ავტორი: იოანე შენგელია
ngc Breakthrough
ვინც სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში ერკვევა, ეცოდინება, რომ ფსიქოლოგიის ამ თანამედროვე მიმდინარეობას აქვს პოტენციალი რაგინდ ზუსტად ახსნას და აღწეროს მრავალი ისეთი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში თუ თითოეულ ინდივიდში, რაც აქამდე ბურუსით იყო მოცული. სისტემური მიდგომა არაჩვეულებრივი სიზუსტით და სილამაზით ხსნის უამრავ პროცესს. კერძოდ, წინამდებარე სტატიაში მსურს ვისაუბრო "მეცნიერის ტიპაჟზე" ვექტორული ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან.
 
დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. კერძოდ იმით, რომ გვაქვს 8 ვექტორი, და თითოეულ ადამიანს შეიძლება რამოდენიმე ვექტორი ჰქონდეს ამ რვიდან (ხშირად 3-4). ამასთან, თუ ადამიანს აქვს ორივე ტიპის ვექტორები (ზედაც და ქვედაც), მაშინ, როგორც წესი, ყალიბდება სცენარი, ანუ გამოიკვეთება ქვედა და ზედა ვექტორებიდან თითო-თითო, ისინი წყვილდებიან და "მიჰყავთ პარადი" ადამიანის ძირითად სურვილებში.
 
ერთ-ერთი ასეთი სცენარია ქვედა ვექტორებიდან ანალური ვექტორი, ხოლო ზედა ვექტორებიდან სმენის ვექტორი. ანუ, როგორც იტყვიან - ანალ-სმენა. ცხადია, ამ კომბინაციას (ისევე, როგორც ყველა სხვა კომბინაციას) გამოვლენის საკმაოდ ფართე დიაპაზონი აქვს, და სავარაუდო ტიპაჟების რაოდენობა უხვია. ამ დიაპაზონის სიდიადე რომ დაგანახოთ, მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჰიტლერიც და ალბერტ აინშტაინიც ანალ-სმენა იყო, მაგრამ სად ერთი და სად მეორეო, თქვენ გაკვირვებული იკითხავთ.
 
თქვენს შეკითხვას რომ პასუხი გაეცეს, ამისათვის საჭიროა სვფ (სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია) დაწვრილებით შეისწავლოთ, და მაშინ ნათელი გახდება თქვენთვის ადამიანების და კაცობრიობის მთელი სურათი. ახლა კი, თქვენის ნებართვით, ანალ-სმენის ერთ-ერთ დადებით ტიპაჟზე ვისაუბრებ. კერძოდ კი, ეს არის - მეცნიერის ტიპაჟი.
 
მივყვეთ სულ-სულ თავიდან..
 
"ღამის დარაჯიდან დიდ მეცნიერამდე"
 
ვინ არის სმენის ვექტორი? მისი ფუძეა "მთელი ინფორმაცია". და რა არის სმენის ვექტორის არქეტიპი? სმენის ვექტორიანები პირველყოფილ ჯოგში იყვნენ ღამის დარაჯები. ღამღამობით, როდესაც ყველას ეძინა, სმენის ვექტორი "თეთრად ათენებდა" ღამეებს, რათა კარს მომდგარი მტერი ან მხეცი შეემჩნია და ჯგუფისთვის ეცნობებინა მოსალოდნელი საფრთხისთვის. მაგრამ, როგორ უნდა შეამჩიო მტერი ღამე, როდესაც არაფერი ჩანს? ამისთვის სმენის ვექტორს განუვითარდა სმენითი აპარატი, რათა უსინათლობაში მოსმენით მაინც მიეღო ინფორმაცია გარე სამყაროზე. (მოგვიანებით, კაცობრიობაში ეს გამომჟღავნდა, როგორც ფაქიზი ბგერების აღქმა და მუსიკალური ხელოვნების ჩამოყალიბება. თუმცა, ამ სტატიაში მუსიკაზე არ ვისაუბრებთ)
ასეთნაირად, სმენის ვექტორი მიეჩვია ერთის მხრივ ინფორმაციის მოძიებას იქ, სადაც ის არ ჩანს, სიბნელეში. მეორეს მხრივ, ის მიეჩვია ღამეების თეთრად გათენებას. როდესაც არქაული ერა დასრულდა და ადამიანების ჯგუფებმა ააშენეს დიდი კედლები და ღამის დარაჯის მოვალეობებიც უფრო შემცირდა, სმენის ვექტორებს არქეტიპულად მაინც შემორჩათ ღამეების თეთრად თენების მიდრეკილება (ეს დღესაც ახასიათებთ სმენებს). ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც, ერთის მხრივ, მიჩვეულია ღამეების თენებას, მეორეს მხრივ კი მიჩვეულია ინფორმაციის მოძიებას სიბნელეში. რას მივიღებთ?
 
ღამის დარაჯებს საფიქრელად უამრავი დრო აქვთ. მითუმეტეს არქაულის მოგვიანებით ეპოქაში, როდესაც უკვე დამცავი კედლები არსებობს. ისინი არ არიან დაინტერესებულნი "ამაო" საკითხებით, მათ აქვთ დრო, რათა ერთხელაც მათში გაჩნდეს შეკითხვა - ვინ ვარ მე? რა არის ცხოვრების აზრი? რა არის სამყარო?
LookUp2
კიდევ ერთხელ.. სხვა ვექტორები დღე ფუნქციონირებენ, ომობენ, მუშაობენ, აშენებენ, და ა.შ. როდესაც დღე სრულდება, ისინი დასაძინებლად ემზადებიან, და ერთადერთი რაზეც ფიქრობენ, არის ის, თუ მომავალ დღეს რა უნდა გაკეთდეს. მათ აღარ აქვთ ენერგია იმისთვის, რომ ცხოვრების მოწყობის რაიმე ახალი იდეა მოიფიქრონ. და ასე რუტინულად მიდის ცხოვრება. მაგრამ, ბუნება ცნობს ევოლუციის პრინციპს, ამიტომაც, მათ პარალელურად ქმნის სმენის ვექტორსაც, რომელსაც უკვე აქვს პოტენციალი, რომ მოიფიქროს ახალი იდეები. იდეის ჩამოყალიბებას ადამიანში დრო და კონცენტრაცია სჭრიდება, ის, რაც ასე აკლია სხვა ვექტორებს უკვე ათასწლეულებია. ამიტომაც, მათი ფუნქცია არც არის იდეების გენერირება.
 
სამაგიეროდ, არის სხვა ვექტორი, რომლის ფუძესაც წარმოადგენს "მთელი ინფორმაცია", და რომელმაც კაცობრიობას უნდა შესთავაზოს ახალი იდეები, ესეიგი, გადაიყვანოს ის ახალ მეტაფიზიკურ სიბრტყეში. საუბარი რომ არ გაგვიგრძელდეს, მოდი ისევ მეცნიერების თემას დავუბრუნდეთ.
 
ამრიგად, სმენის ვექტორი ღამეებს ათენებს და მას აქვს დრო იმისთვის, რომ დასვას შეკითხვა: რა არის ცხოვრების აზრი? როგორ არის სამყარო მოწყობილი? და მსგავსნი.. ის ასევე მიჩვეულია ინფორმაციის მიღებას სიბნელეში, ესეიგი განჭვრეტას. ეს ფიზიკურ სამყაროში დაფარული ინფორმაციის მიღების უნარი რაღაც გაგებით სიმბოლიზებას უკეთებს მის ძირითად უნარს - მეტაფიზიკურ სამყაროში დაფარულის ჭვრეტას, ესეიგი ახალი იდეების გენერირებას.
 
თუ განვიხილავთ ინფორმაციის მეოთხედის მეორე ვექტორს - ვიზუალურ ვექტორს, მისი ფუძეა "კონკრეტული ინფორმაცია". ვიზუალი დღის დარაჯია და მისთვის არსებობს მხოლოდ ის, რაც ჩანს. სმენა კი ღამის დარაჯია, და მისთვის არსებობს მხოლოდ ის, რაც არ ჩანს. ამიტომაც, ვიზუალის ვექტორისთვის ინფორმაცია არის ის, რასაც შთაბეჭდილებით იღებ. ხოლო, სმენა მიდრეკილია ყოველი თვალსაჩინოს მიღმა ეძებოს რაღაც დაფარული. "მოუსმინოს" მეტაფიზიკურ სამყაროს, ესეიგი იმ იდეებს, რომლებიც მასში ჩნდებიან, და შემდგომ შეძლოს მათთვის კონკრეტული ფორმის მიცემა და ბოლოს გადმოცემა ჯგუფისთვის.
 
რას ნიშნავს დაფარულის განჭვრეტა თვალსაჩინოს მიღმა? სმენის ეს მიდრეკილება, რაც საუკუნეების განმავლობაში უყალიბდებოდა, ბოლოს გამოვლინდა, როგორც კანონზომიერებების აღმოჩენა. რადგან, ნებისმიერი სისტემის უკან დგას ამ სისტემის ფუნქციონირების ელემენტარული კანონზომიერებები. ეს კანონზომიერებები არ ჩანს ზედაპირზე. ზედაპირზე იყურება ვიზუალური ვექტორი, რომლის ფუძეა კონკრეტული ინფორმაცია, და ის ხედავს დეტალების მშვენიერებას და სილამაზეს. მაგრამ, ის ვერ ხედავს მთლიან სურათს. სამაგიეროდ, სმენის ვექტორი, რომლის ფუძეა მთელი ინფორმაცია, ხედავს სისტემას შორიდან, და ცდილობს აღმოაჩინოს ის, რაც იმალება "სიბნელეში", ესეიგი ამ სისტემის უკან - მისი ფუნქციონირების კანონზომიერებები.
 
თუ თქვენ ვიზუალურ ვექტორს თხოვთ დაგიხასიათოთ მაგალითად ვაშლი, ის იტყვის აბსოლუტურად კონკრეტულ ინფორმაციას. მაგალითად, აიღებს კონკრეტულ ვალშს, გეტყვით მის ფერს, ფორმას, ზომებს, გესაუბრებათ "ამ ლამაზ და საყვარელ არებაზე", რომელსაც ვაშლი ეწოდება.
 
თუ იგივე ვალშს მიაწოდებთ სმენის ვექტორიანს და თხოვთ დაგიხასიათოთ. რა თქმა უნდა, ის ალბათ ამ კონკრეტულ ვაშლზეც მოგახსენებთ რაიმეს. თუმცა, ის აუცილებლად დაიწყებს იმაზე ფიქრს, რომ ამ ვაშლის მსგავსი სხვა ვაშლებიც არსებობენ, რომ ეს ერთ-ერთი ჯიშია, და რომ არსებობს სხვა ჯიშებიც. და რომ ეს ვაშლის ჯიშებიც ერთიანებიან იმ ერთ სისტემაში, რომელსაც "ვაშლის სისტემა" ეწოდება. კიდევ თუ გააგრძელა ფიქრი, ალბათ აღმოაჩენს, რომ არსებობს ხილის სხვა სახეობები, რომლებიც ერთიანდებიან იმ ერთ სისტემაში, რომელსაც "ხილის სისტემა" ეწოდება. კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, ხილის სისტემა აღმოჩნდება საკვები სისტემის ქვესისტემა და ა.შ.
 
დაიჭირეთ განსხვავება? სმენის ვექტორი ყოველთვის გარეთ ან შიგნით იხედება, ვიზუალი კი ზუსტად იქ, სადაც ეკითხებიან. სმენის ვექტორი აზროვნებს სისტემურად, კონკრეტული ვაშლის მიღმა ხედავს ზოგადად ვაშლის არსს, ანუ იმას, რაც ამ კონკრეტულ ვაშლთან ერთად სხვა ყველა ვაშლსაც აქვს - ვაშლის ზოგად "განმარტებას", ანუ ვაშლის სისტემის არსს.
 
რატომ? იმიტომ, რომ მისი ფუძეა მთელი ინფორმაცია, და იმიტომ, რომ არქეტიპულად მიჩვეულია სიბნელეში ჭვრეტას და იმის აღმოჩენას, რაც არ ჩანს, რაც დაფარულია. ასეთნაირად, სმენის ვექტრს გამოუმუშავდა მასშტაბური აზროვნება და კანონზომიერებების ძიების უნარი. ამიტომაც, მრავალ ღამე ნათევში გაჩენილ შეკითხვებზე - ვინ ვარ მე და რა არის ამ სამყაროს არსი - იწყებს პასუხების ძიებას. ის იწყებს სამყაროს კვლევას, საკუთარი თავის კვლევას (მედიტირებს, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით) და ა.შ. მას აქვს გამომუშავებული გარე სამყაროსგან მოწყვეტის და კონცენტრაციის უნარი (განსაკუთრებით ღამღამობით), რაც ეხმარება თავისი აბსტრაქტული ინტელექტი მიმართოს ახალი იდეების აღმოჩენისკენ.
 
ამრიგად, სმენაში ჩნდება სამყაროს შემეცნების სურვილი, და ამას ანხორციელებს თავისი უნარით დაფარული ეძებოს და აღმოაჩინოს. ბოლო-ბოლო რა ტიპის ინტელექტს გამოიმუშავებს სმენა ამ უნარით? როდესაც ცდილობ რაიმე სისტემის დაფარული კანონზომიერებები აღმოაჩინო, აუცილებელია ამ სისტემას გარედან და შორიდან შეხედო (სმენის ვექტორის ფუძეა მთელი ინფორმაცია), ანუ აუცილებელია შენს წარმოდგენაში შექმნა შესასწავლი სისტემის აბსტრაქტული მოდელი, და წარმოიდგინო კანონზომიერებები, რომლებითაც ის ფუნქციონირებს.
 
ამრიგად, სმენის ვექტორს უნვითარდება აბსტრაქტული ინტელექტი, და ეს იწყება ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ, როდესაც ღამეებს ათენებს სმენის ვექტორი და როდესაც მხოლოდ რომ ისახება მეცნიერების და ფილოსოფიის პირველი ელემენტები. სწორედ სმენის ვექტორები იყვნენ (და არიან) ფილოსოფოსები და მეცნიერები, რომლებიც სამყაროს და საკუთარი თავის შეცნობას ცდილობდნენ, და ქმნიდნენ სხვა და სხვა რელიგიურ თუ ფილოსოფიურ თუ მეცნიერულ თუ ეზოთერულ დისციპლინებს, რომლებიც სხვა და სხვა სახით "ხსნიდა" სამყაროს ფუნქციონირების მექანიზმს. ისინი ახდენდნენ გარღვევას იდეათა სამყაროში, მეტაფიზიკურ სამყაროში.
 
როგორც ხვდებით, სმენის ვექტორს აქვს აბსტრაქტული ინტელექტი და სისტემური ხედვა. დღესდღეობით, სმენის ვექტორის ინტელექტის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაა მათემატიკა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა რაც შეიძლება ზუსტად აღიწეროს სამყაროში არსებული ფიზიკური თუ მეტაფიზიკური სისტემები და პროცესები. თუ სმენის ვექტორი ჭეშმარიტად შემეცნებითი ინტერესით მოეკიდება რაიმე სისტემას, ის მას დრო და დრო შეიმეცნებს და კაცობრიობას ახალ და უკეთეს მოდელს შესთავაზებს. მაგალითად, მოიფიქრებს გრამატიკის შესწავლის ახალ მეთოდს, ან შექმნის უფრო კომპაქტურ ტექნიკას და ა.შ.
 
ის, თუ რითი დაინტერესდება სმენა, სრულიად შემთხვევითობის ამბავია. სმენამ ცხოვრების აზრად შეიძლება ნებისმიერი იდეა აქციოს, და შესაძლებელია ეს იდეა არათუ არ იყოს მეცნიერული, არამედ ძალიან დესტრუქციულიც კი იყოს. მაგალითად, თუ სმენის ვექტორი ტერორიზმს აიღებს ცხოვრების იდეად, მაშინ შეიძლება მივიღოთ დიდი მასშტაბების ტერორისტი. ან ჰიტლერი (რომელიც დასაწყისში ვახსენე), რომელმაც ანალური ვექტორის ეროვნების მიხედვით დახარისხება აირჩია იდეად. და ა.შ.
 
დადებითი ვარიანტებიც არსებობს. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ტექნიკურ გარღვევებს აკეთებენ, იგონებენ ახალ და ახალ კომპიუტერულ სისტემებს და ა.შ. არიან კან-სმენები. მოკლედ, მრავალი ვარიანტი არსებობს. მაგრამ, ჩვენ კონკერტულად მეცნიერის ტიპაჟზე გვსურს საუბარი, ამიტომაც სმენის პარალელურად უნდა განვიხილოთ ანალური ვექტორი, და შემდგომ უკვე ანალ-სმენის კომბინაცია.
 
აქაც ყველაფერი თავიდან დავიწყოთ..
 
ვინ არის ანალური ვექტორი? მისი ფუძეა წარსული, და ეს პირველყოფილ ჯოგში იმით გამოიხატებოდა, რომ ანალები იყვნენ წარსულის გამოცდილების დამგროვებელნი და გადამტანნი მომავალი თაობისთვის.
 
ანალური ზომა იმისთვის არის საჭირო ჯგუფში, რომ "ახალი ველოსიპედი" აღარ შეიქმნას. აბა წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობდეს გამოცდილების გადატანა მომავალი თაობისთვის რა მოხდებოდა? ყოველი ახალი თაობა გაივლიდა იმავე გზას, რაც პირველმა თაობამ გაიარა, და მაშინ არასოდეს მოხდებოდა სიახლე.
 
სიახლისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ მომავლის ვექტორი - ურეთრალი, საჭიროა "გამოცდილების" ვექტორიც - ანალური ვექტორი, რომელიც აბათილებს ურეთრალის აწყვეტილობას და წარსულის გამოცდილება გადმოაქვს მომავალში.
sarah smith emery
ყველა ვექტორს თავისი ფუნქცია აქვს. ანალური ვექტორის ფუძეა წარსული, ამიტომაც მისი ფუნქცია პირველყოფილ ჯოგში იყო წარსულის გამოცდილების დაგროვება და მომავალში გადმოტანა, ანუ მასწავლებლობა. წარსულის გამოცდილება კი წმინდა სახით უნდა გადაეცეს მომავალ თაობას. არ შეიძლება მისი დამახინჯება, გადასხვაფერება, ის უნდა იყოს ზუსტად ისეთი, რაც თავის დროზე. თუ ცვლილებები მოხდა, მაშინ ეს აღარ იქნება წმინდა სახის წარსულის გამოცდილება.
 
აქედან გამომდინარე, ანალებს საუკუნეების განმავლობაში გამოუმუშავდათ ინფორმაციის დაგროვების უნარი, ფენომენალური მეხსიერება. ინფორმაცია გადაიწერება ანალის მახსოვრობაში ზუსტი სახით და მისი დამახსოვრება ხდება კატეგორიების მიხედვით, როგორც ბიბლიოთეკაში, დახარისხებულად. ყველა ინფორმაციას თავის კუთხე-კუნჭული აქვს, თავისი ადგილი, თავისი ხარისხი.
 
თუ თქვენ შედიხართ ადამიანთან სახლში და ხედავთ თაროებზე დახარისხებულ წიგნებს, სუვენირებს, ან მის კარადაში შარვლების განყოფილება ცალკეა და პერანგების განყოფილება ცალკეა, ან მის კომიუტერში ფაილები დახარისხებულია. ასეთ შემთხვევაში, თქვენ საქმე გაქვთ ანალურ ფსიქოტიპთან. მათ ყველაფერი დახარისხებული აქვთ, ყველაფრისთვის თავისი ადგილი აქვთ მიჩენილი, როგორც გარე სამყაროში ნივთებს, ასევე მათ ფსიქიკაში ადამიანებსა და მოვლენებს თავისი ხარისხი აქვთ.
 
ამრიგად, წარსულის გამოცდილების დაგროვების და სუფთა სახით შენახვის ფუნქცია ანალურ ვექტორში ქმნის ერთის მხრივ ფენომენალურ მახსოვრობას (დიდი მოცულობის ინფორმაციის ზუსტად დამახსოვრების უნარს), მეორეს მხრივ ხარისხობრივ აზროვნებას (ინფორმაციის ანალიზის და დაწვრილმანების, და კატეგორიებად დაყოფის უნარს). ანალი იღებს დიდი მოცულობის ინფორმაციას და აწვრილმანებს უმცირეს დეტალებად, და ქმნის მისგან ცხრილს. რაც უფრო განვითარებულია ანალი, მით უფრო მეტი პარამეტრით ახასიათებს და ახარისხებს, და მით მეტად დიფერენცირებას უკეთებს ინფორმაციას (და საერთოდაც - ყველაფერს).
 
ანალის კიდევ ერთი დადებითი თვისებაა - ნებისყოფა. ესეც მოდის მისი ფუძიდან - "წარსულიდან". დადებითად განვითარებულ ანალს საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს, არ არსებობს მისთვის შუა გზაში გაჩერება. წარსულის მსგავსად, საქმე უნდა დასრულდეს ბოლომდე. ანალური ფსიქიკური სხეულის მოცულობა ყველაზე დიდია, ის იტევს ყველაზე დიდ ინფორმაციას, მას გააჩნია ყველაზე ნებისყოფიანი ლიბიდო, და მასვე შეუძლია ნებისმიერი საქმე აქციოს მთელი ცხოვრების მარადიულ საქმედ. ანალისთვის არ არსებობს ცვლილებები, ის აირჩევს მიმართულებას, და მთელი ცხოვრება მისი ერთგულია და საქმე ბოლომდე მიჰყავს (თუ რა თქმა უნდა დასტრესილი არ არის. ასეთ შემთხვევაში სასურველია მკურნალობა სტრესებზე).
 
ანალს შეუძლია საათობით აკეთებდეს თავის საქმეს, ოფლი მოსდიოდეს, და მაინც არ გაჩერდეს მანამ, სანამ არ დაასრულებს (რაღაც დონეზე მაინც). ანალური ვექტორის არქეტიპული ფუნქციიდან გამომდინარეობს ასევე "პერფექციონიზმი". სისუფთავის და სრულყოფილების მოთხოვნილება მას აიძულებს გახდეს პროფესიონალი და პატივცემული მუშაკი თავის მიერ არჩეულ სფეროში (თუ დასტრესილია, შეიძლება ეს თვისებები პრობლემად იქცეს).
 
რას ვიღებთ ამ ყველაფრის ფონზე? ანალის ვექტორიანი იქნებოდა კარგი ბიბლიოთეკარი, ინფორმაციის საგანძური, ის თავად წარმოადგენს ერთ დიდ ბიბლიოთეკას.
 
ახლა კი სტატიის ძირითადი შეკითხვა: რატომ ხდებიან მეცნიერები მაინცა და მაინც ანალ-სმენები?
 
ახლა, როდესაც უკვე კარგად იცნობთ ორივე ფსიქოტიპს და მათი აზროვნება-ინტელექტის მოდელს, ალბათ აღარ გაგიჭირდებათ დასკვნების გამოტანა. სმენის ვექტორს სურს სამყაროს შემეცნება, მაგრამ სამყაროს შემეცნებისთვის მხოლოდ ამის სურვილი და ახალი იდეების გაჩენა არ კმარა. იმისათვის, რომ "ახალი ველოსიპედი" არ მოიგონოს ყოველმა ახალმა სმენამ, აუცილებელია ანალური ვექტორი, რომელიც წარსულის გამოცდილებით და ინფორმაციით მოამარაგებს შემეცნებით შეპყრობილ სმენას.
 
წარმოიდგინეთ მეცნიერი, რომელიც მრავალწლიან ექსპერიმენტს ატარებს, რათა "გახსნას" სამყაროს კიდევ ერთი საიდუმლო. ექსპერიმენტი მოითხოვს ანალურ ნებისყოფას, რადგან საჭიროა დანადგარის დამზადება, შემდგომ უკვე ექსპერიმენტის ჩატარება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს როგორც ნახევარი საათი, ისე ნახევარი საუკუნე (ამის მაგალითები ბევრია, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, ნაწილაკების ფიზიკაში). თუ საქმე გვექნება კანის ვექტორთან, მას უბრალოდ ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება ნახევარი საუკუნე ელოდო რაიმეს. მაგრამ, ანალი ერთგულებით და ნებისყოფით სავსეა, ამიტომაც მას შეუძლია მოითმინოს მანამ, სანამ რაიმე ახალ შედეგს არ მიიღებს ექსპერიმენტით.
 
ახლა დაუშვათ ექსპერიმენტი დასრულდა და ადამიანმა მიიღო დიდი რაოდენობით ინფორმაცია, შემდგომ? შემდგომ უკვე თეორეტიკოს მეცნიერი მუშაობს. აქ უკვე ირთვება ანალური ვექტორის დაწვრილმანება-ანალიზის ხელოვნება და სმენის მთელი სურათის ხედვის უნარი. იმისათვის, რომ მეცნიერმა აღმოაჩინოს რაიმე ახალი კანონზომიერება, საჭიროა ექსპერიმენტული მონაცემების (ინფორმაციის) პირველ რიგში დაწვრილმანება და დახარისხება, ხოლო შემდგომ ამ დიდი რაოდენობის ინფორმაციის "უკან" და "მიღმა" კანონზომიერების აღმოჩენა.
 
ამრიგად, თეორეტიკოს მეცნიერს ანალური ვექტორი ეხმარება "მასიური" ინფორმაციის დაწვრილმანებასა და დახარისხებაში. მაგრამ, კანონზომიერების აღმოჩენა სმენის საფირმო თვისებაა. როდესაც დიდი რაოდენობის ინფორმაცია "დალაგდება" ანალურად, შემდგომ უკვე სმენის ვექტორი შორიდან შეხედავს მთელს სურათს (მისი ფუძე მთელი ინფორმაციაა) და "განჭვრეტს" რაღაც კანონზომიერებებს, რომლითაც ფუნქციონირებს შესასწავლი სისტემა. სმენის ვექტორი იდეების გენერატორია, მაგრამ მეცნიერებაში იდეების უბრალოდ გენერირება არ გამოდგება. აქ ღირებულია მხოლოდ ის იდეები და თეორიები, რაც ზუსტად ხსნის ექსპერიმენტულად დამტკიცებულ ფაქტებს. ამიტომაც, მეცნიერ სმენას აუცილებლად სჭირდება ანალური ვექტორი, რათა მისი იდეა (მისი თეორია) ზუსტად ხსნიდეს ექსპერიმეტნულ შედეგებს.
 
მეცნიერის აზროვნება ასეთია - მას შეუძლია ერთი დიდი სისტემა დაშალოს ნაწილებად, და პირიქითაც - ნაწილებისგან ააგოს სისტემა. თუ მას ეს შეუძლია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მან ეს სისტემა შეიმეცნა სრულყოფილად. ერთი მთლიანის დაშლა ანალურ ვექტორს შეუძლია, ხოლო ნაწილებისგან სისტემის აგება სმენის ვექტორს შეუძლია, თუ აღმოაჩინა კანონზომიერება, რომლითაც აწყობილი იყო სისტემა. ერთიც მუშაობს და მეორეც. როდესაც საჭიროა კანონზომიერების განჭვრეტა, აქ ჯერ მუშაობს ანალური ვექტორი, რათა ინფორმაცია დააწვრილმანოს, შემდგომ კი სმენის ვექტორი, რათა შორიდან შეხედოს ამ დაწვრილმანებულ ინფორმაციას და აღმოაჩინოს დაფარული კანონზომიერება.
 
მხოლოდ სმენა, ინფორმაციული დაწვრილმანების გარეშე, რაღა თქმა უნდა დაბადებდა იდეებს და თეორიებს, მაგრამ ანალური ვექტორი მას სჭირდება, რათა ზუსტად მოარგოს, ანუ ზუსტად შეარჩიოს თეორია. ანალ-სმენები არიან ის ადამიანები, რომელთაც ანალური ვექტორის წყალობით ჰყოფნით ნებისყოფა საათობით და წლობით უჯდნენ ერთსა და იმავე საკითხს, დიდი მოცულობის ფორმულებს, დიდი მოცულობის სტატიებს, წიგნებს, ინფორმაციას, აწვრილმანებდნენ და აშენებდნენ, ისევ აწვრილმანებდნენ და ისევ აშენებდნენ, და ა.შ. სანამ, სრულყოფილ და ზუსტ თეორიას ან იდეას არ ჩამოაყალიბებენ.
 
თუ ჩვენ ვისაუბრებთ არა ზუსტ მეცნიერებებზე (ან თუნდაც ეზოთერულ დისციპლინებზე, რომელთაც მეცნიერულად იკვლევს სმენის ვექტორი), მაშინ ანალური აზროვნების განვითარება აჩვენებს იმას, თუ რამდენად ზუსტია ან რამდენად ბუნდოვანია ადამიანის მიერ ჩამოყალიბებული თეორია თუ იდეა. ხოლო, სმენის ვექტორის განვითარება აჩვენებს იმას, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს განჭვრიტოს კანონზომიერებები და ჩამოაყალიბოს ახალი იდეები თუ თეორიები. ხოლო, თუ კი ჩვენ ვისაუბრებთ ზუსტ მეცნიერებებზე, როგორიცაა ფიზიკა და მათემატიკა, მაშინ აქ ანალური ვექტორი მაქსიმალურად მუშაობს დაწვრილმანების და სიზუსტის მიზნით და სმენის ვექტორის თეორიები კი ზუსტად უნდა ხსნიდეს პროცესებს (აქ არ დაიშვება ბუნდოვნება).
 
როგორც ხვდებით, სისტემური აზროვნება არც ცალკე ანალურ ვექტორს აქვს, და არც ცალკე სმენის ვექტორს. სისტემური აზროვნება აქვთ მეცნიერის ტიპაჟებს, ანუ ანალ-სმენებს. და ამ ვექტორების აზროვნება-ინტელექტის განვითარება აჩვენებს იმას, თუ რამდენად მასშტაბური იდეა ან თეორია შემუშავდა სისტემის შესწავლისას, და ასევე რამდენად ზუსტად ხსნის და აღწერს ეს თეორია მოცემული სისტემის ფუნქციონირებას.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მათემატიკის დარგები წარმოადგენს რაღაც საწყის პრინციპებზე დაყრდნობით აგებულ სისტემებს, რაც როგორც მოდელი ერგება სხვა და სხვა ფიზიკურ თუ მეტაფიზიკურ სისტემებს. ანუ, მათემატიკის დარგი წარმოადგენს რაღაც საწყის კანონზომიერებებზე დაყრდნობით დიდი სისტემის აგებას. და ვინაიდან მათემატიკა მთლიანად აბსტრაქტულია, ამიტომაც ის მთლიანად ზუსტია, და ამიტომაც კარგი სავარჯიშოა ანალ-სმენებისთვის, რათა განუვითარდეთ ანალური აზროვნება და სმენური ინტელექტი, რათა შემდგომში ეს ყველაფერი მოარგონ რეალური ფიზიკური თუ მეტაფიზიკური სისტემების შესწავლას. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკოსებისთვის აუცილებელი. რაც უკეთ ფლობს მათემატიკას ანალ-სმენა, მით უფრო გენიალურ გარღვევებს აკეთებს თავის დარგში (თავის სამეცნიერო თუ ეზოთერულ თუ რა ინტერესიც ექნება იმ დარგში).
 
ანალ-სმენა შეიძლება გამოვიდეს ასევე კარგი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მწერალი (მაგალითად ტოლკინი), და ა.შ. მოკლედ ყველაფერი, სადაც გაერთიანებულია დიადი ნებისყოფა, დიდი მოცულობის სივრცეებთან ურთიერთობა და სისტემური ხედვა. თუმცაღა, უარყოფითი სცენარებიც არსებობს. მოკლედ, ამაზე დაწვრილებით "სვფ"-ს შესწავლისას შეიტყობთ.
 
ახლა კი პატარა ანალ-სმენურ-მეცნიერული დასკვნა: თუ თქვენ გეცოდინებათ "სვფ"-ს საწყისი ანბანი, მაშინ სხვა და სხვა ფორმულებით ააგებთ სხვა და სხვა ტიპაჟებს, ფსიქოტიპებს, მათ შორის მეცნიერის ტიპაჟსაც (როგორც ამ სტატიაში ავაგეთ). ყველაფერი მარტივია, როდესაც იცნობ საწყის კანონზომიერებებს, მაშინ მთელი სისტემის სურათი ნათელი ხდება. "სვფ" კი ფსიქოლოგიის გასაოცრად ზუსტი თეორიაა და "კალაპოტში" ალაგებს და ხსნის ისეთ მოვლენებს, რომლებიც აქამდე ბუნდოვნებით იყო მოცული.
 
წარმატებებს გისურვებთ!
 
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ..