ბუმერანგი

 ყოველ ადამიანს გამუდმებით უტრიალებს თავში რაღაც აზრები. თუ ამ პროცესს თავის ნებაზე მივუშვებთ, ნეგატიური აზრები გადააჭარბებენ, რადგანაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაღელვებს ის, რაც გვაშინებს, გვადარდებს, გვთრგუნავს ან უკმაყოფილებას იწვევს. ასე ფორმირდებოდა ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის ფსიქიკა დესტრუქციული ქანქარების ზემოქმედების ქვეშ, რომლებსაც აწყობთ, რომ ადამიანი შიშის ქვეშ ჰყავდეთ, რათა ადვილად მოახდინონ მისი მანიპულირება. სწორედ ამიტომ ადამიანებს ბუნდოვნად წარმოუდგენიათ, რა უნდათ სინამდვილეში, მაგრამ ზუსტად იციან, რა არ უნდათ.

 მისცეთ ნება ნეგატიურ აზრთა დინებას - ნიშნავს, რომ თამაშში შეხვიდეთ დესტრუქციულ ქანქარასთან და მის სიხშირეზე გამოასხივოთ ენერგია. ეს ძალიან არამომგებიანი ჩვევაა. თქვენს ინტერესებშია, რომ ჩაანაცვლოთ იგი სხვა ჩვევით - ცნობიერად აკონტროლოთ თქვენი აზრები. ყოველ ჯერზე, როცა თქვენი გონება არაფერი განსაკუთრებულით არაა დაკავებული, მაგალითად ტრანპორტში, სეირნობისას ან ისეთი სამუშაოს დროს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას არ მოითხოვს - ჩართეთ საკუთარ თავში პოზიტიური აზრები. არ იფიქროთ იმაზე, თუ რის მიღწევა ვერ შეძელით - იფიქრეთ იმაზე, რას გინდათ მიაღწიოთ, და მიიღებთ ამას.

 დავუშვათ, თქვენ არ მოგწონთ სახლი, რომელშიც ცხოვრობთ. საკუთარ თავს ეუბნებით: „ყელში ამომივიდა ეს სახლი. აქ ყველაფერი მაღიზიანებს. აი, როცა ახალ სახლში გადავალ, გავიხარებ, მანამდე კი ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს - ვერ ვიტან!“ დაიმახსოვრეთ, ასეთი აზრებით ვერ მიიღებთ იმას, რასაც ელით. მაშინაც კი, თუ ახალ სახლში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, იქ მრავალი უსიამოვნება დაგხვდებათ.

 კარგი, იტყვით თქვენ, მე ხომ ვტოვებ ამ სარაიას და მდიდრულ სახლში გადავდივარ! რა იმედგაცრუებები შეიძლება იქ მელოდნენ? ამაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ. რაც უფრო მეტი სიძულვილი გაქვთ იმ სახლისადმი, რომელმაც შეგიფარათ, მით უფრო მეტი უსიამოვნება გელით ახალ სასახლეში. უსიამოვნებები კიდევ ბევრნაირი შეიძლება იყოს: ონკანი გაფუჭდება, საღებავი ჩამოძვრება, კედლები დაიბზარება, მეზობლები თავს მოგაბეზრებენ - მოკლედ, იქნება ყველაფერი, რაც თქვენი ნეგატიური გამოსხივების პარამეტრებს შეინარჩუნებს. ახალია სახლი თუ ძველი - რა მნიშვნელობა აქვს? ყოველთვის მოიძებნება ცხოვრების ხაზი ყველანაირი კომფორტით, სადაც ძველებურად უკმაყოფილო იქნებით. ვარიაანტთა სივრცეში თქვენთვის უკვე არსებობს მრავალი მდიდრული სახლი, სადაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც ჯოჯოხეთში.

 ხოლო თუ ჯერ-ჯერობით წასასვლელი არსად გაქვთ, მაშინ მითუმეტეს, მოგიწევთ ყელში ამოსულ მიწურში ცხოვრება. თქვენ ხომ არ ხართ განწყობილი ცხოვრების იმ ხაზის სიხშირეზე, სადაც თქვენი ოცნების სახლი გელოდებათ. მოცემულ მომენტში იმაზე ფიქრობთ, რაც არ მოგწონთ, და გამოსახივებთ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც სწორედ იმ ხაზს შეესაბამება, რომელზეც იმყოფებით. ამიტომ იქამდე მოგიწევთ იქ ყოფნა, სანამ თქვენი გამოსხივების სიხშირეს არ შეიცვლით. ამის გაკეთება კი არც ისე რთულია.

 პირველ რიგში შეეგუეთ და უარი თქვით ზიზღსა და უკმაყოფილებაზე. ყოველთვის და ყველაფერში შეიძლება კარგი მხარეების და მიზეზების პოვნა პატარა სიხარულებისთვის. დაე, არ მოგწონდეთ სახლი, მაგრამ მადლიერი მაინც უნდა იყოთ იმისთვის, რომ შეგიფარათ. ქუჩაში ქარი ქრის, წვიმა მოდის. სახლი ამ ყველაფერს თავის თავზე იღებს, თქვენ კი გიცავთ და გათბობთ. ნუთუ ამით მაინც არ იმსახურებს მადლიერებას? თუკი ახლა ხართ მადლიერი იმისთვის, რაც გაგაჩნიათ, თუკი სიყვარულს განიცდით ყველა საგნის მიმართ, რომლებიც თქვენს გარშემოა და არსებობაში გეხმარებათ, ამით თქვენ პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ. მაშინ, თუკი მოინდომებთ სრული იმედი შეგიძლიათ გქონდეთ იმისა, რომ თქვენი პირობები გაუმჯობესდება. და როდესაც სხვაგან გადახვალთ, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო მანამდე იყო. ის საგნებიც კი, რომლებსაც ყრით, მადლიერებას იმსახურებენ. ასეთ მომენტებში სამყაროში პოზიტიურ რხევებს ასხივებთ, და ისინი აუცილებლად დაგიბრუნდებიან.

 მეორეც, იფიქრეთ სწორედ იმ სახლზე, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ. ამის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე იმ ნივთების გამო გაღიზიანება, რომლებიც მოცემულ მომენტშია თქვენს გარშემო. მაგრამ მიზანი ღირს ამად. რა ჯობია, მოლუსკივით რეფლექსურად მოახდინოთ რეაგირება გარე გამღიზიანებლებზე, თუ გააკეთოთ მცირე ძალისხმევა და შეცვალოთ თქვენი ჩვევები? უყურეთ სარეკლამო აბრებს სახლების ფოტოებით, იარეთ მაღაზიებში ნივთების საძებნელად, იცხოვრეთ აზრებით იმის შესახებ, რაც გინდათ, რომ გაგაჩნდეთ. ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნია ის, რაც მყარად ფლობს ჩვენს აზრებს. ჩვენი აზრები ყოველთვის ბუმერანგივით გვიბრუნდება.

 შეგვიძლია მოვიყვანოთ კიდევ მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენი ცხოვრების გაფუჭება. დავუშვათ, შვებულებაში სამხრეთისკენ აპირებთ გამგზავრებას. ახლა კი იქ, სადაც ცხოვრობთ საზიზღარი ამინდია. მიდიხართ ქუჩაში, ცივი ქარისგან შეკუმშული ხართ და წვიმის ქვეშ სველდებით. გასაგებია, რომ ასეთი ამინდისგან სიხარულის განცდა ძნელია. მაშინ ნეიტრალურები მაინც იყავით, რომ ამ დესტრუქციული ქანქარას იგნორირება შეძლოთ. თუკი აქტიურად გამოხატავთ თქვენს უკმაყოფილებას ამინდის თაობაზე, ეს ნიშნავთ, რომ ღებულობთ ქანქარას და უფრო მეტად აქანავებთ მას.

 საკუთარ თავს ეუბნებით: „აი, მალე სამხრეთში წავალ და გავიხარებ მზით და თბილი ზღვით. ახლა კი, წყეულიმც იყოს ეს ჭაობი!“ ამრიგად, მსგავსი დამოკიდებულებით თქვენ არ ხართ განწყობილი ცხოვრების იმ ხაზზე, სადაც სამოთხისეული ნეტარება გელოდებათ. ამიტომ არც მოხვდებით იქ. უკვე თვითმფრინავის ბილეთიც გაქვთ? მერე რა? თქვენ მხოლოდ დანიშნულების პუნქტში მოხვდებით, მაგრამ იქ ცუდი ამინდი ან სხვა უსიამოვნებები გელოდებათ. მაგრამ ყველაფერი დალაგდება, თუ პოზიტიურ სიხშირეზე განეწყობით.

 ცხადია, რომ საკმარისი არაა საკუთარ თავში ნეგატიური ენერგიის არ-შეშვება. საჭიროა ასევე, რომ თვითონაც არ გამოასხივოთ ასეთი. მაგალითად, გაღიზიანებულმა დაუყვირეთ ვიღაცას. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამას რაიმე უსიამოვნება ან პრობლემა მოჰყვება. მოცემულ შემთხვევაში თქვენი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების იმ ხაზებს აკმაყოფილებენ, სადაც ღიზიანდებით. ამიტომ სწორედ იქ მოხვდებით. ასეთ ხაზებზე უსიამოვნებების სიხშირე საშუალოზე მეტია. საჭირო არაა თავის გამართლება იმით, რომ ამ უსიამოვნებას თითქოს ისედაც ვერ აარიდებდით თავს. მე არ მჭირდება, რომ დაგარწმუნოთ, ან რამე გიმტკიცოთ. უბრალოდ დააკვირდით თავად, როგორ მოსდევს ნებისმიერ ნეგატიურ რეაქციას ახალი სავალალო მოვლენები.

 ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა: თქვენ ყოველთვის იმყოფებით ცხოვრების იმ ხაზებზე, რომელთა პარამეტრებსაც თქვენი ენერგეტიკული გამოსხივება აკმაყოფილებს. უშვებთ საკუთარ თავში ნეგატიურ ენერგიას? - თქვენს ცხოვრებაში უსიამოვნებები იქნება. გარეთ ასხივებთ ნეგატიურ ენერგიას? - იგი ახალი პრობლემების სახით დაგიბრუნდებათ, ბუმერანგივით.