Window View

ფანჯარა ვარიანტთა სივრცეში

ადამიანის თავში გამუდმებით ტრიალებენ კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი აზრები. ზოგიერთი ამას შინაგან დიალოგს ეძახის, მაგრამ თავისი არსით ეს მონოლოგია. გონებას სხვასთან არავისთან აქვს სალაყბო, გარდა საკუთარი თავისა. სულმა აზროვნება და ლაპარაკი არ იცის. იგი მხოლოდ გრძნობს და იცის. შინაგანი მონოლოგი ძალიან ხმამაღლა ჟღერს სულის მდუმარე შეგრძნებებთან შედარებით. ამიტომ ინტუიცია თავს იშვიათად და ძლივს შესამჩნევად ავლენს ხოლმე.

არსებობს შეხედულება, რომ თუკი შინაგან მონოლოგს გავაჩერებთ, გონებას წვდომა გაეხსნება ინტუიტიურ ინფორმაციაზე. ეს მართალია, მაგრამ მისი ბოლომდე გაჩერება ცნობიერ მდგომარეობაში შეუძლებელია. დავუშვათ, თქვენ კონცენტრირდით და შეაჩერეთ აზრებისა და სიტყვების მსვლელობა. აზრები თითქოს აღარ არიან, შიგნით სიცარიელეა, მაგრამ ეს არაა მონოლოგის გაჩერება. გონებას ამ დროს არ ძინავს. პირიქით, იგი ძალიან ყურადღებითაა, ოღონდ სხვა ამოცანა აქვს - არ იფიქროს და არ ილაყბოს. იგი თითქოს ამბობს: „კარგი, გავჩუმდები, ვნახოთ რას იზამ“.

ეს მონოლოგის გაჩერების ილუზიაა. შინაგანი მონოლოგის გაჩერება მაშინ ხდება, როდესაც გონება თავის კონტროლს გამორთავს, ან ცოტათი მაინც შეასუსტებს თავის ყურადღებას. მონოლოგის ცრუ გაჩერებისას კი გონება ფხიზლადაა, და შეიძლება ითქვას, რომ სულის შეგრძნებებს კიდევ უფრო ახშობს თავისი „მქუხარე“ დუმილით.

გონებას რომ თავისი კონტროლი გამოერთო, თქვენი აღქმა ვარიანტთა სივრცეში ჩაეშვებოდა, რაც ხდება კიდეც სიზმრის დროს. შინაგანი მონოლოგის ნამდვილი გაჩერება მხოლოდ სიზმარში ან ღრმა მედიტაციის დროს ხდება. ამისგან პრაქტიკული სარგებელის მიღება მხოლოდ გაცნობიერებული სიზმარხილვებით შეიძლება, ან მაშინ, თუ ღრმა მედიტაციის ტექნიკას ფლობთ, რომლის დროსაც ცნობიერება არ ითიშება.

რაც შეეხება მედიტაციას, აქ არსებობს საფრთხე, რომ გარეკოთ, თუ მონოლოგის ცნობიერად გაჩერების კარგი ნიჭი გაქვთ, კარგი მასწავლებელი კი არ გყავთ. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ აღქმის არაკონტროლირებადმა „გაფრენამ“ ვარიანტთა სივრცეში ფხიზელი გონების დროს, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი გავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე. ასე რომ მედიტაციას ჩვენ არ შევეხებით. გაცნობიერებული სიზმრის დროს გონებას არ ძინავს, მაგრამ არც აწვება თავისი კონტროლით სულის შეგრძნებებს. გონება ამ შემთხვევაში გამოდის იმაზე დამკვირვებლის როლში, თუ როგორ მოძრაობს სული ვარიანტთა სივრცეში. მიუხედავად ამისა, აღქმა მაინც არ სცდება სამყაროს ჩვეული აღწერილობის ფარგლებს. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია, რომ ვინმე სიზმარში ჭკუიდან შეშლილიყო.

გაცნობიერებული სიზმარი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც საინტერესო ექსპერიმენტი და გარეგანი განზრახვის სავარჯიშო. მაგრამ შეიძლება თუ არა შინაგანი მონოლოგის გაჩერება ცნობიერ მდგომარეობაში? აი აქ გვაქვს ერთი გასაღები, როგორც ვიწრო ფანჯარა, რომელიც სპონტანურად იხსნება იმ მომენტებში, როცა გონების კონტროლი სუსტდება და ცნობიერებამდე სულის ინტუიტიური შეგრძნება აღწევს.

ინტუიცია ვლინდება, როგორც ბუნდოვანი წინათგრძნობა, რომელსაც ზოგჯერ შინაგან ხმასაც უწოდებენ. გონება სხვა რამით გაერთობა ხოლმე, და ამ დროს სულის გრძნობას ან ცოდნას შეიგრძნობთ. „დილის ვარსკვლავთა შრიალი“ გესმით - ხმა სიტყვების გარეშე, ფიქრი აზრების გარეშე, ბგერა ხმის სიმაღლის გარეშე. თქვენ რაღაცას ხვდებით, მაგრამ ბუნდოვნად. კი არ აზროვნებთ, არამედ ინტუიტიურად გრძნობთ. ყველას უგრძვნია ოდესღაც საკუთარ თავზე ის, რასაც ინტუიციას უწოდებენ. მაგალითად, გრძნობთ, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, ან რაღაც უნდა მოხდეს, ან რაიმეს გაკეთების გაუცნობიერებელი მისწრაფება გიჩნდებათ, ან უბრალოდ იცით რაღაცის შესახებ.

როცა აზრების თამაში მიდის, რეფერის როლს გონების ანალიტიკური აპარატი ასრულებს. გონება მალევე თაროებზე ალაგებს ნებისმიერ აღნიშვნებს, რათა ყველაფერი ლოგიკური და რაციონალური იყოს. შინაგანი მონოლოგის გაჩერებაა - როცა რეფერის სასტვენი წაართვეს და სკამზე დასვეს. გონება აკვირდება, მაგრამ თამაშის კონტროლი უკვე აღარ შეუძლია.

მონაცემებით ჟონგლიორობისას გონება მოკლევადიან შესვენებებს აკეთებს. იგი თითქოს დროის ძალიან მოკლე ინტერვალში სკამზე ჯდება და ისვენებს. სწორედ ამ დროს იხსნება ფანჯარა ინტუიტიური ინფორმაციისთვის. ასეთ მომენტში თქვენ იძინებთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შესაძლოა თქვენთვის ეს დაუჯერებელი სიახლეა, მაგრამ ეს მართლაც ასეა. დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ბევრჯერ იძინებს. უბრალოდ ისინი ამას ვერ ამჩნევენ, რადგან ფანჯარა ძალიან მოკლე დროით იხსნება.

ჩაძინებული გონება კვლავ იღვიძებს და თავის მონოლოგს აგრძელებს. ზოგჯერ ფანჯარაში დანახულისგან მიღებული შთაბეჭდილება ცნობიერებამდე ინტუიტიური ინფორმაციის სახით აღწევს. მაგრამ როგორც წესი გონება ყურადღებას არ აქცევს მოკლევადიან ხედვას, რადგანაც მეტისმეტადაა გატაცებული თავისი ფიქრებით.

სიზმარში სული არამიზანმიმართულად დაფრინავს, და შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხვდეს. სიფხიზლის დროს გახსნილი ფანჯრის შემთხვევაში, განსხვავებით ჩვეულებრივი ძილისგან, სული ფოკუსირებულია ვარიანტთა სივრცის სექტორზე, რომელსაც ფონად გონების მიმდინარე აზრების კონტექსტი უდევს. კონტექსტი სულის მზერას ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორზე მიმართავს, სადაც იგი იმ ცოდნას ხედავს, რომელიც აზრთა მიმდინარე შემადგენლობას შეესაბამება. როგორც კი ფანჯარა იხსნება, ეს ცოდნა გონებაში იჭრება. თუ გაღვიძებული გონება ყურადღებას მიაქცევს სულის შთაბეჭდილებებს, ანუ თავისი ძილის ამ მოკლე გამონათებას გაიხსენებს, მაშინ იგი მიიღებს იმას, რასაც ინტუიტიური ცოდნა ეწოდება - ცნობებს, რომლებიც თითქოს არსაიდან გაჩნდნენ.

ჩვეულებრივ ითვლება, რომ ინტუიტიური ჭვრეტა გონების გამონათების სპონტანურ აფეთქებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, გონებას „ჭერიდან“ უეცრად ატყდება თავს გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი ამბობენ, რომ გონებამ ეს გადაწყვეტილება თვითონ იპოვა. როგორია ამ „არსაიდან“ მოსული ცოდნის წარმომავლობა? ჩვეულ მსოფლმხედველობაში ამ გაუგებარ ფაქტზე თვალებს ხუჭავენ და უბრალოდ ამბობენ, რომ ასეთია გონების ბუნება.

ტრანსერფინგის მოდელიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამონათების მექანიზმს სრულიად სხვა ბუნება აქვს. გონება თავის გადაწყვეტილებას ლოგიკური დასკვნების საფუძველზე იღებს. ხოლო გამონათება, ანუ ჯაჭვის ის რგოლი, რომელიც აკლია, და რომელსაც ვერ მივიღებთ არსებული ლოგიკური ჯაჭვიდან, ვარიანტთა სივრციდან სულის მეშვეობით მოდის.

სულის ბუნდოვანი გრძნობები ვლინდება, როგორც მღელვარება, დათრგუნულობა, ან ენთუზიაზმი, აღმაფრენა. ყველა ეს გრძნობა შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთ ტერმინში - სევდა. სული თითქოს ცდილობს, რომ რაღაც უთხრას გონებას, მაგრამ არ შეუძლია აუხსნას. სევდიანი მღელვარება, დანაშაულის გრძნობა, მოვალეობის ტვირთი, დათრგუნულობა - რეალიზდება როგორც უარესი მოლოდინები. ყველა ამ გრძნობაში სულისა და გონების ერთობა ვლინდება. გარეგანი განზრახვის მუშაობის შედეგად ჩვენ ვღებულობთ ჩვენი ყველაზე უარესი მოლოდინების რეალიზაციას.

ცნობილია, რომ უბედურება მარტო არასოდეს მოდის. გამოსხივების ასეთი პარამეტრებით ჩვენ ცხოვრების ცუდ ხაზებზე გადავინაცვლებთ, სადაც უბედურება, როგორც იტყვიან, მარტო არაა. ზოგჯერ ინდუცირებული გადასვლა ფართო შავ ზოლზე გვაგდებს, საიდანაც თავის დაღწევა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდება. ყურადღება მიაქციეთ, როცა თქვენ გემთხვევათ დათრგუნული სევდის ეს მდგომარეობა, ამ დროს დაუყოვნებლივ ღებულობთ თქვენი უარესი მოლოდინების რეალიზაციას. გარეგანი განზრახვა ცხოვრების წარუმატებელ ხაზებზე გაგდებთ, სადაც სიტუაცია თქვენს თვალწინ მძიმდება.

უბედურების წინასწარშეგრძნებასთან ერთად, სული, საკუთრივ, ეხმარება კიდეც ამ უბედურების აღსრულებას - სულისა და გონების ერთობის ხარჯზე. ერთობის საუკეთესო მოლოდინებისკენ მიმართვით შესაძლებელი ხდება, რომ გარეგანი განზრახვა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ამისთვის ტრანსერფინგში გვთავაზობენ, რომ უარი ვთქვათ მნიშვნელოვანობაზე, ნეგატივზე, და ცნობიერად წარვმართოთ აზრობრივი ენერგია მიზნების მიღწევისკენ. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, აზრობრივი ენერგიის პარამეტრების მომართვა სლაიდების მეშვეობით ცნობიერ მდგომარეობაში ხდება. იგივე ტექნიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ ღია ფანჯრის მომენტში, თუკი ამ მომენტის დაჭერას მოახერხებთ.

ინტუიტიური ცოდნა და წინათგრძნობა თვითნებურად მოდიან. ამ შემთხვევაში გონება სულის შესაძლებლობებს პასიურ რეჟიმში იყენებს - იგი უბრალოდ ღებულობს ინფორმაციას იმ სექტორიდან, რომელშიც სული შემთხვევით შეეხეტა. ამგვარად, ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ინტუიტიური შეგრძნება ჩვენში განზრახ გამოვიწვიოთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ შემდეგ სულის აფრა საჭირო მხარეს მივმართოთ.

როგორ გავაკეთოთ ეს? თქვენ უნდა დაიჭიროთ მომენტი, როცა გონება რაღაცაზე მოცდა. მაგრამ ამ დროს გრძნობა კი არ უნდა გამოიჭიროთ, არამედ განზრახ მოახდინოთ მისი ინდუცირება, ანუ ფანჯარაში მყისიერი სლაიდი უნდა ჩასვათ. სლაიდი იმ გრძნობებს უნდა შეიცავდეს, რომლებსაც სლაიდის შიგნით განიცდით. სლაიდის ღია ფანჯარაში ჩასმისას თქვენ კი არ იღებთ სულის ინფორმაციას, არამედ პირიქით, სივრცის მიზნობრივი სექტორისკენ მიმართავთ მას. თუკი ამის გაკეთებას შეძლებთ, თქვენი გონება გარეგან განზრახვას შეეხება.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იგივე ეფექტის მიღწევა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუკი სლაიდს საწოლში წოლისას, ძილის წინ ატრიალებთ. მაშინ სლაიდი შეუმჩნევლად გადავა სიზმარში, და სულისა და გონების ერთობა მიღწეული იქნება. მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს არაფერს მოგცემთ. ამის ახსნას შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ეცადეთ უპასუხოთ კითხვას: რატომ არ აქვს აზრი სლაიდის სიზმარში ტრიალს?