ავტორი: იოანე შენგელია

 

ძვირფასო მკითხველო, მოცემულ სტატიაში გთავაზობთ სამყაროს ფიზიკური მოდელის მოკლე მიმოხილვას და მასზე დაყრდნობით რეალობის და პარალელური სამყაროების შესახებ ჩამოყალიბებულ ჰიპოთეზას.

 

კლასიფიკაციის პრობლემა

ფიზიკის ამოცანა არის ფიზიკური პროცესების კვლევა. ფიზიკური პროცესი არის ფიზიკური მდგომარეობის ცვლილება (დინამიკა). ფიზიკური პროცესები შეგვიძლია სხვადასხვა კრიტერიუმებით ვაკლასიფიციროთ. ჩვენი შემდგომი მსჯელობისთვის სასრუველია კლასიფიკაცია მოვახდინოთ შემდეგი თანმიმდევრობით:

1: კლასიკური და კვანტური პროცესები. კლასიკური ფიზიკა სწავლობს პროცესებს (ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს), ხოლო კვანტური ფიზიკა სწავლობს ამ პროცესის მოხდენის ალბათობებს. სამყარო ფუნდამენტში ალბათურია (ეს უკვე დამტკიცებულია). კლასიკა შეისწავლის პროცესების დინამიკას, ხოლო კვანტური შეისწავლის ამ პროცესის მოხდენის ალბათობას.

2: მექანიკა და ველი: აქ ძალიან მარტივად არის საქმე. არსებობს მექანიკური პროცესები, და არსებობს ამ პროცესების გამომწვევი მიზეზები - ველები და ძალები. თუ ამ კლასიფიკაციას ვასინთეზირებთ წინა კლასიფიკაციასთან, მაშინ მივიღებთ ოთხ შესაძლო ვარიანტს:

მაგალითად, კლასიკური მექანიკა შეისწავლის მოძრაობებს, ხოლო კვანტური მექანიკა შეისწავლის მოძრაობის ალბათობებს (სხეულების სივრცე-დროში განაწილების ალბათობებს). კლასიკური ველის თეორია შეისწავლის ურთიერთქმედებებს (ძალებს), ხოლო კვანტური ველის თეორია შეისწავლის ურთიერთქმედებების მოხდენის ალბათობებს. ძალიან მარტივია ხომ? მხოლოდ შესაძლო კომბინაციები უნდა ააგო.

3: არარელატივისტური და რელატივისტური პროცესები: ეს უკანასკნელი ძირითადად გულისხმობს იმას, თუ რამდენად არის დროის ღერძი ცალსახა. რელატივისტურ პროცესებში სხვადასხვა ათვლის სისტემებში დროც სხვადასხვანაირად შეიძლება „მიედინებოდეს“, რაც რთულად აღსაქმელია არარელატივისტური ბუნების ადამიანისთვის.

მაგრამ, ეს ეფექტი ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, რადგან მომდევნო ნაწილებში ჩვენი მსჯელობა შეეხება ისეთ პროცესებს, რომლისთვისაც დროის ცნება საერთოდ აზრს დაკარგავს. ამიტომ, ჩვენ შემოვიფარგლებით პირველი და მეორე კლასიფიკაციით. ამასთან, მეორე კლასიფიკაციაც მხოლოდ იმისთვის დაგვჭირდება, რომ ორი განსხვავებული მაგალითი მაინც მოვიყვანოთ ხოლმე თვალსაჩინოებისთვის (ერთი მექანიკიდან და ერთიც ველის თეორიიდან). მაგრამ, ძირითადად შემოვიფარგლებით პირველადი კლასიფიკაციით.

1

ამრიგად, სამყარო ფუნდამენტში არის კვანტური და მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში ხდება კლასიკური. მოდი ნუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შემთხვევაში ხდება რეალობა კლასიკური (ანუ კვანტურიდან გადადის კლასიკაში). ეს პრობლება დღესაც აქტუალურია. ვისაუბროთ მხოლოდ ამ ორი ვარიანტის განსხვავებაზე და იმაზე, თუ რა არის თითოეული მათგანის ამოცანა. დავიწყოთ კლასიკური პროცესის განხილვით.

შენიშვნა: ეს კლასიფიკაცია და შემდგომი მსჯელობა არ არის აბსოლუტური მოცემულობა და, მეტ-ნაკლებად, პირობითია. თუმცა, თვალსაჩინოების მიზნით გამართლებულია.

 

კლასიკური პროცესი

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ფიზიკური პროცესი წარმოადგენს ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებას. ამრიგად, გვაქვს ფიზიკურ მდგომარეობათა უსასრულო სიმრავლე, ხოლო ფიზიკური პროცესი არის ამ უსასრულო სიმრავლიდან გარკვეული მდგომარეობების უწყვეტი მიმდევრობა. მაგალითად, თავდაპირველად ფიზიკური სისტემა იმყოფება A მდგომარეობაში, შემდეგ B მდგომარეობაში, შემდეგ C მდგომარეობაში, და ა.შ. კლასიკური ფიზიკის ამოცანა არის შეისწავლოს ამ მდგომარეობებზე „სიარულის“ კანონზომიერება.

როგორ ყალიბდება ამოცანა? ვინაიდან საქმე ეხება მდგომარეობის ცვლილებას (ანუ დინამიკას), ამიტომ აუცილებელია დაფიქსირდეს ორი მდგომარეობა მაინც, რომელიც მოცემულ ფიზიკურ პროცესს გააჩნია. და მხოლოდ შემდეგ დაისვას შეკითხვა: როგორი გზით გადავიდა სისტემა ერთი მდგომარეობიდან მეორეში? გადასვლის თითოეული გზა წარმოადგენს მდგომარეობათა უწყვეტ მიმდევრობას, რომლებიც იწყებიან პირველ ფიქსირებულ მდგომარეობაში და სრულდებიან მეორე ფიქსირებულ მდგომარეობაში. ყველა ამ შესაძლო გზიდან (მდგომარეობათა უწყვეტი მიმდევრობიდან) ფიზიკური სისტემა ირჩევს ერთადერთ გზას, რომელიც რეალურად ხორციელდება და რომელსაც ჭეშმარიტ ტრაექტორიასაც უწოდებენ ხოლმე.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაგალითების სახით განვიხილავთ ორ მაგალითს მეორე დონის კლასიფიკაციიდან: ერთს მექანიკიდან და ერთს ველის თეორიიდან.

მაგალითად, თუ ვართ კლასიკურ მექანიკაში, მაშინ ფიზიკურ პროცესად ითვლება სხეულის მოძრაობა, ფიზიკურ მდგომარეობად ითვლება სხეულის ყოფნა სივრცის მოცემულ წერტილში, ხოლო მდგომარეობათა უწყვეტი ჯაჭვი კი არის მოძრაობის სტანდარტული ტრაექტორია. ყველა შესაძლო ტრაექტორიიდან, რომელიც აერთებს სხეულის მდებარეობის პირველ და ბოლო ფიქსირებულ წერტილებს, ბუნება ირჩევს ერთადერთ ტრაექტორიას, რომელსაც მოძრაობის ჭეშმარიტი ტრაექტორია ეწოდება.

მაგალითად, თუ ვართ კლასიკურ ველში, მაშინ ფიზიკურ პროცესად ითვლება სხეულებს შორის ურთიერთქმედება, ფიზიკურ მდგომარეობად ითვლება ურთიერთქმედების ველის სახე-სტრუქტურა სივრცე-დროის მოცემულ წერტილში, ხოლო მდგომარეობათა უწყვეტი ჯაჭვი კი არის ურთიერთქმედი ველების სახე-სტრუქტურის ცვლილება, რომელიც აერთებს პირველ ფიქსირებულ სახეს მეორე ფიქსირებულ სახესთან. ბუნება ირჩევს ამ შესაძლო „ჯაჭვებიდან“ ერთადერთს, რომელსაც ურთიერთქმედების ჭეშმარიტი ტრაექტორია შეიძლება ვუწოდოთ.

ვფიქრობ, ანალოგია მექანიკასა და ველს შორის, ასე თუ ისე, გასაგებია. ახლა კი ისმის შეკითხვა: დაუშვათ დავაფიქსირეთ ორი მდგომარეობა და აღმოვაჩინეთ ყველა შესაძლო ტრაექტორია, რომელიც ამ ორ მდგომარეობას აერთებს. რატომ ირჩევს ბუნება მხოლოდ ერთადერთ გზას ამ ყველა შესაძლო ვარიანტიდან?

პასუხი მარტივია: ბუნება ირჩევს იმ გზას, რომელზეც ყველაზე ნაკლებად მოქმედებს, ყველაზე ნაკლებად იხარჯება. ამ პრინციპს ეწოდება უმცირესი ქმედების პრინციპი, რომლის თანახმადაც ყველა შესაძლო ტრაექტორიიდან, რომლებიც ორ ფიქსირებულ მდგომარეობას აერთებენ, ბუნება ირჩევს კონკრეტულად იმ ტრაექტორიას, რომელზეც მინიმალურია მისი ქმედება და დანახარჯი. ამის შესახებ ამ სტატიაშიც წერია: თეორიული ფიზიკა.

შენიშნვა: საინტერესოა, რომ მათემატიკა თანხმობაშია ფიზიკასთან. მაგალითად, ჩვეულებრვ, ფიზიკურ პროცესებს აღწერენ ისეთი მათემატიკური განტოლებები, რომელთა ცალსახა ამოხსნისთვის აუცილებელია ორი (და მხოლოდ ორი) საწყისი პირობის დაფიქსირება (ამ ფაქტს თავად მათემატიკა ითხოვს). ეს თანხვედრაშია იმასთან, რომ დინამიკა წარმოადგენს ფიზიკურ მდგომარეობათა ცვლილებას, ამიტომ საჭიროა ორი მდგომარეობის დაფიქსირება მაინც (რომელიც სწორედ იმ ორ საწყის პირობას შეესაბამება), რათა დაისვას ამოცანა ფიზიკური პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხოლო თავად პროცესის (ანუ მდგომარეობათა ცვლილების) აღმწერი განტოლებები კი გამომდინარეობენ უმცირესი ქმედების პრინციპიდან.

 

პროცესი კვანტურად

რამდენადაც კლასიკური ფიზიკა სწავლობს ფიზიკურ პროცესებს (მექანიკურს ან ველების ურთიერთქმედებებს), იმდენად კვანტური ფიზიკა სწავლობს ამ ფიზიკური პროცესების განხორციელების ალბათობებს. მაგალითად, კლასიკაში არ დგას საკითხი იმის შესახებ რამდენად ალბათურია ამა თუ იმ პროცესის განხორციელება. კლასიკაში ვაფიქსირებთ პირობითად ორ მდგომარეობას, და ვიკვლევთ მდგომარეობათა რომელი უწყვეტი ჯაჭვით ხდება გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. კვანტურ მექანიკაში კი პირველ ყოვლისა ისმევა შეკითხვა: რა არის იმის ალბათობა, რომ ასეთი გადასვლა საერთოდ განხორციელდეს? კვანტურ მექანიკაში ზოგჯერ ისიც კი ვერ ხერხდება, რომ ნებისმიერი ორი მდგომარეობა დაფიქსირდეს ერთდროულად (ჰაიზენბერგის პრინციპის განზოგადება).

ამრიგად, თუ კლასიკის ამოცანა არის პროცესების „გეომეტრიული სურათის“ დანახვა (სივრცე-დროში მიმდინარე პროცესი), კვანტურის ამოცანა არის პროცესის განხორციელების ალბათობის „გეომეტრიული სურათის“ დანახვა (ალბათობის განაწილება სივრცე-დროში). როგორ იხსნება ეს ამოცანა? ძალიან უხეშად მოგიყვებით, რომ წარმოდგენა შეიქმნათ..

როგორც წინა ნაწილში აღვნიშნეთ, ორი მდგომარეობის შემაერთებელი მდგომარეობათა უწყვეტი ჯაჭვი არსებობს უამრავი, შეიძლება ითქვას, უსასრულო რაოდენობის. კლასიკაში ბუნება ირჩევს ერთადერთ „ჭეშმარიტ“ გზას (რომელზეც ქმედება არის მინიმალური). მაგრამ, კვანტურ დონეზე ყველა შესაძლო გზა თანაბრად მნიშვნელოვანია. ხოლო იმის ალბათობა, რომ განხორციელდება მოცემული ფიზიკური პროცესი (ანუ იმის ალბათობა, რომ ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადავა ფიზიკური სისტემა) წარმოადგენს თითოეულ ამ გზაზე მოძრაობის ალბათობების ჯამურ ეფექტს.

კიდევ ერთხელ: იმისათვის, რომ ამოვხსნათ კვანტური ფიზიკის ამოცანა და დავადგინოთ იმის ალბათობა, რომ განხორციელდება რაიმე ფიზიკური პროცესი (გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში), აუცილებელია ამ ფიზიკური პროცესის ყველა შესაძლო ვარიანტის განხორციელების ალბათობა დავთვალოთ. მაშინ, როცა კლასიკურ ფიზიკაში რეალურად ხორციელდება მხოლოდ ერთდადერთი ვარიანტი (რომელსაც მინიმალური ქმედება შეესაბამება), კვანტურ ფიზიკაში ყველა შესაძლო ვარიანტზე ხდება ალბათობის დათვლა.

ეს ლოგიკურიც არის. იმისთვის, რომ რაიმე მოვლენის ალბათობა დავთვალოთ, აუცილებელია ამ მოვლენის განხორციელების ყველა შესაძლო ხელშემწყობი ვარიანტი გავითვალისწინოთ. კლასიკური მოვლენები არ არიან ალბათურნი. ისინი უფრო დეტერმინირებულნი არიან, ამიტომ მათთვის არსებობს ცალსახად განზაზღვრული ტრაექტორიები. მაგრამ, კვანტურ დონეზე სამყარო ალბათურია, ამიტომ აუცილებელია პროცესის განხორციელების ყველა შესაძლო ხელშემწყობი ვარიანტების გათვალისწინება და მათი ჯამური ეფექტის დათვლა.

შენიშვნა: ჩვენ განვიხილეთ ორი უკიდურესი შემთხვევა - კლასიკური (დეტერმინირებული, უმცირესი ქმედების პრინციპზე დაყრდნობილი), და კვანტური (ალბათური, ყველა შესაძლო მდგომარეობის გამთვალისწინებელი). მაგრამ, არსებობს, მეტ-ნაკლებად, შუალედური შემთხვევებიც, რომელსაც შეიძლება კვაზიკლასიკაც ეწოდოს. ამ შემთხვევაში ტრაექტორია არ არის ცალსახა (როგორც კლასიკაში), მაგრამ არც ალბათობათა „ზღვა“ გვაქვს (როგორც კვანტურში), არამედ გვაქვს გარკვეული გარდამავალი შემთხვევა - ალბათობები იწყებენ „კოლაფსირებას“ და „ლოკალიზებას“ და ამით კლასიკური შემთხვევისკენ მიისწრაფვიან. თუმცა, თვალსაჩინოების მიზნით მიზანშეწონილი იყო ორი უკიდურესი შემთხვევის განხილვა, რაც გავაკეთეთ კიდეც.

appp

მომდევნო ქვეთავში ვისაუბრებ იმაზე, თუ რა იწვევს ტრაექტორიების არაერთგვაროვნებას და სიმრუდეს (კლასიკაში) და ალბათობების არაერთგვაროვნებას (კვანტურში).

 

პოტენციალური არაერთგვაროვნება

მოდელი ძალიან მარტივია.. ახლა რაზეც ვისაუბრებ, ეს იქნება ნიუტონის პირველი და მეორე კანონების განზოგადება სხვა ფიზიკურ პროცესებზე. იდეა ასეთია: თუ სხეულზე არ მოქმედებენ ძალები, ან მათი მოქმედება ნულის ტოლია, მაშინ სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად (ანუ წრფეზე). ხოლო თუ სხეულზე მოქმედებენ ძალები, მაშინ მისი ტრაექტორია აღარ არის წრფე, არამედ გარკვეული მრუდე წირი.

რამდენადაც ვიზუალურად ადვილი წარმოსადგენია, ორ წერტილს შორის შემაერთებელი მინიმალური სიგრძის წირი არის მონაკვეთი (წრფე). როდესაც გარემო სხეულისთვის პოტენციალურად ერთგვაროვანია (ანუ მასზე ძალები არ მოქმედებენ), მაშინ მისი მოძრაობაც ერთგვაროვანია და ის მოძრაობს მინიმალურ ტრაექტორიებზე (წრფეებზე, ანუ წრფივად და თანაბრად). მაგრამ, თუ სხეულისთვის გარემო პოტენციალურად არაერთგვაროვანია (ანუ ძალები არსებობენ და მოქმედებენ მასზე), მაშინ მისი მოძრაობაც არაერთგვაროვანია და ის აღარ მოძრაობს წრფეებზე, არამედ გარკვეულ გამრუდებულ ტრაექტორიებზე.

ეს არის ნიუტონის პირველი და მეორე კანონი მოძრაობისთვის (კლასიკური მექანიკისთვის). ამის შესახებ ამ სტატიაშიც მიწერია: ერთი ნაწილაკის მექანიკური მოძრაობის ისტორია. ეს მოდელი განზოგადდება კვანტურ მექანიკაშიც: თუ გარემო პოტენციალურად ერთგვაროვანია, მაშინ ნაწილაკის აღმოჩენის ალბათობაც ერთგვაროვანია (ანუ სივრცე-დროის ნებისმიერ წერტილში ალბათობა „1“-ის ტოლია). მაგრამ, თუ გარემო პოტენციალურად არაერთგვაროვანია, მაშინ ნაწილაკის აღმოჩენის ალბათობაც არაერთგვაროვნად ნაწილდება სივრცე-დროში. ამის შესახებ ამ სტატიაში მიწერია: კვანტური მექანიკის ელემენტები.

ახლა ჩვენ ვისაუბრეთ ორი ტიპის პროცესზე: კლასიკური მექანიკა და კვანტური მექანიკა. ორივე შემთხვევაში მუშაობს ერთი და იგივე მოდელი: თუ გარემო ერთგვაროვანია, მაშინ პროცესი (მოძრაობა ან ალბათობის განაწილება) ერთგვაროვანია. ხოლო თუ გარემო არაერთგავროვანია, მაშინ პროცესიც (მოძრაობა ან ალბათობის განაწილება) არაერთგვაროვანია. გარემოში იგულისხმება გარე ძალები და ფაქტორები და სწორედ მათი არაერთგავროვნება აყალიბებს მოძრაობის (კლასიკურ მექანიკაში) და ალბათობის განაწილების (კვანტურ მექანიკაში) არაერთგვაროვნებას.

ესვე მოდელი განზოგადდება ველების შემთხვევაშიც: თუ გარემო ერთგვაროვანია, მაშინ ველების სტრუქტურაც, მეტ-ნაკლებად, ბუნებრივი და ერთგვაროვანია (რამდენადაც ეს შესაძლებელია). ხოლო არაერთგვაროვნების შემთხვევაშიც კი სტრუქტურაც არაერთგვაროვანია.

ეს ფაქტი მიუთითებს ბუნების სილამაზეზე: ერთგვაროვან გარემოში ბუნება არის ერთგვაროვანი და იმდენად მარტივი, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მაგ. მოძრაობები ხდება წრფეებზე (და არა გამრუდებულ წირებზე), ალბათობები ერთნაირია სივრცე-დროის ყოველ წერტილში (და არ არის არაერთგვაროვნად განაწილებული), და ა.შ. ასეთი მშვენიერი და მარტივია ბუნება.

შენიშვნა: ეს ფაქტი პირდაპირ გამომდინარეობს ზემოთ ნახსენებ ე.წ. უმცირესი ქმედების პრინციპიდან. ერთგვაროვან გარემოში მინიმალური ქმედება შეესაბამება ერთგვაროვან პროცესებს (ერთგვაროვანი მოძრაობა, ერთგვაროვანი ალბათობა, და ა.შ.). არაერთგავროვან გარემოში პროცესებიც არაერთგვაროვანია (არაერთგვაროვანი მოძრაობა, ალბათობის არაერთგვაროვანი განაწილება), თუმცა მათი ქმედება მაინც მინიმალურია, გარემოს მოცემული არაერთგვაროვნების გათვალისწინებით. ასე რომ, უმცირესი ქმედების პრინციპი არასოდეს იცვლება! იცვლება მხოლოდ გარემო..

 

თამაშის წესები

რამდენადაც გარემოს პოტენციალური არაერთგვაროვნება იწვევს ფიზიკური პროცესის (ან მისი ალბათობის) არაერთგვაროვნებას, ამიტომ მას შეიძლება ეწოდოს თამაშის წესები. მართლაც, სწორედ გარემო წყვეტს იმას მოცემული ფიზიკური სისტემისთვის რომელი ფიზიკური მდგომარეობა არის მიღწევადი (მდგომარეობათა სივრციდან), და რომელი - არა. და რომელი მდგომარეობაც მიღწევადია, როგორი გზით არის მიღწევადი, რამდენი შესაძლო გზა არსებობს (მდგომარეობათა უწყვეტი ჯაჭვები), და არის თუ არა საერთოდ ალბათური ამ მდგომარეობაში მისვლა. ამ ყველაფერს წყვეტს ცალსახად გარემოს პოტენციალური არაერთგვაროვნება.

ეს დაახლოებით ჰგავს კომპიუტერულ თამაშებს, ან დაპროგრამებას: წინასწარ არის განსაზღვრული თამაშის წესები და თუ დააფიქსირებ საწყის პირობებს, მაშინ თამაშის წესები მექანიკურად (ავტომატურად) განსაზღვრავენ თამაშის შემდგომ მსვლელობას (ტრაექტორიას).

ახლა კი დავსვათ პრაქტიკული ამოცანა: დაუშვათ ფიზიკური სისტემა იმყოფება „1“ მდგომარეობაში და გვსურს, რომ ის გადავიყვანოთ „2“ მდგომარეობაში. როგორ გავაკეთებ ამას?

თუ კლასიკურ სამყაროში ვართ, მაშინ მსჯელობა შემდეგნაირია:

პირველ ყოვლისა, უნდა შევხედოთ იმას, თუ როგორია გარემო.. თუ გარემოს პოტენციალური არაერთგვაროვნება არ უშვებს „1“ მდგომარეობიდან „2“-ში გადასვლას, მაშინ აუცილებელია გარემოს შეცვლა და იმ გარემოს შექმნა, რომელშიც დაშვებულია „1“ მდგომარეობიდან „2“-ში გადასვლა (თუ როგორ ხდება გარემოს შეცვლა, ეს უკვე სხვა ამბავია).

თუ გარემოს პოტენციალური არაერთგვაროვნება უშვებს „1“ მდგომარეობიდან „2“ მდგომარეობაში გადასვლას, მაშინ მეორე შეკითხვა უნდა დავსვათ: რომელი გზით (მდგომარეობათა უწყვეტი მიმდევრობით) ხერხდება ეს? თუ ეს დასაშვები გზა ძალიან გრძელია და დამღლელი, მაშინ შეიძლება იმ გარემოს შერჩევა, რომელიც უშვებს ამ გადასვლას და თანაც შედარებით უფრო მოკლე გზით.

თუ კვანტურ სამყაროში ვართ, მაშინ მსჯელობა შემდეგნაირია:

პირველ ყოვლისა, უნდა შევხედოთ იმას, თუ როგორია გარემო.. თუ გარემოს პოტენციალური არაერთგავროვნების შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ „1“ მდგომარეობიდან „2“-ში გადასვლა მოხდეს არის ნული, მაშინ საჭიროა გარემოს შეცვლა და იმ გარემოს შექმნა, რომელშიც ეს ალბათობა არსებობს (ნულისგან განსხვავებულია).

მოდელი მარტივია ხომ?.. იმედი მაქვს გასაგებად ვისაუბრე (თუ არ ჩავთვლით აბსტრაქტულ იდეებს).. შენიშვნებს მივიღებ ნებისმიერი კრიტერიუმით: ტექსტის ჩამოყალიბება, აზრის ჩამოყალიბება, აბსტრაქტული იდეების ნათლად გადმოცემა, და ა.შ.

 

ფრაქტალურობის ჰიპოთეზა

ფრაქტალური სისტემა - ეს არის სისტემა, რომელიც თავის ქვესისტემებში (ან ზესისტემებში) იმეორებს ერთსა და იმავე სტრუქტურას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფრაქტალი ეს არის იერარქიული სისტემა, რომლის იერარქიის ყოველ დონეზე რეალიზდება ერთი და იგივე სახე-სტრუქტურა. ბუნებაში არსებობს მრავალი ფრაქტალი (როგორც გალაქტიკური მასშტაბების, ასევე, მცენარეული და უფრო მცირე მასშტაბების). თუ რატომ შეიძლება სამყაროში მოქმედებდეს ფრაქტალურობის კანონი, ამაზე ამ სტატიაში მიწერია: სამყაროს ჰიპოთეზა.

თუ დავუშვებთ, რომ სამყაროში არსებული ფრაქტალურობა ვრცელდება ფიზიკის კანონებზეც, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეალობის სხვა განზომილებებში (როგორიცაა ცხოვრების კანონები) მოქმედებს ფიზიკის კანონების ანალოგიური კანონები. რაც იმას ნიშნავს, რომ არაცოცხალი ბუნებისთვის დამახასიათებელი პროცესები (კლასიკური ტრაექტორიები, კვანტური ალბათობები, პოტენციალური არაერთგვაროვნება და თამაშის წესები) ჰპოვებს გარკვეულ ასახვას და ინტერპრეტაციას რეალობის ისეთ განზომილებაში, როგორიცაა ცხოვრება, ცხოვრებისეული მოვლენები, და ა.შ.

იმისათვის, რომ ფიზიკური პროცესის ანალოგიური მოდელი ავაგოთ საყოფაცხოვრებო რეალობისთვის, აუცილებელია გარკვეული დაზუსტებები: რა იქნება ფიზიკური მდგომარეობის ანალოგია? რა იქნება კლასიკური ტრაექტორიის ან/და კვანტური ალბათობის ანალოგია? რა იქნება პოტენციალური არაერთგვაროვნებისა და თამაშის წესების ანალოგია?

თანდათან ყველაფერს ჩამოვაყალიბებთ..

4

 

ცნობიერების სპექტრი და კლასიკურ - კვანტური აღქმა

კვანტური მექანიკის ექსპერიმენტები ამტკიცებენ, რომ ელემენტარული ნაწილაკების ტალღური ბუნება აზრს კარგავს და „კოლაფსირდება“ (ლოკალიზდება), როდესაც დამკვირვებელი ადამიანი მას აკვირდება. დაკვირვების გარეშე კი, ელემენტარული ნაწილაკები არიან „განფენილნი“ მთელს სივრცე-დროში და აზრი აქვს მხოლოდ ალბათობებზე საუბარს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანის ცნობიერება არის ისეთივე ლოკალიზებული, როგორც ადამიანის მიერ დაკვირვებადი ელექტრონი. კლასიკური მოველენები ლოკალიზებულია, ისევე, როგორც ადამიანის ცნობიერება. ეს კი ბადებს ეჭვს, რომ სხვა არალოკალიზებული ცნობიერების არსებებისთვის (თუ ასეთნი არსებობენ) რეალობა აღიქმება არა კლასიკურად, არამედ კვანტურად.

თუ წარმოვიდგენთ ცნობიერების ევოლუციურ სპექტრს, არაცოცხალ სისტემას არ აქვს ცნობიერება, მცენარეებს აქვთ ცნობიერების ჩანასახები. ცხოველებს აქვთ ცნობიერების უფრო მაღალი ელემენტები, ხოლო ადამიანის ცნობიერება უკვე გაღვიძებულია. ადამიანურ დონეზე ცნობიერება, რომელიც ხანგრძლივად ვითარდებოდა, როგორც იქნა აინთო და ის არის კონცენტრირებული, ლოკალიზებული. ეს არის გაღვიძებული ცნობიერების პირველი გამოვლენა - კონცენტრირება და ლოკალიზება. მცენარეულ და ცხოველურ დონეზე მას ეძინა და იღვიძებდა, ხოლო ადამიანურ დონეზე გაიღვიძა და პირველი მდგომარეობა რაშიც იმყოფება - ეს არის ლოკალიზაცია და კონცენტრირება.

შესაძლოა ადამიანი სწორედ ამიტომ აღიქვამს სამყაროს კლასიკურად (ლოკალიზებულად) და ამიტომ ცხოვრობს კლასიკურ სამყაროში, რადგან მისი ცნობიერება არის ასეთი. თუ წარმოვიდგენთ ცნობიერების განვითარების შემდგომ საფეხურებს, ასეთი ცნობიერება უკვე ანთებული იქნება (ისევე, როგორც ადამიანში), მაგრამ ის აღარ იქნება ლოკალიზებული, არამედ გაბნეული და ფრაგმენტული (ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ საფუძვლიანი). შესაძლოა, ასეთი ცნობიერების არსებები სამყაროს უკვე კვანტურ დონეზე (ან კვაზიკლასიკურ დონეზე) აღიქვამენ. ანუ ხედავენ რეალობის სხვადასხვა ვარიანტებს (მაშინ, როცა ადამიანი ერთ ვარიანტს ხედავს თავისი ლოკალიზებული ცნობიერებით).

კიდევ უფრო დაფრაგმენტებული ცნობიერება ალბათ კიდევ უფრო კვანტურად და ალბათურად აღიქვამს სამყაროს. და თუ განვიხილავთ ცნობიერების უმაღლეს განვითარებას (იდეის დონეზე), ეს ცნობიერება ალბათ ხედავს ყველა შესაძლო პარალელურ სამყაროს ერთდროულად. ანუ ეს არის ყველაზე ფრაგმენტირებული და, ამავდროულად, ყველაზე შეკრული აღქმა.

მე ვერავის დავავალდებულებ, რომ ცნობიერება უფრო ფრაგმენტული გაიხადოს (ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს, საუკუნეების განმავლობაში, ბუნებრივი ევოლუციით). მაგრამ, იდეის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო ფუნდამენტში კვანტურია (ალბათურია), და ჩვენ აღვიქვამთ რეალობის მხოლოდ კონკრეტულ სახეს, მაშინ, როცა ალბათურად არსებობს უამრავი სხვა რეალობა სხვა კანონებით.

შენიშნვა: ზემოთ ნათქვამი იყო, რომ ადამიანი გარე სამყაროს აღიქვამს ლოკალიზებულად, ხოლო ფრაგმენტული ცნობიერების არსებები (თუ ასეთნი არსებობენ) კი კვანტურად. ამ აღქმაში იგულისხმება არა მარტო აღქმა, არამედ ცხოვრებაც. ანუ, ადამიანის გარშემო რეალობა არის კლასიკური (ლოკალიზებული), ხოლო უფრო მაღალი ცნობიერების არსებების რეალობა კი არის ფრაგმენტული, ანუ უფრო მეტად კვანტური და ჩანს რეალობის შესაძლო გვირაბები, რომლებშიც შეუძლიათ მოძრაობა და არსებობა. უმაღლეს დონეზე სამყარო აღიქმება ყველაზე უფრო მეტად ალბათურად და ჩანს ყველა შესაძლო პარალელური სამყარო და ასეთი ცნობიერების არსებებს შეუძლიათ არსებობა და მოგზაურობა პარალელურ სამყაროებში.

შენიშვნა: ზემოთ ნახსენები ფრაქტალურობა შესაძლოა სწორედ ამაში გამოიხატება: პატარა მასშტაბებზე არსებული ალბათური ბუნება ასახვას ჰპოვებს დიდ მასშტაბებზე, როგორც რეალობის შესაძლო გვირაბები და პარალელური სამყაროები. თუმცა, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა..

შენიშვნა: ცნობიერების სპექტრი ასანთის ანთებას ჰგავს. თავიდან ცდილობ რომ აანთო (მცენარეული და ცხოველური დონე). შემდგომ ანთებ და ჩნდება პირველი ლოკალიზებული (კოლაფსირებული) ნაპერწკალი (რომელიც სამყაროს აღიქვამს კლასიკურად და სწორედ ასეთ სამყაროში ცხოვრობს). მაგრამ, მალევე ეს ნაპერწკალი ფეთქდება და იშლება ცეცხლად (ფრაგმენტირდება. ანუ სამყაროს აღიქვამს ალბათობების და ვარიანტების დონეზე და შეუძლია მოგზაურობა ვარიანტებს შორის).

5

 

განზომილებები და ალბათობები

სამყაროს ალბათური ბუნება და პარალელური სამყაროების მოდელი რამდენადმე გვაიძულებს რეალობას შევხედოთ, როგორც მრავალგანზომილებიან სისტემას. ფრაქტალურობის ჰიპოთეზის თანახმად, ელემენტარულ მასშტაბებზე არსებული ალბათური ბუნება დიდ მასშტაბებზე ვლინდება, როგორც რეალობის შესაძლო ვარიანტები და პარალელური სამყაროები. ამ ვარიანტების და პარალელური სამყაროების აღწერის ყველაზე მარტივი მეთოდია განზომილებები.

ჩვენ (კლასიკური ადამიანები) ვცხოვრობთ ოთხგანზომილებიან სამყაროში და ფიზიკური პროცესებიც მიმდინარეობენ ოთხ განზომილებაში (სამი სივრცითი და ერთი დროითი). მაგრამ, ახლა წარმოიდგინეთ ღერძი, რომლის ყოველი წერტილი წარმოადგენს ერთ ცალკეულ ოთხგანზომილებიან სივრცე-დროს, ანუ ჩვენს რეალობას, მთელი თავისი წარსული-მომავლის დინამიკით. მაშინ, ეს ღერძი იქნება მეხუთე განზომილება, რომლის ყოველ წერტილში გვაქვს ცალკეული ოთხგანზომილებიანი პარალელური სამყარო. ჩვენი რეალობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ წერტილს ამ ღერძზე.

შესაძლებელია თუ არა მოცემული ოთხგანზომილებიანი რეალობიდან გადავინაცვლოთ სხვა ოთხგანზომილებიან რეალობაში (ანუ მეხუთე განზომილებაში ვიმოგზაუროთ)? ისეთი არსებებისთვის, რომელთა ცნობიერება ადამიანის ცნობიერებაზე უფრო მეტად გახსნილი და ფრაგმენტირებულია (თუ ასეთი არსებები არსებობენ), მეხუთე ღერძზე მოძრაობა შესაძლებელია, რადგან ისინი მას ისევე ხედავენ, როგორც ჩვენ ვხედავთ გზას ჩვენი სახლიდან სამსახურამდე. მაგრამ, ადამიანი ვერ აღიქვამს მეხუთე განზომილებას. რასაც ვერ ხედავ, იქ ვერც გაივლი, ხომ ასეა..

ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ არსებობს ტექნიკები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია პარალელურ სამყაროებში მოგზაურობა. მაგრამ, ეს ფაქტი მეცნიერულად დადასტურებული არ არის და ამაზე მსჯელობა ფანტაზიებისა და ზღაპრების სამყაროში გადაგვიყვანს.

ნუ შევჩერდებით მეხუთე განზომილებაზე. მეხუთე განზომილება ჯერ კიდევ არ არის აბსოლუტურად ალბათური. ეს უფრო გარდამავალია კლასიკურ და კვანტურ ბუნებას შორის (კვაზიკლასიკაა). მაგრამ, მეექვსე განზომილება უკვე გულისხმობს ხუთგანზომილებიანი რეალობების ნაკრებს და მათ შორის მოგზაურობას. მეექვსე განზომილებაში კიდევ უფრო იზრდება რეალობის ალბათური ბუნების აღქმა და მასში ცხოვრების უნარი.

შენიშვნა: ეს განზომილებები პირობითია.. რეალურად, რამდენი განზომილება არსებობს არავინ იცის (ადამიანებიდან). არსებობს მოსაზრება, რომ სულ შვიდი განზომილება არის. თუმცა, ეს ჰიპოთეზა უფრო საკრალური რიცხვის დამსახურება მგონია და არა ობიექტური იდეა. შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას სიმების თეორიაზე, რომელშიც კარგად არის გაშლილი განზომილებების თემა.

მთავარი ის არის, რომ არსებობს ყველა შესაძლო სამყარო ყველა შესაძლო კანონებით და მოვლენებით. მაგრამ, იმისთვის, რომ პარალელურ სამყაროებში მოგზაურობა შევძლოთ, აუცილებელია გვქონდეს გზის დანახვის უნარი. ადამიანის ცნობიერება კი კოლაფსირებულია და ელემენტარულ ნაწილაკებსაც კოლაფსირებულად აღიქვამს, შესაბამისად, რეალობასაც ასე აღიქვამს და სხვანაირ რეალობაში ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლია, თუ ხელოვნურად არ დაეუფლა მეხუთე (ან მეტ) განზომილებაში მოგზაურობის ტექნიკას.

 

კვანტური ფრაქტალი

როგორც აღვნიშნეთ, ფრაქტალურობის ჰიპოთეზის თანახმად, არაცოცხალი ბუნებისთვის დამახასიათებელი პროცესები (კლასიკური ტრაექტორიები, კვანტური ალბათობები, პოტენციალური არაერთგვაროვნება და თამაშის წესები) ჰპოვებს გარკვეულ ასახვას და ინტერპრეტაციას რეალობის ისეთ განზომილებაში, როგორიცაა ცხოვრება, ცხოვრებისეული მოვლენები, და ა.შ.

ანალოგია შემდეგნაირია:

ფიზიკური მდგომარეობის ანალოგიას წარმოადგენს მდგომარეობა, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. მდგომარეობათა უწყვეტი ჯაჭვი წარმოადგენს ჩვენს გარშემო არსებული რეალობის ცვლილებას (დინამიკას). კლასიკური ტრაექტორია - ეს არის ის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენი რეალობა მიმდინარეობს, ხოლო კვანტური ალბათობები - ეს არის რეალობის მიმდინარეობის ყველა შესაძლო გზები და მათი განხორციელების ალბათობები.

კვანტურ დონეზე ნაწილაკის არსებობის ალბათობის განაწილება ფრაქტალურად აისახება რეალობაში, როგორც პარალელური სამყაროების არსებობის ალბათობა. ხოლო, კლასიკურ დონეზე ჭეშმარიტი და ერთადერთი ტრაექტორია ფრაქტალურად აისახება რეალობაში, როგორც რეალობის მიმდინარეობის ერთადერთი გზა ყველა შესაძლო გზიდან, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ და რომელზეც ჩვენ დავდივართ, გამომდინარე ჩვენი კლასიკური (კოლაფსირებული) ცნობიერებიდან.

დარჩა ერთი ფიზიკური მოვლენა, რომლის ცხოვრებისეულ ანალოგიაზეც არ გვისაუბრია - ეს არის პოტენციალური არაერთგვაროვნება. სწორედ პოტენციალურ არაერთგვაროვნებას ეწოდებოდა თამაშის წესები, რადგან ის განსაზღვრავდა ფიზიკური პროცესის სახეს, ის წყვეტდა რომელი ფიზიკური მდგომარეობები იყო მიღწევადი, რომელი გზით და რა ალბათობებით. ხოლო, ერთგვაროვანი პოტენციალის შემთხვევაში პროცესებიც ერთგვაროვანი იყო (გაიხსენეთ სტატიის მეოთხე თავი).

არის თუ არა ჩვენს რეალობაში პოტენციალური არაერთგვაროვნების მსგავსი რაიმე, რომელიც ასევე განსაზღვრავს თამაშის წესებს, მხოლოდ უკვე საყოფცხოვრებო რეალობების დონეზე? განსაზღვრავს რომელი პარალელური სამყარო არის უფრო მეტად ალბათური და რომელი ნაკლებად? განსაზღვრავს რეალობის დინამიკის ყველაზე ოპტიმალურ (უმცირესი ქმედების შესაბამის) ვარიანტს? და ა.შ.

არსებობს თუ არა პოტენციალური არაერთგვაროვნების ანალოგია ცხოვრებისეულ მასშტაბებზე? და თუ არსებობს, მაშინ როგორ არის ის დამოკიდებული ჩვენს ცნობიერებაზე? ჩვენს განწყობებზე? ან/და სხვა ფაქტორებზე.. ეს გამოცანა თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მკითხველო..

ჩემი აზრი კი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გადმოცემულია ამ სტატიაში, რომელიც არ არის მეცნიერული, მაგრამ საინტერესოა..

გააზიარეთ, თუ მოგეწონათ..