Narcissy 1 1024x717

მთარგმნელი: ლიკა მარღანია

წყარო

უთუოდ გექნებათ გაგონილი, თითქოს მსოფლიოს ნარცისიზმის ეპიდემია მოედო: ასეა, მაგრამ, არც არის ასე. ის, რასაც მოდურ წიგნებში მოარულ ნარცისიზმზე წერენ, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ცნებების ჩანაცვლება მავნე სტერეოტიპებით. და კიდევ, ნარცისები ამაყი დემონები კი არ არიან, რომლებიც თავს სხვებზე აღმატებულად თვლიან. თქვენ წარმოდგინეთ, ყველაფერი სწორედ რომ პირიქითაა.

თუ ფიქრობთ, რომ მილენიალი, ან Z თაობის წარმომადგენელი ხართ, თუ თქვენ ხშირად ‘პოსტავთ სელფებს’, ეჭვსგარეშეა, რომ ადამიანებს არაერთხელ დაუდანაშაულებიხართ ნარცისიზმში. ფსიქიატრიის ცნობარებიდან ამ სიტყვამ სასაუბრო ენაშიც გადმოინაცვლა და იქცა იმ ადამიანების საბრალდებო ტერმინად, ვინც (ჩვენი აზრით) თავმოწონებისა და გადამეტებული თვითშეფასების დემონსტრირებას ახდენს და მუდმივად საჭიროებს სხვებისგან ყურადღებას. 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქმის ყველა გარშემო - აშკარა თუ ფარული ნარცისია. ამ უბედურების მასშტაბები უზარმაზარია, ხოლო შედეგები - გამანადგურებელი: მხოლოდ საკუთარ განცდებზე ჩაციკლვა, მარტოობა და სოციალური ქსელების უკონტროლო მოხმარება. თუმცა, მართლაც რომ ვცხოვრობდეთ ნარცისიზმის ეპოქაში, მაინც არ არის საქმე ისე ცუდად, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ.

როგორ გამოცხადდა ნარცისიზმი ეპიდემიად

„მე ვთვლი, რომ განსაკუთრებული ადამიანი ვარ“. „მე შემიძლია ვიცხოვრო, როგორც მე მსურს“. „მე რომ ვმართავდე მსოფლიოს, ის უკეთესი იქნებოდა“. „მე რომ ტიტანიკზე ვყოფილიყავი, პირველი უნდა ჩავესვით ნავში“.

ეს არის მტკიცებულებები ნარცისიზმის დონის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტებიდან. სოციალური ფსიქოლოგების, ჯინ ტვენჯისა და კიტა კემპბელის კვლევების თანახმად, 1982-დან 2009 წლამდე ეს მაჩვენებელი გაიზარდა ამერიკული კოლეჯების სტუდენტების ნახევარში.მათთან ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია, ვიდრე წინა თაობების წარმომადგენლებში.

ისინი თვლიან, რომ უნიკალურები არიან და იმსახურებენ განსაკუთრებულ მოპყრობას, ნაკლებ ინტერესს ავლენენ გარშემომყოფების მიმართ, საკუთარ თავს არარეალურ მიზნებს უსახავენ და წარუმატებლობას ცუდად იტანენ.

თავიანთ ბესტსელერში „ნარცისიზმის ეპიდემია“ ტვენჯმა და კემპბელმა დაასკვნეს, რომ ჩვენ მასშტაბური კულტურული პანდემიის შუაგულში ვიმყოფებით. მათი აზრით, დასავლურმა ინდივიდუალზმმა ძალიან შორს შეტოპა: „მას შეუძლია ისეთი დადებითი შეგრძნებების წყაროდ მოგვევლინოს, როგორიცაა თანასწორუფლებიანობა და მოთმინება, მაგრამ უმალვე ნაკლოვანების სტატუსს იძენს, როცა ნარცისიზმსა და თავდაჯერებულობაში გადაიზრდება“.

იდეა, რომ ცხოვრებაში მთავარი საკუთარი თავის სიყვარულია, უკვე თავსმოხვეულ კულტურულ მანტრაში გადაიზარდა. მილიონობით მშობელი წლების მანძილზე უნერგავდა თავის შვილებს, თუ როგორი განსაკუთრებულები და არაჩვეულებრივები იყვნენ ისინი. ბავშვები გაიზარდნენ და, ასე გადაწყვიტეს, რომ ყველა ყველაფრის ვალდებულია მათ წინაშე. როგორც მწერალი ბრეტ ისტონ ელისი ამბობდა, „ჩვენ გავზარდეთ თავდაჯერებული და ოპტიმისტური ადამიანების თაობა, რომლებიც, ფაქტობრივად, პარალიზდებიან, როგორც კი მათ ცხოვრებაში ნეგატივის წვეთი გამოჟონავს“.

ბევრი მკვლევარი ოპონირებს ამ მტკიცების ჭეშმარიტებას გლობალურ მასშტაბში. თუმცა, თავის თავზე შეყვარებული მილენიალის სტერეოტიპმა იმდენად ძლიერად მოიკიდა ფეხი კულტურაში, რომ მისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია. მცირე ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თვითონ მილენიალებიც კი დარწმუნებულები არიან, რომ მათ შორის ბევრია ნარცისი - თუმცა, ეს აზრი მათშივე შფოთსა და განგაშს იწვევს.

უფროსი თაობები ყოველთვის ადანაშაულებდნენ უმცროს თაობებს ეგოიზმში, სიზარმაცესა და მორალური პრინციპების უგულებელყოფაში. ჯერ კიდევ არისტოტელე ჩიოდა და წუხდა თავდაჯერებული ახალგაზრდების გამო, რომლებსაც ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე.

XVIII საუკუნის ერთ-ერთ ამერიკული ჟურნალის რედაქციაში გაგზავნილი წერილის ავტორი ახალგაზრდა თაობას მოიხსენიებდა, როგორც „გაზულუქებულ, უნიათო და ქალურობის ნიშნით გამორჩეული ნარცისებისა და უსაქმურების რასას“. თუმცა, დღევანდელი კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა - მათ მხარეზე ცრუ წარმოდგენები და სტერეოტოპები კი არა, მკაცრი მეცნიერული ფაქტები დგას.

„მე ვაპირებ ზუსტად ისე მოვიქცე, როგორც მოხუცები იქცეოდნენ მუდამ, მთელი ისტორიის მანძილზე: ყველას, ვინც ჩემზე ახალგაზრდაა, ვუწოდო ზარმაცი, საკუთარ თავზე შეყვარებული, ზედაპირული და სულმოკლე ადამიანი“. მაგრამ მე ხომ წინ კვლევები მიდევს! აქვეა სტატისტიკა! პატივსაცემი მეცნიერების ციტატები! ჩემი მშობლებისგან, ბებიების, ბაბუებისა და მათი წინაპრებისგან განსხვავებით, მე მტკიცებულებები გამაჩნია“. (ჟურნალი "თაიმი" - "მე მე მე - თაობა"

როგორც გაირკვა, ამ მტკიცებულებებს საკმაოდ არამყარი საფუძველი აქვს.

ნარცისიზმის ეპიდემიის შესახებ ხმამაღალი განცხადებების ავტორები თავიანთ აზრებს 1978 წელს შემუშავებული კითხვარის მეშვეობით ნარცისიზმის თემაზე ჩატარებული პიროვნული გამოკითხვის შედეგებზე ამყარებენ (NPI). გამოკითხვაში რეგულარულად მონაწილეობდნენ ამერიკული კოლეჯების სტუდენტები, ამიტომაც დღეისათვის მეცნიერებს მონაცემების დიდი რაოდენობა დაუგროვდათ. პრობლემა იმაშია, რომ ტესტი მხოლოდ გადამეტებულ კი არა, ჯანსაღ თვითშეფასებასაც ზომავს.

ეთანხმებით, თუ არა ამ თეზებს: „მე მომწონს საკუთარი სხეულის ყურება“, „მე მჩვევია საკუთარ თვალსაზრისის ჯიუტად დაცვა“ და „მე თავს კარგ ლიდერად მივიჩნევ“ ? თუ ეთანხმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნარცისების რიგებში.

აღსანიშნავია, რომ NPI-ის გამოკითხვის შედეგებში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქალებში დაფიქსირდა. შესაძლოა, ეს, უბრალოდ, ემანსიპაციის შედეგია და არა რაღაც იდუმალებით მოცული კულტურული დაავადება.

Narcissy 3 1024x717

სხვა მტკიცებულებები კიდევ უფრო საეჭვოდ გამოიყურებიან. ტვენჯი და კემპბელი დააკვირდნენ, რომ პირის ნაცვალსახელის „ჩვენ“ გამოყენება ლიტერატურაში მცირდება, ხოლო „მე“, იზრდება. სიტყვა „მიღება“ უფრო ხშირად გამოყენებადი გახდა, ხოლო „გაცემა“ - პირიქით, იშვიათად. სწორედ აქედან გამოაქვთ მათ დასკვნა ნარცისიზმის გავრცელების შესახებ.

მაგალითის სახით მოჰყავთ სიტყვები კანიე უესტის სიმღერიდან: „მე - ღმერთი ვარ/ დაუჩქარეთ მაგ ჯანდაბა მასაჟს/.../ გამოაგორე ‘პორშე’ მაგ დამპალი გარაჟიდან“, რაც ნამდვილად ტოვებს თავის თავზე შეყვარებული ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ, განა ნაცვალსახელების გამოყენების ჯერადობისა და ჰიპ-ჰოპის შემსრულებელთა ტექსტების მიხედვით შეიძლება სერიოზულად ვიმსჯელოთ ეპოქის განწყობაზე?

სხვა მკვლევარები არ ეთანხმებიან თვალსაზრისს, რომ ნარცისიზმის დონე უკანასკნელი წლების მანძილზე რამე სახით შეიცვალა. როგორც ილინოისის შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა გვაჩვენეს, საუთარ „მე“-ზე ჩაციკლვა პიკს აღწევს ახალგაზრდობის წლებში და ასაკის მატებასთან ერთად მცირდება.

ტიპური მახასიათებლები, რომელსაც მილენიალებს მიაწერენ - მოუთმენლობა, გადამეტებული კარიერული მოლოდინები და საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ ლტოლვა - უფრო ზუსტად შეიძლება ერთი სიტყვით ავხსნათ: ახალგაზრდობა.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ყოველი (მომდევნო) თაობა - ეს „მე“ თაობაა. სოციალურმა ქსელებმა მცირედ თუ შეცვალეს მდგომარეობა. ფეისბუკი და ინსტაგრამი უბრალოდ ახალი სივრცეა საკუთარი მიღწევებისა და თვითტკბობის სადემონსტრაციოდ, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სწორედ მათ გადაგვაქციეს ნარცისებად.

თანამედროვე კრიტიკოსებს, რომლებიც უსვამენ დიაგნოზს მთელ თაობას, ზოგჯერ ავიწყდებათ საკუთარ თავზე შეყვარებულობასა და სრულფასოვან ნარცისულ აშლილობას შორის არსებული განსხვავება. ნებისმიერმა, ვინც ნამდვილ ნარცისს შეხვედრია, იცის, რომ აღმატებული თავმოყვარეობა და სმარტფონით გადაღებული ავტოპორტრეტებისადმი სიყვარული, სულაც არ არის მათი მთავარი მახასიათებელი.

ნარცისიზმი ≠ საკუთარი თავის სიყვარულს

ფსიქოლოგები ჯერ კიდევ დაობენ, როგორ განსაზღვრონ ნარცისიზმი, მაგრამ იმაზე, რომ ნარცისული თვისებები ყოველ ადამიანშია, არავინ დაობს. თუ თქვენ ფსიქიკურად ჯანმრთელი ხართ, ტვინი აუცილებლად ‘მოგიყვებათ’ წარმატების ისტორიებს, რომელშიც თქვენ უფრო უკეთესი და კეთილი ხართ, ვიდრე სხვა ადამიანები. შესაძლოა, სირთულეებს და უსიამოვნებებსაც გადაეყაროთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, თქვენ ბედი დაგასაჩუქრებთ.

რა უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ადამიანის მისწრაფება, რომ თავი განსაკუთრებულად მიიჩნიოს - ნორმალური მდგომარეობის ნაწილია.

კვლევები ერთიმეორის მიყოლებით გვიჩვენებენ, რომ ადამიანთა 75%-ს თავი სხვა ადამიანთა უმრავლესობაზე უკეთესად მიაჩნია თითქმის ყველა ნიშნის მიხედვით: მანქანის ტარებიდან დაწყებული მათემატიკის ცოდნით დამთავრებული, კეთილგანწყობით დაწყებული - ცრურწმენებისკენ მიდრეკილებამდე. რეალურად, გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ისინი, ვისაც მსუბუქი დეპრესია აღენიშნება - ისინი უფრო ობიექტურად აფასებენ საკუთარ თავს.

ჯანსაღი ნარცისიზმი საშუალებას გვაძლევს საკუთარი მნიშვნელობა, განუმეორებლობა და უნიკალურობა შევიგრძნოთ. და ამაში არაფერია დასაძრახი - ვიდრე ეს ხელს არ შეგიშლით სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობის განცდაში და საკუთარი ნაკლების აღიარებაში. თუკი საქმე უკიდურეს გამოვლინებებამდე მივა, ნარცისიზმი პათოლოგიად გადაიქცევა და საშიში ხდება.

პიროვნების ნარცისული აშლილობა, DSM-V სტატისტიკური სახელმძღვანელოს თანახმად, მოსახლეობის 1-6%-ს შეეხება და შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: გრანდიოზული წარმოდგენა საკუთარ თავზე, უკიდეგანო წარმატების ფანტაზიებში ფრენა, საკუთარი განსაკუთრებულების რწმენა, გადამეტებული შექების მოთხოვნილება, მანიპულაციებისადმი მიდრეკილება და ემპათიის არარსებობა.

პათოლოგიურ ნარცისებად, ცხადია, არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან მშობლის სითბოს დეფიციტის შედეგად ადრეულ ასაკში, ან, ფსიქოლოგიური ზეწოლის, ან გადამეტებული ზრუნვის შედეგად, როდესაც მშობლები ცდილობენ ბავშვის დაცვას ნებისმიერი უარყოფითი ემოციისგან (რაც, ასევე წარმატებით შეიძლება ჩაითვალოს ბავშვის უფლებების შელახვის ფორმად). ზოგიერთი ნარცისი - ძალაუფლებისმოყვარე ექსტრავერტია, რომელსაც მოსწონს თავის ხაზგასმულად გამოჩენა, ქება-დიდებასა და აპლოდისმენტებში ნებივრობა. სხვები უფრო საკუთარ თავში იძირებიან და ძალზედ მგრძნობიარენი ხდებიან კრიტიკის მიმართ.

უარეს შემთხვევაში, ნარცისიზმი ჰარმონიაშია „ბნელი ტრიადის“ დანარჩენ ორ მხარესთან - ფსიქოპათიასა და მაკიაველიზმთან. ხასიათის ეს თვისებები, ფაქტობრივად, არ ექვემდებარება თერაპიას და საშიშია გარშემომყოფთათვის.

ზოგიერთი ფსიქიატრი ცალკე გამოყოფს კიდეც აშლილობას, როგორიცაა ნარცისის მსხვერპლის სინდრომი. ადამიანები, რომლებიც ახლო ურთიერთბაში იმყოფებიან ნარცისთან, მუდმივად განიცდიან შიშს და ბრაზს საკუთარი უმწეობის გამო, თავს მოტყუებულად გრძნობენ და საკუთარ ადექვატურობაში შეაქვთ ეჭვი.

ნარცისიზმი შეიძლება გამოვლინდეს სრულიად სხვადასხვა ფორმით, და საკუთარ თავზე შეყვარებულობა, სულაც არ წარმოადგენს აქ მთავარ შემადგენელს. ადამიანისთვის ასეთი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ზედაპირული დაკვირვებების საფუძველზე არ იქნებოდა მართებული - ამის დადგენა მხოლოდ ფსიქიატრს შეუძლია გულმოდგინე დაკვირვების შედეგად.

Narcissy 2 1024x717

როგორც თანამედროვე ფსიქოთერაპევტები მიიჩნევენ, ნარცისული პიროვნული აშლილობის საფუძველში უსაზღვრო პატივმოყვარეობა კი არ დევს, არამედ ფსიქიკის რღვევა და ორ ელემენტად დაყოფა: გრანდიოზულ „მე“-დ და არარაობა „მე“-დ. პრობლემის წყაროდ გვევლინება არა ზედმეტი თავმოყვარეობა, არამედ, მისი დეფიციტი.

როგორც ფსიქოანალიტიკოსი სენდი ჰოთჩიქსი წერს, „როდესაც ვაწყდებით ნარცისული პიროვნების ქედმაღლობას, თქვენ ხედავთ არა ნამდვილ სიამაყეს, არამედ ღრმა და ირაციონალურ შიშს საკუთარი არარაობის წინაშე“. ჭეშმარიტი ნარცისის მთავარ მიზანსა და მოთხოვნილებას სწორედ სხვების ხარჯზე თვითდამკვიდრება შეადგენს.

„ისინი ეძებენ ადამიანს, რომელიც შეძლებდა სარკისებურად აერეკლა მათი მნიშვნელოვნების განცდა და რომელიც, იმავდროულად, თავზე აიღებდა მათი სირცხვილისა და შურის აუტანელ ტვირთს. ნარცისული პიროვნებისთვის პარტნიორი მხოლოდ საშუალებაა, რომელიც მას ხელს შეუწყობს თავისი გახლეჩილი პიროვნების ნაწილების გამთლიანებაში, თავისი რესურსების შევსებაში და, ასევე, დაეხმარება მას თავისი პიროვნული დეფექტების დაფარვაში“. (წიგნიდან: "ჯოჯოხეთური ქსელი - როგორ გადავრჩეთ ნარცისიზმის სამყაროში")

თუ თქვენ გაწვალებთ აზრი, რომ შეიძლება ნარცისი ხართ, ჩათვალეთ, რომ საქმე კარგადაა. მაგრამ, თუკი ფიქრობთ, რომ გარშემო ყველა ნარცისია, თქვენს გარდა, მაშინ კი, ნამდვილად უნდა შეშფოთდეთ.

ის, რაც სხვის თავს ხდება

არსებობს მთელი რიგი ვებ-გვერდების, იუთუბ-არხების და პოპულარული სტატიებისა, რომლებიც ნარცისულ აშლილობას ეძღვნება. ისინი აღწერენ ნარცისიზმის ტიპებს, ტიპური ნარცისისგან თავდაცვის, ნარცის პარტნიორებთან, ნარცის მშობლებთან, ნარცის ბოსებთან და ნარცის ხელქვეითებთან მანიპულაციისა და ბრძოლის მეთოდებს. წიგნები იმის შესახებ, თუ „როგორ ამოვიცნოთ და უვნებელვყოთ ნარცისი“, უზარმაზარ აუდიტორიას იზიდავენ და ეს საკითხები ბლოგებში ცხოველი დისკუსიის საგანი ხდება.

ასეთი მსჯელობები ბადებენ მყარ შეგრძნებას, რომ ნარცისები ახლა ყველგან არიან ჩვენს გარშემო.

„ნარცისიზმის კულტივირებას თანამედროვე საზოგადოება ახდენს, ხდება მისი წახალისება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და ინტერნეტ-სივრცეში. ნარცისიზმის ეპიდემიის გამო, ამ სენით ‘დაავადებულებთან’ კონტაქტი თითქმის გარდაუვალია...

ნარცისები რომ მხოლოდ უბირი, ჩვეულებრივი ვიგინდარები ყოფილიყვნენ, მათთან ურთიერთქმედების თავიდან აცილება მარტივად იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ მათი მიმზიდველობის ძალა, მათი მომნუსხველობა და შარმი მაგნიტივით მოქმედებს და ჩვენ სულ უფრო მეტად ვილტვით სწორედ მათკენ“ (წყარო).

ლინგვისტები აფიქსირებენ მნიშვნელოვან ცვლილებას რუსულ ენაში: მასში ახალი ლექსიკა დამკვიდრდა, რომელიც საკუთარი საზღვრების გავლებას, ფსიქოტრავმებს და ფსიქოლოგიურ თავდაცვებს უკავშირდება: ტოქსიკური ურთიერთობები, გალაითება, ტრიგერირება, ჰეიტირება, გაუფასურება.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ადრე ნორმად ითვლებოდა, ცხოველი ყურადღებისა და კრიტიკის ობიექტად იქცა. მიუხედავად იმ სარგებლისა, რაც ამ პროცესს თან სდევს, მას ჩრდილოვანი მხარეც ახლავს - მისწრაფება სხვა ადამიანებისთვის იარლიყების მიწებებისკენ და მათი განსჯისკენ იმ თვისებების გამო, რაშიც არ გვსურს საკუთარ თავს გამოვუტყდეთ.

თუკი ჩვენ ჩავთვლით, რომ ყველა ნარცისი და ავადმყოფი მხეცია, მაშინ ჩვენ გავეცლებით მათ, თითქოს მათ არავითარი კავშირი არ ჰქონდეთ ჩვენს საკუთარ გამოცდილებასთან. მაგრამ ნარცისული თვისებები ყოველ ადამიანშია. ლოგიკა „შენ ისე მოიქეცი, რომ მე არ მომეწონა, შენ დესტრუქციული პიროვნება ხარ“ - სწორედ ის არის, რაც მათ ასაზრდოებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება მეტ თანაგრძნობას იჩენს მათ მიმართ, ვინც მენტალური აშლილობით იტანჯება, ჩვენ სათანადოდ არ ვავრცელებთ ამ თანაგრძნობას ჭეშმარიტ ნარცისებზე - მიუთითებს ფსიქოთერაპევტი ჯოზეფ ბურგო. დიაგნოზი „პიროვნების ნარცისული აშლილობა“ ფაქტობრივად ადამიანურ იერსახეს ართმევს ამ პიროვნებას. ნარცისები - ეს ბოროტი სულებია: ეგოისტურები, პრეტენზიულები, მათთვის უცხოა მეგობრობის გრძნობა, უგულო ექსპლუატატორები არიან, სასტიკები და შურისმაძიებლები. მოკლედ, ისინი ჩვენ არ გვგვანან და ჩვენ ისინი არ გვიყვარს“.

სხვების დადანაშაულება ნარცისიზმში ჩვენ საშუალებას გვაძლევს თავი აღმატებულად და სხვაზე უკეთესად ვიგრძნოთ. ჩვენ არ ავყევით ამ საყოველთაო სიგიჟეს და დავრჩით კეთილები, თავმდაბლები და თანაგრძნობით აღსავსენი. მაგრამ ეს შეგრძნება მოჩვენებითია.

ჯერ კიდევ 1970-იან წლებში კულტურის კრიტიკოსები საუბრობდნენ ნარცისიზმის კულტურაზე, რომელიც ზედაპირული სიამოვნებებისა და გადამეტებული თვითშეფასების წახალისებას ეწევა. მათი ბრალდებები ძალიან ნაცნობი ჟღერადობისაა: შრომის ეთიკა დასამარდა, ჰედონიზმი და საკუთარი სურვილების დამონება იქცა მთავარ ღირებულებად. რელიგიამ ადგილი დაუთმო „თვითსრულყოფისკენ სწრაფვის ნარცისულ კულტებს“. საზოგადოებამ დაკარგა თავისი მორალური კომპასი. ამ რღვევისა და დაცემის ნიშნებს ისინი ყველგან ხედავდნენ გარშემო დისკო-საღამოებში, ფსიქოთერაპიით გატაცებაში, ტრუსებით სირბილში და 30 + ასაკში ჯინსებით სიარულში.

თუკი ჩვენ მართლა ნარცისიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, უპრიანი იქნებოდა ამ აშლილობის კრიტერუმების ჩამონათვალში კიდევ ერთი დაგვემატებინა: „აკვიატებული მისწრაფება სხვების ნარცისიზმში დადანაშაულებისკენ“.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...