1111

სტერეოტიპების მსხვრევა

მიუხედავად იმისა, რომ ქანქარების შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა, მინდა მოვიყვანო ახალი მაგალითები იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მათ - გზიდან გადაგვახვევინონ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: სხვის მიზანს ხომ არ გახვევთ თავს ქანქარა რაიმე სასიკეთო საბაბით? მაგალითად, „კეთილ სულს“ დახმარებისთვის უხმობენ. ესენი შეიძლება იყვნენ დაუცველი ცხოველები, დაჭრილი ჯარისკაცები, მშიერი ბავშვები, ან კიდევ სხვა ვინმე, ვისაც თქვენი ზრუნვა ესაჭიროება. ან სადმე თავისუფლებისთვის იბრძვიან, და იქ თქვენი მამაცი გულია საჭირო. კეთილი გული მაშინვე ისწრაფვის იქ, სადაც იგი სჭირდებათ.

სინამდვილეში ეს „კეთილი სული“ კი არა, „კეთილი გონებაა“, ამასთან, კეთილი კი არა, უბრალოდ უსულოა. ამ გონებამ დაივიწყა საკუთარი სული და სხვების სულის გადარჩენა გადაწყვიტა. ეს იგივეა, რომ საკუთარი შვილები გაწირო და სხვებს დაეხმარო. „კეთილმა გონებამ“ თავისი სული ფუტლიარში გამოამწყვდია და ერთი-ერთზე დარჩა თავის „გონივრულ“ აზრებთან. შეიქმნა შინაგანი სიცარიელე, და საჭიროა მისი რაღაცით ავსება.

ქანქარები მაშინვე გთავაზობენ კომპენსაციის ყოველგვარ შესაძლო სახეებს. თქვენ გაჩვენებენ საშუალებათა ძალიან ფართო ასორტიმენტს იმისთვის, რომ ენერგია სხვების დასახმარებლად დახარჯოთ. მაგრამ ნუთუ იმის გამო არ ეხმაურება ადამიანი სხვების მოწოდებებს, რომ თვითონ შიგნით სიცარიელე აქვს? იმას, რასაც საყოველთაოდ მიღებული სტერეოტიპები სიკეთედ და გულისხმიერებად ასაღებენ, სინამდვილეში შეიძლება სულიერი სიცარიელე იყოს. გონების სულიერი სიცარიელე სხვებზე დახმარებით კომპენსირდება, მაშინ, როცა მისი სულის მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი რჩება. ქანქარებს აწყობთ, რომ სხვებზე ზრუნვა სულგრძელობად წარმოაჩინონ.

როგორც ხედავთ, ქანქარებს ოსტატურად შეუძლიათ ძალიან დამაჯერებელი სტერეოტიპების ფორმირება. მაგრამ ეს ყველაფერი ლამაზი დემაგოგიაა. და რას იტყვით თქვენს საკუთარ სულზე? ნუთუ თქვენი გონება სხვების გულისთვის მიატოვებს მას? ამიტომაც გირჩევთ ასე დაჟინებით, რომ ზურგი აქციოთ ქანქარებს და სული ფუტლიარიდან გამოუშვათ. როცა საკუთარ თავს შეიყვარებთ, საკუთარ მიზანსაც იპოვით. თქვენი მიზნისკენ გზაზე ბევრ ჭეშმარიტად კეთილ და სასარგებლო საქმეს გააკეთებთ. და რა თქმა უნდა, გაჭირვებულებს და უბედურებსაც დაეხმარებით, რადგან დიდი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ.

მაგრამ სანამ თქვენს მიზანს არ განსაზღვრავთ, ძალიან თავშეკავებული იყავით ნებისმიერი მოწოდების მიმართ. თქვენი შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა მინიმალურ დონეზე უნდა იყოს. ქანქარებს განსაკუთრებით სჭირდებათ თქვენი ენერგია თავიანთი ბრძოლის დროს.

აი, ორი ქანქარა აპირებს, რომ ომი გააჩაღოს. ერთი ქანქარა თავს სამართლიან განმანთავისუფლებლად აცხადებს და ადანაშაულებს მეორე ქანქარას იმაში, რომ იგი დიქტატორი და პოტენციურად სახიფათო აგრესორია. სამართლიან ქანქარას სინამდვილეში უბრალოდ ჭირდება, რომ გადაყლაპოს თავისი კონკურენტი, დაეუფლოს მის ნავთს ან სხვა რესურსებს. მაგრამ ამაზე დუმან და თამაშდება პროპაგანდის დიდი კომპანია თავისუფლებისა და სამართლიანობის დასაცავად.

ადამიანი, რომელიც განიმსჭვალა მნიშვნელოვანობით და წამოეგო ქანქარას კაუჭზე, ეუბნება საკუთარ თავს: „მე გავანთავისუფლებ დაჩაგრულ ხალხს, მე ვაჩვენებ ამ დიქტატორს და აგრესორს!“ ამასობაში მეორე ქანქარა მიმდევრების თავის ბანაკს აყალიბებს. ქანქარა-დიქტატორი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ის კარგია, ხოლო ის, ვინც თავი განმანთავისუფლებლად გამოაცხადა, სინამდვილეში არის კიდეც ნამდვილი აგრესორი. სხვა ადამიანი, მნიშვნელოვ ანობით აღვსილი, აღშფოთებისგან ცეცხლებს ყრის: „როგორ გამოაცხადეს ომი ისე, რომ მე არ მკითხეს?! ქუჩაში გავალ და ხმამაღლა გამოვაცხადებ ჩემს პროტესტს!“ იგი შეიძლება ომშიც წავიდეს და სიცოცხლე გაწიროს სხვისი თავისუფლებისთვის.

როგორც ხედავთ, როგორც ერთი, ასევე მეორე ბანაკის მიმდევრები იმ მიზეზით ერთვებიან ქანქარების ბრძოლაში, რომ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვანობა მათში მოჭარბებულია. შიგნით კი სულიერი სიცარიელეა, რომელიც საბოლოო ჯამში კი არ ივსება, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მძიმდება. რას იღებენ ომში ჩართული მიმდევრები? ომის მომხრეები რწმუნდებიან, რომ ისინი მოატყუეს, რომ სინამდვილეში ეს ომი საჭირო არაა, რომ მას უბედურება მოაქვს ყველა მონაწილისთვის. მშვიდობის მომხრეები ასევე იღებენ წკიპურტს ცხვირში. სწორედ ის დაუცველი ხალხი, რომელსაც ქანქარა-აგრესორი დაესხა თავს, სწრაფად ამბობს უარს თავის დამარცხებულ ხელისუფლებაზე, და უკვე ამტვრევს მშვიდობის დამცველი ქვეყნის საელჩოს, იპარავს მის ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრესორის წინაშე კი ქვემძრომობას იწყებს.

სრულიად ცხადია, რომ ყველა მაღალი იდეალი, რომლისთვისაც იბრძვიან მიმდევრები ქანქარების ბრძოლაში, საპნის ბუშტებს ჰგავს. შიგნით სულიერი სიცარიელეა, გარეთ კი ცისარტყელის ფერი გარსია, გაბერილი მნიშვნელოვანობისგან. ნუთუ მთელი ეს ორომტრიალი ჭირდებათ მიმდევართა სულებს?

როცა თქვენს მიერ განსაზღვრული მიზანი გემსახურებათ არა პირადად თქვენ, არამედ სხვებს, თქვენ შეგიძლიათ მარტივი მეთოდით შეამოწმოთ იგი. თუ სხვებზე ზრუნვა გარედანაა თავსმოხვეული, მნიშვნელობა არ აქვს, რა მეთოდით, ეს ნიშნავს, რომ ეს სხვისი მიზანია. ხოლო თუ სხვებზე ზრუნვა შიგნიდან, სულის სიღრმიდან მოდის, მაშინ ეს მიზანი შეიძლება თქვენი იყოს. მაგალითად: „მე უბრალოდ მიყვარს ჩემს აღსაზრდელებზე ზრუნვა, ეს საერთოდ არ მიჭირს“. ან: „მე მიყვარს ჩემი შვილები (შვილიშვილები) და მომწონს მათზე ზრუნვა, იმის დანახვა, თუ როგორ იზრდებიან ისინი.“ თუმცაღა, როცა ისინი გაიზრდებიან, სხვა მიზნის ძიება მოგიწევთ.

თქვენს გარდა არავის შეუძლია მიგითითოთ თქვენს მიზანზე. არსებობს საკუთარი მიზნის პოვნის მხოლოდ ერთი მეთოდი: გადააგდოთ მნიშვნელოვანობა, ზურგი აქციოთ ქანქარებს და მიმართოთ საკუთარ სულს. გიყვარდეთ პირველ რიგში საკუთარი თავი და იზრუნოთ პირველ რიგში საკუთარ თავზე. მხოლოდ ასე შეიძლება საკუთარი მიზნისკენ მიმავალი გზის პოვნა.

გონების შეცდომა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ იგი მაშინვე ცდილობს შეაფასოს მიზნის მიღწევის რეალურობა და წინასწარ გამოითვალოს ყველა მეთოდი და საშუალება. ყველაფერი ხომ გონივრული უნდა იყოს. თუ მიზნის მიღწევის რეალურობა ეჭვქვეშაა, მაშინ მიზანს ან პრინციპში უარვყოფთ ხოლმე, ან შორეულ ყუთში ვინახავთ. ასეთი განწყობით ადამიანი ვერასოდეს ახერხებს, რომ ცხოვრების მიზნობრივ ხაზზე განეწყოს. პირიქით, როცა მიზნის მიღწევის საშუალებებზე ფიქრობს, ადამიანი წარუმატებლობის ხაზზე განეწყობა ხოლმე. აზრებში ხომ მარცხის ყველა შესაძლო სცენარი თამაშდება. მიზანი ვერ იქნება მიღწეული ჩვეულებრივი საშუალებებით, და სასწაულიც არ მოხდება. ძნელად მისაღწევი მიზანი მართლაც იშვიათად რეალიზდება ჩვეული მსოფლმხედველობის ფარგლებში, და ეს სინამდვილეში სწორედ ასეც უნდა იყოს, რადგან დაეჭვებულის პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება მიზნობრივ ხაზს.

სასწაული მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჩვეულ სტერეოტიპს დაამსხვრევთ და იფიქრებთ არა მიღწევის საშუალებებზე, არამედ თავად მიზანზე. მაშინ ის, რაც მანამდე არარეალური გეჩვენებოდათ, უეცრად სხვა მხრიდან გამოავლენს თავს. მოულოდნელად, თითქოს შემთხვევით, მიზნის მიღწევის სრულიად რეალური გზა გაიხსნება. ჩვეულ მსოფლმხედველობაში ეს გამოიყურება, როგორც სასწაულებრივი დამთხვევა. ასეთ შემთხვევაში გონებას მხოლოდ ისღა დარცენია, რომ ხელები გაკვირვებისგან გაშალოს: „საიდან უნდა მცოდნოდა?!“

ტრანსერფინგის თვალსაზრისით აქ არანაირი სასწაული არ ხდება. თქვენ უბრალოდ განეწყვეთ მიზნობრივი ხაზის სიხშირეზე, მოიპოვეთ ფლობის გადაწყვეტილება, და გარეგანმა განზრახვამ ცხოვრების ამ ხაზზე გადაგიყვანათ. იქ კი ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ახალი კარებები იხსნება, რომლებზეც წინა ხაზზე ყოფნისას ვერც კი იეჭვებდით.

ადამიანები იმდენად მიეჩვივნენ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვებულ ღირებულ გამოცდილებად აღიქვამენ მათ. სინამდვილეში სტერეოტიპების ფორმირებას ქანქარები ახდენენ, ადამიანები კი მხოლოდ იძულებით ეთანხმებიან მათ. მთელი საზოგადოება ეფუძნება ქანქარებს, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრობენ და ვითარდებიან, თავიანთი კანონებით, როგორც ენერგო-ინფორმაციული არსებები, რომლებიც მიმდევრებს იმორჩილებენ. ქანქარების გავლენა ადამიანზე იმდენად დიდია, რომ მისი გონება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იბინდება და დამოუკიდებელი და გაცნობიერებული აზროვნების უნარს კარგავს.

ავიღოთ, მაგალითად, გერმანელი ნაცისტების დანაშაულები მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი საშინელ რამეებს სჩადიოდნენ. იქნებ, ფაშისტები ძალიან სასტიკი ადამიანები იყვნენ, პათოლოგიური სადისტური მიდრეკილებებით? არა, მათი უმეტესობა ისეთივე ნორმალური ადამიანი იყო, როგორებიც ჩვენ ვართ. მათ ჰყავდათ ოჯახები, მათ უყვარდათ თავიანთ ახლობლები, და ზრუნავდნენ მათზე. როდესაც ომიდან დაბრუნდნენ, ისინი ჩაერთნენ მშვიდობიან ცხოვრებაში და ჩვეულებრივი კეთილი ბურგერები გახდნენ.

რატომაა, რომ პატიოსანი მეოჯახე, რომელიც ომში აღმოჩნდა, მხეცად იქცევა? იმიტომ, რომ მისი გონება ქანქარას გავლენის ქვეშ ექცევა. მიმდევრები ქანქარების ბრძოლაში ერთვებიან, და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - არ იციან რას სჩადიან. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ჩანს მოზარდების ხშირად უაზრო და სასტიკი ქცევების დროს. ახალგაზრდა და ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა განსაკუთრებით დაუცველია და ექვემდებარება ზეგავლენას. ავიღოთ ცალკე ყოველი ასეთი მოზარდი. ნუთუ ის სასტიკია? სულაც არა, და მისი მშობლები დაიფიცებენ, რომ ასეა. მაგრამ როდესაც ქანქარის ზეგავლენის ქვეშ ხვდება, მაგალითად, როცა ბრბოს ნაწილი ხდება, იგი ვეღარ უწევს საკუთარ თავს ანგარიშს იმაზე, რასაც აკეთებს. ბრბოს წევრის გონებას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ძინავს, რადგანაც ქანქარას მარყუჟის მიერაა შეპყრობილი. გახსოვთ, ინდუცირებული გადასვლის მექანიზმი?

მთელი ბოროტება, სისასტიკე და ძალადობა ამქვეყნად მოდის არა ადამიანთა თითქოს მდაბალი ბუნებიდან, არამედ ქანქარების ავხორცული ბუნებიდან. ადამიანის სულმა არ იცის ბოროტება. მტელი ბოროტება გონებაშია კონცენტრირებული, როგორც ნალექი ქანქარების დესტრუქციული გავლენისგან.

ქანქარები პროვოცირებას უკეთებენ ადამიანებს, რომ იძალადონ არა მხოლოდ სხვებზე, არამედ საკუთარ თავზეც. როგორ მოგწონთ ლოზუნგი: „ვინც არ რისკავს, არ სვამს შამპანურს“? იგი შეიცავს პროვოკაციას, მოწოდებას, რომ ფსონად საკუთარ კეთილდღეობას ან სიცოცხლეს ჩახვიდეთ სხვისი იდეის გულისთვის. რა თქმა უნდა, თუ იდეა სხვისი არაა, არამედ თქვენია, და რისკი გამართლებულია, შესაძლოა ღირდეს კიდეც გარისკვა. თუმცაღა არაფერია უფრო ბრიყვული, ვიდრე გაუმართლებელი რისკი, რომელიც საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის.

რისკისკენ ადამიანს ქანქარები უბიძგებენ, რადგან შიში, დაძაბულობა და აგზნება, რომლებსაც ამ დროს ადამიანი განიცდის - ესაა ქანქარების საყვარელი ენერგეტიკული საჭმელი. სიმამაცის ცრუ სტერეოტიპის გამოყენებით, ან კონკრეტული მიმდევრის მეშვეობით, ქანქარა ცდილობს, რომ გამოიჭიროს თავისი მსხვერპლი: „მაჩვენე რა შეგიძლია! ხომ არ გინდა მხდალი გამოჩნდე?“ და ადამიანი, შინაგანი მნიშვნელოვანობით აღვსილი, იწყებს რაღაცის მტკიცებას სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის. იგი ცრუ სტერეოტიპის ხაფანგშია, თავში არც კი მოსდის, რომ ვალდებული არაა ვინმეს რამე უმტკიცოს, და შეუძლია მიაფურთხოს მანიპულატორების შეხედულებებს.

საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობა აიძულებს ადამიანს, რომ ქანქარას სატყუარას გაჰყვეს. ცხადია, რომ გაუმართლებელი რისკი - სულაც არაა სიმამაცის გამოხატულება, არამედ ესაა მისწრაფება, რომ დაფაროს თავისი, კვლავაც, ცრუ კომპლექსები. გონება უპასუხისმგებლოდ განკარგავს თავისი სულის ცხოვრებას საეჭვო სტერეოტიპების სასარგებლოდ. საწყალი პატარა სული, მოკუნტული და შეშინებული უყურებს იმას, რასაც გათავხედებული გონება სჩადის, მაგრამ ვერაფერს ცვლის. გონება სულთან მიმართებაში საუკეთესო შემთხვევაში ქრონიკული უიღბლოსავით იქცევა, რომელიც თავის არარეალიზებულობას შინაურებზე ანთხევს, უარეს შემთხვევაში კი, როგორც მთვრალი უგონო მხეცი, რომელიც თავის დაუცველ ბავშვს ცემს.

დაე, თქვენმა გონებამ გამოიღვიძოს ყოველგვარი ილუზიისგან. მას გააჩნია შეუფასებელი, საოცარი განძი - თავისი სული. თუკი სულსა და გონებას გააერთიანებთ, თქვენ მოიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას და ძალას. ნუ შეგეშინდებათ ქანქარების მიერ ფორმირებული სტერეოტიპების მსხვრევის. თქვენ მრავალი საგნის ბუნება გაგეხსნებათ ამ სამყაროში. სტერეოტიპების მსხვრევით, თქვენ დაფარულ კარებებს აღებთ.