მაგიური რიტუალები

 ამ თავის დასასრულს განვიხილოთ წარმატების ტალღაზე განწყობის ტექნიკის ერთი კერძო შემთხვევა. სხვადასხვა სიტუაციებში ადამიანები ზოგჯერ გაუცნობიერებლად ცდილობენ წარმატების ტალღის სიხშირეზე გადაწყობას. მაგალითად, დღის დასაწყისში ვაჭრები მზად არიან დაუთმონ პირველ მყიდველს მნიშვნელოვანი ფასდაკლება. ისინი ინტუიტიურად გრძნობენ, რომ პირველი მყიდველი ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროა მოხდეს წამოწყება, გაიბას ვაჭრობა. ტრანსსერფინგის ენაზე ეს ნიშნავს წარმატებული ვაჭრობის ტალღაზე განწყობას. ძნელია, რომ უბრალოდ განაწყო აზრები წარმატებულ ვაჭრობაზე, პირველი მყიდველი კი რეალურ იმედს და რწმენას იძლევა, ამიტომ განწყობა თავისთავად ხდება. ვაჭარი წარმატებული ვაჭრობის ტალღაზე ჯდება და შესაბამისი პარამეტრების აზრებს გამოასხივებს. მას თავად სჯერა, რომ საქონელი სწრაფად ეყიდება, და როგორც კი ხმამაღლა განუცხადებს ამას მყიდველს, ესეც მაშინვე „მიტაცებული“ აღმოჩნდება ამ გამოსხივების მიერ და მორჩილად ყიდულობს საქონელს, დარწმუნებული იმაში, რომ იმ დღეს გაუმართლა.

 ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი. ზოგჯერ გამყიდველები იყენებენ ერთგვარ მაგიურ რიტუალს - ფულით ეხებიან თავიანთ საქონელს. რა თქმა უნდა, თავისთავად ასეთ რიტუალს არანაირი ძალა არა აქვს, ამიტომ ამაში მაგია, როგორც ასეთი არაა. მაგრამ თუკი ვაჭარს სჯერა რიტუალის ძალის, ეს ეხმარება მას, რომ წარმატებული ვაჭრობის სიხშირეზე განეწყოს. განწყობა ქვეცნობიერ დონეზე ხდება. გონებით ადამიანი მხოლოდ გარეგნულ მხარეს აცნობიერებს: რიტუალი რაღაც აუხსნელი სახით მუშაობს. და ის მართლაც მუშაობს, მაგრამ არა თავისთავად, არამედ როგორც თეატრალური რეკვიზიტი. მთავარ როლს კი მსახიობის აზრობრივი ენერგია ასრულებს.

 სხვადასხვა პროფესიებისთვის სხვადასხვა სიტუაციებში მრავალი მსგავსი „მაგიური“ რიტუალი არსებობს. ადამიანებს სჯერათ მათი და წარმატებით იყენებენ იმისთვის, რომ ცხოვრების წარმატებული ხაზის სიხშირეზე განეწყონ და წარმატების ტალღა გახედნონ. პრინციპში, არ აქვს მნიშვნელობა, რისი რწმენა ექნებათ ადამიანებს - რიტუალის მაგიური თვისებების, თუ სიხშირეზე განწყობის. როგორც თავად ხვდებით, მთავარია მხოლოდ პრაქტიკული შედეგი.