shaman 2897334 960 720

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)


 

wakeboarding

განზრახვის ქარი

ადამიანი იბადება, როგორც ინდივიდი, ანუ უნიკალური არსება. შემდეგ ეს ინდივიდუალობა ვითარდება. აზრები, ცოდნა, რწმენები, ჩვევები და ხასიათიც კი - უკვე შემდეგ გაჩნდა, როგორც ნადები. და ამავე დროს ეს ყველაფერი ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. მაშ, რა იყო დასაწყისში? თუ მხოლოდ სუფთა ფორცელი, მაშინ სცადეთ გახდეთ ერთი წუთით ასეთი სუფთა ფურცელი. დახუჭეთ თვალები და შეწყვიტეთ აზრთა დინება. თუ შავ სიცარიელეს ჭვრეტთ, რაღაც დროით მოახერხებთ, რომ არაფერზე არ იფიქროთ. აი, თავში რაღაც მომენტში სრული სიცარიელე გიჩნდებათ. ნუთუ ამ დროს შეწყვიტეთ საკუთარ თავად ყოფნა? გონების მუშაობა გაჩერებულია, მაგრამ რჩება ერთგვარი ინტეგრალური შეგრძნება, რომ მე - ეს მე ვარ.

და როგორ ახსნით, რომ თქვენ - ეს თქვენ ხართ? ადამიანის მიერ საკუთარი თავის, როგორც პიროვნების გაცნობიერება ჩვეულებრიც ხდება სოციალურ წრეში მისი მდგომარეობის კონტექსტში. მაგრამ წამით წარმოიდგინეთ, რომ სოციალური წრე გაქრა, და თქვენ კოსმოსში გამოკიდებული აღმოჩნდით. თქვენ არაფერი გაქვთ: არც საზოგადოება, არც დედამიწა, არც მზე, არც წარსული, არც მომავალი, არამედ მხოლოდ შავი სიცარიელე გარშემო. ყველაფერი გაქრა, მხოლოდ თქვენ დარჩით. და რა დარჩა თქვენგან, როგორც უწინდელი პიროვნებისგან? ყველა ცოდნა და აზრი იმ გარემოს განეკუთვნებოდა, რომელშიც არსებობდით. ჩვევები, მანერები, სურვილები, შიშები, გატაცებები, ხასიათი - ასევე იმ გარემოსთან მიმართებაში მოქმედებდნენ. მაგრამ ეს გარემო უკვე აღარაა. მაშ, რაღა დარჩა თქვენგან?

ამ საკითხის განხილვა ძალიან ძნელია გონებრივი აღნიშვნების ფარგლებში. ჩვენ არ განვიხილავთ ამ წიგნში სულისა და ადამიანის არსებობის მარადიულ თემას. ეს ბევრ დროს წაგვართმევს და არსად არ მიგვიყვანს. ტრანსერფინგის მიზნებისთვის მოცემულ საკითხს არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. გნებავთ, სულის გჯეროდეთ, გნებავთ, - ქვეცნობიერის. შეგიძლიათ გჯეროდეთ სულის უკვდავების, და შეგიძლიათ არ გჯეროდეთ. უდავოა მხოლოდ ის, რომ ადამიანის ფსიქიკა თავის თავში მოიცავს როგორც ცნობიერს, ასევე არაცნობიერს.

თავიდანვე ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველაფერ ცნობიერს გონებას მივაკუთვნებთ, ხოლო არაცნობიერს - სულს (ავტორი იყენებს ტერმინს „душа“ - ანუ „სამშვინველი“, მაგრამ სიმარტივისთვის მთელი წიგნის განმავლობაში ვთარგმნი, როგორც „სული“. მ.გ.). სიმარტივისთვის და პრაქტიკული სარგებელისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავარკვიოთ მხოლოდ პატარა ნაწილი სულის შესახებ საკითხზე. საკმარისი იქნება, თუ მხოლოდ უხეშ ზღვარს გავავლებთ სულსა და გონებას შორის: აზრებს გონებას დავუტოვებთ, გრძნობებს კი - სულს. როცა აღტაცების, შთაგონების, დაფრთიანების შეგრძნება შეგიპყრობთ - ეს სულის შეგრძნებებია. მძიმე, დამთგრუნველი შეგრძნებები - ესეც ასევე სულის მდგომარეობებია.

გონება თავიდან ბოლომდე ქანქარების ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, და იმ წარმოდგენების და რწმენების, რომლებიც ამავე ქანქარების მიერაა თავსმოხვეული. ადამიანის თავისუფლების დონე მხოლოდ ნებადართულის ვიწრო ჩარჩოებითაა შეზღუდული. თავის ადგილს ამ სამყაროში ადამიანი შეცდომით განსაზღვრავს ან მსახურის, ან ბატონის როლში. ტრანსერფინგის თვალსაზრისით, არცერთი ეს პოზიცია მართალი არაა. ადამიანი არის არაფერი. იგი მხოლოდ წვეთია, რომელიც წამით მოწყდა ოკეანეს.

დაბადებისა და სიკვდილის ილუსტრაციად შეიძლება გამოდგეს ზღვის ტალღების შხეფები. წვეთი, რომელიც ოკეანეს წყდება, ვერ შეიგრძნობს ოკეანესთან ერთიანობას და არ შეუძლია მისგან ენერგიის მიღება. ცალკეულ წვეთს ეჩვენება, რომ თავისთავად არსებობს და არაფერი აქვს ოკეანესთან საერთო. მაგრამ როცა წვეთი ოკეანეში ვარდება, იგი აცნობიერებს მასთან ერთიანობას. წვეთიუ და ოკეანე ერთ მთლიანობად ერწყმის ერთმანეთს. ისინი არსით ერთნი არიან - ანუ წყალი.

წყლის ცალკეულ ნაწილაკს სხვადასხვა ფორმების მიღება შეუძლია: წვეთის, ფიფქის, ყინულის, ღრუბლის, ორთქლის. ფორმები სხვადასხვაა, მაგრამ არსი ერთია. ნაწილაკს არ ახსოვს, და ვერ გებულობს, რომ ის და ოკეანე - ერთნი არიან. ნაწილაკს ეჩვენება, რომ ოკეანე - ესაა ტალღები, ქაფი, შხეფები, აისბერგი, დინებები, შტილი... ზუსტად ასევე, ნაწილაკს ეჩვენება, რომ თავად იგია წვეთი, ან ფიფქი, ან ორთქლის ღრუბელი. ნაწილაკს უჭირს, რომ ამ ყველა გარეგნული გამოვლინების მიღმა ერთი დიდი არსი - წყალი დაინახოს. რაღაც ნაცნობია, მაგრამ არამკაფიო და მოუხელთებელია.

ბიბლიური ტექსტები ამ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტებებს შეიცავენ, რომლებიც გონების აღნიშვნებითაა დამახინჯებული. მტკიცება, რომ ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად შექმნა, ჭეშმარიტია, მაგრამ ეს როგორც წესი დამახინჯებულად აღიქმება. ღმერთს ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია, მაგრამ მისი არსი იმაში არაა, რომ თავი, ორი ხელი და ორი ფეხი აქვს. თუ ღმერთს ოკეანეს შევადარებთ, ადამიანს კი წვეთს, მაშინ მათ ერთი საერთო არსი აქვთ - წყალი.

ადამიანები, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყვნენ, ამბობენ, რომ სული ენითაღუწერელ სიმშვიდეს და ნეტარებას განიცდის კოსმოსთან თავისი ერთიანობის შეგრძნებისგან. წვეთი ოკეანეს დაუბრუნდა, და მას თავისი ჭეშმარიტი არსების შეგრძნებაც ეწვია: იგი იმავე სუბსტანციისგან შედგება, რისგანაც ოკეანე. ენერგიის მთელი ენერგია წვეთში გადის.

ადამიანები ცივილიზაციის მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ, რომ თავის თავში ცხოვრებაშივე გამოეწვიათ კოსმოსთან ერთიანობის ეს გრძნობა. სულიერი განვითარების ყველა სკოლა საბოლოო ჯამში ერთ მიზანს ემსახურება: მიაღწიოს გასხივოსნებას, ანუ სხვა სიტყვებით, შეიგრძნოს ამ სამყაროსთან საკუთარი ერთიანობა, შეერწყას ენერგიის ოკეანეს, და ამავდროულად არ დაკარგოს საკუთარი თავი, როგორც ინდივიდუალურმა არსებამ.

რას იღებს ადამიანი, რომელმაც გასხივოსნებას მიაღწია? იგი თავის განკარგულებაში სამყაროს მთელი ოკეანის ენერგიას იღებს. იგი ვერ ხედავს პრინციპულ სხვაობას საკუთარ თავსა და ოკეანეს შორის. მისი აზრობრივი ენერგია რეზონანსში შედის ოკეანის ენერგიასთან. მაშინ გასხივოსნებულის განზრახვა იგივე ხდება, რაც გარეგანი განზრახვა - ეს ძლევამოსილი და მიუწვდომელი ძალა, რომელიც მთელ სამყაროს მართავს.

როცა ქაღალდის გველის ფორმა აუცილებელ პარამეტრებს აკმაყოფილებს, მას ჰაერის ნაკადები ცაში აიტაცებენ. სწორედ ასევე, ადამიანი ატაცებული ხდება გარეგანი განზრახვის ქარის მიერ და გადაიტყორცნება ვარიანტთა სივრცის იმ სექტორში, რომელიც მის აზრობრივ გამოსხივებას შეესაბამება. ვარიანტთა სივრცეში მიზანმიმართული მოძრაობისთვის ადამიანს სჭირდება, რომ ისევე ცხადად შეიგრძნოს გარეგანი განზრახვის ეს ქარი, როგორც ჰაერის ან წყლის მოძრაობას გრძნობს.

მანამ, სანამ ადამიანი ოკეანესთან თავისი იგივეობის არსს და ბუნებას არ აცნობიერებს, გარეგანი განზრახვა მას არ ხელეწიფება. ჩვენ არ დავისახავთ მიზნად გასხივოსნების მიღწევას. ეს ძალიან რთული ამოცანაა. მაგრამ თქვენი მიზნების რეალიზაციისთვის ეს აუცილებელი არაა. არაა აუცილებელი ტიბეტში წახვიდეთ და იქ მედიტაციით დაკავდეთ. ტრანსერფინგი გთავაზობთ ერთ გასაღებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ რომ დაიმორჩილოთ გარეგანი განზრახვა მცირე, მაგრამ იმ დონით, რომ სურვილები შეგისრულდეთ.

ამ გასაღების პრინციპი საკმაოდ მარტივია. გონებას გააჩნია ნება, მაგრამ არ შეუძლია გარეგანი განზრახვის მართვა. სულს შეუძლია შეიგრძნოს თავისი ერთიანობა გარეგან განზრახვასთან, მაგრამ ნება არ გააჩნია. იგი დაფრინავს ვარიანტთა სივრცეში, როგორც უმართავი ქაღალდის გველი. იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა ნებას დაუქვემდებაროთ, საკმარისია - მიაღწიოთ სულისა და გონების ერთობას.

ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მაინც შესრულებადი ამოცანაა. როგორც ადრე ვაჩვენეთ, გარეგანი განზრახვის მუშაობა კარგად შესაგრძნობად ვლინდება ჩვენი ცუდი მოლოდინების რეალიზაციის დროს. მოცემულ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა გონების ნების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ისღა დაგვრჩენია გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია კარგი მოლოდინების რეალიზება. განზრახვის თავში ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ, თუ რა არის პირველი აუცილებელი პირობა გარეგანი განზრახვის დასაუფლებლად: გაცნობიერებულობა, მნიშვნელოვანობის დაწევა და მიზნის მიღწევის სურვილზე უარის თქმა. მალე თქვენ გაიგებთ ტრანსერფინგის ახალ საიდუმლოებებს, რომლებიც კარს აღებენ გარეგანი განზრახვის ამ იდუმალ სამყაროში.


 

Voile

სულის აფრა

ადამიანები საკუთარ თავს და სამყაროს გარე გამოვლინებებს მხოლოდ მატერიალური ობიექტების სახით აღიქვამენ. ყველა მატერიალურ ობიექტს გააჩნია ერთი საერთო ენერგო-ინფორმაციული არსი, რომელიც აღქმას არ ექვემდებარება. ესაა ის, რაც ვარიანტთა სივრცეში იმყოფება და მატერიალური რეალიზაციის მუშაობას განსაზღვრავს. იმ აბსტრაქტული აღნიშვნების ენა, რომლის გამოყენებასაც მივეჩვიეთ, ენერგო-ინფორმაციული არსის მხოლოდ გარე გამოვლინებას აღწერს. თავად ამ პირველადი არსის აღწერა შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად, გონებრივი აღნიშვნების ენით, და სწორედ აქედან მოდის ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობების ასეთი სიმრავლე.

ჩვენი აღქმა ასეთად იმიტომ ფორმირდა, რომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ ყურადღების კონცენტრაციას ცალკეულ ელემენტებზე. „შეხედე! ეს შენი ხელუკებია, ესენი კი ფეხუკები! აი, ჩიტმა გაიფრინა!“ აღქმის კონცენტრაცია მთეწლი ცხოვრების განმავლობაში ხდება. გონებას გამუდმებით შესაბამისობაში მოჰყავს გარეგანი მონაცემები სამყაროს აღწერის შექმნილ შაბლონთან.

მაგალითად, თუკი ჩვენ არასოდეს გვინახავს ადამიანის ენერგეტიკული გარსი, გონება ასე ადვილად არ დაუშვებს, რომ იგი ხილული გახდეს - ეს ჩვეულ შაბლონს არ შეესაბამება. ბავშვობაში არავინ მიმართავდა ყურადღებას აურაზე, ამიტომ იგი არ შევიდა სამყაროს აღწერილობის შაბლონში. ახლა ჩვენ შეგვიძლია თეორიულად ვიცოდეთ, რომ იგი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ვერაფერს დავინახავთ.

გარესამყაროს აღქმის მექანიზმი დღემდე თეთრ ლაქად რჩება. შეგვიძლია, მხოლოდ განვიხილოთ მისი ცალკეული მხარეები. ჭიანჭველებს, მაგალითად, არასოდეს უნახავთ ვარსკვლავები. მათ არ უნახავთ არც მზე, არც მთები და არც ტყე. მათი მხედველობა ისეა მოწყობილი, რომ მათ დაბადებიდან საქმე მხოლოდ ახლომდებარე საგნებთან ჰქონდათ. გარესამყაროს მათეული აღქმა ძირფესვიანად განსხვავდება ჩვენი აღქმისგან.

და როგორ გამოიყურება სამყარო სინამდვილეში? ესაა მცდელობა, რომ თითქოს ობიექტური კითხვა დავსვათ და ობიექტური პასუხი მივიღოთ. თუმცაღა მოცემული საკითხი თავად არ წარმოადგენს ობიექტურს. სამყარო სწორედ ისე გამოიყურება, როგორც ვხედავთ, რადგანაც ცნება - „ხედვა“ - ასევე ჩვენი აღქმის შაბლონის ელემენტია. ბრმა თხუნელას შაბლონში, მაგალითად, არ არსებობს ცნება - „გამოიყურება“. სამყარო ჩვენს წინაშე დემონსტრირდება აღქმის ჩვენივე შაბლონის შესაბამისად, და ამავდროულად, იგი არანაირად არ გამოიყურება. აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ სამყარო ჩვეულებრივ გამოიყურება, ან როგორც მანათობელი ენერგიების გროვა, ან რამე სხვაგვარად. აზრი აქვს ვისაუბროთ მხოლოდ მის ცალკეულ გამოვლინებებზე, რომელთა აღქმასაც ვახერხებთ.

ადამიანის ცნობიერება - სოციალური პროდუქტია. ცნობიერება ეფუძნება იმ ყველაფრის განსაზღვრებას და ცნებებს, რაც ჩვენს გარშემოა. სული (ქვეცნობიერი) ადამიანს დაბადებიდან აქვს. ცნობიერება კი მაშინ მოდის, როცა ყველაფერი გარშემომყოფი განსაზღვრულია ადამიანურ ენაზე ახსნადი ცნებებით და განსაზღვრებებით. მაგრამ სამყარო იმიტომ არ არსებობს, რომ ადამიანებმა იგი თავიანთი ცნებებით აღწერეს. ამ მიმართებაში ადამიანის სული ყოველთვის გაუნათლებელი რჩება. მას არ ესმის ადამიანური ენა. მას მხოლოდ ის ესმის, რასაც მივეჩვიოთ, რომ შეგრძნებები ვუწოდოთ. ჯერ აზრი ჩნდება, და მხოლოდ შემდეგ ფორმირდება იგი სიტყვებად. შეგვიძლია სიტყვების გარეშე ვიფიქროთ. სწორედ ესაა ქვეცნობიერისთვის გასაგები ენა. პირველადი აზრებია, და არა სიტყვები. ქვეცნობიერთან შეუძლებელია გონების ცნებებით საუბარი.

ყველაფერს ვერ გამოხატავ ცნებათა არსებული ნაკრებით. როგორც შეამჩნიეთ, მე მაინც ვერ მოვახერხე კარგად გასაგებად ამეხსნა, თუ რას ნიშნავს გარეგანი განზრახვა. საბედნიეროდ, ადამიანებს მაინც დარჩათ უნივერსალური გამოხატვის საშუალება - ხელოვნების ნიმუშები. ესაა ის, რაც სიტყვების გარეშეც გასაგებია. სულის ენა ყველასთვის გასაგებია - ესაა იმ საგანთა ენა, რომლებიც სიყვარულით და გატაცებითაა შექმნილი. როცა ადამიანი თავისი მიზნისკენ თავისი კარით მიდის, ანუ როცა ჭეშმარიტად თავისი საქმითაა დაკავებული, იგი შედევრებს ქმნის. სწორედ ასე იქმნება ის, რასაც ხელოვნებას უწოდებენ.

შეგიძლიათ კონსერვატორია დაამთავროთ და უფერული მუსიკა შექმნათ, რომელიც არავის დაამახსოვრდება. შეგიძლიათ ტექნიკურად უზადოდ შესრულებული ცარიელი ნახატები ხატოთ. თუმცაღა თავში არავის მოუვა, რომ შედევრებად ჩათვალოს ისინი. თუ საგანზე შეიძლება ითქვას, რომ „ამაში რაღაც არის“, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს იგი ხელოვნების ნიმუშად. რა არის მასში - ამას შემდეგ კრიტიკოსები და შემფასებლები ახსნიან. მაგრამ ეს „რაღაც“ ყველასთვის მაშინვე და უსიტყვოდ გასაგებია.

ავიღოთ, მაგალითად ნახატი - „ჯოკონდას ღიმილი“. ესაა ენა, რომელიც ყველას ესმის. სიტყვები აქ არაა საჭირო. სიტყვები უძლურნი არიან, გამოხატონ ის, რაც ყველასთვის გასაგებია. და სახელდობრ, რაა გასაგები, ეს მნიშვნელოვანიც კი არაა. ყველა თავისებურად გრძნობს და ესმის. შეიძლება, რა თქმა უნდა, ითქვას, რომ მისი ღიმილი იდუმალია, ან რომ მასში არის რაღაც მოუხელთებელი, და ა.შ. სიტყვები მაინც ვერ ახსნიან „იმას“, რაც ნახატს შედევრად აქცევს.

„ჯოკონდას ღიმილმა“ ასეთი ცოცხალი ინტერესი მხოლოდ იმიტომ არ გამოიწვია, რომ იგი თითქოს იდუმალია. არ მოგსვლიათ თავში, რომ ჯოკონდას ღიმილი და ბუდას ღიმილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს? ითვლება, რომ ბუდამ ცხოვრებაშივე მიაღწია გასხივოსნებას. სხვა სიტყვებით, მან მოახერხა, რომ ეგრძნო თავისი ერთიანობა ოკეანესთან. ბუდას ღიმილი ყველა გამოსახულებაზე სიმშვიდეს და ნეტარებას გამოხატავს. იგი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც „მარადიულობის ჭვრეტა“. როცა ბუდას ღიმილს პირველად ხედავ, ჩნდება ცნობისმოყვარეობისა და გაოცების უცნაური ნაზავი. ეს იმიტომ, რომ იგი ახსენებს წვეთს რაღაც შორეულს და დავიწყებულს - ოკეანესთან ერთიანობის შეგრძნებას.

ნებისმიერი შეხსენება ყოფილ ერთიანობაზე სულის მგრძნობიარე სიმებს ეხება. ადამიანური ენის გაჩენის შემდეგ სულის ენა თანდათანობით ატროფირდა. ადამიანები მეტისმეტად გახდნენ გატაცებულნი გონების ენით, ამიტომ იგი დროთა განმავლობაში პირველ ადგილზე გამოვიდა. ისიც კი, თუ როგორ მოხდა ეს, გონებრივი აღნიშნვნების ფარგლებში დამახინჯებულად ჟღერს, ბაბილონის გოდოლის შესახებ ლეგენდის ფორმით, რომლის თანახმადაც ღმერთები განრისხდნენ ადამიანებზე იმის გამო, რომ გოდოლის ცამდე აღმართვა გადაწყვიტეს, ამიტომ მათი ენები ისე შეურიეს, რომ ადამიანებს ერთმანეთის აღარ ესმოდათ.

არსობრივად, მითების და ლეგენდების უმეტესობა სიმართლეა, მაგრამ სიმართლე გონებრივი აღნიშვნების ინტერპრეტაციით. შესაძლოა, მაღალი კოშკი წარმოადგენს მეტაფორას, და გამოხატავს ძლევამოსილებას, რომელიც ადამიანებმა მიიღეს, როცა შეიძინეს უნარი - გაცნობიერებულად მოეხდინათ თავიანთი ნების ფორმულირება გონების ენაზე. როგორც უკვე ითქვა, სულს შეუძლია იგრძნოს გარეგანი განზრახვის ქარი, მაგრამ მას არ შეუძლია აფრის დადგმა, რომ ეს ქარი გამოიყენოს. აფრას გონების ნება აყენებს. ნება კი გაცნობიერებულობის ატრიბუტს წარმოადგენს.

არაცნობიერი სულის ფრენა გარეგანი განზრახვის ქართან ერთად სპონტანურად და უმართავად ხდება. სწორედ გონების გაცნობიერებულობა იძლევა ნების მიზანმიმართულად გამოხატვის საშუალებას. საწყის სტადიაზე, როცა სულისა და გონების ენები არ იყვნენ ასე დაშორებულნი, სულისა და გონების ერთობა ადვილად მიიღწეოდა. შემდეგ გონება გაიტაცა თავისი აღნიშვნებით სამყაროს კონსტრუირებით, რასაც შორს მიჰყავდა იგი იმ პირველადი არსის გაგებისგან, რაც საფუძვლად უდევს გარეგან განზრახვას.

კოლოსალური ინტელექტუალური ძალისხმევების შედეგად, გონებამ საოცარ წარმატებებს მიაღწია მატერიალური რეალიზაციის ტექნოტრონულ სამყაროში, მაგრამ დაკარგა ყველაფერი, რაც არარეალიზებულ ვარიანტთა სივრცეს განეკუთვნება. გონება მეტისმეტად შორს წავიდა იმ ყველაფრის გაგებისგან, რაც გარეგან განზრახვას უკავშირდება. ამიტომაც გვეჩვენება ტრანსერფინგის ბევრი მოცემულობა დაუჯერებლად. მაგრამ გონებას მაინც შეუძლია დაკარგულის დაბრუნება. ამისთვის საჭიროა, რომ დავალაგოთ ურთიერთობა სულსა და გონებას შორის.

სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სული, გონებისგან განსხვავებით, კი არ ფიქრობს, არამედ იცის. იმ დროს, როცა გონება იაზრებს მიღებულ ინფორმაციას და ატარებს მას თავისი მსოფლმხედველობის ანალიტიკური ფილტრის შაბლონში, სული ცოდნას ინფორმაციის ველიდან ღებულობს პირდაპირ, ანალიზის გარეშე. ზუსტად ასევე, მას პირდაპირ შეუძლია მიმართოს გარეგან განზრახვას. იმისთვის, რომ ეს მიმართვა მიზანმიმართული გახადოს, აუცილებელია გონების ნებისა და სულის მისწრაფების შეთანხმება, ერთობამდე მიყვანა. თუ ასეთი ერთობა მიღწეულ იქნება, თქვენი სულის აფრა გაიბერება გარეგანი განზრახვის ქარით და პირდაპირ მიზნისკენ წაგიყვანთ.


wizard 

ჯადოქარი თქვენს შიგნით

თქვენს სულს ყველაფერი აქვს თქვენი სურვილის განსახორციელებლად. გახსოვთ ზღაპარი ჯადოქარზე ზურმუხტის ქალაქიდან? იქ ჭკვიანი საფრთხობელა ტვინზე ოცნებობდა, კეთილი შეშისმჭრელი კეთილ გულზე, მამაცი ლომი - სიმამაცის მოპოვებაზე, ხოლო გოგონა ელის სახლში დაბრუნება სურდა. ყველა გმირს ისედაც ჰქონდა ყველაფერი, რაც სურდა. მაგრამ ჯადოქარ გუდვინს რომ ეთქვა მათთვის, რომ ყველაფერი აქვთ, რასაც ითხოვენ, ეს მეტისმეტად დაუჯერებელი იქნებოდა. ამიტომ მან მაგიური რიტუალი წარმოადგინა.

სინამდვილეში საფრთხობელას, შეშისმჭრელს და ლომს მხოლოდ ის სჭირდებოდათ, რომ უფლება მიეცათ საკუთარი თავისთვის იმ სასურველი თვისებების ქონის უფლება, რომლებიც ისედაც ჰქონდათ სულში. გოგონა ელისთან საქმე უფრო რთულად იყო - მას სჭირდებოდა ფლობის ურყევი გადაწყვეტილება, რათა სახლში აღმოჩენილიყო. მაგიური რიტუალი დაეხმარა მას აბსოლუტური რწმენის მოპოვებაში, და განზრახვის ქარმა სახლისკენ გადატყორცნა იგი.

როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გარეგან განზრახვასთან, გონებრივი აღნიშვნების ფარგლებში არ ეტევა. ასეთ მდგომარეობაში გონებამ თავად ჩაიგდო თავი, და ქანქარები ამაში გვარიანად დაეხმარნენ. კონტროლი გარეგან განზრახვაზე ადამიანს თავისუფლებას აძლევს, ეს კი ქანქარების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ქანქარებს აწყობთ, რომ ადამიანი რუხი პიროვნება იყოს, ჭანჭიკი, რომელიც ამ მონსტრებზე მუშაობს. ადამიანის თვითრეალიზაცია ქანქარებისთვის დამღუპველია, რადგანაც თავისუფალი პიროვნება მუშაობს არა ქანქარებზე, არამედ საკუთარი თავის განვითარებაზე და გაფურჩქვნაზე. ამიტომ ადამიანებს ბავშვობიდან შთააგონებენ საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს და წესებს, რაც მას ქანქარასთვის მოსახერხებელ და მორჩილ მიმდევრად აქცევს.

ერთი მხრივ, არსებობს პოზიტიური აუცილებლობა, ვასწავლოთ ადამიანს ამ ქვეყანაში ნორმალურად არსებობა. საყოველთაოდ მიღებული ნორმების დამრღვევი ან ლუზერი ხდება, ან განდევნილი. მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი შთაგონება ძლიერ ახშობს პიროვნების ინდივიდუალურ უნიკალურობას, რის გამოც ადამიანებს არ შეუძლიათ ზუსტად თქვან, რა უნდათ სინამდვილეში, და არ იციან, რა შეუძლიათ.

იმისთვის, რომ წავართვათ ადამიანს გარეგანი განზრახვის მართვის უნარი, საჭიროა, მხოლოდ დავაცალკევოთ გონება სულისგან, რაც გაკეთდა კიდეც. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ჩატარებულ იქნა უზარმაზარი სამუშაო სულისა და გონების დამონების მიზნით. გონება გამუდმებით სრულყოფდა თავისი აღნიშვნების ენას და სულ უფრო შორდებოდა სულის ენას. რელიგიების ქანქარები, ისევე როგორც მეცნიერების, გონებას სხვადასხვა მხარეს ექაჩებოდნენ, მაგრამ სულის ნამდვილი არსისგან რაც შეიძლება შორს. სამეწარმეო და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ ბოლო რამდენიმე ასწლეულში საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი სულსა და გონებას შორის.

ქანქარების გავლენა განსაკუთრებით დიდია დღეს, როცა ყველა კითხულობს წიგნს, უსმენს რადიოს, უყურებს ტელევიზორს და ღებულობს ინფორმაციას ინტერნეტით. კაცობრიობამ დააგროვა ცოდნის უზარმაზარი რაოდენობა, და ამდენივე შეცდომები. შეცდომები ისევე მყარად ინარჩუნებენ თავს, როგორც ცოდნა. ადამიანის მთავარი დანაკარგი სულსა და გონებას შორის კავშირის გაწყვეტაა. ნამდვილ წარმატებებს ბიზნესში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტსა და სხვა სფეროებში აღწევენ მხოლოდ რჩეული ერთეულები. ყველა მიეჩვია საგანთა ასეთ მდგომარეობას, და არავის მოსდის თავში, რომ ეს არანორმალურია.

ჩვენთვის აზრი არ აქვს „კაცობრიობის გადარჩენას“. მხოლოდ მინდა სწორედ თქვენ, პატივცემულო მოგზაურო, შემოგთავაზოთ, რომ დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: „რატომ ის, და არა მე? რა მჭირდება, რომ ამ რჩეული ერთეულების რიცხვში შევიდე?“ მე არ ვარ ჯადოქარი გუდვინი, ამიტომ არ მოგიწყობთ მაგიურ რიტუალებს, არამედ უბრალოდ პასუხს მოგცემთ. თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც აუცილებელია. ისღა დაგრჩენიათ, რომ გამოიყენოთ. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, უბრალოდ ამის შესახებ არავის უთქვამს თქვენთვის.

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ შესანიშნავი ხელოვნების შედევრები, გააკეთოთ გენიალური აღმოჩენები, მიაღწიოთ საოცარ შედეგებს სპორტში, ბიზნესში, ნებისმიერ პროფესიულ საქმიანობაში. ამისთვის მხოლოდ გჭირდებათ, რომ საკუთარ სულს მიმართოთ. მას აქვს წვდომა ნებისმიერ ცოდნაზე. უბრალოდ ჯერ არ გითხოვიათ მისთვის ამის შესახებ. ხელოვნების, მეცნიერების, ბიზნესის ყველა დიდი გენია თავის შედევრს მხოლოდ იმიტომ ქმნიდა, რომ საკუთარ სულს მიმართავდა. და რითაა უარესი თქვენი სული? არაფრით!

ნებისმიერი შედევრი სულის ენაზე ლაპარაკობს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი ნაშრომი მხოლოდ მაშინ მოახდენს შთაბეჭდილებას, თუკი თქვენი სულიდან მოდის. გონებას შეუძლია ააწყოს სახლი ახალი ვერსია ძველი კუბიკებისგან, მაგრამ ამით ვერავის გააკვირვებ. გონებას შეუძლია შექმნას უზადო კოპია, მაგრამ ორიგინალის შექმნა მხოლოდ სულს შეუძლია.

ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ესაა აქსიომად მიღება იმ ფაქტისა, რომ თქვენს სულს ყველაფერი შეუძლია, შემდეგ კი უნდა მისცეთ საკუტარ თავს ამის გამოყენების უფლება. დიახ, სწორედ ასეა ყველაფერი, მარტივი და ამავდროულად მიუწვდომელი. და თქვენ, ბოლოს და ბოლოს მიეცით თავს ფლობის უფლება. ფლობის გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ.

ეს განაცხადი ეჭვს იწვევს თქვენში. მაგრამ თქვენ ხომ არ გეპარებათ ეჭვი, როცა შთაგაგონებენ, რომ უნარები, შესაძლებლობები და რაღაც თვისებები არ გყოფნით, რომ ღირსი არ ხართ, რომ სხვები გჯობიან. თქვენ ადვილად იღებთ რწმენად მტკიცებას, რომელიც მაღალ კედელს აღმართავს თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მაშ, დაეხმარეთ საკუთარ თავს (მე არა!) და უფლება მიეცით იცოდეს, რომ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ხართ და ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ, რასაც კი გულით ისურვებთ.

სწორედ ის ფაქტი, რომ საუკეთესოს ღირსი ხართ და ყველაფერი შეგიძლიათ, საგულდაგულოდ იმალება თქვენგან. თქვენ შთაგაგონებენ, რომ მეტისმეტად გულუბრყვილოები იქნებით, თუკი თქვენს შეუზღუდავ შესაძლებლობებს დაიჯერებთ. მაგრამ ყველაფერი სწორედაც რომ პირიქითაა. გამოიღვიძეთ და ჩამოიფერთხეთ ძილქუში. თამაში თქვენი წესებით წარიმართება, თუკი ცნობიერად ისარგებლებთ თქვენი უფლებებით.

თქვენ ამას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ ჩვეული მსოფლმხედველობა და ქანქარები ყველანაირად დაგარწუნებენ იმაში, რომ ეს შეუძლებელია. მოიძებნება ყველა შესაძლოა გონივრული არგუმენტი თქვენი შასაძლებლობლების შეზღუდულობის სასარგებლოდ. უარი თქვით ამ არგუმენტებზე და აიღეთ იარაღად „არაგონივრული და უსაფუძვლო“ არგუმენტი: ერთად თქვენს სულს და გონებას ყველაფერი შეუძლიათ. თქვენ ხომ არაფერს კარგავთ. ნუთუ ბევრს მიაღწიეთ გონივრული არგუმენტების ჩარჩოებში?

ეს ცხოვრება მხოლოდ ერთი გაქვთ. ნუთუ დრო არაა, რომ გადაიფერთხოთ დამყაყებული წარმოდგენების მტვერი, რომლებიც შესაძლოა ცრუნი აღმოჩნდნენ, თქვენ კი ამის შესახებ ვერც კი გაიგოთ? უბრალოდ ვერ მოასწრებთ, რომ გაიგოთ. ცხოვრება გაივლის, ყვცელა შესაძლებლობა ამოიწურება, ხოლო ამ მშვენიერი ცხოვრების ყველა სიკეთე სხვებს შეხვდება. დაე, ერთხეულებს, მაგრამ არა თქვენ.

გამოიყენოთ თუ არა საკუთარი უფლებები, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. თუკი ფლობის საშუალებას მისცემთ საკუთარ თავს, ეს ყველაფერი გექნებათ. უნდა დაიწყოთ იმით, რომ დაიჯეროთ სულის უსაზღვრო შესაძლებლობების და მიმართოთ მისკენ თქვენი გონება. ამის გაკეთებაში ხელს ცრუ წარმოდგენები გიშლიან, რომელთაგანაც ბევრს ტრანსერფინგის მოდელი ამსხვრევს.

ერთ-ერთი ასეთი წარმოდგენა დაახლოებით ასე ჟღერს: „ყველაზე რთული საკუთარ თავზე გამარჯვებაა“ ან „ყველაზე რთული საკუთარ თავთან ბრძოლაა“. ეს კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომაა. როგორ შეიძლება, ან რატომაა საჭირო ამ საოცარ და მშვენიერ არსებასთან, რომელიც თქვენს შიგნით ცხოვრობს? ცუდი თქვენს შიგნით კი არ ცხოვრობს, არამედ ზედაპირზე. ეს მტვრის ფენას ჰგავს ნახატზე. თუ მტვერს გადაწმენდთ, წმინდა სული გაიხსნება.

არსება, რომელიც მრავალი ნიღბისა და კოსტუმის ქვეშ იმალება, ჭეშმარიტად საოცარ ღირსებებს ფლობს. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ საკუტარ თავს მისცეთ საშუალება - იყოთ ის, ვინც ხართ. ნუთუ ნიღბები, რომლებსაც ატარებთ, დაგეხმარნენ წარმატების, კეთილდღეობის, ბედნიერების მიღწევაში? თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავის შეცვლა, ეს მხოლოდ კიდევ ერთი ნიღაბი იქნება. თუკი გადაყრით ნიღბებს, რომლებიც დესტრუქციულმა ქანქარებმა მოგახვიეს თავს, გაიხსნება განძი, რომელიც თქვენს სულში იმალება. თქვენ მართლაც იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს, რადგანაც თქვენ მართლაც საოცარი, მშვენიერი და განუმეორებელი ქმნილება ხართ. უბრალოდ საშუალება მიეცით საკუთარ თავს, რომ ასეთი იყოთ.

მოგწონთ ხელოვნების, მეცნიერების, ბიზნესის, სპორტის, ესტრადის, კინოს გენიების ქმნილებები? თქვენ შეგიძლიათ ერთ-ერთი მათგანი გახდეთ. გენიების ნაწარმოებები სწორედ იმიტომ მოგწონთ, რომ ისინი მისი სულის მიერაა ნაშობი. თქვენი ქმნილება სხვებს ასევე მხოლოდ მაშინ მოეწონებათ, თუკი იგი თქვენი უნიკალური სულიდან წამოვა. ყველაფერი, რაც ჩვეულებრივი და საშუალოა, გონების მიერაა შექმნილი. გონების ქმნილებები, ისევე როგორც თავად გონება, არაა უნიკალური. უნიკალურია მხოლოდ თქვენი სული. თქვენ ნამდვილ განძს ფლობთ. ნებისმიერი თქვენი გენიალური ქმნილება შეიძლება ნაშობი იყოს მხოლოდ თქვენი სულისგან. დაე, თქვენმა გონებამ მისცეს ამის გაკეთების საშუალება.


 

beatles fans

მირაჟი

მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანს ცდილობენ შთააგონონ, რომ წარმატება, სიმდიდრე და დიდება - მხოლოდ რჩეულების ხვედრია. სასწავლო დაწესებულებებში, კონკურსებში და სხვადასხვა ატესტაციებში ადამიანს მუდმივად ანიშნებენ, რომ იგი შორსაა სრულყოფილებისგან, რომ სხვები მასთან შედარებით უკეთესები და ღირსეულები არიან. ის, ვინც ეს არ დაიჯერა, წარმატებასაც უხვად ღებულობს, სიმდიდრესაც და დიდებასაც. აი, ასე მარტივია ყველაფერი. მარტივი არაა მხოლოდ ერთი - დაიჯეროთ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ და შეგიძლიათ მიაღწიოთ. მაგრამ თქვენ მართლაც შეძლებთ დაჯერებას, თუკი ასეთი განზრახვა გექნებათ.

ბევრს სურს გახდეს ვარსკვლავი, მიაღწიოს დიდ წარმატებებს. წარმატების სტანდარტი ზოგადად ძალიან აქტიურად და ფართოდ პროპაგანდირდება. ქანქარებს უყვართ რიგითი მიმდევრებისთვის თავიანთი ფავორიტების მიღწევების დემონსტრირება. ისინი ცდილობენ, რომ წარმოადგინონ ფავორიტები, როგორც წარმატების ეტალონები, რომლებისკენაც უნდა ისწრაფვოთ, რათა ყველა სიკეთე მოიპოვოთ. ვარსკვლავი ყველაფერს იღებს, რის მიღებაც ამ ცხოვრებაში შეიძლება. ვარსკვლავები სიმდიდრისა და დიდების სხივებში ბანაობენ. ვინ არ მოისურვებს ამას? მაშინაც კი, თუკი არ გსურთ ძალიან სახელგანთქმული იყოთ და ზედმეტი ფუფუნება გქონდეთ, მატერიალურ სიუხვეზე და საკუთარი მიღწვებით დაკმაყოფილებაზე უარს მაინც არ იტყოდით.

ვარსკვლავები დამოუკიდებლად იბადებიან. მაგრამ მათ ქანქარები ანთებენ. იმის თქმა მინდა, რომ ვარსკვლავებისადმი თაყვანისცემის კულტი სწორედ ქანქარების მიერაა შექმნილი. ისინი ამას განზრახ აკეთებენ. კინოში, სცენაზე, სტადიონზე, ტელეეკრანებზე - ჩვენ გამუდმებით გვთავაზობენ საუკეთესო წარმომადგენლებს, რჩეულებს. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იმას, თუ რა აღტაცებით ხვდებიან ვარსკვლავებს მათი თაყვანისმცემლები, როგორი ბრწყინვალენი არიან ისინი, რამხელა მიღწევები აქვთ. ჩვენ გამუდმებით შთაგვაგონებენ ერთ ურყევ ფაქტს: ვარსკვლავები ყველას მოწონს, და ეს ისაა, რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ.

რა მიზანი აქვთ ქანქარებს, როცა ტახტზე სვამენ თავიანთ ფავორიტებს? იქნებ მათ მიმდევრების პირადი მიღწევები და კეთილდღეობა აღელვებთ? სულაც არა. ისინი ახდენენ ფავორიტების დემონსტრირებას, რათა რიგით მიმდევრებს მეტი სტიმული ჰქონდეთ ქანქარას მსახურებისთვის. როგორ იქცევა ჩვეულებრივი ადამიანი ვარსკვლავად? შეუპოვარი შრომით. ვარსკვლავები მხოლოდ ისინი ხდებიან, ვინც საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. ყველას შეუძლია გახდეს ვარსკვლავი, მაგრამ ამისთვის დაუღალავი შრომაა საჭირო. მათგან აიღე მაგალითი, მოიქეცი მათსავით, და შენც მიაღწევ წარმატებას. ვარსკვლავები უნიკალურ უნარებსა და თვისებებს ფლობენ. ეს ყველას არ აქვს, ამიტომ უფრო მეტად უნდა იშრომოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

აი, ასეთ ლოზუნგებს აჟღერებენ ქანქარები. ისინი არ უარყოფენ, რომ წარმატების მიღწევა ყველას შეუძლიათ, მაგრამ საგულდაგულოდ მალავენ იმ ფაქტს, რომ უნიკალურ თვისებებს და უნარებს სწორედაც რომ ყოველი ადამიანი ფლობს. ქანქარებისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება, თუ ყოველი ადამიანი თავის თავში უნიკალურ უნარებს აღმოაჩენს. ასეთ შემთხვევაშ ყველა მიმდევარი თავისუფალი ინდივიდი გახდება, კონტროლიდან გამოვა, და ქანქარა უბრალოდ ჩამოიშლება. პირიქით, ქანქარა თავს ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს, როცა მისი მიმდევრები ერთი მიმართულებით ფიქრობენ და მოქმედებენ. როგორც მეორე თავიდან გახსოვთ, ერთმიმართულებიანობა მიმდევრების აზრებში წარმოადგენს კიდეც ქანქარას წარმოშობის და არსებობის პირობას. ვარსკვლავის კაშკაშა ინდივიდუალობა გამონაკლისია, რომელიც უფრო ადასტურებს წესს, სწორედ იმიტომ, რომ გამონაკლისს წარმოადგენს. წესი კი ამბობს: „ასევე მოიქეცი!“

აი, ამიტომაა, რომ ბევრი ახალგაზრდა ხვდება ქანქარების მახეში და ცდილობს, რომ თავიანთ კუმირს დაემგვანოს, ბაძავს მას და ოთახში მის პლაკატებს ჰკიდებს. გონება ბრმად მიჰყვება ქანქარას საბელს. უგუნური გონება ეუბნება სულს, რომ იგი არასრულყოფილია. თითქოს ეუბნება მას: „თავად მეც კი, ჩემი შესაძლებლობებით, არ შემიძლია წარმატების მიღწევა. შენ ხომ საერთოდ! აი, ეს ადამიანები - სხვა საქმეა. ხედავ, როგორები არიან?! მათგან უნდა აიღო მაგალითი. ასე რომ დაჯექი, მოკეტე შენს არასრულყოფილებასთან ერთად, მე კი მთელი ძალით ვეცდები, რომ მათ დავემგვანო“.

ბაძავენ რა თავიანთ კუმირებს, ახალგაზრდები მირაჟის დაჭერას ცდილობენ. მისწრაფება მაგალითის აღებისკენ და იმათი მსგავსებისკენ, ვინც წარმატებას მიაღწია - ესაა იმ ბუზის შინაგანი განზრახვის მუშაობა, რომელიც შუშას ეხეთქება. ისინი სხვის სექტორზე ახდენენ გადაწყობას, და იქ თავად მაქსიმუმ პაროდიის როლს შეასრულებენ. გონებას შეუძლია ასლების სხვადასხვა ვარიაციები შექმნას, მაგრამ ამით ვერავის გააკვირვებ. ვარსკვლავი ვარსკვლავად იქცა სწორედ თავისი უნიკალურობის, თვითმყოფადობის, სხვებთან არამსგავსების წყალობით. ყოველი ადამიანის სული თავისებურად განუმეორებელია. უნიკალურ სულს ვარიანტთა სივრცეში თავისი უნიკალური სექტორი აქვს, სადაც მისი პირადი თვისებები მთელი ბრწყინვალებით ვლინდება.

ყოველ სულს გააჩნია თავისი ინდივიდუალური „ვარსკვლავური“ სექტორი. გასაგებია, რომ ასეთი სექტორი შესაძლოა უსასრულოდ მრავალრიცხოვანი იყოს. მაგრამ ჩვენ პირობითად ჩავთვალოთ, რომ ყოველ ცალკეულ სულს მისი უნიკალური სექტორი გააჩნია - ინდივიდუალური მიზანი, ანუ ღერძი. გონება, რომელიც ქანქარების სატყუარებითაა გატაცებული, უსარგებლოდ იწრიალებს სხვის სექტორში, ეცდება, რომ დააკოპიროს სხვების თვისებები ან გაიმეოროს სხვისი წარმატების სცენარი. მაგრამ სხვისი სცენარის მიბაძვა ყოველთვის პაროდიას წარმოშობს. სული ვერ შეძლებს საკუთარი თავის უცხო სექტორში რეალიზებას. და როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენი სექტორი? ამაზე გონებას შეუძლია არ იდარდოს, სული თავად იპოვის თვითგამოხატვის გზას. გონების ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ დაივიწყოს სხვისი გამოცდილება, აღიაროს საკუთარი სულის უნიკალურობა და საშუალება მისცეს მას, რომ თავისი გზით იაროს.

განსაკუთრებით ძლიერ ექვემდებარებიან ქანქარების ზეგავლენას მოზარდები, რადგანაც მათ ახლახანს შემოაბიჯეს ამ სამყაროში და არ იციან, რა გააკეთონ და როგორ მოიქცნენ. უფრო მარტივი და უსაფრთხოა ბრბოს შეერიო, განსაკუთრებულად არ გამოირჩეოდე და ყველასავით იცხოვრო. ჯოგური ინსტინქტი უსაფრთხოების შეგრძნებას იძლევა, მაგრამ საფუძველშივე ჭრის ინდივიდუალურობის ჩანასახებს. საცოდაობაა იმის ნახვა, თუ როგორ ერთნაირად იცვამს ახალგაზრდების უმეტესობა, როგორ იყენებს ერთი და იგივე ლექსიკას („საკაიფოა, ასწორებს, ღადაობაა...“), და როგორ ერთნაირად იქცევიან. მიუხედავად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარეგნული შთაბეჭდილებისა, ისინი მორჩილად მიჰყვებიან ქანქარას: „გააკეთე ისე, როგორც მე!“ თავად კი თვლიან, რომ ახალი თაობის მოდერნიზმს ატარებენ. მაგრამ მათგან რომლები ქმნიან ამ სიახლეებს?

ლიდერები, და ასევე განდგომილები ახალგაზრდებში ყოველთვის ის ერთეულები ხდებიან, რომლებმაც გამოვლენის საშუალება მისცეს საკუთარი სულის განუმეორებელ თვისებებს. ანვითარებდნენ რა თავიანთ ინდივიდუალობას, ასეთი პიროვნებები შედეგად ხდებოდნენ მოდის დამკანონებლები, სხვებს კარნახობდნენ ტონს, ქმნიდნენ ახალ მიმდინარეობებს, ხსნიდნენ ახალ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს. ისინი არ აკოპირებდნენ სხვების გამოცდილებას, არ ემორჩილებოდნენ წესებს, არამედ ნებას აძლევდნენ საკუთარ თავს, რომ საკუთარი სულის უნიკალური თვისებების რეალიზება მოეხდინათ. ქანქარები ვერ იტანენ ინდივიდუალობას,  მაგრამ სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ ამომავალი ვარსკვლავი თავის ფავორიტად აღიარონ. მორიგ ახალ ფავორიტებს ქანქარები ტახტზე სვამენ და რიგითი მიმდევრებისთვის მისაბაძ ახალ ობიექტებად წარმოადგენენ.

არაფერია ცუდი იმაში, რომ ბიჭს ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორიც მისი გმირია. ან გოგონას ისეთივე ლამაზი სურს იყოს, როგორიც მისი გმირი ქალია. მაგრამ საჭირო არაა იმის კოპირება, რაც სხვებშ მოგეწონათ. მაგალითად, მისცეთ საკუთარ თავს დავალება, რომ ზუსტად ასეთი მუსკულატურა გქონდეთ, მოძრაობის, ლაპარაკის, სიმღერის ზუსტად ასეთი მანერა, ზუსტად ისე ითამაშოთ, როგორც ამას სხვა აკეთებს. ეს სხვა ზუსტად იმიტომ მოგეწონათ ასე, რომ მან სწორედ თავისი განუმეორებელი ღირსებების რეალიზება მოახდინა თავის სექტორში.

რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს რაღაც პირველადი ნიმუში, სადემონსტრაციო ეგზემპლარის მაგალითი - დიახ, მაგრამ არა როგორც ეტალონი და მიბაძვის ობიექტი. თქვენი ეტალონი - ეს თქვენი სულია. უბრალოდ საშუალება მიეცით მას, რომ გახსნას ყველა თავისი ღირსება სწორედ თავის სექტორში. ჯობია კედელზე საკუთარი ფოტო ჩამოკიდოთ და მისით დატკბეთ. საკუთარი თავის სიყვარული ძალზე სასარგებლო და მომგებიანია. საკუთარი თავისადმი სიყვარული თვითკმაყოფილებად იქცევა და წონასწორული ძალების მიერ ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას თან ახლავს გარშემომყოფებზე ზემოდან ყურება.

თქვენ მართლაც უნიკალური პიროვნება ხართ, ამაში ვერავინ შეგეჯიბრებათ. მხოლოდ მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ იყოთ ის, ვინც ხართ. თქვენს უნიკალურობაში კონკურენტები არ გყავთ. გამოიყენეთ უფლება საკუთარ განუმეორებლობაზე, და უზარმაზარ უპირატესობას მოიპოვებთ მათთან შედარებით, ვინც სხვისი გამოცდილების კოპირებას ცდილობს. თუკი ეცდებით, ისეთი გახდეთ, როგორც სხვა, არაფერი გამოგივათ. გახდით საკუთარი თავი. მიეცით თავს ასეთი ფუფუნების ნება. თუკი უკვე არსებული ვარკვლავის ნიღაბი მოირგეთ, ეს ან ასლი იქნება, ან პაროდია. ვარსკვლავები სხვების მიბაძვით არ ხდებიან.

როდესაც შეწყვეტთ სხვაზე დამსგავსების უსარგებლო მცდელობებს, ყველაფერი გამოგივათ. როდესაც შეწყვეტთ სხვების სცენარების გამეორების უსარგებლო მცდელობებს, ყველაფერი გამოგივათ. როდესაც ტავად აღიარებთ თქვენი ინდივიდუალურობის ბრწყინვალებას, სხვებს არაფერი დარჩებათ გარდა იმისა, რომ დაგეთანხმონ. მიეცით საკუთარ თავს ფლობის სითამამე.

ყველა შესანიშნავი მსახიობი საკუთარ თავს თამაშობს. ეს თითქოს უცნაურია - როლები ხომ სხვადასხვაა, მაგრამ ერთი და იგივე ადამიანის პიროვნება, ხასიათი, მომხიბვლელობა მაშინვე ამოსაცნობია. ყველაზე რთული როლია - ითამაშოთ საკუთარი თავი, საშუალება მისცეთ საკუთარ თავს, რომ იყოთ ის, ვინც ხართ, მოიხსნათ ნიღაბი. უცხო პიროვნების თამაში ადვილია, რადგანაც ნიღბის მორგება გაცილებით იოლია. მაგრამ ეს იქნება უბრალოდ მსახიობის თამაში, პროფესიონალური ტექნიკა. აი, ნიღბის მოხსნა კი გაცილებით რთულია. და თუ ეს ხერხდება, მაშინ გამოდის არა თამაში, არამედ ის, რასაც სცენაზე ცხოვრებას ეძახიან.

მაგრამ სირთულე აქ მხოლოდ მოჩვენებითია. სინამდვილეში, ფლობის გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ იოლია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ, რომ გადაიფერთხოთ ქანქარების მიერ თავსმოხვეული სტერეოტიპები და ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ აიღოთ და დაიჯეროთ თქვენი სულის უსაზღვრო შესაძლებლობების. ქანქარები ხელს ვერ შეგიშლიან, თუ სხვების გამოცდილებებს ზურგს აქცევთ თავად მისცემთ საკუთარ თავს ნებას, რომ ვარსკვლავი იყოთ. მათ მხოლოდ შეუძლიათ, რომ შთაგაგონონ დამთრგუნველი აზრები: „ვარსკვლავი ლამაზი უნდა იყოს, მე კი ლამაზი არ ვარ. ვარსკვლავმა კარგად უნდა იმღეროს, იცეკვოს, ითამაშოს, მე კი ასე არ შემიძლია. ვარსკვლავს ნიჭი უნდა ჰქონდეს, მე კი ის არ გამაჩნია. არ გამომივა. უნდა ვნახო, სხვები როგორ აკეთებენ ამას“. მართლაც, დააკვირდით ესტრადის, მეცნიერების, სპორტის, ბიზნესის და ა.შ. ვარსკვლავებს. მრავალი მათგანი, თუ ყველა არა, საერთოდ არ აკმაყოფილებს საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს და წარმოდგენებს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ვარსკვლავი. ყველა ვარსკვლავს გააჩნია უამრავი ნაკლოვანება, რომლებსაც ნებისმიერი ღირსების დაჩრდილვა შეუძლია. მაგალითად, ამას გრძელი ცხვირი აქვს, მაგრამ მზეთუნახავად თვლიან. იმას ხმა საერთოდ არ აქვს, მაგრამ მისი სიმღერით ყველა აღტაცებულია. ამას არანაირი მსახიობური მონაცემები არ გააჩნია, ყველა რეჟისორი იშორებდა, მაგრამ მაინც მოახერხა ვარსკვლავობა. ეს პატარა და მსუქანია, რის გამო უყვართ ასე ქალებს? ის საერთოდ არაფერს წარმოადგენს, და რას პოულობენ მასში? და ეს უბრალო ადამიანი, ნუთუ სწორედ ისაა?

ხომ ვამბობდი, რომ ინდივიდუალობა წარმოადგენს გამონაკლისს, რომელიც ადასტურებს წესს: „აკეთე, როგორც მე“. წესი სტერეოტიპებს ქმნის. ვარსკვლავი წესს არღვევს და ქანქარები იძულებულნი არიან აღიარონ, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, მაგრამ სტერეოტიპები მაინც ძალაში რჩება. ამრიგად, ყველა ვარსკვლავი განსაკუთრებულ შეთხვევას წარმოადგენს. და თქვენი შემთხვევაც გამონაკლისი იქნება საყოველთაოდ მირებული სტერეოტიპებიდან.

თქვენ შეიძლება კარგად დაყენებული ხმით იმღეროთ და ცნობილი ვერასოდეს გახდეთ. ან შეგიძლიათ უბრალოდ საზიზღრად იმღეროთ, მაგრამ თავისებური მანერით, რომლითაც ყველა აღტაცებული იქნება. თქვენ შესაძლოა ბრწყინვალე ინტელექტუალური უნარებს ფლობდეთ, და მაინც ვერაფერს მიაღწიოთ. ან შეიძლება საცოდავი სამოსანი იყოთ, მაგრამ ჯიუტად მიაწვეთ თქვენს ბოდვით იდეებს, და საბოლოოდ ბრწყინვალე აღმოჩენა გააკეთოთ. თქვენ შესაძლოა უზადო ფიზიკური მონაცემები გქონდეთ, მაგრამ სპორტის ვარსკვლავი მაიონც ვერ გახდეთ. ან შეიძლება დაარღვიოთ საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპები, მოედანზე ყველასთვის მოულოდნელი მანერით ითამაშოთ და გამარჯვებული აღმოჩნდეთ. მე არ გავაგრძელებ სტერეოტიპების მსხვრევის სიას. პრინციპი თქვენთვის გასაგებია. იქონიეთ სიმამაცე, რომ გონება თქვენი უნიკალური და განუმეორებელი სულისკენ მიმართოთ. ნუ შეგეშინდებათ ქანქარების სტერეოტიპების დამსხვრევის.

ოღონდ ნუ წამოეგებით ქანქარების სხვა სატყუარაზე. მათ შესაძლოა თქვენი პროვოცირება მოახდინონ იმაზე, რომ სხვის მიზანს გაეკიდოთ, რომელიც პირადად თქვენ არაფერს მოგიტანთ, გარდა იმედგაცრუებებისა. რისთვის გჭირდებათ სხვისი მიზანი? მოუსმინეთ საკუთარ სულს და არა გონებას. სულმა უკეთ იცის, სად შეძლებთ საკუთარი თავის ვარსკვლავად გამოვლინებას.

ქანქარების სამყაროში მოქმედებს კანონი: ფავორიტები მხოლოდ ერთეულები ხდებიან, ყველა დანარჩენმა რიგითი მიმდევრების ფუნქცია უნდა შეასრულოს და სისტემის დაწესებულ კანონებს უნდა დაემორჩილოს. ტრანსერფინგს არ შეუძლია ამ კანონის დარღვევა, მაგრამ იგი შეძლებს, რომ კონკრეტულად თქვენთვის გატეხოს კანონი, თუკი მოისურვებთ. ქანქარები იძულებულნი იქნებიან, რომ ფავორიტების სიაში ჩაგრიცხონ, თუკი საკუთარი სულის უნიკალურ თვისებებს გამოიყენებთ.


 

angel

მფარველი ანგელოზი

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ადამიანის სულს ამ ცხოვრებაში მისი მფარველი ანგელოზი ეხმარება. თუ გჯერათ თქვენი მფარველი ანგელოზის, ძალიან კარგი. ეს ნიშნავს, რომ ის არსებობს. თქვენ ფიქრობთ მასზე, იმედი გაქვთ მისი, მადლიერი ხართ და ეს აზრები მას რეალურად აქცევენ, ეჭვიც არ შეგეპაროთ. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია. თუ ასე უფრო მოსახერხებელია თქვენთვის, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი აზრები დამოუკიდებელ ენერგო-ინფორმაციულ არსებას ქმნიან. რაც უფრო გულწრფელად გეყვარებათ და მადლიერებას გაუგზავნით ყოველ წვრილმანზე, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი ანგელოზი და მით უფრო მეტად დაგეხმარებათ. საბოლოო ჯამში, არც ისე მნიშვნელოვანია - თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს იგი, თუ თქვენი ფიქრებითაა შექმნილი.

და თუ ანგელოზის არ გჯერათ, ამაშიც არაფერია ცუდი. თუ ისედაც კომფორტულად ხართ, მაშინ ყველაფერი რიგზეა. ბოლოს და ბოლოს, რისიც გჯერა, იმას ღებულობ. თუმცა მე თქვენს ადგილზე მაინც დავიჯერებდი. იქნებ, ის მაინც არსებობს თქვენი რწმენისგან დამოუკიდებლად, უყვარხართ, ზრუნავს, როგორც შეუძლია, თქვენ კი დაივიწყეთ და მიატოვეთ. მას არ ჰყოფნის თქვენი სიყვარული, ეს კი ნიშნავს, რომ სუსტია, ენერგიის უკმარისობას განიცდის და არ ძალუძს თქვენი დახმარება. და ეს მაშინ, როცა აქეთ იქით ფანტავთ ენერგიას და დესტრუქციულ ქანქარებს აძლევთ. მათაც შეუძლიათ თქვენი დახმარება, მაგრამ მხოლოდ თავიანთი ინტერესების ფარგლებში. თქვენი პირადი კეთილდღეობა მათთვის არაფერს ნიშნავს. თქვენი მფარველი ანგელოზი კი მხოლოდ თქვენზე ზრუნავს.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით წარმოიდგინოთ იგი: ფრთებიანი ბავშვის სახით, ღრუბლის სახით, ფრინველის სახით - როგორც გაგიხარდებათ. ამას სრულიად არ აქვს მნიშვნელობა. თავის„ტავად ის არანაირად არ გამოიყურება. ეს თქვენ აძლევთ ფორმას თქვენს წარმოსახვაში. ამიტომ ისე წარმოიდგინეთ, როგორც უფრო კომფორტული იქნება. შეგიძლიათ საკუთარ სულთანაც კი გააიგივოთ. თუ ექსტრასენსორული უნარები გაქვთ, მასთან ურთიერთობასაც შეძლებთ. ხოლო თუ არა, არ იდარდოთ, ის თვითონ იპოვის საშუალებას, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენოთ. მთავარია - არასოდეს განაწყენდეთ მასზე, და მითუმეტეს არ გაბრაზდეთ. მან უკეთ იცის, რისგან უნდა დაგიცვათ და საით წაგიყვანოთ, რადგანაც მასთან შედარებით თქვენ ბრმა კნუტი ხართ. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა საფრთხეებისგან ცდილობს იგი თქვენს დაცვას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

არსებობს ასეთი იგავი ადამიანზე, რომელიც ცაში ღმერთს შეხვდა. ღმერთმა ადამიანს მთელი მისი ცხოვრებისეული გზა აჩვენა, სადაც ნაკვალევზე ჩანდა, რომ ღმერთი გამუდმებით ადამიანთან ერთად მიდიოდა. მაგრამ აქ ადამიანმა თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდები დაინახა, იქ კი მხოლოდ ერთის ნაფეხურები იყო. მაშინ ღმერთს საყვედურით მიმართა: „ღმერთო, როცა მიჭირდა, მიმატოვე!“ რაზეც ღმერთმა უპასუხა: „ცდები, იქ შენი ნაფეხურები არაა, იმ დროს ხელით გატარებდი“.

მფარველი ანგელოზის როლის გადაფასება რთულია. უკვე იმის გაცნობიერებაც კი, რომ არსებობს არსება, რომელიც თქვენზე ზრუნავს, და თავისი ძალების ფარგლებში გიცავთ, თავდაჯერების დამატებით ბალანსს იძლევა. ხოლო თავდაჯერება, რომელიც სიმშვიდეს წარმოშობს, ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. თუ მარტოსულად გრძნობთ თავს, შეგიძლიათ ანგელოზთან გაიზიაროთ თქვენი მარტოობა. თუ მწუხარება ან სიხარული გეწვიათ, ამის გაზიარებაც შეგიძლიათ. მაგრამ მფარველ ანგელოზს კიდევ ერთი საოცარი თვისება აქვს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: თქვენგან განსხვავებით იგი არ ექვემდებარება წონასწორული ძალების ზეგავლენას.

თუ თქვენი წარმატებები გახარებთ, ამ დროს საკუთარ თავს აქებთ, ამაყობთ საკუთარი თავით. ეს კარგია. ჯობია ზედმეტად შეაქოთ საკუთარი თავი, ვიდრე ლანძღოთ. ცუდი ისაა, რომ ამ დროს იქმნება თუმც კი მცირე, მაგრამ ჭარბი პოტენციალი. ასე რომ წონასწორული ძალები სულის ზეიმს ჩაგიშხამებენ. საკუთარ თავს შეაქებთ, და შემდეგ შეცდომას დაუშვებთ ან უსიამოვნებას მიიღებთ. რა გამოდის, საკუთარი წარმატებების გამო გახარების უნდა გვეშინოდეს?

არსებობს ერთი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დავტკბეთ სიხარულით და სიამაყით ისე, რომ ამ დროს ჭარბი პოტენციალი არ შევქმნათ. გაუზიარეთ თქვენი სიხარული და სიამაყე თქვენს მფარველ ანგელოზს. ის ის ხომ გეხმარებოდათ, ზრუნავდა თქვენზე. ისიც იმსახურებს ქებას და მადლიერებას. როცა საკუთარი წარმატებები გიხარიათ და ამაყობთ, გაიხსენეთ ანგელოზი და მასთან ერთად გაიხარეთ. ესაუბრეთ მას. მიეცით თქვენი შექება და მადლიერება. ჯობია უფრო ის აქოთ, ვიდრე საკუთარი თავი. თავს ნუ მოაჩვენებთ, გულწრფელად მიეცით თქვენი უფლება ჯილდოზე. თქვენ ამით არაფერს კარგავთ, თქვენი უკვე მიიღეთ, ახლა კი შეაქეთ და მადლობა გადაუხადეთ ანგელოზს.

იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენი წარმატება - მისი დამსახურებაა. რა ხდება ამ დროს? სიამაყის თქვენი ჭარბი პოტენციალი გაიწოვება. და ამავე დროს საფრთხის გარეშე იტოვებთ თქვენში ადგილს სულის ზეიმისთვის. გაიხარეთ თქვენს გემოზე. სიხარული თქვენთვის დაიტოვეთ, სიამაყე კი ანგელოზს მიეცით. თქვენთვის ხომ ისედაც ცხადია, რომ დამსახურებას ვერავინ წაგართმევთ.

იმის ნაცვლად, რომ სიამაყის ჭარბი პოტენციალი შექმნათ, ან თქვენთვის ბედნიერების მომტან ქანქარას გადაუხადოთ მადლობა, ჯობია ჯილდო და მადლიერება თქვენს ანგელოზს გადასცეთ. თქვენი ანგელოზი არ გთხოვთ ენერგიას, მაგრამ სჭირდება იგი. თუ თვლით, რომ ქანქარა დაგეხმარათ, შეგიძლიათ მასაც გადაუხადოთ მადლობა, ეს არავის დააზიანებს. მაგრამ ქანქარა ყოველთვის ისედაც მიიღებს თქვენგან თავის წილ ენერგიას. ის არასოდეს არაფერს იძლევა მუქთად. მხოლოდ ნუ დაივიწყებთ თქვენს ანგელოზს. გამუდმებით შეახსენეთ მას, რომ მადლიერი ხართ და გიყვართ იგი. იგი უფრო გაძლიერდება და ათმაგად გადაგიხდით.


 

galia

ფუტლიარი სულისთვის

თქვენი სული ამ სამყაროში ნდობითა და იმედებით აღსავსე, ფართოდ გახელილი თვალებით მოვიდა. მაგრამ ქანქარებმა მაშინვე ხელთ იგდეს იგი, შთააგონეს რა, რომ აქ მას არავინ ელოდებოდა, რომ მისი მოსვლა არ უხარიათ, და ბინძური და მძიმე სამუშაო უნდა შეასრულოს ლუკმა პურისთვის. რა თქმა უნდა, ყველა არ იბადება სიღარიბეში, მაგრამ მდიდრებს თავისი პრობლემები აქვთ, ოღონდ სხვა ხასიათის. ქანქარების სამყაროში მდიდრები არანაკლებ იტანჯებიან, ვიდრე ღარიბები.

თქვენი სული მატერიალურ სამყაროში იმისთვის არ მოსულა, რომ იტანჯოს. მაგრამ ქანქარებს აწყობთ, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა ნორმა იყოს. როგორც იცით, ქანქარა, რომელიც წარმოშობილია ადამიანთა ჯგუფის საერთო აზრებითა და ქმედებებით, დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას ენერგო-ინფორმაციული არსების სახით. ენერგო-ინფორმაციული გაცვლის საშუალებით იგი თავის ნებას უქვემდებარებს მიმდევრებს და აიძულებს მათ, რომ თავისი ინტერესების შესაბამისად აფიქროს და ამოქმედოს. ადამიანები ქანქარას აძლევენ ენერგიას, როცა გამოხატავენ უკმაყოფილებას, გაღიზიანებას, რისხვას, შფოთვას, შიშს, და ასევე როცა ქანქარების ბრძოლაში მონაწილეობენ.

ჩვენ მივეჩვიეთ ვიცხოვროთ ქანქარების ამ სამყაროში, სადაც დათრგუნვა, მტრობა, ომები და კონკურენციის მრავალი სხვა ურთიერთობა ნორმად ითვლება. თავში არც კი მოგვდის, რომ ეს ყველაფერი არანორმალურია, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო. შეხედეთ ამ სამყაროს ქანქარების მოდელის თვალთახედვით, გაიხსენეთ ენერგიის მათი გაუმაძღარი წყურვილის გამოვლინებები, და წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა სამყარო, ის რომ ქანქარებისგან თავისუფალი ყოფილიყო. თუ არ არის ენერგო-ინფორმაციული მიმოცვლა, ეს ნიშნავს, რომ არ არიან სტრუქტურები, რომლებიც ცდილობენ სხვისი ენერგიის მითვისებას და კონკურენციის წარმოშობას. ამის წარმოდგენა ძნელია, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ სამყაროში ძალიან ბევრი ბედნიერება იქნებოდა ძალიან ცოტა ტანჯვა. ასეთ სამყაროში ბუნებრივი რესურსები და შესაძლებლობები ყველას ეყოფოდა.

ჩვენ შთაგვაგონეს, რომ გადარჩენისთვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა აუცილებელ და ნორმალურ პროცესს წარმოადგენს, და ისინი ცხოვრების განვითარებას უწყობენ ხელს. მართალია, ასეთი პროცესები ნამდვილად უწყობენ ხელს აგრესიული ტიპის სამყაროს განვითარებას. თუმცაღა ბუნებრივი გადარჩევა სულაც არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას ცხოვრების განვითარებისთვის. ცხოვრება შეიძლება განვითარდეს სხვა, უფრო ჰუმანური კანონებითაც.

ბუნებრივი გადარჩევა ქანქარების სამყაროში ხდება ნეგატიური სცენარით, რომლის შესაბამისადაც იღუპება ის, ვინც ცუდადაა. გადარჩევა მოქმედებს დათრგუნვისა და განადგურების მეთოდით. და არ დაგბადებიათ აზრი, რომ შეიძლება იყოს სხვა, პოზიტიური სცენარი? ასეთი სცენარის შესაბამისად გადარჩება ის, ვინც კარგადაა. ეს ორი სცენარი თავისი მიმართულებით ზუსტად ისევე განსხვავდება, როგორც ნეგატივი განსხვავდება პოზიტივისგან. შეგიძიათ შემეკამათოთ, რომ ბუნებრივ გადარჩევაში ერთი სცენარიც მოქმედებს და მეორეც. მაგრამ მაინც, უპირატესად სწორედ ნეგატივი ჭარბობს: იღუპება ის, ვინც ცუდადაა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანთა სამყაროში ქანქარებმა კიდევ უფრო სასტიკი წესრიგი დაამყარეს, ვიდრე ბუნებაში.

გადარჩენისთვის ბრძოლა ბუნებაში არ ატარებს ასეთ სასტიკ და აგრესიულ ხასიათს, როგორც ადამიანებში. ადამიანთა ქანქარები ბუნებრივ ქანქარებზე ბევრად აგრესიულები და ძლიერები არიან. ის ფაქტი, რომ ბუნებაში ყოველთვის ვიღაცა ვიღაცას ჭამს, არ ნიშნავს, რომ იქ გამუდმებული ომია. ლომი ძროხას სწორედ ისევე ჭამს, როგორც ძროხა ბალახს. ცხოველებს და მცენარეებს წარმოდგენა არ აქვთ მნიშვნელოვანობაზე, ამიტომ წონასწორობა არ ირღვევა. მნიშვნელოვანობა - ესაა თვისება, რომელიც მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. აკვირდება რა ბუნებრივ მოვლენებს მნიშვნელოვანობის სამრეკლოდან, ადამიანი ახდენს ცოცხალი ორგანიზმების ნორმალური თანაცხოვრების ინტერპრეტირებას, როგორც სასტიკ ბრძოლას.

ტერიტორიისთვის ან პარტნიორებისთვის ბრძოლაც კი ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში მინიმალურ ხასიათს ატარებს ადამიანებს შორის გამუდმებულ ომებთან შედარებით. ცხოველები ძალიან იშვიათად აყენებენ ერთმანეთს სხეულებრივ დაზიანებებს, თუ ეს ნადირობა არაა. უმეტეს შემთხვევაში ნებისმიერი კამათი იმის სასარგებლოდ წყდება, ვინც უფრო ხმამაღლა დაიღრიალებს ან უფრო საშიშად დააღრჭენს ეშვებს. და თუ მაინც იღვრება სისხლი, რას იზამ - მძიმე ტორები აქვთ. ისეთი გრძნობები, როგორიცაა სიბოროტე და სიძულვილი, ცხოველებს არ ახასიათებთ. სიმამაცე და სიმხდალეც არ აქვთ - მათ აქვთ მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი. მამაცი მგლები და მხდალი კურდღლები მხოლოდ ადამიანების წარმოსახვაში არსებობენ.

ჩვენ ვერანაირად ვერ შევცვლით ამ სამყაროს. იძულებულნი ვართ შევეგუოთ იმას, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული. ბევრი შეზღუდვა და პირობითობა ფაქტიურად ფუტლიარში კეტავს სულს. ქანქარებით შეპყრობილი გონება სულის ბადრაგი ხდება და საშუალებას არ აძლევს მას, რომ თავისი უნარების რეალიზება მოახდინოს. ადამიანი უბრალოდ იძულებულია, რომ ისე მოიქცეს, როგორც ამას ქანქარების სამყარო ითხოვს: გამოხატოს უკმაყოფილება, გაღიზიანდეს, დაფრთხეს, შეეჯიბროს, იბრძოლოს. ადამიანის ქცევა და აზრები განპირობებულია მისი ქანქარებზე დამოკიდებულობით. როგორც წინა თავებიდან დარწმუნდით, ასეთი განპირობებულობა ენერგიას ართმევს ადამიანს, მის წინააღმდეგ წონასწორულ ძალებს განაწყობს და ცრუ მიზნებისკენ მიჰყავს. და ამ ყველაფერთან ერთად, გარეგანი განზრახვა მუშაობს, როგორც ყველაზე ცუდი მოლოდინების რეალიზაცია. ადამიანი მოხარული იქნებოდა, რომ განპირობებულობისგან და დამოკიდებულობისგან განთავისუფლებულიყო, მაგრამ არ იცის, როგორ.

ახლა თქვენთვის ცნობილია, რომ ქანქარების ძალაუფლება მნიშვნელოვანობაზე და გაუცნებიერებლობაზე დგას. ადამიანი გაუცნობიერებლად რეაგირებს ქანქარების პროვოკაციებზე. იგი მექანიკურად ემორჩილება შფოთვას, შიშს, გაღიზიანებას, ჩვევისამებრ გამოხატავს უკმაყოფილებას და ბრაზობს, მას ადვილად იპყრობს სასოწარკვეთილება, წინააღმდეგობები აიძულებენ, რომ მთელი ძალები დაძაბონ. ადამიანი ცხოვრობს როგორც სიზმარში,ემორჩილება რა ქანქარების მიერ თავსმოხვეულ სცენარებს. იგი ვერ აცნობიერებს, რომ სცენარის თავისი კონტროლის ქვეშ დაქვემდებარება შეუძლია. ეჩვენება, რომ მასზე ცოტაა დამოკიდებული. მნიშვნელოვანობა ქანქარების ბრძოლაში რთავს ადამიანს, გაუცნობიერებლობა კი უკანასკნელ შესაძლებლობას ართმევს, რომ რაღაცნაირად სცენარზე იმოქმედოს. თამაში ქანქარების წესებით წარიმართება.

როგორც ხედავთ, მე ბევრჯერ მიხდება ერთი და იგივეს გამეორება, რადგან მიუხედავად მთელი სიცხადისა, ძნელია ყველა ამ მსჯელობის გააზრება და შეგრძნება. თქვენს ცნობიერებაში იმდენად ღრმად გაიდგა ფესვები ქანქარების მიერ ფორმირებულმა ჩვეულმა მსოფლმხედველობამ. თქვენ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ განპირობებულობის ფუტლიარს, თუკი ტრანსერფინგის პრინციპებით იხელმძღვანელებთ. ქანქარების ძალაუფლება დიდია, მაგრამ ისინი ხელს ვერ შეგიშლიან, თუ მნიშვნელოვანობაზე უარს იტყვით და გაცნობიერებულად გამოიყენებთ თქვენს უფლებას - აირჩიოთ და განსაზღვროთ თქვენი სცენარი.

ქანქარებს აწყობთ, რომ კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ. ისინი ცალსახად თავიანთ მიზნებს მიჰყვებიან, თქვენ კი მათთვის მხოლოდ ინსტრუმენტი, საშუალება და მარიონეტი ხართ. თქვენი სული ამ სამყაროში ისე მოვიდა, როგორც ზეიმზე, მაშ, მიეცით საკუთარ თავს ამის უფლება. მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მთელ ცხოვრებას თქვენთვის უცხო ქანქარებისთვის მუშაობაზე დახარჯავთ თუ თქვენთვის, საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრებთ. თუ ზეიმს ირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა განთავისუფლდეთ თქვენი დამთრგუნველი ქანქარებისგან, უნდა იპოვოთ თქვენი მიზანი და თქვენი კარი.

თქვენმა გონებამ უნდა შეიგნოს, რომ ვალდებული არ ხართ - დესტრუქციული ქანქარების ჭკუაზე იაროთ. გააერთიანეთ გონება სულთან და ყველაფერს მიიღებთ, რაც თქვენს სულს გაუხარდება - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. საჭიროა მხოლოდ, რომ განთავისუფლდეთ ქანქარებისგან და აღმოფხვრათ უითანხმოება სულსა და გონებას შორის. მიეცით თავს ფუფუნება, რომ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი იყოთ.

თუ თქვენ შთაგაგონებენ, რომ რაიმეს ან ვინმეს გამო უნდა იშრომოთ, არ დაიჯეროთ. თუ თქვენ გიმტკიცებენ, რომ ამქვეყნად ყველაფერი შეუპოვარი შრომით მოიპოვება, არ დაიჯეროთ. თუ ცდილობენ, რომ თავს მოგახვიონ სასტიკი ბრძოლა მზისქვეშეთისთვის, არ დაიჯეროთ. თუ ცდილობენ, რომ თქვენი ადგილი მიგიჩინონ, არ დაიჯეროთ. თუ ცდილობენ, რომ ჩაგრთონ სექტაში, ან საზოგადოებაში, სადაც საჭიროა „თქვენი წვლილი საერთო საქმეში“, არ დაიჯეროთ. თუ გეუბნებიან, რომ სიღარიბეში დაიბადეთ, ამიტომ ასე უნდა გაატაროთ მთელი ცხოვრება, არ დაიჯეროთ. თუ შთაგაგონებენ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, არ დაიჯეროთ.

თქვენ დარწმუნდებით, რომ ქანქარები ასე ადვილად არ შეგეშვებიან. როგორც კი გაგიჩნდებათ ფლობის გადაწყვეტილების ჩანასახები, ქანქარები ისეთ სიტუაციას მოგიწყობენ, რომელშიც ეცდებიან მიგახვედრონ, რომ თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. როგორც კი იგრძნობთ, რომ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ და განსაზღვროთ თამაშის სცენარი, ქანქარები შეეცდებიან, რომ გეგმები ჩაგიშალონ. როგორც კი სიმშვიდეს და თავდაჯერებას იგრძნობთ, ქანქარები შეეცდებიან, რომ წამოგიკიდონ. არ წამოეგოთ პროვოკაციებზე და არ მისცეთ საშუალება, რომ წონასწორობიდან გამოგიყვანონ. გეჭიროთ თქვენი მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზე და იმოქმედეთ გაცნობიერებულად. თქვენგან მოითხოვება არა ძალისხმევა ან მედეგობა, არამედ მხოლოდ გაცნობიერებული განზრახვა - ნულზე გეკავოთ მნიშვნელოვანობა.

ამ თამაშში თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული. ქანქარების შესაძლებლობები შეზღუდულია მხოლოდ თქვენი მნიშვნელოვანობის და გაცნობიერებულობის დონით. გახსოვდეთ: თუ მე ცარიელი ვარ, ქანქარა ვერაფერზე მომეჭიდება, თუ თამაშის აზრს ვაცნობიერებ, ქანქარები თავს ვერ მომახვევენ სცენარს. თუ ქანქარებმა მოახერხეს, რომ იმედები გაეცრუებინათ თქვენთვის, გაებრაზებინეთ, წონასწორობიდან გამოეყვანეთ, ეს ნიშნავს, რომ უკან უნდა მოიხედოთ და გააცნობიეროთ - რაში ასწიეთ მნიშვნელოვანობის დონე.

შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება იმისადმი, რამაც წონასწორობიდან გამოგიყვანათ. უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი მნიშვნელოვანობა თქვენ კი არა, ქანქარებს სჭირდებათ. სულის ფუტლიარი თქვენი მნიშვნელოვანობისგანაა მოქსოვილი. ნურაფერს მიანიჭებთ ჭარბად ზედმეტ მნიშვნელობას. უბრალოდ მშვიდად და დაჟინების გარეშე აიღეთ თქვენი. თუ რამე ჯერ არ გეძლევათ, ამასაც ნუ მიანიჭებთ მნიშვნელობას - ქანქარები მხოლოდ იმას ელიან, რომ სულით დაეცემით. თუ რაღაცამ გაგაბრაზათ, დააგდეთ მნიშვნელოვანობა. თავს ანგარიში გაუწიეთ, რომ ეს მხოლოდ ქანქარების თამაშია. სწორედ თამაში, და არა ბრძოლა, რადგანაც არსობრივად ქანქარების თიხის კერპებს ჰგვანან.

ეს თამაში სასტიკია, და თქვენს სისუსტეზეა გათვლილი. როგორც კი მნიშვნელოვანობის სისუსტეს გამოავლენთ, მაშინვე წააგებთ. მაგრამ თუ მნიშვნელოვანობა ნულზეა, ქანქარები თქვენს სიცარიელეში ვარდებიან. თიხის კერპები დაიმსხვრევიან. ძალას სწორედ იმის გაცნობიერებიდან აიღებთ, რომ თამაშის წესები გესმით. როგორც კი შეამჩნიეთ, რომ ქანქარა თქვენს გამოჭერას და წონასწორობიდან გამოყვანას ცდილობს, გაიღიმეთ თქვენთვის და მაშინვე გადააგდეთ მნიშვნელოვანობა. თანდათანობით ეს ჩვევაში შევა. აი, მაშინ იგრძნობთ თქვენს ძალას და მიხვდებით, რომ თავად შეგიძლიათ თამაშის სცენარის განსაზღვრა. მოიპოვებთ რა თავისუფლებას ქანქარებთან ბრძოლაში, თქვენ მიიღებთ არჩევანის თავისუფლებას.


 

kid111

ფრეილე

აქამდე ჩვენ ვსაუბობდით იმაზე, რომ ვარიანტთა სივრცის სექტორები გარკვეულ მახასიათებლებს - პარამეტრებს ფლობენ. სიმარტივისთვის შევთანხმდით, რომ ამ მახასიათებლებს სიხშირეობრივი ვუწოდოთ. თუ თქვენი აზრობრივი გამოსხივების სიხშირე, სულისა და გონების ერთიანობის პირობით, გარკვეული სექტორის სიხშირეს ემთხვევა, მაშინ გარეგანი განზრახვის ძალა გადასვლას ანხორციელებს. სხვა სიტყვებით, მოცემული სექტორის სცენარი და დეკორაცია თქვენი სამყაროს შრეში მატერიალიზდება.

ყოველი ადამიანის სული ასევე ფლობს პარამეტრთა განუმეორებელ ინდივიდუალურ ნაკრებს - სულის ფრეილეს. კვლავაც, მოდელის სიმარტივისთვის შევთანხმდეთ, რომ ადამიანის სულის ფრეილე მის მახასიათებელ სიხშირედ ჩავთვალოთ. ერთი ადამიანის ფრეილე მეორესგან ისევე განსხვავდება, როგორც განსხვავდებიან ფიფქების ფორმები, რომლებიც განუმეორებელნი არიან. ფრეილე წარმოადგენს ადამიანის სულის ინდივიდუალური არსის მახასიათებელს.

ამ განსაზღვრებაში უფრო მეტად ჩაღრმავებას აზრი არ აქვს. მხოლოდ შეგვიძლია ვიმკითხავოთ, რადგან ფრეილე ცხადად არ ვლინდება - იგი გონების ნიღბის ქვეშაა დაფარულიო, რომელსაც ასე თუ ისე ყოველი ადამიანი ატარებს. უდავოა მხოლოდ ის, რომ ინდივიდუალური და განუმეორებელი არსი ყოველ ადამიანს გააჩნია. თქვენ შეგიძლიათ აღწეროთ ხასიათი, ჩვევები, მანერები, ნაცნობი ადამიანის სახე, მაგრამ ყველა ამ მახასიათებლის უკან დგას ერთი ინტეგრალური ხატ-სახე, რომელიც თქვენთვის უსიტყვოდაც გასაგებია. სწორედ ამ ინდივიდუალურ არსებას, რომელიც თქვენთვის უსიტყვოდაა გასაგები, ვუწოდებთ კიდეც ფრეილეს.

თქვენ ალბათ შეგხვედრიან ადამიანები, რომლებიც ამოუხსნელ მომხივბლელობას ფლობენ. რაც საოცარია, მათ შესაძლოა არამიმზიდველი გარეგნობაც კი ჰქონდეთ. თუმცაღა, როგორც კი ასეთი ადამიანი დაილაპარაკებს, თქვენ მაშინვე ივიწყებთ მის ფიზიკურ ნაკლოვანებებს და მთლიანად ექცევის მისი ხიბლის გავლენის ქვეშ. მაგრამ კითხვა, თუ რაში მდგომარეობს მომხიბვლელობის საიდუმლო, მხოლოდ შეგვიძლია ჩურჩულით ვთქვათ: „მასში არის რაღაც“, სხვა ახსნა არ მოიძებნება. ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათად გვხვდებიან. თუ ისინი თქვენს გარემოცვაში არ არიან, ეძებეთ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს შორის. ასეთი პიროვნებების განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს განსაკუთრებული სილამაზე და მომხიბვლელობა, რომელიც თითქოს სულის სიღრმიდან მოდის. ეს არაა თოჯინური სილამაზე. ამას მაშინვე განსაზღვრავთ. თოჯინური სილამაზე მხოლოდ გარეგნულად შეესაბამება დადგენილი სტანდარტების მოთხოვნებს.

ამგვარად, ფრეილეს თვალსაზრისით, მომხიბვლელი სილამაზის საიდუმლო მდგომარეობს არა იმაში, რომ ადამიანი სულიერ სილამაზეს ან რაიმე განსაკუთრებულ სულიერ თვისებებს ფლობს. თქვენ მოგიწევთ, რომ მიიღოთ (ან თუ არ გსურთ არ მიიღოთ) ტრანსერფინგის კიდევ ერთი პარადოქსული დასკვნა: ეგრეთ წოდებული სულიერი სილამაზე არ არსებობს, არამედ არსებობს მხოლოდ სულისა და გონების ურთიერთობათა ჰარმონია.

თუ ადამიანს თვითონ არ უყვარს საკუთარი თავი, უკმაყოფილოა საკუთარი თავით, არასაყვარელ საქმეს აკეთებს, თუკი მისი გონება სულისგან გახლეჩილია, მაშინ მას ვერ ექნება მომხიბვლელი სილამაზე. სულისა და გონების ნებისმიერი კონფლიქტი ადამიანის გარეგნობასა და ხასიათზე აისახება. ხოლო თუ ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით, უყვარს საკუთარი თავი, სიამოვნებით ცხოვრობს, საყვარელ საქმეს აკეთებს, მაშინ მისგან თითქოს შინაგანი სინათლე ასხივებს. ეს ნიშნავს, რომ გონება სულის ფრეილეზე გადაეწყო.

სულისა და გონების ერთიანობა ადამიანის აზრობრივ ენერგიას გარეგანი განზრახვის ბუნებასთან აიგივებს. საკუთარი თავით კმაყოფილება, ან სულისა და გონების ურთიერთობის ჰარმონია, ასევე წარმოშობს რაღაც ამდაგვარს. სულიერი კომფორტი შინაგან სინათლეს ანთებს, რომელიც სულს მის ჭეშმარიტ ბუნებას ახსენებს, ამიტომ ჰარმონიის სილამაზე ადამიანების მიერ მომხიბვლელობად, ანუ სულიერ სილამაზედ აღიქმება. ასეთი სილამაზე ფარულ შურსაც კი აღძრავს: „როგორ ანათებ ასე?“

სული კომფორტს განიცდის, როცა გონება თავის ფუტლიარში არ ახრჩობს მას, არამედ უფრთხილდება, როგორც ვარდს ორანჟერიაში, ზრუნავს მასზე და საშუალებას აძლევს ყვავილის ყოველ ფურცელს, რომ თავისუფლად გაიფურჩნოს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რომელსაც ბედნირებას უწოდებენ.

ფრეილე ვლინდება ჰობის, გატაცებების, იმ ყველაფრის სახით, რაც სიყვარულით და ინტერესით კეთდება. ხშირად ფრეილეს სიმები დდი ხნის განმავლობაში მდუმარებაში იმყოფებიან. ზოგჯერ ხდება, რომ რაღაც ნიშანი აიძულებს რომელიმე სიმს - გაიჟღეროს. ეს შეიძლება იყოს თითქოს სასხვათაშორისოდ ნასროლი შენიშვნა, რომელიც რატომღაც სულში გხვდება. ან რაღაც ნანახი, რაც სულს რაღაც განსაკუთრებული მაგნეტიზმით იზიდავს. ბუნდოვნად გაცნობიერებადი მისწრაფება მალე კვლავ და კვლავ ავლენს თავს. ამ დროს სულის გარეგანი განზრახვა მუშაობს. მაგრამ რადგანაც ეს სულის ბუნდოვანი მისწრაფებაა, გარეგანი განზრახვაც არამიზანმიმართულად მუშაობს. აუცილებელია მივაყურადოთ სულის კარნახს, რათა გონებით დავიჭიროთ იგი. მაშინ შეგვიძლია დავიჭიროთ გარეგანი განზრახვა და სწრაფად მივიღოთ სასურველი.

რა უშლის ხელს გონებას სულთან ურთიერთობის დალაგებაში? კვლავ იგივე მნიშვნელოვანობა და კვლავ იგივე ძველი ნაცნობები - ქანქარები. ქანქარები ადამიანებს თავს ახვევენ ცრუ მიზნებსა და ფასეულობებს. როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, სწორედ ქანქარები აწესებენ სილამაზის, წარმატებისა და კეთილდღეობის სტანდარტებს. შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა აიძულებს ადამიანს, რომ თავი ამ სტანდარტებს შეადაროს. ბუნებრივია, გონება მრავალ ნაკლოვანებას პოულობს და იწყებს საკუთარი თავის, და შესაბამისად სულის აქტიურად სიძულვილს. იგი ყველა შესაძლო ნიღაბს ირგებს და ცდილობს, რომ ფრეილე დადგენილ სტანდარტებში ჩასვას. როგორც წესი, არაფერი კარგი აქედან არ გამოდის. შედეგად, სულისა და გონების განხეთქილება კიდევ უფრო ღრმავდება. რაღა სულიერ კომფორტზეა ლაპარაკი! გონება თავის ვარდს მხოლოდ საყვედურებით და უკმაყოფილებებით რწყავს, და ისიც უფრო და უფრო ხმება.

თქვენ შეგიძლიათ ყველგან დააკვირდეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების ქვეშ ადაპტირდნენ. ეს ყოველთვის უხერხული გამოდის და წარუმატებელ პაროდიას ემგვანება. თქვენ მათ უყურებთ და მაშინვე გასაგები ხდება, რომ ისინი მთელი ძალით ცდილობენ გამოწურონ საკუთარი თავიდან ის, რაც არ არსებობს. მაგალითად, გოგოები, რომლებიც უგემოვნო მაკიაჟით იფუჭებენ თავს. ან ისინი, რომლებსაც სიმღერა უყვართ და ამ დროს ხმა არ აქვთ. სინამდვილეში მათ მხოლოდ ეჩვენებათ, რომ სიმღერა უყვართ. სინამდვილეში უბრალოდ არ სურთ შეეგუონ იმას, რომ სიმღერა არ შეუძლიათ. გარდა ამისა, ცდილობენ ისე იმღერონ, როგორც ამას სხვები აკეთებენ.

გონება საგანძურის საძებნელად ყველგან წავა, ოღონდ არა საკუთარი სულისკენ. ქანქარები ხმამაღლა და მაცდურად უხმობენ, სული კი ჩუმად და მოკრძალებულად ცდილობს განაცხადოს თავისი უნარებისა და მიდრეკილებების შესახებ. გონება არ უსმენს სულს და ცდილობს,რ ომ ფრეილე გადააკეთოს. ბუნებრივია, არაფერი კარგი აქედან არ გამოვა. შედეგად, სული და გონება თანხმდებიან საკუთარი წარმოსახვითი არასრულყოფილების მიუღებლობაში. გარეგან განზრახვას დაუყოვნებლივ გადაჰყავს ადამიანი ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც მიუღებლობა კიდევ უფრო ღრმავდება, რადგანაც არასრულყოფილება პირდაპირი გაგებით მატერიალიზდება.

გონება თვლის, რომ თუ მაკორექტირებელ ნიღაბს გაიკეთებს, შეძლებს, რომ დადგენილ სტანდარტთან ადაპტირდება. როგორც ხვდებით, ეს მირაჟის დევნის უაზრო მცდელობაა. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ფრეილეს ძვირფასი უნიკალურობა გამოიყენოს, ადამიანი ბრმად ეხეთქება შუშას, მისდევს რა სხვის წარმატებას. მაგრამ ვარსკვლავის წარმატება სწორედ მისი გონების სულის ფრეილეზე განწყობით იბადება. მირაჟებზე მონადირეს არაფერი გამოსდის, და იგი საკუთარი თავით კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას იღებს. გამოხატავს რა საკუთარი თავით უკმაყოფილებას, ადამიანი ვერასოდეს ხვდება ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც იგი საკუთარი თავით კმაყოფილია. მისი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების სწორედ იმ ხაზებს აკმაყოფილებენ, რომლებშიც უკმაყოფილების მიზეზები კიდევ უფრო მეტი იქნება.

აი, რა უაზრო თამაშს ახვევენ ქანქარები თავს ადამიანს. მაგრამ ქანქარებისთვის ამ თამაშს ძალზე განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც უკმაყოფილება და დაუკმაყოფილებლობა - მათი საყვარელი ენერგეტიკული კერძებია.

როგორ განვაწყოთ გონება სულის ფრეილეზე? ერთადერთი საშუალებაა - დავარწმუნოთ გონება იმაში, რომ მისი სული ყველაზე პირველ რიგში იმსახურებს სიყვარულს. ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიყვაროს, შემდეგ კი სხვების ღიურსებებზე გაამახვილოს ყურადღება. ნუ აურევთ საკუთარი თავისადმი სიყვარულს თვითკმაყოფილებაში, ნარცისიზმში. ნარცისიზმი იბადება საკუთარი თავის სხვებზე მაღლა დაყენებით და წარმოშობს ძალიან სახიფათო ჭარბ პოტენციალს. გიყვარდეს საკუთარი თავი - ეს ნიშნავს გესმოდეს საკუთარი უნიკალურობა და მიიღო საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ, ყველა ნაკლოვანებით. თქვენს სიყვარულს საკუთარი თავისადმი არ უნდა ჰქონდეს არანაირი პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჭარბ პოტენციალად იქცევა. თქვენ უბრალოდ გიყვართ საკუთარი თავი და მორჩა. ნუთუ ამის ღირსი არ ხართ? თქვენ ხომ ერთი ჰყავხართ საკუთარ თავს.

თუ ადამიანი შორს წავიდა საკუთარ ფრეილესთან ბრძოლაში, მისთვის ძნელი იქნება ასე მარტივად აიღოს და შეიყვაროს საკუთარი თავი. „როგორ შემიძლია შევიყვარო საკუთარი თავი, მე ხომ იგი არ მომწონს!“ ნახეთ, როგორი პოზიცია აქვს გონებას: „მე მიყვარს საკუთარი თავი მხოლოდ მაშინ, როცა მომწონს იგი“. ეს სუფთა ჭარბი პოტენციალია, მომატებული შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობის წყალობით. გარეგანი მნიშვნელოვანობა იმაში მდგომარეობს, რომ ვიღაცის მიერ დადგენილი სტანდარტები ჩემთვის ურყევ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. მეტისმეტად ხომ არ ვაფასებ სხვის ღირსებებს? შინაგანი მნიშვნელოვანობა იმაში გამოიხატება, რომ საკუთარ თავს ვაიძულებ - სხვების სტანდარტებს გავყვე. და ვინ თქვა, რომ მათზე უარესი ვარ? მე, და მხოლოდ მე. მეტისმეტად დაქვეითაბული ხომ არაა ჩემი თვითშეფასება?

იმისთვის, რომ საკუთარუ თავი შეიყვაროთ, ჩამოაგდეთ ტახტიდან გარეგანი მნიშვნელოვანობა და შეწყვიტეთ სხვების სტანდარტების თაყვანისცემა. ვინ გიშლით ხელს, რომ თქვენი საკუთარი სტანდარტები შექმნათ? დაე, სხვებმა სდიონ თქვენს სტანდარტებს. გადააგდეთ მთელი შინაგანი მნიშვნელოვანობა და მიუშვით საკუთარი თავი. თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ სხვების სტანდარტებს შეესაბამებოდეთ და მიჰყვებოდეთ. საკუთარ თავს ანგარიში უნდა გაუწიოთ, რომ თქვენი მნიშვნელოვანობა თქვენ კი არა, ქანქარებს სჭირდებათ. როცა მთელი გონებით შეიყვარებთ თქვენს სულს, გარეგანი განზრახვა თავად გადაგიყვანთ ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც ბოლომდე კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით. თუ მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოგეწონებათ საკუთარი თავი, ამით შეძლებთ მოატყუოთ გარეგანი განზრახვა და გახსნათ ის ღირსებები, რომლებზეც არც კი ეჭვობდით. როცა თქვენი აზრობრივი ენერგია საკუთარი თავით კმაყოფილებას გამოასხივებს, გარეგანი განზრახვა აგიტაცებთ და იმ ხაზებზე გადაგიყვანთ, სადაც მართლაც გექნებათ საამაყო.

ერთ-ერთ მცნებაში ნათქვამია: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. ყველა რატომღაც ყურადღებას მოყვასის სიყვარულის აუცილებლობას აქცევს. მაგრამ მცნებაში იგულისხმება, რომ საკუთარი თავისადმი სიყვარული პირველადად არსებობს. მიატოვეთ ქანქარების მიერ თავსმოხვეული თამაში და დღეიდანვე დაიწყეთ საკუთარი თავის სიყვარული. იყიდეთ თქვენი საყვარელი ნუგბარი და მოიწყვეთ ზეიმი. მზრუნველად მოუარეთ საკუთარ თავს. ვიღაცამ შეიძლება ბოროტულად გააგრძელოს: „დანებდი შენს სისუსტეებს, მავნე ჩვევებს...“ ეს ქანქარების დემაგოგიაა, და მე არ ვთვლი საჭიროდ მათთან პოლემიკაში შესვლას. თქვენ თავადაც გესმით, რას ნიშნავს საკუთარი თავისადმი სიყვარული. ხოლო სისუსტეები და მავნე მიდრეკილებები ადამიანში სწორედ ქანქარების მიერაა ინდუცირებული.

არაა საჭირო გრაალის თასის სადღაც ჯუნგლებში ძებნა. წმინდა გრაალი თქვენში იმყოფება - ეს თქვენი სულის ფრეილეა.


 

prince

სულისა და გონების ერთობა

სული მოდის ამ სამყაროში და ნდობით იწვდის ბავშვურ ხელებს. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ სამყარო ქანქარების მიერაა შეპყრობილი, და ჯუნგლებად აქციეს იგი. ქანქარა მაშინვე ცდილობს შთააგონოს სულს, რომ მას აქ არავინ ელოდა, რომ ამ სამყაროში ყველამ უნდა იბრძოლოს მზის ქვეშ ადგილისთვის და ძღვენი უნდა გადაუხადოს ქანქარებს. გულუბრყვილო და უშუალო სულს მაშინვე ცდილობენ, რომ ადგილი მიუჩინონ. შთააგონებენ, რომ მისი სურვილები არავის აინტერესებს, რომ სამყაროში უფრო მეტი ტანჯვაა, ვიდრე სიხარული, რომ დღესასწაულები მხოლოდ დადგენილ დღეებშია, რომ ლუკმა პურისთვის შეუპოვრად უნდა იშრომო. მორჩა... ყურები დაბლა ეშვება, სასოწარკვეთილება ცრემლად იღვრება თვალებში. ან აღშფოთება იზრდება: ეს არასწორია! ეს უსამართლობაა! ისიც კი გეჩვენება, რომ არჩევანი შეიძლება მხოლოდ ერთი იყოს: ან მორჩილად მიყვე ქანქარების თავსმოხვეულ გზას, ან სასოწარკვეთილად იბრძოლო საკუთარის მოსაპოვებლად.

ადამიანის გონება დაპყრობილი ხდება ქანქარების მიერ ყველა დონეზე - მენტალურზე, ემოციურზე და ენერგეტიკულზე. ადამიანის ჩვეული მსოფლმხედველობა და ქცევითი რეაქციები სწორედ ქანქარების მიერ ფორმირდება. ადამიანი ფიქრობს და იქცევა ისე, როგორც ეს ქანქარებს აწყობთ. სული, გონების შემდეგ, განპირობებულობის გალიაში ხვდება. განპირობებულობა ვლინდება პრაქტიკულად ყველაფერში. ადამიანი იძულებულია შეეგუოს უამრავ შეზღუდვას და შეასრულოს მისთვის განკუთვნილი როლი თავსმოხვეულ თამაშში. ასეთ პირობებში სული თანდათანობით უკანა პლანზე იხევს, და გონება მართვის ბერკეტებს თავის ხელში იღებს.

გონება არიგებს სულს, როგორც პატარა უგუნურ ბავშვს: „მე შენზე უკეთ ვიცი, რა უნდა აკეთო, შენი სულელური ბოდიალისგან კი არანაირი ხეირი არაა.“ ადამიანთა უმეტესობაში სული იქცა შეშინებულ უუფლებო არსებად, რომელიც კუთხეშია მიყუჟული და სევდიანად ადევნებს თვალს იმას, რასაც გათავხედებული გონება აკეთებს. ზოგჯერ დგება სულისა და გონების თანხმობის წუთები. ასეთ მომენტებში სული მღერის, ხოლო გონება სიამოვნებით იფშვნეტს ხელებს. მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ყველაზე ხშირად სულისა და გონების ერთობა მიიღწევა მიუღებლობაში, შიშსა და სიძულვილში.

სულს არ გააჩნია ხმის უფლება არჩევანის საკითხებში. გონება სულს ისე ეპყრობა, როგორც ბავშვს, რომელიც მაღაზიაში მოწონებულ სათამაშოს ითხოვს. გონების პასუხები ჩვეულებრივ სტანდარტულია, მაგალითად: „ჩვენ ამისთვის ფული არ გვაქვს“. აი, ასე ნადგურდება ოცნება ჩანასახში.

ნახეთ, რა ხდება. ბავშვს სათამაშო ახლა სჭირდება. თუ თქვენ მართლაც არ გინდათ თავს უფლება მისცეთ, რომ ბავშვს სათამაშო უყიდოთ, არაფერია არანორმალური იმაში, რომ მას უარს ეუბნებით. მაგრამ სული ხომ თანახმაა დაელოდოს! მაგრამ გონება კრეტინის დარწმუინებულობით სვამს ფატალურ ჯვარს: „ჩვენ ფული არ გვაქვს“. გამოდის, რომ ოცნება პრინციპში მიუღწეველია.

გონებას თავისი ლოგიკა აქვს, თავსმოხვეული ქანქარების მიერ, რომლებსაც აწყობთ, რომლებსაც აწყობთ, რომ თავიანთი მიმდევრები დაბმული ჰყავდეთ და ოცნების არჩევის თავისუფლებაც კი არ მისცენ. სულს ლოგიკა საერთოდ არ აქვს, იგი ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს. გონება ამბობს, რომ ფული არაა. მაგრამ სული ხომ სათამაშოს ითხოვს, და არა ფულს! გონება კი იმ საბაბით, რომ ფული რ არის, სათამაშოს ადებს აკრძალვას (ეს არარეალურია, ძნელად მიღწევადია), და სულს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ განწირულად ჩაიკეტოს თავის თავში და მეტჯერ აღარ ახსენოს სათამაშო. აი, შედგა კიდეც ოცნების დასაფლავება.

გონებას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ამ ოცნების განხორციელება, ამიტომ არ უშვებს მას თავისი სამყაროს შრეში - ცხოვრებაში ხომ ყველაფერი ლოგიკური და გასაგები უნდა იყოს. არადა მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ თანახმა ყოფილიყო სათამაშოს ფლობაზე, მაშინ გარეგანი განზრახვა იზრუნებდა იმაზე, თუ როგორ ეშოვა ამისთვის ფული. მაგრამ ქანქარების მიერ ფორმირებული გავრცელებული მსოფლმხედველობა არ უშვებს ასეთ საოცრებებს. არჩევანის თავისუფლება მიმდევრებში არანაირად არ პასუხობს ქანქარების ინტერესებს.

ადამიანი შეცდომით იღებს რაციონალურ მსოფლმხედველობას, როგორც ურყევ კანონს. სინამდვილეში ამ კანონის გატეხვა შესაძლებელია. ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ხდება უჩვეულო „სასწაულები“. მაშ, რატომ არ შემოვუშვათ ერთ-ერთი სასწაული ჩვენს ცხოვრებაში? უბრალოდ ნება უნდა მივცეთ თავს - გვქონდეს ის, რაც სულს უნდა. თუკი გადააგდებთ წინასწარგანწყობებისა და შეზღუდვების ბადეს, რომელშიც ქანქარებმა გაგხვიეს, გულწრფელად დაიჯერებთ, რომ იმსახურებთ თქვენს ოცნებას, და უფლებას მისცემთ თავს, გქონდეთ ის, რაც მთელი სულით გსურთ - თქვენ ამას მიიღებთ. მისცე საკუთარ თავს ფლობის უფლება - ეს სურვილის ასრულების მთავარი პირობაა.

არსებობს გონების სხვა პასუხები სულისადმი - სათამაშოების მაღაზიაში. „სისულელეა! მე უკეთ ვიცი რა გჭირდება. სად შეგვიძლია, ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ. ეს არარეალურია. ეს ყველასთვის არაა. შენ მონაცემები და უნარები არ გაქვს. სად შეგიძლია მაგას მიაღწიო! ყველასავით უნდა იცხოვრო“. და ა.შ. ასეთი მსჯელობები რომ ქანქარების გავლენის შედეგი არ ყოფილიყო, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა გონების დადანაშაულება გარდაუვალ სიბრიყვეში. მაგრამ მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ თქვენი გონება, რომელიც ამ სტრიქონებს კითხულობს, მაინც გაიღვიძებს ძილ-ბურანისგან და მიხვდება ამ „გონივრული“ არგუმენტების მთელ აბსორდულობას.

გონებას სულის გარეშე ამ სამყაროში ძალზე ცოტა შეუძლია. ერთად კი, მათ ყველაფერი ძალუძთ, რადგანაც სულისა და გონების შერწყმა წარმოშობს ამ ჯადოსნურ ძალას - გარეგან განზრახვას. გონება შინაგან განზრახვას მართავს, სული კი - გარეგანს. თუმცაღა სულს არ შეუძლია გარეგანი განზრახვის მიზანმიმართულად მართვა. როცა სული და გონება ერთმანეთს ერწყმიან, გარეგანი განზრახვა მართვადი ხდება და შესაძლებელი ხდება მისი გამოყენება დასახული მიზნების მისაღწევად.

ყველაფერი, რაც ძნელად მისაღწევად ან არარეალურად გეჩვენებათ, მართლაც ძნელად მისაღწევია გონების შინაგანი განზრახვის შესაძლებლობების ვიწრო ფარგლებში. ამაზე არავინ კამათობს. რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ, დაგეთანხმებით, რომ მისი მიღწევა ძნელია რაციონალური მსოფლმხედველობის ფარგლებში. მაგრამ უარს ხომ არ იტყვით საკუტარ ოცნებაზე იმის გამო, რომ ვიღაც გაბერილმა ავტორიტეტებმა თავის თავზე აიღეს უფლება - განესაზღვრათ, რა არის რეალური და რა არა. თქვენც აიღეთ თქვენი უფლება - გქონდეთ პერსონალური სასწაული.

ბედნიერების საიდუმლო ისეთივე მარტივია, როგორც უბედურების. მთელი საქმე სულსა და გონებას შორის ერთობაში ან განხეთქილებაშია. რაც უფრო ზრდასრულია ადამიანი, მით უფრო დიდია ეს განხეთქილება. გონება ქანქარების გავლენას ექვემდებარება, სული კი უბედური ხდება. ბავშვობაში სულს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ თავის სათამაშოს მიიღებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იმედი ქრება. გონება ახალ დასტურებს იღებს იმაზე, რომ ოცნება ძნელად მისაღწევია, და მის რეალიზაციას მომავლისთვის დებს. ეს გადადება, როგორც წესი, მთელი ცხოვრება გრძელდება. ცხოვრება მთავრდება, ოცნება კი კვლავაც მტვრიან ყუთში დევს.

სულისა და გონების ერთობის მიღწევისთვის აუცილებელია, პირველ რიგში განისაზღვროს, პირველ რიგში რაში უნდა იქნეს მიღწეული ეს ერთობა, ანუ უნდა განისაზღვროს საკუთარი მიზნები. მიუხედავად მოჩვენებითი აშკარაობისა, მოცემული საკითხი სულაც არაა ტრივიალური. ადამიანებმა, როგორც წესი, ზუსტად იციან რა არ უნდათ, მაგრამ უჭირთ, რომ თავიანთი ჭეშმარიტი სურვილების ფორმულირება მოახდინონ. ეს იმით აიხსნება, რომ ქანქარები ცდილობენ დაუქვემდებარონ ადამიანები თავიანთ ინტერესებს და ცრუ მიზნებს ახვევენ თავს. ვერანაირ სულისა და გონების ერთობაზე ვერ იქნება საუბარი, თუ გონება ცვალებად მირაჟებს გაეკიდება, სული კი სხვაგან იქნება.

გარდა ამისა, ადამიანები იმდენად დაკავებულნი არიან ქანქარებისთვის სხვადასხვა სამუშაოს შესრულებით, რომ უბრალოდ არ სცალიათ დასაჯდომად და თავიანთი ჭეშმარიტი სურვილების მშვიდად გასააზრებლად. აუცილებელია სპეციალურად გამოვყოთ დრო და გავიხსენოთ, რისკენ იყო მიდრეკილი სული მაშინ - ბავშვობაში. რა მოსწონდა, რა უნდოდა, რა იზიდავდა და რაზე მოუხდა უარის თქმა დროთა განმავლობაში. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: უწინდებურად გიზიდავთ თქვენი ძველი მიზანი? იფიქრეთ: რა გინდათ სინამდვილეში? იქნებ თქვენი მიზანი მოჩვენებითია? მართლა მთელი გულით გსურთ ეს ყველაფერი, თუ უბრალოდ გინდათ, რომ გსურდეთ?

როცა საკუთარ მიზანზე ფიქრობთ, აუცილებელია, რომ გადააგდოთ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა. თუ გარეგანი მნიშვნელოვანობა მოჭარბებულია, მიზანი თავისი პრესტიჟულობით და მიუწვდომლობით მოგნუსხავთ. ხომ არ წამოეგეთ ქანქარას სატყუარაზე? თუ შინაგანი მნიშვნელოვანობაა მოჭარბებული, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მიზანი თქვენი შესაძლებლობების მიღმაა. მიზანი კვლავაც თავისი მიუწვდომლობით გიზიდავთ. მაგრამ მართლა გჭირდებათ ეს?

მიზანზე ფიქრისას არ იფიქროთ პრესტიჟულობაზე. გადმოაგდეთ მიზანი მიუწვდომლობის ტახტიდან. ამით გარეგან მნიშვნელოვანობას მოიშორებთ. მიზანზე ფიქრისას არ იფიქროთ მისი მიღწევის საშუალებებზე. ამით შინაგან მნიშვნელოვანობას მოიშორებთ. იფიქრეთ მხოლოდ თქვენს კომფორტზე. თუ მიზანი მიღწეულია, მართლა კარგად ხართ, თუ გულზე მაინც ლოდი გაწევთ? მიზნის მიღწევის რეალობაზე გაჩენილი ეჭვები ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მიზანი ცრუა. მთავარია, რომ სასურველ მიზანზე ფიქრისას თქვენი სული მღეროდეს. მიზნის მთელი მიმზიდველობის მიუხედავად, თუ რაღაც თრგუნავთ, ეს ნიშნავს, რომ მიზანი შეიძლება ცრუ იყოს. ყველა ამ საკითხზე დაწვრილებით შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

თუ თქვენ განსაზღვრული მიზანი არ გაქვთ, და არაფერი არ გინდათ, ეს ნისნავს, რომ ან დაბალი ენერგეტიკა გაქვთ, ან თქვენმა გონებამ საბოლოოდ გამოკეტა სული გალიაში. პირველ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი სასიცოცხლო ტონუსი, თუ ჯანმრთელობას მიხედავთ. ალბათ არც კი იცით, რას ნიშნავს კარგი ჯანმრთელობა. კარგი ჯანმრთელობის დროს ცხოვრება სიამოვნებას განიჭებთ, და ყველაფერი ერთად გსურთ. სულს არ შეუძლია არაფერი უნდოდეს, ეს ცხოვრება ხომ მისთვის უნიკალურ შანსს წარმოადგენს.

მეორე შემთხვევაში მხოლოდ ერთი გამოსავალი გაქვთ - შეიყვაროთ საკუთარი თავი. ზედმეტად ხომ არ გაერთეთ სხვების ზრუნვაში? დააყენეთ საკუთარი თავი პირველ ადგილას. სხვები ვერაფერ კარგს ვერ მიიღებენ თქვენგან, თუ თქვენივე საკუთარი სული გყავთ მეორე ადგილზე გადაწეული. თუ მთლიანად სხვების მსახურებაში გასცემთ თავს, თუნდაც ახლობელი ადამიანების, ან მითუმეტეს ქანქარების, ამით უაზროდ გაფლანგავთ თქვენს ცხოვრებას. ცხოვრება იმისთვის არ მოგეცათ, რომ ვინმეს ემსახუროთ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავის, როგორც პიროვნების რეალიზაცია მოახდინოთ. სულის გალიაში ჩაკეტვით, თქვენ ქმნით შინაგანი ფარული დაუკმაყოფილებლობის მძლავრ ჭარბ პოტენციალს, რომელიც სხვადასხვა სახით გადმოიღვრება თქვნზე და თქვენს ახლობლებზე. მოგეჩვენებათ, რომ ადამიანებისთვის კარგი გსურთ, სინამდვილეში კი მთელი თქვენი მზრუნველობა ზიანს მიაყენებს მათ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე, მოეპყარით საკუთარ თავს ყურადღებით. მაშინ თქვენი სული გათბება და ფრთებს გაშლის.

არ დაუჯეროთ არავის, ვინც გეტყვით, რომ მიზნის მისაღწევად საკუთარი თავი უნდა შეცვალოთ. უკვე გსმენიათ მსგავსი რამ, ასე არაა? ეს ქანქარების საყვარელი რეცეპტია. თითქოს, თუ რაღაც არ გამოგდით, საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ. როგორ უნდა შეიცვალოთ, ქანქარების თვალსაზრისით? შებრუნდეთ საკუთარი თავისგან ქანქარისკენ და მიჰყვეთ წესს: „აკეთე, როგორც მე“, რათა დააკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები და იმოქმედოთ მათ ინტერესებში. ხოლო იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეცვალოთ, საკუთარ თავთან ბრძოლა მოგიწევთ. სულისა და გონების რა ერთობაზეა საუბარი, თუ საკუთარ თავს არ ღებულობთ, საკუთარი თავი არ გიყვართ და საკუთარ თავს ებრძვით? სული ვერ მიიღებს ცრუ მიზნებს, მას თავისი მიდრეკილებები და მოთხოვნილებები აქვს. ცრუ მიზნების დევნით თქვენ ან ვერაფერს მიაღწევთ, ან თუ მიაღწევთ, მიხვდებით, რომ ეს არ გჭირდებათ.

ტრანსერფინგს არანაირი კავშირი არ აქვს ქანქარებთან, ამიტომაც სრულიად საპირისპირო გზას გთავაზობთ. კი არ შეცვალოთ საკუთარი თავი, არამედ მიიღოთ იგი. ზურგი აქციოთ იმ ჩალას, რასაც ქანქარები გახვევენ თავს, და შეაბრუნოთ გონება თქვენი სულისკენ. მიაყურადეთ სულის კარნახს, გაცნობიერებულად გადააგდეთ მნიშვნელოვანობა, მიეცით საკუთარ თავს ფლობის უფლება, და ყველაფერს მიიღებთ, რაც თქვენს სულს გაუხარდება.

იმისთვის, რომ ერთობამდე მიიყვანოთ სული და გონება, აუცილებელია უფრო ხშრად მიაქციოთ ყურადღება სულიერი კომფორტის მდგომარეობას. თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს, თუ მოცემულ მომენტში არაფერი გაწუხებთ, არ გთრგუნავთ, მყუდროდ და მშვიდად ხართ. სულიერი დისკომფორტი საწინააღმდეგო სიგნალს იძლევა: თქვენ გაქვთ ოდნავ შესამჩნევი მღელვარება, რაღაც გრთგუნავთ, რაღაცის გეშინიათ, დათრგუნულობას გრძნობთ, სულზე რაღაც ტვირთი გაწევთ. თუ მსგავსი შეგრძნებები მკაფიოდ ვლინდება, და თქვენთვის გასაგებია მათი წარმოშობა, ეს ნიშნავს, რომ ეს გონების დისკომფორტია. გონებამ, როგორც წესი, იცის, რა აშინებს, აშფოთებს და თრგუნავს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ენდოთ გონებას, რომელიც გადაწყვეტილებას გიკარნახებთ.

სულის დისკომფორტთან საქმე უფრო რთულადაა, რადგანაც იგი ვლინდება არამკაფიოდ, როგორც ოდნავ შეგრძნებადი წინათგრძნობა. გონება ამტკიცებს, რომ ყველაფერი მშვენივრადაა, ყველაფერი რიგზეა, მღელვარებისთვის მიზეზი არ არსებობს. და მაინც, მიუხედავად გონივრული არგუმენტებისა, თქვენ რაღაც გრთუნავთ. სწორედ ესაა დილის ვარსკვლავთა შრიალი. სულის ხმის გაგება არც ისე რთულია. ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღება მიაქციოთ მას. გონების ხმა, მისი ლოგიკური მსჯელობებით, იმდენად ხმამაღლა ჟღერს, რომ ადამიანი მნიშვნელობას არ ანიჭებს ბუნდოვან და არამკაფიო წინათგრძნობებს. თავისი ლოგიკური ანალიზითა დფა მოვლენების პროგნოზირებით გატაცებული, გონება უბრალოდ არაა განწყობილი, რომ სულის გრძნობებს მიაყურადოს.

იმისთვის, რომ დილის ვარსკვლავთა შრიალის მოსმენა ისწავლოთ, სხვა გზა არაა, გარდა საკუთარ თავში სულიერი კომფორტის მდგომარეობაზე ყურადღების მიქცევის ჩვევის გამომუშავებისა. ყოველ ჯერზე, როცა რაიმე გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, ჯერ გონების ხმას მოუსმინეთ, შემდეგ კი სულის გრძნობებს. როგორც კი გონებამ გადაწყვეტილება მიიღო, სული ამ გადაწყვეტილებაზე ან დადებითად რეაგირებს, ან უარყოფითად. უკანასკნელ შემთხვევაში სულიერი დისკომფორტის ოდნავ შესამჩნევ გრძნობას განიცდით.

თუკი დაგავიწყდათ, რომ დროულად მიაქციოთ ყურადღება კომფორტის მდგომარეობას, ეცადეთ გაიხსენოთ შემდეგ, რა გრძნობებს განიცდიდით. როცა გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, თქვენ მსუბუქი შეგრძნება გეწვიათ. ამ დროს გონება იმდენად იყო გართული თავისი ანალიზით, რომ გრძობებისთვის არ ეცალა. აი, ახლა გაიხსენეთ, როგორი იყო ეს პირველი მსუბუქი შეგრძნება. თუ ეს იყო დამთრგუნველი შეგრძნება გონების ოპტიმისტური აზრების ფონზე, ეს ნიშნავს, რომ სულმა მკაფიოდ თქვა - „არა“.

რამდენად შეგვიძლია ვენდოთ სულის წინათგრძნობებს? თუ თვლით, რომ წინათგრძნობა გაქვთ გარკვეულ მოვლენაზე, რომელიც, როგორც გეჩვენებათ, უნდა მოხდეს, შეგიძლიათ არ ენდოთ ასეთ წინათგრძნობებს. ვერ გექნებათ გარანტია, რომ გონება სწორად ახდენს სულის ინფორმაციის ინტერპრეტაციას. ერთადერთი საიმედო ინტერპრეტაცია შეიძლება იყოს მხოლოდ სულიერი დისკომფორტი გონების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხად.

სულიერი კომფორტი ჯერ ვერ იქნება იმის გარანტია, რომ სული „კი“-ს ამბობს. შესაძლოა, მან უბრალოდ არ იცის რა თქვას. მაგრამ როცა სული „არა“-ს ამბობს, თქვენ ამას მთელი განსაზღვრულობით იგრძნობთ. როგორც წინა თავების მასალიდან იცით, სულს შეუძლია დაინახოს ვარიანტთა სივრცის სექტორები, რომლებიც რეალიზდებიან გონების გადაწყვეტილების მოქმედებად გარდაქმნის შემთვევაში. იგი შედეგს ხედავს და თავის დამოკიდებულებას გამოხატავს - დადებითს ან უარყოფითს. მოკლედ, თქვენ თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ საკუთარი გამოცდილებით იმაში, რომ თუ სული „არა“-ს ამბობს, იგი ყოველთვის მართალი აღმოჩნდება ხოლმე.

ამრიგად, იმ შემთხვევებში, როცა რაღაც გადაწყვეტილებაა მისაღები, ამჯერად ჭეშმარიტების ნამდვილი კრიტერიუმი გაქვთ - სულიერი დისკომფორტის მდგომარეობა. თუ სული „არა“-ს ამბობს, ხოლო გონება „კი“-ს - თამამად თქვით უარი, თუკი ეს შესაძლებელია. სული ვერ უსურვებს ცუდს საკუთარ თავს. ხოლო თუ გონება ამბობს „საჭიროა და მომიწევს“, ეს ნიშნავს, რომ ვითარებების შესაბამისად უნდა იმოქმედოთ. ზოგჯერ ცხოვრებაში გიწევს, რომ გარდუვალს შეეგუო. ყოველ შემთხვევაში, სულიერი დისკომფორტის კრიტერიუმს განსაზღვრულობა და სიცხადე შეაქვს იმ საკითხებში, სადაც სასწორის პინები მერყეობს.

არჩეულ მიზანთან დაკავშირებით სულისა და გონების თანხმობის მიღწევის შემთხვევაში, თქვენ ისღა გრჩებათ, რომ მიაღწიოთ ერთობას გადაწყვეტილებაში - ფლობდეთ და იმოქმედოთ. გონების შინაგანი განზრახვა სულის გარეგან განზრახვას უნდა შეერწყას. თუკი შინაგანი განზრახვის ფარგლებში მოქმედებთ, და ამასთან გარეგანი განზრახვა იგივე მხარესაა მიმართული, მაშინ ჩათვალეთ, რომ მიზანი ჯიბეშ გაქვთ. შინაგანი განზრახვის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, როცა მკაფიოდ არ გაქვთ წარმოდგენილი, რა საშუალებით შეგიძლიათ მიზნის მიღწევა, იმუშავეთ ფლობის გადაწყვეტილებაზე. გარეგანი განზრახვა შინაგანზე ბევრად ძლიერია, ამიტომ იგი თავად იპოვნის თქვენთვის ვარიანტს.

აუცილებელია, სულისა და გონების ისეთივე ერთობას მიაღწიოთ ფლობის გადაწყვეტილებაში, როგორიც ძლიერ გრძნობებში ვლინდება. სული და გონება, როგორც წესი, ერთიანნი არიან თაყვანისცემაში, ზიზღში, შიშში და ნეგატიურ მოლოდინებში. ჩვენ გვიყვარს, გვძულს და გვეშინია მთელი გულით. როცა სული და გონება ერთობაში არიან, იბადება ძლიერი გრძნობა. „ვისაც სიძულვილი არ შეუძლია, ვერც სიყვარულს ისწავლის“, - ამბობდა ცნობილი რუსი მწერალი ნიკოლაი ჩერნიშევსკი.

თუ მიზანი სწორადაა არჩეული, სულიც და გონებაც კმაყოფილნი იქნებიან. სიამოვნების დაკნინება მხოლოდ იმ აზრებს შეუძლიათ, რომლებიც მიზნის ძნელად მიღწევადობისგან ან სულიერი კომფორტის ვიწრო ზონით არიან წარმოშობილნი. სიტუაცია, როდესაც გონებას ეჭვი შეაქვს რეალობაში, სული კი თავს შეზღუდულად გრძნობს „ახალ სავარძელში“, შეგვიძლია სლაიდების მეშვეობით შევცვალოთ. ის, თუ როგორ კეთდება ეს, ტქვენ უკვე იცით. კომფორტის ზონის გაფართოებით, თქვენ მიაღწევთ ერთობის ძლიერ სიხარულს, როცა სული მღერის, გონება კი კმაყოფილი ხელებს იფშვნეტს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მიზანზე ფიქრისას ნუ იფიქრებთ მის პრესტიჟულობაზე, მიუწვდომლობაზე და მისი მიღწევის საშუალებებზე - ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ სულიერი კომფორტის მდგომარეობას. კარგად ხართ, თუ ცუდად? მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება ერთმანეთში აგერიოთ სულიერი შებოჭილობა და სულიერი დისკომფორტი. შებოჭილობა, ანუ ერთგვარი მორცხვობა, სიტუაციის უჩვეულობიდან გამომდინარეობს: „ნუთუ ეს ყველაფერი ჩემთვისაა?“ დისკომფორტი კი აჩვენებს დათრგუნულობას, ტვირთს, დამთრგუნველ აუცილებლობას, სასოწარკვეთილებას, საფრთხის შეგრძნებას, მძიმე მღელვარებებს. თუკი შებოჭილობის გამოსწორება სლაიდებით არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ საქმე აშკარად დისკომფორტთან გვაქვს. მაშინ კვლავ უნდა დაფიქრდეთ ისე, რომ საკუთარი თავის მოტყუება არ სცადოთ: მართლა ასე გჭირდებათ მოცემული მიზანი?


 

spiker

ხმოვანი სლაიდები

ადამიანი, მისი აღქმის თვისებების მიხედვით, შეგვიძლია პირობითად ამ სამიდან ერთ ტიპს მივაკუთვნოთ: ვიზუალურს, კინესთეტიკურს და აუდიალურს. ერთნი უკეთ ოპერირებენ ვიზუალური ხატ-სახეებით, მეორენი უფრო მგრძნობიარენი არიან შეგრძნებების მიმართ, მესამენი განსაკუთრებულად მიმღებნი არიან ბგერებისადმი. აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით სლაიდებზე, რომლებიც ვიზუალურ და შეგრძნებით ხატ-სახეებს მოიცავდნენ.

სულიერი განვითარების ზოგიერთ პრაქტიკაში გამოიყენება აფირმაციის ტექნიკა. ადამიანი გონებაში ახდენს განსაზღვრულ მიზანზე განწყობის მრავალჯერად განმეორებას. მაგალითად, ასეთი აფირმაცია: „მე შესანიშნავი ჯანმრთელობა, მძლავრი ენერგეტიკა და სულიერი კომფორტი მაქვს. მე მშვიდად ვარ და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ“. ასეთი ფრაზების მრავალჯერადი გამეორებები ხმამაღლა ან გონებაში ყველაზე მეტად აუდიალური ტიპის ადამიანებს შეესაბამება. მაგრამ რადგანაც სუფთა ტიპები არ არსებობს, აფირმაციების გამოყენება ნებისმიერს შეუძლია.

აფირმაციები ისევე მუშაობენ, როგორც სლაიდები, მაგრამ მათი გამოყენება საჭიროა იმ განსხვავების გათვალისწინებით, რომელიც გონებისა და სულის ენებს გააჩნიათ. პირველ რიგში, სულს არ ესმის სიტყვები. თუ სიტყვებს გაუაზრებლად გაიმეორებთ, ეს არაფერს მოგცემთ. სულს მხოლოდ ის უსიტყვო აზრები და გრძნობები ესმის, რომლებიც სიტყვების უკან დგანან. სიტყვებს შეუძლიათ რაღაც დონეზე მოახდინონაზრებისა და გრძნობების მოდელირება, მაგრამ ეს უკვე ის აღარაა, რადგან სიტყვები მეორადია. გაცილებით ეფექტურია, ერთხელ იგრძნოთ, ვიდრე ათასჯერ გაიმეოროთ. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ ერთდროულად განიცდიდეთ იმას, რასაც იმეორებთ.

მეორეც, ცალკეულ აფირმაციას ვიწრო მიმართულება უნდა ჰქონდეს. არაა საჭირო ყველა თქვენი მიზნის ერთ გროვად შეკვრა. მაგალითად, ზემოთ მოყვანილი აფირმაცია, თითქოს ძალიან კარგია შინაარსით, იქ ყველაფერია, რაც საჭიროა. თუმცაღა ასეთი აფირმაციის გამეორებით თქვენ ვერ შეძლებთ, რომ საჭირო შეგრძნებების მთელი კომპლექსი გამოიწვიოთ.

მესამეც, თავი უნდა აარიდოთ მონოტონურობას და ერთფეროვნებას. გამეორების ყოველ ახალ სერიას თან უნდა ახლდეს განცდებისა და შეგრძნებების ახალი ასპექტები. მაგალითად, თუ გამუდმებით გაუმეორებთ საკუთარ თავს: „მე მშვიდი და თავდაჯერებული ვარ“, ეს სიტყვები მალე დაკარგავენ თქვენთვის იმ მნიშვნელობას, რასაც ატარებენ. თავდაჯერებულობა ჩნდება შესაბამისი განზრახვის მომენტში - იყოთ თავდაჯერებული. სურვილი უნდა გამოზარდოთ, საკუთარი თავის ხანგრძლივად დარწმუნებით. განზრახვა პირიქით - მაშინვე მოქმედებს: გინდა იყო თავდაჯერებული? - იყავი!

და ბოლოს, არ ღირს აფირმაციის მიმართვა შედეგთან ბრძოლაზე ისე, თუკი მიზეზს არ დაადგენთ. მაგალითად, აზრი არ აქვს გაიმეოროთ: „მე არ მაქვს მიზეზი, რომ რაიმესი მეშინოდეს ან რამეზე ვღელავდე“, თუკი მღელვარების მიზეზი თავის ადგილზე რჩება. ამასთან, აფირმაცია ფორმულირებული უნდა იყოს პოზიტიური მიმართულებით. იმის ნაცვლად, რომ გაიმეოროთ ის, რისი თავიდან არიდებაც გსურთ, დააპროგრამეთ საკუთარი თავი იმაზე, რისი მიღწევაც გინდათ. მაგალითად, ნეგატიური აფირმაცია „მე არ მეშინია და არ ვღელავ“, ჯობია შეცვალოთ პოზიტიურით: „მე ყველაფერი გამომდის“. რა უნდა გამოგივიდეთ იმისთვის, რომ მღელვარების მიზეზი არ გქონდეთ - ეს კონკრეტულად მიუთითეთ.

დააკვირდით, უნდა თქვათ: „ყველაფერი გამომდის“, და არა „ყველაფერი გამომივა“. თუკი აფირმაციას მომავალ დროში იმეორებთ, მომავალი ვერა და ვერ იქცევა აწმყოდ, არამედ გამუდმებით სადღაც წინ იტრიალებს. თქვენთვის აუცილებელია, რომ საკუთარი გამოსხივების პარამეტრები ისე მოაწყოთ, თითქოს უკვე გაქვთ ის, რასაც უკვეთავთ.

სულიერი კომფორტის შეკვეთა ასევე უაზრობაა. სულიერი კომფორტი - ესაა ცალკეულ საკითხში სულისა და გონების თანხმობის შედეგი. აბსტრაქტული თვითშთაგონებით თანხმობას ვერანაირად ვერ მიაღწევთ. შესაძლებელია, რომ ასწავლოთ და დაამშვიდოთ სული კონკრეტული სლაიდის მეშვეობით.

აფირმაციები უფრო ეფექტურად მუშაობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნულოვან ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებით, როცა არ არსებობს ჭარბი პოტენციალები. ქვეცნობიერს ვერ დაარწმუნებთ, და ვერ უბრძანებთ. ნებისმიერი ემოციის ჩართვით თქვენ წონასწორობას არღვევთ. თუ ძალადობრივად ცდილობთ შთააგონოთ საკუთარ თავს ერთი და იგივე აზრი, მაშინ სული „ყურებს დაიხშობს“. გაცილებით ეფექტურია მიუკერძოებელი გამეორება მოდუნებულ მდგომარეობაში. მაშინ, შესაძლოა, თქვენი გონება ქვეცნობიერამდე მიიტანს გზავნილს. ხოლო თუ გონება გამწარებული ცდილობს, რომ დაარწმუნოს სული, ეს ნიშნავს, რომ მას თავად არ სჯერა, და ვერანაირი გამეორება ამ ეჭვებს ვერ გაფანტავს.

გონების სულზე ზეწოლით ვერაფერს მიაღწევთ. შეუძლებელია ფლობის გადაწყვეტილების ფორმირება ემოციური აღმასვლის ფონზე. ის, რაც გაგაჩნიათ, თქვენთვის ჩვეულია და თავისთავად იგულისხმება. თქვენ მშვიდად და დაჟინების გარეშე იღებთ თქვენსას, როგორც ფოსტას საფოსტო ყუთიდან. თუკი შეცდომით ურევთ დაჟინებულობას ფლობის გადაწყვეტილებაში, ამ დროს ქანქარა ერთ წრეზე ციბრუტივით გატრიალებთ. ერთ მომენტში იგი ხელს გაგიშვებთ და უწინდელი „გადაწყვეტილების მიღების უუნარობის“ ორმოში ჩავარდებით. ხოლო როდესაც თქვენი ფლობის გადაწყვეტილებას არ ახლავს ფლობის სურვილი, მაშინ ქანქარა ვერაფერზე მოგეჭიდებათ.

როგორც ხვდებით, აფირმაცია - ეს ერთგვარი ხმოვანი სლაიდია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ვიდეო-სლაიდები, ასევე აფირმაციები. კომპლექსში მათ უკეთესი ეფექტი აქვთ. აი, ასეთი კომპლექსური სლაიდის მაგალითი: დავუშვათ იგი თქვენი ახალი სახლის სურათს შეიცავს. ბუხრის წინ ზიხართ. სავარძელი-სარწეველა ჭრიალებს. შეშა მხიარულად ტკაცუნებს. თქვენ მოგწონთ ცეცხლის ყურება. ფანჯრების მიღმა წვიმა და ცივი ქარი ხმაურობენ, თქვენ კი თბილად და მყუდროდ ხართ. მაგიდაზე თქვენი საყვარელი სასუსნავი დევს. ტელევიზორში საინტერესო გადაცემა გადის. თქვენ ამ ყველაფერს ხედავთ, გესმით, შეიგრძნობთ, და ამბობთ: „მე კომფორტულად ვარ“. თქვენ არ უყურებთ სლაიდს, და არ შეიგრძნობთ მას, არამედ ცხოვრობთ მასში.


 

Window View

ფანჯარა ვარიანტთა სივრცეში

ადამიანის თავში გამუდმებით ტრიალებენ კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი აზრები. ზოგიერთი ამას შინაგან დიალოგს ეძახის, მაგრამ თავისი არსით ეს მონოლოგია. გონებას სხვასთან არავისთან აქვს სალაყბო, გარდა საკუთარი თავისა. სულმა აზროვნება და ლაპარაკი არ იცის. იგი მხოლოდ გრძნობს და იცის. შინაგანი მონოლოგი ძალიან ხმამაღლა ჟღერს სულის მდუმარე შეგრძნებებთან შედარებით. ამიტომ ინტუიცია თავს იშვიათად და ძლივს შესამჩნევად ავლენს ხოლმე.

არსებობს შეხედულება, რომ თუკი შინაგან მონოლოგს გავაჩერებთ, გონებას წვდომა გაეხსნება ინტუიტიურ ინფორმაციაზე. ეს მართალია, მაგრამ მისი ბოლომდე გაჩერება ცნობიერ მდგომარეობაში შეუძლებელია. დავუშვათ, თქვენ კონცენტრირდით და შეაჩერეთ აზრებისა და სიტყვების მსვლელობა. აზრები თითქოს აღარ არიან, შიგნით სიცარიელეა, მაგრამ ეს არაა მონოლოგის გაჩერება. გონებას ამ დროს არ ძინავს. პირიქით, იგი ძალიან ყურადღებითაა, ოღონდ სხვა ამოცანა აქვს - არ იფიქროს და არ ილაყბოს. იგი თითქოს ამბობს: „კარგი, გავჩუმდები, ვნახოთ რას იზამ“.

ეს მონოლოგის გაჩერების ილუზიაა. შინაგანი მონოლოგის გაჩერება მაშინ ხდება, როდესაც გონება თავის კონტროლს გამორთავს, ან ცოტათი მაინც შეასუსტებს თავის ყურადღებას. მონოლოგის ცრუ გაჩერებისას კი გონება ფხიზლადაა, და შეიძლება ითქვას, რომ სულის შეგრძნებებს კიდევ უფრო ახშობს თავისი „მქუხარე“ დუმილით.

გონებას რომ თავისი კონტროლი გამოერთო, თქვენი აღქმა ვარიანტთა სივრცეში ჩაეშვებოდა, რაც ხდება კიდეც სიზმრის დროს. შინაგანი მონოლოგის ნამდვილი გაჩერება მხოლოდ სიზმარში ან ღრმა მედიტაციის დროს ხდება. ამისგან პრაქტიკული სარგებელის მიღება მხოლოდ გაცნობიერებული სიზმარხილვებით შეიძლება, ან მაშინ, თუ ღრმა მედიტაციის ტექნიკას ფლობთ, რომლის დროსაც ცნობიერება არ ითიშება.

რაც შეეხება მედიტაციას, აქ არსებობს საფრთხე, რომ გარეკოთ, თუ მონოლოგის ცნობიერად გაჩერების კარგი ნიჭი გაქვთ, კარგი მასწავლებელი კი არ გყავთ. საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ აღქმის არაკონტროლირებადმა „გაფრენამ“ ვარიანტთა სივრცეში ფხიზელი გონების დროს, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი გავლენა მოახდინოს ფსიქიკაზე. ასე რომ მედიტაციას ჩვენ არ შევეხებით. გაცნობიერებული სიზმრის დროს გონებას არ ძინავს, მაგრამ არც აწვება თავისი კონტროლით სულის შეგრძნებებს. გონება ამ შემთხვევაში გამოდის იმაზე დამკვირვებლის როლში, თუ როგორ მოძრაობს სული ვარიანტთა სივრცეში. მიუხედავად ამისა, აღქმა მაინც არ სცდება სამყაროს ჩვეული აღწერილობის ფარგლებს. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია, რომ ვინმე სიზმარში ჭკუიდან შეშლილიყო.

გაცნობიერებული სიზმარი შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც საინტერესო ექსპერიმენტი და გარეგანი განზრახვის სავარჯიშო. მაგრამ შეიძლება თუ არა შინაგანი მონოლოგის გაჩერება ცნობიერ მდგომარეობაში? აი აქ გვაქვს ერთი გასაღები, როგორც ვიწრო ფანჯარა, რომელიც სპონტანურად იხსნება იმ მომენტებში, როცა გონების კონტროლი სუსტდება და ცნობიერებამდე სულის ინტუიტიური შეგრძნება აღწევს.

ინტუიცია ვლინდება, როგორც ბუნდოვანი წინათგრძნობა, რომელსაც ზოგჯერ შინაგან ხმასაც უწოდებენ. გონება სხვა რამით გაერთობა ხოლმე, და ამ დროს სულის გრძნობას ან ცოდნას შეიგრძნობთ. „დილის ვარსკვლავთა შრიალი“ გესმით - ხმა სიტყვების გარეშე, ფიქრი აზრების გარეშე, ბგერა ხმის სიმაღლის გარეშე. თქვენ რაღაცას ხვდებით, მაგრამ ბუნდოვნად. კი არ აზროვნებთ, არამედ ინტუიტიურად გრძნობთ. ყველას უგრძვნია ოდესღაც საკუთარ თავზე ის, რასაც ინტუიციას უწოდებენ. მაგალითად, გრძნობთ, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, ან რაღაც უნდა მოხდეს, ან რაიმეს გაკეთების გაუცნობიერებელი მისწრაფება გიჩნდებათ, ან უბრალოდ იცით რაღაცის შესახებ.

როცა აზრების თამაში მიდის, რეფერის როლს გონების ანალიტიკური აპარატი ასრულებს. გონება მალევე თაროებზე ალაგებს ნებისმიერ აღნიშვნებს, რათა ყველაფერი ლოგიკური და რაციონალური იყოს. შინაგანი მონოლოგის გაჩერებაა - როცა რეფერის სასტვენი წაართვეს და სკამზე დასვეს. გონება აკვირდება, მაგრამ თამაშის კონტროლი უკვე აღარ შეუძლია.

მონაცემებით ჟონგლიორობისას გონება მოკლევადიან შესვენებებს აკეთებს. იგი თითქოს დროის ძალიან მოკლე ინტერვალში სკამზე ჯდება და ისვენებს. სწორედ ამ დროს იხსნება ფანჯარა ინტუიტიური ინფორმაციისთვის. ასეთ მომენტში თქვენ იძინებთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შესაძლოა თქვენთვის ეს დაუჯერებელი სიახლეა, მაგრამ ეს მართლაც ასეა. დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ბევრჯერ იძინებს. უბრალოდ ისინი ამას ვერ ამჩნევენ, რადგან ფანჯარა ძალიან მოკლე დროით იხსნება.

ჩაძინებული გონება კვლავ იღვიძებს და თავის მონოლოგს აგრძელებს. ზოგჯერ ფანჯარაში დანახულისგან მიღებული შთაბეჭდილება ცნობიერებამდე ინტუიტიური ინფორმაციის სახით აღწევს. მაგრამ როგორც წესი გონება ყურადღებას არ აქცევს მოკლევადიან ხედვას, რადგანაც მეტისმეტადაა გატაცებული თავისი ფიქრებით.

სიზმარში სული არამიზანმიმართულად დაფრინავს, და შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხვდეს. სიფხიზლის დროს გახსნილი ფანჯრის შემთხვევაში, განსხვავებით ჩვეულებრივი ძილისგან, სული ფოკუსირებულია ვარიანტთა სივრცის სექტორზე, რომელსაც ფონად გონების მიმდინარე აზრების კონტექსტი უდევს. კონტექსტი სულის მზერას ვარიანტთა სივრცის შესაბამის სექტორზე მიმართავს, სადაც იგი იმ ცოდნას ხედავს, რომელიც აზრთა მიმდინარე შემადგენლობას შეესაბამება. როგორც კი ფანჯარა იხსნება, ეს ცოდნა გონებაში იჭრება. თუ გაღვიძებული გონება ყურადღებას მიაქცევს სულის შთაბეჭდილებებს, ანუ თავისი ძილის ამ მოკლე გამონათებას გაიხსენებს, მაშინ იგი მიიღებს იმას, რასაც ინტუიტიური ცოდნა ეწოდება - ცნობებს, რომლებიც თითქოს არსაიდან გაჩნდნენ.

ჩვეულებრივ ითვლება, რომ ინტუიტიური ჭვრეტა გონების გამონათების სპონტანურ აფეთქებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, გონებას „ჭერიდან“ უეცრად ატყდება თავს გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი ამბობენ, რომ გონებამ ეს გადაწყვეტილება თვითონ იპოვა. როგორია ამ „არსაიდან“ მოსული ცოდნის წარმომავლობა? ჩვეულ მსოფლმხედველობაში ამ გაუგებარ ფაქტზე თვალებს ხუჭავენ და უბრალოდ ამბობენ, რომ ასეთია გონების ბუნება.

ტრანსერფინგის მოდელიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამონათების მექანიზმს სრულიად სხვა ბუნება აქვს. გონება თავის გადაწყვეტილებას ლოგიკური დასკვნების საფუძველზე იღებს. ხოლო გამონათება, ანუ ჯაჭვის ის რგოლი, რომელიც აკლია, და რომელსაც ვერ მივიღებთ არსებული ლოგიკური ჯაჭვიდან, ვარიანტთა სივრციდან სულის მეშვეობით მოდის.

სულის ბუნდოვანი გრძნობები ვლინდება, როგორც მღელვარება, დათრგუნულობა, ან ენთუზიაზმი, აღმაფრენა. ყველა ეს გრძნობა შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთ ტერმინში - სევდა. სული თითქოს ცდილობს, რომ რაღაც უთხრას გონებას, მაგრამ არ შეუძლია აუხსნას. სევდიანი მღელვარება, დანაშაულის გრძნობა, მოვალეობის ტვირთი, დათრგუნულობა - რეალიზდება როგორც უარესი მოლოდინები. ყველა ამ გრძნობაში სულისა და გონების ერთობა ვლინდება. გარეგანი განზრახვის მუშაობის შედეგად ჩვენ ვღებულობთ ჩვენი ყველაზე უარესი მოლოდინების რეალიზაციას.

ცნობილია, რომ უბედურება მარტო არასოდეს მოდის. გამოსხივების ასეთი პარამეტრებით ჩვენ ცხოვრების ცუდ ხაზებზე გადავინაცვლებთ, სადაც უბედურება, როგორც იტყვიან, მარტო არაა. ზოგჯერ ინდუცირებული გადასვლა ფართო შავ ზოლზე გვაგდებს, საიდანაც თავის დაღწევა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდება. ყურადღება მიაქციეთ, როცა თქვენ გემთხვევათ დათრგუნული სევდის ეს მდგომარეობა, ამ დროს დაუყოვნებლივ ღებულობთ თქვენი უარესი მოლოდინების რეალიზაციას. გარეგანი განზრახვა ცხოვრების წარუმატებელ ხაზებზე გაგდებთ, სადაც სიტუაცია თქვენს თვალწინ მძიმდება.

უბედურების წინასწარშეგრძნებასთან ერთად, სული, საკუთრივ, ეხმარება კიდეც ამ უბედურების აღსრულებას - სულისა და გონების ერთობის ხარჯზე. ერთობის საუკეთესო მოლოდინებისკენ მიმართვით შესაძლებელი ხდება, რომ გარეგანი განზრახვა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ამისთვის ტრანსერფინგში გვთავაზობენ, რომ უარი ვთქვათ მნიშვნელოვანობაზე, ნეგატივზე, და ცნობიერად წარვმართოთ აზრობრივი ენერგია მიზნების მიღწევისკენ. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, აზრობრივი ენერგიის პარამეტრების მომართვა სლაიდების მეშვეობით ცნობიერ მდგომარეობაში ხდება. იგივე ტექნიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ ღია ფანჯრის მომენტში, თუკი ამ მომენტის დაჭერას მოახერხებთ.

ინტუიტიური ცოდნა და წინათგრძნობა თვითნებურად მოდიან. ამ შემთხვევაში გონება სულის შესაძლებლობებს პასიურ რეჟიმში იყენებს - იგი უბრალოდ ღებულობს ინფორმაციას იმ სექტორიდან, რომელშიც სული შემთხვევით შეეხეტა. ამგვარად, ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ინტუიტიური შეგრძნება ჩვენში განზრახ გამოვიწვიოთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ შემდეგ სულის აფრა საჭირო მხარეს მივმართოთ.

როგორ გავაკეთოთ ეს? თქვენ უნდა დაიჭიროთ მომენტი, როცა გონება რაღაცაზე მოცდა. მაგრამ ამ დროს გრძნობა კი არ უნდა გამოიჭიროთ, არამედ განზრახ მოახდინოთ მისი ინდუცირება, ანუ ფანჯარაში მყისიერი სლაიდი უნდა ჩასვათ. სლაიდი იმ გრძნობებს უნდა შეიცავდეს, რომლებსაც სლაიდის შიგნით განიცდით. სლაიდის ღია ფანჯარაში ჩასმისას თქვენ კი არ იღებთ სულის ინფორმაციას, არამედ პირიქით, სივრცის მიზნობრივი სექტორისკენ მიმართავთ მას. თუკი ამის გაკეთებას შეძლებთ, თქვენი გონება გარეგან განზრახვას შეეხება.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ იგივე ეფექტის მიღწევა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, თუკი სლაიდს საწოლში წოლისას, ძილის წინ ატრიალებთ. მაშინ სლაიდი შეუმჩნევლად გადავა სიზმარში, და სულისა და გონების ერთობა მიღწეული იქნება. მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, ეს არაფერს მოგცემთ. ამის ახსნას შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ეცადეთ უპასუხოთ კითხვას: რატომ არ აქვს აზრი სლაიდის სიზმარში ტრიალს?


 

freim

ფრეიმი

არსებობს გარდამავალი ადგილი მოვლენებს შორის, რომლებიც ფორმირებულია გარეგანი განზრახვისა და მოვლენების მიერ, და ნაწინასწარმეტყველებია ინტუიტიური წინათგრძნობის მიერ. სხვა სიტყვებით, როცა თქვენ ინტუიტიური წინათგრძნობა გაქვთ, რომ რაღაც მოვლენა უნდა მოხდეს, თქვენ მას აზრებით ეხებით, მიზანმიმართული ფიქრის გარეშე. შემდეგ ეს მოვლენა, როგორც წესი, მართლაც რეალიზდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ გონება სულის წინათგრძნობას ეთანხმება. ჩნდება კითხვა: თქვენ უბრალოდ წინათგრძნობა გქონდათ, რომ მოვლენა უნდა მომხდარიყო, თუ თქვენი ქვეცნობიერის აზრებმა იმოქმედეს, როგორც გარეგანმა განზრახვამ, და ამ მოვლენის ინდუცირება გამოიწვიეს?

ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ერთსაც აქვს ადგილი და მეორესაც. ძილში ყველაფერი უფრო განსაზღვრულად ხდება: როგორც კი ოდნავ გაიფიქრებთ, ან უფრო იგრძნობთ, რომ მოვლენები რაღაც სახით უნდა განვითარდეს, ეს სცენარი მაშინვე რეალიზდება. გარეგანი განზრახვა სიზმარში უტყუარად მუშაობს. რას გვაძლევს ეს?

მხოლოდ იმას გვაძლევს, რომ მოსალოდნელი სცენარის რეალიზაციას სიზმარში ვღებულობთ. სიზმარი არანაირ გავლენას არ ახდენს მატერიალურ რეალობაზე. ვირტუალური რეალობა ასეთადვე რჩება. რატომ არ ახდენს სიზმრის გარეგანი განზრახვა ვირტუალური სექტორის რეალიზაციას? შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს დაკავშირებულია მატერიალური რეალიზაციის ინერტულობასთან. მართლაც, სიზმარი, მატერიალურ რეალობასთან შედარებით იგივეა, რაც ქაღალდის ნავი დიდ ფრეგატთან შედარებით. ქაღალდის ნავი სწრაფად მიფრინავს გარეგანი განზრახვის ოდნავ დაბერვაზეც კი. ხოლო იმისთვის, რომ მძიმე ფრეგატი დაძრათ ადგილიდან, აუცილებელია დიდი აფრა და ხანგრძლივი დრო.

და მაინც, სიზმრის გარეგანი განზრახვა არ ახდენს ვირტუალური სექტორის რეალიზაციას არა იმის გამო, რომ ინერტულია. თქვენ შეგიძლიათ რამდენ ხანსაც გინდათ ატრიალოთ სლაიდი გაცნობიერებულ სიზმარშიც კი, მაგრამ ეს ერთი ნაბიჯითაც კი არ მიგახლოვებთ მიზანთან. საქმე იმაშია, რომ სიზმარში გარეგანი განზრახვა მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებს: გადაიყვანოს სული ერთიდან მეორე ვირტუალურ სექტორში. სიზმარში ხდება შემდეგი რამ: გონებამ სულის აფრის მიმართულება მოლოდინის შესაბამისად განაწყო, გარეგანმა განზრახვამ კი მყისიერად გადაიყვანა ქაღალდის ნავი შესაბამის სექტორში. მორჩა, სამუშაო შესრულებულია და გარეგანი განზრახვის მისია აქ ამოიწურა.

რეალობაში გარეგანი განზრახვის ფუნქცია ერთი წამობერვით არ სრულდება. განზრახვის ქარი უბერავს, ფრეგატი კი მაინც არ იძვრის ადგილიდან. თუ სულისა და გონების ერთობა მიღწეულია, აფრა სწორი მიმართულებით განეწყობა. აფრის სიდიდე დამოკიდებულია ერთობის ხარისხზე. ქარს არ შეუძლია მყისიერად გადაიყვანოს ფრეგატი საჭირო სექტორში. აზრობრივი გამოსხივების ენერგიის პარამეტრები უკვე შეესაბამებიან მიზნობრივ სექტორს, მატერიალური რეალიზაცია კი წინა სწქტორში აყოვნებს. ამიტომ განზრახვის ქარმა თავისი სამუშაო ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა შეასრულოს, რათა მიზნობრივი სექტორის რეალიზება შეძლოს.

თუმცაღა სიზმრის გარეგან განზრახვას საერთოდ არ შეუძლია ფრეგატის დაძვრა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სიზმარში მხოლოდ ქაღალდის ნავის პატარა ბუმბულია დაყენებული, მაშინ, როცა ფრეგატის აფრა მოშორებულია. განზრახვის ქარი მხოლოდ სიზმრის ქაღალდის ნავს გადაანაცვლებს, მატერიალური რეალიზაცის ფრეგატზე კი ვერანაირად ვერ მოქმედებს.

ამიტომ სლაიდის სიზმარში ტრიალი მატერიალურ რეალიზაციას ვერ ეხმარება. სულის აფრა სიზმარში საშუალებას გვაძლევს, რომ ვირტუალურ სივრცეში ვიფრინოთ, მაგრამ არანაირი კავშირი არ აქვს საკუთრივ მატერიალური რეალიზაციის მოძრაობასთან. სლაიდის ერთადერთი ფუნქცია გაცნობიერებულ სიზმარში - ესაა კომფორტის ზონის გაფართოება. თუმცაღა ესეც არაა ცოტა, ასე რომ თუ გაცნობიერებულ სიზმრებს აპრაქტიკებთ, სლაიდი სიზმარში იდეალური საშუალება იქნება კომფორტის ზონის გასაფართოებლად.

ღვიძილის დროს თქვენი ცნობიერი და ქვეცნობიერი მატერიალური სამყაროს ფარგლებში იმყოფებიან. გონება სულის ფოკუსს მატერიალური რეალიზაციის სექტორში აკავებს. როგორც უკვე ითქვა, გონება გამუდმებით ახდენს აღქმის კორექციას დამყარებული შაბლონის შესაბამისად. ატრიალებთ რა სლაიდს ღვიძილის მდგომარეობაში, თქვენ ამით აზრობრივი გამოსხივების პარამეტრებს არარეალიზებულ სექტორზე განაწყობთ. სულისა და გონების ერთობის დონის შესაბამისად, აფრა გარეგანი განზრახვის ქარით იბერება და ფრეგატი ნელა და თანდათანობით იწყებს მიზნობრივი სექტორისკენ მოძრაობას. გარეგანი განზრახვის მუშაობა მანამდე გაგრძელდება, სანამ მატერიალური რეალიზაცია დანიშნულების პუნქტამდე არ მიაღწევს.

ხედავთ, რაშია განსხვავება? სიზმარში გარეგანი განზრახვის მუშაობა სრულდება, ღვიძილში კი - გრძელდება. სიზმარში პარამეტრები მყისვე მოდის შესაბამისობაში, და ამით საქმე მთავრდება, ღვიძილში კი პროცესი ნელა და თანდათანობით მიმდინარეობს. როცა თქვენ ღვიძილში ატრიალებთ სლაიდს, თქვენ დაყენებული გაქვთ მატერიალური რეალიზაციის ფრეგატის აფრა, და გარეგანი განზრახვა ფრეგატს ამოძრავებს, და არა სიზმრის ქაღალდის ნავს.

დაე, არ შეგაცბუნოთ იმ სითამამემ, რომლითაც ყველა ამ რთული საკითხების აღსაწერად მარტივ მეტაფორებს ვიყენებ. გონების აღნიშვნათა სიაში მაინც არაა უფრო შესაფერისი ანალოგია, სამაგიეროდ არსი ამ სახით უფრო გასაგებად გადმოიცემა.

ფანჯარა ვარიანტთა სივრცეში, რომელიც გონების მოკლევადიანი ჩათვლემის დროს იხსნება, აღქმის ფოკუსს მატერიალური რეალიზაციის მიმდინარე სექტორის კონტექსტში ტოვებს. ფრეგატის აფრა ფანჯარაში, განსხვავებით ჩვეულებრივი სიზმრისგან, გამართულ მდგომარეობაში რჩება. თუ ამ მომენტში ფანჯარაში სლაიდს ჩასვამთ, მაშინ გარეგანი განზრახვის ქარის წამოქროლვა რეალიზაციას მნიშვნელოვანი მანძილით გადაანაცვლებს. ფანჯრის ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ სულისა და გონების ერთობა ასეთ მდგომარეობაში უმაღლეს დონეზე ვლინდება. მთვლემარე გონება თავის კონტროლს ადუნებს და არარეალურს თავისი აღქმის შაბლონში უშვებს, იმის მსგავსად, როგორც ეს სიზმარში ხდება. აფრა მნიშვნელოვან ზომებს მოიპოვებს, და გარეგანი განზრახვა მეტი ძალით მოქმედებს.

ეს ტექნიკა საკმაოდ რთულია, მაგრამ შეგიძლიათ სცადოთ. იმით უნდა დაიწყოთ, რომ გამუდმებით მიაქციოთ ყურადღება ინტუიტიურ წინათგრძნობას, დააკვირდეთ საკუთარ თავს. მაშინ თქვენ მიხვდებით, რომ დღის განმავლობაში ფანჯარა საკმაოდ ხშირად იხსნება. გონება დროდადრო იღლება თავისი კონტროლისგან და ლაყბობისგან, და რამდენიმე წამით სიფხიზლეს კარგავს. ამ მომენტში შეგიძლიათ განზრახ ჩასვათ გრძნობები იმ მოვლენის შესახებ, რომლის ინდუცირებაც გსურთ. სწორედ გრძნობები, და არა სიტყვიერი ფორმულირებები.

წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით, ჩანაფიქრი რომ გისრულდებოდეთ? რამდენჯერმე დაატრიალეთ თავში მიზნის მიღწევის სლაიდი, შემდეგ კი აიღეთ მთელი სლაიდიდან ერთი ინტეგრალური ანაბეჭდი - ფრეიმი. მაგალითად, კონტრაქტს აწერთ ხელს და კმაყოფილებას გრძნობთ. ან გამოცდას აბარებთ წარმატებით, და ლექტორი ხელს გართმევთ. ან ფინიშთან პირველი მიდიხართ და მკერდით ლენტას არღვევთ. სწორედ ეს ანაბეჭდი იქნება ის ფორმულა, რომელიც გახსნილ ფანჯარაში უნდა ჩასვათ. ფრეიმი შეგიძლიათ ერთი სიტყვით დაასათაუროთ, მაგალითად: „გამარჯვება!“, „არის!“, „გამოვიდა!“, ან როგორც გაგიხარდებათ. ეს სათაური ფრეიმის საყრდენი წერტილის როლს შეასრულებს. სცადეთ, მიაღწიოთ ასეთ ეფექტს, რათა ფრეიმის გრძნობა დაემგვანოს მოწოლილ სევდას, დაჟინებისა და დაძალების გარეშე.

ფანჯრის დაჭერა რთულია, რადგანაც ამას თქვენი გონება აკეთებს, თუმც კი მთვლემარე, ეს კი ნიშნავს, რომ იგი იღვიძებს, და ფანჯარა მაშინვე იხურება. უნარები დროთა განმავლობაში მოვა. მტკიცე განზრახვა და მოთმინება უნდა იქონიოთ. ჯერ გონების მეშვეობით უნდა შეიმუშავოთ მოვლენის რეალიზაციის შეგრძნების ფრეიმი. დაე, მან აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ შემუშავებაში. შემდეგ ფანჯრის დაჭერის მცდელობის გარეშე ატრიალოთ ეს ფრეიმი, რათა კარგად გაარკვიოთ თქვენთვის, რაში მდგომარეობს საბოლოო გრძნობა, შექმნათ ინტეგრალური შეგრძნება. შემდეგ კი შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფანჯრის გახსნის მომენტში მყისიერად ჩასვათ მასში ფრეიმი.

ისე უნდა გამოგივიდეთ, რომ მთვლემარე გონება უეცრად აცნობიერებდეს თავის მძინარე მდგომარეობას, და მაშინვე აგდებდეს ფრეიმს ფანჯარაში, სანამ გამოღვიძებას მოასწრებს. სწორედ ეს იქნება გარეგანი განზრახვის მუშაობა შინაგანი მონოლოგის გაჩერებისას.

მრავალჯერადი, თუნდაც წარუმატებელი მცდელობები, თანდათან ჩვევას აყალიბებენ, და თქვენი გონება ფრეიმის ფანჯარაში ჩაგდებას ავტომატურად ისწავლის. ფრეიმის აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გონებამ მისი ავტომატურად აქტივიზაცია უნდა შეძლოს, სანამ გაღვიძებას მოასწრებს. თუმცაღა თუ ფრეიმების ტექნიკა ძალიან ძნელად გამოგდით, არ იღელვოთ ამაზე და საერთოდ შეეშვით. იმუშავეთ ჩვეულებრივ სლაიდებთან და აკეთეთ პროცესის ვიზუალიზაცია.

ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ფანჯარაზე ყურადღების მიქცევის ჩვევას გამოიმუშავებთ. თუ გახსნილი ფანჯრის მომენტების დაჭერას ისწავლით, ინტუიტიური გამონათებები უფრო და უფრო ხშირად გეწვევათ.


 

რეზიუმე

გასხივოსნებულის განზრახვა იგივე ხდება, რაც გარეგანი განზრახვა.

გონებას გააჩნია ნება, მაგრამ არ შეუძლია გარეგანი განზრახვის შეგრძნება.

სულს შეუძლია შეიგრძნოს გარეგანი განზრახვა, მაგრამ ნება არ გააჩნია.

სულისა და გონების ერთობა გარეგან განზრახვას ნებას უქვემდებარებს.

თქვენი სული სხვებისაზე არაფრით უარესი არაა. თქვენ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ხართ.

თქვენ ყველაფერი გაქვთ, რაც საჭიროა. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ გამოიყენოთ ეს.

სული უნიკალურია, გონება - არა. ერთად სულსა და გონებას ყველაფერი შეუძლიათ.

დაიჯერეთ სულის შეუზღუდავი შესაძლებლობების და მიმართეთ მისკენ თქვენი გონება.

თქვენ უნიკალურები და განუმეორებლები ხართ. ნება მიეცით საკუთარ თავს, რომ იყოთ ის, ვინც ხართ.

ვარსკვლავები დამოუკიდებლად იბადებიან, მაგრამ მათ ანთებას ქანქარები ახდენენ.

ქანქარები მალავენ იმ ფაქტს, რომ უნიკალური შესაძლებლობები ყველა ადამიანს გააჩნია.

წესი - „აკეთე ისე, როგორც მე“ - ქანქარების საყოველთაოდ მიღებულ სტერეოტიპებს ქმნის.

სხვისი სცენარის მიბაძვა პაროდიას წარმოშობს.

ყოველ სულს თავისი ინდივიდუალური ვარსკვლავური სექტორი გააჩნია.

თუ გონება საშუალებას მისცემს, სული თავად იპოვის თავის სექტორს.

მიეცით საკუთარ თავს ნება - იყოთ გამბედავი, მიაფურთხოთ ქანქარების სტერეოტიპებს, და დაიჯეროთ საკუთარი სულის უსაზღვრო შესაძლებლობების.

მიეცით საკუთარ თავს ნება - გქონდეთ უფლება საკუთარ ბრწყინვალე ინდივიდუალობაზე.

გაიზიარეთ ანგელოზთან თქვენი მარტოობა, უბედურება და სიხარული.

არასოდეს განაწყენდეთ ან გაბრაზდეთ ანგელოზზე, და არ უსაყვედუროთ მას.

სიხარული თქვენთვის დაიტოვეთ, სიამაყე კი ანგელოზს გადაულოცეთ.

გულწრფელად მადლიერი იყავით ანგელოზის, გამუდმებით შეახსენეთ, რომ გიყვართ იგი.

ქანქარების მიერ შეპყრობილი გონება სულის ბადრაგი ხდება.

ადამიანის აზრები და ქცევები განპირობებულია მისი ქანქარებზე დამოკიდებულობით.

ადამიანი ქანქარების პროვოკაციებზე გაუცნობიერებლად რეაგირებს.

არ აყვეთ პროვოკაციებს და არ მისცეთ საკუთარ თავს ნება, რომ წონასწორობიდან გამოგიყვანონ.

გეკავოთ თქვენი მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზე და იმოქმედეთ გაცნობიერებულად.

ამ თამაშში თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული.

ქანქარების შესაძლებლობები თქვენი მნიშვნელოვანობის და გაცნობიერებულობის დონითაა შეზღუდული.

არ მიანიჭოთ არაფერს მეტისმეტად ჭარბი მნიშვნელობა.

თქვენი მნიშვნელოვანობა თქვენ კი არა, ქანქარებს სჭირდებათ.

როგორც კი მნიშვნელოვანობის მხრივ სისუსტე გამოიჩინეთ, თქვენ წააგეთ.

უბრალოდ მშვიდად და დაჟინების გარეშე აიღეთ თქვენი კუთვნილი.

არა ძალისხმევა ან ნებისყოფა, არამედ გაცნობიერებული განზრახვა აკავებს მნიშვნელოვანობას ნულზე.

ფრეილე წარმოადგენს ადამიანის სულის ინდივიდუალური არსის მახასიათებელს.

სულიერი სილამაზე სულისა და გონების ურთიერთობის ჰარმონიით განისაზღვრება.

გონების განწყობა სულის ფრეილეზე შინაგან სინათლეს წარმოშობს.

სხვების სტანდარტების დევნაში გონება სულ უფრო და უფრო შორდება სულს.

გარეგანი განზრახვა საკუთარი თავით უკმაყოფილების რეალიზებას ახდენს და არასრულყოფილებას ამძიმებს.

გადააგდეთ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა და უპირობოდ შეიყვარეთ საკუთარი თავი.

თუკი გონებას სულის ფრეილეზე განაწყობთ, თქვენ მრავალ დაფარულ შესაძლებლობას მოიპოვებთ.

ერთობის მდგომარეობაში სული მღერის, გონება კი კმაყოფილი ხელებს იფშვნეტს.

ფიქრობს რა მიღწევის საშუალებებზე, გონება ფატალურ ჯვარს ასვამს ძნელად მისაღწევ მიზნებს.

მისცე საკუთარ თავს ფლობის საშუალება - სურვილის ასრულების აუცილებელი პირობაა.

მართლა მთელი გულით გსურთ, თუ მხოლოდ გინდათ, რომ გსურდეთ?

მთელი მიმზიდველობის მიუხედავად, თუ რაღაც გრთგუნავთ, მიზანი შეიძლება ცრუ იყოს.

არ დაუჯეროთ არავის, ვინც მოგიწოდებთ, რომ საკუთარი თავი შეცვალოთ.

ზურგი აქციეთ ქანქარებს, შებრუნდით საკუთარი თავისკენ, მიიღეთ საკუთარი თავი და აღმოაჩინეთ იგი.

დისკომფორტი ჩნდება, როგორც მძიმე შფოთვა, ტვირთი ან დათრგუნულობა.

აუცილებელია შეიმუშავოთ ჩვევა - ყურადღება მიაქციოთ კომფორტის მდგომარეობას.

დამთრგუნველი გრძნობა გონების ოპტიმისტური მსჯელობების ფონზე „არა“-ს აჩვენებს.

სულიერი კომფორტი არ წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან „კი“-ს.

სულიერი დისკომფორტი ერთმნიშვნელოვან „არა“-ს წარმოადგენს.

მიზანზე ფიქრისას ნუ იფიქრებთ მის პრესტიჟულობაზე, მიუწვდომლობაზე და მიღწევის საშუალებებზე - ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ სულიერი კომფორტის მდგომარეობას.

ნუ აურევთ სულიერ შებოჭილობას სულიერ დისკომფორტთან.

აფირმაციას თან უნდა ახლდეს შესაბამისი გრძნობები.

ცალკეული აფირმაცია პოზიტიური და ვიწროდ მიმართული უნდა იყოს. მიმართეთ აფირმაცია მიზეზზე და არა შედეგზე. მოახდინეთ აფირმაციის ფორმულირება აწმყო დროში.

გონების სულზე ზეწოლით ვერაფერს მიაღწევთ.

როცა ფლობის გადაწყვეტილებას თან არ ახლავს ფლობის სურვილი, ქანქარას არ ექნება თქვენზე მოსაჭიდი.

თქვენ მშვიდად და დაჟინების გარეშე იღებთ თქვენსას, როგორც ფოსტას საფოსტო ყუთიდან.

ფანჯარა ინფორმაციის ველში გონების შესვენების დროს იხსნება.

სლაიდი სიზმარხილვაში ეფექტურად აფართოებს კომფორტის ზონას, მაგრამ მეტს ვერაფერს აკეთებს.

სულისა და გონების ერთობა ფანჯარაში ყველაზე მაღალი დონით ვლინდება.

ფანჯრისთვის ყურადღების მიქცევა ინტუიციას ანვითარებს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...