spiker

ხმოვანი სლაიდები

ადამიანი, მისი აღქმის თვისებების მიხედვით, შეგვიძლია პირობითად ამ სამიდან ერთ ტიპს მივაკუთვნოთ: ვიზუალურს, კინესთეტიკურს და აუდიალურს. ერთნი უკეთ ოპერირებენ ვიზუალური ხატ-სახეებით, მეორენი უფრო მგრძნობიარენი არიან შეგრძნებების მიმართ, მესამენი განსაკუთრებულად მიმღებნი არიან ბგერებისადმი. აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით სლაიდებზე, რომლებიც ვიზუალურ და შეგრძნებით ხატ-სახეებს მოიცავდნენ.

სულიერი განვითარების ზოგიერთ პრაქტიკაში გამოიყენება აფირმაციის ტექნიკა. ადამიანი გონებაში ახდენს განსაზღვრულ მიზანზე განწყობის მრავალჯერად განმეორებას. მაგალითად, ასეთი აფირმაცია: „მე შესანიშნავი ჯანმრთელობა, მძლავრი ენერგეტიკა და სულიერი კომფორტი მაქვს. მე მშვიდად ვარ და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ“. ასეთი ფრაზების მრავალჯერადი გამეორებები ხმამაღლა ან გონებაში ყველაზე მეტად აუდიალური ტიპის ადამიანებს შეესაბამება. მაგრამ რადგანაც სუფთა ტიპები არ არსებობს, აფირმაციების გამოყენება ნებისმიერს შეუძლია.

აფირმაციები ისევე მუშაობენ, როგორც სლაიდები, მაგრამ მათი გამოყენება საჭიროა იმ განსხვავების გათვალისწინებით, რომელიც გონებისა და სულის ენებს გააჩნიათ. პირველ რიგში, სულს არ ესმის სიტყვები. თუ სიტყვებს გაუაზრებლად გაიმეორებთ, ეს არაფერს მოგცემთ. სულს მხოლოდ ის უსიტყვო აზრები და გრძნობები ესმის, რომლებიც სიტყვების უკან დგანან. სიტყვებს შეუძლიათ რაღაც დონეზე მოახდინონაზრებისა და გრძნობების მოდელირება, მაგრამ ეს უკვე ის აღარაა, რადგან სიტყვები მეორადია. გაცილებით ეფექტურია, ერთხელ იგრძნოთ, ვიდრე ათასჯერ გაიმეოროთ. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ ერთდროულად განიცდიდეთ იმას, რასაც იმეორებთ.

მეორეც, ცალკეულ აფირმაციას ვიწრო მიმართულება უნდა ჰქონდეს. არაა საჭირო ყველა თქვენი მიზნის ერთ გროვად შეკვრა. მაგალითად, ზემოთ მოყვანილი აფირმაცია, თითქოს ძალიან კარგია შინაარსით, იქ ყველაფერია, რაც საჭიროა. თუმცაღა ასეთი აფირმაციის გამეორებით თქვენ ვერ შეძლებთ, რომ საჭირო შეგრძნებების მთელი კომპლექსი გამოიწვიოთ.

მესამეც, თავი უნდა აარიდოთ მონოტონურობას და ერთფეროვნებას. გამეორების ყოველ ახალ სერიას თან უნდა ახლდეს განცდებისა და შეგრძნებების ახალი ასპექტები. მაგალითად, თუ გამუდმებით გაუმეორებთ საკუთარ თავს: „მე მშვიდი და თავდაჯერებული ვარ“, ეს სიტყვები მალე დაკარგავენ თქვენთვის იმ მნიშვნელობას, რასაც ატარებენ. თავდაჯერებულობა ჩნდება შესაბამისი განზრახვის მომენტში - იყოთ თავდაჯერებული. სურვილი უნდა გამოზარდოთ, საკუთარი თავის ხანგრძლივად დარწმუნებით. განზრახვა პირიქით - მაშინვე მოქმედებს: გინდა იყო თავდაჯერებული? - იყავი!

და ბოლოს, არ ღირს აფირმაციის მიმართვა შედეგთან ბრძოლაზე ისე, თუკი მიზეზს არ დაადგენთ. მაგალითად, აზრი არ აქვს გაიმეოროთ: „მე არ მაქვს მიზეზი, რომ რაიმესი მეშინოდეს ან რამეზე ვღელავდე“, თუკი მღელვარების მიზეზი თავის ადგილზე რჩება. ამასთან, აფირმაცია ფორმულირებული უნდა იყოს პოზიტიური მიმართულებით. იმის ნაცვლად, რომ გაიმეოროთ ის, რისი თავიდან არიდებაც გსურთ, დააპროგრამეთ საკუთარი თავი იმაზე, რისი მიღწევაც გინდათ. მაგალითად, ნეგატიური აფირმაცია „მე არ მეშინია და არ ვღელავ“, ჯობია შეცვალოთ პოზიტიურით: „მე ყველაფერი გამომდის“. რა უნდა გამოგივიდეთ იმისთვის, რომ მღელვარების მიზეზი არ გქონდეთ - ეს კონკრეტულად მიუთითეთ.

დააკვირდით, უნდა თქვათ: „ყველაფერი გამომდის“, და არა „ყველაფერი გამომივა“. თუკი აფირმაციას მომავალ დროში იმეორებთ, მომავალი ვერა და ვერ იქცევა აწმყოდ, არამედ გამუდმებით სადღაც წინ იტრიალებს. თქვენთვის აუცილებელია, რომ საკუთარი გამოსხივების პარამეტრები ისე მოაწყოთ, თითქოს უკვე გაქვთ ის, რასაც უკვეთავთ.

სულიერი კომფორტის შეკვეთა ასევე უაზრობაა. სულიერი კომფორტი - ესაა ცალკეულ საკითხში სულისა და გონების თანხმობის შედეგი. აბსტრაქტული თვითშთაგონებით თანხმობას ვერანაირად ვერ მიაღწევთ. შესაძლებელია, რომ ასწავლოთ და დაამშვიდოთ სული კონკრეტული სლაიდის მეშვეობით.

აფირმაციები უფრო ეფექტურად მუშაობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნულოვან ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებით, როცა არ არსებობს ჭარბი პოტენციალები. ქვეცნობიერს ვერ დაარწმუნებთ, და ვერ უბრძანებთ. ნებისმიერი ემოციის ჩართვით თქვენ წონასწორობას არღვევთ. თუ ძალადობრივად ცდილობთ შთააგონოთ საკუთარ თავს ერთი და იგივე აზრი, მაშინ სული „ყურებს დაიხშობს“. გაცილებით ეფექტურია მიუკერძოებელი გამეორება მოდუნებულ მდგომარეობაში. მაშინ, შესაძლოა, თქვენი გონება ქვეცნობიერამდე მიიტანს გზავნილს. ხოლო თუ გონება გამწარებული ცდილობს, რომ დაარწმუნოს სული, ეს ნიშნავს, რომ მას თავად არ სჯერა, და ვერანაირი გამეორება ამ ეჭვებს ვერ გაფანტავს.

გონების სულზე ზეწოლით ვერაფერს მიაღწევთ. შეუძლებელია ფლობის გადაწყვეტილების ფორმირება ემოციური აღმასვლის ფონზე. ის, რაც გაგაჩნიათ, თქვენთვის ჩვეულია და თავისთავად იგულისხმება. თქვენ მშვიდად და დაჟინების გარეშე იღებთ თქვენსას, როგორც ფოსტას საფოსტო ყუთიდან. თუკი შეცდომით ურევთ დაჟინებულობას ფლობის გადაწყვეტილებაში, ამ დროს ქანქარა ერთ წრეზე ციბრუტივით გატრიალებთ. ერთ მომენტში იგი ხელს გაგიშვებთ და უწინდელი „გადაწყვეტილების მიღების უუნარობის“ ორმოში ჩავარდებით. ხოლო როდესაც თქვენი ფლობის გადაწყვეტილებას არ ახლავს ფლობის სურვილი, მაშინ ქანქარა ვერაფერზე მოგეჭიდებათ.

როგორც ხვდებით, აფირმაცია - ეს ერთგვარი ხმოვანი სლაიდია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ვიდეო-სლაიდები, ასევე აფირმაციები. კომპლექსში მათ უკეთესი ეფექტი აქვთ. აი, ასეთი კომპლექსური სლაიდის მაგალითი: დავუშვათ იგი თქვენი ახალი სახლის სურათს შეიცავს. ბუხრის წინ ზიხართ. სავარძელი-სარწეველა ჭრიალებს. შეშა მხიარულად ტკაცუნებს. თქვენ მოგწონთ ცეცხლის ყურება. ფანჯრების მიღმა წვიმა და ცივი ქარი ხმაურობენ, თქვენ კი თბილად და მყუდროდ ხართ. მაგიდაზე თქვენი საყვარელი სასუსნავი დევს. ტელევიზორში საინტერესო გადაცემა გადის. თქვენ ამ ყველაფერს ხედავთ, გესმით, შეიგრძნობთ, და ამბობთ: „მე კომფორტულად ვარ“. თქვენ არ უყურებთ სლაიდს, და არ შეიგრძნობთ მას, არამედ ცხოვრობთ მასში.