ავტორი: იოანე შენგელია

მრავალი ფიზიკოსისგან მოისმენთ, რომ სამყაროში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი არის ენერგიის სტრუქტურა სივრცესა და დროში. ეს ოთხი ელემენტი - სტრუქტურა, ენერგია, დრო, სივრცე - წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური პროცესის ფუნდამენტს.

მართლაც, სივრცესა და დროში მიმდინარეობს პროცესები ენერგიის ხარჯზე. ამრიგად, სამი ელემენტი უკვე გამოიკვეთა - სივრცე, დრო და ენერგია. სად არის სტრუქტურა? სტრუქტურა არის სწორედ ინფორმაცია პროცესის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ სტრუქტურა არის აბსტრაქტული იდეა პროცესზე, რასაც ენერგია „ხორცს ასხამს“ რეალურ სივრცეში და დროში.

ანუ კიდევ ერთხელ: არის აბსტრაქტულ იდეათა სამყარო, ანუ რეალობის „მოდელი“, სტრუქტურა, და არის რეალობა. იდეის რეალობაში განხორციელებას სჭირდება ენერგია, რადგან მხოლოდ იდეა წარმოადგენს აბსტრაქტულ ინფორმაციას, რომელსაც არ აქვს „წონა“. ენერგია არის მხოლოდ რეალობის ფუნქციონირების უნარი. ენერგიის ხარჯზე ხდება ნებისმიერი ფიზიკური პროცესის რეალიზება. ენერგია ახასიათებს ფიზიკური სისტემის ფუნქციონირების ხარისხს.

ამრიგად, სტრუქტურა არის ინფორმაციული მოდელი, მაგრამ ის რეალობაში შემოაქვს ენერგიას. სწორედ ენერგია უზრუნველჰყოფს ფიზიკური კანონების შესრულებას. ფიზიკური პროცესის კანონები ინფორმაციაა, მაგრამ მათი შესრულება ენერგიის ხარჯზე ხდება. მათი შესრულება რეალობაში, ანუ სივრცესა და დროში. აი ეს ოთხი ელემენტი არის ნებისმიერი ფიზიკური პროცესის ფუნდამენტი, და არ იქნებოდა გასაკვირი, რომ ფიზიკურ სამყაროში სხვა და სხვა დონეებსა თუ მასშტაბებში გამოვლენილიყო ამ ოთხი ელემენტის ფუნქციონირება. მათ შორის ფსიქოლოგიაშიც.

სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია გამოყოფს 8 ტიპაჟს, 8 საწყისს, რომლებიც სწორედ ამ ოთხი ელემენტის დუალობებით მიიღებიან. სივრცის დუალობაა - მატერია და ფორმა. დროის დუალობაა - წარსული და აწმყო. ენერგიის დუალობაა - ნაწილაკი და ტალღა. ხოლო ინფორმაციის დუალობაა - კონკრეტულობა და მასშტაბურობა.

ყველა ეს 8 ელემენტი დეტალურად მუშავდება ფსიქოლოგიის ჭრილში და ვიღებთ სისტემურ ფსიქოანალიზს, რომელიც ხსნის და ნათელს ჰფენს ისეთ მოვლენებს, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო მრავალი მკვლევარისთვის. ვექტორული ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან ისე ზუსტად და კარგად ჩანს მრავალი მოვლენა, როგორც არცერთი სხვა მიმართულებიდან (შეიძლება ვაზვიადებ).

რეალურად... თქვენ წააწყდებით უამრავ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას ან უამრავ ფილოსოფიურ მოძღვრებას. უმეტესობა მათგანს ახასიათებს ერთი შტრიხი: ითვლება, რომ ყველა ადამიანი "ერთი ტიპაჟია", და რომ ყველა ადამიანს სჭირდება, მეტ-ნაკლებად, ერთი და იგივე ფსიქოანალიზი. მაგრამ, როდესაც სიტუაციას სისტემურად უდგები, აღმოაჩენ, რომ ბუნება არ ქმნის ერთი და იგივე პოტენციალის და მისიის ობიექტებს. სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭიროა სხვა და სხვა ფუნქციების შესრულება. ყველა მათგანი ერთნაირად მნიშვნელოვანია, მაგრამ არსით განსხვავდება.

მაგალითად, მანქანის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროა არამარტო საჭე და მძღოლი, არამედ ისეთი დეტალები, რომელთა შესახებ უმეტესობა მძღოლებს არც კი გაუგიათ. ვინ იცის რამდენი პატარა „ჭანჭიკი“ თუ სხვა დეტალი გადამწყვეტ როლს ასრულებს მთელი სისტემის ნორმალური მუშაობისთვის. მათი როლი უფრო შესამჩნევია ხოლმე, როდესაც ისინი ფუჭდებიან.

ყველა ადამიანს ერთი და იგივე ფსიქოანალიზი ვერ მიუდგება. ერთი და იგივე არქეტიპები არ აქვს ყველას. არქეტიპები განსხვავდება და ჩვენი მისიებიც განსხვავდება საზოგადოებაში. სისტემური ფსიქოანალიზი ნამდვილად დიდი „გარღვევაა“ ფსიქოლოგიის სფეროში.

გაეცანით სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიას საქართველოს ოფიციალურ საიტზე svp.ge, და იპოვნეთ საკუთარი თავი ამ ცხოვრებაში.