენე და წავშალე.

აპარატული უზრუნველყოფა უფრო „რეალურია“, ვიდრე პროგრამული იმ თვალსაზრისით, რომ მისი ლოკალიზება ყოველთვის შესაძლებელია დრო-სივრცეში - თუკი იგი საძინებელში არაა, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ კაბინეტში გადაიტანა და ა.შ. მეორე მხრივ, პროგრამული უზრუნველყოფა უფრო რეალურია იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ შეგიძლიათ ნამსხვრევებად აქციოთ აპარატული უზრუნველყოფა („მოკლათ“ კომპიუტერი), მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფა დარჩება და კვლავ შეძლებს „მატერიალიზებას“ ანუ „გამოვლენას“ სხვა კომპიუტერში. (ნებისმიერი პარალელი რეინკარნაციასთან აქ მკითხველის სინდისზეა, და არა ავტორის).

თუკი ვისაუბრებთ ადამიანის ტვინზე, როგორც ელექტრო-კოლოიდურ კომპიუტერზე, ჩვენ შეგვიძლიათ განვსაზღვროთ აპარატული უზრუნველყოფის ადგილმდებარეობა: თავის ქალის შიგნით. რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, მას შეუძლია იმყოფებოდეს ნებისმიერ ადგილას და ყველგან. მაგალითად, ჩემს ტვინში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა ასევე არსებობს მის გარეთაც, მაგალითად წიგნის ფორმით, რომელიც ოცი წლის წინ წავიკითხე და რომელიც პლატონის მიერ 2400 წლის წინ გადმოცემული სხვადასხვა სიგნალების ინგლისურ თარგმანს წარმოადგენს. ჩემი პროგრამული უზრუნველყოფის სხვა ნაწილები შედგება კონფუცის, ჯეიმს ჯოისის, ჩემი სკოლის მასწავლებლის, ჩარლი ჩაპლინის, ბეთჰოვენის, ჩემი მშობლების, რიჩარდ ნიქსონის, ყველა ჩემი ძაღლის და კატის, დოქტორ კარლ საგანის, და ასევე იმ ყველასი (და გარკვეულწილად ყველაფრის), რასაც კი ოდესმე ჩემს ტვინში გაუვლია. შესაძლოა ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ასე ფუნქციონირებს პროგრამული უზრუნველყოფა (ანუ ინფორმაცია).

რა თქმა უნდა, ჩვენი ცნობიერება რომ მხოლოდ დროისა და სივრცის მიღმა არსებული პროგრამული უზრუნველყოფის გაურკვეველ მიქსტურას წარმოადგენდეს, ჩვენ არც ინდივიდუალობა გვექნებოდა, არც ცენტრი და არც „მე“.

მაშ, რა სახით ჩნდება პროგრამული უზრუნველყოფის ამ საყოველთაო ოკეანიდან ცალკეული პიროვნება?

რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, დამამტკიცებელი ამას დაამტკიცებს.

რამდენადაც ადამიანის ტვინი, ისევე, როგორც ყველა ცხოველის ტვინი, ელექტრო-კოლოიდური პრინციპით მოქმედებს, და არა მყარსხეულიანი კომპიუტერის, იგი იმავე კანონებს ემორჩილება, რასაც ნებისმიერი სხვა ცხოველის ტვინი. ეს ნიშნავს, რომ პროგრამების შეტანა ელექტრო-ქიმიური კავშირების სახით მასში დისკრეტულად ხდება.

პროგრამების ყოველი ნაკრები ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

1. გენეტიკური იმპერატივები. აბსოლუტურად მკაცრად მოცემული პროგრამები, ანუ „ინსტინქტები“.

2. იმპრინტები. მეტად ან ნაკლებად მკაცრად მოცემული პროგრამები, რომელთა მიღებაც ტვინს გენეტიკურად ევალება მისი განვითარების მხოლოდ გარკვეულ მომენტებში, რომლებიც ეტოლოგიაში ცნობილია, როგორც იმპრინტული მოწყვლადობის მომენტები.

3. კონდიციონირება. პროგრამები, რომლებიც იმპრინტებზე ლაგდება. ისინი ნაკლებად მკაცრი მოცემულობისაა და საკმაოდ ადვილად იცვლებიან კონტრ-კონდიციონირების მეშვეობით.

4. სწავლება. კიდევ უფრო თავისუფალი და „რბილი“ პროგრამები, ვიდრე კონდიციონირება.

როგორც წესი, პირველადი იმპრინტი ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მომდევნო კონდიციონირება ან სწავლება. იმპრინტი - ესაა პროგრამული უზრუნველყოფის ისეთი სახე, რომელიც უწყვეტად შეერწყა აპარატულ უზრუნველყოფას და ნეირონებზე აღიბეჭდა მათი განსაკუთრებული მიმღებლობისა და მოწყვლდობის მომენტში.

იმპრინტები (აპარატულად გამყარებული პროგრამული უზრუნველყოფები) ჩვენი ინდივიდუალობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. შესაძლო პროგრამების უსასრულობაში, რომლებიც პოტენციურ პროგრამულ უზრუნველყოფას წარმოადგენენ, იმპრინტი ადგენს შეზღუდვებს, განსაზღვრავს პარამეტრებს და პერიმეტრებს, რომლის საზღვრებშიც მიმდინარეობს მთელი დანარჩენი კონდიციონირება და სწავლება.

თქვენი აპარატული უზრუნველყოფის ლოკალიზება შესაძლებელია: ესაა ტვინის უჯრედები, აქ და ახლა.

თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა არალოკალურია: ესაა წერტილი-მოვლენები, ყოველთვის და ყოველგან.

პირველი იმპრინტის გაჩენამდე ახალშობილის ცნობიერება „უფორმო და ცარიელია“ - როგორც სამყარო ქმნილების დასაწყისში, „დაბადების“ თანახმად, ან განუპირობებელი (გასხივოსნებული, ანუ აფეთქებული) ცნობიერება მისტიურ ტრადიციებში. როგორც კი პირველი იმპრინტი ყალიბდება, ნაყოფიერი სიცარიელიდან გამოვლენას იწყებს გარკვეული სტრუქტურა. სამწუხაროდ, მზარდი გონება ამ სტრუქტურის ტყვე ხდება. იგი თავს აიგივებს ამ სტრუქტურასთან; გარკვეული თვალსაზრისით იგი ხდება კიდეც ეს სტრუქტურა.

ამ პროცესის ანალიზი დაწვრილებითაა მოცემული ჯ. სპენსერ ბრაუნის „ფორმის კანონებში“. მიუხედავად იმისა, რომ ბრაუნი მათემატიკისა და ლოგიკის საფუძვლებზე წერდა, ნებისმიერი ყურადღებიანი მკითხველი გაიგებს, რომ ბრაუნი ასევე საუბრობს იმ პროცესზე, რომელსაც ჩვენ გავდივართ უსასრულო ოკეანიდან იმ ცალკეული კონსტრუქციების შექმნის დროს, რომელსაც „მე“-ს ან „ჩემს სამყაროს“ ვუწოდებთ. გასაკვირი არაა, რომ ბევრს შეუმჩნევია, რომ ბრაუნის მათემატიკა - ესაა „მჟავათი მოგზაურობის“ ერთ-ერთი საუკეთესო აღწერა.

ყოველი წარმატებული იმპრინტი ართულებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ჩვენს აღქმას განსაზღვრავს და ჩვენს მიერ „რეალობად“ აღიქმება.

კონდიციონირება და სწავლება დამატებით კავშირებს აშენებენ იმპრინტირებული პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო სტრუქტურაში. ამ ტვინის ქსელის სტრუქტურა წარმოადგენს კიდეც მთლიანობაში ჩვენი სამყაროს რუკას. ესაა ის, რასაც ჩვენი მოფიქრალი ფიქრობს. დამამტკიცებელი კი - მექანიკურად ტენის ყველა შემოსულ სიგნალს ამ რუკის საზღვრებში.

დოქტორ ტიმოტი ლირის შრომების მიხედვით (გარკვეული ცვლილებებით), მოხერხებულობისთვის ტვინის აპარატულ უზრუნველყოფას რვა კონტურად დავყოფთ. (მოხერხებულობისთვის ნიშნავს იმას, რომ ეს რუკა საუკეთესოა, რაც კი ჩემთვის დღეს ცნობილია. ვფიქრობ, იგი უკეთესით ჩანაცვლდება 10-15 წლის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, რუკა არ წარმოადგენს ტერიტორიას.)

ოთხი ამ რვა კონტურიდან - „უძველესი“ და კონსერვატულია, და ყველას გააჩნია (გარდა ველურ პირობებში გაზრდილი ბავშვებისა).

1. ბიო-გადარჩენის ორალური კონტური. მისი იმპრინტირება ხდება დედის ან პირველი დედის მსგავსი ობიექტის მიერ და კონდიციონირდება შემდეგომი კვებით ან ზრუნვით. პირველადად დაკავშირებულია კვებასთან (კერძოდ დედის ძუძუს წოვასთან) და უსაფრთხოებასთან (კერძოდ დედასთან სხეულებრივად ახლოს ყოფნასთან, მიხუტებასთან). უზრუნველყოფს ყველაფერი საზიანოს ან მტაცებლურის მექანიკურად თავიდან არიდებას - ან ყველაფერ იმის, რაც ასოცირდება (იმპრინტირების ან კონდიციონირების მეშვეობით)საზიანოსთან და მტაცებლურთან.

2. ანალური ემოციურ-ტერიტორიული კონტური. იმპრინტირდება იმ ეტაპზე, როცა ბავშვი ფეხებზე დგება, სიარულს და ბრძოლას იწყებს ძალაუფლებისთვის ოჯახური სტრუქტურის საზღვრებში. ეს კონტური დამახასიათებელია ძირითადად ძუძუმწოვრებისთვის, პასუხს აგებს ტერიტორიულ წესებზე, ემოციურ თამაშებზე, ან მოხერხებულობაზე, ჯოგში იერარქიაზე და რიტუალებზე (დომინირება ან მორჩილება)

3. სემანტიკური კონტური. იმპრინტირდება და კონდიციონირდება ადამიანური არტეფაქტებით და სიმბოლური სისტემებით. „ამუშავებს“ და „ფუთავს“ გარესამყაროს, და კლასიფიცირებას უკეთებს ყველაფერს რეალობის ლოკალური გვირაბის შესაბამისად. მის ფუნქციებს წარმოადგენენ გამოგონება, გამოთვლა, წინასწარმეტყველება და სიგნალების თაობებში გადაცემა.

4. „მორალური“ სოციო-სექსუალური კონტური. იმპრინტირდება ორგაზმის პირველი გამოცდილებებით სქესობრივი მომწიფების პერიოდში და კონდიციონირდება ჯოგური ტაბუებით. პასუხს აგებს სექსუალურ ტკბობაზე, „მორალურის“ და „ამორაურის“ ლოკალურ განსაზღვრებებზე, გვარის გაგრძელებაზე, ზრდასრული მშობლის პიროვნებაზე (სქესობრივ როლზე) და შთამომავლობის აღზრდაზე.

ამ კონტურების განვითარება ტვინის ევოლუციისა და ამ ევოლუციის ყოველ ცალკეულ მოშინაურებულ პრიმატში გამეორების (გაზრდის პროცესში) შესაბამისად შესაძლებელს ხდის გენოფონდის გადარჩენას და კულტურის გადაცემას თაობიდან თაობამდე.

მეორე ჯგუფი, რომელიც ოთხი კონტურისგან შედგება, გაცილებით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე პირველი, და მისი ცალკეული კონტურები ამჟამად ადამიანთა მხოლოდ მცირერიცხოვან რაოდენობას გააჩნია. განსხვავებით ძველი კონტურებისგან, რომლებიც განსაზღვრავენ ევოლუციას დღევანდელ დღემდე, ეს ფუტურისტული კონტურები განსაზღვრავენ ჩვენს მომავალ ევოლუციას.

5. ქოლისტური ნეირო-სომატური კონტური. იმპრინტირდება ექსტატური გამოცდილებით, რომელიც მიღებულია ბიოლოგიური ან ქიმიური იოგას შედეგად. პასუხს აგებს ნეირო-სომატურ (ცნობიერება-სხეული) უკუკავშირებზე, სომატო-სენსორულ ნეტარებებზე, „კაიფის“ შეგრძნებაზე, „რწმენით განკურნებაზე“, და ა.შ. ქრისტიანული ცოდნა, ნეიროლინგვისტური პროგრამირება და ქოლისტური მედიცინა სწორედ იმ მეთოდებისგან შედგებიან, რომელთა მიზანიც ამ კონტურის თუნდაც დროებითი აქტივაციაა. ტანტრა-იოგა მიმართულია ცნობიერების ამ კონტურში მთლიანად გადატანაზე.

6. კოლექტიური ნეირო-გენეტიკური კონტური. იმპრინტირდება იოგას მაღალი დონეებით (ბიოქიმიურ-ელექტრული სტრესებით). პასუხს აგებს კავშირებზე: „დნმ-რნმ-ტვინი“ და წარმოადგენს „კოლექტიურს“ იმ თვალსაზრისით, რომ თავის თავში შეიცავს მთელ ევოლუციურ „სცენარს“, წარსულს და მომავალს (და უზრუნველჰყოფს წვდომას ამ „სცენარზე“). ამ კონტურის მუშაობა იწვევს ნუმინოზურ, „მისტიურ“ და „ჭკუიდან გადამყვან“ გამოცდილებას; აქ იმყოფებიან იუნგის „კოლექტიური არაცნობიერის“ არქეტიპები - ღმერთები, ქალღმერთები, დემონები და დნმ-ის (ინსტინქტების) სხვა პერსონიფიკაციები, რომლებიც ჩვენ გვმართავენ.

7. მეტაპროგრამირების კონტური. იმპრინტირდება იოგას უმაღლესი დონეებით. შედგება, თანამედროვე ენით თუ ვიტყვით, კიბერნეტიკული ცნობიერებისგან და პასუხს აგებს ყველა კონტურის რეპროგრამირებაზე და რეიმპრინტირებაზე, საკუთარი თავის ჩათვლით, და შესაძლებელს ხდის ცნობიერ არჩევანს ალტერნატიულ სამყაროებს, ანუ რეალობის გვირაბებს შორის.

8. არალოკალური კვანტური კონტური. იმპრინტირდება შოკით, „სიკვდილთან ახლოსმყოფი გამოცდილებით“, ანუ კლინიკური სიკვდილით, „სხეულის მიღმიერი გამოცდილებით, დროის მიღმიერი აღქმებით („წინასწარხედვით“), სივრცის მიღმიერი ხედვებით (ექსტრასენსორული აღქმით) და ა.შ. ახდენს ტვინის გადაწყობას იმ არალოკალურ კვანტურ საკომუნიკაციო სისტემაში მუშაობისთვის, რომელიც აღწერილია ბომის, უოკერის, სარფატის, ბელის და სხვების მიერ.

 

სავარჯიშო

1. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ კომპიუტერი, გაიქეცით და იყიდეთ. შემდეგ ხელახლა გადაიკითხეთ ეს თავი.

2. იმისთვის, რომ გაიგოთ აზრი ტერმინებისა: აპარატული უზრუნველყოფა და პროგრამული უზრუნველყოფა (ადამიანის ტვინთან მიმართებაში), გააკეთეთ შემდეგი მედიტაცია. ჩაიკეტეთ ოთახში, სადაც ნახევარი საათის განმავლობაში არავინ შეგაწუხებთ, და იფიქრეთ: „მე ვზივარ ამ ოთახში და ვაკეთებ ამ სავარჯიშოს იმიტომ, რომ...“ და ჩამოთვალეთ რაც შეიძლება ბევრი „მიზეზი“.

მაგალითად, ცხადია, იმიტომ აკეთებთ ამ სავარჯიშოს, რომ წიგნში წაიკითხეთ. რატომ იყიდეთ ეს წიგნი? ვინმემ გირჩიათ? როგორ მოხვდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? თუ მაღაზიაში იპოვეთ ეს წიგნი, მაშინ რარომ მოხვდით სწორედ იმ დღეს სწორედ იმ მაღაზიაში?

საერთოდ, რატომ კითხულობთ მსგავს წიგნებს - ფსიქოლოგიაზე, ცნობიერებაზე, ევოლუციაზე და ა.შ.? როგორ დაინტერესდით ამით? ვინ გახდა ამის მიზეზი და რამდენი ხანია? რა მოვლენებმა განსაზღვრეს თქვენს ბავშვობაში თქვენი შემდგომი ინტერესი მსგავსი საგნების მიმართ? რატომ აკეთებთ ამ სავარჯიშოს სწორედ ამ, და არა სხვა რომელიმე ოთახში? რატომ იყიდეთ ან დაიქირავეთ ეს სახლი ან ეს ბინა? რატომ იმყოფებით სწორედ ამ ქალაქში, ან რომელიმე სხვაში? რატომ ხართ სწორედ ამ კონტინენტზე?

საერთოდ, რატომ ხართ აქ? ანუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი თქვენმა მშობლებმა? ცნობიერად გადაწყვიტეს ბავშვის ყოლა, თუ ეს შემთხვევითობა იყო? რომელ ქალაქებში დაიბადნენ ისინი? თუ სხვადასხვა ქალაქებში დაიბადნენ, მაშინ როგორ გადაიკვეთა მათი გზები დრო-სივრცეში?

რატომაა ეს პლანეტა სიცოცხლისთვის ვარგისი და რატომ წარმოშვა მან ცხოვრების ისეთი ფორმა, რომელიც ამ სავარჯიშოზე ფიქრობს?

3. გაიმეორეთ ეს სავარჯიშო რამდენიმე დღეში და ეცადეთ, რომ საკუთარ თავს კიდევ ორმოცდაათი ახალი კითხვა დაუსვათ და უპასუხოთ მათზე. (თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ვერასოდეს შეძლებთ ყველა შესაძლო კითხვის ჩამოთვლას).

თავი აარიდეთ ნებისმიერ მეტაფიზიკურ სპეკულაციას (კარმა, რეინკარნაცია, „ბედი“ და ა.შ.) ამ სავარჯიშოს მიზანია - საფუძვლიანად იმტვრიოთ თავი ყოველგვარი ოკულტური თეორიების გამოყენების გარეშე, ამიტომ ჯობია ზედმეტად „მისტიკური“ ახსნების გარეშე გახვიდეთ ფონს.

4. აიღეთ ნებისმიერი ნივთი: კოვზი, კალამი, ჭიქა და ა.შ. და შეასრულეთ ზემოთ აღწერილი სავარჯიშო: რატომაა ეს საგანი აქ? შეგიძლიათ, გაარკვიოთ, ვინ გამოიგონა იგი? როგორ მოხვდა ეს გამოგონება ამ კონტინენტზე? ვინ აწარმოა ეს საგანი? რატომ აწარმოებს ეს ფირმა სწორედ ასეთ საგნებს და არა ჩიტების გალიებს? რატომ გახდნენ ფირმის დამფუძნებლები მეწარმეები, და არა მუსიკოსები? რატომ იყიდეთ ეს საგანი? ყველა საგნიდან თქვენს სახლში, რატომ აირჩიეთ მედიტაციისთვის სწორედ ეს საგანი?

ახლა კი სწრაფად უპასუხეთ: თქვენ ეს ხართ თქვენი -
აპარატული უზრუნველყოფა
თუ პროგრამული?
თუ ერთიც და მეორეც?

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...