ტრანსლაცია

 იმის ნაცვლად, რომ დესტრუქციული ქანქარების თამაშები მიიღოთ, ეძებეთ ქანქარები, რომელთა თამაშებიც თქვენთვის სასარგებლო იქნება. ეს ნიშნავს: გამოიმუშავოთ ჩვევა - ყურადღება მიაქციოთ ყველაფერ კარგს, პოზიტიურს. როგორც კი დაინახეთ, წაიკითხეთ ან მოისმინეთ რაიმე კარგი, სასიამოვნო, დამაიმედებელი - დააფიქსირეთ ეს თქვენს აზრებში და გაიხარეთ. წარმოიდგინეთ, რომ ტყეში მიდიხართ: იქ არის ლამაზი და სასიამოვნო ყვავილებიც და შხამიანი და ეკლიანიც. რას აირჩევთ? თუ ანწლის ყვავილებს მოკრეფთ, სახლში მიიტანთ და ვაზაში ჩადებთ, მალე თავი აგტკივდებათ. რაში გჭირდებათ ეს? ასევე საზიანოა რეაგირება დესტრუქციულ ქანქარებზე. ჯობია ჟასმინის ყვავილი მოწყვიტოთ და დატკბეთ მისი არომატით. შეუშვით საკუთარ თავში ყველაფერი პოზიტიური და მაშინ თქვენს გზაზე უფრო მეტი კარგი სიახლე და შესაძლებლობა შეგხვდებათ.

 აი, იგრძენით შთაგონება და სიხარული. მაგრამ შემდეგ კვლავ ჩაგითრიათ ყოველდღიურმა რუტინამ. ზეიმი მიდის, და სამუშაო დღეები იწყება. როგორ უნდა შეინარჩუნოთ საკუთარ თავში ზეიმის მდგომარეობა? პირველ რიგში გახსოვდეთ იგი. ჩვენ მიჩვეულები ვაართ, რომ დღეების ერთფეროვნებაში ჩავიძიროთ და გვავიწყდება რაღაც კარგი. ცუდი ჩვევაა - დავიწყება. და დავიწყებას სწორედ ქანქარები გვაიძულებენ.

 საჭიროა, შევინარჩუნოთ ჩვენში ზეიმის ცეცხლი, მოვუფრთხილდეთ ამ შეგრძნებას; დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ იცვლება სიცოცხლე უკეთესობისკენ; მოვეჭიდოთ სიხარულის ნებისმიერ თივის ღეროს; ვეძებოთ ყველაფერში სასიკეთო ნიშნები. ეს, ყოველ შემთხვევაში, მოსაწყენი მაინც არაა. საჭიროა გვახსოვდეს ყოველ წამს, რომ ტრანსსერფინგით ხართ დაკავებული, ცნობიერად მიდიხართ თქვენი მიზნისკენ, და შესაბამისად - მართავთ თქვენს ბედს. მხოლოდ ესეც კი სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას და სიხარულს გაძლევთ, და შესაბამისად, ზეიმი ყოველთვის თქვენთანაა. . როცა ზეიმის მდგომარეობა ჩვეული გახდება, მაშინ გამუდმებით იქნებით წარმატების ტალღის ქიმზე.

 გიხაროდეთ ყველაფერი, რაც მოცემულ მომენტში გაგაჩნიათ. ეს არაა ცარიელი მოწოდება, რომ აპრიორი ბედნიერი იყოთ. ზოგჯერ ვითარებები ისე ლაგდება, რომ კმაყოფილად ყოფნა ძალიან ძნელია. მაგრამ სუფთა პრაქტიკული თვალსაზრისით უკმაყოფილების გამოთქმა მომგებიანი არაა. თქვენ ხომ გინდათ, რომ ცხოვრების იმ ხაზებზე მოხვდეთ, სადაც ყველაფერი გაკმაყოფილებთ? მაგრამ როგორ მოხვდებით იქ, თუ თქვენი გამოსხივება უკმაყოფილებითაა სავსე? პირიქით, ასეთი გამოსხივების სიხშირე სწორედ იმ ხაზებს შეესაბამება, რომლებშიც ცუდად ხართ. კარგი ხაზები იმით გამოირჩევიან, რომ თქვენ იქ მოგწონთ და თქვენი აზრები სიხარულითა და კმაყოფილებითაა აღსავსე.

 კარგი ამბები არც ისე გვაღელვებს და მალე გვავიწყდება. ცუდი, პირიქით, ცოცხალ რეაქციას იწვევს, რადგანაც პოტენციურ საფრთხეს შეიცავენ. ნუ შეუშვებთ ცუდ ამბებს თქვენს გულში, და შესაბამისად თქვენს ცხოვრებაშიც. ჩაიკეტეთ ცუდი და გაიხსენით კარგი ამბებისთვის. მცირე პოზიტიური ცვლილებებიც კი აუცილებლად უნდა შეამჩნიოთ და მოუფრთხილდეთ. ისინი წარმატების ტალღის მაცნენი არიან. როგორც კი გაიგეთ თუნდაც პატარა დამაიმედებელი სიახლეები, ნუ დაივიწყებთ მაშინვე, როგორც ამას მანამდე აკეთებდით, არამედ პირიქით - იფიქრეთ, განიხილეთ, ინადირეთ მათზე. იფიქრეთ ამ ახალ ამბებზე ყველა კუთხიდან, გაიხარეთ, ააწყვეთ პროგნოზები, გქონდეთ შემდგომი უკეთესობის მოლოდინი. ამგვარად წარმატების ტალღის სიხშირეზე იფიქრებთ და მის პარამეტრებზე გადაეწყობით. კარგი ამბები უფრო და უფრო მეტი იქნება, ცხოვრება კი უფრო მშვენიერი გახდება. ეს არაა მისტიკა, და არც ადამიანის თვისება - გაფილტროს ინფორმაცია, როცა პესიმისტი შავი სათვალით უყურებს სამყაროს, ოპტიმისტი კი - ვარდისფერით. ასეთია რეალობა: თქვენ გადაინაცვლებთ ცხოვრების იმ ხაზებზე, რომლებიც თქვენი აზრების ენერგიათა პარამეტრებს შეესაბამება.

 როცა თქვენ იმყოფებით კარგ ურთიერთობებში საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან, ამით სამყაროში ჰარმონიული გამოსხივების ტრანსლაციას აკეთებთ. თქვენს გარშემო ჰარმონიული რხევების სფეროს ქმნით, სადაც ყველაფერი წარმატებით ეწყობა. პოზიტიურ განწყობას ყოვეკთვის მივყავართ წარმატებისკენ და შემოქმედებისკენ. ნეგატივიზმი, პირიქით, ყოველთვის დესტრუქციულია და მიმართულია ნგრევისკენ. მაგალითად, არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც პრობლემებს ეძებენ და არა მათ გადაჭრას. ისინი ყოველთვის მზად არიან გულმოდგინედ განიხილონ სირთულეები და იპოვონ ახალი დაბრკოლებები. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, უჭირთ რეალური გამოსავალის შემოთავაზება, რადგანაც თავიდანვე მიმართულნი არიან არა პრობლემის გადაჭრაზე, არამედ სირთულეების ძიებაზე. პრობლეემების ძიებაზე მიმართულებას უხვად მოაქვს ისინი, საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. მიმართულებას უარყოფითი მხარეების კრიტიკასა და ძიებაზე ასევე ყოველთვის შესაბამისი ნაყოფები მოაქვს: ზიანი საკმარისადაა, სარგებელი კი - არანაირი. მიმოიხედეთ გარშემო, და აუცილებლად იპოვნით ასეთ ადამიანებს თქვენს გარემოცვაში. ისინი არც კარგები არიან და არც ცუდები. ისინი უბრალოდ მყარად არიან წამოგებულნი დესტრუქციული ქანქარების კაუჭებზე.

 ადამიანთა უმეტესობა ხიშტივით ღებულობს ნებისმიერ არასასურველ მოვლენას თავის ცხოვრებაში. როგორც წესი, ჩვენთვის არასასურველი ის მოვლენებია, რომლებიც ჩვენს მიერ შედგენილ სცენარს არ შეესაბამება. და პირიქით, წარმატებად მხოლოდ იმას აღვიქვამთ, რაც ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება. ხდება ისე, რომ ადამიანი აგვიანებს იმ თვითმფრინავზე, რომელიც უნდა ჩამოვარდეს, და ძალიან დამწუხრებულია ამის გამო. და პირიქით, უნიკალურ შანსს უშვებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მის გეგმებში არ შედიოდა.

 რაც უფრო უარესად ფიქრობს ადამიანი გარესამყაროზე, მით უფრო უარესი ხდება მისთვის ეს სამყარო. რაც უფრო ბრაზდება წარუმატებლობების გამო, მით უფრო მეტი ხალისით მოდიან ახლები. თუ ადამიანმა არსებობის ასეთი მეთოდი აირჩია, იგი ყოველდღე აკეთებს ტრანსერფინგს პირიქით: დაცურავს ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც მას ჯოჯოხეთი ელოდება. მიიღეთ პირდაპირ საწინააღმდეგ პოზიცია: ჯინაზე გაიხარეთ წარუმატებლობებით, იპოვეთ მათში თუნდაც მცირე სარგებელი - ეს ყოველთვის შესაძლებელია. ჭიქა ნახევრად ცარიელი კი არა, ნახევრად სავსეა. ბანალური გამოთქვა: „ყველაფერი რაც ხდება - უკეთესობისკენაა“, უნაკლოდ მუშაობს, თუკი ეს თქვენი კრედოა. აუცილებელია, ჯიუტად შეინარჩუნოთ განწყობა კარგზე და უარი თქვათ ნებისმიერი საბაბით დამწუხრებისა და აღელვების ძველ ჩვევაზე.

 წარუმატებლობების აღქმის ალტერნატიული საშუალებაა - გიხაროდეთ ყოველი წარუმატებლობა ან მოვლენების არასასურველი განვითარება. ყოველი წარუმაატებლობა, როგორც მინიმუმ, სასარგებლო გაკვეთილია და უფრო ძლიერსა და გამოცდილს გხდით. გიხაროდეთ თქვენი სამყაროს ნებისმიერი გამოვლინება, და იგი სამოთხედ იქცევა. ეს, რა თქმა უნდა, ქცევის ძალიან უჩვეულო მეთოდია. მაგრამ მიზანიც ხომ სრულიად უჩვეულოა - გახდეთ ჯინი, რომელიც საკუთარ სურვილებს ისრულებს. ნუთუ შესაძლებელია ამის ჩვეული მეთოდებით მიღწევა?

 თავიდან ეს ძნელია, რადგანაც არასასურველზე ნეგატიურად რეაგირების ძველი ჩვევა ძალიან მყარადაა გამჯდარი. მთავარია, აუცილებელია ისწავლოთ: ყოველი სავალალო ვითარების დროს გახსოვდეთ, რომ ამ დროს ქანქარა ცდილობს თქვენს წამოგებას. როგორც კი გაიხსენეთ, შეგიძლიათ ცნობიერად გააკეთოთ არჩევანი: მისცეთ ენერგია ქანქარას იმით, რომ გამოტყორცნოთ თქვენი ნეგატიური ემოციები, თუ ხახამსრალი დატოვოთ იგი და ამით გაიმარჯვოთ.

 თუკი გაიხსენეთ, ქანქარას ჩაგდება ან ჩაქრობა უკვე სულაც აღარაა რთული. ჩვენ ყოველთვის გაუცნობიერებლად ვაძლევთ ქანქარას ენერგიას. როგორც უკვე ითქვა, ქანქარები ჩვენი გრძნობების ძაფებზე გვექაჩებიან. ჩვენი აზრების მიტაცების მექანიზმის სასტარტო ბერკეტებს კი ჩვენი ჩვევები წარმოადგენენ. მაშინაც კი, თუ ამ თავს წაიკითხავთ და მიზნად დაისახავთ, რომ გახსოვდეთ, კვლავაც ნეგატიურად მოახდენთ რეაგირებას არასასურველზე. შემდეგ გააცნობიერებთ, რომ იმ მომენტში უბრალოდ დაგავიწყდათ და არაცნობიერად, ჩვევით მოქმედებდით. მაგრამ როგორც კი დროულად გაიხსენებთ, სიტუაცია თქვენი კონტროლის ქვეშ მოექცევა. გულში გაგეცინებათ: „აჰა, ეს შენ ხარ ქანქარავ? ახლა უკვე ასე ადვილად ვერ წამომაგებ“. თქვენ უკვე აღარ ხართ მარიონეტი, თავისუფალი ხართ, რომ ცნობიერად მიიღოთ ან გააგდოთ ქანქარა.

 თუკი გულმოდგინედ დააპრაქტიკებთ ასეთ ტექნიკას, დროთა განმავლობაში ძველი ჩვევა ახლით ჩანაცვლდება. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ქანქარები ყველანაირად ეცდებიან, რომ მოგწვდნენ. შეამჩნევთ, რომ თითქოს განზრახ, მრავალი უსიამოვნება დაგატყდათ თავს. თუკი არ დანებდებით და ისწვალით, რომ გახსოვდეთ, თქვენი გამარჯვება ძალიან შთამბეჭდავი იქნება, აი, თავად ნახავთ.

 შედეგი კი ასეთი იქნება: როცა მომდევნო ჯერზე შეხვდებით წარმატების ტალღას, ქანქარა ვეღარ წაგიყვანთ სხვა მხარეს. ამგვარად, ბედნიერების ფრინველი თქვენს ხელში დარჩება. მისი მოზიდვისთვის კი საჭიროა, რომ თქვენს გარშემო პოზიტიური ენერგიის ტრანსლაცია მოახდინოთ. ანუ იყოთ არა მხოლოდ ცალსახად პოზიტიური მიმღები, არამედ ტრანსლატორიც. შედეგად სამყარო თქვენს გარშემო ძალიან მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. თქვენ ადვილად გადაინაცვლებთ ცხოვრების უფრო და უფრო წარმატებულ ხაზებზე. საბოლოო ჯამში თქვენთან წარმატების ტალღა მოვა, რომელიც აგიტაცებთ და წარმატებისკენ გაგაქროლებთ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ტრანსერფინგი მხოლოდ წარმატების ტალღაზე სერფინგით შემოიფარგლება. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. შემდეგ კიდევ მრავალი საოცარი აღმოჩენა გელოდებათ.