stones

ავტორი: იოანე შენგელია

როგორ ევოლუცირებს სიცოცხლე?

დავსვათ ასეთი შეკითხვა: დაუშვათ მოხვდით უცხო გარემოში. რას მოიმოქმედებთ?

თქვენ (და ადამიანების გარკვეული ნაწილი) შესაძლოა არ დაიბნეს უცხო გარემოში და უცებ ადაპტირდეს, მოერგოს სიტუაციას. შესაძლოა ლიდერობის ბერკეტებიც კი ჩაიგდოს ხელში. ზოგიერთი ადამიანი კი საერთოდ მყისიერად ხდება ბელადი და დანარჩენი ადამიანები მას ღმერთად აღიარებენ. ასევე, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც საერთოდ ვერაფერს აკეთებს თავისით და მექანიკურად იმეორებს იმას, რასაც სხვები..

როგორ ფიქრობთ, რით არის გამოწვეული ეს სხვადასხვაობა?

შესაძლოა ფიქრობთ, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მივიდეს იმ დონემდე, როცა ხდება „თავისუფალი შემოქმედი“, ესეიგი, როდესაც უცხო გარემოში არა თუ ადაპტირდება, არამედ თავად ხდება ახალი გარემოებების შექმნის დიდოსტატი. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ყველა ადამიანში არის ამის პოტენციალი, და რომ ამის მიღწევა მხოლოდ დროის ამბავია. თუმცა, ასე არ არის. ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით.

ახლა კი მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ საკითხზე: როგორ ვითარდება სიცოცხლე?

თუ ვისაუბრებთ არაცოცხალ ბუნებაზე, როგორიცაა მინერალები, უსულო მატერია, და ა.შ. მათთვის სამართლიანია ე.წ. მექანიკურობის პრინციპი, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ფიზიკური სისტემა ცალსახად დამოკიდებულია თავის გარემოზე და გარემოს არაერთგვაროვნებას ირეკლავს საკუთარ თავში. ის თავისით ვერაფერს აკეთებს, ის გარემოსგან განუყოფელია და მექანიკურად ასრულებს იმას, რასაც გარემო დაუწესებს.

მაგალითად, სხეულს თუ მისცემ იმპულსს, მაშინ ის ამ იმპულსით გააგრძელებს მოძრაობას მანამ, სანამ გარედან რაიმე ძალა არ იმოქმედებს მასზე. ეს პრინციპი სამართლიანია ნებისმიერი ფიზიკური სისტემისთვის. განსხვავებულია მხოლოდ ინტერპრეტაციები და კონკრეტული გამოვლინებები.

შეიძლება თუ არა იგივე ითქვას ადამიანებზე? არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ასეთივე მექანიკურნი არიან და მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც ხედავენ სხვებში. ისინი გარემოზე არიან ცალსახად დამოკიდებულნი ისევე, როგორც ფიზიკური სისტემები. გარემო თუ შეიცვალა, მაშინ ისინიც იცვლიან ქმედებას. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ არ გააჩნიათ თავისი „მე“.

ამის პარალელურად კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც არა თუ მექანიკურები არ არიან, და არა თუ ახალ გარემოსთან ადაპტირდებიან, არამედ თავად ქმნიან ახალ გარემოებებს, თავად მოაქვთ მომავალი..

რაღა თქმა უნდა, სხვაობა ამ ორი ტიპის ადამიანს შორის დიდია. ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ იმაზე, შეუძლია თუ არა ნებისმიერ ადამიანს განვითარდეს ამ „პირველი“ ადამიანიდან „მეორემდე“, თუ ეს ზოგადად ადამიანთა სისტემას შეუძლია. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჯერჯერობით კი ვეცადოთ ჩამოვაყალიბოთ თვითონ განვითარების გზა (ეტაპები), შემდგომ კი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ რეალიზდება ეს კონკრეტულად ადამიანთა სისტემაში.

მივყვეთ „ბოლოდან“. ესეიგი, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც შემოქმედებითად თავისუფალია, ესეიგი, თავად ქმნის გარემოებებს. ამ პროგრამას ვუწოდოთ „ადამიანური“ (ეს მხოლოდ ტერმინია). როგორი მოქმედება შეიძლება მას უსწრებდეს წინ? ანუ, რის შემდეგ აღწევს ადამიანი ამ მდგომარეობას?

სანამ ადამიანი იწყებს თავისუფალ შემოქმედებას და გარემოებების შექმნას, მანამ აუცილებელია ისწავლოს აწ უკვე არსებულ გარემოებებზე ადაპტაცია. ეს არის ადაპტაციის პროგრამა, რომელსაც ვუწოდოთ „ცხოველური“ (როგორც სიცოცხლის წინა ფორმის).

რა უძღვის წინ ადაპტაციას? სანამ მოცემულ გარემოებებთან ადაპტაციას ისწავლის ადამიანი, მანამ საჭიროა წარსული გამოცდილებები შეაჯამოს, წარსრული გარემოებებისგან დაგროვილი ცოდნის გამოყენება ისწავლოს. ვუწოდოთ ამ პროგრამას „მცენარეული“ (როგორც სიცოცხლის წინა ფორმა)

ხოლო, სანამ ადამიანი მიხვდება იმას, რომ დაგროვილი გამოცდილება უნდა გაიხსენოს და გამოყენება დაიწყოს, მანამ ის გამოცდილებასაც კი ვერ აგროვებს და უბრალოდ მოქმედებს ისე, როგორც ამას მოცემული გარემო უწესებს. ეს არის მექანიკური მოქმედება და ვუწოდოთ მას უსიცოცხლობის ფორმა - „მინერალური“.

ახლა კი პირიქით წავყვეთ და ასე შევაჯამოთ:

სიცოცხლის ნულოვანი (არარსებული) ფორმა - მინერალური სამყარო. ხასიათდება მექანიკურობით. ეს არის მატერია, რომელიც მოქმედებს მექანიკური პროგრამით - აირეკლოს გარემო და იმოქმედოს ცალსახად გარემოსგან მიცემული ინსტრუქციებით. პირობითად, ამ პროგრამას ვუწოდოთ მინერალური, რადგან ეს პროგრამა გააჩნიათ სწორედ რომ მინერალურ სისტემებს.

მას ვუწოდეთ სიცოცხლის ნულოვანი ფორმა, რადგან მინერალურ სამყაროში სიცოცხლე არ არის. სიცოცხლის პირველი გამოვლინება არის, პირობითად, მცენარეული. რა თვისებები აქვს მას? ვინაიდან, ის უკვე სიცოცხლის ფორმაა, ამიტომ მას აქვს უნარი ნაწილობრივ მაინც გამოეყოს გარემოს და საკუთარი „აზრი“ და „ნება“ იქონიოს, ნაწილობრივ მაინც, ჩანასახოვან მდგომარეობაში. მაგრამ, საითკენ უნდა იყოს მიმართული ახლად გამოღვიძებული სიცოცხლის ნება?

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც უცხო გარემოში მოხვდა. მისი თავდაპირველი რეაქცია იქნება მექანიკურობა - ის იმოქმედებს იმ ინსტრუქციით, რასაც გარემო შესთავაზებს. მაგრამ, ახლა წარმოიდგინეთ, რომ მასში გამოღვიძებას იწყებს ნებელობა. მაშინ ის თავისით დაიწყებს გადაწყვეტილების მიღებას. მაგრამ, რა იქნება მისი პირველი ნება? რას მოიმოქმედებს?

პირველი ნება-სურვილი, რაც შეიძლება ახლად გამოღვიძებულ სიცოცხლეს ჰქონდეს - ეს არის გაკეთება იმისა, რასაც მიეჩვია. ესეიგი, გამოცდილების გამოყენება. ეს განვითარების უფრო მაღალი ფორმაა, რადგან, ამ შემთხვევაში, არ ხდება მექანიკურად გარემოს ინსტრუქციების შესრულება. ცხადია, ამ შემთხვევაში ცოცხალი ორგანიზმი აკეთებს იმას, რასაც აქამდე აკეთებდა. მაგრამ, ის ამას აკეთებს „თავისი ნებით“. მექანიკურობის ეტაპზე ის უბრალოდ მოქმედებდა, ამ ეტაპზე კი ის იწყებს ყველაფრის გახსენებას და გამოცდილების ჩამოყალიბებას.

ამიტომ, ნულოვან დონეზე დგას მექანიკურობა, ხოლო პირველ დონეზე დგას მცენარეულობა, რომელიც ხასიათდება წარსულის პრინციპებით. მისი არსი წარსულია. მართლაც, ტერმინი „მცენარეულობა“ მართლაც ადექვატურია წარსულის პროგრამით მოქმედი ორგანიზმებისთვის, რადგან, მცენარეები ხომ მიჯაჭვულნი არიან თავის ფესვებზე და თუ ამ ფესვებიდან ამოგლეჯ, მაშინ ისინი მოკვდებიან.

მომდევნო პროგრამა, ეს არის სიცოცხლის მეორე ფორმა - ცხოველური, რომელიც ხასიათდება აწყმოს პროგრამით. თუ ადამიანის თავდაპირველი რეაქცია უცხო გარემოში არის მექანიკურობა, ხოლო მომდევნო რეაქციაა გამოცდილების დაგროვება და ისე მოქმედება, კიდევ უფრო შემდეგი დონეა - ახალი გამოწვევების მიღება და გარემოს ცვლილებებთან ადაპტირება.

მცენარეული და ცხოველური პროგრამები - უკვე სიცოცხლის ფორმებია. ისინი უკვე ხასიათდებიან ნებელობით. მაგრამ, პირველი მათგანი წარსულით მოქმედებს (აგროვებს გამოცდილებას), მეორე კი აწყმოთი (ერგება სიტუაციებს და ცვლილებებთან ადაპტირდება). რა უნდა იყოს შემდეგი დონე?

ცხადია, რომ შემდეგი დონე არის ადამიანური და ის ხასიათდება მომავლის პროგრამით. ამ დონეზე ცოცხალ ორგანიზმს აქვს უნარი არა თუ მექანიკურად მოიქცეს, ან წარსული გამოცდილებით, ან გარემოებების ცვლილებას ფეხი აუწყოს, არამედ თავად შემოიტანოს მომავალი, თავად შექმნას ფუნდამენტალური ცვლილებები.

ადამიანთა სისტემაში, როგორც ჩვენთვის ცნობილ სიცოცხლის უმაღლეს ფორმაში, არქეტიპულ დონეზე ჩადებულია ოთხივე ეს პროგრამა - მინერალური (მექანიკური), მცენარეული (წარსული), ცხოველური (აწყმო), ადამიანური (მომავალი). ადამიანთა სისტემაში ვერ იარსებებს მხოლოდ უკანასკნელი პროგრამა. ის აუცილებლად უნდა დააშენდეს წინა სამ პროგრამას. ისევე, როგორც ცხოველთა სისტემაში ვერ იარსებებს მხოლოდ მესამე პროგრამა - ის უნდა დააშენდეს მინერალურსა და მცენარეულს. და ა.შ.

სიცოცხლის ყოველი მომდევნო ფორმა ქვეფენებად შეიცავს წინა ფორმებსაც და როგორც არქეტიპული პროგრამა აუცილებლად რეალიზდება ადამიანთა სისტემაში. გარდა ამისა, ადამიანთა სისტემაში, ეს ოთხი პროგრამა რეალიზდება ორ სიბრტყეზე - ფიზიკურ და მეტაფიზიკურ დონეზე. ანუ, სულ არსებობს რვა პროგრამა, რომელიც ადამიანთა სისტემას აქვს.

შევაჯამოთ ეს ოთხი პროგრამა, რომელიც ადამიანთა სისტემაში ორ სიბრტყეში რეალიზდება, როგორც რვა პროგრამა (ოთხი ქვედა - ფიზიკური, და ოთხიც ზედა - მეტაფიზიკური):

ნულოვანი (უსიცოცხლობა) - მექანიკურობა - მინერალური - გარემოზე დამოკიდებული (მექანიკურად მიჰყვება გარემოს ინსტრუქციებს)

პირველი (სიცოცხლის ჩანასახი) - წარსული - მცენარეული - გარემოს თანაბარი (გარემოს ირგებს წარსულ ფესვებზე დაყრდნობით)

მეორე (სიცოცხლის მაღალი ფორმა) - აწყმო - ცხოველური - გარემოს თანაბარი (გარემოს ერგება, აწყმო გამოწვევებთან ადაპტირდება)

მესამე (თავისუფალი ნებელობა) - მომავალი - ადამიანური - გარემოზე აღმატებული (გარემოს თავად ქმნის, თავად შემოაქვს მომავალი)

ამრიგად, ადამიანთა სისტემას, როგორც სიცოცხლის ერთ-ერთ ფორმას, არქეტიპულ პროგრამებად მოჰყვება ეს რვა პროგრამა. აქ საკითხავი არის სხვა რამ: აქვს თუ არა თითოეულ ადამიანს რვავე პროგრამა, თუ ეს პროგრამები ნაწილდება ადამიანთა ჯგუფებზე?

გააჩნია სიტუაციას. მაგალითად, ძველ ეპოქაში არარსებობდა იმის აუცილებლობა, რომ ადამიანთა უმრავლესობას ჰქონოდა მეოთხე პროგრამა. ახლა კი, შეიძლება შეგვხვდეს მრავალი ადამიანი, რომელთაც ამ რვა პროგრამიდან ბევრი მათგანი აქვს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის საჭირო მოცემულ სიტუაციაში. ეს ამოცანა ბუნებრივად წყდება, ბუნებრივ დონეზე წყდება. ბუნება ამას თავისით აკეთებს.

ახლა უკვე პასუხი შეგვიძლია გავცეთ იმ შეკითხვას, რაც დასაწყისში დავსვით: ყველა ადამიანს შეუძლია თუ არა განვითარება „მინერალური მექანიკურობიდან“ „ადამიანურ შემოქმედებითობამდე“?

პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პროგრამები აქვს ადამიანს. ცხადია, ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ მეოთხე პროგრამა (რომელსაც „ადამიანური“ ვუწოდეთ), არ არიან არასრულფასოვანი ადამიანები. არამც და არამც. ცალკეული ადამიანი საკუთარ თავში ყოველთვის სრულია. ეს ადამიანთა ჯგუფს სჭირდება რვა პროგრამა, მაგრამ ცალკეული ადამიანი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არეალიზებს თავის (და მხოლოდ თავის) პროგრამებს.

ჯგუფს კი სჭირდება რვავე პროგრამა, რათა იფუნქციონიროს, როგორც სრულყოფილმა ადამიანურმა ჯგუფმა. ჯგუფს სჭირდება მეტაფიზიკური და ფიზიკური ბელადები (მე-4 პროგრამა), მეტაფიზიკური და ფიზიკური მმართველები (მე-3 პროგრამა), მეტაფიზიკური და ფიზიკური გამოცდილება (მე-2 პროგრამა) და მეტაფიზიკური და ფიზიკური მუშახელი (1-ლი პროგრამა). ამიტომ, ყველა ადამიანი თანაბარმნიშვნელოვანია (ისევე, როგორც მანქანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია საჭეც და არაპოპულარული ჭანჭიკებიც).

ყველა პროგრამას თავისი მისია აქვს. ფსიქოლოგიური სისტემა, რომელიც ეყრდნობა ამ პროგრამებს, არის ე.წ. ვექტორული ფსიქოლოგია.

ვექტორული ფსიქოლოგია დაწვრილებით აღწერს თითოეული ამ პროგრამის მქონე ადამიანების სურვილების მიმართულებებს და იმ მეთოდებს, თუ როგორ განვითარდეს ესა თუ ის ადამიანი და რეალიზდეს, რათა იყოს ბედნიერი.

გააზიარეთ თუ მოგეწონათ..