galia

ფუტლიარი სულისთვის

თქვენი სული ამ სამყაროში ნდობითა და იმედებით აღსავსე, ფართოდ გახელილი თვალებით მოვიდა. მაგრამ ქანქარებმა მაშინვე ხელთ იგდეს იგი, შთააგონეს რა, რომ აქ მას არავინ ელოდებოდა, რომ მისი მოსვლა არ უხარიათ, და ბინძური და მძიმე სამუშაო უნდა შეასრულოს ლუკმა პურისთვის. რა თქმა უნდა, ყველა არ იბადება სიღარიბეში, მაგრამ მდიდრებს თავისი პრობლემები აქვთ, ოღონდ სხვა ხასიათის. ქანქარების სამყაროში მდიდრები არანაკლებ იტანჯებიან, ვიდრე ღარიბები.

თქვენი სული მატერიალურ სამყაროში იმისთვის არ მოსულა, რომ იტანჯოს. მაგრამ ქანქარებს აწყობთ, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა ნორმა იყოს. როგორც იცით, ქანქარა, რომელიც წარმოშობილია ადამიანთა ჯგუფის საერთო აზრებითა და ქმედებებით, დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას ენერგო-ინფორმაციული არსების სახით. ენერგო-ინფორმაციული გაცვლის საშუალებით იგი თავის ნებას უქვემდებარებს მიმდევრებს და აიძულებს მათ, რომ თავისი ინტერესების შესაბამისად აფიქროს და ამოქმედოს. ადამიანები ქანქარას აძლევენ ენერგიას, როცა გამოხატავენ უკმაყოფილებას, გაღიზიანებას, რისხვას, შფოთვას, შიშს, და ასევე როცა ქანქარების ბრძოლაში მონაწილეობენ.

ჩვენ მივეჩვიეთ ვიცხოვროთ ქანქარების ამ სამყაროში, სადაც დათრგუნვა, მტრობა, ომები და კონკურენციის მრავალი სხვა ურთიერთობა ნორმად ითვლება. თავში არც კი მოგვდის, რომ ეს ყველაფერი არანორმალურია, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო. შეხედეთ ამ სამყაროს ქანქარების მოდელის თვალთახედვით, გაიხსენეთ ენერგიის მათი გაუმაძღარი წყურვილის გამოვლინებები, და წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა სამყარო, ის რომ ქანქარებისგან თავისუფალი ყოფილიყო. თუ არ არის ენერგო-ინფორმაციული მიმოცვლა, ეს ნიშნავს, რომ არ არიან სტრუქტურები, რომლებიც ცდილობენ სხვისი ენერგიის მითვისებას და კონკურენციის წარმოშობას. ამის წარმოდგენა ძნელია, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ სამყაროში ძალიან ბევრი ბედნიერება იქნებოდა ძალიან ცოტა ტანჯვა. ასეთ სამყაროში ბუნებრივი რესურსები და შესაძლებლობები ყველას ეყოფოდა.

ჩვენ შთაგვაგონეს, რომ გადარჩენისთვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა აუცილებელ და ნორმალურ პროცესს წარმოადგენს, და ისინი ცხოვრების განვითარებას უწყობენ ხელს. მართალია, ასეთი პროცესები ნამდვილად უწყობენ ხელს აგრესიული ტიპის სამყაროს განვითარებას. თუმცაღა ბუნებრივი გადარჩევა სულაც არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას ცხოვრების განვითარებისთვის. ცხოვრება შეიძლება განვითარდეს სხვა, უფრო ჰუმანური კანონებითაც.

ბუნებრივი გადარჩევა ქანქარების სამყაროში ხდება ნეგატიური სცენარით, რომლის შესაბამისადაც იღუპება ის, ვინც ცუდადაა. გადარჩევა მოქმედებს დათრგუნვისა და განადგურების მეთოდით. და არ დაგბადებიათ აზრი, რომ შეიძლება იყოს სხვა, პოზიტიური სცენარი? ასეთი სცენარის შესაბამისად გადარჩება ის, ვინც კარგადაა. ეს ორი სცენარი თავისი მიმართულებით ზუსტად ისევე განსხვავდება, როგორც ნეგატივი განსხვავდება პოზიტივისგან. შეგიძიათ შემეკამათოთ, რომ ბუნებრივ გადარჩევაში ერთი სცენარიც მოქმედებს და მეორეც. მაგრამ მაინც, უპირატესად სწორედ ნეგატივი ჭარბობს: იღუპება ის, ვინც ცუდადაა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანთა სამყაროში ქანქარებმა კიდევ უფრო სასტიკი წესრიგი დაამყარეს, ვიდრე ბუნებაში.

გადარჩენისთვის ბრძოლა ბუნებაში არ ატარებს ასეთ სასტიკ და აგრესიულ ხასიათს, როგორც ადამიანებში. ადამიანთა ქანქარები ბუნებრივ ქანქარებზე ბევრად აგრესიულები და ძლიერები არიან. ის ფაქტი, რომ ბუნებაში ყოველთვის ვიღაცა ვიღაცას ჭამს, არ ნიშნავს, რომ იქ გამუდმებული ომია. ლომი ძროხას სწორედ ისევე ჭამს, როგორც ძროხა ბალახს. ცხოველებს და მცენარეებს წარმოდგენა არ აქვთ მნიშვნელოვანობაზე, ამიტომ წონასწორობა არ ირღვევა. მნიშვნელოვანობა - ესაა თვისება, რომელიც მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. აკვირდება რა ბუნებრივ მოვლენებს მნიშვნელოვანობის სამრეკლოდან, ადამიანი ახდენს ცოცხალი ორგანიზმების ნორმალური თანაცხოვრების ინტერპრეტირებას, როგორც სასტიკ ბრძოლას.

ტერიტორიისთვის ან პარტნიორებისთვის ბრძოლაც კი ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში მინიმალურ ხასიათს ატარებს ადამიანებს შორის გამუდმებულ ომებთან შედარებით. ცხოველები ძალიან იშვიათად აყენებენ ერთმანეთს სხეულებრივ დაზიანებებს, თუ ეს ნადირობა არაა. უმეტეს შემთხვევაში ნებისმიერი კამათი იმის სასარგებლოდ წყდება, ვინც უფრო ხმამაღლა დაიღრიალებს ან უფრო საშიშად დააღრჭენს ეშვებს. და თუ მაინც იღვრება სისხლი, რას იზამ - მძიმე ტორები აქვთ. ისეთი გრძნობები, როგორიცაა სიბოროტე და სიძულვილი, ცხოველებს არ ახასიათებთ. სიმამაცე და სიმხდალეც არ აქვთ - მათ აქვთ მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი. მამაცი მგლები და მხდალი კურდღლები მხოლოდ ადამიანების წარმოსახვაში არსებობენ.

ჩვენ ვერანაირად ვერ შევცვლით ამ სამყაროს. იძულებულნი ვართ შევეგუოთ იმას, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული. ბევრი შეზღუდვა და პირობითობა ფაქტიურად ფუტლიარში კეტავს სულს. ქანქარებით შეპყრობილი გონება სულის ბადრაგი ხდება და საშუალებას არ აძლევს მას, რომ თავისი უნარების რეალიზება მოახდინოს. ადამიანი უბრალოდ იძულებულია, რომ ისე მოიქცეს, როგორც ამას ქანქარების სამყარო ითხოვს: გამოხატოს უკმაყოფილება, გაღიზიანდეს, დაფრთხეს, შეეჯიბროს, იბრძოლოს. ადამიანის ქცევა და აზრები განპირობებულია მისი ქანქარებზე დამოკიდებულობით. როგორც წინა თავებიდან დარწმუნდით, ასეთი განპირობებულობა ენერგიას ართმევს ადამიანს, მის წინააღმდეგ წონასწორულ ძალებს განაწყობს და ცრუ მიზნებისკენ მიჰყავს. და ამ ყველაფერთან ერთად, გარეგანი განზრახვა მუშაობს, როგორც ყველაზე ცუდი მოლოდინების რეალიზაცია. ადამიანი მოხარული იქნებოდა, რომ განპირობებულობისგან და დამოკიდებულობისგან განთავისუფლებულიყო, მაგრამ არ იცის, როგორ.

ახლა თქვენთვის ცნობილია, რომ ქანქარების ძალაუფლება მნიშვნელოვანობაზე და გაუცნებიერებლობაზე დგას. ადამიანი გაუცნობიერებლად რეაგირებს ქანქარების პროვოკაციებზე. იგი მექანიკურად ემორჩილება შფოთვას, შიშს, გაღიზიანებას, ჩვევისამებრ გამოხატავს უკმაყოფილებას და ბრაზობს, მას ადვილად იპყრობს სასოწარკვეთილება, წინააღმდეგობები აიძულებენ, რომ მთელი ძალები დაძაბონ. ადამიანი ცხოვრობს როგორც სიზმარში,ემორჩილება რა ქანქარების მიერ თავსმოხვეულ სცენარებს. იგი ვერ აცნობიერებს, რომ სცენარის თავისი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარება შეუძლია. ეჩვენება, რომ მასზე ცოტაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანობა ქანქარების ბრძოლაში რთავს ადამიანს, გაუცნობიერებლობა კი უკანასკნელ შესაძლებლობას ართმევს, რომ რაღაცნაირად სცენარზე იმოქმედოს. თამაში ქანქარების წესებით წარიმართება.

როგორც ხედავთ, მე ბევრჯერ მიხდება ერთი და იგივეს გამეორება, რადგან მიუხედავად მთელი სიცხადისა, ძნელია ყველა ამ მსჯელობის გააზრება და შეგრძნება. თქვენს ცნობიერებაში იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები ქანქარების მიერ ფორმირებულმა ჩვეულმა მსოფლმხედველობამ. თქვენ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ განპირობებულობის ფუტლიარს, თუკი ტრანსერფინგის პრინციპებით იხელმძღვანელებთ. ქანქარების ძალაუფლება დიდია, მაგრამ ისინი ხელს ვერ შეგიშლიან, თუ მნიშვნელოვანობაზე უარს იტყვით და გაცნობიერებულად გამოიყენებთ თქვენს უფლებას - აირჩიოთ და განსაზღვროთ თქვენი სცენარი.

ქანქარებს აწყობთ, რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ. ისინი ცალსახად თავიანთ მიზნებს მიჰყვებიან, თქვენ კი მათთვის მხოლოდ ინსტრუმენტი, საშუალება და მარიონეტი ხართ. თქვენი სული ამ სამყაროში ისე მოვიდა, როგორც ზეიმზე, მაშ, მიეცით საკუთარ თავს ამის უფლება. მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მთელ ცხოვრებას თქვენთვის უცხო ქანქარებისთვის მუშაობაზე დახარჯავთ თუ თქვენთვის, საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრებთ. თუ ზეიმს ირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა განთავისუფლდეთ თქვენი დამთრგუნველი ქანქარებისგან, უნდა იპოვოთ თქვენი მიზანი და თქვენი კარი.

თქვენმა გონებამ უნდა შეიგნოს, რომ ვალდებული არ ხართ - დესტრუქციული ქანქარების ჭკუაზე იაროთ. გააერთიანეთ გონება სულთან და ყველაფერს მიიღებთ, რაც თქვენს სულს გაუხარდება - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. საჭიროა მხოლოდ, რომ განთავისუფლდეთ ქანქარებისგან და აღმოფხვრათ უითანხმოება სულსა და გონებას შორის. მიეცით თავს ფუფუნება, რომ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი იყოთ.

თუ თქვენ შთაგაგონებენ, რომ რაიმეს ან ვინმეს გამო უნდა იშრომოთ, არ დაიჯეროთ. თუ თქვენ გიმტკიცებენ, რომ ამქვეყნად ყველაფერი შეუპოვარი შრომით მოიპოვება, არ დაიჯეროთ. თუ ცდილობენ, რომ თავს მოგახვიონ სასტიკი ბრძოლა მზისქვეშეთისთვის, არ დაიჯეროთ. თუ ცდილობენ, რომ თქვენი ადგილი მიგიჩინონ, არ დაიჯეროთ. თუ ცდილობენ, რომ ჩაგრთონ სექტაში, ან საზოგადოებაში, სადაც საჭიროა „თქვენი წვლილი საერთო საქმეში“, არ დაიჯეროთ. თუ გეუბნებიან, რომ სიღარიბეში დაიბადეთ, ამიტომ ასე უნდა გაატაროთ მთელი ცხოვრება, არ დაიჯეროთ. თუ შთაგაგონებენ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, არ დაიჯეროთ.

თქვენ დარწმუნდებით, რომ ქანქარები ასე ადვილად არ შეგეშვებიან. როგორც კი გაგიჩნდებათ ფლობის გადაწყვეტილების ჩანასახები, ქანქარები ისეთ სიტუაციას მოგიწყობენ, რომელშიც ეცდებიან მიგახვედრონ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. როგორც კი იგრძნობთ, რომ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ და განსაზღვროთ თამაშის სცენარი, ქანქარები შეეცდებიან, რომ გეგმები ჩაგიშალონ. როგორც კი სიმშვიდეს და თავდაჯერებას იგრძნობთ, ქანქარები შეეცდებიან, რომ წამოგიკიდონ. არ წამოეგოთ პროვოკაციებზე და არ მისცეთ საშუალება, რომ წონასწორობიდან გამოგიყვანონ. გეჭიროთ თქვენი მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზე და იმოქმედეთ გაცნობიერებულად. თქვენგან მოითხოვება არა ძალისხმევა ან მედეგობა, არამედ მხოლოდ გაცნობიერებული განზრახვა - ნულზე გეკავოთ მნიშვნელოვანობა.

ამ თამაშში თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული. ქანქარების შესაძლებლობები შეზღუდულია მხოლოდ თქვენი მნიშვნელოვანობის და გაცნობიერებულობის დონით. გახსოვდეთ: თუ მე ცარიელი ვარ, ქანქარა ვერაფერზე მომეჭიდება, თუ თამაშის აზრს ვაცნობიერებ, ქანქარები თავს ვერ მომახვევენ სცენარს. თუ ქანქარებმა მოახერხეს, რომ იმედები გაეცრუებინათ თქვენთვის, გაებრაზებინეთ, წონასწორობიდან გამოეყვანეთ, ეს ნიშნავს, რომ უკან უნდა მოიხედოთ და გააცნობიეროთ - რაში ასწიეთ მნიშვნელოვანობის დონე.

შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება იმისადმი, რამაც წონასწორობიდან გამოგიყვანათ. უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი მნიშვნელოვანობა თქვენ კი არა, ქანქარებს სჭირდებათ. სულის ფუტლიარი თქვენი მნიშვნელოვანობისგანაა მოქსოვილი. ნურაფერს მიანიჭებთ ჭარბად ზედმეტ მნიშვნელობას. უბრალოდ მშვიდად და დაჟინების გარეშე აიღეთ თქვენი. თუ რამე ჯერ არ გეძლევათ, ამასაც ნუ მიანიჭებთ მნიშვნელობას - ქანქარები მხოლოდ იმას ელიან, რომ სულით დაეცემით. თუ რაღაცამ გაგაბრაზათ, დააგდეთ მნიშვნელოვანობა. თავს ანგარიში გაუწიეთ, რომ ეს მხოლოდ ქანქარების თამაშია. სწორედ თამაში, და არა ბრძოლა, რადგანაც არსობრივად ქანქარების თიხის კერპებს ჰგვანან.

ეს თამაში სასტიკია, და თქვენს სისუსტეზეა გათვლილი. როგორც კი მნიშვნელოვანობის სისუსტეს გამოავლენთ, მაშინვე წააგებთ. მაგრამ თუ მნიშვნელოვანობა ნულზეა, ქანქარები თქვენს სიცარიელეში ვარდებიან. თიხის კერპები დაიმსხვრევიან. ძალას სწორედ იმის გაცნობიერებიდან აიღებთ, რომ თამაშის წესები გესმით. როგორც კი შეამჩნიეთ, რომ ქანქარა თქვენს გამოჭერას და წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობს, გაიღიმეთ თქვენთვის და მაშინვე გადააგდეთ მნიშვნელოვანობა. თანდათანობით ეს ჩვევაში შევა. აი, მაშინ იგრძნობთ თქვენს ძალას და მიხვდებით, რომ თავად შეგიძლიათ თამაშის სცენარის განსაზღვრა. მოიპოვებთ რა თავისუფლებას ქანქარებთან ბრძოლაში, თქვენ მიიღებთ არჩევანის თავისუფლებას.