freim

ფრეიმი

არსებობს გარდამავალი ადგილი მოვლენებს შორის, რომლებიც ფორმირებულია გარეგანი განზრახვისა და მოვლენების მიერ, და ნაწინასწარმეტყველებია ინტუიტიური წინათგრძნობის მიერ. სხვა სიტყვებით, როცა თქვენ ინტუიტიური წინათგრძნობა გაქვთ, რომ რაღაც მოვლენა უნდა მოხდეს, თქვენ მას აზრებით ეხებით, მიზანმიმართული ფიქრის გარეშე. შემდეგ ეს მოვლენა, როგორც წესი, მართლაც რეალიზდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გონება სულის წინათგრძნობას ეთანხმება. ჩნდება კითხვა: თქვენ უბრალოდ წინათგრძნობა გქონდათ, რომ მოვლენა უნდა მომხდარიყო, თუ თქვენი ქვეცნობიერის აზრებმა იმოქმედეს, როგორც გარეგანმა განზრახვამ, და ამ მოვლენის ინდუცირება გამოიწვიეს?

ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ერთსაც აქვს ადგილი და მეორესაც. ძილში ყველაფერი უფრო განსაზღვრულად ხდება: როგორც კი ოდნავ გაიფიქრებთ, ან უფრო იგრძნობთ, რომ მოვლენები რაღაც სახით უნდა განვითარდეს, ეს სცენარი მაშინვე რეალიზდება. გარეგანი განზრახვა სიზმარში უტყუარად მუშაობს. რას გვაძლევს ეს?

მხოლოდ იმას გვაძლევს, რომ მოსალოდნელი სცენარის რეალიზაციას სიზმარში ვღებულობთ. სიზმარი არანაირ გავლენას არ ახდენს მატერიალურ რეალობაზე. ვირტუალური რეალობა ასეთადვე რჩება. რატომ არ ახდენს სიზმრის გარეგანი განზრახვა ვირტუალური სექტორის რეალიზაციას? შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს დაკავშირებულია მატერიალური რეალიზაციის ინერტულობასთან. მართლაც, სიზმარი, მატერიალურ რეალობასთან შედარებით იგივეა, რაც ქაღალდის ნავი დიდ ფრეგატთან შედარებით. ქაღალდის ნავი სწრაფად მიფრინავს გარეგანი განზრახვის ოდნავ დაბერვაზეც კი. ხოლო იმისთვის, რომ მძიმე ფრეგატი დაძრათ ადგილიდან, აუცილებელია დიდი აფრა და ხანგრძლივი დრო.

და მაინც, სიზმრის გარეგანი განზრახვა არ ახდენს ვირტუალური სექტორის რეალიზაციას არა იმის გამო, რომ ინერტულია. თქვენ შეგიძლიათ რამდენ ხანსაც გინდათ ატრიალოთ სლაიდი გაცნობიერებულ სიზმარშიც კი, მაგრამ ეს ერთი ნაბიჯითაც კი არ მიგახლოვებთ მიზანთან. საქმე იმაშია, რომ სიზმარში გარეგანი განზრახვა მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებს: გადაიყვანოს სული ერთიდან მეორე ვირტუალურ სექტორში. სიზმარში ხდება შემდეგი რამ: გონებამ სულის აფრის მიმართულება მოლოდინის შესაბამისად განაწყო, გარეგანმა განზრახვამ კი მყისიერად გადაიყვანა ქაღალდის ნავი შესაბამის სექტორში. მორჩა, სამუშაო შესრულებულია და გარეგანი განზრახვის მისია აქ ამოიწურა.

რეალობაში გარეგანი განზრახვის ფუნქცია ერთი წამობერვით არ სრულდება. განზრახვის ქარი უბერავს, ფრეგატი კი მაინც არ იძვრის ადგილიდან. თუ სულისა და გონების ერთობა მიღწეულია, აფრა სწორი მიმართულებით განეწყობა. აფრის სიდიდე დამოკიდებულია ერთობის ხარისხზე. ქარს არ შეუძლია მყისიერად გადაიყვანოს ფრეგატი საჭირო სექტორში. აზრობრივი გამოსხივების ენერგიის პარამეტრები უკვე შეესაბამებიან მიზნობრივ სექტორს, მატერიალური რეალიზაცია კი წინა სწქტორში აყოვნებს. ამიტომ განზრახვის ქარმა თავისი სამუშაო ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა შეასრულოს, რათა მიზნობრივი სექტორის რეალიზება შეძლოს.

თუმცაღა სიზმრის გარეგან განზრახვას საერთოდ არ შეუძლია ფრეგატის დაძვრა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სიზმარში მხოლოდ ქაღალდის ნავის პატარა ბუმბულია დაყენებული, მაშინ, როცა ფრეგატის აფრა მოშორებულია. განზრახვის ქარი მხოლოდ სიზმრის ქაღალდის ნავს გადაანაცვლებს, მატერიალური რეალიზაცის ფრეგატზე კი ვერანაირად ვერ მოქმედებს.

ამიტომ სლაიდის სიზმარში ტრიალი მატერიალურ რეალიზაციას ვერ ეხმარება. სულის აფრა სიზმარში საშუალებას გვაძლევს, რომ ვირტუალურ სივრცეში ვიფრინოთ, მაგრამ არანაირი კავშირი არ აქვს საკუთრივ მატერიალური რეალიზაციის მოძრაობასთან. სლაიდის ერთადერთი ფუნქცია გაცნობიერებულ სიზმარში - ესაა კომფორტის ზონის გაფართოება. თუმცაღა ესეც არაა ცოტა, ასე რომ თუ გაცნობიერებულ სიზმრებს აპრაქტიკებთ, სლაიდი სიზმარში იდეალური საშუალება იქნება კომფორტის ზონის გასაფართოებლად.

ღვიძილის დროს თქვენი ცნობიერი და ქვეცნობიერი მატერიალური სამყაროს ფარგლებში იმყოფებიან. გონება სულის ფოკუსს მატერიალური რეალიზაციის სექტორში აკავებს. როგორც უკვე ითქვა, გონება გამუდმებით ახდენს აღქმის კორექციას დამყარებული შაბლონის შესაბამისად. ატრიალებთ რა სლაიდს ღვიძილის მდგომარეობაში, თქვენ ამით აზრობრივი გამოსხივების პარამეტრებს არარეალიზებულ სექტორზე განაწყობთ. სულისა და გონების ერთობის დონის შესაბამისად, აფრა გარეგანი განზრახვის ქარით იბერება და ფრეგატი ნელა და თანდათანობით იწყებს მიზნობრივი სექტორისკენ მოძრაობას. გარეგანი განზრახვის მუშაობა მანამდე გაგრძელდება, სანამ მატერიალური რეალიზაცია დანიშნულების პუნქტამდე არ მიაღწევს.

ხედავთ, რაშია განსხვავება? სიზმარში გარეგანი განზრახვის მუშაობა სრულდება, ღვიძილში კი - გრძელდება. სიზმარში პარამეტრები მყისვე მოდის შესაბამისობაში, და ამით საქმე მთავრდება, ღვიძილში კი პროცესი ნელა და თანდათანობით მიმდინარეობს. როცა თქვენ ღვიძილში ატრიალებთ სლაიდს, თქვენ დაყენებული გაქვთ მატერიალური რეალიზაციის ფრეგატის აფრა, და გარეგანი განზრახვა ფრეგატს ამოძრავებს, და არა სიზმრის ქაღალდის ნავს.

დაე, არ შეგაცბუნოთ იმ სითამამემ, რომლითაც ყველა ამ რთული საკითხების აღსაწერად მარტივ მეტაფორებს ვიყენებ. გონების აღნიშვნათა სიაში მაინც არაა უფრო შესაფერისი ანალოგია, სამაგიეროდ არსი ამ სახით უფრო გასაგებად გადმოიცემა.

ფანჯარა ვარიანტთა სივრცეში, რომელიც გონების მოკლევადიანი ჩათვლემის დროს იხსნება, აღქმის ფოკუსს მატერიალური რეალიზაციის მიმდინარე სექტორის კონტექსტში ტოვებს. ფრეგატის აფრა ფანჯარაში, განსხვავებით ჩვეულებრივი სიზმრისგან, გამართულ მდგომარეობაში რჩება. თუ ამ მომენტში ფანჯარაში სლაიდს ჩასვამთ, მაშინ გარეგანი განზრახვის ქარის წამოქროლვა რეალიზაციას მნიშვნელოვანი მანძილით გადაანაცვლებს. ფანჯრის ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ სულისა და გონების ერთობა ასეთ მდგომარეობაში უმაღლეს დონეზე ვლინდება. მთვლემარე გონება თავის კონტროლს ადუნებს და არარეალურს თავისი აღქმის შაბლონში უშვებს, იმის მსგავსად, როგორც ეს სიზმარში ხდება. აფრა მნიშვნელოვან ზომებს მოიპოვებს, და გარეგანი განზრახვა მეტი ძალით მოქმედებს.

ეს ტექნიკა საკმაოდ რთულია, მაგრამ შეგიძლიათ სცადოთ. იმით უნდა დაიწყოთ, რომ გამუდმებით მიაქციოთ ყურადღება ინტუიტიურ წინათგრძნობას, დააკვირდეთ საკუთარ თავს. მაშინ თქვენ მიხვდებით, რომ დღის განმავლობაში ფანჯარა საკმაოდ ხშირად იხსნება. გონება დროდადრო იღლება თავისი კონტროლისგან და ლაყბობისგან, და რამდენიმე წამით სიფხიზლეს კარგავს. ამ მომენტში შეგიძლიათ განზრახ ჩასვათ გრძნობები იმ მოვლენის შესახებ, რომლის ინდუცირებაც გსურთ. სწორედ გრძნობები, და არა სიტყვიერი ფორმულირებები.

წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, ჩანაფიქრი რომ გისრულდებოდეთ? რამდენჯერმე დაატრიალეთ თავში მიზნის მიღწევის სლაიდი, შემდეგ კი აიღეთ მთელი სლაიდიდან ერთი ინტეგრალური ანაბეჭდი - ფრეიმი. მაგალითად, კონტრაქტს აწერთ ხელს და კმაყოფილებას გრძნობთ. ან გამოცდას აბარებთ წარმატებით, და ლექტორი ხელს გართმევთ. ან ფინიშთან პირველი მიდიხართ და მკერდით ლენტას არღვევთ. სწორედ ეს ანაბეჭდი იქნება ის ფორმულა, რომელიც გახსნილ ფანჯარაში უნდა ჩასვათ. ფრეიმი შეგიძლიათ ერთი სიტყვით დაასათაუროთ, მაგალითად: „გამარჯვება!“, „არის!“, „გამოვიდა!“, ან როგორც გაგიხარდებათ. ეს სათაური ფრეიმის საყრდენი წერტილის როლს შეასრულებს. სცადეთ, მიაღწიოთ ასეთ ეფექტს, რათა ფრეიმის გრძნობა დაემგვანოს მოწოლილ სევდას, დაჟინებისა და დაძალების გარეშე.

ფანჯრის დაჭერა რთულია, რადგანაც ამას თქვენი გონება აკეთებს, თუმც კი მთვლემარე, ეს კი ნიშნავს, რომ იგი იღვიძებს, და ფანჯარა მაშინვე იხურება. უნარები დროთა განმავლობაში მოვა. მტკიცე განზრახვა და მოთმინება უნდა იქონიოთ. ჯერ გონების მეშვეობით უნდა შეიმუშავოთ მოვლენის რეალიზაციის შეგრძნების ფრეიმი. დაე, მან აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ შემუშავებაში. შემდეგ ფანჯრის დაჭერის მცდელობის გარეშე ატრიალოთ ეს ფრეიმი, რათა კარგად გაარკვიოთ თქვენთვის, რაში მდგომარეობს საბოლოო გრძნობა, შექმნათ ინტეგრალური შეგრძნება. შემდეგ კი შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფანჯრის გახსნის მომენტში მყისიერად ჩასვათ მასში ფრეიმი.

ისე უნდა გამოგივიდეთ, რომ მთვლემარე გონება უეცრად აცნობიერებდეს თავის მძინარე მდგომარეობას, და მაშინვე აგდებდეს ფრეიმს ფანჯარაში, სანამ გამოღვიძებას მოასწრებს. სწორედ ეს იქნება გარეგანი განზრახვის მუშაობა შინაგანი მონოლოგის გაჩერებისას.

მრავალჯერადი, თუნდაც წარუმატებელი მცდელობები, თანდათან ჩვევას აყალიბებენ, და თქვენი გონება ფრეიმის ფანჯარაში ჩაგდებას ავტომატურად ისწავლის. ფრეიმის აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გონებამ მისი ავტომატურად აქტივიზაცია უნდა შეძლოს, სანამ გაღვიძებას მოასწრებს. თუმცაღა თუ ფრეიმების ტექნიკა ძალიან ძნელად გამოგდით, არ იღელვოთ ამაზე და საერთოდ შეეშვით. იმუშავეთ ჩვეულებრივ სლაიდებთან და აკეთეთ პროცესის ვიზუალიზაცია.

ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ფანჯარაზე ყურადღების მიქცევის ჩვევას გამოიმუშავებთ. თუ გახსნილი ფანჯრის მომენტების დაჭერას ისწავლით, ინტუიტიური გამონათებები უფრო და უფრო ხშირად გეწვევათ.