crossroads111222

სხვების მიზნები

აქამდე ჩვენ განვიხილავდით გარე სამყაროს ადამიანისთვის, როგორც ვარიანტთა სივრცეს სექტორებით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ცხოვრების ხაზებში. თუ ადამიანის აზრობრივი გამოსხივების ენერგიის პარამეტრები სექტორის პარამეტრებს ემთხვევა, მაშინ სექტორი მატერიალურ რეალიზაციად ვლინდება. თუმცაღა თავად ადამიანიც ენერგეტიკული თვალსაზრისით წარმოადგენს ინდივიდუალურ არსებას, რომელსაც გამოსხივების თავისი უნიკალური სპექტრი აქვს. ყოველ ინდივიდს ვარიანტთა სივრცეში „თავისი“ ცხოვრების ის ხაზები აქვს, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამებიან მისი ცხოვრების ფრეილეს.

ცხოვრების თავის ხაზებზე ადამიანი დაბრკოლებების მინიმუმს ხვდება, და ყველა ვითარება მის სასარგებლოდ ლაგდება. ადამიანის სულის ფრეილე წარმატებით ეწყობა ცხოვრების თავის ხაზს და ადვილად აღწევს თავის მიზანს. ზუსტად ასევე თავისი გასაღები ადვილად ტრიალდება კლიტეში და დახურულ კარს აღებს. ჩვენთვის არაა აუცილებელი, ზუსტად ვიცოდეთ, რატომ და როგორ ხდება ეს ყველაფერი. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ თავად ფაქტს, რომ რომ ყოველ ადამიანს თავისი ღერძი გააჩნია. თუ ადამიანი მიზნისკენ თავისი კარიდან შედის, მას ყველაფერი წარმატებით ულაგდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ადამიანმა გზიდან გადაუხვია, მას თავს ატყდება ყველა შესაძლო პრობლემა, და ცხოვრება იქცევა მძიმე ბრძოლად არსებობისთვის. სულისთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა. თქვენ ხომ ბრაზდებით, როცა დასვენების დღეებში ცუდი ამინდია? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას გრძნობს სული, როცა ცხოვრების მიერ ბოძებული უნიკალური შანსი სანაგვეზე მიდის.

სული ხედავს, რომ ქანქარებით გატაცებული გონება მთელ ცხოვრებას ინგრევს, მაგრამ მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. გონებამ, შემოდის რა ამ სამყაროში, ზუსტად იცის, რა უნდა აკეთოს, რა სურს, რისკენ ისწრაფვოს. სულმა ზუსტად თუ არ იცის, ყოველ შემთხვევაში ხვდება მაინც, მაგრამ გონება მას არ უსმენს. ქანქარები მაშინვე ამუშავებენ გონებას, თავს ახვევენ თავის მიზნებს და თამაშის წესებს. ქანქარები აიძულებენ ადამიანებს, რომ სხვების მიზნები აირჩიონ და სხვების კარებებთან დააყენონ რიგები. სუსტი მცდელობები სულისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს გონებაზე, უშედეგოდ მთავრდება, იმდენად დიდია ქანქარების ზეგავლენა.

ბევრი ჩვენგანს ბავშვობიდან შთააგონებდნენ აზრს იმის შესახებ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ შეუპოვარი შრომით შეიძლება. და კიდევ, საჭიროა დაჟინებით იარო საკუთარი მიზნისკენ და გადალახო წინააღმდეგობები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ბედნიერებისთვის საჭიროა ბრძოლა, შეუპოვრობა, მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა, და საერთოდ, მზის ქვეშ საკუთარი ადგილის მოპოვება. ეს ძალიან მავნე და ცრუ სტერეოტიპია.

მოდი გავარკვიოთ, როგორ გაჩნდა ეს სტერეოტიპი. როგორც წესი, ადამიანი ქანქარების ზეგავლენის ქვეშ ხვდენა და თავისი გზიდან უხვევს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მის გზაზე მრავალი წინააღმდეგობა ჩნდება, ამიტომ უწევს, რომ ეს წინააღმდეგობები გადალახოს. სცადეთ გამოიცნოთ, რაში ცდება ეს ადამიანი? იმაში, რომ იგი სხვისი მიზნისკენ მიდის სხვისი კარის გავლით? არა. პასუხი მოულოდნელი აღმოჩნდება თქვენთვის, ისევე, როგორც ყველაფერი ამ წიგნში.

ადამიანი იმაში ცდება, რომ მას აქვს ცრუ რწმენა: „თუ მე წინააღმდეგობებს გადავლახავ, იქ, წინ, ბედნიერება მელოდება“. ეს ილუზიაა და მეტი არაფერი. წინ არანაირი ბედნიერება არაა! რაც არ უნდა ეცადოს ადამიანმა, იგი ყოველთვის ჩამავალი მზის მადევარის მდგომარეობაში იქნება. სხვისი ცხოვრების ხაზზე ადამიანს არანაირი ბედნიერება არ ელოდება, არც უახლოეს, და არც შორეულ მომავალში.

ბევრი ადამიანი, რომელმაც მიზნებს დიდი შრომით მიაღწია, არაფერს გრძნობს გარდა გამოცარიელებისა. მაშ, სად ჯანდაბაში წავიდა ბედნიერება? ის იქ არც ყოფილა, რადგან ეს მირაჟი იყო, შექმნილი ქანქარების მიერ იმისთვის, რომ ადამიანს მათთვის ენერგია მიეცა, ილუზორული ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: წინ არანაირი ბედნიერება არაა. იგი ან აქ და ახლაა, ცხოვრების მიმდინარე ხაზზე, ან საერთოდ არაა.

რაში მდგომარეობს ბედნიერება ტრანსერფინგის მოდელში? იქნებ, ის მაშინ მოვა, როცა სწორედ ჩვენს მიზანს მივაღწევთ? კვლავაც ვერ გამოიცანით. ბედნიერება მოდის საკუთარი მიზნისკენ სვლისას, საკუთარი კარით. თუ ადამიანი ცხოვრების თავის ხაზზე იმყოფება, თავისი ღერძი გააჩნია, მაშინ იგი ბედნიერებას უკვე ახლა გრძნობს, მაშინაც კი, თუ მიზანი ჯერ კიდევ წინაა. ამ დროს ცხოვრება ზეიმად იქცევა. როცა მიზანი მიღწეულ აღმოჩნდება, ეს ორმაგი სიხარული იქნება. თუმცაღა უკვე თავად მიზნისკენ სიარული აქცევს ყოველ დღეს ზეიმად. სხვისი მიზნისკენ სიარული ზეიმს ყოველთვის ილუზორულ მომავალში ტოვებს. სხვისი მიზნის მიღწევას, ბედნიერების ნაცვლად იმედგაცრუება და დაცარიელება მოაქვს.

თქვენი მიზანი - ეს ისაა, რაც ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებთ. ეს არაა ის, რასაც დროებითი კმაყოფილება მოაქვს, არამედ ისაა, რაც სიცოცხლით სიხარულის შეგრძნებას იძლევა. თქვენი კარი - ესაა თქვენი მიზნისკენ მოძრაობის გზა, რომლითაც შთაგონებული და გატაცებული ხართ. ვერ ვიტყვით, რომ იქ ყოველთვის ყველაფერი ადვილად გვეძლევა. მთავარია, რომ თქვენი კარის გზით მოძრაობა არ გაცარიელებთ, არამედ პირიქით, ძალების მოზღვავებას იწვევს.

თუ საკუთარი მიზნისკენ საკუთარი გზით მიდიხარ, წინააღმდეგობები ადვილად გადაილახება, და შრომაც არაა მძიმე. ხოლო თუკი მიზნისკენ გზაზე მთელ ძალისხმევას დებთ, შთაგონების გარეშე შრომობთ და იღლებით, ეს ნიშნავს, რომ ეს თქვენი მიზანი არაა, ან სხვა კარის შემტვრევას ცდილობთ. ჩამოვთვალოთ სხვების მიზნების დამახასიათებელი ნიშნები.

სხვისი მიზანი - ეს ყოველთვის საკუთარ თავზე ძალადობაა, იძულებაა, ვალდებულებაა. თუ თქვენს მიზანში თუნდაც მცირე იძულების აუცილებლობას ხედავთ, შეგიძლიათ თამამად თქვათ მასზე უარი. თქვენ არ დაგჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება, თუკი მიზანი მართლაც თქვენია. თქვენი მიზნისკენ სიარული სასიამოვნოა. მისი მიღწევის პროცესი სიამოვნებას განიჭებთ. სხვისი მიზნისკენ მიდიხართ და ამ დროს მრავალი დაბრკოლების გადალახვა გიწევთ. გზა სხვისი მიზნისკენ - ეს ყოველთვის ბრძოლაა. ქანქარას სჭირდება, რომ თქვენ მკაცრად ზუსტად შეასრულოთ თქვენი, როგორც ჭანჭიკის სამუშაო მთელი მექანიზმის საკეთილდღეოდ. თქვენთვის ძნელია, მაგრამ მაინც გააკეთებთ ამას, რადგან ქანქარებმა შთაგაგონეს, რომ ყველაფერი მხოლოდ მძიმე შრომით მიიღწევა. თუ მაგარი ხარ, უნდა გადალახო შენი თავი, ყველა დაბრკოლება უნდა გაანადგურო შენ გზაზე, ცეცხლი და წყალი უნდა გაიარო და მზის ქვეშ ადგილი მოიპოვო. ხოლო თუ სუსტი ხარ, იცოდე შენი ადგილი და გაჩუმდი.

სხვისი მიზანი მოდისა და პრესტიჟის სახით ვლინდება. ქანქარებს სჭირდებათ, რომ ცხოვრების უცხო ხაზებში მიგიტყუოთ, ამიტომ ისინი მთელი ძალით ეცდებიან ამას. სტაფილო ძალიან მადისამღძვრელად უნდა გამოიყურებოდეს, და მაშინ გონება მას გაეკიდება. ქანქარებს არ შეუძლიათ, რომ ყველა შემთხვევაში გაიძულონ შესრულება წესისა: „გააკეთე ისე, როგორც მე“. თქვენ თავად უნდა მოგინდეთ ეს. ამისთვის იქმნება მითები ვარსკვლავების წარმატებული კარიერის შესახებ. თქვენს წინაშე ახდენენ მათი წარმატების ალგორითმის დემონსტრირებას და გაყენებენ არჩევანის წინაშე: თქვენ ან სხვის გამოცდილებას იმეორებთ, ან ხელცარიელი რჩებით. თქვენ საიდან უნდა იცოდეთ, როგორ მიაღწიოთ წარმატებას? აი, მათ კი იციან, შედეგი სახეზეა. მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ვარსკვლავები მხოლოდ იმიტომ აღწევენ მიზანს, რომ ამტვრევენ წესს: „აკეთე ისე, როგორც მე“, და თავისი გზით მიდიან. თქვენი წარმატების ალგორითმი არავისთვის არაა ცნობილი, გარდა თქვენი სულისა.

სხვისი მიზანი თავისი მიუწვდომელობით გიზიდავთ. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი იზიდავს, რასაც კლიტე ადევს. მიუწვდომლობა ფლობის სურვილს აღძრავს. ადამიანის ფსიქიკის ასეთი თავისებურება ბავშვობიდან მოდის, როცა ბევრი გინდა, მაგრამ ძალიან ცოტაა მისაწვდომი. ხშირად ხდება ისე, რომ თუ სათამაშოზე უარს ეუბნებიან, ბავშვი მანამდე გაიჭაჭება, სანამ არ მიიღებს მას, შემდეგ კი მაშინვე კარგავს მისადმი ყოველგვარ ინტერესს. ზრდასრულებს სხვა სათამაშოები აქვთ, მაგრამ ისინიც ბავშვებივით იქცევიან. მაგალითად, ზრდასრულ ბავშვს არც ხმა აქვს და არც სმენა, მაგრამ ეჩვენება, რომ სიმღერა უყვარს. სინამდვილეში მას არ სურს შეეგუოს იმას, რომ ეს მისი ძლიერი მხარე არაა. სხვებს ასე კარგად გამოსდით და მე რით ვარ მათზე უარესი? მოიშორეთ მიზნის მნიშვნელოვანობა და უპასუხეთ კითხვას: მართლა მთელი სულით გსურთ, თუ უბრალოდ გინდათ, რომ გსურდეთ? თუკი მიზნის მიღწევის გზით გინდათ, რომ საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცოთ რამე, ეს ნიშნავს, რომ მიზანი თქვენი არაა. თქვენი მიზანი კისერზე მძიმე გირივით არ გკიდიათ, იგი უბრალოდ ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებთ.

სხვის მიზანს სხვები გახვევენ თავს. თქვენს გარდა ვერავინ განსაზღვრავს თქვენს მიზანს. თქვენ შეგიძლიათ მშვიდად მოისმინოთ „მცოდნე ადამიანების“ ჭკუის სწავლებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. გააკეთეთ თქვენი დასკვნები და მოიქეცით ისე, როგორც იცით. მაგრამ როგორც კი ვიღაც დაგიწყებთ ჭკუის დარიგებას, თუ საითკენ უნდა ისწრაფვოდეთ, მაშინვე უკუაგდეთ ასეთი უხეში შემოჭრა თქვენს სულში. მას ისედაც ჰყოფნის საკუთარივე გონების ბოდვითი იდეები. ვერავინ მიგითითებთ თქვენს მიზანზე. თუმცა არსებობს ერთი გამონაკლისი - შემთხვევით წამოსროლილი ფრაზა. როგორც გახსოვთ, შემთხვევითი ფრაზები შეიძლება ნიშნები იყვნენ. ნიშანს მაშინვე იგრძნობთ. ვიღაცის წინასწარ განუზრახველმა ფრაზამ შესაძლოა თქვენს სულში ცეცხლი აანთოს. თუ თქვენს მიზანს შეეხნენ, სული ცოცხლდება, და თქვენ უეცრად აცნობიერებთ, რომ ეს „ისაა, რაც გჭირდებათ“. მაგრამ ეს ის შემთხვევა უნდა იყოს, როცა არ ცდილობენ რამეში დაგარწმუნონ ან ჭეშმარიტების გზაზე დაგაყენონ, არამედ უბრალოდ, სასხვათაშორისოდ აკეთებენ რაიმე შენიშვნას ან რეკომენდაციას გაძლევენ.

სხვისი მიზანი სხვისი კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. თუ მიზანს თქვენს ცხოვრებაში გაუმჯობესება არ მოაქვს, ე.ი. იგი თქვენი არაა. თქვენი მიზნები ყოველთვის თქვენზე მუშაობენ, თქვენს კეთილდღეობაზე და წარმატებაზე. თქვენი მიზანი მხოლოდ თქვენ გჭირდებათ. თუკი იგი პირდაპირ ემსახურება სხვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სხვისი კეთილღეობის გაუმჯობესებას, ე.ი. მიზანი სხვისია. ქანქარები ნებისმიერი სათნო საბაბით ეცდებიან, რომ სხვებისადმი მსახურება გაიძულონ. მეთოდები მრავალნაირია. ადამიანებზე, გამძაფრებული დანაშაულის გრძნობით, ჩვეულებრივ მოქმედებენ სიტყვები: „ვალდებული ხარ, უნდა, საჭიროა“. ასეთები მართლაც პოულობენ შვებას თავიანთი წარმოსახვითი ცოდვების გამოსყიდვით. სხვებზე შეიძლება იმოქმედოს ლოზუნგმა: „თქვენს დახმარებას საჭიროებენ“. და ესეც მუშაობს. როგორც ხვდებით, მსგავსი მეთოდები შინაგან და გარეგან მნიშვნელოვანობაზე დგანან. უნდა გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ და არავის წინაშე ვალდებული არ ხართ. სხვებს ვერ გახდით ბედნიერს. სამაგიეროდ ძალიან მარტივად შეგიძლიათ ავნოთ მათ, თუკი თავად იქნებით უბედური.

სხვისი მიზანი სულიერ დისკომფორტს იწვევს. ცრუ მიზნები, როგორც წესი, ძალიან მიმზიდველია. თქვენი გონება გულმოდგინედ ეცდება, რომ ყველა ფერში დახატოს მიზნის ყველა შესაძლო ღირსება. მაგრამ თუ მიზნის მიმზიდველობის მიუხედავად თქვენ რაღაც გრთგუნავთ, საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა იყოთ. რა თქმა უნდა, გონებას არაფრის გაგეონება არ სურს: ყველაფერი მშვენივრადაა. მაშინ საიდან მოდის დისკომფორტის ჩრდილი? მე გავიმეორებ მნიშვნელოვან წესს წინა თავიდან: მიზანზე ფიქრისას არ იფიქროთ მის პრესტიჟულობაზე, მიუწვდომლობაზე და მისი მიღწევის საშუალებებზე - ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ სულიერი კომფორტის მდგომარეობას. წარმოიდგინეთ, რომ მიზანს მიაღწიეთ და ყველაფერმა ჩაიარა. კარგად ხართ თუ ცუდად? თუ სიამოვნებას თუნდაც მცირე საფრთხის ან სიმძიმის შეგრძნება ერევა, ეს ნიშნავს, რომ სულიერ დისკომფორტს განიცდით. ღირს კი სხვის მიზანთან დაკავშირება? თქვენი მიზანი კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება და კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, და ამასთან სულიერი დისკომფორტი საერთოდ არ გექნებათ. საჭიროა მხოლოდ, რომ ზურგი აქციოთ ქანქარებს და იპოვოთ იგი.

თუკი არ გაკმაყოფილებთ თქვენი ადგილი ამ სამყაროში, ან წარუმატებლობების მთელი კასკადი გდევნით, ეს ნიშნავს, რომ თავის დროზე დესტრუქციული ქანქარების გავლენის ქვეშ მოექეცით და სხვისი მიზნისკენ, სხვისი კარით წახვედით. სხვისი მიზნები დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვენ. თქვენი მიზნები, პირიქით, თითქოს თავისთავად მიიღწევიან. სხვების მიზნები და კარებები ყოველთვის ტანჯვისთვის გწირავენ. იპოვეთ თქვენი მიზანი და თქვენი კარი, და მაშინ ყველა პრობლემა გაქრება.

თქვენ შეგიძლიათ თქვათ: „თუ არ ვიცი, რა მინდა, როგორ გავიგო?“ გისვამთ შემხვედრ კითხვას: ერთხელ მაინც სერიოზულად დაფიქრებულხართ ამაზე? რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადამიანების უმეტესობა იმდენად ზრუნავს ქანქარების საქმეებზე, რომ ბორბალში მოტრიალე ციყვებივით არიან და დროს ვერ პოულობენ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სულისთვის. კითხვებს იმაზე, თუ რა უნდათ სინამდვილეში ცხოვრებისგან, ადამიანები სწრაფად, გაუაზრებლად, პრობლემების წნეხის ქვეშ პასუხობენ. არ არის საჭირო საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკმარისია თუნდაც ცოტა ხნით დამშვიდდეთ, განმარტოვდეთ, და დილის ვარსკვლავების შრიალს მოუსმინოთ.

და თუ საერთოდ არაფერი გინდებათ? ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი უკიდურესად დაბალია. დეპრესიის, აპათიის მდგომარეობა - აშკარად მოწმობს იმაზე, რომ ენერგია მხოლოდ არსებობის შენარჩუნებისთვის გყოფნით. მაშინ გჭირდებათ, რომ ენერგეტიკა აიმაღლოთ. ის, თუ როგორ კეთდება ეს, ჯანმრთელობისა და ენერგიის შესახებ თავში წაიკითხავთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ისედაც წესრიგშია, ე.ი. უბრალოდ არ იცით, რას ნიშნავს კარგი ჯანმრთელობა. შეუძლებელია, რომ თქვენს სულს არაფერი არ უნდოდეს. თქვენ უბრალოდ არ ძალგიძთ, რომ უსმინოთ მას.