Voile

სულის აფრა

ადამიანები საკუთარ თავს და სამყაროს გარე გამოვლინებებს მხოლოდ მატერიალური ობიექტების სახით აღიქვამენ. ყველა მატერიალურ ობიექტს გააჩნია ერთი საერთო ენერგო-ინფორმაციული არსი, რომელიც აღქმას არ ექვემდებარება. ესაა ის, რაც ვარიანტთა სივრცეში იმყოფება და მატერიალური რეალიზაციის მუშაობას განსაზღვრავს. იმ აბსტრაქტული აღნიშვნების ენა, რომლის გამოყენებასაც მივეჩვიეთ, ენერგო-ინფორმაციული არსის მხოლოდ გარე გამოვლინებას აღწერს. თავად ამ პირველადი არსის აღწერა შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად, გონებრივი აღნიშვნების ენით, და სწორედ აქედან მოდის ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობების ასეთი სიმრავლე.

ჩვენი აღქმა ასეთად იმიტომ ფორმირდა, რომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ ყურადღების კონცენტრაციას ცალკეულ ელემენტებზე. „შეხედე! ეს შენი ხელუკებია, ესენი კი ფეხუკები! აი, ჩიტმა გაიფრინა!“ აღქმის კონცენტრაცია მთეწლი ცხოვრების განმავლობაში ხდება. გონებას გამუდმებით შესაბამისობაში მოჰყავს გარეგანი მონაცემები სამყაროს აღწერის შექმნილ შაბლონთან.

მაგალითად, თუკი ჩვენ არასოდეს გვინახავს ადამიანის ენერგეტიკული გარსი, გონება ასე ადვილად არ დაუშვებს, რომ იგი ხილული გახდეს - ეს ჩვეულ შაბლონს არ შეესაბამება. ბავშვობაში არავინ მიმართავდა ყურადღებას აურაზე, ამიტომ იგი არ შევიდა სამყაროს აღწერილობის შაბლონში. ახლა ჩვენ შეგვიძლია თეორიულად ვიცოდეთ, რომ იგი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ვერაფერს დავინახავთ.

გარესამყაროს აღქმის მექანიზმი დღემდე თეთრ ლაქად რჩება. შეგვიძლია, მხოლოდ განვიხილოთ მისი ცალკეული მხარეები. ჭიანჭველებს, მაგალითად, არასოდეს უნახავთ ვარსკვლავები. მათ არ უნახავთ არც მზე, არც მთები და არც ტყე. მათი მხედველობა ისეა მოწყობილი, რომ მათ დაბადებიდან საქმე მხოლოდ ახლომდებარე საგნებთან ჰქონდათ. გარესამყაროს მათეული აღქმა ძირფესვიანად განსხვავდება ჩვენი აღქმისგან.

და როგორ გამოიყურება სამყარო სინამდვილეში? ესაა მცდელობა, რომ თითქოს ობიექტური კითხვა დავსვათ და ობიექტური პასუხი მივიღოთ. თუმცაღა მოცემული საკითხი თავად არ წარმოადგენს ობიექტურს. სამყარო სწორედ ისე გამოიყურება, როგორც ვხედავთ, რადგანაც ცნება - „ხედვა“ - ასევე ჩვენი აღქმის შაბლონის ელემენტია. ბრმა თხუნელას შაბლონში, მაგალითად, არ არსებობს ცნება - „გამოიყურება“. სამყარო ჩვენს წინაშე დემონსტრირდება აღქმის ჩვენივე შაბლონის შესაბამისად, და ამავდროულად, იგი არანაირად არ გამოიყურება. აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ სამყარო ჩვეულებრივ გამოიყურება, ან როგორც მანათობელი ენერგიების გროვა, ან რამე სხვაგვარად. აზრი აქვს ვისაუბროთ მხოლოდ მის ცალკეულ გამოვლინებებზე, რომელთა აღქმასაც ვახერხებთ.

ადამიანის ცნობიერება - სოციალური პროდუქტია. ცნობიერება ეფუძნება იმ ყველაფრის განსაზღვრებას და ცნებებს, რაც ჩვენს გარშემოა. სული (ქვეცნობიერი) ადამიანს დაბადებიდან აქვს. ცნობიერება კი მაშინ მოდის, როცა ყველაფერი გარშემომყოფი განსაზღვრულია ადამიანურ ენაზე ახსნადი ცნებებით და განსაზღვრებებით. მაგრამ სამყარო იმიტომ არ არსებობს, რომ ადამიანებმა იგი თავიანთი ცნებებით აღწერეს. ამ მიმართებაში ადამიანის სული ყოველთვის გაუნათლებელი რჩება. მას არ ესმის ადამიანური ენა. მას მხოლოდ ის ესმის, რასაც მივეჩვიოთ, რომ შეგრძნებები ვუწოდოთ. ჯერ აზრი ჩნდება, და მხოლოდ შემდეგ ფორმირდება იგი სიტყვებად. შეგვიძლია სიტყვების გარეშე ვიფიქროთ. სწორედ ესაა ქვეცნობიერისთვის გასაგები ენა. პირველადი აზრებია, და არა სიტყვები. ქვეცნობიერთან შეუძლებელია გონების ცნებებით საუბარი.

ყველაფერს ვერ გამოხატავ ცნებათა არსებული ნაკრებით. როგორც შეამჩნიეთ, მე მაინც ვერ მოვახერხე კარგად გასაგებად ამეხსნა, თუ რას ნიშნავს გარეგანი განზრახვა. საბედნიეროდ, ადამიანებს მაინც დარჩათ უნივერსალური გამოხატვის საშუალება - ხელოვნების ნიმუშები. ესაა ის, რაც სიტყვების გარეშეც გასაგებია. სულის ენა ყველასთვის გასაგებია - ესაა იმ საგანთა ენა, რომლებიც სიყვარულით და გატაცებითაა შექმნილი. როცა ადამიანი თავისი მიზნისკენ თავისი კარით მიდის, ანუ როცა ჭეშმარიტად თავისი საქმითაა დაკავებული, იგი შედევრებს ქმნის. სწორედ ასე იქმნება ის, რასაც ხელოვნებას უწოდებენ.

შეგიძლიათ კონსერვატორია დაამთავროთ და უფერული მუსიკა შექმნათ, რომელიც არავის დაამახსოვრდება. შეგიძლიათ ტექნიკურად უზადოდ შესრულებული ცარიელი ნახატები ხატოთ. თუმცაღა თავში არავის მოუვა, რომ შედევრებად ჩათვალოს ისინი. თუ საგანზე შეიძლება ითქვას, რომ „ამაში რაღაც არის“, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს იგი ხელოვნების ნიმუშად. რა არის მასში - ამას შემდეგ კრიტიკოსები და შემფასებლები ახსნიან. მაგრამ ეს „რაღაც“ ყველასთვის მაშინვე და უსიტყვოდ გასაგებია.

ავიღოთ, მაგალითად ნახატი - „ჯოკონდას ღიმილი“. ესაა ენა, რომელიც ყველას ესმის. სიტყვები აქ არაა საჭირო. სიტყვები უძლურნი არიან, გამოხატონ ის, რაც ყველასთვის გასაგებია. და სახელდობრ, რაა გასაგები, ეს მნიშვნელოვანიც კი არაა. ყველა თავისებურად გრძნობს და ესმის. შეიძლება, რა თქმა უნდა, ითქვას, რომ მისი ღიმილი იდუმალია, ან რომ მასში არის რაღაც მოუხელთებელი, და ა.შ. სიტყვები მაინც ვერ ახსნიან „იმას“, რაც ნახატს შედევრად აქცევს.

„ჯოკონდას ღიმილმა“ ასეთი ცოცხალი ინტერესი მხოლოდ იმიტომ არ გამოიწვია, რომ იგი თითქოს იდუმალია. არ მოგსვლიათ თავში, რომ ჯოკონდას ღიმილი და ბუდას ღიმილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს? ითვლება, რომ ბუდამ ცხოვრებაშივე მიაღწია გასხივოსნებას. სხვა სიტყვებით, მან მოახერხა, რომ ეგრძნო თავისი ერთიანობა ოკეანესთან. ბუდას ღიმილი ყველა გამოსახულებაზე სიმშვიდეს და ნეტარებას გამოხატავს. იგი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც „მარადიულობის ჭვრეტა“. როცა ბუდას ღიმილს პირველად ხედავ, ჩნდება ცნობისმოყვარეობისა და გაოცების უცნაური ნაზავი. ეს იმიტომ, რომ იგი ახსენებს წვეთს რაღაც შორეულს და დავიწყებულს - ოკეანესთან ერთიანობის შეგრძნებას.

ნებისმიერი შეხსენება ყოფილ ერთიანობაზე სულის მგრძნობიარე სიმებს ეხება. ადამიანური ენის გაჩენის შემდეგ სულის ენა თანდათანობით ატროფირდა. ადამიანები მეტისმეტად გახდნენ გატაცებულნი გონების ენით, ამიტომ იგი დროთა განმავლობაში პირველ ადგილზე გამოვიდა. ისიც კი, თუ როგორ მოხდა ეს, გონებრივი აღნიშნვნების ფარგლებში დამახინჯებულად ჟღერს, ბაბილონის გოდოლის შესახებ ლეგენდის ფორმით, რომლის თანახმადაც ღმერთები განრისხდნენ ადამიანებზე იმის გამო, რომ გოდოლის ცამდე აღმართვა გადაწყვიტეს, ამიტომ მათი ენები ისე შეურიეს, რომ ადამიანებს ერთმანეთის აღარ ესმოდათ.

არსობრივად, მითების და ლეგენდების უმეტესობა სიმართლეა, მაგრამ სიმართლე გონებრივი აღნიშვნების ინტერპრეტაციით. შესაძლოა, მაღალი კოშკი წარმოადგენს მეტაფორას, და გამოხატავს ძლევამოსილებას, რომელიც ადამიანებმა მიიღეს, როცა შეიძინეს უნარი - გაცნობიერებულად მოეხდინათ თავიანთი ნების ფორმულირება გონების ენაზე. როგორც უკვე ითქვა, სულს შეუძლია იგრძნოს გარეგანი განზრახვის ქარი, მაგრამ მას არ შეუძლია აფრის დადგმა, რომ ეს ქარი გამოიყენოს. აფრას გონების ნება აყენებს. ნება კი გაცნობიერებულობის ატრიბუტს წარმოადგენს.

არაცნობიერი სულის ფრენა გარეგანი განზრახვის ქართან ერთად სპონტანურად და უმართავად ხდება. სწორედ გონების გაცნობიერებულობა იძლევა ნების მიზანმიმართულად გამოხატვის საშუალებას. საწყის სტადიაზე, როცა სულისა და გონების ენები არ იყვნენ ასე დაშორებულნი, სულისა და გონების ერთობა ადვილად მიიღწეოდა. შემდეგ გონება გაიტაცა თავისი აღნიშვნებით სამყაროს კონსტრუირებით, რასაც შორს მიჰყავდა იგი იმ პირველადი არსის გაგებისგან, რაც საფუძვლად უდევს გარეგან განზრახვას.

კოლოსალური ინტელექტუალური ძალისხმევების შედეგად, გონებამ საოცარ წარმატებებს მიაღწია მატერიალური რეალიზაციის ტექნოტრონულ სამყაროში, მაგრამ დაკარგა ყველაფერი, რაც არარეალიზებულ ვარიანტთა სივრცეს განეკუთვნება. გონება მეტისმეტად შორს წავიდა იმ ყველაფრის გაგებისგან, რაც გარეგან განზრახვას უკავშირდება. ამიტომაც გვეჩვენება ტრანსერფინგის ბევრი მოცემულობა დაუჯერებლად. მაგრამ გონებას მაინც შეუძლია დაკარგულის დაბრუნება. ამისთვის საჭიროა, რომ დავალაგოთ ურთიერთობა სულსა და გონებას შორის.

სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სული, გონებისგან განსხვავებით, კი არ ფიქრობს, არამედ იცის. იმ დროს, როცა გონება იაზრებს მიღებულ ინფორმაციას და ატარებს მას თავისი მსოფლმხედველობის ანალიტიკური ფილტრის შაბლონში, სული ცოდნას ინფორმაციის ველიდან ღებულობს პირდაპირ, ანალიზის გარეშე. ზუსტად ასევე, მას პირდაპირ შეუძლია მიმართოს გარეგან განზრახვას. იმისთვის, რომ ეს მიმართვა მიზანმიმართული გახადოს, აუცილებელია გონების ნებისა და სულის მისწრაფების შეთანხმება, ერთობამდე მიყვანა. თუ ასეთი ერთობა მიღწეულ იქნება, თქვენი სულის აფრა გაიბერება გარეგანი განზრახვის ქარით და პირდაპირ მიზნისკენ წაგიყვანთ.