shopping1

როგორ უნდა აირჩიოთ თქვენი ნივთები

ამ თავში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გავარჩიოთ სულის ნამდვილი მისწრაფებები ცრუ მიზნებისგან, რომლების თავს მოხვევასაც გამუდმებით ცდილობენ ქანქარები. პრობლემა იმაშია, რომ ცრუ მიზანს, მიუხედავად თავისი მიმზიდველობისა, არაფერი მოაქვს თქვენთვის, გარდა იმედგაცრუებისა. ცრუ მიზნის დევნაში, ან არაფერს მიაღწევთ, და თქვენს მიერ დახარჯული ძალისხმევები ქანქარების საკვები გახდება, ან მიზნის მიღწევის შემდეგ მიხვდებით, რომ ეს არ გჭირდებოდათ. ღირს კი, გაუშვათ ხელიდან ცხოვრების მიერ ბოძებული უნიკალური შანსი და დახარჯოთ ძვირფასი დრო შეცდომების გამოსწორებაზე? მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ხანგრძლივად გვეჩვენება, იგი ძალიან სწრაფად და შეუმჩნევლად გადის. ამიტომ საჭიროა ისწავლოთ სწორედ თქვენი მიზნების პოვნა, რომლებიც ბედნიერებას პირადად თქვენ მოგიტანენ.

მე არ მინდა ამ თავის თეორიით დაწყება. ალბათ ისედაც დაიღალეთ მძიმეწონიანი თეორიული საფუძვლების მოსმენით. მე ვცდილობდი შეძლებისდაგვარად შემემსუბუქებინა გადმოცემის მძიმეწონიანობა, მაგრამ ვშიშობ, ყოველთვის არ გამომდიოდა ეს. რას იზამ, არაორდინალური საკითხებია დასმული, და დასკვნებიც შესაბამისად განსაცვიფრებელია. თქვენი გონება ვერასოდეს მიიღებდა სერიოზულად ტრანსერფინგის იდეებს, თუნდაც მცირე არგუმენტები რომ არ მომეყვანა. მაგრამ ყველაზე რთული უკვე ჩავლილია, და ამ თავს პრაქტიკული საკითხებით დავიწყებ. ამიტომ შეგიძლიათ დაისვენოთ და ტაში დაუკრათ, თქვენ შესანიშნავი საჩუქარი გელოდებათ. იგი განსაკუთრებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მოგეწონებათ.

ყველაზე მკაფიო და მარტივ მაგალითს, და ამავდროულად საკუთარი მიზნის განსაზღვრის უნარისთვის სავარჯიშოს წარმოადგენს თქვენთვის საჭირო ტანსაცმლის ძიება. გაიხსენეთ, იყო თუ არა შემთხვევები, როცა თითქოს შესაფერის ტანსაცმელს ყიდულობდით, შემდეგ კი აღმოჩნდებოდა, რომ აღარ მოგწონთ, ან არ გიხდებათ, ან დეფექტურია. ასევე იყო თუ არა, როცა დაინახეთ ტანსაცმელი, ყოყმანის გარეშე, მაშინვე იყიდეთ და დღემდე კმაყოფილი ხართ მისით. განსხვავება ამ ორ ტანსაცმელს შორის ისაა, რომ პირველი მათგანი - სხვისია, მეორე კი - თქვენი.

პირველი, რომელიც მიმზიდველად გეჩვენებოდათ, სხვა ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, და არა თქვენთვის. შესაძლოს ნაცნობზე, ან მანეკენზე ჩაცმული დაინახეთ იგი. თუ რაღაც სხვაზე კარგად გამოიყურება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი თქვენც მოგიხდებათ. და ეს თქვენი ნაკლოვანება კი არა, თქვენი ღირსებაა. ძალიან ცუდია, იყო მანეკენი, რომელზეც ყველაფერი კარგად გამოიყურება. ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს არა საყოველთაოდ მიღებული სილამაზე, არამედ წარმატებულად ხაზგასმული ინდივიდუალობა.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს გარეშეც კარგად იცით. მაგრამ თქვენ დიდი ხანი დადიხართ მაღაზიებში და იტანჯებით იმის გამო, რომ არ იცით, რა იყიდოთ. ფასონების ცოდნა, მოდის შეგრძნება, კარგი გემოვნებაც კი ვერ გეხმარებათ. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მაინც არ ხართ ბოლომდე კმაყოფილი ნაყიდი ნივთით. იმისთვის, რომ ყოველთვის იპოვოთ სწორედ ის, რაც გჭირდებათ, აუცილებელია საკუთარი ნივთების სხვების ნივთებისგან გარჩევა. როგორ კეთდება ეს? არც კი დაიჯერებთ, ისე მარტივად!

პირველ რიგში, არასოდეს იტანჯოთ არჩევანის პრობლემით. აქ თქვენ აშკარად არღვევთ წონასწორობას. რაც უფრო მეტად იძაბებით ამასთან დაკავშირებით, მით უფრო უარესი იქნება შედეგი. არაა საჭირო ნივთების დიდხანს თვალიერება და მათი ღირსებების და ნაკლოვანებების შეფასება. გონებამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევაში, რადგან გონება და მისი აზრები - ეს თქვენ კი არა, ქანქარების ზეგავლენაა. უბრალოდ იარეთ და დააკვირდით, როგორც გამოფენაზე, ისე, რომ არაფერზე იფიქროთ.

ჯერ ზოგადად გაარკვიეთ საკუთარ თავთან, საერთო შტრიხებში, თუ რისი შეძენა გსურთ. დეტალების წარმოდგენა აუცილებელი არაა. ერთადერთი აღწერა ტანსაცმლის ტიპი უნდა იყოს. მაგალითად, თუ პალტო გჭირდებათ, უბრალოდ დაისახეთ მიზნად, რომ პალტო აირჩიოთ, და მეტი არანაირი ზედმეტი პირობა. დაე, ნივთი თქვენმა სულმა აირჩიოს - იგი გაცილებით უფრო ახლოსაა იმასთან, რაც სინამდვილეში ხართ. იგი ხელიდანა რ გაუშვებს მცირე დეტალსაც კი, და აუცილებლად დროულად მიგითითებთ თქვენს ნივთზე. ამას მაშინვე მიხვდებით, როგორც კი მრავალ ნივთს შორის დაინახავთ, ან უფრო სწორად იგრძნობთ იმას, რომელიც განსაკუთრებულ სიმპათიას აღგიძრავთ.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არაა საჭირო ანალიზი იმისა, თუ რატომ მოგწონთ ნივთი. იგი უბრალოდ მოგწონთ და მორჩა, მასზე შეგიძლიათ თქვათ - „ეს ისაა, რაც მჭირდება“. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იყიდით მას.

მაშინაც კი, თუ დიდი ხანია ეძებთ და არ შეგიძლიათ პოვნა, ეჭვი არ შეგეპაროთ, თქვენი ნივთი რომელიღაც მაღაზიაშია. თუ მესამეში არა, მეათეში იპოვით მას. იგი მოთმინებით გელოდებათ, ამიტომ თქვენც გამოავლინეთ მოთმინება, არ იწრიალოთ, არ დატანჯოთ ეჭვებით და არ უსაყვედუროთ საკუთარ თავს. ხოლო იმისთვის, რომ დარწმუნებულობა აბსოლუტური იყოს, მე თქვენ გაგიხსნით იმის საიდუმლოს, თუ როგორ გაარჩიოთ სხვისი ნივთი თქვენი ნივთისგან. ეს მარტივიცაა და საიმედოც.

როგორც უკვე აღვნიშნე, არჩევის პროცესში თქვენ არ გჭირდებათ ფიქრი საგნების ღირსებებზე და ნაკლოვანებებზე. მაგრამ აი, დადგა მომენტი, როცა გამყიდველს თქვენი „კი“ ან „არა“ უნდა უთხრათ. ამ მომენტში თქვენ ძალიან ტკბილად გძინავთ, მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ ასე არაა. განსაკუთრებულად ძლიერია თქვენი ძილი მაშინ, თუ გამყიდველი ან თქვენი მეგობარი გეუბნებათ რაღაცას ნივთის შესახებ.

იმ დროს, როცა გადაწყვეტილებას იღებთ, მხოლოდ თქვენი გონება მუშაობს. იგი აანალიზებს ღირსებებს და ნაკლოვანებებს, აწყობს თავის კონცეფციას ისე, რომ იგი რაციონალური და სარწმუნო იყოს, და ამავდროულად გარშემომყოფების შეხედულებასაც უსმენს. გონება იმდენადაა შთანთქმული ამ პროცესით, რომ სულის გრძნობებს საერთოდ აღარ აქცევს ყურადღებას. ამ თვალსაზრისით გონებას ღრმად ძინავს. დაე, იყოს ასე, არ შეუშალოთ ხელი მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მაგრამ აი, გადაწყვეტილება მიღებულია. ამ მომენტში აღარავის უსმინოთ, გაიღვიძეთ და გაუწიეთ საკუთარ თავს ანგარიში: რა გრძნობებს განიცდიდით, როცა გადაწყვეტილება მიიღეთ? სულიერი კომფორტის მდგომარეობა გიჩვენებთ სულის დამოკიდებულებას გონების გადაწყვეტილებასთან.

სულიერი კომფორტი, როგორც იცით, ვერ მოგცემთ ცალსახა პასუხს. სულმა ყოველთვის ზუსტად არ იცის რა უნდა, და ასევე შეუძლია იყოყმანოს. თუ ნივთი პირველივე შეხედვაზე მოგეწონათ და ეს მაშინვე იგრძენით, ეს ნიშნავს, რომ სულმა თქვა - „კი“. მაგრამ შემდეგ ირთვება გონება და იწყებს არჩევანის გაანალიზებას და არგუმენტირებას. თუ ანალიზის შედეგაც გონებამაც „კი“ თქვა, ეს ნიშნავს, რომ ნივთი თქვენია. მაგრამ თუ ნივთი პირველივე შეხედვაზე კი არა, რაციონალური არგუმენტაციის შემდეგ მოგეწონათ, მაშინ განსაკუთრებულად უნდა მიაქციოთ ყურადღება უმცირეს დისკომფორტსაც კი. სულმა ყოველთვის ზუსტად იცის - რა არ უნდა.

თუკი ყოყმანობთ, თუკი რაღაც მაინც ამ ნივთში თუნდაც მცირე შფოთვას ან დისკომფორტს იწვევს, თუკი გაიელვებს ეჭვის ან დათრგუნულობის თუნდაც მსუბუქი ჩრდილი - ეს თქვენი ნივთი არაა. გონება თქვენს დათანხმებას და ამ ნივთის ღირსებების წარმოჩენას ეცდება. თუ გამოიჭირეთ საკუთარი თავი იმაში, რომ არწმუნებთ საკუთარ თავს, ცდილობთ დაუმტკიცოთ, რომ ეს ტანსაცმელი ფასონით ან ზომით გიხდებათ - მაშინვე შეგიძლიათ მოიშოროთ ეს ნივთი - ის სხვისია.

არჩევის ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი მდგომარეობს ერთ მარტივ ფრაზაში: თუკი საკუთარი თავის დარწმუნება გიწევთ, ეს ნიშნავს, რომ ნივთი სხვისია. იცოდეთ, რომ თუ ნივთი თქვენია, არ მოგიწევთ საკუთარი თავის დარწმუნება.

და ბოლოს, ღირს თუ არა, რომ არჩევის პროცესში სხვების აზრს მოუსმინოთ? ვფიქრობ, არ ღირს. ვერავინ, თქვენს გარდა, ვერ შეძლებს სწორედ თქვენი ნივთის არჩევას. თუკი იგი უპირობოდ მოგეწონათ, შეგიძლიათ სრულიად დარწმუნებული იყოთ, სხვები აღტაცებულნი იქნებიან, როცა ამ ტანსაცმელს თქვენზე იხილავენ.

ფასებზე შემიძლია მხოლოდ ერთი ვთქვა: სულაც არაა აუცილებელი, რომ თქვენი ნივთი ძვირადღირებულ მაღაზიებში იდოს. მაგრამ თუ აქამდე მივიდა საქმე, ტრანსერფინგი იმაშიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრებიდან ფულის პრობლემა მოიშოროთ. თუ თქვენს მიზანს განსაზღვრავთ და მის მის მიღწევას ეცდებით, და არა ფულის შოვნას, მაშინ ფული თავისით მოვა, თანაც უხვად.

როგორც ხედავთ, ნივთების არჩევის პროცესი ტრანსერფინგის ყველა ძირითად პრინციპს მოიცავს. თქვენ მაღაზიაში ისე დადიხართ, როგორც გამოფენაზე, უბრალოდ აკვირდებით და არ უსახავთ საკუთარ თავს ამოცანას, რომ აუცილებლად იპოვნოთ რაღაც. შესაბამისად, თქვენ უარს ამბობთ მიზნის მიღწევის სურვილზე. მშვიდად აცნობიერებთ, რომ თქვენი ნივთი სადღაც გელოდებათ, და ზუსტად იცით, თუ როგორ გამოარჩიოთ იგი სხვებისგან. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზეა. თქვენ იღვიძებთ მაშინვე, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიღებულია და საკუთარ თავს ანგარიშს უწევთ, თუ როგორ ხდებოდა ყველაფერი.

გამოდის, რომ თქვენ გაცნობიერებულად მოქმედებთ და თავად განსაზღვრავთ თამაშის სცენარს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი სულიერი კომფორტის მდგომარეობას ეყრდნობით. არ შეცდებით, რადგან საიმედო საყრდენი გაქვთ - სულისა და გონების ერთობა. და ბოლოს, თქვენ გარკვეულწილად გაიმარტივებთ ამოცანას, თუ მკაცრად დაგეგმვას არ დაიწყებთ, საკუთარ თავს ვალდებულებებში არ გახლართავთ და ჯიუტად არ მიაწვებით თქვენს ხაზს, არამედ ვარიანტთა დინებას მიენდობით. ცხოვრება - ეს მსუბუქი ზეიმია, თუკი ამის საშუალებას მისცემთ საკუთარ თავს. თქვენ მშვიდად და დაჟინების გარეშე იღებთ თქვენსას.

აი, ახლა უკვე გაქვთ მარტივი და ძლიერი ტექნიკა. შეგიძლიათ მშვიდად წახვიდეთ მაღაზიაში, და მაშინაც კი, თუ ამ დღეს ვერაფერი იყიდეთ, ეს ნიშნავს, რომ სხვა ნივთისგან გადაირჩინეთ თავი. მშვიდი და თავდაჯერებული იქნებით, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ნივთი სადღაც დევს და გელოდებათ. თქვენ მას აუცილებლად იპოვით. მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ მანამ, სანამ თქვენს ბაგეებს „კი“ ან „არა“ მოწყდება, უნდა გაიღვიძოთ და ანგარიში გაუწიოთ საკუთარ შეგრძნებებს.

იმ შემთხვევაში, როცა ტანსაცმელს თქვენთვის კი არა, მაგალითად, ბავშვისთვის ირჩევთ, მოცემული ტექნიკა არ იმუშავებს. უფრო სწორად იმუშავებს, მაგრამ არა ასეთი სიზუსტით. თქვენი სული ვერ შეძლებს ნივთის არჩევას სხვა სულისთვის. ამიტომ აქ მხოლოდ ისღა დაგრძენიათ, რომ პრაქტიკულობით იხელმძღვანელოთ. მაგრამ ამავდროულად, საშუალება მიეცით ბავშვს, რომ თავად აირჩიოს ნივთი. დიდებისგან განსხვავებით, ბავშვებს შეუძლიათ თავისი ნივთების პოვნა.

რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა გამოყენებადია არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევებშიც. როცა თქვენთვის რაღაცის არჩევა გიწევთ. და მე ვიმედოვნებ, რომ წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ - თქვენია.