sergo3

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

ხშირად მეკითხებიან, რატომ ავირჩიე სარეალიზაციო სფეროდ ფსიქოლოგია, თან ავირჩიე მისი არაკლასიკური მიმდინარეობა. მაშინ როცა არსებობს უამრავი სფერო, რომლებიც უკვე აპრობირებული, ცნობილი და წარმატებულია. არსებობს მეცნიერების, ფილოსოფიის, მუსიკისა თუ ეზოთერული დარგების უამრავი მიმდინარეობა. რატომ მაინცდამაინც ვექტორული ფსიქოლოგია?!

პირველ რიგში იმიტომ, რომ ვხედავ მარტივ რაღაცას, ვხედავ, რომ დღევანდელ ადამიანებს ყველაზე მეტად დაზიანებული გვაქვს სწორედ ფსიქიკა და ნერვული ფონი. ვხედავ, რომ ჩვენს უმეტესობას არ შეუძლია განასხვაოს საკუთარი სურვილები გარედან თავსმოხვეული დაშენებებისაგან. ვხედავ, რომ არ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ვხედავ, რომ მშობლებმა არ იციან როგორ აღზარდონ შვილები და ვერ ახერხებენ მათი პიროვნების გათვალისწინებას. ვხედავ, რომ ფსიქოლოგიის კლასიკური მიმდინარეობები ჩიხშია შესული და არ შეუძლიათ გაითვალისწინონ ადამიანების ფუნქციური სხვაობა.

ვხედავ, რომ ყველაზე პროგრესულ მიმდინარეობებსაც კი არ აქვთ საფუძვლიანად დიფერენცირებული მიდგომა ინდივიდუალურ ფსიქოტიპებთან.

არის მეორე შტრიხიც: მეცნიერების, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა თუ ეზოთერული სწავლებების კლასიკური მიმდინარეობები უკვე ცნობილია და არიან ადამიანები, რომლებიც მათ დანერგავენ და დახვეწენ.

რაც შეეხება ვექტორულ ფსიქოლოგიას. ეს ახალი სწავლებებია, ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში მყოფი, აქვს საკმაოდ ბევრი ნაკლი, ჯერ კიდევ საჭიროებს გამართვას, მაგრამ ნაკლოვანებათა მიუხედავად მასში ვხედავ პოტენციალს. ვხედავ, რომ ამ სწავლებას შეუძლია საკუთარი ნიშა დაიკავოს და მოახდინოს ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ეზოთერიკისა და მეცნიერების სიმბიოზი.

არ მაქვს ილუზიები და არ ვთვლი, რომ ის სრულყოფილია, არ მიმაჩნია ერთდერთ ჭეშმარიტებად, მაგრამ ვთვლი, რომ საინტერესო, მრავალგანზომილებიანი და მრავლისმომცემი სწავლებაა და მინდა, რომ საქართველოშიც დაინერგოს. ადრე თუ გვიან ეს მოხდება და ვიღაც გააკეთებს. მე მხოლოდ პირველ ნაბიჯს ვდგამ ამისკენ. ვთვლი, რომ შემიძლია ამაში ჩემი წვლილი შევიტანო. ვთვლი, რომ შემიძლია მონაწილეობა მივიღო რაღაც ახლის შემოტნაში. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სწავლებების როლს და მნიშვნელობას უარვყოფ, ან ვაკნინებ, არც იმას რომ ერთადერთ სარეალიზაციო გზად ამ სწავლებას ვსახავ. უბრალოდ მაქვს ინფორმაცია, შემიძლია მისი რაღაც დონემდე გავრცელება, ქართულენოვანი მოსახლეობისთვის მისი ხელმისაწვდომად ქცევა და შეძლებისდაგვარად ამას ვაკეთებ.