beatles fans

მირაჟი

მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანს ცდილობენ შთააგონონ, რომ წარმატება, სიმდიდრე და დიდება - მხოლოდ რჩეულების ხვედრია. სასწავლო დაწესებულებებში, კონკურსებში და სხვადასხვა ატესტაციებში ადამიანს მუდმივად ანიშნებენ, რომ იგი შორსაა სრულყოფილებისგან, რომ სხვები მასთან შედარებით უკეთესები და ღირსეულები არიან. ის, ვინც ეს არ დაიჯერა, წარმატებასაც უხვად ღებულობს, სიმდიდრესაც და დიდებასაც. აი, ასე მარტივია ყველაფერი. მარტივი არაა მხოლოდ ერთი - დაიჯეროთ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ და შეგიძლიათ მიაღწიოთ. მაგრამ თქვენ მართლაც შეძლებთ დაჯერებას, თუკი ასეთი განზრახვა გექნებათ.

ბევრს სურს გახდეს ვარსკვლავი, მიაღწიოს დიდ წარმატებებს. წარმატების სტანდარტი ზოგადად ძალიან აქტიურად და ფართოდ პროპაგანდირდება. ქანქარებს უყვართ რიგითი მიმდევრებისთვის თავიანთი ფავორიტების მიღწევების დემონსტრირება. ისინი ცდილობენ, რომ წარმოადგინონ ფავორიტები, როგორც წარმატების ეტალონები, რომლებისკენაც უნდა ისწრაფვოთ, რათა ყველა სიკეთე მოიპოვოთ. ვარსკვლავი ყველაფერს იღებს, რის მიღებაც ამ ცხოვრებაში შეიძლება. ვარსკვლავები სიმდიდრისა და დიდების სხივებში ბანაობენ. ვინ არ მოისურვებს ამას? მაშინაც კი, თუკი არ გსურთ ძალიან სახელგანთქმული იყოთ და ზედმეტი ფუფუნება გქონდეთ, მატერიალურ სიუხვეზე და საკუთარი მიღწვებით დაკმაყოფილებაზე უარს მაინც არ იტყოდით.

ვარსკვლავები დამოუკიდებლად იბადებიან. მაგრამ მათ ქანქარები ანთებენ. იმის თქმა მინდა, რომ ვარსკვლავებისადმი თაყვანისცემის კულტი სწორედ ქანქარების მიერაა შექმნილი. ისინი ამას განზრახ აკეთებენ. კინოში, სცენაზე, სტადიონზე, ტელეეკრანებზე - ჩვენ გამუდმებით გვთავაზობენ საუკეთესო წარმომადგენლებს, რჩეულებს. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იმას, თუ რა აღტაცებით ხვდებიან ვარსკვლავებს მათი თაყვანისმცემლები, როგორი ბრწყინვალენი არიან ისინი, რამხელა მიღწევები აქვთ. ჩვენ გამუდმებით შთაგვაგონებენ ერთ ურყევ ფაქტს: ვარსკვლავები ყველას მოწონს, და ეს ისაა, რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ.

რა მიზანი აქვთ ქანქარებს, როცა ტახტზე სვამენ თავიანთ ფავორიტებს? იქნებ მათ მიმდევრების პირადი მიღწევები და კეთილდღეობა აღელვებთ? სულაც არა. ისინი ახდენენ ფავორიტების დემონსტრირებას, რათა რიგით მიმდევრებს მეტი სტიმული ჰქონდეთ ქანქარას მსახურებისთვის. როგორ იქცევა ჩვეულებრივი ადამიანი ვარსკვლავად? შეუპოვარი შრომით. ვარსკვლავები მხოლოდ ისინი ხდებიან, ვინც საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. ყველას შეუძლია გახდეს ვარსკვლავი, მაგრამ ამისთვის დაუღალავი შრომაა საჭირო. მათგან აიღე მაგალითი, მოიქეცი მათსავით, და შენც მიაღწევ წარმატებას. ვარსკვლავები უნიკალურ უნარებსა და თვისებებს ფლობენ. ეს ყველას არ აქვს, ამიტომ უფრო მეტად უნდა იშრომოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

აი, ასეთ ლოზუნგებს აჟღერებენ ქანქარები. ისინი არ უარყოფენ, რომ წარმატების მიღწევა ყველას შეუძლიათ, მაგრამ საგულდაგულოდ მალავენ იმ ფაქტს, რომ უნიკალურ თვისებებს და უნარებს სწორედაც რომ ყოველი ადამიანი ფლობს. ქანქარებისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება, თუ ყოველი ადამიანი თავის თავში უნიკალურ უნარებს აღმოაჩენს. ასეთ შემთხვევაშ ყველა მიმდევარი თავისუფალი ინდივიდი გახდება, კონტროლიდან გამოვა, და ქანქარა უბრალოდ ჩამოიშლება. პირიქით, ქანქარა თავს ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს, როცა მისი მიმდევრები ერთი მიმართულებით ფიქრობენ და მოქმედებენ. როგორც მეორე თავიდან გახსოვთ, ერთმიმართულებიანობა მიმდევრების აზრებში წარმოადგენს კიდეც ქანქარას წარმოშობის და არსებობის პირობას. ვარსკვლავის კაშკაშა ინდივიდუალობა გამონაკლისია, რომელიც უფრო ადასტურებს წესს, სწორედ იმიტომ, რომ გამონაკლისს წარმოადგენს. წესი კი ამბობს: „ასევე მოიქეცი!“

აი, ამიტომაა, რომ ბევრი ახალგაზრდა ხვდება ქანქარების მახეში და ცდილობს, რომ თავიანთ კუმირს დაემგვანოს, ბაძავს მას და ოთახში მის პლაკატებს ჰკიდებს. გონება ბრმად მიჰყვება ქანქარას საბელს. უგუნური გონება ეუბნება სულს, რომ იგი არასრულყოფილია. თითქოს ეუბნება მას: „თავად მეც კი, ჩემი შესაძლებლობებით, არ შემიძლია წარმატების მიღწევა. შენ ხომ საერთოდ! აი, ეს ადამიანები - სხვა საქმეა. ხედავ, როგორები არიან?! მათგან უნდა აიღო მაგალითი. ასე რომ დაჯექი, მოკეტე შენს არასრულყოფილებასთან ერთად, მე კი მთელი ძალით ვეცდები, რომ მათ დავემგვანო“.

ბაძავენ რა თავიანთ კუმირებს, ახალგაზრდები მირაჟის დაჭერას ცდილობენ. მისწრაფება მაგალითის აღებისკენ და იმათი მსგავსებისკენ, ვინც წარმატებას მიაღწია - ესაა იმ ბუზის შინაგანი განზრახვის მუშაობა, რომელიც შუშას ეხეთქება. ისინი სხვის სექტორზე ახდენენ გადაწყობას, და იქ თავად მაქსიმუმ პაროდიის როლს შეასრულებენ. გონებას შეუძლია ასლების სხვადასხვა ვარიაციები შექმნას, მაგრამ ამით ვერავის გააკვირვებ. ვარსკვლავი ვარსკვლავად იქცა სწორედ თავისი უნიკალურობის, თვითმყოფადობის, სხვებთან არამსგავსების წყალობით. ყოველი ადამიანის სული თავისებურად განუმეორებელია. უნიკალურ სულს ვარიანტთა სივრცეში თავისი უნიკალური სექტორი აქვს, სადაც მისი პირადი თვისებები მთელი ბრწყინვალებით ვლინდება.

ყოველ სულს გააჩნია თავისი ინდივიდუალური „ვარსკვლავური“ სექტორი. გასაგებია, რომ ასეთი სექტორი შესაძლოა უსასრულოდ მრავალრიცხოვანი იყოს. მაგრამ ჩვენ პირობითად ჩავთვალოთ, რომ ყოველ ცალკეულ სულს მისი უნიკალური სექტორი გააჩნია - ინდივიდუალური მიზანი, ანუ ღერძი. გონება, რომელიც ქანქარების სატყუარებითაა გატაცებული, უსარგებლოდ იწრიალებს სხვის სექტორში, ეცდება, რომ დააკოპიროს სხვების თვისებები ან გაიმეოროს სხვისი წარმატების სცენარი. მაგრამ სხვისი სცენარის მიბაძვა ყოველთვის პაროდიას წარმოშობს. სული ვერ შეძლებს საკუთარი თავის უცხო სექტორში რეალიზებას. და როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენი სექტორი? ამაზე გონებას შეუძლია არ იდარდოს, სული თავად იპოვის თვითგამოხატვის გზას. გონების ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ დაივიწყოს სხვისი გამოცდილება, აღიაროს საკუთარი სულის უნიკალურობა და საშუალება მისცეს მას, რომ თავისი გზით იაროს.

განსაკუთრებით ძლიერ ექვემდებარებიან ქანქარების ზეგავლენას მოზარდები, რადგანაც მათ ახლახანს შემოაბიჯეს ამ სამყაროში და არ იციან, რა გააკეთონ და როგორ მოიქცნენ. უფრო მარტივი და უსაფრთხოა ბრბოს შეერიო, განსაკუთრებულად არ გამოირჩეოდე და ყველასავით იცხოვრო. ჯოგური ინსტინქტი უსაფრთხოების შეგრძნებას იძლევა, მაგრამ საფუძველშივე ჭრის ინდივიდუალურობის ჩანასახებს. საცოდაობაა იმის ნახვა, თუ როგორ ერთნაირად იცვამს ახალგაზრდების უმეტესობა, როგორ იყენებს ერთი და იგივე ლექსიკას („საკაიფოა, ასწორებს, ღადაობაა...“), და როგორ ერთნაირად იქცევიან. მიუხედავად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარეგნული შთაბეჭდილებისა, ისინი მორჩილად მიჰყვებიან ქანქარას: „გააკეთე ისე, როგორც მე!“ თავად კი თვლიან, რომ ახალი თაობის მოდერნიზმს ატარებენ. მაგრამ მათგან რომლები ქმნიან ამ სიახლეებს?

ლიდერები, და ასევე განდგომილები ახალგაზრდებში ყოველთვის ის ერთეულები ხდებიან, რომლებმაც გამოვლენის საშუალება მისცეს საკუთარი სულის განუმეორებელ თვისებებს. ანვითარებდნენ რა თავიანთ ინდივიდუალობას, ასეთი პიროვნებები შედეგად ხდებოდნენ მოდის დამკანონებლები, სხვებს კარნახობდნენ ტონს, ქმნიდნენ ახალ მიმდინარეობებს, ხსნიდნენ ახალ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. ისინი არ აკოპირებდნენ სხვების გამოცდილებას, არ ემორჩილებოდნენ წესებს, არამედ ნებას აძლევდნენ საკუთარ თავს, რომ საკუთარი სულის უნიკალური თვისებების რეალიზება მოეხდინათ. ქანქარები ვერ იტანენ ინდივიდუალობას,  მაგრამ სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ ამომავალი ვარსკვლავი თავის ფავორიტად აღიარონ. მორიგ ახალ ფავორიტებს ქანქარები ტახტზე სვამენ და რიგითი მიმდევრებისთვის მისაბაძ ახალ ობიექტებად წარმოადგენენ.

არაფერია ცუდი იმაში, რომ ბიჭს ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორიც მისი გმირია. ან გოგონას ისეთივე ლამაზი სურს იყოს, როგორიც მისი გმირი ქალია. მაგრამ საჭირო არაა იმის კოპირება, რაც სხვებშ მოგეწონათ. მაგალითად, მისცეთ საკუთარ თავს დავალება, რომ ზუსტად ასეთი მუსკულატურა გქონდეთ, მოძრაობის, ლაპარაკის, სიმღერის ზუსტად ასეთი მანერა, ზუსტად ისე ითამაშოთ, როგორც ამას სხვა აკეთებს. ეს სხვა ზუსტად იმიტომ მოგეწონათ ასე, რომ მან სწორედ თავისი განუმეორებელი ღირსებების რეალიზება მოახდინა თავის სექტორში.

რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს რაღაც პირველადი ნიმუში, სადემონსტრაციო ეგზემპლარის მაგალითი - დიახ, მაგრამ არა როგორც ეტალონი და მიბაძვის ობიექტი. თქვენი ეტალონი - ეს თქვენი სულია. უბრალოდ საშუალება მიეცით მას, რომ გახსნას ყველა თავისი ღირსება სწორედ თავის სექტორში. ჯობია კედელზე საკუთარი ფოტო ჩამოკიდოთ და მისით დატკბეთ. საკუთარი თავის სიყვარული ძალზე სასარგებლო და მომგებიანია. საკუთარი თავისადმი სიყვარული თვითკმაყოფილებად იქცევა და წონასწორული ძალების მიერ ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას თან ახლავს გარშემომყოფებზე ზემოდან ყურება.

თქვენ მართლაც უნიკალური პიროვნება ხართ, ამაში ვერავინ შეგეჯიბრებათ. მხოლოდ მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ იყოთ ის, ვინც ხართ. თქვენს უნიკალურობაში კონკურენტები არ გყავთ. გამოიყენეთ უფლება საკუთარ განუმეორებლობაზე, და უზარმაზარ უპირატესობას მოიპოვებთ მათთან შედარებით, ვინც სხვისი გამოცდილების კოპირებას ცდილობს. თუკი ეცდებით, ისეთი გახდეთ, როგორც სხვა, არაფერი გამოგივათ. გახდით საკუთარი თავი. მიეცით თავს ასეთი ფუფუნების ნება. თუკი უკვე არსებული ვარკვლავის ნიღაბი მოირგეთ, ეს ან ასლი იქნება, ან პაროდია. ვარსკვლავები სხვების მიბაძვით არ ხდებიან.

როდესაც შეწყვეტთ სხვაზე დამსგავსების უსარგებლო მცდელობებს, ყველაფერი გამოგივათ. როდესაც შეწყვეტთ სხვების სცენარების გამეორების უსარგებლო მცდელობებს, ყველაფერი გამოგივათ. როდესაც ტავად აღიარებთ თქვენი ინდივიდუალურობის ბრწყინვალებას, სხვებს არაფერი დარჩებათ გარდა იმისა, რომ დაგეთანხმონ. მიეცით საკუთარ თავს ფლობის სითამამე.

ყველა შესანიშნავი მსახიობი საკუთარ თავს თამაშობს. ეს თითქოს უცნაურია - როლები ხომ სხვადასხვაა, მაგრამ ერთი და იგივე ადამიანის პიროვნება, ხასიათი, მომხიბვლელობა მაშინვე ამოსაცნობია. ყველაზე რთული როლია - ითამაშოთ საკუთარი თავი, საშუალება მისცეთ საკუთარ თავს, რომ იყოთ ის, ვინც ხართ, მოიხსნათ ნიღაბი. უცხო პიროვნების თამაში ადვილია, რადგანაც ნიღბის მორგება გაცილებით იოლია. მაგრამ ეს იქნება უბრალოდ მსახიობის თამაში, პროფესიონალური ტექნიკა. აი, ნიღბის მოხსნა კი გაცილებით რთულია. და თუ ეს ხერხდება, მაშინ გამოდის არა თამაში, არამედ ის, რასაც სცენაზე ცხოვრებას ეძახიან.

მაგრამ სირთულე აქ მხოლოდ მოჩვენებითია. სინამდვილეში, ფლობის გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ იოლია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ, რომ გადაიფერთხოთ ქანქარების მიერ თავსმოხვეული სტერეოტიპები და ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ აიღოთ და დაიჯეროთ თქვენი სულის უსაზღვრო შესაძლებლობების. ქანქარები ხელს ვერ შეგიშლიან, თუ სხვების გამოცდილებებს ზურგს აქცევთ თავად მისცემთ საკუთარ თავს ნებას, რომ ვარსკვლავი იყოთ. მათ მხოლოდ შეუძლიათ, რომ შთაგაგონონ დამთრგუნველი აზრები: „ვარსკვლავი ლამაზი უნდა იყოს, მე კი ლამაზი არ ვარ. ვარსკვლავმა კარგად უნდა იმღეროს, იცეკვოს, ითამაშოს, მე კი ასე არ შემიძლია. ვარსკვლავს ნიჭი უნდა ჰქონდეს, მე კი ის არ გამაჩნია. არ გამომივა. უნდა ვნახო, სხვები როგორ აკეთებენ ამას“. მართლაც, დააკვირდით ესტრადის, მეცნიერების, სპორტის, ბიზნესის და ა.შ. ვარსკვლავებს. მრავალი მათგანი, თუ ყველა არა, საერთოდ არ აკმაყოფილებს საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს და წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ვარსკვლავი. ყველა ვარსკვლავს გააჩნია უამრავი ნაკლოვანება, რომლებსაც ნებისმიერი ღირსების დაჩრდილვა შეუძლია. მაგალითად, ამას გრძელი ცხვირი აქვს, მაგრამ მზეთუნახავად თვლიან. იმას ხმა საერთოდ არ აქვს, მაგრამ მისი სიმღერით ყველა აღტაცებულია. ამას არანაირი მსახიობური მონაცემები არ გააჩნია, ყველა რეჟისორი იშორებდა, მაგრამ მაინც მოახერხა ვარსკვლავობა. ეს პატარა და მსუქანია, რის გამო უყვართ ასე ქალებს? ის საერთოდ არაფერს წარმოადგენს, და რას პოულობენ მასში? და ეს უბრალო ადამიანი, ნუთუ სწორედ ისაა?

ხომ ვამბობდი, რომ ინდივიდუალობა წარმოადგენს გამონაკლისს, რომელიც ადასტურებს წესს: „აკეთე, როგორც მე“. წესი სტერეოტიპებს ქმნის. ვარსკვლავი წესს არღვევს და ქანქარები იძულებულნი არიან აღიარონ, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, მაგრამ სტერეოტიპები მაინც ძალაში რჩება. ამრიგად, ყველა ვარსკვლავი განსაკუთრებულ შეთხვევას წარმოადგენს. და თქვენი შემთხვევაც გამონაკლისი იქნება საყოველთაოდ მირებული სტერეოტიპებიდან.

თქვენ შეიძლება კარგად დაყენებული ხმით იმღეროთ და ცნობილი ვერასოდეს გახდეთ. ან შეგიძლიათ უბრალოდ საზიზღრად იმღეროთ, მაგრამ თავისებური მანერით, რომლითაც ყველა აღტაცებული იქნება. თქვენ შესაძლოა ბრწყინვალე ინტელექტუალური უნარებს ფლობდეთ, და მაინც ვერაფერს მიაღწიოთ. ან შეიძლება საცოდავი სამოსანი იყოთ, მაგრამ ჯიუტად მიაწვეთ თქვენს ბოდვით იდეებს, და საბოლოოდ ბრწყინვალე აღმოჩენა გააკეთოთ. თქვენ შესაძლოა უზადო ფიზიკური მონაცემები გქონდეთ, მაგრამ სპორტის ვარსკვლავი მაიონც ვერ გახდეთ. ან შეიძლება დაარღვიოთ საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპები, მოედანზე ყველასთვის მოულოდნელი მანერით ითამაშოთ და გამარჯვებული აღმოჩნდეთ. მე არ გავაგრძელებ სტერეოტიპების მსხვრევის სიას. პრინციპი თქვენთვის გასაგებია. იქონიეთ სიმამაცე, რომ გონება თქვენი უნიკალური და განუმეორებელი სულისკენ მიმართოთ. ნუ შეგეშინდებათ ქანქარების სტერეოტიპების დამსხვრევის.

ოღონდ ნუ წამოეგებით ქანქარების სხვა სატყუარაზე. მათ შესაძლოა თქვენი პროვოცირება მოახდინონ იმაზე, რომ სხვის მიზანს გაეკიდოთ, რომელიც პირადად თქვენ არაფერს მოგიტანთ, გარდა იმედგაცრუებებისა. რისთვის გჭირდებათ სხვისი მიზანი? მოუსმინეთ საკუთარ სულს და არა გონებას. სულმა უკეთ იცის, სად შეძლებთ საკუთარი თავის ვარსკვლავად გამოვლინებას.

ქანქარების სამყაროში მოქმედებს კანონი: ფავორიტები მხოლოდ ერთეულები ხდებიან, ყველა დანარჩენმა რიგითი მიმდევრების ფუნქცია უნდა შეასრულოს და სისტემის დაწესებულ კანონებს უნდა დაემორჩილოს. ტრანსერფინგს არ შეუძლია ამ კანონის დარღვევა, მაგრამ იგი შეძლებს, რომ კონკრეტულად თქვენთვის გატეხოს კანონი, თუკი მოისურვებთ. ქანქარები იძულებულნი იქნებიან, რომ ფავორიტების სიაში ჩაგრიცხონ, თუკი საკუთარი სულის უნიკალურ თვისებებს გამოიყენებთ.