kino 11

ავტორი: მამუკა გურული

ამ სტატიაში სისტემურად განვიხილოთ ისეთი მოვლენა, როგორიცაა კინო-ხელოვნება. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი ტიპის სახვითი ხელოვნება - ესაა პირველ რიგში ვიზუალური მოვლენა. სწორედ ვიზუალები იყვნენ ისინი, ვინც გამოქვაბულებში კედლებზე დაიწყეს ხატვა. შემდეგ ეს განვითარდა, როგორც ფერწერა, სკულპტურა, ფოტოგრაფია და ბოლოს უკვე კინო.

რა არის არაცნობიერი მოტივი ვიზუალებისთვის? როგორც იცით, ვიზუალის ფუძე - ესაა კერძო, ხატ-სახეობრივი ინფორმაცია. ვიზუალი ყველაზე მეტად ხედავს ჰარმონიას სამყაროში და ცდილობს, რომ ეს ჰარმონია რაიმე სახით ასახოს. ყველაზე კარგად კი ამას სწორედ სახვითი ხელოვნებით ახერხებს. რა თქმა უნდა მწერლობაც ვიზუალური მოვლენაა, ქორეოგრაფიაც და ხელოვნების სხვა დარგებიც (გარდა მუსიკისა, რომელიც უფრო სმენურია), მაგრამ სახვით ხელოვნებაში ვიზუალური ზომის როლი ყველაზე გამოკვეთილია.

ასევე ვიზუალებისთვის არაცნობიერი ფუნქცია და მოტივია - ხელოვნების მეშვეობით დაამკვიდრონ კაცობრიობაში მაღალი ადამიანური, კულტურული, ეთიკური და მორალური ღირებულებები. კულტურა - სწორედ ვიზუალების მიერ შექმნილია და ძირითადი ინსტრუმენტი კულტურის დასანერგად სწორედ ხელოვნებაა.

რა არის კინო სისტემური თვალსაზრისით? ესაა ხელოვნების ის დარგი, რომელშიც გაერთიანებულია რამდენიმე სფერო:

1. დრამატურგია (სცენარისტობა), რომელიც უფრო ანალ-ვიზუალურ-სმენური სფეროა.

2. ოპერატურა, რომელიც ფოტოგრაფიის გაგრძელებაა და ვიზუალური სფეროა;

charlie

3. მსახიობის ოსტატობა, რომელიც უფრო მეტად კან-ვიზუალურ-ორალური სფეროა;

4. მუსიკალური გახმოვანება, რომელიც სმენურია, და დღეს კინო-მუსიკა მუსიკის ცალკე და ძალიან დიდ მიმართულებად ჩამოყალიბდა. აქვე შედის ხმის რეჟისურა, გახმოვანება, არანჟირება და ა.შ.

5. რეჟისურა, რომელიც თავს უყრის, მართავს, ფორმას აძლევს, იდეით აღანთებს და აცოცხლებს ამ ყველაფერს. რეჟისურა თავისი არსით რა თქმა უნდა სმენური ფუნქციაა, ვიზუალურთან და დღეს უკვე ყნოსვურთან ერთად. დღეს უდიდესი რეჟისორების უმეტესობას სმენასთან და ვიზუალთან ერთად ყნოსვის ვექტორიც აქვთ.

6. პროდიუსინგი, რომელიც ძირითადად კანური და ყნოსვური ფუნქციაა, და ორალურ ვექტორსაც საჭიროებს.

და სხვა სფეროები, კინოს ჟანრიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე...

კინო - ესაა მასშტაბური და კომპლექსური მოვლენა, რომელიც დღეისთვის ხელოვნების დარგებს შორის ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მასებზე, შესაბამისად აქ ყველა ვექტორის ზომა ჩართულია და თავისი მნიშვნელოვანი როლი შეაქვს, მაგრამ ვიზუალური ზომის როლი ცალსახად პირველადი და წამყვანია.

დღემდე საკამათოდ რჩება საკითხი: რა ფუნქცია აქვს კინოს - რეალობის ზუსტი ასახვა, თუ იდეალური რეალობის (ვიზუალის თვალით დანახული იდეალური ჰარმონიული რეალობის) დამკვიდრება კოლექტიურ ქვეცნობიერში? ვფიქრობ ერთიც და მეორეც. მაგრამ როგორც ვიცით რეალობის სრული და ზუსტი აღწერა რვავე ვექტორის ჰარმონიული და სინთეზური თანხმობით ხდება, კინოს შემთხვევაში კი დღეისათვის ვიზუალური ზომის გავლენა ცალსახად აქცენტირებულია (და ეს ბუნებრივიცაა, რადგან კინო ზოგადად ვიზუალური მოვლენაა), ამიტომ რეალობაც სწორედ ვიზუალის თვალითაა დანახული, და გზავნილებიც ვიზუალური ზომიდან მოდის.

რა თქმა უნდა არის კინოს სხვადასხვა ჟანრები, რომლებშიც სხვადასხვა ვექტორის თემატიკაა წინ-წამოწეული, მაგალითად, ფანტასტიკაში, ფენტეზში, კომიქსებში და სამეცნიერო ფილმებში უფრო მეტადაა აქცენტირებული სმენური ზომა, მაგრამ აქაც კი ვიზუალური გავლენები მაინც პირველადია.

ვიზუალი თავისი ბუნებით - ესაა ანტი-მკვლელობა. ვიზუალისთვის იდეალური სამყარო - ესაა სამყარო, სადაც მგელი და კრავი ერთად და მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. ვიზუალების იდეალისტური სამყარო უფრო გამოკვეთილად ჩანს ანიმაციურ ფილმებში, სადაც თითქმის ყოველთვის იმარჯვებს სიყვარული, სიკეთე და ჰუმანურობა.

კინო, როგორც ხელოვნება, დაიბადა კაცობრიობის განვითარების კანურ ფაზაში. შესაბამისად, იგი თავიდანვე გამოხატავდა კან-ვიზუალური ზომის გზავნილებს: გენდერულ, რასობრივ და სხვა სახის თანასწორობებზე, სექსუალური უმცირესობების დაცვაზე და ა.შ. და დღეისათვის ეს ყველაფერი არაადეკვატურ და გადაჭარბებულ ფორმებსაც კი იღებს.

რაშია ამის მიზეზი? კაცობრიობის განვითარების ანალურ ფაზაში, როდესაც დაუცველი იყო ქალთა უფლებები, ფერადკანიანთა უფლებები, სექსუალურ უმცირესობათა უფლებები... როდესაც მამაკაცი გაცილებით უფრო პრივილეგირებული იყო ვიდრე ქალი, და თეთრკანიანთა რასა დომინირებდა შავკანიანთა რასაზე, სწორედ ვიზუალური (და კერძოდ კან-ვიზუალური) ზომა იბრძოდა მათი სიცოცხლის და უფლებების გადასარჩენად, და შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ვიზუალურმა ზომამ სხვა ვექტორებთან შედარებით ყველაზე დიდ განვითარებას მიაღწია. დღეს განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა უფლებების დაცვა ყველაზე აქტუალურია.

avengers infinity war valkyrie vest

ალბათ ბევრისთვისაა გამაღიზიანებელი, როდესაც ვალკირიას როლში ფერადკანიან მსახიობს იღებენ, და უკვე სტანდარტად დააწესეს, თუ რამდენი პროცენტი უნდა იყოს პერსონაჟებს შორის ფერადკანიანი, რამდენი ქალი, რამდენი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და ა.შ. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი მიდგომები ვიზუალური ზომისთვის სრულიად ბუნებრივია, და მისი ფუნქციის პირდაპირი გამოხატულებაა. და რადგან კინო ვიზუალური ზომის მთავარი პლაცდარმი და ძალაუფლების გამოვლენის მთავარი წყაროა - შესაბამისად იგი მაქსიმალურად იყენებს მას, და უნდა გამოიყენოს კიდეც, ზოგჯერ თუნდაც "არაადეკვატურად", რადგან ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში დღემდე ილახება ქალთა უფლებები, უმცირესობების უფლებები, და კინო ასეთ ქვეყნებში დიდ როლს ასრულებს, მაგალითად ქალების მოტივირებაში, რომ უფრო მეტად აქტიურნი იყვნენ და მეტად დაიცვან საკუთარი უფლებები.

რადგან მედია და ტელევიზიაც ძირითადად ვიზუალური ზომის სცენაა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან დიდი დოზითაა და „ყელში ამოვიდა“. განსაკუთრებით აღშფოთებულნი არიან ამ ყველაფრით ანალური ვექტორის წარმომადგენლები.

მითუმეტეს დღეს, როდესაც რიგ ქვეყნებში ასეთი აქტუალური და სახიფათო გახდა მიგრანტების თემა, და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე შეუძლება ითქვას რომ ქანქარა მეორე მხარეს გადაიხარა და მამაკაცების უფლებები უფრო ნაკლებადაა დაცული, ვიდრე ქალთა უფლებები; როდესაც აქტიურად ხდება ლგპტ თემის პროპაგანდა, და ეს ყველაფერი გამაღიზიანებელია ანალური მენტალობის ადამიანებისთვის და ქვეყნებისთვის, ერთადერთი გზა ამ ყველაფერში ყოველი ვექტორის ადეკვატური ჩართულობა და დაბალანსებული მოქმედებაა. შეუძლებელია მსგავსი პრობლემების მოგვარება, სანამ მათ ძირეულ მიზეზებს არ გამოვიკვლევთ. მიზეზები კი როგორც წესი ყოველი კონკრეტული ადამიანის არაცნობიერში, ქვეყნების და კაცობრიობის კოლექტიურ არაცნობიერშია. ინდივიდუალური და კოლექტიური არაცნობიერის მექანიზმების სისტემურად და დეტალურად ახსნა კი ყველაზე უკეთ ვექტორულ ფსიქოლოგიას შეუძლია.

კინო პირდაპირი საშუალებაა იმისთვის, რომ კოლექტიურ არაცნობიერში სხვადასხვა კულტურული ღირებულებები ჩაიდოს. მაგრამ იგი ასევე საშუალებაა იმისთვისაც, რომ ყნოსვურმა ზომამ კოლექტიურ არაცნობიერში ჩადოს ის, რაც აწყობს პოლიტიკას, ბიზნესს, და ანალური ფაზის ქვეყნებში რელიგიასაც. შესაბამისად გარდა ვიზუალური გავლენისა, ვიღებთ სხვა გავლენებსაც, რომლებიც როგორც წესი დესტრუქციულია და მასების მართვას უფრო ისახავს მიზნად, ვიდრე მათთვის ცნობიერების ამაღლებას.

ყნოსვური ზომის როლი კინოში და ზოგადად ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ყნოსვური ზომა კინოს საშუალებით მასების მართვას ცდილობს (როგორც ცუდი, ასევე კარგი გაგებით), სწორედ ყნოსვური ზომისგან მოდის ხელოვნებაში და მათ შორის კინოში ის წინასწარმეტყველური მესიჯები, რომლებიც კაცობრიობას საფრთხეებს ამცნობენ. ვიზუალურთან ერთად, სწორედ ყნოსვური ზომა აშიშვლებს იმ მწარე რეალობას, რომელიც კაცობრიობას განადგურებას უქადის, თუ მიმართულებას არ შეიცვლის. ეს ეხება ეკოლოგიურ კატასტროფებს, ტექნოლოგიის და მეცნიერული მიღწევების არამართებულ გამოყენებას, მაგალითად ბირთვული იარაღის, ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გამოყენებას, და ა.შ.

სწორედ ყნოსვური ზომა (სმენურთან ერთად) ამცნობს კაცობრიობას, რომ საჭიროა გაერთიანება და ერთად ბრძოლა საერთო პრობლემების წინააღმდეგ. ყნოსვური ზომა ამცნობს კაცობრიობას არაჯანსაღი ეგოიზმის დამანგრეველი მხარეების შესახებ (გაიხსენეთ, რა არის დღეისათვის ყველაზე პოპულარული სერიალის - „სამეფო კარის თამაშების“ მთავარი გზავნილები?).

დღეს კაცობრიობა კან-ყნოსვურ ფაზაშია, და შესაბამისად ყნოსვური ზომაც თანდათან უფრო ვითარდება. რამდენიმე ასწლეულის შემდეგ მივიღებთ მდგომარეობას, როცა ყნოსვური ზომა განვითარებაში ვიზუალურს დაეწევა, და ისინი ერთად გაუხსნიან გზას კაცობრიობის განვითარების შემდეგ ეტაპს - ურეთრალ-სმენურ ფაზას და სმენური ზომის მაქსიმალურად განვითარებას კაცობრიობაში.

მანამდე კი კაცობრიობის მასიურად აღზრდის ერთ-ერთი ბერკეტი სწორედ კინო-ხელოვნებაა, და იმედი ვიქონიოთ, რომ ვიზუალურთან ერთად მომავალში ყნოსვური და სმენური ზომაც უფრო მეტად და ადეკვატურად ჩაერთვებიან კინო-ინდუსტრიაში და უფრო მრავალმხრივ მესიჯებს მიაწვდიან კაცობრიობას, და რაც მთავარია, თვითონვე აამაღლებენ „ბაზრის მოთხოვნას“, ნაცვლად იმისა, რომ დააკმაყოფილონ უკვე არსებული მოთხოვნა და ბიზნესი და მარკეტინკი განსაზღვრავდეს ამინდს კინოში (რაც ასევე ბუნებრივი ეტაპია, კან-ყნოსვური ფაზიდან გამომდინარე).

ვფიქრობ, მომავალში, კინო არა მხოლოდ კულტურული და ჰუმანური ფასეულობების, არამედ ადამიანში მეტი ცნობიერების შეტანის და სულიერი განვითარების ბერკეტიც გახდება.

მანამდე კი ნახეთ მაგმას რჩეული ფილმები ამ ლინკზე

spring1