301117geopoliticsgeneric1 580x358

ავტორი: მამუკა გურული

ჯერ დავიწყოთ მოცემულობით.

ნებისმიერი სახის ეპიდემია და პანდემია რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის მომგებიანია (პოლიტიკური რეიტინგის თვალსაზრისით) ეს ალბათ ბევრმა იცის. ნებისმიერი მსგავსი მასობრივი მღელვარების დროს ადამიანთა უმეტესობა მასობრივადაა ფიქსირებული ბიოგადარჩენის წრედში (მარტივად რომ ვთქვათ: შიში/უსაფრთხოების სიბრტყე, ე.წ. რეპტილიის ტვინი - ნეიროლოგიაში). ამიტომ ნებისმიერი მთავრობა მასისთვის „უსაფრთხოების გარანტის“ როლში აღიქმება. აქ საუბარი არაა იმაზე, თუ როგორ და რა დონეზე მოქმედებენ ამ საგანგებო სიტუაციის დროს მთავრობები (და მადლობა ყველა იმ მთავრობას, ვინც სწორად და ეფექტურად მოქმედებს), აქ საქმე იმაშია, რომ არასწორი და მავნებლური მოქმედების დროსაც კი, ძალაუფლება ამ ვითარებაში მხოლოდ სახელმწიფო უწყებების ხელშია (და რა თქმა უნდა ხალხის კოლექტიურ ძალაში, რომელიც ამ შემთხვევაში უმართავია და მის მართვას სწორედ ის ცდილობს, ვისაც ოფიციალური ძალაუფლება აქვს).

იმ დროს, როცა ბიოუსაფრთხოება განგაშის სიგნალს რთავს (მასიურად), აქ უკვე რაციონალური განრჩევა იმისა, თუ რა არის გონივრული ან არაგონივრული ქმედება, მასის კოლექტიური ქვეცნობიერის მიერ აღარ ხდება. ხელისუფლებამ უხეში ძალაც რომ გამოიყვანოს, და რაც მთავარია არასწორადაც რომ გამოიყენოს ძალა, მოსახლეობის მიერ იგი მაინც აღიქმება, როგორც „რკინის ხელი“, რომელსაც სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად უპყრია სადავეები. ამ დროს უძალაუფლებო (ანუ პერსპექტივაში ძალაუფლების მქონე და თუნდაც რეიტინგული ოპოზიციური ძალები) თავიანთ რეიტინგს კარგავენ. მათგან რეიტინგის ასაწევი ერთადერთი ქმედება იქნება, თუ ხელისუფლებას გვერდში დაუდგება და დაეხმარება, ან როგორც მინიმუმ არ შეუჩიჩხინებს მაინც (გვერდით წყნარად იდგება).

შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს შანსი მეტად გამოავლინოს თავისი ის რესურსი, რასაც მშვიდობიანობის მდგომარეობაში ნაკლებად იყენებდა (ანუ როგორც წესი მეტი შეეძლო და ნაკლებს აკეთებდა (რიგი ქვეყნების შემთხვევაში თითქმის საერთოდ არაფერს აკეთებდა). ნავთობისფასის, დოლარის კურსის და ა.შ. მკვეთრი ცვლილებებიც შიშს და პანიკას უფრო მეტად აძლიერებს, რითაც იგივე პროცესებს უწყობს ხელს. 

გადავიდეთ ქართულ რეალობაზე. მთავრობა როგორიც გვყავს ყველა ვხედავთ. მთავრობისადმი ჩემი პირადი დამოკიდებულებისგან ამ სტატიაში თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქართულ ოცნებას პოკერის ენით თუ ვიტყვით, სტრეიტ ფლეში შეხვდა, და ამ კომბინაციას მხოლოდ როიალ ფლეში თუ მოუგებს. ქართული ოცნება Covid-19-ს სანთლებს უნდა უნთებდეს, იმდენად მომგებიან პოზიციაში დატოვა. მისი რეიტინგი რა თქმა უნდა დავარდნილი იყო, და იმ ხალხის თვალში, რომლებიც როგორც მინიმუმ მესამე სემანტიკურ წრედში არიან (ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რაციონალური აზროვნება და ინტელექტი აქვთ), რეიტინგი დაახლოებით იგივე დარჩებოდა). მაგრამ, ისევ ვიმეორებ, რომ მსგავსი სიტუაციების დროს გონიერი ადამიანების ფიქსაციაც კი რაღაც დროით ბიოგადარჩენა-უსაფრთხოების წრედზე ჩამოდის, რომ არაფერი ვთქვათ მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც ფიქსაცია ისედაც ამავე, ან მეორე წრედში (ემოციურ-ტერიტორიული) ჰქონდა. მოსახლეობის ეს ნაწილი კი თითქმის ყველა ქვეყანაში საკმაოდ დიდ წარმოადგენს, და განსაკუთრებით საქართველოში, სადაც უსაფრთხოების შეგრძნება დაბალია და ადამიანები მუდმივი სტრესის, დაძაბულობის და შიშის ქვეშ არიან. შესაბამისად, მალეც რომ ჩაცხრეს ეს პანიკა, რომლის ხელოვნურად გაგრძელებასაც ყველა არარეიტინგული მთავრობა ეცდება, გარკვეული პერიოდი (მინიმუმ 5-6 თვე) მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მაინც მეტი ნდობა ექნება იმ მთავრობის, რომელმაც „სიკვდილს გადაარჩინა“, და სტაბულურობის სურვილი გადაწონის სარისკო და უცნობი სიახლის სურვილს.

ამ სიტუაციაში როგორც უკვე აღვნიშნე ოპოზიციას ორი გამოსავალი რჩება: ან გვერდით დაუდგეს ამ საგანგებო სიტუაციის დროს მთავრობას (რაც სრულიად სწორი და ბუნებრივია, მაგრამ რეიტინგს დიდად მაინც ვერ აუმაღლებს ხელისუფლებასთან მიმართებაში), ან ჩაუსაფრდეს და დაუთვალოს რამდენ შეცდომას დაუშვებს მთავრობა ამ საგანგებო სიტუაციისას. მაგრამ ოპოზიციამ რომ ფსიქო-სოციოლოგია კარგად იცოდეს (რაც მეეჭვება, მისი ზოგიერთი ქმედებიდან, განსაკუთრებით „მთავარი არხის“ კიდევ უფრო დამძაბველი ფონიდან გამომდინარე), იგი ყველა შემთხვევაში თავს შეიკავებდა ამ დროს მთავრობის კრიტიკისგან და მაქსიმუმს გამორჩებოდა (პოლიტიკურად) ამ სიტუაციაში.

პირველ და მეორე წრედებში (ე.წ. რეპტილიური და ძუძუმწოვრის ტვინები) ფიქსირებული მოსახლეობა ყოველთვის იმაზე დებს ფსონს, ვინც საფრთხის დროს „სიკვდილს გადაარჩინა“, ხელისუფლება ამ დროს მშობლის არქეტიპში შედის და ეს უბრალოდ კოლექტიური ფსიქოლოგიის კანონია, განსაკუთრებით ინფანტილური საზოგადოების პირობებში. პუტინმა რუსეთში ბევრჯერ გამოიყენა ეს მეთოდი რეიტინგის ასამაღლებლად (გაიხსენეთ ტერაქტები რუსეთში და ჩეჩნეთის ომი).

რაც შეეხება საზოგადოების მეტ-ნაკლებად ინტელექტუალურ (ნამდვილი და არა მოჩვენებითი ინტელექტით) ნაწილს, ისინი უმცირესობაში არიან, და კონკრეტული საფრთხის სიტუაციაში შეიძლება მოირგონ კიდეც შვილის როლი „მშობელ“ ხელისუფლებასთან მიმართებაში, მაგრამ საფრთხის გადავლისთანავე ისინი ამ როლიდან ისევ გამოდიან და რეალობის შესაბამისად აქვთ, ან არ აქვთ „პროტესტი მშობლის მიმართ“. უფრო მეტიც ინტელექტუალური საზოგადოება ხვდება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების დიდ უმრავლესობაზე მაღლა დგას ცნობიერების დონით, მაგრამ არა ძალაუფლებით... და აქაა კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა ამჯერად ვექტორული ფსიქოლოგიის კუთხით შევეხო:

დღეს მსოფლიოში, და მითუმეტეს საქართველოში, ძალაუფლება ყნოსვურ ზომას ეკუთვნის. რეალურად ხელისუფლებასა და ჯანსაღ ოპოზიციას შორის დაპირისპირება - ესაა დაპირისპირება ყნოსვურ და კან-ვიზუალურ ზომებს შორის (სმენური ზომა გარკვეული მიზეზების გამო ჯერ არ ფლობს იმ ძალას და განვითარებას საქართველოში, რომ ამ თამაშებში აქტიური როლი ითამაშოს). და ეს ბრძოლა მართლა დაძაბულად მიმდინარეობდა, გადამავალი უპირატესობებით. უსაფრთხოება - ესაა ყნოსვის ფუნქციური ველი, აქ ის ბოლომდე შლის ფრთებს, და ეპიდემიის დროს ბუნებრივია კან-ვიზუალური ზომა უკან იხევს და მხოლოდ სოციალური აქტივობების მხრივ აქტიურობს (ხელისუფლებას იმ პერიოდში ვერ დაუპირისპირდება, მითუმეტეს აქციებით). თუ ყნოსვური ზომის ძალით შევაფასებთ, ამ შემთხვევაშიც უპირატესობა ხელისუფლების მხარესაა (უფრო მეტი და ძლიერი ყნოსვა ჰყავთ, ვიდრე ოპოზიციას).

შესაბამისად, პროგნოზი ასეთია: ხელისუფლებაში ისევ ოცნება მოვა. რა პროცენტით და როგორ, ამას უკვე არჩევნებამდე დარჩენილი დრო გადაწყვეტს, მაგრამ ოპოზიცია მხოლოდ როიალ ფლეშის იმედზე თუ იქნება.

პირველი და მეორე წრედში ფიქსირებული ადამიანები ალბათ გამიბრაზდებიან, რა დროს პოლიტიკური შეფასებებია, ხალხი საფრთხეშიაო, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ეს ადამიანები ამ სტატიას მაინც ვერ გაიგებენ (ამისთვის საკმაოდ განვითარებული სემანტიკური წრედი (გონებაა) საჭირო).

მე ვფიქრობ ოცნებას როიალ ფლეშად მაინც საპატრიარქო ჰყავს შემონახული, რომელიც საფრთხის შემთხვევაში „დალოცავს“ კორონაზე „გამარჯვებულ“ ხელისუფლებას, და ისინი განაგრძობენ მოსახლეობის ერთობლივ მანიპულირებას პირველთან ერთად მეორე წრედით (ემოციურ ტერიტორიული წრედით). ემოციური წრედი ხომ უსაფრთხოების წრედთან უფრო მეგობრობს, ვიდრე სემანტიკურთან (ანუ ემოცია და მათ შორის რელიგიური გრძნობები შიშთან უფრო მეგობრობენ, ვიდრე გონებასთან).

ოპოზიციას ისღა დარჩენია - მიმართოს კარგ ფსიქოსოციოლოგებს და პოლიტოლოგებს თუნდაც სხვა ქვეყნიდან, ან თუ ამას არ გააკეთებს, ლოცვები გააძლიეროს. საუკეთესო შემთხვევაში კი ფსონი დადოს საკუთარი წევრების და მოსახლეობის ინტელექტუალურ განვითარებაზე (განათლებაზე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), მაგრამ ამას დიდი დრო ჭირდება და ამ პარტიის მოგების იმედს არ იძლევა. 

ეს ყველაფერი იმიტომ არ დამიწერია, რომ რომელიმე პარტიის წისქვილზე დავასხა წყალი. მიუხედავად იმისა, რომ ოცნების წისქვილზე ვასხამ ამით წყალს (თითქოს ვაფიქსირებ ამ რეალობას), მინდა რომ რეალურ გამოსავალამდე მივიდეს ხალხის შედარებით ინტელექტუალური ნაწილი, და გააცნობიეროს, რომ უკვე დროა გამოვიდეთ მასიურად ჩვენ მესამე და მეოთხე წრედებიდან, ხოლო პირველ და მეორე წრედებში მყოფნი გადავიყვანოთ როგორც მინიმუმ სემანტიკურ წრედზე (ანუ დავაფიქროთ). მუდმივად ერთ წრეზე ვიტრიალებთ, თუ ეს არ მოხდება. ამ სიტუაციაში გონივრული ნათქვამიც კი, თუ ბიოუსაფრთხოების წრედს მცირე საფრთხეს მაინც უქმნის, არაადეკვატურად აღიქმება და მას ან დასცინიან, ან უბრაზდებიან. მაგალითად ლიბერალური დამოკიდებულებები, რომლებიც ძირითასდად მესამე წრედის ფიქსაციაა, პანიკის დროს მასისგან ისევ და ისევ აგრესიას ან დაცინვას იწვევს.

გამოსავალი ყოველთვის არის. როიალ ფლეშთანაც კი არ წააგებ, თუ ამ თამაშს საერთოდ აღარ თამაშობ. თამაშიდან გამოსვლა, ანუ გამოღვიძება კი ცნობიერად უნდა მოხდეს. სანამ ამ თამაშში ვართ ჩართულები, ჩვენც გვმართავს შიში და უიმედობა. საზოგადოების კრიტიკული მასა თუ არ შეიცვალა, ოპოზიცია გაიმარჯვებს თუ ხელისუფლება სულერთია, რადგან ორივეგან დაახლოების ერთი დონის ცნობიერების ხალხია, რა თქმა უნდა სხვადასხვა პრიორიტეტებით. ისინი კვლავ პოკერს ითამაშებენ, საკუთარი სარგებელისთვის.

იმედია, ძალიან რთულად არ გამომივიდა. უფრო რომ შეხვიდეთ არსში, ბიოგადარჩენის წრედის და მანიპულირების მექანიზმების შესახებ წაიკითხეთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო თავი წიგნიდან - „პრომეთეს აღზევება“: "როგორ გამოვურეცხოთ ტვინი მეგობრებს და მოვახდინოთ ადამიანების რობოტიზაცია".

მოკლედ, კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ: მასიური გამოღვიძებაა საჭირო. ბიორობოტულ მექანიზმებში თუ ხარ, ბრმა პატრიოტიზმიც სახიფათოა და ქვეყნის ღალატიც. თავისუფალი ადამიანი მეხუთე (ნეირო-სომატური) წრედიდან, ანუ ნეოკორტექსზე ფიქსაციიდან იწყება. მანამდე მხოლოდ მარიონეტების თამაშია, და ვინ არიგებს კარტს, არავინ იცის... და იმისთვის, რომ გაიღვიძო, ჯერ უნდა გააცნობიერო, რომელ წრედში გძინავს... 

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ, და მოიწინეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე...