The Fool Osho Zen Tarot

0 - სულელი (The Fool)

ცხოვრება შედგება მცდელობებისგან და შეცდომებისგან, და შეცდომებზე სწავლაა საჭირო.

სულელი მეექვსე სართულიდან გადმოხტა და უზარმაზარი ბრბოთი გარშემორტყმული მიწაზე წევს. პოლიციელი მიდის და ეკითხება: «რა მოხდა?» «არ ვიცი, – პასუხობს სულელი, – უბრალოდ აქ აღმოვჩნდი».

ძველად ყველა დიად მმართველს სამეფო კარზე მასხარა ჰყავდა. მათ ბევრი ბრძენი, მრჩეველი და მინისტრი ჰყავდათ, მაგრამ მათ გარდა აუცილებლად ჰყავდათ მასხარაც. მთელ მსოფლიოში, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, ყველა ჭკვიან და ბრძენ მმართველს კარის მასხარა, სულელი ჰყავდა. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს რაღაცეები, რაც ეგრეთ წოდებული ბრძენებისთვის მიუწვდომელია და მათი გაგება მხოლოდ სულელს შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ეგრეთ წოდებული ბრძენების ეშმაკობა და მოხერხებულობა მათ გონებას ზღუდავს.

სულელი უბრალოა. იგი საჭირო იყო, რადგანაც ბევრ შემთხვევაში, ეშინოდათ რა მმართველის რისხვის, ჭკვიანი მრჩეველები დუმილს ამჯობინებდნენ. სულელს კი არასოდეს ეშინოდა და ყველაფერს ამბობდა, რაც თავში მოუვიდოდა. სულელი - ესაა ადამიანი, რომელიც შედეგებზე არ ფიქრობს.

არსებობს სულელების სამი ტიპი:

პირველი ტიპი: სულელი, რომელმაც არაფერი იცის, და არ იცის, რომ არაფერი იცის, - მარტივი სულელი.

მეორე ტიპი: სულელი, რომელმაც არაფერი იცის, მაგრამ ფიქრობს, რომ იცის, - რთული სულელი, განათლებული სულელი.

და მესამე ტიპი: სულელი, რომელმაც იცის, რომ არაფერი იცის, - ნეტარი სულელი.

ყველა იბადება მარტივ სულელად. ყველა ბავშვი მარტივი სულელია. მან არ იცის, რომ არ იცის. მას ჯერ არ გაუცნობიერებია შეცნობის შესაძლებლობა. სწორედ ამაზე მოგვითხრობს ქრისტიანული იგავი ადამისა და ევას შესახებ. ღმერთმა უთხრა მათ: „არ შეჭამოთ ნაყოფი შემეცნების ხიდან“. ამ ნაყოფის შეჭმამდე ისინი მარტივი სულელები იყვნენ. არაფერი არ იცოდნენ. ბუნებრივია, ისინი უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ - ძნელია, იყო უბედური, თუ არაფერი იცი. უბედურებისთვის გარკვეული ვარჯიში, გარკვეული უნარები, გარკვეული ტექნოლოგიებია საჭირო. შეუძლებელია ჯოჯოხეთის მოწყობა ცოდნის გარეშე. როგორ უნდა შექმნა ის ჯოჯოხეთის გარეშე?

ადამი და ევა პატარა ბავშვებს ჰგავდნენ. ყოველ ჯერზე, როცა ბავშვი იბადება, იბადება ადამი. იგი რამდენიმე წელი ცოცხლობს - მაქსიმუმ ოთხი წელი, - და ეს ვადა ყოველდღე მცირდება. იგი სამოთხეში ცხოვრობს, რადგან არ იცის, როგორ შექნას ტანჯვა. იგი ენდობა ცხოვრებას, ტკბება წვრილმანებით: კენჭებით და ნიჟარებით ზღვის სანაპიროზე. იგი ისე აგროვებს მათ, თითქოს განძი იპოვნა. ჩვეულებრივი ფერადი ქვები ალმასებად ეჩვენება. იგი ყველაფერს აღტაცებაში მოჰყავს: ცვარი მზიან დილას, ვარსკვლავები ღამის ცაზე, მთვარე, ყვავილები, პეპლები - მისთვის ყველაფერი მომხიბვლელია.

მაგრამ შემდეგ იგი იწყებს იმის გაგებას, რომ პეპელა - უბრალოდ პეპელაა. ყვავილი - უბრალოდ ყვავილია. მათში არაფერია განსაკუთრებული. იგი იწყებს სახელწოდებების გაგებას: ეს ვარდია, ეს შროშანია, ეს ლოტოსია. და თაბდათანობით ეს დასახელებები ჩარჩოებად იქცევა. რაც უფრო მეტს გაიგებს, მით უფრო შორდება ცხოვრებას, როგორც ასეთს. იგი ჭკვიანი ხდება. იგი თავით იწყებს ცხოვრებას, და არა მთელი თავისი არსებით.

სწორედ ამაში მდგომარეობს დაცემის აზრი, შემეცნების ხიდან ნაყოფის შეჭმის აზრი. ყოველ ბავშვს უწევს ამის გავლა.

ყოველი ბავშვი იმდენად მარტივია, რომ იძულებულია რთული გახდეს - ეს ზრდის ნაწილია. ასე გადადის ყოველი ბავშვი მარტივი სულელის მდგომარეობიდან რთული სულელის მდგომარეობამდე. არსებობს რთული სულელის სხვადასხვა დონეები: ზოგიერთი მხოლოდ საშუალო სკოლას ამთავრებს, ზოგიერთი კოლეჯს, ზოგიერთი მეცნიერებათა დოქტორი ხდება. მაგრამ ყოველ ბავშვს უწევს გარკვეული ცოდნის დაგემოვნება, რადგანაც შემეცნების ცდუნება უზარმაზარია. ყველაფერი უცნობი სახიფათოა და საფრთხეს მოიცავს. აუცილებელია მისი შეცნობა, რადგან ცოდნის მეშვეობით მასთან გამლავება შეიძლება. როგორ უნდა გაუმკლავდე მას ცოდნის გარეშე? ამიტომ ყოველი ბავშვი უბრალოდ ვალდებულია - გახდეს მცოდნე.

ამრიგად, სულელის პირველი ტიპი აუცილებლობის გამო მეორე ტიპად უნდა იქცეს. მაგრამ მეორესგან მესამე ან დადგება ან არა; ამაში არაა მკაცრი აუცილებლობა. მესამე ტიპად გახდომა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა მეორე დიდ ტვირთად იქცევა - იგი მეტისმეტად დიდ ცოდნას ატარებს საკუთარ თავში, იგი უკიდურესობამდე მივიდა. იგი მხოლოდ თავი გახდა და მთელი თავისი მგრძნობელობა, გაცნობიერებულობა, სიცოცხლე დაკარგა; იგი თეორიებად, ტექსტებად, დოგმებად და სიტყვებად იქცა, რომლებიც გამუდმებით გონებაში ფუთფუთებენ. ერთ მშვენიერ დღეს, თუ ადამიანი მომხდარის გაცნობიერებას იწყებს, იგი ხვდება, რომ ამ ყველაფრისგან უნდა განთავისუფლდეს. და მაშინ იგი ხდება სულელის მესამე ტიპი - ნეტარი სულელი.

მაშინ იგი მეორე ბავშვობას მოიპოვებს, იგი მეორედ ხდება ბავშვი.

გახსოვდეთ, იესო ამბობს: «თუ არ იქნებით ვითარცა ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში». მაგრამ არ დაგავიწყდეთ, იგი ამბობს - «ვითარცა ბავშვები», და არა «ბავშვები». ბავშვებს არ შეუძლიათ სასუფეველში შესვლა: მათ ამქვეყნიური ამაოება უნდა გაიარონ, უნდა მოიწამლონ ამ ქვეყნით და მერე განიწმინდონ. ეს გამოცდილება სრულიად აუცილებელია.ამიტომ იესო არ ამბობს „ბავშვები“, იგი ამბობს - „ვითარცა ბავშვები“. სიტყვას - „ვითარცა“, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი აღნიშნავს „ბავშვების მსგავსს“, და არა „ბავშვებს“.

ბავშვები - წმინდები არიან, მაგრამ მათი სიწმინდე მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ ჯერ კიდევ არ განუცდიათ ცოდვის ცდუნება. მათი სიწმინდე ძალიან მარტივია. მას არ აქვს დიდი ღირებულება, რადგანაც არ მოუპოვებიათ იგი, არ უშრომიათ მის გამო. ჯერ არ დაქვემდებარებიან მისი დარღვევის ცდუნებას. ადრე თუ გვიან ასეთი ცდუნება ჩნება. ათასი ცდუნება გაჩნდება, რომლებიც სხვადასხვა მხარეს გაქაჩავენ ბავშვს. მე არ ვამბობ, რომ იგი არ უნდა წავიდეს ამა თუ იმ მიმართულებით. თუ იგი შეიკავებს თავს და დათრგუნავს ამ გზაზე სიარულის სურვილს, იგი სამუდამოდ დარჩება პირველი ტიპის სულელად. იგი უბრალოდ უმეცარი დარჩება. მისი უმეცრება სხვა არაფერი იქნება, თუ არა დათრგუნვა, და არა ტვირთის მოშორება.

დასაწყისში ბავშვმა ცოდნა უნდა მოიპოვოს, ჯერ უნდა სცოდოს, და მხოლოდ ცოდვის, ცოდნის, დაუმორჩილებლობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც იგი ამ ქვეყნის უდაბნოში აღმოჩნდება, გზას გადაცდება, თავისი ეგოს ცხოვრებით იცხოვრებს, ერთხელ იგი შეძლებს ამ ყველაფრისგან განთავისუფლებას.

ყველას არ სჭირდება ამისგან განთავისუფლებას. ყველა ბავშვი გადადის სულელის ერთი ტიპიდან მეორეზე, მაგრამ ცოტას ხვდება ბედნიერება, რომ მეორედან მესამეზე გადავიდეს, სწორედ ამიტომ ეწოდებათ მათ ნეტარი სულელები.

ნეტარ სულელს გაგების უდიდესი უნარი გააჩნია, რამეთუ იგი დარწმუნდა, რომ ცოდნა უსარგებლოა. მან გაიგო, რომ ცოდნა ბარიერს წარმოდგენს შემეცნებისთვის. ცოდნა - ბარიერია შემცნებისთვის, ამიტომ იგი აგდებს ცოდნას და სუფთა შემმეცნებელი ხდება. იგი ხედვის სიცხადეს მოიპოვებს. მისი თვალები თავისუფლდება თეორიებისგან და აზრებისგან. ნაგვისგან და ნასესხები ცოდნისგან განთავისუფლებული, მისი ჭკუა წყვეტს ჭკუად ყოფნას და გონი (Buddhi) ხდება, წმინდა გონი. იგი უბრალოდ აცნობიერებს, გაცნობიერების ალი ხდება.

აღწერა ძენ-ტაროს პირველი გამოცემიდან:

სულელი - ეს ისაა, ვინც ყოველთვის ენდობა; სულელი - ეს ისაა, ვინც აგრძელებს ნდობას მიუხედავად ყოველგვარი გამოცდილებისა. თქვენ ატყუებთ მას, ის კი გენდობათ; თქვენ კვლავ ატყუებთ, ის კი გენდობათ; კიდევ ატყუებთ, ის კი კვლავ გენდობათ. მაშინ თქვენ ეტყვით, რომ სულელია, და ვერ სწავლობს. მისი ნდობა საოცარია. მისი ნდობა იმდენად სუფთაა, რომ ვერავის შეუძლია მისი დანგრევა. იყავით სულელი დაოს თვალსაზრისით, ძენის თვალსაზრისით. ნუ ეცდებით საკუთარი თავის გარშემო ცოდნის კედლის აღმართვას. რა გამოცდილებაც არ უნდა მოვიდეს თქვენთან, დაე იგი მოხდეს, შემდეგ კი განაგრძეთ მისი გადაგდება. განაგრძეთ თქვენი გონების მუდმივად გაწმენდა, განაგრძეთ წარსულისთვის გარდაცვალება ისე, რომ აწმყოში დარჩეთ, აქ და ახლა, თითქოს ახლახანს დაიბადეთ, თითქოს ახალშობილი ხართ. თავიდან ეს ძალიან ძნელია. ადამიანები თქვენს მოტყუებას დაიწყებენ... მიეცით ამის საშუალება, ისინი უბედურები არიან. მაშინაც კი, თუ გასულელებენ, გატყუებენ და გძარცვავენ, დაე, ეს მოხდეს, რადგან ვერავინ წაგართმევთ იმას, რაც მართლა თქვენია, ვერავინ წაგართმევთ იმას, რაც ნამდვილად თქვენ გეკუთვნით. და ყოველ ჯერზე, როცა არ აძლევთ სიტუაციას საშუალებას, რომ დაგეუფლოთ, ეს შესაძლებლობა შინაგან ინტეგრაციად იქცევა. თქვენი სული უფრო კრისტალიზებული გახდება.

კომენტარი:

წამიდან წამამდე, და ყოველ ნაბიჯთან ერთად, სულელი წარსულს უკან იტოვებს. მას ხელში თეთრი ვარდი უჭირავს, როგორც სისუფთავის, უმანკოების და მიმნდობობის სიმბოლო. მისი ჟილეტის ორნამენტები შეიცავს ტაროს ოთხივე სტიქიის ფერებს, და აჩვენებს, რომ იგი ჰარმონიაში იმყოფება გარესამყაროსთან. მისმა ინტუიციამ მწვერვალებს მიაღწია. ამ მომენტში იგი მხარდაჭერას პოულობს სამყაროსგან, რათა გააკეთოს ნახტომი შეუცნობელში. ცხოვრების მდინარეში მას თავგადასავლები ელოდება. კარტი აჩვენებს, რომ თუ თქვენ პირდაპირ ახლა ენდობით ინტუიციას, გრძნობთ საგნების „სიმართლეს“, მაშინ ვერ შეცდებით. თქვენი მოქმედებები შესაძლოა სხვებს, და თავად თქვენც სიბრიყვედ მოგეჩვენოთ, თუკი მათ რაციონალური თვალსაზრისით გააანალიზებთ. მაგრამ „ნულოვანი“ ადგილი, რომელიც სულელს უჭირავს, ესაა ადგილი ნომერის გარეშე, სადაც მრჩეველი სკეპტიციზმი და წარსული გამოცდილება კი არა, მინდობა და უმანკოებაა.

გლიფების აღწერა ანნა ნოვიკოვასგან:

უფსკრული - იმისთვის, რომ ახალი დაიწყო, გიწევს გარისკო. მაგრამ რისკი ყოველთვის არ იწვევს ნეგატიურ შედეგებს. თუმცა კი მათი 100%-იანი ალბათობით გამოცნობა შეუძლებელია. რჩება ერთი - სულელის მსგავსად გადადგათ ნაბიჯი შეუცნობელისკენ, და გზა თავად გაჩნდება ფეხქვეშ.

ტანსაცმელი ცისარტყელას ფერებში - თეთრი ფერი იშლება შვიდ-ფერიან სპექტრად. და პირიქით, მათი ერთიანობა თეთრ, ღვთაებრივ ფერს ქმნის. ტანსაცმელი ცისარტყელას ფერებში წარმოადგენს უნარებისა და შესაძლებლობების მთელ სპექტრს, რომელსაც სულელი თავის თავში ატარებს. ძებნა არაა საჭირო, ყველა ინსტრუმენტი მის ხელთაა.

მზარდი მთვარე - არა მხოლოდ ახალი მთვარის თვის, არამედ ცხოვრების ახალი პერიოდის დასაწყისი. შეგიძლიათ დააწყოთ გეგმები მომავლისთვის, დაიწყოთ ახალი, ნაცვლად იმისა, რომ ძველი დაასრულოთ.