843521170.jpg.0

ავტორი: მამუკა გურული

ჰორორების მოყვარულები ალბათ კარგად იცნობთ პენივაისს, სტივენ კინგის ყველაზე საშიშ პერსონაჟს წიგნიდან (და ფილმიდან) – „ის“. თავად კინგმა განაცხადა, რომ აღარ დაწერდა პენივაისზე, რადგან იგი მისთვისაც კი ძალიან საშიში პერსონაჟია.

„ის“ - თქვენი შიშების ფორმას იღებს. „ის“ - თქვენი შიშებით იკვებება და ძლიერდება. „ის“ ყველა თქვენს შიშს კარგად იცნობს. „ის“ - უფორმოა, მაგრამ ავტორმა მას მაინც მისცა ფორმა - და ეს ფორმა კლოუნია.

pennywise 1024x576

რატომ აირჩია სტივენ კინგმა ყველაზე საშიში პერსონაჟის მთავარ ფორმად კლოუნი? ამ კითხვაზე ძალიან კარგად გვპასუხობს ვექტორული ფსიქოლოგია. მივყვეთ თანმიმდევრულად:

ვისთვის წერენ და იღებენ ჰორორებს? - რა თქმა უნდა ვიზუალებისთვის. ზოგადად კინოც და ხელოვნებაც უპირატესად ვიზუალების სფეროა და მათთვისვე იქმნება, მაგრამ არავის აინტერესებს საშინელებათა ჟანრის წიგნები და ფილმები ისე, როგორც ვიზუალებს.

არსებობს მდგომარეობა ვიზუალურ ვექტორში, რომელსაც ეწოდება შიშის მდგომარეობა, და ასეთი ვიზუალები განზრახ უყურებენ ჰორორებს, რადგან ფიქრობენ, რომ თუ კინოში ან წიგნებში მოერევიან შიშებს, რეალურ ცხოვრებაში აღარ შეეშინდებათ. ან უბრალოდ შიშის ემოცია აღაგზნებთ და თვალებგაფართოებული უყურებენ ეკრანს, თან ცდილობენ გაეცინოთ, და კომედიად აღიქვან, მაგრამ ფაქტია - ინტერესი საშიში პერსონაჟებისადმი უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ სიცილის სურვილი (რეალურად სიცილი რომ უნდოდეთ კომედიებს ნახავდნენ და არა ჰორორებს).

შვიდვექტორიანი სტივენ კინგი (ურეთრალურის გარდა ყველა ვექტორით) კარგად იცნობს ადამიანის ქვეცნობიერს. ინტუიტიურად ხვდება, რისი ეშინიათ ადამიანებს, და განსაკუთრებით ვიზუალ ბავშვებს. ამიტომაც არჩევს ყველაზე საშიში პერსონაჟის არქეტიპად კლოუნს, და არა რაიმე სხვა ფორმას (თუმცა არც მონსტრები და ურჩხულები აკლია მის წიგნებს).

კლოუნი - იგივე მასხარა - ესაა ორალური ვექტორის არქეტიპული ფორმა. რატომ ეშინიათ ვიზუალებს კლოუნების? ეს გამომდინარეობს ვიზუალების არქეტიპული შიშიდან, რომელსაც ეწოდება მსხვერპლად ქცევის შიში, კერძოდ კი მტაცებლებისგან, ან ორალებისგან შეჭმის შიში. კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე კანიბალიზმი ჩვეული მოვლენა იყო. ყველაზე ხშირად ორალები მსხვერპლად სწირავდნენ და ჭამდნენ კან-ვიზუალ ბიჭებს, რადგან კან-ვიზუალ ბიჭს ძველ ჯოგში სახეობრივი ფუნქცია არ ჰქონდა, ფიზიკურად ყველაზე სუსტი იყო, ბრძოლაში და ნადირობაში სხვებს კონკურენციას ვერ უწევდა, ამიტომ ყნოსვა შამანი პირველ რიგში მათ გამოარჩევდა მთელი ჯგუფიდან და ორალებს მიუგდებდა ხოლმე შესაჭმელად, ან უბრალოდ ხელს არ უშლიდა მათ (ეს იყო ყნოსვური რანჟირების პრიმიტიული ფორმა).

დღეისათვის კანიბალიზმი ტაბუირებულია, და მხოლოდ უკიდურესი გადახრების შემთხვევაში, იშვიათად გვხვდება ხოლმე. მაგრამ ვიზუალში შეჭმის არქეტიპული შიში დღემდე შემორჩენილია. განსაკუთრებით ბავშვებში (ამიტომ არ უნდა შევაშინოთ ვიზუალი ბავშვი, რომ "ბუა მოვა და შეგჭამს)" არარეალიზებულ ვიზუალებში, რომლებშიც სიყვარულის ემოციას შიშის ემოცია აჭარბებს, და განსაკუთრებით კან-ვიზუალ ბიჭებში (სხვათაშორის, „ლუზერების“ შვიდეულიდან, ექვსი ბიჭია და ერთი გოგო, და რა თქმა უნდა - შვიდივე ვიზუალია).

Losers Club

თავად წიგნის პერსონაჟს - პენივაისს ერთდროულად აქვს როგორც ორალური, ასევე ყნოსვის ვექტორი. იგი ჭამს მსხვერპლს, და ასევე მან იცის თავისი მსხვერპლის შიშები და უკმარისობები, და კარგად შეუძლია მათით მანიპულაცია. ყნოსვის ვექტორის უნარიც ხომ ესაა - იყნოსოს ადამიანების სტრესები და უკმარისობები. შეიძლება ითქვას, რომ ავტორმა ამ პერსონაჟში თავისივე ყველაზე საშიში და ბნელი მხარე ჩადო.

როგორ შეიძლება ვიზუალური შიშების დამარცხება?

ამის პასუხი თავად სიუჟეტშია. სკოლის „ლუზერები“, რომლებსაც ცალ-ცალკე ყველა „აბულინგებდა“, ერთად უკვე ქმნიან ძალას, რომელსაც შეუძლია ყველაზე საშიში მონსტრი დაამარცხოს. ისინი იწყებენ მოქმედებას პრინციპით: „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“. სანამ პენივაისს დაამარცხებენ, ჯერ იმ ბიჭებს გაუსწორდებიან, რომლებიც აქამდე გამუდმებით ჩაგრავდნენ (ცნობისათვის, საწყისი იმპულსი შავკანიანი ბიჭის გადარჩენა იყო, და არა შურისძიება). შემდეგ, როცა მათი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, და შეუძლიათ თავი გადაირჩინონ, თუ თავის ერთ მეგობარს გაწირავენ, ამ დროს გამბედაობას და სულის სიმტკიცეს იჩენენ და არ წირავენ თავის მეგობარს. სწორედ ამით ამარცხებენ თავიანთ შიშს, და თუ პენივაისის არ გეშინია, პენივაისი ძალას კარგავს.

უფრო მარტივად. მთავარი გზა ვიზუალისთვის შიშის დასამარცხებლად - ესაა თანაგრძნობის და სიყვარულის უნარის გაზრდა სხვა ადამიანების მიმართ. ვიზუალი, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია სიკვდილის, ძალიან დიდ უშიშარობას გამოიჩენს და თავსაც კი გაწირავს სხვისთვის, თუკი სიყვარულის სახელით აკეთებს ამას.

რა თქმა უნდა ყველა ვიზუალს არ ეშინია კლოუნების, და ყველა ვიზუალს (მათ შორის შიშის მდგომარეობაშიც) არ უყვარს ჰორორები, მაგრამ აქ საუბარია ზოგად ტენდენციაზე, და არქეტიპზე. სამაგიეროდ ყველა განვითარებული ვიზუალისთვის - სიყვარული, სიკეთე და თანაგრძნობა - ყველაზე მთავარი ფასეულობებია, და სწორედ ამ ფასეულობებით ამარცხებენ ისინი თავიანთ ყველაზე დიდ და არქეტიპულ შიშებს: მსხვერპლად ყოფნის (შეჭმის) შიშს, სიბნელის შიშს და სიკვდილის შიშს.

ეს კადრი ყველაფერს ამბობს:

lover

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...