prince

სულისა და გონების ერთობა

სული მოდის ამ სამყაროში და ნდობით იწვდის ბავშვურ ხელებს. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ სამყარო ქანქარების მიერაა შეპყრობილი, და ჯუნგლებად აქციეს იგი. ქანქარა მაშინვე ცდილობს შთააგონოს სულს, რომ მას აქ არავინ ელოდა, რომ ამ სამყაროში ყველამ უნდა იბრძოლოს მზის ქვეშ ადგილისთვის და ძღვენი უნდა გადაუხადოს ქანქარებს. გულუბრყვილო და უშუალო სულს მაშინვე ცდილობენ, რომ ადგილი მიუჩინონ. შთააგონებენ, რომ მისი სურვილები არავის აინტერესებს, რომ სამყაროში უფრო მეტი ტანჯვაა, ვიდრე სიხარული, რომ დღესასწაულები მხოლოდ დადგენილ დღეებშია, რომ ლუკმა პურისთვის შეუპოვრად უნდა იშრომო. მორჩა... ყურები დაბლა ეშვება, სასოწარკვეთილება ცრემლად იღვრება თვალებში. ან აღშფოთება იზრდება: ეს არასწორია! ეს უსამართლობაა! ისიც კი გეჩვენება, რომ არჩევანი შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს: ან მორჩილად მიყვე ქანქარების თავსმოხვეულ გზას, ან სასოწარკვეთილად იბრძოლო საკუთარის მოსაპოვებლად.

ადამიანის გონება დაპყრობილი ხდება ქანქარების მიერ ყველა დონეზე - მენტალურზე, ემოციურზე და ენერგეტიკულზე. ადამიანის ჩვეული მსოფლმხედველობა და ქცევითი რეაქციები სწორედ ქანქარების მიერ ფორმირდება. ადამიანი ფიქრობს და იქცევა ისე, როგორც ეს ქანქარებს აწყობთ. სული, გონების შემდეგ, განპირობებულობის გალიაში ხვდება. განპირობებულობა ვლინდება პრაქტიკულად ყველაფერში. ადამიანი იძულებულია შეეგუოს უამრავ შეზღუდვას და შეასრულოს მისთვის განკუთვნილი როლი თავსმოხვეულ თამაშში. ასეთ პირობებში სული თანდათანობით უკანა პლანზე იხევს, და გონება მართვის ბერკეტებს თავის ხელში იღებს.

გონება არიგებს სულს, როგორც პატარა უგუნურ ბავშვს: „მე შენზე უკეთ ვიცი, რა უნდა აკეთო, შენი სულელური ბოდიალისგან კი არანაირი ხეირი არაა.“ ადამიანთა უმეტესობაში სული იქცა შეშინებულ უუფლებო არსებად, რომელიც კუთხეშია მიყუჟული და სევდიანად ადევნებს თვალს იმას, რასაც გათავხედებული გონება აკეთებს. ზოგჯერ დგება სულისა და გონების თანხმობის წუთები. ასეთ მომენტებში სული მღერის, ხოლო გონება სიამოვნებით იფშვნეტს ხელებს. მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ყველაზე ხშირად სულისა და გონების ერთობა მიიღწევა მიუღებლობაში, შიშსა და სიძულვილში.

სულს არ გააჩნია ხმის უფლება არჩევანის საკითხებში. გონება სულს ისე ეპყრობა, როგორც ბავშვს, რომელიც მაღაზიაში მოწონებულ სათამაშოს ითხოვს. გონების პასუხები ჩვეულებრივ სტანდარტულია, მაგალითად: „ჩვენ ამისთვის ფული არ გვაქვს“. აი, ასე ნადგურდება ოცნება ჩანასახში.

ნახეთ, რა ხდება. ბავშვს სათამაშო ახლა სჭირდება. თუ თქვენ მართლაც არ გინდათ თავს უფლება მისცეთ, რომ ბავშვს სათამაშო უყიდოთ, არაფერია არანორმალური იმაში, რომ მას უარს ეუბნებით. მაგრამ სული ხომ თანახმაა დაელოდოს! მაგრამ გონება კრეტინის დარწმუინებულობით სვამს ფატალურ ჯვარს: „ჩვენ ფული არ გვაქვს“. გამოდის, რომ ოცნება პრინციპში მიუღწეველია.

გონებას თავისი ლოგიკა აქვს, თავსმოხვეული ქანქარების მიერ, რომლებსაც აწყობთ, რომლებსაც აწყობთ, რომ თავიანთი მიმდევრები დაბმული ჰყავდეთ და ოცნების არჩევის თავისუფლებაც კი არ მისცენ. სულს ლოგიკა საერთოდ არ აქვს, იგი ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს. გონება ამბობს, რომ ფული არაა. მაგრამ სული ხომ სათამაშოს ითხოვს, და არა ფულს! გონება კი იმ საბაბით, რომ ფული რ არის, სათამაშოს ადებს აკრძალვას (ეს არარეალურია, ძნელად მიღწევადია), და სულს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ განწირულად ჩაიკეტოს თავის თავში და მეტჯერ აღარ ახსენოს სათამაშო. აი, შედგა კიდეც ოცნების დასაფლავება.

გონებას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ამ ოცნების განხორციელება, ამიტომ არ უშვებს მას თავისი სამყაროს შრეში - ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ლოგიკური და გასაგები უნდა იყოს. არადა მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ თანახმა ყოფილიყო სათამაშოს ფლობაზე, მაშინ გარეგანი განზრახვა იზრუნებდა იმაზე, თუ როგორ ეშოვა ამისთვის ფული. მაგრამ ქანქარების მიერ ფორმირებული გავრცელებული მსოფლმხედველობა არ უშვებს ასეთ საოცრებებს. არჩევანის თავისუფლება მიმდევრებში არანაირად არ პასუხობს ქანქარების ინტერესებს.

ადამიანი შეცდომით იღებს რაციონალურ მსოფლმხედველობას, როგორც ურყევ კანონს. სინამდვილეში ამ კანონის გატეხვა შესაძლებელია. ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება უჩვეულო „სასწაულები“. მაშ, რატომ არ შემოვუშვათ ერთ-ერთი სასწაული ჩვენს ცხოვრებაში? უბრალოდ ნება უნდა მივცეთ თავს - გვქონდეს ის, რაც სულს უნდა. თუკი გადააგდებთ წინასწარგანწყობებისა და შეზღუდვების ბადეს, რომელშიც ქანქარებმა გაგხვიეს, გულწრფელად დაიჯერებთ, რომ იმსახურებთ თქვენს ოცნებას, და უფლებას მისცემთ თავს, გქონდეთ ის, რაც მთელი სულით გსურთ - თქვენ ამას მიიღებთ. მისცე საკუთარ თავს ფლობის უფლება - ეს სურვილის ასრულების მთავარი პირობაა.

არსებობს გონების სხვა პასუხები სულისადმი - სათამაშოების მაღაზიაში. „სისულელეა! მე უკეთ ვიცი რა გჭირდება. სად შეგვიძლია, ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ. ეს არარეალურია. ეს ყველასთვის არაა. შენ მონაცემები და უნარები არ გაქვს. სად შეგიძლია მაგას მიაღწიო! ყველასავით უნდა იცხოვრო“. და ა.შ. ასეთი მსჯელობები რომ ქანქარების გავლენის შედეგი არ ყოფილიყო, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა გონების დადანაშაულება გარდაუვალ სიბრიყვეში. მაგრამ მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ თქვენი გონება, რომელიც ამ სტრიქონებს კითხულობს, მაინც გაიღვიძებს ძილ-ბურანისგან და მიხვდება ამ „გონივრული“ არგუმენტების მთელ აბსორდულობას.

გონებას სულის გარეშე ამ სამყაროში ძალზე ცოტა შეუძლია. ერთად კი, მათ ყველაფერი ძალუძთ, რადგანაც სულისა და გონების შერწყმა წარმოშობს ამ ჯადოსნურ ძალას - გარეგან განზრახვას. გონება შინაგან განზრახვას მართავს, სული კი - გარეგანს. თუმცაღა სულს არ შეუძლია გარეგანი განზრახვის მიზანმიმართულად მართვა. როცა სული და გონება ერთმანეთს ერწყმიან, გარეგანი განზრახვა მართვადი ხდება და შესაძლებელი ხდება მისი გამოყენება დასახული მიზნების მისაღწევად.

ყველაფერი, რაც ძნელად მისაღწევად ან არარეალურად გეჩვენებათ, მართლაც ძნელად მისაღწევია გონების შინაგანი განზრახვის შესაძლებლობების ვიწრო ფარგლებში. ამაზე არავინ კამათობს. რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ, დაგეთანხმებით, რომ მისი მიღწევა ძნელია რაციონალური მსოფლმხედველობის ფარგლებში. მაგრამ უარს ხომ არ იტყვით საკუტარ ოცნებაზე იმის გამო, რომ ვიღაც გაბერილმა ავტორიტეტებმა თავის თავზე აიღეს უფლება - განესაზღვრათ, რა არის რეალური და რა არა. თქვენც აიღეთ თქვენი უფლება - გქონდეთ პერსონალური სასწაული.

ბედნიერების საიდუმლო ისეთივე მარტივია, როგორც უბედურების. მთელი საქმე სულსა და გონებას შორის ერთობაში ან განხეთქილებაშია. რაც უფრო ზრდასრულია ადამიანი, მით უფრო დიდია ეს განხეთქილება. გონება ქანქარების გავლენას ექვემდებარება, სული კი უბედური ხდება. ბავშვობაში სულს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ თავის სათამაშოს მიიღებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იმედი ქრება. გონება ახალ დასტურებს იღებს იმაზე, რომ ოცნება ძნელად მისაღწევია, და მის რეალიზაციას მომავლისთვის დებს. ეს გადადება, როგორც წესი, მთელი ცხოვრება გრძელდება. ცხოვრება მთავრდება, ოცნება კი კვლავაც მტვრიან ყუთში დევს.

სულისა და გონების ერთობის მიღწევისთვის აუცილებელია, პირველ რიგში განისაზღვროს, პირველ რიგში რაში უნდა იქნეს მიღწეული ეს ერთობა, ანუ უნდა განისაზღვროს საკუთარი მიზნები. მიუხედავად მოჩვენებითი აშკარაობისა, მოცემული საკითხი სულაც არაა ტრივიალური. ადამიანებმა, როგორც წესი, ზუსტად იციან რა არ უნდათ, მაგრამ უჭირთ, რომ თავიანთი ჭეშმარიტი სურვილების ფორმულირება მოახდინონ. ეს იმით აიხსნება, რომ ქანქარები ცდილობენ დაუქვემდებარონ ადამიანები თავიანთ ინტერესებს და ცრუ მიზნებს ახვევენ თავს. ვერანაირ სულისა და გონების ერთობაზე ვერ იქნება საუბარი, თუ გონება ცვალებად მირაჟებს გაეკიდება, სული კი სხვაგან იქნება.

გარდა ამისა, ადამიანები იმდენად დაკავებულნი არიან ქანქარებისთვის სხვადასხვა სამუშაოს შესრულებით, რომ უბრალოდ არ სცალიათ დასაჯდომად და თავიანთი ჭეშმარიტი სურვილების მშვიდად გასააზრებლად. აუცილებელია სპეციალურად გამოვყოთ დრო და გავიხსენოთ, რისკენ იყო მიდრეკილი სული მაშინ - ბავშვობაში. რა მოსწონდა, რა უნდოდა, რა იზიდავდა და რაზე მოუხდა უარის თქმა დროთა განმავლობაში. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: უწინდებურად გიზიდავთ თქვენი ძველი მიზანი? იფიქრეთ: რა გინდათ სინამდვილეში? იქნებ თქვენი მიზანი მოჩვენებითია? მართლა მთელი გულით გსურთ ეს ყველაფერი, თუ უბრალოდ გინდათ, რომ გსურდეთ?

როცა საკუთარ მიზანზე ფიქრობთ, აუცილებელია, რომ გადააგდოთ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა. თუ გარეგანი მნიშვნელოვანობა მოჭარბებულია, მიზანი თავისი პრესტიჟულობით და მიუწვდომლობით მოგნუსხავთ. ხომ არ წამოეგეთ ქანქარას სატყუარაზე? თუ შინაგანი მნიშვნელოვანობაა მოჭარბებული, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მიზანი თქვენი შესაძლებლობების მიღმაა. მიზანი კვლავაც თავისი მიუწვდომლობით გიზიდავთ. მაგრამ მართლა გჭირდებათ ეს?

მიზანზე ფიქრისას არ იფიქროთ პრესტიჟულობაზე. გადმოაგდეთ მიზანი მიუწვდომლობის ტახტიდან. ამით გარეგან მნიშვნელოვანობას მოიშორებთ. მიზანზე ფიქრისას არ იფიქროთ მისი მიღწევის საშუალებებზე. ამით შინაგან მნიშვნელოვანობას მოიშორებთ. იფიქრეთ მხოლოდ თქვენს კომფორტზე. თუ მიზანი მიღწეულია, მართლა კარგად ხართ, თუ გულზე მაინც ლოდი გაწევთ? მიზნის მიღწევის რეალობაზე გაჩენილი ეჭვები ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მიზანი ცრუა. მთავარია, რომ სასურველ მიზანზე ფიქრისას თქვენი სული მღეროდეს. მიზნის მთელი მიმზიდველობის მიუხედავად, თუ რაღაც თრგუნავთ, ეს ნიშნავს, რომ მიზანი შეიძლება ცრუ იყოს. ყველა ამ საკითხზე დაწვრილებით შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

თუ თქვენ განსაზღვრული მიზანი არ გაქვთ, და არაფერი არ გინდათ, ეს ნისნავს, რომ ან დაბალი ენერგეტიკა გაქვთ, ან თქვენმა გონებამ საბოლოოდ გამოკეტა სული გალიაში. პირველ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი სასიცოცხლო ტონუსი, თუ ჯანმრთელობას მიხედავთ. ალბათ არც კი იცით, რას ნიშნავს კარგი ჯანმრთელობა. კარგი ჯანმრთელობის დროს ცხოვრება სიამოვნებას განიჭებთ, და ყველაფერი ერთად გსურთ. სულს არ შეუძლია არაფერი უნდოდეს, ეს ცხოვრება ხომ მისთვის უნიკალურ შანსს წარმოადგენს.

მეორე შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალი გაქვთ - შეიყვაროთ საკუთარი თავი. ზედმეტად ხომ არ გაერთეთ სხვების ზრუნვაში? დააყენეთ საკუთარი თავი პირველ ადგილას. სხვები ვერაფერ კარგს ვერ მიიღებენ თქვენგან, თუ თქვენივე საკუთარი სული გყავთ მეორე ადგილზე გადაწეული. თუ მთლიანად სხვების მსახურებაში გასცემთ თავს, თუნდაც ახლობელი ადამიანების, ან მითუმეტეს ქანქარების, ამით უაზროდ გაფლანგავთ თქვენს ცხოვრებას. ცხოვრება იმისთვის არ მოგეცათ, რომ ვინმეს ემსახუროთ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავის, როგორც პიროვნების რეალიზაცია მოახდინოთ. სულის გალიაში ჩაკეტვით, თქვენ ქმნით შინაგანი ფარული დაუკმაყოფილებლობის მძლავრ ჭარბ პოტენციალს, რომელიც სხვადასხვა სახით გადმოიღვრება თქვნზე და თქვენს ახლობლებზე. მოგეჩვენებათ, რომ ადამიანებისთვის კარგი გსურთ, სინამდვილეში კი მთელი თქვენი მზრუნველობა ზიანს მიაყენებს მათ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე, მოეპყარით საკუთარ თავს ყურადღებით. მაშინ თქვენი სული გათბება და ფრთებს გაშლის.

არ დაუჯეროთ არავის, ვინც გეტყვით, რომ მიზნის მისაღწევად საკუთარი თავი უნდა შეცვალოთ. უკვე გსმენიათ მსგავსი რამ, ასე არაა? ეს ქანქარების საყვარელი რეცეპტია. თითქოს, თუ რაღაც არ გამოგდით, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. როგორ უნდა შეიცვალოთ, ქანქარების თვალსაზრისით? შებრუნდეთ საკუთარი თავისგან ქანქარისკენ და მიჰყვეთ წესს: „აკეთე, როგორც მე“, რათა დააკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები და იმოქმედოთ მათ ინტერესებში. ხოლო იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეცვალოთ, საკუთარ თავთან ბრძოლა მოგიწევთ. სულისა და გონების რა ერთობაზეა საუბარი, თუ საკუთარ თავს არ ღებულობთ, საკუთარი თავი არ გიყვართ და საკუთარ თავს ებრძვით? სული ვერ მიიღებს ცრუ მიზნებს, მას თავისი მიდრეკილებები და მოთხოვნილებები აქვს. ცრუ მიზნების დევნით თქვენ ან ვერაფერს მიაღწევთ, ან თუ მიაღწევთ, მიხვდებით, რომ ეს არ გჭირდებათ.

ტრანსერფინგს არანაირი კავშირი არ აქვს ქანქარებთან, ამიტომაც სრულიად საპირისპირო გზას გთავაზობთ. კი არ შეცვალოთ საკუთარი თავი, არამედ მიიღოთ იგი. ზურგი აქციოთ იმ ჩალას, რასაც ქანქარები გახვევენ თავს, და შეაბრუნოთ გონება თქვენი სულისკენ. მიაყურადეთ სულის კარნახს, გაცნობიერებულად გადააგდეთ მნიშვნელოვანობა, მიეცით საკუთარ თავს ფლობის უფლება, და ყველაფერს მიიღებთ, რაც თქვენს სულს გაუხარდება.

იმისთვის, რომ ერთობამდე მიიყვანოთ სული და გონება, აუცილებელია უფრო ხშრად მიაქციოთ ყურადღება სულიერი კომფორტის მდგომარეობას. თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს, თუ მოცემულ მომენტში არაფერი გაწუხებთ, არ გთრგუნავთ, მყუდროდ და მშვიდად ხართ. სულიერი დისკომფორტი საწინააღმდეგო სიგნალს იძლევა: თქვენ გაქვთ ოდნავ შესამჩნევი მღელვარება, რაღაც გრთგუნავთ, რაღაცის გეშინიათ, დათრგუნულობას გრძნობთ, სულზე რაღაც ტვირთი გაწევთ. თუ მსგავსი შეგრძნებები მკაფიოდ ვლინდება, და თქვენთვის გასაგებია მათი წარმოშობა, ეს ნიშნავს, რომ ეს გონების დისკომფორტია. გონებამ, როგორც წესი, იცის, რა აშინებს, აშფოთებს და თრგუნავს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ენდოთ გონებას, რომელიც გადაწყვეტილებას გიკარნახებთ.

სულის დისკომფორტთან საქმე უფრო რთულადაა, რადგანაც იგი ვლინდება არამკაფიოდ, როგორც ოდნავ შეგრძნებადი წინათგრძნობა. გონება ამტკიცებს, რომ ყველაფერი მშვენივრადაა, ყველაფერი რიგზეა, მღელვარებისთვის მიზეზი არ არსებობს. და მაინც, მიუხედავად გონივრული არგუმენტებისა, თქვენ რაღაც გრთუნავთ. სწორედ ესაა დილის ვარსკვლავთა შრიალი. სულის ხმის გაგება არც ისე რთულია. ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღება მიაქციოთ მას. გონების ხმა, მისი ლოგიკური მსჯელობებით, იმდენად ხმამაღლა ჟღერს, რომ ადამიანი მნიშვნელობას არ ანიჭებს ბუნდოვან და არამკაფიო წინათგრძნობებს. თავისი ლოგიკური ანალიზითა დფა მოვლენების პროგნოზირებით გატაცებული, გონება უბრალოდ არაა განწყობილი, რომ სულის გრძნობებს მიაყურადოს.

იმისთვის, რომ დილის ვარსკვლავთა შრიალის მოსმენა ისწავლოთ, სხვა გზა არაა, გარდა საკუთარ თავში სულიერი კომფორტის მდგომარეობაზე ყურადღების მიქცევის ჩვევის გამომუშავებისა. ყოველ ჯერზე, როცა რაიმე გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, ჯერ გონების ხმას მოუსმინეთ, შემდეგ კი სულის გრძნობებს. როგორც კი გონებამ გადაწყვეტილება მიიღო, სული ამ გადაწყვეტილებაზე ან დადებითად რეაგირებს, ან უარყოფითად. უკანასკნელ შემთხვევაში სულიერი დისკომფორტის ოდნავ შესამჩნევ გრძნობას განიცდით.

თუკი დაგავიწყდათ, რომ დროულად მიაქციოთ ყურადღება კომფორტის მდგომარეობას, ეცადეთ გაიხსენოთ შემდეგ, რა გრძნობებს განიცდიდით. როცა გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, თქვენ მსუბუქი შეგრძნება გეწვიათ. ამ დროს გონება იმდენად იყო გართული თავისი ანალიზით, რომ გრძობებისთვის არ ეცალა. აი, ახლა გაიხსენეთ, როგორი იყო ეს პირველი მსუბუქი შეგრძნება. თუ ეს იყო დამთრგუნველი შეგრძნება გონების ოპტიმისტური აზრების ფონზე, ეს ნიშნავს, რომ სულმა მკაფიოდ თქვა - „არა“.

რამდენად შეგვიძლია ვენდოთ სულის წინათგრძნობებს? თუ თვლით, რომ წინათგრძნობა გაქვთ გარკვეულ მოვლენაზე, რომელიც, როგორც გეჩვენებათ, უნდა მოხდეს, შეგიძლიათ არ ენდოთ ასეთ წინათგრძნობებს. ვერ გექნებათ გარანტია, რომ გონება სწორად ახდენს სულის ინფორმაციის ინტერპრეტაციას. ერთადერთი საიმედო ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს მხოლოდ სულიერი დისკომფორტი გონების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხად.

სულიერი კომფორტი ჯერ ვერ იქნება იმის გარანტია, რომ სული „კი“-ს ამბობს. შესაძლოა, მან უბრალოდ არ იცის რა თქვას. მაგრამ როცა სული „არა“-ს ამბობს, თქვენ ამას მთელი განსაზღვრულობით იგრძნობთ. როგორც წინა თავების მასალიდან იცით, სულს შეუძლია დაინახოს ვარიანტთა სივრცის სექტორები, რომლებიც რეალიზდებიან გონების გადაწყვეტილების მოქმედებად გარდაქმნის შემთვევაში. იგი შედეგს ხედავს და თავის დამოკიდებულებას გამოხატავს - დადებითს ან უარყოფითს. მოკლედ, თქვენ თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ საკუთარი გამოცდილებით იმაში, რომ თუ სული „არა“-ს ამბობს, იგი ყოველთვის მართალი აღმოჩნდება ხოლმე.

ამრიგად, იმ შემთხვევებში, როცა რაღაც გადაწყვეტილებაა მისაღები, ამჯერად ჭეშმარიტების ნამდვილი კრიტერიუმი გაქვთ - სულიერი დისკომფორტის მდგომარეობა. თუ სული „არა“-ს ამბობს, ხოლო გონება „კი“-ს - თამამად თქვით უარი, თუკი ეს შესაძლებელია. სული ვერ უსურვებს ცუდს საკუთარ თავს. ხოლო თუ გონება ამბობს „საჭიროა და მომიწევს“, ეს ნიშნავს, რომ ვითარებების შესაბამისად უნდა იმოქმედოთ. ზოგჯერ ცხოვრებაში გიწევს, რომ გარდუვალს შეეგუო. ყოველ შემთხვევაში, სულიერი დისკომფორტის კრიტერიუმს განსაზღვრულობა და სიცხადე შეაქვს იმ საკითხებში, სადაც სასწორის პინები მერყეობს.

არჩეულ მიზანთან დაკავშირებით სულისა და გონების თანხმობის მიღწევის შემთხვევაში, თქვენ ისღა გრჩებათ, რომ მიაღწიოთ ერთობას გადაწყვეტილებაში - ფლობდეთ და იმოქმედოთ. გონების შინაგანი განზრახვა სულის გარეგან განზრახვას უნდა შეერწყას. თუკი შინაგანი განზრახვის ფარგლებში მოქმედებთ, და ამასთან გარეგანი განზრახვა იგივე მხარესაა მიმართული, მაშინ ჩათვალეთ, რომ მიზანი ჯიბეშ გაქვთ. შინაგანი განზრახვის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, როცა მკაფიოდ არ გაქვთ წარმოდგენილი, რა საშუალებით შეგიძლიათ მიზნის მიღწევა, იმუშავეთ ფლობის გადაწყვეტილებაზე. გარეგანი განზრახვა შინაგანზე ბევრად ძლიერია, ამიტომ იგი თავად იპოვნის თქვენთვის ვარიანტს.

აუცილებელია, სულისა და გონების ისეთივე ერთობას მიაღწიოთ ფლობის გადაწყვეტილებაში, როგორიც ძლიერ გრძნობებში ვლინდება. სული და გონება, როგორც წესი, ერთიანნი არიან თაყვანისცემაში, ზიზღში, შიშში და ნეგატიურ მოლოდინებში. ჩვენ გვიყვარს, გვძულს და გვეშინია მთელი გულით. როცა სული და გონება ერთობაში არიან, იბადება ძლიერი გრძნობა. „ვისაც სიძულვილი არ შეუძლია, ვერც სიყვარულს ისწავლის“, - ამბობდა ცნობილი რუსი მწერალი ნიკოლაი ჩერნიშევსკი.

თუ მიზანი სწორადაა არჩეული, სულიც და გონებაც კმაყოფილნი იქნებიან. სიამოვნების დაკნინება მხოლოდ იმ აზრებს შეუძლიათ, რომლებიც მიზნის ძნელად მიღწევადობისგან ან სულიერი კომფორტის ვიწრო ზონით არიან წარმოშობილნი. სიტუაცია, როდესაც გონებას ეჭვი შეაქვს რეალობაში, სული კი თავს შეზღუდულად გრძნობს „ახალ სავარძელში“, შეგვიძლია სლაიდების მეშვეობით შევცვალოთ. ის, თუ როგორ კეთდება ეს, ტქვენ უკვე იცით. კომფორტის ზონის გაფართოებით, თქვენ მიაღწევთ ერთობის ძლიერ სიხარულს, როცა სული მღერის, გონება კი კმაყოფილი ხელებს იფშვნეტს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მიზანზე ფიქრისას ნუ იფიქრებთ მის პრესტიჟულობაზე, მიუწვდომლობაზე და მისი მიღწევის საშუალებებზე - ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ სულიერი კომფორტის მდგომარეობას. კარგად ხართ, თუ ცუდად? მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება ერთმანეთში აგერიოთ სულიერი შებოჭილობა და სულიერი დისკომფორტი. შებოჭილობა, ანუ ერთგვარი მორცხვობა, სიტუაციის უჩვეულობიდან გამომდინარეობს: „ნუთუ ეს ყველაფერი ჩემთვისაა?“ დისკომფორტი კი აჩვენებს დათრგუნულობას, ტვირთს, დამთრგუნველ აუცილებლობას, სასოწარკვეთილებას, საფრთხის შეგრძნებას, მძიმე მღელვარებებს. თუკი შებოჭილობის გამოსწორება სლაიდებით არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ საქმე აშკარად დისკომფორტთან გვაქვს. მაშინ კვლავ უნდა დაფიქრდეთ ისე, რომ საკუთარი თავის მოტყუება არ სცადოთ: მართლა ასე გჭირდებათ მოცემული მიზანი?