catttt

რობერტ ანტონ უილსონის წიგნიდან - "ცნობიერების ევოლუცია"

მთარგმნელი: მამუკა გურული

თავი პირველი: მოფიქრალი და მამტკიცებელი

ყველაფერი, რასაც წარმოვადგენთ, ჩვენი აზრების შედეგია. იგი აზრით შენდება, აზრზეა დაფუძნებული. (ბუდა - „დჰამაპადა“)

უილიამ ჯეიმსმა, ამერიკული ფსიქოლოგიის მამამ, მოგვითხრო თავის შეხვედრის შესახებ ერთ მოხუც ლედისთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ დედამიწა უზარმაზარი კუს ზურგზე განისვენებს.

„კი მაგრამ, პატივცემულო ლედი, - რაც შეიძლება ზრდილობიანად ჰკითხა პროფესორმა ჯეიმსმა, - თავად ეს კუ რაზეა დაბრძანებული?“

„ო, ეს მარტივია. ის სხვა კუს ზურგზე დგას“.

„გასაგებია, - კვლავაც თავაზიანად მიუგო პროფესორმა. - მაგრამ იქნებ ამიხსნათლ, მეორე კუ რაზე დგას?“

„არ ღირს პროფესორო, - უპასუხა მოხუცმა ლედიმ, როცა მიხვდა, რომ პროფესორი მის ლოგიკურ ხაფანგში გამოჭერას ცდილობდა. - იქ სულ კუებია, კუები-კუები-კუები!“

ნუ იჩქარებთ მოხუცზე გაცინებას. ყველა ადამიანის ტვინი ერთნაირადაა მოწყობილი. მისი სამყარო ცოტა უცნაური იყო, მაგრამ იგივე მენტალურ პრინციპებს ეფუძნებოდა, რომელსაც ნებისმიერი სხვა სამყარო, რომლისაც ადამიანებს სჯეროდათ.

დოქტორ ლეონარდ ორრი ამბობს, რომ ადამიანის ტვინი ისე იქცევა, თითქოს ორი ნაწილისგან შედგებოდეს: მოფიქრალისგან (ის, ვინც ფიქრობს) და მამტკიცებელისგან (ის, ვინც ამტკიცებს).

მოფიქრალს შეუძლია პრაქტიკულად ყველაფერზე იფიქროს. როგორც ისტორიამ აჩვენა, მას შეუძლია იფიქროს, რომ დედამიწა უსასრულო კუების ზურგებზე დგას, ან რომ იგი შიგნიდან ცარიელია, ან რომ სივრცეში ლივლივებს. ამის მილიონობით ადამიანს სჯერა (ამ წიგნის ავტორის ჩათვლით). შედარებითი რელიგია და ფილოსოფია აჩვენებს, რომ მოფიქრალს შეუძლია თავი მოკვდავად ჩათვალოს, ან უკვდავად, ან ერთდროულად მოკვდავად და უკვდავად (რეინკარნაციის მოდელი) ან არარსებულად. მას შეუძლია იფიქროს, რომ ცხოვრობს ქრისტიანულ, მარქსისტულ, მეცნიერულ-რელატივისტურ ან ნაცისტურ სამყაროში - და ეს ჯერ ძალიან ცოტა ვარიანტია.

რა ხშირად აკვირდებოდნენ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები (მათი სამედიცინო კოლეგებისთვის სამწუხაროდ), რომ მოფიქრალს შეუძლია თავისთვის მოიგონოს ავადმყოფობა და გამოჯანმრთელებაც კი.

მამტკიცებელი - ეს გაცილებით უფრო მარტივი მექანიზმია. იგი ერთადერთი კანონით ცხოვრობს: რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას ამტკიცებს.

აი, ტიპიური მაგალითი, რომელმაც დაუჯერებელი საშინელებები ჩაიდინა ამ ასწლეულში: თუ მოფიქრალი ფიქრობს, რომ ყველა ებრაელი მდიდარია, მამტკიცებელი დაამტკიცებს ამას. იგი იპოვის მტკიცებულებებს იმაზე, რომ ყველაზე ღარიბი ებრაელი ყველაზე ღატაკ გეტოში სადღაც მალავს ფულს. ამგვარადვე, ფემინისტებს შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ ყველა მამაკაცი (იმ მშიერი მაწანწალების ჩათვლით, რომლებიც ქუჩებში ცხოვრობენ) ექსპლუატირებას უწევენ ყველა ქალს (ინგლისის დედოფლის ჩათვლით).

თუ მოფიქრალი ფიქრობს, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს, მამტკიცებელი მორჩილად ახდენს აღქმის ისე ორგანიზებას, რომ აღქმული ამ იდეას შეესაბამებოდეს. თუ მოფიქრალი გადაიფიქრებს და გადაწყვეტს, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, მამტკიცებელი ახლებურად მოახდენს მტკიცებულებების ორგანიზებას.

თუ მაფიქრებელი ფიქრობს, რომ „წმინდა წყალი“ ლუმბაგოსგან განკურნავს, მამტკიცებელი ოსტატურად შეასრულებს დირიჟორის როლს ჯირკვლების, კუნთების, ორგანოების და ა.შ. სიგნალებისთვის მანამ, სანამ ორგანიზმი კვლავ არ გამოჯანმრთელდება.

რა თქმა უნდა, საკმაოდ ადვილია იმის გაგება, რომ სხვა ადამიანების ტვინიც ასეა მოწყობილი; გაცილებით უფრო რთულია იმის გაცნობიერება, რომ ზუსტად ასეა მოწყობილი ჩვენი საკუთარი ტვინიც. მაგალითად, ითვლება, რომ ზოგიერთი მამაკაცი უფრო „ობიექტურია“, ვიდრე სხვები (ქალზე ამას უფრო იშვიათად გაიგებთ...). ჩვეულებრივ, ბიზნესმენები ითვლებიან ძლიერი ნების მქონე, პრაგმატულ და „ობიექტურ“ ადამიანებად. თუკი მოკლედ შეისწავლით იმ სულელურ პოლიტიკას, რომელსაც ბიზნესმენების უმეტესობა ატარებს, ეს წარმოდგენა მალევე შეგეცვლებათ.

დღემდე „ობიექტურებად“ ითვლებიან მეცნიერები. მაგრამ დიადი მეცნიერების ბიოგრაფიები ამას არანაირად არ ადასტურებენ. ისინი ისეთივე იყვნენ ვნებით ანთებულნი, და შესაბამისად წინასწარგანწყობილნი, როგორც ყველა დიდი მხატვარი ან მუსიკოსი. ეკლესიამ კი არა, სწორედ ასტრონომმა კოლეგებმა დასდეს ბრალი გალილეის. 1905 წელს ფიზიკოსების უმეტესობამ უარყო აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია. თავად აინშტაინი 1920 წლამდე არ ღებულობდა კვანტურ თეორიას, მიუხედავად მისი დამამტკიცებელი მრავალი ექსპერიმენტისა. ედისონის ერთგულებამ მუდმივი დენის ელექტრული გენერატორების იდეისადმი აიძულა იგი განეცხადებინა, რომ ცვლადი დენის გენერატორები უსაფრთხო არაა, და ეს ხდებოდა კიდევ დიდხანს მას შემდეგ, რაც ყველასთვის, გარდა ედისონისა, ცხადი გახდა მათი უსაფრთხოება.

მეცნიერება ობიექტურობას აღწევს, ან უახლოვდება მას არა იმიტომ, რომ ცალკეული მეცნიერები არ ექვემდებარებიან ფსიქოლოგიური კანონების ზემოქმედებას (კანონების, რომლებიც ყველას გვმართავენ), არამედ იმიტომ, რომ მეცნიერული მეთოდი - კოლექტიური შემოქმედება - ადრე თუ გვიან იმარჯვებს ინდივიდუალურ წინასწარგანწყობებზე.

დავუბრუნდეთ 60-იანი წლების კიდევ ერთ მაგალითს. იმ პერიოდში არსებობდა სამი კვლევითი ჯგუფი, რომლებმაც „დაამტკიცეს“, რომ ლსდ ქრომოსომების დაზიანებას იწვევს, მაშინ, როცა სამმა დანარჩენმა ჯგუფმა „დაამტკიცა“, რომ ლსდ არ ახდენს ქრომოსომებზე არანაირ ზეგავლენას. ყველა შემთხვევაში მამტკიცებელმა ის დაამტკიცა, რასაც მოფიქრალი ფიქრობდა. მოცემულ მომენტში, ფიზიკაში ცნობილია შვიდი ექსპერიმენტი, რომლებიც ადასტურებენ განსაკუთრებულად წინააღმდეგობრივ კონცეფციას, რომელიც ცნობილია „ბელის თეორემის“ სახით, და ორი ექსპერიმენტი - რომლებიც მას უარყოფენ. ექსტრასენსორული აღქმის სფეროში შედგები უკვე საუკუნეზე მეტია, რაც უცვლელია: ერთნაირი წარმატებით ამტკიცებენ როგორც მის არსებობას, ისევე მის არ-არსებობას.

„ჭეშმარიტება“ ან შეფარდებითი ჭეშმარიტება ვლინდება მხოლოდ ათწლეულების ექსპერიმენტების შემდეგ, რომლებსაც ათასობით კვლევითი ჯგუფი ატარებს მთელ მსოფლიოში.

შორეულ პერსპექტივაში, ვიმედოვნებ, უფრო და უფრო მივუახლოვდებით „ობიექტურ ჭეშმარიტებას“.

ახლო პერსპექტივაში ყოველთვის მოქმედებს ორრის კანონი: რაც არ უნდა იფიქროს მოფიქრალმა, მამტკიცებელი ამას დაამტკიცებს.

და თუ მოფიქრალი საკმაო ვნებით ფიქრობს, მამტკიცებელი ამ აზრს იმდენად თანმიმდევრულად დაამტკიცებს, რომ თქვენ უკვე ვეღარასოდეს მოახერხებთ ამ ადამიანის გადარწმუნებას მაშინაც კი, თუ მას სჯერა, რომ არსებობს ერთგვარი გაზისმაგვარი ხერხემლიანი ასტრონომიული ზომების არსება („ღმერთი“), რომელიც მთელი მარადისობის განმავლობაში ჯოჯოხეთური ტანჯვისთვის გაწირავს მათ, ვინც მის რელიგიას არ იწამებს.


სავარჯიშო

რაც არ უნდა სევდიანი იყოს, თქვენ ვერასოდეს გაიგებთ რამეს, თუ ამის შესახებ უბრალოდ წიგნს წაიკითხავთ. სწორედ ამიტომ, მეცნიერების ყველა განხრაში არსებობს ლაბორატორიული ექსპერიმენტები, და სწორედ ამიტომ ცნობიერების განთავისუფლების ყოველი სისტემა მოითხოვს იოგურ, მედიტაციურ, კონფრონტაციულ და სხვა პრაქტიკებს, რომელთა მსვლელობის დროსაც ხდება იდეების შემოწმება თქვენივე საკუთარი ნერვული სისტემის ლაბორატორიაში.

მკითხველი ვერასოდეს გაიგებს ამ წიგნს, თუკი არ შეასრულებს ყოველი თავის ქვეშ მოცემულ სავარჯიშოებს.

მოფიქრალის და მამტკიცებელის კვლევისთვის გთავაზობთ შემდეგ სავარჯიშოებს:

1. მკაფიოდ წარმოიდგინეთ ოცდახუთ ცენტიანი (საქ. შემთხვევაში ოცთეთრიანი - მთარგმნ. შენიშვნა) და ასევე მკაფიოდ წარმოიდგინეთ, როგორ იპოვნით მას ქუჩაში. შემდეგ ეძებეთ მონეტა ყოველთვის, როცა ქუჩაში მოხვდებით, და განაგრძეთ მისი ვიზუალიზაცია. დაადგინეთ, რა დრო დაგჭირდებათ მის საპოვნელად.

2. ახსენით ზემოთ აღწერილი ექსპერიმენტი „შერჩევითი ყურადღების“ ჰიპოთეზით - ანუ დაიჯერეთ, რომ გარშემო უამრავი დაკარგული მონეტა ყრია და თუ გამუდმებით ეძებთ, ერთ მათგანს აუცილებლად იპოვით. ახლა სცადეთ, რომ მეორე მონეტა იპოვოთ.

3. ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი ალტერნატიული „მისტიკური“ ჰიპოთეზის მეშვეობით: „ცნობიერება ყველაფერს მართავს“. დაიჯერეთ, რომ ეს თწვენ აიძულეთ მონეტას, რომ ამ სამყაროში გამოვლენილიყო. სცადეთ, კიდევ ერთი მონეტა იპოვოთ.

4. შეადარეთ დრო, რომელიც დაგჭირდათ მონეტის პოვნისთვის პირველი ჰიპოთეზით („ყურადღება“), დროსთან, რომელიც მის ძიებაზე დახარჯეთ მეორე ჰიპოთეზის გამოყენებით („ცნობიერება-მატერიაზე-მაღლა“).

5. საკუთარი შერჩევითობის გამოყენებით შეიმუშავეთ სხვა მსგავსი ექსპერიმენტები და ყოველ ჯერზე დაუპირისპირეთ ერთმანეთს ორი თეორია: „შერჩევითი ყურადღება“ (დამთხვევა) და „ცნობიერება, რომელიც ყველაფერს მართავს“ (ფსიქოკინეზი).

6. თავი აარიდეთ ნაჩქარევ დასკვნებს. ერთი თვის შემდეგ კვლავ წაიკიტხეთ ეს თავი, გაიაზრეთ იგი და მაინც ნუ მიიღებთ ნებისმიერ დოგმატურ დასკვნას. დაიჯერეთ, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ არ იცით ყველაფერი და შეგიძლიათ რაღაც ახალი გაიგოთ.

7. დაარწმუნეთ საკუთარი თავი (თუკი ჯერ არ ხართ დარწმუნებული), რომ ულამაზო, არამიმზიდველი და მოსაწყენი ხართ. წადით რომელიმე საღამოზე (წვეულებაზე) ამ რწმენით. დააკვირდით, როგორ გექცევიან ადამიანები.

8. დაარწმუნეთ საკუთარი თავი (თუკი ჯერ არ ხართ დარწმუნებული), რომ ლამაზი, უზადო და მახვილგონიერი ხართ. წადით რომელიმე საღამოზე. დააკვირდით, როგორ გეპყრობიან ადამიანები.

9. ეს სავარჯიშო ყველაზე რთულია და ორი ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში, ყურადღებით და მიუკერძოებლად დააკვირდით თქვენს ორ ყველაზე ახლო მეგობარს და ორ შედარებით უცნობ ადამიანს. ეცადეთ წარმოიდგინოთ, რაზე ფიქრობენ მათი მოფიქრალები და როგორ მეთოდურად პოულობენ მათი მამტკიცებლები მტკიცებულებებს. იგივე სავარჯიშო საკუთარ თავზეც გამოიყენეთ.

თუკი მოგეჩვენებათ, რომ ამ სავარჯიშოების გაკვეთილი ექვს თვეზე ნაკლებ ხანში გაითავისეთ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სათანადოდ არ გიმუშავიათ. სერიოზული მიდგომის შემთხვევაში ექსვის თვის თავზე მხოლოდ დაიწყებთ იმის გაგებას, თუ რა ცოტა იცით ამ ყველაფრის შესახებ.

10. ირწმუნეთ, რომ შეგიძლიათ მიწას მოწყდეთ და გაფრინდეთ, თუკი უბრალოდ მოისურვებთ ამას. დააკვირდით, რა მოხდება.

თუკი ამ სავარჯიშომ თქვენც ისეთივე იმედგაცრუება მოგიტანათ, როგორც მე, სცადეთ შეასრულოთ მე-11 სავარჯიშო, რომელიც არასოდეს აცრუებს იმედებს.

11. დაიჯერეთ, რომ შეგიძლიათ აღემატებოდეთ ყველა თქვენს უწინდელ მისწრაფებას და მოლოდინს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში.

ავტორის შენიშვნები:

1. ედისონის სულელური სიჯიუტე ამ საკითხში ნაწილობრივ გამომდინარეობდა მისი შურისგან ნიკოლა ტესლასადმი, რომელმაც ცვლადი დენის გენერატორები გამოიგონა. ტესლამ, თავის მხრივ, უარი თქვა ნობელის პრემიაზე, როცა გაიგო, რომ იგი მას და ედისონს ერთობლივად მიენიჭათ, რადგან არ სურდა, რომ ედისონთან ერთად ერთ ტრიბუნაზე გამოჩენილიყო. ორივე გენიოსს ჰქონდა „ობიექტური“ და მეცნიერული მიდგომა მხოლოდ შეზღუდულ ლაბორატორიულ პირობებში. თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ თქვენი „ობიექტურობის კოეფიციენტი“ უფრო მაღალია, ვიდრე ამ ორის, მაშინ, რატომ აქამდე არ გახდით ნობელის პრემიის ლაურიატი?

2. თუ მკითხველი მეცნიერია, მას სანერვიულო არაფერი აქვს. ეს თქვენ არ გეხებათ, არამედ მხოლოდ იმ უმეცარ სულელებს საწინაარმდეგო ბანაკიდან, რომლებიც უარს ამბობენ იმაზე, რომ თქვენი თეორია ერთადერთ გონივრულ თეორიად მიიღონ. რა თქმა უნდა.

3. „დაიჯერო“ ან „საკუთარი თავი დაარწმუნო“ - ნიშნავს დაემსგავსო მსახიობს: ითამაშო მანამ, სანამ თამაში რეალობად არ იქცევა. ან, როგორც ჯაზმენები ამბობენ: „გააყალბე, სანამ არ გააკეთებ“.