wakeboarding

განზრახვის ქარი

ადამიანი იბადება, როგორც ინდივიდი, ანუ უნიკალური არსება. შემდეგ ეს ინდივიდუალობა ვითარდება. აზრები, ცოდნა, რწმენები, ჩვევები და ხასიათიც კი - უკვე შემდეგ გაჩნდა, როგორც ნადები. და ამავე დროს ეს ყველაფერი ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. მაშ, რა იყო დასაწყისში? თუ მხოლოდ სუფთა ფორცელი, მაშინ სცადეთ გახდეთ ერთი წუთით ასეთი სუფთა ფურცელი. დახუჭეთ თვალები და შეწყვიტეთ აზრთა დინება. თუ შავ სიცარიელეს ჭვრეტთ, რაღაც დროით მოახერხებთ, რომ არაფერზე არ იფიქროთ. აი, თავში რაღაც მომენტში სრული სიცარიელე გიჩნდებათ. ნუთუ ამ დროს შეწყვიტეთ საკუთარ თავად ყოფნა? გონების მუშაობა გაჩერებულია, მაგრამ რჩება ერთგვარი ინტეგრალური შეგრძნება, რომ მე - ეს მე ვარ.

და როგორ ახსნით, რომ თქვენ - ეს თქვენ ხართ? ადამიანის მიერ საკუთარი თავის, როგორც პიროვნების გაცნობიერება ჩვეულებრიც ხდება სოციალურ წრეში მისი მდგომარეობის კონტექსტში. მაგრამ წამით წარმოიდგინეთ, რომ სოციალური წრე გაქრა, და თქვენ კოსმოსში გამოკიდებული აღმოჩნდით. თქვენ არაფერი გაქვთ: არც საზოგადოება, არც დედამიწა, არც მზე, არც წარსული, არც მომავალი, არამედ მხოლოდ შავი სიცარიელე გარშემო. ყველაფერი გაქრა, მხოლოდ თქვენ დარჩით. და რა დარჩა თქვენგან, როგორც უწინდელი პიროვნებისგან? ყველა ცოდნა და აზრი იმ გარემოს განეკუთვნებოდა, რომელშიც არსებობდით. ჩვევები, მანერები, სურვილები, შიშები, გატაცებები, ხასიათი - ასევე იმ გარემოსთან მიმართებაში მოქმედებდნენ. მაგრამ ეს გარემო უკვე აღარაა. მაშ, რაღა დარჩა თქვენგან?

ამ საკითხის განხილვა ძალიან ძნელია გონებრივი აღნიშვნების ფარგლებში. ჩვენ არ განვიხილავთ ამ წიგნში სულისა და ადამიანის არსებობის მარადიულ თემას. ეს ბევრ დროს წაგვართმევს და არსად არ მიგვიყვანს. ტრანსერფინგის მიზნებისთვის მოცემულ საკითხს არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. გნებავთ, სულის გჯეროდეთ, გნებავთ, - ქვეცნობიერის. შეგიძლიათ გჯეროდეთ სულის უკვდავების, და შეგიძლიათ არ გჯეროდეთ. უდავოა მხოლოდ ის, რომ ადამიანის ფსიქიკა თავის თავში მოიცავს როგორც ცნობიერს, ასევე არაცნობიერს.

თავიდანვე ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველაფერ ცნობიერს გონებას მივაკუთვნებთ, ხოლო არაცნობიერს - სულს (ავტორი იყენებს ტერმინს „душа“ - ანუ „სამშვინველი“, მაგრამ სიმარტივისთვის მთელი წიგნის განმავლობაში ვთარგმნი, როგორც „სული“. მ.გ.). სიმარტივისთვის და პრაქტიკული სარგებელისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავარკვიოთ მხოლოდ პატარა ნაწილი სულის შესახებ საკითხზე. საკმარისი იქნება, თუ მხოლოდ უხეშ ზღვარს გავავლებთ სულსა და გონებას შორის: აზრებს გონებას დავუტოვებთ, გრძნობებს კი - სულს. როცა აღტაცების, შთაგონების, დაფრთიანების შეგრძნება შეგიპყრობთ - ეს სულის შეგრძნებებია. მძიმე, დამთგრუნველი შეგრძნებები - ესეც ასევე სულის მდგომარეობებია.

გონება თავიდან ბოლომდე ქანქარების ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, და იმ წარმოდგენების და რწმენების, რომლებიც ამავე ქანქარების მიერაა თავსმოხვეული. ადამიანის თავისუფლების დონე მხოლოდ ნებადართულის ვიწრო ჩარჩოებითაა შეზღუდული. თავის ადგილს ამ სამყაროში ადამიანი შეცდომით განსაზღვრავს ან მსახურის, ან ბატონის როლში. ტრანსერფინგის თვალსაზრისით, არცერთი ეს პოზიცია მართალი არაა. ადამიანი არის არაფერი. იგი მხოლოდ წვეთია, რომელიც წამით მოწყდა ოკეანეს.

დაბადებისა და სიკვდილის ილუსტრაციად შეიძლება გამოდგეს ზღვის ტალღების შხეფები. წვეთი, რომელიც ოკეანეს წყდება, ვერ შეიგრძნობს ოკეანესთან ერთიანობას და არ შეუძლია მისგან ენერგიის მიღება. ცალკეულ წვეთს ეჩვენება, რომ თავისთავად არსებობს და არაფერი აქვს ოკეანესთან საერთო. მაგრამ როცა წვეთი ოკეანეში ვარდება, იგი აცნობიერებს მასთან ერთიანობას. წვეთიუ და ოკეანე ერთ მთლიანობად ერწყმის ერთმანეთს. ისინი არსით ერთნი არიან - ანუ წყალი.

წყლის ცალკეულ ნაწილაკს სხვადასხვა ფორმების მიღება შეუძლია: წვეთის, ფიფქის, ყინულის, ღრუბლის, ორთქლის. ფორმები სხვადასხვაა, მაგრამ არსი ერთია. ნაწილაკს არ ახსოვს, და ვერ გებულობს, რომ ის და ოკეანე - ერთნი არიან. ნაწილაკს ეჩვენება, რომ ოკეანე - ესაა ტალღები, ქაფი, შხეფები, აისბერგი, დინებები, შტილი... ზუსტად ასევე, ნაწილაკს ეჩვენება, რომ თავად იგია წვეთი, ან ფიფქი, ან ორთქლის ღრუბელი. ნაწილაკს უჭირს, რომ ამ ყველა გარეგნული გამოვლინების მიღმა ერთი დიდი არსი - წყალი დაინახოს. რაღაც ნაცნობია, მაგრამ არამკაფიო და მოუხელთებელია.

ბიბლიური ტექსტები ამ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტებებს შეიცავენ, რომლებიც გონების აღნიშვნებითაა დამახინჯებული. მტკიცება, რომ ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად შექმნა, ჭეშმარიტია, მაგრამ ეს როგორც წესი დამახინჯებულად აღიქმება. ღმერთს ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია, მაგრამ მისი არსი იმაში არაა, რომ თავი, ორი ხელი და ორი ფეხი აქვს. თუ ღმერთს ოკეანეს შევადარებთ, ადამიანს კი წვეთს, მაშინ მათ ერთი საერთო არსი აქვთ - წყალი.

ადამიანები, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყვნენ, ამბობენ, რომ სული ენითაღუწერელ სიმშვიდეს და ნეტარებას განიცდის კოსმოსთან თავისი ერთიანობის შეგრძნებისგან. წვეთი ოკეანეს დაუბრუნდა, და მას თავისი ჭეშმარიტი არსების შეგრძნებაც ეწვია: იგი იმავე სუბსტანციისგან შედგება, რისგანაც ოკეანე. ენერგიის მთელი ენერგია წვეთში გადის.

ადამიანები ცივილიზაციის მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ, რომ თავის თავში ცხოვრებაშივე გამოეწვიათ კოსმოსთან ერთიანობის ეს გრძნობა. სულიერი განვითარების ყველა სკოლა საბოლოო ჯამში ერთ მიზანს ემსახურება: მიაღწიოს გასხივოსნებას, ანუ სხვა სიტყვებით, შეიგრძნოს ამ სამყაროსთან საკუთარი ერთიანობა, შეერწყას ენერგიის ოკეანეს, და ამავდროულად არ დაკარგოს საკუთარი თავი, როგორც ინდივიდუალურმა არსებამ.

რას იღებს ადამიანი, რომელმაც გასხივოსნებას მიაღწია? იგი თავის განკარგულებაში სამყაროს მთელი ოკეანის ენერგიას იღებს. იგი ვერ ხედავს პრინციპულ სხვაობას საკუთარ თავსა და ოკეანეს შორის. მისი აზრობრივი ენერგია რეზონანსში შედის ოკეანის ენერგიასთან. მაშინ გასხივოსნებულის განზრახვა იგივე ხდება, რაც გარეგანი განზრახვა - ეს ძლევამოსილი და მიუწვდომელი ძალა, რომელიც მთელ სამყაროს მართავს.

როცა ქაღალდის გველის ფორმა აუცილებელ პარამეტრებს აკმაყოფილებს, მას ჰაერის ნაკადები ცაში აიტაცებენ. სწორედ ასევე, ადამიანი ატაცებული ხდება გარეგანი განზრახვის ქარის მიერ და გადაიტყორცნება ვარიანტთა სივრცის იმ სექტორში, რომელიც მის აზრობრივ გამოსხივებას შეესაბამება. ვარიანტთა სივრცეში მიზანმიმართული მოძრაობისთვის ადამიანს სჭირდება, რომ ისევე ცხადად შეიგრძნოს გარეგანი განზრახვის ეს ქარი, როგორც ჰაერის ან წყლის მოძრაობას გრძნობს.

მანამ, სანამ ადამიანი ოკეანესთან თავისი იგივეობის არსს და ბუნებას არ აცნობიერებს, გარეგანი განზრახვა მას არ ხელეწიფება. ჩვენ არ დავისახავთ მიზნად გასხივოსნების მიღწევას. ეს ძალიან რთული ამოცანაა. მაგრამ თქვენი მიზნების რეალიზაციისთვის ეს აუცილებელი არაა. არაა აუცილებელი ტიბეტში წახვიდეთ და იქ მედიტაციით დაკავდეთ. ტრანსერფინგი გთავაზობთ ერთ გასაღებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ რომ დაიმორჩილოთ გარეგანი განზრახვა მცირე, მაგრამ იმ დონით, რომ სურვილები შეგისრულდეთ.

ამ გასაღების პრინციპი საკმაოდ მარტივია. გონებას გააჩნია ნება, მაგრამ არ შეუძლია გარეგანი განზრახვის მართვა. სულს შეუძლია შეიგრძნოს თავისი ერთიანობა გარეგან განზრახვასთან, მაგრამ ნება არ გააჩნია. იგი დაფრინავს ვარიანტთა სივრცეში, როგორც უმართავი ქაღალდის გველი. იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა ნებას დაუქვემდებაროთ, საკმარისია - მიაღწიოთ სულისა და გონების ერთობას.

ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მაინც შესრულებადი ამოცანაა. როგორც ადრე ვაჩვენეთ, გარეგანი განზრახვის მუშაობა კარგად შესაგრძნობად ვლინდება ჩვენი ცუდი მოლოდინების რეალიზაციის დროს. მოცემულ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა გონების ნების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია კარგი მოლოდინების რეალიზება. განზრახვის თავში ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ, თუ რა არის პირველი აუცილებელი პირობა გარეგანი განზრახვის დასაუფლებლად: გაცნობიერებულობა, მნიშვნელოვანობის დაწევა და მიზნის მიღწევის სურვილზე უარის თქმა. მალე თქვენ გაიგებთ ტრანსერფინგის ახალ საიდუმლოებებს, რომლებიც კარს აღებენ გარეგანი განზრახვის ამ იდუმალ სამყაროში.