angel

მფარველი ანგელოზი

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ადამიანის სულს ამ ცხოვრებაში მისი მფარველი ანგელოზი ეხმარება. თუ გჯერათ თქვენი მფარველი ანგელოზის, ძალიან კარგი. ეს ნიშნავს, რომ ის არსებობს. თქვენ ფიქრობთ მასზე, იმედი გაქვთ მისი, მადლიერი ხართ და ეს აზრები მას რეალურად აქცევენ, ეჭვიც არ შეგეპაროთ. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია. თუ ასე უფრო მოსახერხებელია თქვენთვის, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი აზრები დამოუკიდებელ ენერგო-ინფორმაციულ არსებას ქმნიან. რაც უფრო გულწრფელად გეყვარებათ და მადლიერებას გაუგზავნით ყოველ წვრილმანზე, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი ანგელოზი და მით უფრო მეტად დაგეხმარებათ. საბოლოო ჯამში, არც ისე მნიშვნელოვანია - თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს იგი, თუ თქვენი ფიქრებითაა შექმნილი.

და თუ ანგელოზის არ გჯერათ, ამაშიც არაფერია ცუდი. თუ ისედაც კომფორტულად ხართ, მაშინ ყველაფერი რიგზეა. ბოლოს და ბოლოს, რისიც გჯერა, იმას ღებულობ. თუმცა მე თქვენს ადგილზე მაინც დავიჯერებდი. იქნებ, ის მაინც არსებობს თქვენი რწმენისგან დამოუკიდებლად, უყვარხართ, ზრუნავს, როგორც შეუძლია, თქვენ კი დაივიწყეთ და მიატოვეთ. მას არ ჰყოფნის თქვენი სიყვარული, ეს კი ნიშნავს, რომ სუსტია, ენერგიის უკმარისობას განიცდის და არ ძალუძს თქვენი დახმარება. და ეს მაშინ, როცა აქეთ იქით ფანტავთ ენერგიას და დესტრუქციულ ქანქარებს აძლევთ. მათაც შეუძლიათ თქვენი დახმარება, მაგრამ მხოლოდ თავიანთი ინტერესების ფარგლებში. თქვენი პირადი კეთილდღეობა მათთვის არაფერს ნიშნავს. თქვენი მფარველი ანგელოზი კი მხოლოდ თქვენზე ზრუნავს.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით წარმოიდგინოთ იგი: ფრთებიანი ბავშვის სახით, ღრუბლის სახით, ფრინველის სახით - როგორც გაგიხარდებათ. ამას სრულიად არ აქვს მნიშვნელობა. თავის„ტავად ის არანაირად არ გამოიყურება. ეს თქვენ აძლევთ ფორმას თქვენს წარმოსახვაში. ამიტომ ისე წარმოიდგინეთ, როგორც უფრო კომფორტული იქნება. შეგიძლიათ საკუთარ სულთანაც კი გააიგივოთ. თუ ექსტრასენსორული უნარები გაქვთ, მასთან ურთიერთობასაც შეძლებთ. ხოლო თუ არა, არ იდარდოთ, ის თვითონ იპოვის საშუალებას, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენოთ. მთავარია - არასოდეს განაწყენდეთ მასზე, და მითუმეტეს არ გაბრაზდეთ. მან უკეთ იცის, რისგან უნდა დაგიცვათ და საით წაგიყვანოთ, რადგანაც მასთან შედარებით თქვენ ბრმა კნუტი ხართ. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა საფრთხეებისგან ცდილობს იგი თქვენს დაცვას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

არსებობს ასეთი იგავი ადამიანზე, რომელიც ცაში ღმერთს შეხვდა. ღმერთმა ადამიანს მთელი მისი ცხოვრებისეული გზა აჩვენა, სადაც ნაკვალევზე ჩანდა, რომ ღმერთი გამუდმებით ადამიანთან ერთად მიდიოდა. მაგრამ აქ ადამიანმა თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდები დაინახა, იქ კი მხოლოდ ერთის ნაფეხურები იყო. მაშინ ღმერთს საყვედურით მიმართა: „ღმერთო, როცა მიჭირდა, მიმატოვე!“ რაზეც ღმერთმა უპასუხა: „ცდები, იქ შენი ნაფეხურები არაა, იმ დროს ხელით გატარებდი“.

მფარველი ანგელოზის როლის გადაფასება რთულია. უკვე იმის გაცნობიერებაც კი, რომ არსებობს არსება, რომელიც თქვენზე ზრუნავს, და თავისი ძალების ფარგლებში გიცავთ, თავდაჯერების დამატებით ბალანსს იძლევა. ხოლო თავდაჯერება, რომელიც სიმშვიდეს წარმოშობს, ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. თუ მარტოსულად გრძნობთ თავს, შეგიძლიათ ანგელოზთან გაიზიაროთ თქვენი მარტოობა. თუ მწუხარება ან სიხარული გეწვიათ, ამის გაზიარებაც შეგიძლიათ. მაგრამ მფარველ ანგელოზს კიდევ ერთი საოცარი თვისება აქვს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: თქვენგან განსხვავებით იგი არ ექვემდებარება წონასწორული ძალების ზეგავლენას.

თუ თქვენი წარმატებები გახარებთ, ამ დროს საკუთარ თავს აქებთ, ამაყობთ საკუთარი თავით. ეს კარგია. ჯობია ზედმეტად შეაქოთ საკუთარი თავი, ვიდრე ლანძღოთ. ცუდი ისაა, რომ ამ დროს იქმნება თუმც კი მცირე, მაგრამ ჭარბი პოტენციალი. ასე რომ წონასწორული ძალები სულის ზეიმს ჩაგიშხამებენ. საკუთარ თავს შეაქებთ, და შემდეგ შეცდომას დაუშვებთ ან უსიამოვნებას მიიღებთ. რა გამოდის, საკუთარი წარმატებების გამო გახარების უნდა გვეშინოდეს?

არსებობს ერთი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დავტკბეთ სიხარულით და სიამაყით ისე, რომ ამ დროს ჭარბი პოტენციალი არ შევქმნათ. გაუზიარეთ თქვენი სიხარული და სიამაყე თქვენს მფარველ ანგელოზს. ის ის ხომ გეხმარებოდათ, ზრუნავდა თქვენზე. ისიც იმსახურებს ქებას და მადლიერებას. როცა საკუთარი წარმატებები გიხარიათ და ამაყობთ, გაიხსენეთ ანგელოზი და მასთან ერთად გაიხარეთ. ესაუბრეთ მას. მიეცით თქვენი შექება და მადლიერება. ჯობია უფრო ის აქოთ, ვიდრე საკუთარი თავი. თავს ნუ მოაჩვენებთ, გულწრფელად მიეცით თქვენი უფლება ჯილდოზე. თქვენ ამით არაფერს კარგავთ, თქვენი უკვე მიიღეთ, ახლა კი შეაქეთ და მადლობა გადაუხადეთ ანგელოზს.

იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი წარმატება - მისი დამსახურებაა. რა ხდება ამ დროს? სიამაყის თქვენი ჭარბი პოტენციალი გაიწოვება. და ამავე დროს საფრთხის გარეშე იტოვებთ თქვენში ადგილს სულის ზეიმისთვის. გაიხარეთ თქვენს გემოზე. სიხარული თქვენთვის დაიტოვეთ, სიამაყე კი ანგელოზს მიეცით. თქვენთვის ხომ ისედაც ცხადია, რომ დამსახურებას ვერავინ წაგართმევთ.

იმის ნაცვლად, რომ სიამაყის ჭარბი პოტენციალი შექმნათ, ან თქვენთვის ბედნიერების მომტან ქანქარას გადაუხადოთ მადლობა, ჯობია ჯილდო და მადლიერება თქვენს ანგელოზს გადასცეთ. თქვენი ანგელოზი არ გთხოვთ ენერგიას, მაგრამ სჭირდება იგი. თუ თვლით, რომ ქანქარა დაგეხმარათ, შეგიძლიათ მასაც გადაუხადოთ მადლობა, ეს არავის დააზიანებს. მაგრამ ქანქარა ყოველთვის ისედაც მიიღებს თქვენგან თავის წილ ენერგიას. ის არასოდეს არაფერს იძლევა მუქთად. მხოლოდ ნუ დაივიწყებთ თქვენს ანგელოზს. გამუდმებით შეახსენეთ მას, რომ მადლიერი ხართ და გიყვართ იგი. იგი უფრო გაძლიერდება და ათმაგად გადაგიხდით.